კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 200020000.18.011.016132
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
51/04
17/06/2014
ვებგვერდი, 17/06/2014
200020000.18.011.016132
კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/06/2014 - 10/08/2017)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №51/04

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 29 დეკემბრის №350 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი



კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა

და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანია კომერციულმა ბანკებმა თავიანთი აქტივების კლასიფიკაციისა და რეზერვებთან დაკავშირებული ვალდებულებებისათვის უზრუნველყონ შიდა პროცედურებისა და საანგარიშგებო მოთხოვნების ჩამოყალიბება და შესრულება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბანკის რეალური ფინანსური მდგომარეობის დადგენას  და მის გათვითცნობიერებას ბანკის მეანაბრეების, მენეჯმენტის, აქციონერების, პოტენციური ინვესტორების, ეროვნული ბანკისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

2. ეს წესი შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოში მოქმედ კომერციული ბანკებისათვის, უცხოური ბანკის ფილიალებისათვის და უცხოური სანდო ბანკების ფილიალებისათვის.

3. კომერციული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული უნდა იყოს კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაცია, მათ შორის, აქტივების ხარისხთან დაკავშირებით.

4. კომერციული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად დროული ზომების მიუღებლობა იმის გამო, რომ მენეჯმენტმა არ იცოდა პრობლემები ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაციის არარსებობის მიზეზით, ჩაითვლება საბანკო საქმიანობის არაჯანსაღ და არაუსაფრთხო გზად, რაც გამოიწვევს ბანკის მიმართ საზედამხედველო ღონისძიებების გატარებას.

5. ამ ინფორმაციის ძირითადი კომპონენტია კომერციული ბანკის მიერ თავისი აქტივების კლასიფიკაცია რისკის გათვალისწინებით და მათი შესაძლო დანაკარგების დასაფარავად ადეკვატური რეზერვის შექმნა.

6. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აქტივების კლასიფიკაციის განსახორციელებლად და მოსალოდნელი დანაკარგების დაფარვის მიზნით ადეკვატური რეზერვის შესაქმნელად, თითოეული კომერციული ბანკი ვალდებულია საკრედიტო რისკის მართვის მიზნით, ჩამოაყალიბოს და იქონიოს წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები.

7. ამ წესის მოთხოვნების შესრულების მიზნით კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ საჭირო ღონისძიებები და ფუნქციები.

8. თითოეული კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს  წარუდგენს ყოველთვიურ ანგარიშებს, სადაც მოცემული იქნება ამ წესით გათვალისწინებული აქტივების კლასიფიკაცია და თითოეულისათვის შექმნილი შესაძლო დანაკარგების რეზერვები.

9. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიმართ  გამოიყენებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციებს.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „სესხი“ – სესხის ხელშეკრულებით კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ეს ტერმინი მოიცავს აგრეთვე  სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, ასევე სესხის და კრედიტის პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემას, ამ კომერციული ბანკის იურიდიულ ვალდებულებას გასცეს კრედიტი ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა ოვერდრაფტი, აკრედიტივი, გარანტია ანდა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება კონკრეტული პირობებით, ან ბანკის ნებისმიერ სხვა პირობით ვალდებულებას;

ბ) „ვადაგადაცილებული სესხი“ – სესხი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან პროცენტის განვადებით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ მომხდარა 30-ზე მეტი კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებული თარიღის შემდეგ, რომელიც მოცემულია სესხთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციაში;

გ) „მთლიანად უზრუნველყოფილი სესხი“ – სესხი, რომლის დროული და სრული გადახდის უზრუნველსაყოფად კომერციულ ბანკში განთავსებულია დეპოზიტები, ასევე კომერციული ბანკის სასარგებლოდ გირაოთი ან იპოთეკით აქტივია დატვირთული, რომლის საბაზრო ღირებულება ტოლია ან აღემატება სესხის გადაუხდელ თანხას;

დ) „ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხი“ – სესხი,  რომლის უზრუნველყოფაში მიღებული გირაოს ან იპოთეკის საბაზრო ღირებულება სესხის გადაუხდელ თანხაზე ნაკლებია;

ე) „საბლანკო სესხი“ – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ანდა ღირებულების მიუხედავად იგი არ ყოფილა სწორად რეგისტრირებული;

ვ) „რესტრუქტურიზებული სესხი“ – სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე მსესხებლის იურიდიული ან ფინანსური სირთულეების გამო, არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. რესტრუქტურიზებულ სესხებს მიეკუთვნება ყველა ის სესხი, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი შემდეგი ქვეპუნქტის მიხედვით:

ვ.ა) საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმა;

ვ.ბ) დარიცხული საპროცენტო შემოსავლების კაპიტალიზაცია;

ვ.გ) ძირითადი თანხის ან პროცენტის შემცირება (მათ შორის, რეფინანსირება), რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი (მათ შორის ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელმა დაფარა პროცენტები ან ძირითადი თანხა  თავისი, სხვა ან  ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ აღებული სესხებით;

ვ.დ) სესხის დაფარვის ვადის გაგრძელება;

ვ.ე) სესხებზე საშეღავათო პერიოდის დაწესება (გარდა სეზონური ტიპის ბიზნესების შემთხვევაში);

ვ.ვ) კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება ან პრივილეგია, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა;

ზ) „რეფინანსირებული სესხი“  – სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური სირთულეებით. ასეთი სახის რეფინანსირებას მიეკუთვნება, მაგრამ არ შემოიფარგლება: კონკურენციის გამო საპროცენტო განაკვეთების შემცირება, საბრუნავი საშუალებების განახლება, არსებული სესხების გაერთიანება-გადაფარვა მსესხებლის დამატებით დაფინანსებისას, მათ შორის, როდესაც ხდება დავალიანების ზრდა ახალი პროექტების დაფინანსების მიზნით და სხვა. რეფინანსირების მომენტისათვის მსესხებლი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს „სტანდარტული“ კატეგორიის პირობებს;

