დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 343 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.017963 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე: |
მუხლი 1 |
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის #471 დადგენილებით რატიფიცირებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“. |
მუხლი 2 |
„2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიითა და მოქმედებათა გეგმით“ გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ. |
მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №27 დადგენილება „საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
2014 - 2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა
|
1. შესავალი
1.1 საქართველო და კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა და, შესაბამისად, აღიარა ამ კონვენციის სამი ძირათადი ამოცანა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება და გენეტიკური რესურსების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანასწორი განაწილება. ამჟამად, საქართველო, ასევე, შეერთებულია ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ ისეთ საერთაშორისო შეთანხმებებს, როგორიცაა: კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES), „კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ (ე.წ. „რამსარის კონვენცია“), „კონვენცია მიგრირებადი სახეობების შესახებ“ (CMS) და „იუნესკოს კონვენცია მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. 2002 წელს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციამ მიიღო „პირველი სტრატეგიული გეგმა“. ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ „უფრო ეფექტიანად და თანმიმდევრულად განახორციელებდნენ კონვენციის სამ ამოცანას, რათა 2010 წლისთვის მიღწეულიყო ბიომრავალფეროვნების კარგვის ტემპის შემცირება გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმის საკეთილდღეოდ და ამგვარად შეტანილიყო წვლილი სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში“. 2010 წლისთვის დაგეგმილი მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდა. დღემდე გრძელდება, როგორც გენეტიკური, ისე - სახეობრივი და ეკოსისტემური მრავალფეროვნების შემცირება და ბიომრავალფეროვნებაზე ადამიანის მხრიდან უარყოფითი ზემოქმედების დონე, უმეტესად, სტაბილურად მაღალი ან მზარდია. ექსპერტების აზრით, თუ არსებული ნეგატიური ტენდენციები არ შეიცვლება, ჩვენი საუკუნე ჰაბიტატების კარგვისა და სახეობათა გადაშენების არნახული მასშტაბების მომსწრე გახდება; ბიომრავალფეროვნებით განპირობებული ეკოსისტემური სერვისების ფართო სპექტრი, შესაძლოა, სამუდამოდ დავკარგოთ; პროცესი კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს და კაცობრიობა კატასრტროფის წინაშე აღმოჩნდება; ყველაზე მტკივნეულად ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობაზე აისახება (რაც ათასწლეულის განვითარების მიზნებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს), თუმცა ბიომრავალფეროვნების შემცირების უარყოფითი ზეგავლენისგან თავისუფალი არც ერთი ადამიანი არ იქნება. ამ არასახარბიელო სურათის თავიდან აცილება და უარყოფითი ტენდენციების შეჩერება, მხოლოდ, მრავალმხრივი და კომპლექსური ღონისძიებებითაა შესაძლებელი. 2010 წელს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის მხარეთა მე-10 კონფერენციაზე მიღებული „ბიომრავალფეროვნების სტრატეგიული გეგმა 2011-2020“ ეფუძნება სამომავლო ხედვას, რომელიც გულისხმობს „მსოფლიოს, სადაც ადამიანი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს“, ხოლო „2050 წლისთვის ბიომრავალფეროვნება სათანადოდ დაფასებულია, აღდგენილია და გამოიყენება მხოლოდ მდგრადი ფორმებით, ისე, რომ შენარჩუნებულია ეკოსისტემური სერვისები, უზრუნველყოფილია პლანეტის სიჯანსაღე და თითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარგებელი“. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის სტრატეგიული გეგმის მთავარი მისიაა ეფექტიანი და გადაუდებელი ღონისძიებების დასახვა ბიომრავალფეროვნების შემცირების შეჩერებისთვის, რათა 2020 წლისთვის უზრუნველყოფილი იყოს ეკოსისტემების მდგრადობა და დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმის შენარჩუნება, მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების უწყვეტი მიწოდება, სიღარიბის აღმოფხვრა და ადამიანების კეთილდღეობა. სტრატეგიული გეგმა ხუთ სტრატეგიულ მიზანს განსაზღვრავს. მათ მისაღწევად დასახულია 20 გლობალური მიზანი, ე.წ. „ბიომრავალფეროვნების აიტის მიზნები“[1], რომლებიც განსაზღვრავს გლობალურ დონეზე მისაღწევ შედეგებს და გვთავაზობს მოქნილ ჩარჩოს ეროვნული თუ რეგიონული მიზნების დასაგეგმად. „ბიომრავალფეროვნების დაცვის აიტის მიზნები“ (აიტის მიზანი/მიზნები) მოცემულია მე-2 დანართში. ამასთან, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციას შემუშავებული აქვს გენდერის სამოქმედო გეგმა, რამდენადაც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, რესურსების მდგრად გამოყენებასა და სარგებლის სამართლიან განაწილებაში გათვალისწინებული უნდა იყოს გენდერული განზომილება. ათასწლეულის განვითარების მიზნებიც ხაზს უსვამს აშკარა კავშირს გენდერულ თანასწორობას, სიღარიბის დაძლევას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მდგრად განვითარებას შორის. ასეთ ხედვას უნდა შეიცავდეს ჩვენი თვალსაზრისი და მიდგომები ბიომრავალფეროვნების კარგვის უკუქცევის, სიღარიბის შემცირებისა და ადამიანთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართ.
