„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.017985
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
365
30/05/2014
ვებგვერდი, 03/06/2014
240140000.10.003.017985
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/06/2014 - 17/06/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №365

2014 წლის 30 მაისი

   ქ.თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. 
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ  – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ –  სახაზინო სამსახურმა უზრუნველყონ, ხოლო ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ეთხოვოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო პროგრამა

 „აწარმოე საქართველოში“

 

თავი I

 

სახელმწიფო პროგრამის

 „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილი


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

 სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) პროგრამა - სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილი;

 ბ) მეწარმე სუბიექტი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა;

 გ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

 დ) პროექტი - პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებული პროექტი;

 ე) უძრავი ქონება - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომლის ნუსხა ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;

 ვ) კომერციული ბანკი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომერციული ბანკ(ებ)ი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება;

 ზ) სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

 თ) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტო;

 ი) ქონების სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

 კ) ინოვაციების სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა

 1. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.

 2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: პირველი კომპონენტი - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; მე-2 კომპონენტი - უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა; მე-3 კომპონენტი - ტექნიკური დახმარება.

 3. პროგრამის ფარგლებში კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთობლივად, ისე ცალ‑ცალკე, გარდა მე-3 კომპონენტისა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ პირველ ან/და მე-2 კომპონენტთან ერთობლიობაში.

 მუხლი 3. უფლებამოსილებათა განაწილება პროგრამის განხორციელებისთვის

1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, ამ პროგრამის მონაწილე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

2. სააგენტო, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილ უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას და კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ასევე, პროგრამის ბენეფიციარისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში.

3. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, პროგრამის საინფორმაციო‑ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას ახორციელებს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. სააგენტოს, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის, ასევე, სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის, პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

5. კომერციული ბანკი, ამ პროგრამის და ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია გასცეს კრედიტი.

6. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უძრავი ქონების მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად.

7. ინოვაციების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს, პროგრამის ბენეფიციარისთვის ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 4. პროგრამის მიმართულებები

 პროგრამის მიმართულებებია შემდეგი ინდუსტრიები:

 ა) შესაფუთი მასალების, მათ შორის, მუყაოს, გოფრირებული ტარის წარმოება;

 ბ) სამშენებლო მასალების, მათ შორის, კერამიკული ნაწარმის, მარმარილოს, გრანიტის და სხვა ბუნებრივი ქვების წარმოება;

 გ) საფეიქრო ნაწარმის, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ძაფის (შალი, აბრეშუმი) წარმოება და ტყავის გადამუშავება;

 დ) ქიმიური, მათ შორის, სარეცხი საშუალებების, აქტიური ორგანული ნივთიერებების და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება;

 ე) ფარმაცევტული წარმოება;

 ვ) ელექტროტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება;

 ზ) პლასტმასის წარმოება;

 თ) ხის გადამუშავება და ავეჯის, მდფ-ის, დსპ-ს წარმოება;

 ი) მანქანათმშენებლობა, მათ შორის, სათადარიგო ნაწილების წარმოება;

 კ) ლითონის მზა ნაწარმის წარმოება.

 მუხლი 5. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი

 1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მოიცავს 2 (ორ) მიმართულებას:

ა) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით;

ბ) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ, პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე, კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.

 2. ამ მუხლით გათვალისწინებული კომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არა უგვიანეს 2 (ორი) წლისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას და პროდუქციის პროექტით შემოთავაზებული მოცულობის წარმოების უზრუნველყოფას შემდეგი პირობებით:

ბ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

ბ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.

 მუხლი 6. კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

2. კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამით და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, კრედიტის გაცემიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში;

 ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 30 (ოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არა უმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

3. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150,000.0 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს.

4. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის მთლიანი მოცულობა აღემატება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე.

5. ამ პროგრამის ფარგლებში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრედიტი, კომერციული ბანკის მიერ გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

 ა) წარმოებისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად - კრედიტის მოცულობის არანაკლებ 80 (ოთხმოცი) პროცენტისა;

ბ) საბრუნავი საშუალებების შესაძენად - კრედიტის მოცულობის არა უმეტეს 20 (ოცი) პროცენტისა.