თ) „ნეგატიურად კლასიფიცირებული აქტივი“ – საყურადღებო, არასტანდარტულ, საეჭვო და უიმედო კატეგორიად კლასიფიცირებული აქტივი;

ი) „გირაო“ – ნებისმიერი სახის მოძრავი ქონების და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც დაგირავებულია მსესხებლის მიერ სესხის გამცემი ბანკისათვის გირავნობის ხელშეკრულებით, ისე რომ ბანკი იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე;

კ) „იპოთეკა“ – ნებისმიერი უძრავი ქონების გამოყენება (დატვირთვა) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც დატვირთულია მსესხებლის მიერ სესხის გამცემი ბანკისათვის იპოთეკის შესახებ რეგისტრირებული და იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებით, ისე რომ ბანკი იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ამ ქონების ხარჯზე;

ლ) „დარეზერვება“ – ამ წესიდან გამომდინარე, საერთო ან სპეციალური რეზერვების შექმნა კომერციული ბანკის მიერ კლასიფიცირებულ აქტებთან დაკავშირებული მოსალოდნელი დანაკარგების დაფარვის მიზნით;

მ) „აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი“ – კომერციული ბანკის აქტივებისათვის შექმნილი რეზერვის ანგარიში, რომელიც წარმოადგენს სასესხო და არასასესხო აქტივების და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად გათვალისწინებულ თანხას. ეს რეზერვი მოიცავს როგორც სპეციალურ, ისე საერთო რეზერვებს;

ნ) „სპეციალური რეზერვი“ – რეზერვი, რომელიც შექმნილია რაიმე სპეციალური აქტივის შესაძლო დანაკარგების დასაფარავად, კომერციული ბანკის ბალანსზე აქტივში ნაჩვენები ღირებულების შემცირების მიზნით. ეს რეზერვი პირდაპირ არის მიბმული ან შეესაბამება კონკრეტულ, განსაზღვრულ აქტივს;

ო) „საერთო რეზერვი“ – რეზერვი, რომელიც შექმნილია აქტივების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად, მათ დაუკონკრეტებლად;

პ) „ფასიანი ქაღალდები“ – მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნან ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები;

ჟ) ბანკთაშორისი დეპოზიტი“ – კომერციული ბანკის მიერ სხვა მოკორესპონდენტო ბანკში სადეპოზიტო და საკორესპონდენტო ანგარიშზე გარკვეული ვადით და მოთხოვნამდე განთავსებული ფულადი სახსრები;

რ) „სხვა უძრავი ქონება“ -  უძრავი ქონება, რომელიც დასაკუთრებულია კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის ვადაში დაუფარავი დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით. ასევე ქონება, რომელიც წინათ კომერციული ბანკის შენობებად გამოიყენებოდა;

ს) „გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონება“ – ბანკის მიერ მსესხებლის დავალიანების მთლიანად ან ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად დასაკუთრებული გირაო სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარების (რომლებიც არ არის უძრავი ქონების განუყოფელი ნაწილი), ფასიანი ქაღალდების, სხვა სახის მოძრავი ქონებისა და ფინანსური აქტივების სახით;

ტ) „საბაზრო ღირებულება“ – თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე იდენტური საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას და საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

უ) „აღრიცხული აქტივი“ - წარმოადგენს:

უ.ა) სესხის შემთხვევაში გადაუხდელი ძირითადი თანხის ნაშთს დამატებული დარიცხული პროცენტი;

უ.ბ) არასასესხო აქტივის შემთხვევაში მისი შეძენის მთლიანი ღირებულება.


მუხლი 3. კომერციული ბანკების ვალდებულება
1. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან:

ა) განახორციელონ აქტივების კლასიფიკაცია და შექმნან შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვები იმ თავიანთი წერილობითი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად, რომლებიც დამტკიცებულია მათი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და რომლებიც დაცული უნდა იყოს კრედიტების მართვის დოკუმენტებში. იგი მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის და სესხის სახეობის მიხედვით უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა.ა) განცხადება სესხის მიღების თაობაზე;

ა.ბ) მსესხებლის საფინანსო ანგარიშგება (საბალანსო, მოგება-ზარალისა და ფულის მიმოქცევის უწყისები);

ა.გ) ბიზნესგეგმა;

ა.დ) გირავნობის შესახებ იურიდიული დოკუმენტაცია;

ა.ე) საკრედიტო ხელშეკრულება, სესხის გაცემის თაობაზე დასკვნა და გადაწყვეტილება;

ა.ვ) ინფორმაცია სესხის მონიტორინგის თაობაზე და ა.შ;

ბ) კლასიფიკაციას დაუქვემდებარონ ნებისმიერი ვალუტით ფორმირებული და საბალანსო უწყისებზე არსებული ყველა აქტივი, ასევე საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების მიხედვით გათვალისწინებული ყველა გარესაბალანსო მუხლები;

გ) აქტივების კლასიფიკაცია განსაზღვრონ მას შემდეგ, რაც მხედველობაში მიიღება ყველა გარემოება და შესაძლებლობა, რომლებიც ზედმიწევნით ანალიზის საფუძველზე ზეგავლენას მოახდენენ აქტივების ხარისხზე;

დ) დანაკარგების რეზერვის ანგარიშები შექმნან ნებისმიერი ვალუტით ფორმირებული აქტივების დასაფარავად;