1.2 საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის განახლების პროცესიაიტის მიზანი №17 აცხადებს, რომ „2015 წლისთვის თითოეულ მხარე ქვეყანას შემუშავებული და პოლიტიკის გამსაზღვრელ დოკუმენტად მიღებული ექნება ეფექტიანი და თანამონაწილეობრივი პრინციპით განახლებული „ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“ და დაწყებული ექნება მისი განხორციელება“. საქართველოს ბიომრავალფეროვნების პირველი ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა დამტკიცდა „საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №27 დადგენილებით. დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების 10-წლიან სტრატეგიასა და კონკრეტული ქმედებების 5-წლიან გეგმას. პირველი 5-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ნაგულისხმევი იყო მოქმედებათა გეგმის განახლება შემდგომი ხუთი წლისთვის, მიღწეული შედეგებისა და კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით. ბიომრავალფეროვნების სტრატეგია, ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის, პრობლემებისა და მასზე მოქმედი საფრთხეების მიხედვით, გამოყოფდა შემდეგ ძირითად მიმართულებებს: - დაცული ტერიტორიები; - სახეობები და ჰაბიტატები; - აგრობიომრავალფეროვნება; - ნადირობა და მეთევზეობა; - ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი; - ბიოუსაფრთხოება; - გარემოსდაცვითი განათლება, საზოგადოებრივი ცნობიერება და საზოგადოების მონაწილეობა; - ფინანსურ-ეკონომიკური პროგრამა; - მდგრადი სატყეო მეურნეობა; - საკანონმდებლო ასპექტები. ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების შესაბამისად (მდგრადი სატყეო მეურნეობის გარდა), დასახული იყო სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესრულებაც განსაზღვრული იყო მოქმედებათა გეგმაში გაწერილი 140 ქმედების სახით. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაეკისრა გეგმის განხორციელების კოორდინირების ვალდებულება, ხოლო მისი ქმედებების შესრულებაში, სამთავრობო უწყებების გარდა, გათვალისწინებული იყო არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობაც. საქართველოს ბიომრავალფეროვნების პირველი ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის (2005 წ.) მთავარ მიღწევებს შორის აღსანიშნავია: - დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება; - საერთაშორისო კრიტერიუმებსა და კატეგორიებზე დაფუძნებული წითელი ნუსხის დამტკიცება; - საფრთხეში მყოფი სახეობებისა და სახეობათა ჯგუფებისთვის კონსერვაციის მართვის გეგმების განვითარება და განხორციელების დაწყება; - ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ინიცირება; - ფლორის ზოგიერთი გადაშენების პირას მისული და ენდემური სახეობისა და მარცვლეული ჯიშის ex-situ და on-farm კონსერვაცია; - ბიოლოგიური რესურსების მართვის ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება; - ბიომრავალფეროვნების რესურს-ცენტრის ინიცირება. პირველი სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმით დასახული საქმიანობების გარკვეული ნაწილი არ განხორციელებულა. განახლებული დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამ ხარვეზის გამოსწორებაცაა. 2011 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (სამინისტრო) წამოიწყო ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის განახლების პროცესი, რათა ეროვნულ სტრატეგიაში სათანადოდ ასახულიყო გლობალური სტრატეგიული გეგმა და აიტის მიზნები. სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურმა, GIZ[2]-ის მიერ განხორციელებული ქართულ-გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ დახმარებით, დაიწყო ქვეყნის ბიომრავალფეროვნების სხვადასხვა ასპექტებისა და ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შეფასების პროცესი, რომელშიც ჩართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაცია. შედეგად, შემუშავდა