საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2378-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017424
2378-IIს
02/05/2014
ვებგვერდი, 16/05/2014
080000000.05.001.017424
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 157-ე–159-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 157. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

1. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა

1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე  ვადით.

2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის „კომპიუტერული მონაცემი“, „კომპიუტერული სისტემა“ და „უნებართვო“ განიმარტება ამ კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული განმარტებების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით  შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა

1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ მოპოვება, გახსნა, შინაარსის გაცნობა ან შენახვა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.

2. 285-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავითა და ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მაისი 2014 წ.

N2378-IIს