მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017981
361
27/05/2014
ვებგვერდი, 28/05/2014
300160070.10.003.017981
მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №361

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ,,ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ


მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე და განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამშენებლო მოედანზე: ორგანიზების, სამშენებლო მანქანა-მექანიზმების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის ექსპლუატაციის, ელექტრო და აირსაშემდუღებლო, დატვირთვა-დაცლის, საიზოლაციო, მიწის, ბეტონისა და რკინა-ბეტონის, სამონტაჟო, სადემონტაჟო და სხვა სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დროს.

2. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სამუშაოთა წარმოების დროს.

3. სამშენებლო ობიექტზე რამდენიმე ორგანიზაციის ერთდროულად მუშაობისას მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განხილული უნდა იქნეს ერთობლივად და შეთანხმდეს ძირითად კონტრაქტორ ფირმასთან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში -დამკვეთთან.

4. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისათვის.

5.  მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას უნდა ეხუროთ ჩაფხუტები, ხოლო სპეციალური სამუშაოები უნდა შესრულდეს სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით.

6. მშენებლობის  ყველა ობიექტზე უნდა იყოს პირველი სამედიცინო დახმარების გასაწევი საშუალებები.

7. სამშენებლო სამუშაოთა წარმოების უბანი და ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა.

8. სათავსები, სადაც  წარმოებს მტვერისებრ მასალებთან მუშაობა, ასევე, სამსხვრევ, საფქვავ და გასაცრელ მანქანებთან  მუშაობის ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სავენტილაციო სისტემებით ან განიავებით, ხოლო მუშები მუშაობისას უნდა იყენებდნენ რესპირატორებს.

9.  მტვრისებრი მასალები უნდა ინახებოდეს დახურულ საცავებში ან სათავსებში. დატვირთვა-დაცლის სამუშაოთა წარმოების დროს უნდა იქნეს მიღებული ზომები მათი გაფანტვისა და გამტვერვის თავიდან ასაცილებლად.

10.  მავნე ან აფეთქებასაშიში გამხსნელი მასალები აუცილებლად უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ ტარაში.

 

მუხლი 2. სამშენებლო მოედნის ორგანიზება

1. სამშენებლო მოედანზე სამუშაოები უნდა იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება.

2. სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. სიბნელის დროს შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან/და გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება სიბნელეში. იმავე წესით უნდა შემოიღობოს სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ტერიტორია.

 3. ჭები, შურფები, ნათხარ გრუნტებში ხალხის შესაძლო მოხვედრის ადგილები დახურული უნდა იყოს ხუფებით, ფარებით ან უნდა იყოს შემოღობილი. ლიფტების შახტები, კიბეების უჯრედები და სხვა  ღიობები,  სადაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადამიანთა მოხვედრას, დახურული უნდა იყოს მთლიანი ფენილით ან უნდა იყოს შემოღობილი. სიბნელის დროს გარე (პერიმეტრული) შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება სიბნელეში.

4. ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში, სამშენებლო მოედანი, სამუშაო უბანი, გასასვლელები და მისასვლელები სათანადოდ უნდა იყოს განათებული.

5. სამშენებლო მოედანზე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს განსაკუთრებით საშიში ზონა, რომელიც უნდა შემოიფარგლოს დამცავი ღობით, უსაფრთხოების ნიშნებით და სათანადო წარწერებით.

6. მავნე აირების წარმოქმნისას, სამუშაოთა წარმოება დასაშვებია  მხოლოდ სამუშაო ადგილის განიავების ან მომუშავეთა მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით.

7. ჭებში, შურფებში ან დახურულ სათავსებში, სადაც არსებობს გაზების დაგროვების საშიშროება, სამუშაოები უნდა შესრულდეს აირწინაღების გამოყენებით.

