დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4529 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/03/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 23/04/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.060.000.05.001.002.773 |
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:
„ე2) აკადემიური უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) აკრედიტაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი) სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით;“;
გ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის – ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ძირითადად ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;“;
დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) დიპლომირებული მედიკოსი (ვეტერინარი) – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიცინის (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის) სპეციალისტის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის;“;
ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) დიპლომირებული სპეციალისტი – პირი, რომელსაც პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების დადგენილი რაოდენობის დაგროვების შედეგად შესაბამისი დოკუმენტით მიენიჭა კვალიფიკაცია და რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება;“;
ვ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:
„ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;“;
ზ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) ინსტიტუტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/ პროგრამებს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;“;
თ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ და „ღ2“ ქვეპუნქტები:
„ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას ან/და აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;
ღ2) კვალიფიკაცია – კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე; პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციებს განსაზღვრავს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო;“;
ი) „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;“;
კ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;“;
ლ) „ჰ“, „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, თუ რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვის შემთხვევაში;
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე;
ჰ2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის წინაპირობაა, შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან პროფესიული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის გარდა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა;“;
მ) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – სასწავლო კურსების ერთობლიობა (მათი მიზნები, მოცულობა და სწავლების შედეგები, სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები), რომელიც სათანადო აკადემიური ხარისხის ან პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად არის გამიზნული;“;
ნ) „ჰ9“ და „ჰ10“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ9) საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამა – სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან/და სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე საშემსრულებლო სპეციალობაში შემსრულებლის (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტსმენისა და სხვ.) მომზადება და შესაბამისი სპეციალობით აკადემიური ხარისხის ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;“;
ო) „ჰ16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომლის ძირითადი საქმიანობაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/ხარისხებს ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციას;“;
პ) „ჰ18“ და „ჰ19“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს;
ჰ19) ფაკულტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;“;
ჟ) „ჰ22“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ23“ ქვეპუნქტი:
„ჰ23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – სასწავლო კურსის მიზნების, შინაარსის, სწავლების შედეგების, მეთოდური უზრუნველყოფის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების სისტემის აღწერა.“.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 6%-ის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორებს, აგრეთვე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრებს.“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ოდენობას, აგრეთვე სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების ოდენობასა და პირობებს;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორების კანდიდატურებს, აგრეთვე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურებს;“;
ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის დებულების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიმართოს განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულებებს;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ჯამური ქულებისა და აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტებს, საზღვარგარეთ მიღებული სრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პირობებს, სოციალური პროგრამის ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის ხელშეწყობის ღონისძიებებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებებს;“;
დ) „პ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ2“, „პ3“ და „პ4“ ქვეპუნქტები:
„პ2) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესს;
პ3) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესს;
პ4) ამტკიცებს აკადემიური უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს, რომელიც ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი ნაწილია;“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:
ა) უნივერსიტეტი;
ბ) ინსტიტუტი;
გ) კოლეჯი.“.
5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია, სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“.
6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით.“.
7. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.“.
8. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;“.
9. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;“.
10. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რექტორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“.
11. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.“.
12. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;“.
13. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“.
15. 46-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურების სახეები“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე.
2. აკადემიური უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია:
ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტისა;
ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტისა;
გ) დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.“.
16. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამა)
1. პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 და არა უმეტეს 180 კრედიტისა და მიზნად ისახავს პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის სპეციალისტის მომზადებას. პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად პირი იღებს სპეციალისტის დიპლომს, რომელშიც მიეთითება მისი კვალიფიკაცია.
2. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განსაზღვრული კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მინიჭების მიზნით და უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებულ პროფესიულ სტანდარტს.
3. ბაკალავრიატის პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული კრედიტები შეიძლება უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ჩათვალოს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის. დიპლომირებული სპეციალისტი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის საჭიროებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს სტუდენტის მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:
„მუხლი 471. დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამა და რეზიდენტურა
1. უმაღლესი სამედიცინო (მათ შორის, სავეტერინარო) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურია დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს 300–360 კრედიტს.
2. დიპლომირებულ მედიკოსს (ვეტერინარს) უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს მაგისტრატურაში ან/და რეზიდენტურაში ან იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
3. რეზიდენტურა არის სამედიცინო აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, რომლის გავლა შეიძლება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ.
4. რეზიდენტურის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში და იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
5. რეზიდენტურის პროგრამა ექვემდებარება პროგრამულ აკრედიტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული პირობებისა და წესის შესაბამისად.“.
18. 48-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვთ ბაკალავრს და დიპლომირებულ მედიკოსს (ვეტერინარს).“;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
19. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვთ მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, აგრეთვე რეზიდენტურის კურსდამთავრებულს.“.
20. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ ცნობას (აღიარებას) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენას ახდენს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.
21. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. გამოცდების ეროვნული ცენტრი
1. გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიმუშავებს და მართავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდების სისტემას.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები სავალდებულოა ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.“.
22. 52-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-3–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აბიტურიენტთა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის იმ მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, მაგრამ არანაკლებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სწავლების წლების ხანგრძლივობის პროგრამის ათვისების შედეგად;
ბ) უცხო ქვეყნის იმ მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ადგენს პირობებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მოსაპოვებლად საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და მოიპოვეს ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება.
5. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, უფლება ან/და ვალდებულება, ჩაერთოს ერთიან საგამოცდო სისტემაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე მიღების განსახორციელებლად, აცხადებს საკუთარი ფაკულტეტების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. გამოცდებგავლილი აბიტურიენტები ფაკულტეტებზე მიიღებიან ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს, განახორციელოს მიღება პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, აცხადებს შესაბამისი ადგილების რაოდენობას თითოეული ფაკულტეტის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში.
6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის.“;
გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 6%-ის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსების ოდენობა და პირობები.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს.“.
23. 53-ე მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტების განაწილების წესს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის მსურველი პირი გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელშიც ასახელებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას/ დაწესებულებებს, ფაკულტეტს/ფაკულტეტებს და საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელშიც, რომელზედაც და რომლითაც სურს სწავლის გაგრძელება.“;
ბ) მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების მქონე პირისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის წესს შეიმუშავებს გამოცდების ეროვნული ცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
6. ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
7. გამოცდების საფასურს იხდის აბიტურიენტი. გამოცდების საფასურს, ასევე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.
24. 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამის სტუდენტების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის იქმნება აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების ორი დოკუმენტი, თითოეული პროგრამის სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე.“.
25. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 63. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი
1. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.
2. სახელმწიფო აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს.
3. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მუშაობას წარმართავს ამ კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში მისი დებულების შესაბამისად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო, რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულებით.
4. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას, აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას, ხოლო აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია, გააუქმოს მინიჭებული აკრედიტაცია.
5. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით, ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მსვლელობისას.“.
26. 64-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს და წევრებს, რომელთა კანდიდატურებსაც უთანხმებს აკრედიტაციის მაძიებელს. შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე და წევრი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თუ ტარდება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუციური აკრედიტაცია;
ბ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია.“.
27. 65-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტაციის ჩატარების პირველი საფეხურია აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ მაძიებლისათვის წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
28. 66-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ბ) მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში შემდგომი აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლისა. ვადა განისაზღვრება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილებით.
6. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, აგრეთვე განსაზღვრავს ამ კანონის 661 მუხლით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა ადგილების რაოდენობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სტუდენტთა ადგილების რაოდენობა დაწესებულების აკადემიურ და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე განისაზღვრება ცალ-ცალკე.
7. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება ამ გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე სასწავლო წელს და მის შემდგომ სასწავლო წელს.“.
29. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო აკრედიტაციის ჩატარების წესს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.
30. 68-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) შესაბამისობას ამ დაწესებულების მატერიალური, საფინანსო, პროგრამული და ადამიანური რესურსების სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმატივებთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში – აგრეთვე შესაბამისობას პროფესიულ სტანდარტთან.“.
31. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 69. ინსტიტუციური აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარსადგენი ინფორმაცია
ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებელი განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს წარუდგენს აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრულ დოკუმენტებს.“.
32. 71-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) პროფესიული სტანდარტი პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში.“.
33. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
34. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ვალდებულია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი სახელმწიფო აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.“.
35. 75-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია:
ა) იურიდიული;
ბ) სამედიცინო (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის);
გ) პედაგოგიური.
3. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა აკრედიტაციის წესს, რომლებშიც ხორციელდება ეს პროგრამები, ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. რეგულირებად პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
36. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხოლოდ საქართველოს კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებს აკადემიურ უმაღლეს განათლებასა და სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.“.
37. 77-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაციების მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. თუ შესაბამის დარგში არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაცია, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს დაინტერესებული ორგანიზაციის/ორგანიზაციების და მხარეების მონაწილეობით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი იღებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.“.
38. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
39. 81-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურისა და დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას ბაკალავრიატში სახელმწიფო აფინანსებს 4 წლის განმავლობაში, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში, ხოლო 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ დაფარავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლების ღირებულებას.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს და სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ დაფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას.
22. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა/ოდენობები სტუდენტისათვის, რომელმაც მიიღო პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომი და შემდგომ ჩაირიცხა ბაკალავრიატში სწავლის გასაგრძელებლად, არ მოიცავს იმ კრედიტების დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩათვლილ იქნა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ღირებულების გამოთვლა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის/ოდენობების ფარგლებში ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას აღნიშნული დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიეცემა სტიპენდიის სახით ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტიდან.“.
40. 87-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ კანონის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის ან/და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს.“.
41. 88-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს მთავრობა 2005-2006, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებისათვის ადგენს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებისათვის უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა ფაკულტეტების მიხედვით.“.
42. 89-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის უფლებამონაცვლე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის უფლებამონაცვლე.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი.“;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეიძლება გავრცელდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ ვადამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაცია.“;
ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები:
„81. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩარიცხულ პირებზე არანაკლებ 5-წლიანი სამედიცინო (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
82. 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო არანაკლებ 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან.“;
ვ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 – მე-17 პუნქტები:
„14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც 2006 წელს მიენიჭათ ინსტიტუციური აკრედიტაცია, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭიროებენ განმეორებით აკრედიტაციას პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში.
15. 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისობა ამ კანონის მე-2 მუხლის „ღ“, „ღ1“ და „ჰ18“ ქვეპუნქტებთან და მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან.
16. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ შესაბამისი პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირის აკრედიტაცია ხორციელდება პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის გარეშე.
17. 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლისათვის ხორციელდება ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 28 მარტი.
№4529–Iს
დოკუმენტის კომენტარები