ე) დანაკარგების რეზერვი შექმნან საქართველოს ეროვნული ვალუტით;

ვ) აქტივების დანაკარგების  რეზერვის  ანგარიშზე დარეზერვება მოახდინონ იმ თანხით, რომელიც დაფარავს შესაძლო დანაკარგებს;

ზ) შექმნილი რეზერვები და მათი ნებისმიერი შემდგომი ზრდა გაატარონ კომერციული ბანკის ხარჯებში, მუხლით „ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით“, რომელიც ნაჩვენები იქნება მის ბალანსზე მუხლით „აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები“;

თ) აქტივების რისკის კლასიფიკაციის მიხედვით საჭირო რეზერვების შექმნა აწარმოონ სააღრიცხვო პერიოდში მიღებული შემოსავლების მიუხედავად. ამასთან, აქტივების კლასიფიკაციის წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები შეუთანხმონ ეროვნულ ბანკს;

ი) შეიმუშაონ წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც აღწერს რის საფუძველზე ხდება ამოუღებელი აქტივის ჩათვლა „უიმედოდ“ და მათი ჩამოწერა საბალანსო უწყისიდან;

კ) უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივი ჩამოწერონ კომერციული ბანკის აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვიდან.

2. ეროვნული ბანკის მიერ ნებისმიერი აქტივის კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასა და მაკლასიფიცირებელი ბანკის გადაწყვეტილებას შორის განსხვავებები შესაძლოა იქცეს მათ შორის განხილვის საგნად, მაგრამ ეროვნული ბანკის პოზიცია გადამწყვეტია. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერი აქტივის  კლასიფიკაციაში ცვლილება და მასთან ერთად შესაძლო დანაკარგების რეზერვის დამატებით შექმნა, თუ ეროვნული ბანკის აზრით, ეს გამართლებულია ისეთი ფაქტებითა და გარემოებებით, როგორიცაა:

ა) კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის საერთო მდგომარეობის გაუარესება;

ბ) ცვლილება კომერციული ბანკის სესხის გაცემის პროცედურებში ან რისკის მართვის ადეკვატური პოლიტიკის უქონლობა;

გ) კომერციული ბანკის ფაქტობრივი დანაკარგები ისეთი სახის სესხებზე, როგორიცაა კონკრეტული სექტორისათვის, დარგების ან რეგიონებისათვის გაცემული სესხები;

დ) კომერციული ბანკის მენეჯმენტის უმოქმედობა (არასაკმარისი ქმედება), ამოიღოს პრობლემური სესხები;

ე) სესხების კონცენტრირება ეკონომიკის სექტორებში, დარგებსა და რეგიონებში;

ვ) უარყოფითი ტენდენციები ეკონომიკის იმ სექტორებში, დარგებსა და რეგიონებში, სადაც კომერციული ბანკს აქტივების დიდი კონცენტრაცია აქვს;

ზ) სხვა გარემოებები მოვალის ან თვით კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობასთან  დაკავშირებით, რომლებიც გამოვლენილ იქნა ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად და ა.შ.


მუხლი 4. აქტივების კლასიფიკაციის სისტემა
1. აქტივების ნეგატიურად კლასიფიკაცია დამყარებული უნდა იქნეს იმ ფაქტებზე და სისუსტეებზე, რომლებიც გამოწვეულია ან გამომდინარეობს ისეთი გარემოებებიდან, მოვლენებიდან ან მდგომარეობიდან, რომელთა ზედმიწევნით ჩატარებული ანალიზისა და განსჯის შემდეგ ნათელი ხდება, რომ აქტივის ღირებულება მცირდება.

2. კატეგორიების მიხედვით აქტივების კლასიფიკაციის განხორციელების დროს კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მათ გარშემო არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი მოსაზრებანი, რაც უნდა ეფუძნებოდეს თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და კომპონენტებს.

3. სესხის ნეგატიურად კლასიფიკაციის დროს, კომერციულმა ბანკმა ამ მსესეხებელს არ უნდა მისცეს დამატებითი სესხი როგორც მიმდინარე საკრედიტო ხაზის დაფინანსების, ასევე ახალი სესხის სახით, მათთან დაკავშირებული რისკებისა და მომავალი დანაკარგების შესაძლებლობის ზედმიწევნითი განხილვის გარეშე. ასეთი დამატებითი სესხის მიცემის შემთხვევაში, მას შეიძლება მიენიჭოს „სტანდარტული“ კატეგორია, თუ იგი მთლიანად დაცულია ლიკვიდური უზრუნველყოფით, მიუხედავად ამ მსესხებელზე სხვა სესხების ნეგატიურად კლასიფიცირებისა.

4. კომერციულმა ბანკმა ყოველთვიურად თვითონ უნდა მოახდინოს თავისი აქტივების კლასიფიკაცია ამ წესით დადგენილი კატეგორიების მიხედვით.

5. მსესხებლის და დაკავშირებული ჯგუფის ყველა მიმდინარე სესხს, როგორც წესი, უნდა მიენიჭოს ერთი კატეგორია. გამონაკლისი შემთხვევები უნდა იყოს არგუმენტირებული და სრულყოფილად დოკუმენტირებული.


მუხლი 5. სესხების კლასიფიკაციის კატეგორიები
სესხების კლასიფიკაცია წარმოებს ხუთი კატეგორიის მიხედვით, მათ შორის:

ა) სტანდარტული სესხები:

ბ) საყურადღებო სესხები;

გ)არასტანდარტული სესხები;

დ) საეჭვო სესხები;

ე) უიმედო სესხები.