ანგარიშები თერთმეტი მთავარი მიმართულების შესახებ. თერთმეტი ანგარიში ერთ სქელტანიან დოკუმენტად გაერთიანდა. მან თავი მოუყარა შეფასებისას მოპოვებულ ყველა ინფორმაციასა და დასკვნას. მოგვიანებით, ეს დოკუმენტი გადამუშავდა და მოკლე სინთეზურ ანგარიშად ჩამოყალიბდა „სიტუაციის ანალიზის“ სახით, რომელიც განახლებული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის საფუძველი გახდა. განახლებული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა მოიცავს საქართველოს ბიომრავალფეროვნების მიმოხილვას, ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების სამომავლო ხედვასა და ეროვნულ მიზნებს, რასაც მოსდევს სიტუაციის ანალიზი შემდეგი თემატური მიმართულებების მიხედვით: - სახეობები და ჰაბიტატები; - დაცული ტერიტორიები; - ტყის ეკოსისტემები; - აგრარული ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი სათიბ-საძოვრები; - შიდა წყლის ეკოსისტემები; - შავი ზღვა; - მმართველობა და გამჭოლი საკითხები; - საზოგადოების ცნობიერება, განათლება და კომუნიკაცია. თემატური ქვეთავების შემდეგ, წარმოდგენილია სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა ცხრილების სახით. ცხრილებში მოცემულია 5 გლობალური სტრატეგიული მიზნის ქვეშ გაერთიანებული ეროვნული მიზნები, ინდიკატორები, ამოცანები და აუცილებელი წინაპირობები. ასევე, მითითებულია, თუ რომელ აიტის მიზანს შეესაბამება თითოეული ეროვნული მიზანი. ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს შეესაბამება ქმედებების ერთობლიობა, რომელთა განხორციელებაც დაგვეხმარება ეროვნული, საბოლოოდ კი, გლობალური სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. თითოეული ქმედებისთვის მითითებულია განხორციელების ვადები და განმახორციელებელი უწყებები და ორგანიზაციები. დოკუმენტის ბოლო ნაწილი ეძღვნება გეგმის განხორციელებისა და რესურსების მობილიზების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში გათალისწინებული იყო „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის სამუშაო პროგრამა - „გენდერი და ბიომრავალფეროვნება“. მამაკაცები და ქალები საზოგადოებაში სხვადასხვა როლს ასრულებენ, რაც ზეგავლენას ახდენს ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და მართვაზე. იმისათვის, რომ ეფექტურად შესრულდეს, ბიომრავალფეროვნების სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს განსხვავებებზე ქალებისა და მამაკაცების მიერ რესურსებზე და შესაძლებლობებზე წვდომის თვალსაზრისით. მეორეს მხრივ, გენდერული თანასწორობა, თავისთავად, განვითარების ამოცანაა, და სტრატეგია მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერების და ეფექტური მონაწილეობის ხელშეწყობას. ეს გულისხმობს ქალებისა და მამაკაცების, როგორც პარტნიორებისა და მოკავშირეების, ჩართულობას ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
2. საქართველოს ბიომრავალფეროვნება2.1 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობასაერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კავკასია, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეგიონადაა აღიარებული. WWF-ის 35 „პრიორიტეტული ადგილიდან“ ერთ-ერთი („შავი ზღვის დიდი აუზი“) მოიცავს კავკასიის რეგიონს; Conservation International-ის მიერ განსაზღვრული „ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილიდან“ (ტერიტორიები, რომლებიც გამოირჩევიან უმდიდრესი, მაგრამ სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ბიომრავალფეროვნებით) საქართველოს ტერიტორია ორი „ცხელი წერტილის“ - კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაში შედის. საქართველო მდიდარია სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემებით, ჰაბიტატებითა და მათთან დაკავშირებული სახეობებით, მათ შორის, ისეთი სახეობებით, რომლებიც გამოიყენება ან პოტენციურად მნიშვნელოვანია, როგორც