8. ერთ ვერტიკალზე სამუშაოთა შეთავსების შემთხვევაში, ქვემოთ განლაგებული სამუშაო ადგილები დაცული უნდა იყოს სათანადო დამცავი საშუალებებით (ფენილი, ბადე, საფარი).

9. მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოთა შესრულებისას მოწყობილ უნდა იქნეს სამაშველო სადგური ან საგუშაგო. სამუშაოთა წარმოების ყველა უბანი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წყალზე მაშველი საშუალებებით.

10. მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობების სამშენებლო მოედანზე განთავსებისას მიღებულ უნდა იქნეს ზომები მათი ჩამოცურების, ჯდენის, ჩამოცვენის და გაშლის საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

11. სამუშაო ადგილებზე, სადაც გამოიყენება ან მზადდება წებოები, მასტიკები, საღებავები და სხვა მასალები, რომლებიც გამოყოფენ ფეთქებადსაშიშ ან მავნე ნივთიერებებს, არ დაიშვება ცეცხლის გამოყენება ან ნაპერწკლის  წარმომშობი მოქმედებები. ასეთი სამუშაო ადგილები უნდა ნიავდებოდეს.

 

მუხლი 3. ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის ექსპლუატაცია

1. მშენებლობის დროს გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.

2. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.

3. ხარაჩოები უნდა დაიდგას სამუშაოთა წარმოების პროექტის შესაბამისად და დატვირთვების ამტანუნარიანობის გათვალიწინებით, მათი მდგრადობის უზრუნველყოფით. ქარხნული წესით დამზადებული ხარაჩოების დაყენება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის ინსტრუქციის გათვალისწინებით.  

4. შენობაზე მიდგმული ხარაჩოების დაშლის დროს პირველი სართული, ყველა კარის ღიობი და ზედა სართულიდან აივანზე ყველა გამოსასვლელი (დასაშლელი უბნის ფარგლებში) უნდა კონტროლდებოდეს.

5. სამუშაო ბაქნის არმქონე მისადგმელი კიბეები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მშენებარე ნაგებობის იარუსიდან იარუსზე გადასასვლელად და ისეთი მარტივი სახის სამუშაოების შესასრულებლად, რომლებიც არ მოითხოვს შემსრულებლისათვის კიბის კონსტრუქციაზე დამატებითი საყრდენის არსებობას.

6. სამშენებლო-სამონტაჟო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მასალების დამაგრებისათვის უშუალოდ ბეტონზე, აგურის წყობასა და ფოლადის კონსტრუქციაზე (მაგალითად: სამშენებლო–სამონტაჟო დამბაჩები), უნდა აღიჭურვოს დამცავი მოწყობილობით, ხოლო ოპერატორი – სმენისა და მხედველობის დამცავი საშუალებებით, ჩაფხუტით და დაზღვეულ უნდა იქნეს დამბაჩის უკუცემით გამოწვეული წონასწორობის დარღვევის შედეგად სამუშაო ადგილიდან გადმოვარდნისაგან.

7. დისკოიანი  სამშენებლო ინსტრუმენტები უნდა იყოს აღჭურვილი დამცავი გარსაცმით.

 

მუხლი 4. სამშენებლო მანქანამექანიზმების ექსპლუატაცია

1. მანქანა–მექანიზმების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

2. მანქანა–მექანიზმების მუშაობის ზონაში უნდა განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშნები.

3. სამშენებლო მოედანზე მანქანა–მექანიზმების განლაგების ადგილი განისაზღვრება პროექტით. ელექტროამძრავიანი მექანიზმების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს დადგენილი წესების შესაბამისად.

 4. ელექტროამძრავიანი მანქანა–მექანიზმების ტექნიკური მომსახურების დროს მიღებულ უნდა იქნეს ზომები ძაბვის უკონტროლო ჩართვის თავიდან ასაცილებლად.