მუხლი 6. სტანდარტული სესხები
1. სესხი კლასიფიცირდება სტანდარტულად, თუ მისი ძირითადი თანხის და პროცენტის მუდმივად გადახდა დროულად წარმოებს, ამასთან, მსესხებლის კაპიტალი და გადახდის უნარი სტაბილურია. ეს კლასიფიკაცია მისაღებია, როდესაც მსესხებელი ფინანსურად ძლიერია და აქვს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს უარყოფითი ზეგავლენა მოულოდნელი მოვლენებისაგან, ასრულებს მომგებიანობასთან დაკავშირებულ თავის მიზნებს და აქვს საკმარისი ნაღდი ფული, რათა დროულად დააკამაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის, აღნიშნული აქტივიც.

2. სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხისათვის მიღებული გირაო ან იპოთეკა გამოყენებული იქნება როგორც უსაფრთხოების დამატებითი კომპონენტი, თუმცა მაინც საჭიროა მისი სწორად რეგისტრაცია და დოკუმენტურად დადასტურება.

3. ბიზნესისათვის გაცემული სესხის შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილ ფინანსურ მახასიათებლებთან ერთად მსესხებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბიზნესგეგმა რეალურია და პრაქტიკულად განხორციელებადი, და რომ მისი ძირითადი პროდუქცია და მარკეტინგული სტრატეგია სტაბილურია და კონკურენტუნარიანი.

4. სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხი წარმოადგენს ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ ყველა კომერციულ ბანკს მაინც მოეთხოვება საერთო რეზერვის შექმნა თითოეული სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 2%-ის ოდენობით, გარდა რეპო გარიგების ფარგლებში წარმოშობილი და სესხის სახით აღრიცხული აქტივისა, რეპო გარიგებით მიღებული ფასიანი ქაღალდის მონეტარულ ოპერაციებში საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაგირავების შემთხვევაში მისაღები სესხის მაქსიმალური თანხის ოდენობით.


მუხლი 7. საყურადღებო სესხები
1. სესხი კლასიფიცირდება საყურადღებოდ, თუ:

ა) იგი ადეკვატურად არის დაცული, მაგრამ პოტენციურად სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ სესხის გაცემის დროს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდის უნარი სტაბილური ჩანდა, შემდეგში გამოჩნდა განსაზღვრული ნაკლოვანებები და ტენდენციები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გამოსწორდება, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი მსესხებლის მიმართ, გააგრძელოს სესხის დროული დაფარვა. ასეთი სესხი ქმნის გაუმართლებელ საკრედიტო რისკს, მაგრამ არა ისეთს, რომ მიენიჭოს კლასიფიკაცია არასტანდარტული, იმიტომ, რომ საკრედიტო რისკი მოცემულ მომენტში მცირეა. ასეთი ნაკლოვანებების მაგალითებია ისეთი სიტუაციები, როდესაც საკრედიტო დოკუმენტაცია (ან მათი ნაწილი) დაკარგულია, არასრული ან მოძველებულია; როდესაც კომერციულ ბანკს არ ძალუძს აქტივების შესაბამისად მართვა ან მსესხებელთან სათანადო ურთიერთობა, ან როდესაც მთლიანად უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გირაო ან იპოთეკა დოკუმენტურად არ არის სწორად გაფორმებული, გადაცემული ან რეგისტრირებული, ანდა როდესაც არსებობს ინფორმაცია გირაოს ან იპოთეკის საეჭვო მდგომარეობასთან ან მის მონიტორინგთან და კონტროლთან დაკავშირებით;

ბ) კომერციული ბანკის განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად მსესხებელმა ვერ მოახერხა ფინანსური ანგარიშგებების მიწოდება მათ შორის საბალანსო უწყისის ან მოგება-ზარალის უწყისის, ან სამუშაო ან ბიზნეს-გეგმის, რაზეც არსებობდა შეთანხმება;

გ) მოსალოდნელია ისეთი მოვლენები მსესხებლის საქმიანობაში ან წარმოებაში, ან ისეთი მიმართულებები ბაზარზე, რომელთა გამოც შესაძლოა, რომ მსესხებლის მომავალი მოგება ან ბიზნესი გახდეს არასტაბილური, ანდა აღმოჩნდეს მნიშვნელოვნად გაუარესებული;

დ) გირაოსთან ან იპოთეკასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ არის სწორად გაფორმებული, ან როდესაც გირაო ან იპოთეკა არ არის სწორად რეგისტრირებული, და ამ ორიდან რომელიმე სიტუაციას თან ერთვის გადახდის პირველადი წყაროს საშუალებით ამ ვალის სათანადო დაფარვის დაქვეითებული უნარი;

ე) სესხის ვადაგადაცილებული პროცენტი დაუფარავია და დამატებულია ძირითად თანხაზე;

ვ) ნებისმიერი შეთანხმებული გადახდა ვადაგადაცილებულია 30 დღეზე ნაკლები პერიოდით. თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

2. ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული საყურადღებოდ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 10% -ის ოდენობით.


მუხლი 8. არასტანდარტული სესხები  
1. სესხი კლასიფიცირდება არასტანდარტულად, თუ:

ა) იგი არაადეკვატურად არის დაცული მსესხებლის კაპიტალითა და გადახდის უნარით, ანდა გირაოს ან იპოთეკის ღირებულებით. არასტანდარტულად კლასიფიცირებულ სესხს გააჩნია ისეთი სისუსტეები ან პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დავალიანების დაფარვას ან საეჭვოს ხდის მთლიან გადახდას;

ბ) სესხის გადახდის ძირითადი წყაროები, მათ შორის კაპიტალი და მოგება, არ არის საკმარისი ვალის გადასახდელად. შესაბამისად, კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს გადახდის სხვა წყაროები, როგორიცაა გირაოს ან იპოთეკის რეალიზაცია, მსესხებლის სხვა აქტივების გაყიდვა ან მსესხებლის სხვა ვალ(ებ)ის რესტრუქტურიზაცია. ამასთან, არსებობს სხვა ისეთი მნიშვნელოვნად უარყოფითი პირობები, როგორიცაა: ღირებულების მქონე და რეალიზებადი გირაოს ან იპოთეკის არარსებობა, მსესხებლის აუხსნელი ხანგრძლივი არყოფნა, ან საკუთარი ბიზნესისადმი უყურადღებობა.

2. საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 30 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს არასტანდარტული სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ასეთი კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

3. მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 60 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს არასტანდარტული სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

4. ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული არასტანდარტულად კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 30%-ის ოდენობით.


მუხლი 9. საეჭვო სესხები
1. სესხი კლასიფიცირდება საეჭვოდ, თუ მას აქვს არასტანდარტულად კლასიფიცირებული სესხის მახასიათებლები, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გადახდა საეჭვოა ერთ-ერთი ისეთი სისუსტის გამო, როგორიცაა: გარკვეული და მნიშვნელოვანი ფაქტორის არსებობა, რომლიდან გამომდინარეც მოსალოდნელია ნაწილობრივი გადახდა უახლოეს პერიოდში და შესაბამისად, უიმედო კლასიფიკაციის მინიჭება მოცემულ მომენტში საჭირო არ არის, სანამ ფაქტები უფრო არ გაირკვევა. გარკვეული და მნიშვნელოვანი ფაქტორები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სესხის მიმდინარე ნაწილობრივი გადახდა ან გირაოს (იპოთეკის) დასაკუთრების და გაყიდვის პროცედურების დაწყება და განხორციელება უახლოეს მომავალში, ასევე დამატებითი გირაოს ან იპოთეკის ჩადების შესაძლებლობა, რითაც სესხი მთლიანად უზრუნველყოფილი გახდება.

2. საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 90 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს საეჭვო სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

3. მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 120 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს საეჭვო სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

4.  ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული საეჭვოდ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 50%-ის ოდენობით.


მუხლი 10. უიმედო სესხები
1. სესხი კლასიფიცირდება უიმედოდ, თუ:

ა) მსესხებლის გადახდისუუნარობის გამო შეუძლებელია მისი ამოღება ან ამოღებადი თანხა იმდენად მცირეა, რომ იგი კომერციული ბანკის ბალანსზე არ უნდა დარჩეს;

ბ) გირაოს ან იპოთეკის მიუხედავად, მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 150 დღით;

გ) 150-ზე ნაკლები დღით ვადაგადაცილების მიუხედავად, მსესხებლის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სესხის ამოღება მთლიანად შეუძლებელია ან ამოსაღებად მოსალოდნელი თანხები არ შეესაბამება ამოღებისათვის დახარჯულ დროსა და ხარჯებს.

2. დანაკარგები სესხებიდან ბალანსზე აისახება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც დადგინდა, რომ მათი ამოღება შეუძლებელია. მათი საბუღალტრო აღრიცხვა უნდა შეწყდეს და ისინი უნდა ჩამოიწეროს ამავე პერიოდის ბალანსიდან.

3. ბანკებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ უიმედოდ კლასიფიცირებული სესხების კანონიერად ამოღებისაკენ სათანადო ზომების გამოყენებით, ყველა არსებული გირაოს ან იპოთეკის დასაკუთრებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის ჩათვლით.

4. ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული უიმედოდ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 100%-ის ოდენობით.


მუხლი 11. დანაწევრებული კლასიფიკაციები
1. კომერციულ ბანკს უფლება აქვს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და ამ წესის მე-8-10 მუხლით გათვალისწინებული სესხების კატეგორიების კრიტერიუმების შესაბამისად, მოახდინოს სესხის კლასიფიკაცია ნაწილობრივ როგორც არასტანდარტული, საეჭვო ან უიმედო იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული სესხი ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხია.

2. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სესხის ძირითადი თანხის ნაშთის გადაუხდელი ნაწილი გირაოს ან იპოთეკის საბაზრო ღირებულების ტოლია, კლასიფიკაცია შეიძლება იყოს არასტანდარტული.

3. ისეთ შემთხვევებში, როდესაც სესხის ძირითადი თანხის ნაშთის გადაუხდელი ნაწილი აღემატება გირაოს ან იპოთეკის საბაზრო ღირებულებას, კლასიფიკაცია შესაბამისად შეიძლება იყოს საეჭვო ან უიმედო.

4. დანაწევრებული კლასიფიკაციის შემთხვევაში სესხის არაუზრუნველყოფილი ნაწილის საეჭვოდ კლასიფიკაცია დასაბუთებული უნდა იყოს მკაფიო და სარწმუნო არგუმენტებით.


მუხლი 12. გირაო და იპოთეკა, როგორც კლასიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი კომპონენტი
1. კომერციულმა ბანკმა გირაო და იპოთეკა არ უნდა განიხილოს როგორც სესხის გადახდის პირველადი წყარო, თუ არსებული პირობები ამას არ მოითხოვს.

2. კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს პროცედურები, რომლიდან გამომდინარეც მოხდება გირაოს და იპოთეკის შეფასების პოლიტიკის ჩამოყალიბება მისი ლიკვიდურობის ან საბაზრო ღირებულების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვანია სესხის კლასიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

3. ყველა გირაო და იპოთეკა უნდა მიეკუთვნოს ლიკვიდური ან არალიკვიდური უზრუნველყოფის კატეგორიას.

