დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1836 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/09/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1836
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ განკარგულებით დამტკიცებული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) წარმოადგენს იმ ძირითადი პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც არეგულირებს შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელთა (შემდგომში – შიდა აუდიტორები) ქცევის წესს სახელმწიფო შიდა აუდიტის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
2. კოდექსის მიზანია შიდა აუდიტის საქმიანობაში მაღალი ეთიკური კულტურის დამკვიდრება და შიდა აუდიტორთა მიერ პროფესიული ვალდებულებების სრულყოფილად და ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა.
3. კოდექსი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“, საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის პრინციპებსა და ნორმებს.
მუხლი 2. კოდექსის დაცვა
1. კოდექსში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვა სავალდებულოა ყველა შიდა აუდიტორისათვის მათ მიერ შიდა აუდიტის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
2. კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის კონტროლს ახორციელებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 3. შიდა აუდიტორის პროფესიული ეთიკის პრინციპები
შიდა აუდიტორებმა უნდა დაიცვან შემდეგი პრინციპები:
ა) პატიოსნება, რაც წარმოშობს ნდობას და, ამდენად, წარმოადგენს შიდა აუდიტორთა განსჯისადმი ნდობის საფუძველს;
ბ) ობიექტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდიტორული შემოწმებისას ინფორმაციის შეგროვების, შეფასების და გავრცელების დროს შიდა აუდიტორები ამჟღავნებენ მაღალი დონის პროფესიონალურ ობიექტურობას. მოსაზრების ჩამოყალიბებისას შიდა აუდიტორები ახდენენ ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გაწონასწორებულ შეფასებას და არ ექცევიან საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესების გავლენის ქვეშ;
გ) კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდიტორები პატივს სცემენ მიღებულ ინფორმაციას და საკუთრების პრინციპს და არ ამჟღავნებენ მას შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როცა ინფორმაციის გამჟღავნება ნაკარნახევია სამართლებრივი ან პროფესიული მოვალეობებით;
დ) კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შიდა აუდიტორები იყენებენ იმ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას, რომლებიც აუცილებელია შიდა აუდიტორული საქმიანობისათვის.
მუხლი 4. შიდა აუდიტორის პროფესიული ეთიკის ქცევის წესები
1. პატიოსნება
შიდა აუდიტორებმა:
ა) თავიანთი საქმიანობა უნდა განახორციელონ პატიოსნად, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით;
ბ) უნდა იმოქმედონ კანონმდებლობის ფარგლებში და გაამჟღავნონ ინფორმაცია მხოლოდ კანონმდებლობისა და პროფესიული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) არ უნდა მიიღონ შეგნებულად მონაწილეობა ისეთ უკანონო საქმიანობაში ან ჩაერთონ ისეთ ქმედებებში, რომლებითაც მოხდება შიდა აუდიტორის პროფესიის ან მისი დაწესებულების დისკრედიტაცია;
დ) უნდა დაიცვან დაწესებულების სამართლებრივად და ეთიკურად გამართლებული მიზნები და წვლილი შეიტანონ მათ მიღწევაში.
2. ობიექტურობა
შიდა აუდიტორებმა:
ა) არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ისეთ ქმედებებში ან ურთიერთობებში, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათი შეფასების მიუკერძოებლობაზე ან აღქმული იყოს ასეთად. ამგვარ მონაწილეობად აღიქმება ისეთი ქმედებები და ურთიერთობები, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს დაწესებულების ინტერესებს;
ბ) არ უნდა მიიღონ საჩუქრად ისეთი რამ, რითაც შესაძლოა ზიანი მიადგეს მათ პროფესიულ მოსაზრებას ან აღქმული იყოს ასეთად;
გ) უნდა გაამჟღავნონ მათთვის ცნობილი ყველა არსებითი ფაქტი, რომელთა არგამჟღავნება გავლენას იქონიებს შიდა აუდიტორულ ანგარიშზე.
3. კონფიდენციალურობა
შიდა აუდიტორებმა:
ა) თავისი მოვალეობების შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის გამოყენებისას უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ის;
ბ) არ უნდა გამოიყენონ ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის ან იმგვარად, რაც წინააღმდეგობაში იქნება კანონმდებლობასთან ან ზარალს მიაყენებს დაწესებულების სამართლებრივი და ეთიკური მიზნების მიღწევას.
4. კომპეტენტურობა
შიდა აუდიტორებმა:
ა) მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ იმ საქმიანობაში, რომლის განხორციელებისთვის გააჩნიათ საკმარისი პროფესიული ცოდნა, უნარები და გამოცდილება;
ბ) უნდა გასწიონ შიდა აუდიტორული საქმიანობა შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
გ) მუდმივად უნდა გააუმჯობესონ თავიანთი კვალიფიკაცია, ცოდნა, უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები.
მუხლი 5. კოდექსის მოქმედების სფერო
1. კოდექსის მოქმედება ვრცელდება „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტის ყველა თანამშრომელზე (შიდა აუდიტორი), გარდა დაწესებულების შიდა აუდიტის სუბიექტში შემავალი ინსპექტირების ქვედანაყოფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლებისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანამშრომლები (შიდა აუდიტორები) ვალდებულნი არიან, თანამდებობაზე დანიშვნამდე გაეცნონ ამ კოდექსის დებულებებს, რასაც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი.
დოკუმენტის კომენტარები