 5. მანქანის  რთულ პირობებში გადაადგილებისას (დამრეცი გზები, დიდი ქანობები, ნისლი, მოყინული გზები, დიდთოვლობა, რკინიგზის გადასასვლელები და სხვა) წინასწარ უნდა განისაზღვროს შესაძლო შედეგები და მიღებულ იქნეს სათანადო პრევენციული ზომები.

 

მუხლი 5. დატვირთვადაცლის სამუშაოები

1. ტვირთის ჩაბმა ასაწევად არ უნდა მოხდეს თვითნაკეთი ჩასაბმელით და უნდა განხორციელდეს ამწე მექანიზმის ქარხნული ჩასაბმელით ან ტვირთის ჩასაბმელი სპეციალური მოწყობილობით. ჩაბმის ხერხი უნდა გამორიცხავდეს ტვირთის ვარდნის ან სრიალის შესაძლებლობას.

2. სატრანსპორტო საშუალებებზე ტვირთის დადგმა (დაწყობა) უნდა უზრუნველყოფდეს მათ მდგრად მდგომარეობას ტრანსპორტის მოძრაობის დროს და კონტროლირებად გადაადგილებას  დაცლის დროს.

3. პანელების, ბლოკებისა და რკინა–ბეტონის სხვა კონსტრუქციების სამონტაჟო მარყუჟი დატვირთვა–დაცლის სამუშაოთა დაწყებამდე უნდა შემოწმდეს და გასწორდეს ისე, რომ არ დაზიანდეს კონსტრუქცია.

4. ავტომანქანის ამწევი მექანიზმებით დატვირთვისას როგორც მძღოლს, ისე სხვა პირებს ეკრძალებათ მანქანის კაბინაში ყოფნა, თუ ამ უკანასკნელს არა აქვს დამცავი საფარი.

 

მუხლი 6. მიწის სამუშაოები

1. მიწის სამუშაოების დაწყებამდე უნდა დადგინდეს მოქმედი მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ელექტროკაბელები, გაზსადენები) განლაგების ადგილები.

2. მიწისქვეშა კომუნიკაციების ზონაში მიწის სამუშაოები უნდა წარმოებდეს პასუხისმგებელი პირის დასწრებით, ხოლო მოქმედი კაბელის ან გაზსადენის განლაგების ზონაში  მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში – ქსელების ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლის მეთვალყურეობით. 

3. აფეთქებით გრუნტის დამუშავებისას დაცული უნდა იყოს საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

 

მუხლი 7. ბურღვის სამუშაოები

1. საბურღი კოშკისა და ურნალის კონსტრუქციების აწევამდე ყველა მათი ელემენტი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული.

2. საბურღი კოშკისა და ურნალის ტექნიკური მდგომარეობა (კვანძების დამაგრების საიმედოობა, კავშირების და მუშა ფენილების გამართულობა) უნდა შემოწმდეს ყოველი ცვლის დაწყების წინ.

3. საბურღი კოშკისა და ურნალის ამოქმედებამდე უნდა მოხდეს ობიექტზე მყოფთა გაფრთხილება. 

4. საბურღი ინსტრუმენტის გამოყენება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით.

5. ურნალის გადაადგილება ძირს დაშვებული უროთი უნდა განხორციელდეს მოსწორებულ მოედანზე. ურნალის გადაადგილების ლიანდაგის გზის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს ყველა ცვლის დაწყების წინ.

 

მუხლი 8. საძირკვლების მოწყობა

1. მიწისქვეშა კომუნიკაციების სიახლოვეს, აგრეთვე, ფეთქებადი მასალების აღმოჩენის ან ნიადაგის პათოგენური მოწამვლის ადგილებში, ბურღვისა და შენობა–ნაგებობების საძირკვლების (ფუძეების) სამუშაოთა შესრულება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2. გრუნტში ჩასობილი ხიმინჯის გადაჭრისას უნდა იქნეს მიღებული მოჭრილი ნაწილის უკონტროლო ვარდნის საწინააღმდეგო ზომები.