4. ლიკვიდურ უზრუნველყოფას მიეკუთვნება:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო უწყების) უპირობო გარანტიები;

ბ) ფულადი დეპოზიტები თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, დაგირავებული და დაჯავშნული სესხის გამცემ კომერციულ ბანკში;

გ) საქართველოს სამთავრობო ფასიანი ქაღალდები;

დ) კომერციული ბანკისათვის გირაოს შესახებ ხელშეკრულების თანახმად ფაქტობრივად გადაცემული ძვირფასი ლითონების სტანდარტიზებული ზოდები.

5. არალიკვიდურ უზრუნველყოფას მიეკუთვნება:

ა) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების სწორად დოკუმენტირებული და რეგისტრირებული იპოთეკა;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაგირავება;

გ) კერძო საწარმოების ფასიანი ქაღალდების დოკუმენტურად სწორად გაფორმებული და იურიდიული ძალის მქონე დაგირავება;

დ) სწორად დოკუმენტირებული და იურიდიული ძალის მქონე უპირობო გარანტიები ან გამოუთხოვადი აკრედიტივები კომერციული ბანკებიდან;

ე) საწარმოებისა და კერძო პირების სწორად დოკუმენტირებული და იურიდიული ძალის მქონე უპირობო გარანტიები.


მუხლი 13. რესტრუქტურიზებული სესხების კლასიფიკაცია
1. კომერციულმა ბანკმა რესტრუქტურიზებული სესხის კლასიფიკაცია უნდა განახორციელოს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა: სესხის განახლების ან მისი დაფარვის ვადის გაგრძელების რაოდენობა; სესხის საერთო ვადის ცვლილება მის თავდაპირველ ვადასთან; სესხის პროცენტის დაფარვის ვადების ცვლილება თავდაპირველ ვადებთან სესხის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების პირობებში კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც შეტანილ იქნა რესტრუქტურიზებული სესხის შესახებ ხელშეკრულებაში და ცვლილებების მიზეზები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცენტო განაკვეთის ნებისმიერ შემცირებას საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე უფრო დაბალი განაკვეთით, ვადის გაგრძელებას და ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც უკავშირდება მოცემულ პირობებს. ნებისმიერი ტიპის რესტრუქტურიზაციის / რეფინანსირების შესახებ კომერციული ბანკის გადაწყვეტილება, უნდა ეფუძნებოდეს მსესხებელთა ფინანსურ ანალიზს, რომელიც სრულყოფილად უნდა იქნეს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის.

2. სესხი რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, როგორც წესი, სესხი კლასიფიცირდება ნეგატიურად.  

3. გამონაკლის შემთხვევაში კომერციულ ბანკს შეუძლია რესტრუქტურიზებული სესხის სტანდარტულ კლასიფიკაციაში დატოვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს სტანდარტული სესხის კატეგორიის პირობებს.

4. რესტრუქტურიზებული სესხის კლასიფიკაცია არ შეიცვლება, თუ შემცვლელი ან დამატებითი მოვალე არის მსესხებლის ინსაიდერი.

5. იმ შემთხვევებში, როდესაც შემცვლელს ან დამატებით მსესხებელს გადაეცემა რესტრუქტურიზებული, ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხი, იგი არ უნდა შეიცვალოს ნაკლებად ნეგატიურ კლასიფიკაციად იმ შემთხვევის გარდა, თუკი გადაწყვეტილების მიღებისას გამოყენებულ სხვა ფაქტორებთან ერთად შემცვლელი ან დამატებითი მოვალე თანახმაა და აქვს ფინანსური შესაძლებლობა წარმოადგინოს დამატებითი ლიკვიდური უზრუნველყოფა ან კომერციული ბანკის საკრედიტო რისკის მართვის სტანდარტების შესაბამისად, აქვს ფინანსური შესაძლებლობა დაფაროს ყველა გადაუხდელი ძირითადი თანხა და პროცენტი შეთანხმებული დროის მანძილზე.

6. კომერციული ბანკების საკრედიტო კომიტეტები (კრედიტების მართვის სხვა ორგანოები) ვალდებული არიან ყოველთვიურად განიხილონ რესტრუქტურიზებული სესხების კლასიფიკაცია, რისი მიზანიცაა დადგინდეს, რამდენად საჭიროა კლასიფიკაციის შეცვლა უფრო დაბალი კატეგორიით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნებისმიერი შემცვლელი ან დამატებითი მოვალის უნარს, განაგრძოს რესტრუქტურიზებული ხელშეკრულების პირობების მთლიანად შესრულება.

7. სესხის რესტრუქტურიზებული სესხების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სესხის რესტრუქტურიზაციიდან  გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი და ამასთან ერთად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხს მინიჭებული აქვს  სტანდარტული კატეგორია.

8. სესხის რეფინანსირებული სესხების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხის რეფინანსირებიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი.


მუხლი 14. სესხის კლასიფიკაციის გაუმჯობესება
1. შესაძლებელია ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხების რეკლასიფიკაცია ნაკლებად ნეგატიურ/სტანდარტულ  კატეგორიაში,  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხი სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის პირობებს  და ამ პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად განხორციელებულია ბოლო 6 თანმიმდევრული, დემონსტრაციული გადახდა. სეზონური შემოსავლების არსებობის შემთხვევაში რეკლასიფიკაცია ნაკლებად ნეგატიურ/სტანდარტულ კატეგორიაში დასაშვებია ერთი ახალი ციკლის/სეზონის მონაცემების გათვალისწინებით. ამასთან, ახალი ციკლის/სეზონის შედეგად სახეზე უნდა იყოს ვალდებულებების რეალური დაფარვები. 

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული 6 თანმიმდევრულ, დემონსტრაციულ გადახდებთან მიმართებაში არ უნდა იქნეს გამოყენებული  რაიმე სახის საშეღავათო პირობა, თუნდაც ისეთი, როგორიც რეფინანსირებისას მისაღები იქნებოდა.