6. კომერციული ბანკის მიერ პროექტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარზე გაცემული კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 150,000.0 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარიდან - 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარამდე - არა უმეტეს 13 (ცამეტი) პროცენტი;

ბ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარიდან - 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარამდე - არა უმეტეს 12 (თორმეტი) პროცენტი;

გ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი ) აშშ დოლარიდან - 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარამდე - არა უმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტი.

7. სააგენტო კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის კომერციული ბანკისთვის გადარიცხვით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად.

8. ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

 ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს, კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშვება წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა;

 ბ) კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში, კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს თავდაპირველად დამტკიცებული კრედიტით სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდი;

 გ) სხვა კომერციული ბანკის მიერ კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი;

 დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს პროგრამის ბენეფიციარს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნული მთელი და ერთი მეათედი) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 ე) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პროექტზე, სააგენტომ განახორციელოს გაცემულ კრედიტზე ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პროგრამის ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 4 (ოთხი) წლისა;

 ვ) ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფის თანამონაწილეობა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სახაზინო სამსახურში ამ მიზნით გახსნილ სააგენტოს ქვეანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვისა და დაჯავშნის ფორმით;

 ზ) სააგენტოს მიერ, ამ პროექტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის მოცულობა მცირდება პროგრამის ბენეფიციარის კრედიტის ძირითადი თანხის შემცირების ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის ღირებულების ზრდის პროპორციულად;

 თ) კომერციული ბანკის მიერ უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში პირველ რიგში გამოიყენება პროგრამის ბენეფიციარის, ხოლო შემდგომ - სააგენტოს მიერ გაცემული უზრუნველყოფა;

 ი) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ პროგრამით ან/და ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა.

9. ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის გაცემა შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაშიც, რომლის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობები, ასევე კრედიტის საპროცენტო განაკვეთები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ მოცულობებს კრედიტის გაცემის დღისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

10. სააგენტოს მიერ უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა ხორციელდება პროგრამის ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს კრედიტის გაცემიდან 4 წლისა. ამასთან, უზრუნველყოფის საგანი ექვემდებარება სააგენტოს მიერ გადაფასებას, რომელიც ხორციელდება კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 2 (ორი) წელიწადში.

მუხლი 7. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი

1. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელების მიზნით, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, უძრავი ქონების, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად.

 2. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული უძრავი ქონების ნუსხა პერიოდულად ახლდება ქონების სააგენტოს მიერ აღნიშნული ნუსხისათვის უძრავი ქონების დამატების ან/და ნუსხიდან უძრავი ქონების ამოღების გზით.

 3. პროგრამის ბენეფიციარს, ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება.

 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, უძრავი ქონების გადაცემა ხორციელდება სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, შემდეგი პირობებით:

ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინდუსტრიის დარგში საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 2 (ორი) წლისა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ქ. თბილისში შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ბ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

ბ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

გ) წარმოების დაწყებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის მოცულობის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

გ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

გ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.

 5. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელებისა და პროგრამის ბენეფიციარის სტატუსის მოსაპოვებლად, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი განაცხადითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 10%-ის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით მიმართავს ქონების სააგენტოს.

 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა.

 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტის მიერ ქონების სააგენტოში წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 10%‑ს, მისი მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 30 თვისა და უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ა) საბანკო გარანტია, მისი მოქმედების პირველი 4 (ოთხი) თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას;

 ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა.

 8. ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენისას, უპირატესობა მიენიჭება იმ მეწარმე სუბიექტს, რომლის მიერაც აღნიშნული დოკუმენტები ქონების სააგენტოში წარდგენილ იქნა უფრო ადრე.

 9. მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შემთხვევაში, წარდგენილი საბანკო გარანტია უბრუნდება მეწარმე სუბიექტს.

 10. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 (სამი) თვეში ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 11. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 8. ტექნიკური დახმარების კომპონენტი

1. ტექნიკური დახმარების კომპონენტი მოიცავს სააგენტოსა და ინოვაციების სააგენტოს მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეწყობას.

2. სააგენტო, ტექნიკური დახმარების კომპონენტის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

 ა) საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას;

 ბ) ტრენინგებს პროდუქტიულობისა და წარმოების მოცულობის ზრდის, პროდუქციის მარკეტინგის, კვლევა-განვითარების და სხვა ფაქტორების გაუმჯობესების მიზნით;

 გ) საწარმოებისათვის ტექნიკური დახმარების სქემების შემუშავებას და განხორციელებას;

 დ) წარმოების პროცესში ხარისხის მენეჯმენტის და შესაბამისი სტანდარტების დანერგვას და სხვა.