3. მცურავი ურნალით ხიმინჯის ჩასობის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი დამაგრება ნაპირთან ან ფსკერზე ღუზით, აგრეთვე, კავშირი ნაპირთან მორიგე საცურაო საშუალებებით ან ფეხით სასიარულო ხიდით. დაუშვებელია ხიმინჯის ჩასობის სამუშაოთა შესრულება მდინარეებზე და წყალსატევებში 2 ბალზე მეტი ღელვის დროს. ვიბროჩამშვებით ხიმინჯის ჩასობის დროს უნდა იქნეს უზრუნველყოფილი როგორც ვიბროჩამშვებისა და ხიმინჯის თავსაცმის მჭიდრო და საიმედო შეერთება, ისე ვიბროჩამშვების ბაგირების თავისუფალ მდგომარეობაში ყოფნა.

 

მუხლი 9. ბეტონისა და რკინაბეტონის სამუშაოები

1. სამშენებლო მოედანზე ბეტონის მოსამზადებლად გამოყენებული ბეტონსამრევებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება უნდა განხორციელდეს მათი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მწარმოებლის მიერ დადგენილი წესებით.

2. სამშენებლო მოედნებზე ლენტური კონვეიერის გამოყენებისას, თუ ლენტი მთლიანად არაა დახურული, ლენტიდან მასალების გადმოვარდნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაიდგას ფარები.

3. ყალიბების რამდენიმე იარუსად დაყენებისას, ყოველი მომდევნო იარუსი დაყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ წინა იარუსის დამაგრების შემდეგ.

4. ყალიბებზე მასალების დაწყობა და ყალიბის საფენებზე მომუშავეთა ყოფნა, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ სამუშაოთა წარმოებაში, დაუშვებელია.

5. ბეტონის ნარევის ელექტროვიბრატორით შემკვრივების დროს უნდა გამოირიცხოს დენგამტარის იზოლაციის დაზიანება.

 

მუხლი 10. სამონტაჟო სამუშაოები

1.  სამონტაჟო სამუშაოთა შესრულების დაწყებამდე საჭიროა მონტაჟის წარმოების ხელმძღვანელსა და მემანქანეს შორის პირობითი სიგნალის შეთანხმება.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სრულდება რთული სამონტაჟო სამუშაოები (კონსტრუქციის ან დანადგარების აწევა ორი ამწეთი, ჰაერში შემობრუნებით და სხვა), სიგნალს იძლევა მხოლოდ სამონტაჟო ჯგუფის უფროსი უსაფრთხოების ტექნიკის დაცვისათვის პასუხისმგებელი საინჟინრო–ტექნიკური პერსონალის თანდასწრებით.

3. სამშენებლო კონსტრუქციის აწევა დასაშვებია მხოლოდ გვარლზე მიმაგრებული მარყუჟის ან ტრავერსის ჩაბმით. ამწის მემანქანესა და მემონტაჟეს შორის უნდა არსებობდეს კომუნიკაციის საშუალება.

4. მუშების ყოფნა კონსტრუქციისა და დანადგარის ელემენტებზე მათი გადაადგილების დროს სასტიკად აკრძალულია.

5. შენობა–ნაგებობათა   ყველა  მომდევნო  იარუსის   (უბნის) კონსტრუქციების მონტაჟი უნდა განხორციელდეს წინა იარუსის (უბნის) პროექტით გათვალისწინებული მდგრადობის უზრუნველმყოფელი ყველა ელემენტის დამაგრების შემდეგ.

6. საპროექტო მდგომარეობაში დაყენებული კონსტრუქციებისა და დანადგარების ელემენტების ჩახსნა უნდა განხორციელდეს მათი დროებით ან მუდმივად საიმედო დამაგრების შემდეგ.

7. მემონტაჟეების ერთი კონსტრუქციიდან მეორეზე გადასასვლელად გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალურად ამ მიზნებისათვის დამზადებული კიბეები, შემოღობვის (ზღუდარის) მქონე გადასასვლელი ბოგირები (ხიდები) და ტრაპები.

