საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 10/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.05.001.002.789
  • Word
4597
30/03/2007
სსმ, 11, 10/04/2007
310.050.010.05.001.002.789
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირებას კანონით მინიჭებულ ფარგლებში ახორციელებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზება

საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობის კოორდინირებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები

1. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები ექვემდებარება რეგისტრირებას ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით.

2. ინფორმაციას საჰაერო ტრასითა და ადგილობრივი საჰაერო ხაზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ ადმინისტრაცია აწვდის საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, რისთვისაც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელების არხების სისტემა.“.

4. მე-14 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს სტრუქტურა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თითოეული წინადადება საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ უნდა შეთანხმდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე იმ სამხედრო უწყებებთან, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს იგი, და უნდა წარედგინოს ადმინისტრაციას.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირება

საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებს და საზღვრებს ადგენს ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების საფუძველზე დადებული შეთანხმებების შესაბამისად.“.

6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია

საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის და ქვეყნდება სათანადო კრებულში. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.“.

7. 22-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს ადმინისტრაცია და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.“;

ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

8. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციას უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას, ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან დაუშვას გამონაკლისი.“.

9. 27-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს ადმინისტრაცია.“.

10. 29-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაცია – სამოქალაქო ავიაციის პერსონალისათვის;“.

11. 30-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავიაციო პერსონალს უფლება აქვს შეასრულოს ფრენა და გასწიოს მომსახურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ან აღიარებული მოწმობის (სერტიფიკატის) საფუძველზე.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში – ადმინისტრაცია;“.

12. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების (აეროპორტების) სერტიფიცირების წესს შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაცია.“.

13. მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებს რეგისტრაციაში ატარებს ადმინისტრაცია, ხოლო სახელმწიფო აეროდრომებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

14. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე სხვადასხვა სახეობის ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით.“.

15. 46-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ საბუთის ფორმა და მისი შევსების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

16. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.“.

17. 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენა ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი იმ ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის საერთაშორისო კრებულებში.“.

18. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება და მომსახურების გაწევა

საჰაერო ხომალდებს, საავიაციო პერსონალსა და აეროპორტებს უფლება აქვთ შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება ადმინისტრაციის მიერ გაცემული ლიცენზიის (ნებართვის, სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე.“.

19. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენის შეთხვევაში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს ადმინისტრაცია.“.

20. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის დარგში ლიცენზირებისა და სერტიფიცირების წესებს ადგენს ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

21. 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს, შეცვალოს ან გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

22. 58-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის ადმინისტრაციას.“.

23. 59-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, საავიაციო სამუშაოები და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ გაცემული რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიისა (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) და საავიაციო სამუშაოების წარმოებისა და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვების საფუძველზე.“;

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაცია გასცემს:

ა) რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიას, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს შეზღუდვას:

ა.ა) დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე;

ა.ბ) ფრენის სიხშირეზე;

ბ) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;

გ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.

4. ადმინისტრაცია ლიცენზიას/ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

გ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

24. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 66. სატრანსპორტო საბუთები

მგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება დასტურდება შესაბამისად: ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით. ამ საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითად მოთხოვნებს ადგენს ადმინისტრაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნიმუშებისა და სტანდარტების საფუძველზე.“.

25. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 71. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა

ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, ტყვია-წამლის, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნივთიერებებისა და საგნების ნუსხას და მათი გადაზიდვის წესს განსაზღვრავს ადმინისტრაცია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. ადმინისტრაცია აღნიშნული კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე აგრეთვე ათავისუფლებს სახიფათო ტვირთებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან.“.

26. 72-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საავიაციო სამუშაოთა სავალდებულო მოთხოვნებს განსაზღვრავს ადმინისტრაცია დამკვეთის ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

5. გამონაკლის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სათანადო ტვირთამწეობის ან სპეციალური მოწყობილობის მქონე საჰაერო ხომალდის არარსებობა და ა.შ.) საავიაციო სამუშაოთა შესასრულებლად დაიშვებიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების სახელმწიფო საჰაერო ხომალდები. ასეთი სამუშაოების შესასრულებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის ნებართვას.“.

27. 84-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული აქტის შედგენის წესი განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ დადგენილი გადაყვანა-გადაზიდვის წესის შესაბამისად.“.

28. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის ფარგლებსა და სავალდებულო სახეობებს განსაზღვრავს ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

29. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 94. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობა

სამოქალაქო საჰაერო ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია.“.

30. 97-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ადმინისტრაცია და ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების სამსახურები.“.

31. 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციასთან არსებულ საძებნ-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც ახორციელებს საძებნ-სამაშველო რაზმების მუშაობის ორგანიზებასა და კოორდინირებას იმ საჰაერო სივრცეში, რომელშიც საჰაერო მოძრაობისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება;“.

32. 110-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სპეციალური კომისია, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესებით, რომელთაც ამტკიცებს ადმინისტრაცია.

2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მიზეზების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს ადმინისტრაციის სპეციალური კომისია.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი ისეთი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის უფლება, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს ფრენის უსაფრთხოების სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4597–Iს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.