3. ინოვაციების სააგენტო, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, უზრუნველყოფს:

 ა) საკუთარი კომპეტენციისა და რესურსების ფარგლებში ქართული და უცხოური ინოვაციების და ტექნოლოგიების მოძიებას;

 ბ) ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში ხელშეწყობას, თავად ან მესამე პირის მეშვეობით - ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო სემინარებისა და სამუშაო ჯგუფების მოწყობით, პროგრამის ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ტრენინგების, გადამზადებების და საკონსულტაციო მომსახურებების შეთავაზებით.

4. პროგრამის ბენეფიციარის მიერ სააგენტოს, აგრეთვე, ინოვაციების სააგენტოს, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარსა და სააგენტოს/ინოვაციების სააგენტოს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

5. ამ მუხლით განსაზღვრული ტექნიკური დახმარება პროგრამის ბენეფიციარს გაეწევა უსასყიდლოდ, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული სააგენტოს ან ინოვაციების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულება თითოეული პროგრამის ბენეფიციარისთვის არ უნდა აღემატებოდეს 10,000.0 (ათი ათასი) ლარს.

6. ამ მუხლით განსაზღვრული ტექნიკური დახმარება წყდება ამ პროგრამის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას.

მუხლი 9. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის მონიტორინგი

1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროექტის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

2. პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

მუხლი 10. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები

1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის და კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა სააგენტოს მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

 ა) პროგრამის ფარგლებში, ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრედიტის სრულად დაფარვა პროგრამის ბენეფიციარის მიერ;

 ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს თანამონაწილეობა შეჩერდება, ხოლო კომერციული ბანკის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების ან უზრუნველყოფის საგნის ნატურის გადმოცემის შემთხვევაში, წყდება;

გ) პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის პროგრამით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება;

დ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროექტის მიზნობრიობის ან სხვა ვალდებულების დარღვევა;

ე) პროგრამით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

 2. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმოსაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 3. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ნაწილში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევისა და კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება პროგრამის ბენეფიციარის მიმართ.

 4. პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულება წყდება ფინანსებზე ან/და უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის შეწყვეტის შესაბამისად.

მუხლი 11. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები, ასევე, სააგენტოს კრედიტის უზრუნველყოფის თანამონაწილეობის ქვეანგარიშზე არსებული გამოთავისუფლებული სახსრები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი 12. დამატებითი პირობები

 1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი წესით შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.

 2. ამ პროგრამაში ცვლილების შეტანა, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 3. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.

 თავი II

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“

 სოფლის მეურნეობის ნაწილი

 მუხლი 13. ტერმინთა განმარტება

 სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სოფლის მეურნეობის ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) პროგრამა - სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სოფლის მეურნეობის ნაწილი;

 ბ) სააგენტო - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო;

 გ) მეწარმე სუბიექტი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, გარდა სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა;

 დ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

 ე) კომერციული ბანკი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომერციული ბანკები, რომლებთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება;

 ვ) სესხი - კომერციული ბანკების მიერ ამ პროგრამის მიზნებისთვის გაცემული ფულადი სახსრები.

 მუხლი 14. პროგრამის მიზანი

 1. პროგრამის მიზანია საქართველოში სასოფლო­‑სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.

 2. პროგრამას სააგენტო ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში.

 მუხლი 15. პროგრამის ბენეფიციარები

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, გარდა სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა.

 

მუხლი 16. სესხის თანხა და საშეღავათო პერიოდი

1. პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარზე (ან ეკვივალენტი ლარი) ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარს (ან ეკვივალენტი ლარი).

 2. პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე საშეღავათო პერიოდი ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნით არ უნდა იყოს 24 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, ხოლო საბრუნავი საშუალებებისთვის - 18 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე.

 

მუხლი 17. სესხის პირობები

1. ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით უნდა შეიქმნას ახალი საწარმო.

 2. პროგრამის ფარგლებში სესხის გაცემა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:

 ა) მხოლოდ ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების და მწვანილის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა;

 ბ) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა (მერძეული‑მეხორცული);

 გ) მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკა (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე);

 დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზის საკვების საწარმო;

 ე) შემდეგი გადამამუშავებელი საწარმოების დასაფინანსებლად:

 ე.ა) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;

 ე.ბ) კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

 ე.გ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

 ე.დ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება.