8. დაუშვებელია სამონტაჟო სამუშაოთა შესრულება სიმაღლეზე ღია ადგილებში ქარის 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის, ჭექა–ქუხილისა და ნისლის დროს, როდესაც სამუშაო ფრონტის ფარგლებში მხედველობა შეზღუდულია. პანელებისა და მათი მსგავსი კონსტრუქციების გადაადგილება და მონტაჟი 10 მ/წმ და მეტი სიჩქარის ქარის დროს უნდა შეწყდეს.

9. სამუშაოთა შეწყვეტისას კონსტრუქციის ელემენტებისა და დანადგარების დატოვება დაკიდებულ მდგომარეობაში დაუშვებელია.

10. თუ მომუშავეთა ყოფნა კონსტრუქციებისა და დანადგარების ქვეშ მათი დაყენების დროს აუცილებელია, მაშინ უნდა განხორციელდეს სპეციალური ღონისძიებები მომუშავეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

11. მოქმედი საწარმოს პირობებში, სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას, ექსპლუატაციაში მყოფი ელექტროქსელი და სამუშაო ზონაში განლაგებული სხვა მოქმედი საინჟინრო სისტემები, როგორც წესი, გამორთული უნდა იყოს.

12. 5 მ–ზე მეტ  სიმაღლეზე  ასასვლელი,  აგრეთვე  ამწის  კაბინაში ასასვლელი 5 მ–ზე მეტი სიმაღლის ლითონის კიბეები შემოფარგლული უნდა იყოს ვერტიკალური კავშირების მქონე ლითონის რკალით და საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული კონსტრუქციასთან ან ამწის ტანთან.

13. შენობებისა და ნაგებობების კონსტრუქციების მონტაჟისას, მემონტაჟეები უნდა იმყოფებოდნენ ამ სამუშაოს შესასრულებლად წინასწარ დაყენებულ და საიმედოდ დამაგრებულ კონსტრუქციებზე ან ხარაჩოებზე.

14. დამონტაჟებულ კიბის მარშზე მაშინვე უნდა მოეწყოს შემოღობვა.

15. რულონური ნამზადიდან ლითონკონსტრუქციების  მონტაჟისას, მიღებულ უნდა იქნეს რულონის თვითნებური უკუდახვევის საწინააღმდეგო ზომები.

16. აფეთქებასაშიშ გარემოში დანადგარების  დამონტაჟებისას გამოყენებული უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც გამორიცხავს ნაპერწკლის წარმოქმნას.

17. დანადგარების მონტაჟისას გამორიცხული უნდა იყოს მისი შემთხვევითი ან თვითნებური ჩართვა.

18.  კონსტრუქციების ან დანადგარების რამდენიმე ამწით ან გამწევი მექანიზმით გადაადგილებისას გამორიცხული უნდა იყოს რომელიმე მათგანის გადამეტტვირთვა.

19. დომკრატის გამოყენებით მონტაჟისას მიღებული უნდა იყოს დომკრატის გადახრის და გადაყირავების გამომრიცხავი ზომები.

20. კონსტრუქციის (მოწყობილობის) დაშვებისას დახრილ სიბრტყეზე საჭიროა გამოყენებული იყოს სამუხრუჭე საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაშვების სიჩქარის რეგულირებას.

21. მილსადენებისა და ჰაერსადენი მილების მონტაჟი ელექტროგადამცემი ხაზის სიახლოვეს უნდა წარმოებდეს გამორთული ძაბვის დროს. თუ ძაბვის გამორთვის საშუალება არ არსებობს, სამუშაო უნდა შესრულდეს შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.

22. დამონტაჟებული დანადგარების მიერთება მოქმედ სისტემებთან (ელექტრული, ორთქლის, ტექნოლოგიური და სხვა) უნდა განხორციელდეს სისტემების მფლობელი კომპანიის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.

23. სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას ექსპლუატაციაში მყოფი ელექტროქსელი უნდა გამოირთოს.

 

მუხლი 11. გადახურვის სამუშაოები

1. გადახურვის სამუშაოებზე მუშების დაშვება შეიძლება მას შემდეგ, რაც შემოწმდება სახურავის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა.

2. მასალების დაწყობა სახურავზე დასაშვებია სამუშაოთა წარმოების პროექტით გათვალისწინებულ ადგილებში. ამასთანავე, მიღებულ უნდა იქნეს მათი გადმოვარდნის (მათ შორის, ქარის ზემოქმედებით) საწინააღმდეგო  ზომები.

3. სამუშაოს შეწყვეტის ან/და შეჩერების დროს ტექნოლოგიური მოწყობილობა, ინსტრუმენტი და მასალები უნდა დამაგრდეს ან აღებულ იქნეს სახურავიდან.

4. სახურავის მოწყობის სამუშაოთა შესრულება დაუშვებელია მხედველობის შემზღუდავი ნისლისა და ქარის 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის დროს.

5. ცეცხლსაშიში მასალებით სახურავის მოწყობისას, საჭიროა დაცული იქნეს უსაფრთხოების სათანადო მოთხოვნები.

6. საიზოლაციო რულონური მასალის გამოყენებისას, თუ სამუშაო წარმოებს ღია ცეცხლის გამოყენებით, მუშებს უნდა ეცვათ სპეცტანსაცმელი და სხეულის ღია ნაწილების დამცავი საშუალებები.

 

მუხლი 12. საიზოლაციო სამუშაოები

1. საიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას (ჰიდროიზოლაცია, თბოიზოლაცია, ანტიკოროზიული დაცვა), ცეცხლსაშიში და მავნე ნივთიერებების გამომყოფი მასალებით მომუშავეები დაცული უნდა იყვნენ მავნე ნივთიერებების თერმული და ქიმიური ზემოქმედებისაგან.

2. ბიტუმის მასტიკის მოხარშვა და გაცხელება უნდა წარმოებდეს ტექნოლოგიური პროცესისა და ექსლუატაციის წესების დაცვით.

3. მინაბამბა და წიდაბამბა სამუშაო ადგილზე უნდა მიეწოდოს მათი გაბნევის გამომრიცხავი პირობების დაცვით.

4. ასაკრავი საიზოლაციო რულონური მასალების გამოყენებისას, თუ აკვრა წარმოებს ღია ცეცხლის გამოყენებით, სამუშაოს შემსრულებელი მუშები სხეულის დაზიანების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეცტანსაცმლით და სხეულის ღია ნაწილების დამცავი საშუალებებით (ხელთათმანები, სათვალეები და სხვა).

 

მუხლი 13. მოპირკეთების სამუშაოები

1. ლესვის ან სამღებრო სამუშაოების შესრულებისას, მოხარაჩოების საშუალებები ისე უნდა მოეწყოს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადამიანთა დაზიანება.

2. დუღაბტუმბოების გამოყენებით შესალესი სამუშაოების წარმოებისას, უნდა არსებობდეს ორმხრივი კავშირი ოპერატორსა და დანადგარის მემანქანეს შორის.

3. სამშენებლო მოედანზე სამღებრო ნაზავის დამზადება უნდა წარმოებდეს ისეთი ვენტილაციის მქონე სათავსში, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრული დასაშვები კონცენტრაციის გადაუჭარბებლობას.

4. ნიტროსაღებავების და სხვა ფეთქებადი ორთქლის წარმომქმნელი ლაქსაღებავების გამოყენების ადგილებში აკრძალულია ცეცხლის გამოყენება და ნაპერწკალწარმომქმნელი მოქმედებების შესრულება.

