„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4519
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 31/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.05.001.002.763
  • Word
4519
27/03/2007
სსმ, 9, 31/03/2007
220.020.000.05.001.002.763
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადმინისტრატორი – ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან ერთ ანდა ერთზე მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია ბანკის სახელით აიღოს ვალდებულებები;

ბ) ბანკის ფილიალი – ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი;

გ) ბანკთან დაკავშირებული პირები – ბანკის ადმინისტრატორები, აქციონერები, მათთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები;

დ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია;

ე) განვითარებული ქვეყნები – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განვითარებული ქვეყნების ნუსხაში შეტანილი ქვეყნები;

ვ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა ბანკისა, სხვა კომერციული ინტერესებით;

ზ) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

თ) კრედიტი – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

ი) ოპციონი – ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს, ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება;

კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა;

ლ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის სახეობები;

მ) საბლანკო კრედიტი – კრედიტი, რომელიც გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე;

ნ) სავალო ინსტრუმენტი – ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუღალტრო ჩანაწერების ფორმა;

ო) ტრასტი – ნდობითი ფუნქცია;

პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი; საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს;

ჟ) ფაქტორინგი – სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს;

რ) ფიდუციარული ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი მიიღებს საკომისიოს;

ს) ფინანსური ინსტიტუტები – იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომლებიც მოქმედებენ კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან/და ფინანსური მომსახურების განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციის სახით;

ტ) ფორფეტირება – საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების, სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით; ამ ოპერაციის შესრულებისას გარანტია იმპორტიორი ქვეყნის ბანკი;

უ) ფიუჩერსული ოპერაციები – ნედლეულის, ოქროს, საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის სწრაფი გარიგებები ბირჟებზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულების პირობით. გარიგების შესრულებამდე გარანტიის სახით შეიტანება გარკვეული თანხა;

ფ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;

ქ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად;

ღ) სააქციო კაპიტალი – კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის;

ყ) განცხადებული საწესდებო კაპიტალი – საზოგადოების აქციონერთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალი;

შ) განაღდებული საწესდებო კაპიტალი – განცხადებული საწესდებო კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

ჩ) გადახდისუუნარო ბანკი – ბანკი, რომლის აქტივები ვეღარ ფარავს მისსავე ვალდებულებებს;

ც) კონტროლი – კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე და ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით გავლენის მოხდენა;

ძ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

წ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები;

ჭ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

ხ) მნიშვნელოვანი წილი – კომერციული ბანკის განცხადებული თუ განაღდებული საწესდებო კაპიტალის წილის 10 და 10-ზე მეტი პროცენტი, რომელსაც პირი ფლობს საწესდებო კაპიტალში პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

ჯ) არაპირდაპირი მონაწილეობა – კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირებას ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრული წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41, 42 და 43 პუნქტები:

„41. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირებას ახორციელებს მათი რეგისტრაციის, შემოწმებისა და მათ მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობასთან. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირის იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს უნდა ჰქონდეს ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება და საოპერაციო ფართობი, რომელიც უნდა აღემატებოდეს 4 კვადრატულ მეტრს.

42. პირი, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მოწყობილი აქვს ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, საქმიანობის დაწყებამდე 7 კალენდარული დღით ადრე საქართველოს ეროვნულ ბანკში აგზავნის შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას, რომელსაც ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

43. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დააჯარიმოს იგი ან შეუწყვიტოს მას საქმიანობა.“.

3. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. შუამდგომლობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავენ წერილობით (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)), ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დამფუძნებელი დოკუმენტების დედნები ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

ბ) ინფორმაცია კომერციული ბანკის დირექტორების კვალიფიკაციისა და საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ;

გ) ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალის და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და მათი წარმოშობის შესახებ;

დ) ბანკის ბიზნესგეგმა, რომელშიც სხვა ასპექტებთან ერთად უნდა აღინიშნოს მისი საქმიანობის სახეობა და ორგანიზაციული სტრუქტურა;

ე) ბანკის იმ თითოეული პარტნიორის (აქციონერის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი (იურიდიული პირის ადგილსამყოფელი) და საქმიანობა ან პროფესია, რომელიც ფლობს აქციების (წილის) 5 და 5-ზე მეტ პროცენტს (მისი ოდენობის მითითებით);

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საწესდებო კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში;

ზ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი;

თ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებთან კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაბამისობის შესახებ.

2. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. ლიცენზირების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა, სამოქმედო ბიზნესგეგმა, საბანკო საქმიანობა და მის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები შეესაბამებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებს.

3. კომერციულ ბანკებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიები მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა შევსებულია სრულად, ფულადი შენატანის სახით;

ბ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები შეესაბამებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმებს და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დადგენილ სხვა მოთხოვნებს. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესაფერისობის კრიტერიუმები განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო დირექტორებისა და სხვა ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები დგინდება აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით;

გ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით წარდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია სრულყოფილი და სანდოა და წარმოადგენს კომერციული ბანკის მომგებიანობისა და ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობის რეალურ წინაპირობებს.

4. პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს და შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში – საკრედიტო კავშირში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება;

გ) წარსულში იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა;

დ) კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიმართ არ შეასრულა ერთი ან ერთზე მეტი ფინანსური ვალდებულება;

ე) გამოცხადებულია გაკოტრებულად, ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა ან მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აკრძალვები.

5. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში უფლებამოსილია მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო სახელმწიფოს იმ საზედამხედველო ორგანოს კომპეტენტურ ხელისუფალთა შორის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი კონსულტაციების გამართვის შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისი ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას.

6. საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება;

ბ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული, საქართველოში ფილიალის (წარმომადგენლობის) გახსნაზე;

გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური სანდო ბანკის სტატუსი;

დ) ფილიალის (წარმომადგენლობის) ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;

ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

7. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია გაუუქმოს ლიცენზიების მოქმედება უცხოეთის ბანკის შვილობილ ბანკებსა და ფილიალებს, თუ ბანკის სათავო დაწესებულებას ჩამოერთმევა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს აქციების (წილის) 5 ან 5-ზე მეტ პროცენტს (მისი ოდენობის მითითებით), და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარებთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე და საჯაროდ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია თავის წლიურ ანგარიშში. საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება საფინანსო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

6. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც შეეხება კომერციული ბანკის პარტნიორებს (აქციონერებს), აგრეთვე ვრცელდება ბენეფიციარებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ კომერციული ბანკის აქციებს (წილს).“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

     „მუხლი 211. ანგარიშის გახსნა

1. კომერციული ბანკები ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებენ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. კომერციულმა ბანკებმა თავიანთი მომსახურების მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შემოწმებისას უნდა იცოდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებელთა ვინაობა, საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე.

3. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.“.

7. IV1 თავი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 კალენდარულ დღეში შეადგინოს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხა და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვროს რეიტინგის დონე.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმის შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი განხორციელება დაევალოს საქართველოს მთავრობას.

3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 კალენდარულ დღეში განსაზღვროს განვითარებული ქვეყნების ნუსხა.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 მარტი.

№4519–Iს