საკვები ან სხვა აუცილებელი პროდუქტების წყარო. შედეგად, ქვეყნის ბიომრავალფეროვნება უზრუნველოყოფს ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკოსისტემური სერვისების[3] მიწოდებას, როგორიცაა: (1) ტყის ეკოსისტემების შემთხვევაში: - მერქნული და არამერქნული რესურსებით უზრუნველყოფა; - სუფთა წყლით მომარაგება; - ეროზიისა და მეწყერის პრევენცია და მათი ზეგავლენის შერბილება; - ნახშირბადის გლობალური ციკლის რეგულირება; - რეკრეაცია და ტურიზმი; - სახეობების საბინადრო გარემოს შექმნა; - და სხვ. (2) მდელოების (სათიბ-საძოვრები) შემთხვევაში: - მეცხოველეობისთვის საკვებით მომარაგება; - სამკურნალო და საკვები მცენარეები; - ტრადიციული მეცხოველეობისა და ცხოვრების ნირის შენარჩუნება; - რეკრეაცია და ტურიზმი; - და სხვ. (3) ტბების, მდინარეების, ჭაობების შემთხვევაში: - წარმოადგენენ დასასვენებელ ადგილებს მიგრირებადი ფრინველებისთვის; - ნახშირბადის გლობალური ციკლის რეგულირება; - წყლის ხარისხის კონტროლი და მტკნარი წყლის რეზერვუარები; - რეკრეაცია (მათ შორის, სამოყვარულო თევზაობა) და ტურიზმი; - კომერციული თევზჭერა; - და სხვ. (4) შავი ზღვის შემთხვევაში: - თევზჭერა; - ნახშირბადისა და მეთანის რეზერვუარი; - რეკრეაცია და ტურიზმი; - და სხვ. (5) მყინვარების შემთხვევაში: - მდინარეებისა და წყალსატევების წყლით მომარაგება; - (შესაბამისად) მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის წყლით მომარაგება; - და სხვ.
2.2 საქართველოს ბიომრავალფეროვნების მდგომარეობაამჟამად, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფაუნის 139 და მერქნიანი ფლორის 56 სახეობა; მათგან ცხოველთა 43 და მცენარეთა 20 სახეობას მინიჭებული აქვს კატეგორიები „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი“ ან „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი“. საქართველოში გავრცელებულ ცხოველთა მრავალი სახეობა საფრთხეშია გლობალური მასშტაბითაც. ამ ეტაპზე შეუძლებელია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის დაზუსტებით შეფასება; მონაცემების შეგროვებას სახეობების, ჰაბიტატებისა და ეკოსისტემების შესახებ არ აქვს სისტემატური ხასიათი, ბიომრავალფეროვნების ეროვნული მონიტორინგის სისტემაც ახლახან დაარსდა და ჯერ სრულად არ ამოქმედებულა. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, იკვეთება შემდეგი სურათი:
საფრთხეში მყოფი სახეობები საფრთხის წინაშეა მცენარეთა ენდემური სახეობების 60%-მდე, საარსებო გარემოზე ზემოქმედების, ჭარბი მოპოვების, პათოგენების და სხვა ფაქტორების გამო. მერქნიანი მცენარეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები: წაბლი, იმერული მუხა, კოლხური ბზა და თელადუმა, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ ინვაზიური სოკოვანი დაავადებების გამო. უხერხემლოთა მრავალ ჯგუფზე უარყოფითად მოქმედებს ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი ჰაბიტატების ათვისება და ინტენსიური სოფლის მეურნეობა. შავი ზღვის თევზებს შორის, საფრთხის ქვეშაა საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და მდინარეთა შესართავებში გავრცელებულ ზუთხისებრთა ექვსივე სახეობა (Acipenser sturio, A. stellatus, A. gueldenstaedti, A. nudiventris, A. persicus, Huso huso) და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში; Acipenser sturio-ც, ასევე, შესულია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჰაბიტატის ფრაგმენტაციის გამო, შემცირებულია ენდემური ამფიბიის - კავკასიური სალამანდრასა (Mertensiella caucasica) და ენდემური ქვეწარმავლის - კავკასიური გველგესლას (Vipera kaznakovi) რიცხოვნობა (კავკასიური გველგესლა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილია, როგორც „საფრთხეში მყოფი“). საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილია ფრინველთა 35 სახეობა. მტაცებელ ფრინველთა შორის, ყველაზე იშვიათია