3. სესხის ნებისმიერი სახის რეკლასიფიკაცია (კატეგორიის  გაუმჯობესება) უნდა ეფუძნებოდეს ფინანსურ ანალიზს, სრულყოფილად უნდა იყოს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის.

4. კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს იმ სტანდარტული სესხების იდენტიფიცირება, რომელთა რეკლასიფიკაციის თარიღიდან (როგორც სტანდარტული) გასულია არაუმეტეს ერთი წლისა.


მუხლი 15. ბანკთაშორისი დეპოზიტები და მათი კლასიფიკაცია
1. კომერციულმა ბანკმა სხვა კომერციულ ბანკში ბანკთაშორისი დეპოზიტის განთავსებამდე იმ კომერციული ბანკიდან უნდა მოითხოვოს სრული და მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია, ხოლო თანხის განთავსების შემდეგ, ბანკმა ასეთი ბანკიდან უნდა მოითხოვოს ფინანსური ინფორმაცია დროის განსაზღვრული პერიოდისათვის კვარტალური საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისების სახით, ასევე წლიური ანგარიში.

2. ბანკთაშორისი დეპოზიტების კლასიფიკაცია დამოკიდებულია მოკორესპონდენტო კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობასა და მის უნარზე, შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც ეს გათვალისწინებულია მოცემულ კომერციულ ბანკსა და მოკორესპონდენტო ბანკს შორის თავდაპირველი ხელშეკრულებით. სხვა ურთიერთსაპირისპირო ფაქტორების არარსებობისას, თუ წარმოიშვება პრობლემები (დაგვიანება), აქტივი ექვემდებარება კლასიფიკაციას.

3. თუ თანხის მიღება მოკორესპონდენტო ბანკიდან დაგვიანებულია 30 ან მეტი დღით, ბანკთაშორისი დეპოზიტი კლასიფიცირდება როგორც არასტანდარტული.

4. თუ თანხის მიღება დაგვიანებულია 60 ან მეტი დღით, ბანკთაშორისი დეპოზიტი კლასიფიცირდება როგორც საეჭვო.

5. თუ თანხის მიღება დაგვიანებულია 90 დღეზე მეტი პერიოდი, ბანკთაშორისი დეპოზიტი კლასიფიცირდება უიმედოდ და უნდა ჩამოიწეროს განმთავსებელი კომერციული ბანკის ბალანსიდან.

6. სხვა ბანკში განთავსებული დეპოზიტები და სხვა მოთხოვნები, ამ კომერციულ ბანკში ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყებისას, კლასიფიცირდება უიმედოდ და უნდა ჩამოიწეროს განმთავსებელი კომერციული ბანკის ბალანსიდან.


მუხლი 16. არასასესხო აქტივების კლასიფიკაცია და დარეზერვება, მათი  შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა და გამოყენება
1. კომერციული ბანკის სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ა) კომერციული ბანკის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონება, მისი ღირებულების მიუხედავად, წარმოადგენს არაჯანსაღ საბანკო აქტივს. ასეთი აქტივი დასაკუთრებისთანავე უნდა გაანალიზდეს კომერციული ბანკის მიერ და დაექვემდებაროს კლასიფიკაციას;

ბ) კომერციული ბანკი ვალდებულია, შეძენიდან მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონება, ასევე კომერციული ბანკის ყოფილი შენობები, რომლებიც აღარ გამოიყენება საბანკო საქმიანობისათვის, მათი ამ დანიშნულებით არგამოყენების დღიდან სამი წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეიქმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს ბალანსიდან;

გ) კომერციულმა ბანკმა იპოთეკის დასაკუთრებისთანავე უნდა მოახდინოს სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია და მისთვის შესაბამისი რეზერვები შექმნას შემდეგნაირად:

გ.ა) სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამდე თანხაზე როგორც არასტანდარტული;

გ.ბ) სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ზევით თანხაზე როგორც უიმედო.

დ) ბალანსზე აღრიცხვიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ კომერციულმა ბანკმა უნდა მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც საეჭვო და შექმნან შესაბამისი რეზერვი;

ე) ბალანსზე აღრიცხვიდან სამი წლის შემდეგ, ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია სხვა უძრავი ქონების კლასიფიკაცია მოახდინოს როგორც უიმედო, შექმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს თავისი ბალანსიდან, რის შემდეგაც მათი აღრიცხვა იწარმოებს შესაბამის გარესაბალანსო ანგარიშებზე;

ვ) სხვა უძრავი ქონება კომერციული ბანკის მიერ უნდა აღირიცხოს მისი დასაკუთრების თარიღისათვის აღრიცხული აქტივის ღირებულებით, ან მისი საბაზრო ფასით, თუ ეს უკანასკნელი ნაკლებია აღრიცხული აქტივის ღირებულებაზე. აღრიცხული აქტივის ღირებულება უნდა განსაზღვროს აღიარებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ.

2. გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

ა) გირაოთი დასაკუთრებული ყველა მოძრავი ქონება კომერციული ბანკის მიერ გაანალიზდება და კლასიფიცირდება თითოეული შემთხვევის მიხედვით;

ბ) კომერციული ბანკი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ არ იქონიოს გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონება მათი დასაკუთრებიდან 180-ზე მეტი დღის განმავლობაში;

გ) კომერციულმა ბანკმა გირაოთი მოძრავი ქონების დასაკუთრებისთანავე უნდა მოახდინოს ამ ქონების კლასიფიკაცია და მისთვის შესაბამისი რეზერვები შექმნას შემდეგნაირად:

გ.ა) გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამდე თანხაზე როგორც არასტანდარტული;

გ.ბ) გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე ზევით თანხაზე როგორც უიმედო;

დ) თუ გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონება კომერციული ბანკის ბალანსზე აღრიცხვიდან 90 დღის შემდეგ კვლავ ირიცხება, კომერციულმა ბანკმა უნდა მოახდინოს მისი კლასიფიკაცია როგორც საეჭვო და შექმნას შესაბამისი რეზერვი;

ე) ბალანსზე აღიცხვიდან 180 დღის შემდეგ, ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია გირაოთი დასაკუთრებული მოძრავი ქონების კლასიფიკაცია მოახდინოს როგორც უიმედო, შექმნას შესაბამისი რეზერვი და ჩამოიწეროს თავისი ბალანსიდან, რის შემდეგაც მათი აღრიცხვა იწარმოებს შესაბამისი გარესაბალანსო ანგარიშზე.

3. მსესხებლისა და დაკავშირებული ჯგუფის სესხების ნეგატიურად კლასიფიკაციის შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია გაითვალისწინოს ჯგუფის მიმართ არსებული სხვა რისკებიც (ინვესტიციები, დებიტორული დავალიანებები და სხვა აქტივები).


მუხლი 17. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი, უიმედო აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა და ჩამოწერა
1. კომერციულმა ბანკებმა ამ წესის შესაბამისად უნდა შექმნან ყველა სესხებისა და სხვა აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები.

2. ბანკის მენეჯმენტი პასუხისმგებელია იმის უზრუნველყოფისათვის, რომ კომერციულ ბანკს მუდმივად ჰქონდეს ადეკვატური რეზერვები.

3. რეზერვების ადეკვატურობა თითოეულმა კომერციულმა ბანკმა უნდა განიხილოს ყოველთვიურად და თუ აქტივებისა და მათი კლასიფიკაციის ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ დადგინდება, რომ შესაძლო დანაკარგების რეზერვი არასაკმარისია, მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას კლასიფიკაციის გათვალისწინებით დამატებითი რეზერვის შექმნაზე და ქმნის მას იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება მოსალოდნელი დანაკარგების დასაფარავად.

4. კომერციული ბანკები აქტივების შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვების შესაქმნელად დარეზერვებაზე გაწეულ ყველა ახალ რეზერვს გაატარებენ ხარჯებში და ასახავენ თავიანთ მიმდინარე მოგება-ზარალის უწყისში.

5. კომერციული ბანკის მიერ სასესხო პორტფელის ანალიზის შედეგად ჭარბი რეზერვის გამოვლენისას, კომერციული ბანკი დაადებეტებს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ანგარიშს და დააკრედიტებს ბანკის ხარჯების ანგარიშს.

6. სესხის დაფარვისა და სხვა აქტივების ამოღების შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში, ბანკებმა უნდა ჩამოწერონ უიმედოდ კლასიფიცირებული აქტივები და შეამცირონ შესაძლო დანაკარგების რეზერვი მისი დადებეტებით და აქტივების ანგარიშის დაკრედიტებით.

7. კომერციული ბანკის მიერ სესხის ჩამოწერა გადახდის შეუძლებლობის გამო არ ჩაითვლება ვალის გაუქმებად. აღნიშნული ვალი უნდა დარჩეს სპეციალურ გარესაბალანსო ანგარიშებზე მისი ჩამოწერის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში. კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს ზომები როგორც ვადაგადაცილებული პროცენტის, ისე ძირითადი თანხის ამოსაღებად. ასეთ აქტივზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შეხედულებისამებრ, პროცენტების დარიცხვა გაგრძელდება გარესაბალანსო ანგარიშზე, რათა კვლავ ხდებოდეს მიმდინარე ვალდებულების შესაფერისი ასახვა.

8. 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში კომერციულმა ბანკმა სულ ცოტა თვეში ერთხელ უნდა მიაწოდოს მსესხებელს ან მის სამართალმემკვიდრეს, ან წარმომადგენელს გადაუხდელი ძირითადი თანხის ნაშთისა და დარიცხული პროცენტის დამადასტურებელი ამონაწერი, რომელიც ზუსტად ასახავს ზემოაღნიშნული სპეციალური გარესაბალანსო ანგარიშის ნაშთებს.

9. თუ მოვალე ფარავს სესხს, რომელიც ჩამოიწერა საბალანსო უწყისიდან და ეს მოხდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში, კომერციული ბანკი თავიდან დაადებეტებს ფულადი სახსრების ანგარიშს და დააკრედიტებს აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ანგარიშს, რის შემდეგაც იგი დაადებეტებს აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ანგარიშს და დააკრედიტებს დარეზერვებაზე გაწეული ხარჯების ანგარიშს.

10. თუ მოვალე არ გადაიხდის ჩამოწერილ სესხს 5 წლის განმავლობაში, სესხის როგორც ძირითადი თანხა, ისე პროცენტები, გაუქმებული იქნება სპეციალური გარესაბალანსო უწყისის ანგარიშიდან ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით, რაც არ ნიშნავს სესხის ამოღების პროცედურების შეწყვეტას.


მუხლი 18. ლიკვიდობის მიზნებისათვის სესხების რეალური ვადიანობის გათვალისწინება
ლიკვიდობის მიზნებისათვის, როგორც რესტრუქტურიზაციის, ასევე, რეფინანსირების შემთხვევაში, სესხი უნდა იქნას აღრიცხული იმ ვადის მიხედვით, რა ვადაშიც  მსესხებელი შეძლებს სესხის დაფარვას ბიზნესის ჩვეულებრივი ფუნქციონირების დროს.