5. აფეთქებასაშიში მასალების (ლაქები, ნიტროსაღებავები და სხვა) ტარა სამუშაოს შეწყვეტის ან შეჩერების პერიოდში უნდა დაიკეტოს საცობით ან სახურავით.

6. საზოგადოებრივი ადგილები, რომელთა ზევითაც სრულდება შემინვის სამუშაოები, უნდა იყოს შემოღობილი საფარი ფენილის მქონე ღობეებით.

7. მინის გადატანა მისი დაყენების ადგილზე უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების დაცვის სათანადო ღონისძიებათა განხორციელებით.

 

მუხლი 14. ელექტროსამონტაჟო სამუშაოები

1. ნებისმიერ ელექტროსამონტაჟო სამუშაოთა შესრულების დროს, უნდა განხორციელდეს გაუთვალისწინებელი ჩართვის (წრედის დამცველები უნდა მოიხსნას) ან გამორთვის თავიდან აცილების ღონისძიებები.

2. ელექტრული  წრედისა და აპარატურის გამოსაცდელად დენის  მიწოდებისას საჭიროა დაცული იქნეს შესაბამისი წესები.

3. კაბელური  ხაზების გაყვანისას საჭიროა დაცული იქნეს კაბელების გაყვანის პროექტით გათვალისწინებული წესები. ექსპლუატაციაში მყოფი კაბელის გაყვანა დასაშვებია მხოლოდ მისი გამორთვისა და დამიწების შემდეგ.

4. ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზების მონტაჟისას, სავალდებულოა ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟებული უბნების დამიწება.

 

მუხლი 15. ელექტროსაშემდუღებლო და აირსაშემდუღებლო სამუშაოები

1. სამშენებლო მოედნებზე ელექტროტექნიკური მოწყობილობების გამოყენებამდე საჭიროა იზოლაციის შემოწმება, ხოლო გამოყენებისას – ექსპლუატაციის წესების დაცვა. მუშებს  უნდა ჰქონდეთ სხეულის ღია ნაწილების დამცავი საშუალებები.

2. ელექტროშესადუღებელ აპარატებსა და მათ მკვებავ წყაროებში გათვალისწინებული და დაყენებული უნდა იყოს ძაბვის ქვეშ მყოფი ელემენტების საიმედო შემოღობვა.

3. წვიმისა და თოვლის დროს, ელექტროშედუღების სამუშაოთა შესრულება გადახურვის გარეშე დაუშვებელია.

4. კონსტრუქციის ელემენტების ჭრისას, მიღებულ უნდა იქნეს მათი ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ზომები.

5. დახურულ სათავსში, ელექტროსაშემდუღებლო და აირსაშემდუღებლო სამუშაოების შესრულების  დროს, სამუშაო ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვენტილაციით ან განიავებით.

6. ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო წვადი სითხეები ან მჟავები, შედუღებამდე (ჭრამდე) უნდა გაიწმინდოს, გამოირეცხოს, გაშრეს და შემოწმდეს, რომ არ შეიცავდეს მავნე ნივთიერებების საშიშ კონსისტენციას.

7. ჩაკეტილი დახურული ტევადობის  შიგნით ელექტროსაშემდუღებლო და აირსაშემდუღებლო სამუშაოს ერთდროულად შესრულება დაუშვებელია.

8. გაზის ბალონების გადაზიდვა, შენახვა, მიღება და გადაცემა უნდა განხორციელდეს საექსპლუატაციო წესების დაცვით.

9. გაზის ბალონები დაცული უნდა იყოს დარტყმითი და მზის სხივების პირდაპირი მოქმედებისაგან, გამთბობი ხელსაწყოდან დაშორებული უნდა იყოს  1 მ–ზე მეტი მანძილით.