 3. პროგრამის ფარგლებში სესხი არ შეიძლება გაიცეს ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოებლად.

 4. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ სესხი გაიცემა:

 ა) ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად – სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობის არანაკლებ 80 პროცენტისა;

 ბ) საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად – სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობის არა უმეტეს 20 პროცენტისა.

 5. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

 ა) საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;

 ბ) ახლად შექმნილი საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიური გარეგანი სახე.

მუხლი 18. საპროცენტო განაკვეთი

კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარზე გაცემული სესხის სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

 ა) 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარიდან (ან ეკვივალენტი ლარი) - 1,000,000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი) - არა უმეტეს 12 (თორმეტი) პროცენტი;

 ბ) 1,000,000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარიდან (ან ეკვივალენტი ლარი) - 2,000,000 (ორი მილიონი) აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი) - არა უმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტი.

მუხლი 19. სააგენტოს თანადაფინანსება

პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება, სესხის გაცემიდან პირველი 24 თვის განმავლობაში, მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის 10%-ის ოდენობით წლიურად, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.

 მუხლი 20. სესხის უზრუნველყოფა

1. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის 30%-ის ოდენობით. აღნიშნული უზრუნველყოფა წარმოადგენს მეორად უზრუნველყოფას და ძალაშია სესხის გაცემიდან არა უმეტეს მომდევნო 48 თვის განმავლობაში. მეორადი უზრუნველყოფის გამოყენების უფლება კომერციულ ბანკს ექნება მხოლოდ სესხის პირველადი უზრუნველყოფის სრულად რეალიზაციის შემდგომ, კომერციული ბანკის მიერ სააგენტოსთვის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

 2. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის შედეგად, კომერციული ბანკი ვერ მიიღებს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 100%–ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 30%‑ის ოდენობით. კომერციული ბანკი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს სააგენტოს და მიაწოდოს სესხის პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო სააგენტო მოთხოვნილ შესაბამის თანხას გადაურიცხავს კომერციულ ბანკს 5 სამუშაო დღის ვადაში, იმ პირობით, რომ სესხი გაცემულია ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.

 3. სესხის გამცემის მიერ სესხის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ახალი საწარმოს მიერ შექმნილი და/ან შეძენილი ნებისმიერი აქტივით (ძირითადი საშუალებები, სასაქონლო მარაგები და სხვა). მხოლოდ ამის შემდგომ უნდა იქნეს კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი გირაო.

მუხლი 21. სესხის გაცემის საკომისიო

კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში სესხის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს 0.2%-ს.

მუხლი 22. სესხის რეფინანსირება და რესტრუქტურიზაცია

1. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ ამავე პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იზრდება დასარეფინანსირებელი სესხის დარჩენილი ძირითადი თანხა და ვადა.

 2. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი.

 3. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იზრდება თავდაპირველად დამტკიცებულ სესხზე სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი ჯამური თანხა, რომელიც გათვალისწინებული იყო პირველადი სესხის პირობებით.

მუხლი 23. წინსწრებით დაფარვა

სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშვება წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან ჯარიმა.

მუხლი 24. ჯარიმა ვადის გადაცილების შემთხვევაში

სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია ბენეფიციარს დაარიცხოს ჯარიმა მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე. ასეთი ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 მუხლი 25. ბენეფიციარის ვალდებულება

ბენეფიციარი ვალდებულია:

 ა) აამოქმედოს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხით შექმნილი ახალი საწარმო პირველი ტრანშის მიღებიდან არა უგვიანეს 24 თვის ვადაში;

 ბ) უზრუნველყოს ახალი საწარმოს ამოქმედებიდან 24 თვის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ბიზნესგეგმით (პროექტით) განსაზღვრული მოცულობის წარმოება შემდეგი პირობებით:

 ბ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების განსაზღვრული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

 ბ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების განსაზღვრული წლიური მოცულობის არანაკლებ 50%-ის წარმოება.

