დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო თეატრების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3288 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 29/06/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.130.010.05.001.002.312 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (29/06/2006 - 19/03/2008)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო თეატრების შესახებ
ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო თეატრების საქმიანობის წესს, მათ დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასთან, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახელმწიფო თეატრზე.
მუხლი 2. სახელმწიფო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო გარანტიები
სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო თეატრის საქმიანობის ხელშეწყობას და დაცვას, მის შემოქმედებით პროცესში, შემოქმედებით საქმიანობაში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა.
თავი II
სახელმწიფო თეატრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
მუხლი 3. სახელმწიფო თეატრის დაფუძნება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
1. სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონო-მიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარდგინებით.
2. სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები.
მუხლი 4. სახელმწიფო თეატრის უფლებები და ვალდებულებები
1. სახელმწიფო თეატრის უფლებაა:
ა) შემოქმედებით საქმიანობაში დამოუკიდებლობა და თავისუფლება;
ბ) თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით სარგებლობა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობის წარმართვა.
2. სახელმწიფო თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს საკუთარი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და თავისი დებულების (წესდების) შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს თავის სარგებლობაში არსებული ქონების დაცვა უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით;
დ) აწარმოოს შემოქმედებითი და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის, შესაბამისად.
მუხლი 5. სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
სახელმწიფო თეატრის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 6. სახელმწიფო თეატრის სტრუქტურა
სახელმწიფო თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვა-ნელობის, დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან.
მუხლი 7. სახელმწიფო თეატრის მართვა და ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობანი
1. სახელმწიფო თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის, და სახელმწიფო თეატრის დებულების (წესდების) შესაბამისად.
2. სახელმწიფო თეატრის მმართველი:
ა) წარმოადგენს თეატრს და პერსონალურად აგებს პასუხს თეატრის საქმიანობაზე;
ბ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;
გ) წყვეტს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს;
დ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთან-ხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს დასის წევრებთან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო თეატრის მმართველს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანო (სამხატვრო საბჭო ან სხვა).
4. სახელმწიფო თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ა) სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლი-კების სახელმწიფო თეატრებში – შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.
5. სახელმწიფო თეატრს სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი.
6. სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე;
ბ) თეატრის მმართველს წარუდგენს წინადადებებს დასის წევრთა მოწვევა-გათავისუფლებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე;
გ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ორგანოს.
7. სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვა-ნელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ა) სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგი-ნებით;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ბიუჯეტებზე მყოფ სახელმწიფო თეატრებში – შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.
8. სახელმწიფო თეატრს შეიძლება ჰყავდეს:
ა) მთავარი რეჟისორი (დრამატულ თეატრში), მთავარი რეჟისორი და მთავარი დირიჟორი (მუსიკალურ თეატრში) იმ შემთხვევაში, თუ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ან თეატრის მმართველი შესაბამისად არ არის რეჟისორი ან დირიჟორი;
ბ) მთავარი ბალეტმაისტერი და მთავარი ქორმაისერი.
9. სახელმწიფო თეატრში მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და მათთან შრომით ხელშეკრულებებს დებს თეატრის მმართველი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
10. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, მისთვის ამ მუხლით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი.
თავი IV
სახელმწიფო თეატრის საქმიანობის ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები
მუხლი 8. სახელმწიფო თეატრის დაფინანსების წყაროები და ქონება
1. სახელმწიფო თეატრის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სახელმწიფო თეატრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 9. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო თეატრებში თეატრის მმართველთა და სამხატვრო ხელმძღვანელთა დანიშვნა ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „საქართველოს თეატრების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის №2104 - IIს კანონი;
ბ) საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კოლეგიის 1963 წლის 21 აგვისტოს №111 დადგენილება „თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“;
გ) სსრ კავშირის კულტურის მინისტრის 1966 წლის 21 აპრილის №138 ბრძანება „საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის ლენინის ორდენოსანი თეატრისათვის „აკადემიურის“ საპატიო სახელწოდების მინიჭე-ბის შესახებ“;
დ) სსრ კავშირის კულტურის მინისტრის 1966 წლის 21 აპრილის №137 ბრძანება „საქართველოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის“ შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თეატრისათვის „აკადემიურის“ საპატიო სახელწოდების მინიჭების შესახებ“;
ე) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 23 დეკემბრის №683 ბრძანებულება „ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იან-ვრის №49 განკარგულება „თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ნოემ-ბრის №527 ბრძანებულება „გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“;
თ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლი-სის №587 ბრძანებულება „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრისათვის აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭების შესახებ“.
მუხლი 10. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 9 ივნისი.
№3288-Iს
დოკუმენტის კომენტარები