10. გაზის ბალონები უნდა ინახებოდეს სპეციალურ მშრალ და განიავებად სათავსებში. ცარიელი და გაზით სავსე ბალონები უნდა ინახებოდეს ცალ–ცალკე. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, გაზიანი ბალონები უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სადაც უცხო პირთა შესვლა გამორიცხულია. გადასატანი გენერატორი უნდა გათავისუფლდეს კალციუმის კარბიდისაგან და გადატანილ უნდა იქნეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

11. ჟანგბადის ბალონების ექსპლუატაციის, შენახვისა და გადაადგილების დროს, უნდა განხორციელდეს ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ბალონის შეხება საცხებ მასალებთან ან ზეთის ლაქის მქონე ტანსაცმელსა და ჩვრებთან.

12. დაუშვებელია აცეტილენის გენერატორების მოთავსება ხალხის მასობრივად ყოფნის ან გასასვლელ ადგილებში, აგრეთვე, კომპრესორებით ან ვენტილატორებით ჰაერის აღების ადგილებში.

13. დაუშვებელია წნევის ქვეშ მყოფი დანადგარების საწვავითა და მავნე ნივთიერებებით შევსებული მილსადენების შედუღება, ჭრა და გაცხელება.

 

მუხლი 16. მიწისქვეშა სამუშაოები

1. მიწისქვეშა სამუშაოთა წარმოების დროს, ყველა უბანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავარიის ლიკვიდაციისათვის საჭირო ინსტრუმენტების, მასალების, ხანძრის ჩასაქრობი საშუალებების მარაგით.

2. ჭაურის გაყვანისას სანგრევში მყოფი მუშები ზემოდან საგნის ვარდნისაგან დაცული უნდა იყვნენ სპეციალური დამცავი ფარით.

3. მიწისქვეშა სამუშაოთა წარმოებისას გამოყენებული ყველა ელექტრომოწყობილობა, აფეთქებასაშიში პირობების არსებობისას, დამზადებული უნდა იყოს არაფეთქებადი მასალისაგან.

4. შახტებისა და გვირაბების მუშა და ავარიული ელექტროგანათება უნდა განხორციელდეს სხვადასხვა დენის წყაროებიდან.

5. შახტისა და გვირაბების გაყვანისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივი ვენტილაცია შედუღებისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას გამოყოფილი მავნე ნივთიერებებისგან დასაცავად.

6. დაწნეხის მეთოდით მილის ჰორიზონტალური გაყვანის დროს მილის შიგნით გრუნტის ხელით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამორიცხულია სანგრევში გაზის ან წყლის მოდინება. მილში მყოფ მუშებთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორმხრივი კავშირი.

 

მუხლი  17.  შენობანაგებობების დემონტაჟი

1. შენობა–ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე გამორთული უნდა იყოს ქსელიდან წყლით, სითბოთი, გაზით და ელექტროენერგიით მომარაგება, კანალიზაცია და ტექნოლოგიური მილსადენები.

2. დაუშვებელია შენობა–ნაგებობების კონსტრუქციების ან დანადგარების დემონტაჟი ერთდროულად ერთი ვერტიკალის რამდენიმე იარუსზე, რათა არ მოხდეს ქვედა იარუსზე მომუშავეთა დაზიანება.

3. დაუშვებელია ისეთი კონსტრუქციების ან მათი ნაწილების გადახურვაზე ჩამოყრა/მოხვედრა, რომელთა ზემოქმედებამ შესაძლოა გადააჭარბოს გადახურვის კონსრუქციის მზიდუნარიანობას.

4. შენობა–ნაგებობის დემონტაჟისათვის გამოყენებული მანქანები და მექანიზმები უნდა განლაგდეს კონსტრუქციის ჩამონგრევის ზონის გარეთ, პროექტის შესაბამისად.

5. სფერული უროთი ან სოლუროთი შენობა–ნაგებობების დანგრევისას, მუშები და ინჟინერ–ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს დაშორებული დასანგრევ ობიექტს  შენობა–ნაგებობის სიმაღლეზე მეტი მანძილით.

 

მუხლი 18. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის 

ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარ­ღვევი­სათვის  პასუხისმგებლობა განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.