მუხლი 26. მონიტორინგი

სააგენტო მონიტორინგს უწევს ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების შესრულებას და კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრივ ხარჯვას. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს კომერციულ ბანკებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებისა და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 27. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების შეწყვეტის პირობები

სააგენტოს მიერ საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) სესხის სრულად დაფარვა ან სესხის გაცემიდან 24 თვის გასვლის შემდეგ;

ბ) ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, სესხის მომსახურების ვადაგადაცილების შემთხვევაში, თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო კომერციული ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, შეწყდება. ამასთან, სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

 გ) ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ამავე პროგრამის პირობების შეუსაბამოდ რეფინანსირება ან რესტრუქტურიზაცია;

 დ) კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის პირობების დარღვევა. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

 ე) ბენეფიციარის მიერ ვალდებულებების მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში.


55. 16/10/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 344 - ვებგვერდი, 17/10/2024 54. 19/09/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 306 - ვებგვერდი, 20/09/2024 53. 12/07/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 228 - ვებგვერდი, 12/07/2024 52. 25/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 501 - ვებგვერდი, 26/12/2023 51. 30/08/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 343 - ვებგვერდი, 01/09/2023 50. 25/01/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 25/01/2023 49. 20/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 379 - ვებგვერდი, 21/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 15/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 133 - ვებგვერდი, 16/03/2022 47. 28/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 613 - ვებგვერდი, 29/12/2021 46. 28/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 621 - ვებგვერდი, 28/12/2021 45. 02/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 391 - ვებგვერდი, 02/08/2021 44. 30/06/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 312 - ვებგვერდი, 01/07/2021 43. 31/05/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 242 - ვებგვერდი, 01/06/2021 42. 18/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 757 - ვებგვერდი, 21/12/2020 41. 12/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 680 - ვებგვერდი, 12/11/2020 40. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 544 - ვებგვერდი, 27/08/2020 39. 17/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 446 - ვებგვერდი, 20/07/2020 38. 04/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 354 - ვებგვერდი, 05/06/2020 37. 20/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 626 - ვებგვერდი, 23/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 14/08/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 387 - ვებგვერდი, 14/08/2019 35. 05/07/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 316 - ვებგვერდი, 05/07/2019 34. 05/04/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 183 - ვებგვერდი, 11/04/2019 33. 29/03/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 164 - ვებგვერდი, 29/03/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 25/03/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 145 - ვებგვერდი, 27/03/2019 31. 28/01/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 16 - ვებგვერდი, 30/01/2019 30. 26/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 651 - ვებგვერდი, 27/12/2018 29. 22/11/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 557 - ვებგვერდი, 22/11/2018 28. 13/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 415 - ვებგვერდი, 13/08/2018 27. 04/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 203 - ვებგვერდი, 07/05/2018 26. 25/01/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 35 - ვებგვერდი, 29/01/2018 25. 14/12/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 546 - ვებგვერდი, 20/12/2017 24. 08/11/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 493 - ვებგვერდი, 09/11/2017 23. 04/04/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 180 - ვებგვერდი, 05/04/2017 22. 24/01/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 26/01/2017 21. 29/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 624 - ვებგვერდი, 30/12/2016 20. 27/10/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 483 - ვებგვერდი, 31/10/2016 19. 30/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 291 - ვებგვერდი, 01/07/2016 18. 27/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 235 - ვებგვერდი, 31/05/2016 17. 11/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 207 - ვებგვერდი, 16/05/2016 16. 21/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 132 - ვებგვერდი, 23/03/2016 15. 26/02/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 99 - ვებგვერდი, 01/03/2016 14. 23/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 646 - ვებგვერდი, 29/12/2015 13. 04/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 612 - ვებგვერდი, 09/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 26/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 443 - ვებგვერდი, 31/08/2015 11. 27/05/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 226 - ვებგვერდი, 28/05/2015 10. 20/01/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 23/01/2015 9. 16/01/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 16/01/2015 8. 05/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 661 - ვებგვერდი, 08/12/2014 7. 10/11/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 622 - ვებგვერდი, 11/11/2014 6. 30/10/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 605 - ვებგვერდი, 31/10/2014 5. 07/10/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 587 - ვებგვერდი, 07/10/2014 4. 19/09/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 558 - ვებგვერდი, 22/09/2014 3. 06/08/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 471 - ვებგვერდი, 07/08/2014 2. 16/07/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 453 - ვებგვერდი, 18/07/2014 1. 17/06/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 403 - ვებგვერდი, 19/06/2014