ბექობის არწივი (Aquila heliaca), ლეშიჭამიებს შორის, კი - სვავი (Aegipius monachus). მცირერიცხოვან სახეობებს შორის, ასევე, აღსანიშნავია, შავი ყარყატი (Ciconia nigra). წვრილ ძუძუმწოვართა შორის, იშვიათ სახეობებს წარმოადგენენ ენდემური მღრღნელები: ამიერკავკასიური ზაზუნა (Mesocricetus brandti) და პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys schaposchnikovi). მათი არეალები ძლიერ ფრაგმენტირებულია ძოვების, მიწების სახნავ-სათესად ათვისებისა და შხამ-ქიმიკატების ზემოქმედების გამო. ბოლო წლებში შეინიშნება ხელფრთიანთა რიცხოვნობის კლებაც, რაც მათი საარსებო გარემოს დეგრადაციასა და თავშესაფრების გახშირებულ შეწუხებასთანაა დაკავშირებული. საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ მსხვილ ძუძუმწოვართა დიდი ნაწილიც; მათი პოპულაციები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ძირთადად, უსისტემო და/ან არალეგალური ნადირობისა და ჰაბიტატის ათვისების გამო. გასულ საუკუნეში გადაშენდა ქურციკი ანუ ჯეირანი (Gazella subgutturosa). ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ არის სარწმუნო ცნობები ზოლიანი აფთრის (Heyena heyena) არსებობის შესახებ. პრაქტიკულად გამქრალ სახეობად ითვლებოდა კავკასიური ლეოპარდი ანუ ჯიქი (Panthera pardus saxicolor). თუმცა, 2004 წელს ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დაფიქსირდა ერთი ინდივიდი. სავარუდოდ, ლეოპარდი ჯერ კიდევ შემორჩენილია ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში. ჩლიქოსნებს შორის, ყველაზე მცირერიცხოვანია ნიამორი (Capra aegagrus). ამ სახეობის მეტ-ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ველური პოპულაცია, მხოლოდ, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზეა შემორჩენილი და ბოლო მონაცემებით, მისი რიცხოვნობა, დაახლოებით, 300‑ია. ასევე, იშვიათია ირემი, რომელიც, მხოლოდ, სამ დაცულ ტერიტორიაზეა შემორჩენილი (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, გარდაბნის აღკვეთილი და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი), ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებული პოპულაციების სახით. ბოლო წლებში შეინიშნება ირმის რიცხოვნობის მცირე მატება ლაგოდეხსა და ბორჯომში, თუმცა სახეობის საერთო რიცხოვნობა, დაახლოებით, 800-ია. კავკასიის ენდემური ჩლიქოსნის, ჯიხვის, ორივე სახეობა (Capra cylindricornis და C. caucasica) საქართველოსა და საერთაშორისო „წითელ ნუსხებშია“. დასავლეთკავკასიური ჯიხვი (C. caucasica) ძლიერ მცირერიცხოვანია და მცირე არეალი აქვს საქართველოში; ექსპერტული შეფასების მიხედვით, ამ სახეობის რიცხოვნობა საქართველოში, მხოლოდ, 150-ია. ბევრად მრავალრიცხოვანია აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი და მისი პოპულაცია, 2012 წელს ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით, დაახლოებით 3000 ინდივიდს ითვლის. „წითელ ნუსხაშია“ მურა დათვი (Ursus arctos) კატეგორიით: „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი“. 2012 წლის მონაცემების მიხედვით, მისი რიცხოვნობა საქართველოში 1643-ია. მდინარეებში თევზის მარაგის შემცირებისა და საარსებო გარემოს განადგურების შედეგად, კლებას განიცდის ევრაზიული წავის (Lutra lutra) პოპულაცია. უახლესი შეფასებით, მისი მინიმალური რიცხოვნობა, დაახლოებით, 400-ს შეადგენს. ფოცხვერს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მინიჭებული აქვს „გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი“ სახეობის სტატუსი. თუმცა ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, ამ მტაცებლის რიცხოვნობა, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ზღვის ძუძუმწოვრებს შორის, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში განსაკუთრებით მცირერიცხოვანია აფალინა (Tursiops truncatus), რომლის პოპულაციაც დაახლოებით 100 ინდივიდს ითვლის.
სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეში მყოფი გენეტიკური რესურსები კონსერვაციული თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოში უძველესი დროიდან გაკულტურებული მცენარეები (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები/ლენდრასები) და მათი ველური მონათესავე სახეობები (როგორც ადგილობრივი ჯიშების გაკულტურების შესაძლო წყარო). ესენია: (ა) ყურძენი და მისი ველური მონათესავე სახეობები (Vitis vinifera subsp. sylvestris), აგრეთვე, ხილი და კაკლოვნები (Malus, Pyrus, Prunus Corylus); (ბ) მინდვრის კულტურები - ხორბალი (მათ შორის, ხუთი ენდემური კულტურული სახეობა, მრავალი ადგილობრივი ჯიში და შვიდი ველური მონათესავე სახეობა), ქერი და სხვა მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, ასევე, სელი; (გ) კულტურული ბალახოვანი მცენარეები. კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების ბუნებრივი პოპულაციები საფრთხის ქვეშაა, ძირითადად, ჰაბიტატების განადგურებისა და ფრაგმენტაციის, ასევე, ჭარბი ძოვებისა და გაუდაბნოების გამო. ასევე, არსებობს ამ სახეობების გენეტიკური ეროზიისა და დაბინძურების საფრთხე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან. სამკურნალო მცენარეების ლოკალურ პოპულაციებს სრული გაქრობის საფრთხეს უქმნის სამრეწველო მიზნით ჭარბი შეგროვება, ძირითადად, ფარმაცევტული ინდუსტრიის დაკვეთით. მრავალი სამკურნალო მცენარე ამჟამად საფრთხის ქვეშაა, მაგ.: Origanum vulgare, Helichrysum plicatum, Hypericum spp. და სხვ. შინაურ ცხოველთა აბორიგენული ჯიშებისა და ადგილობრივი პოპულაციების უმეტესობას საფრთხე ემუქრება არაადგილობრივ ჯიშებთან ჰიბრიდიზაციის გამო. მთის ძროხის ზოგი ჯილაგი უკვე დაკარგულია (მაგ.: აფხაზური და ოსური), ზოგი კი ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი (მაგ. აჭარული). ცხვრის თუშური და იმერული ჯიშებიც საფრთხეშია. ასევე, შემცირებულია თუშური ცხენი, ღორის კახური, რაჭული და სვანური პოპულაციები, ხოლო მეგრული ცხენი გაქრობის პირასაა. ქართული ფუტკარი გენეტიკური ეროზიის საფრთხის წინაშეა.
დეგრადაციისა და ფრაგმენტაციის საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემები და ჰაბიტატები საქართველოს ტყეები საფრთხის ქვეშაა არამდგრადი ჭრის, ძოვებისა და სუსტი მართვის სისტემის გამო. ქვეყნის სატყეო ფონდის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია, ზოგ ადგილას კი, ტყის საფარი სრულიად გამქრალია. შედეგად, შემცირებულია ტყეზე დამოკიდებული ფლორისა და ფაუნის სახეობების რიცხოვნობაც. ამას გარდა, დაკნინებულია ტყის ეკოსისტემების მიერ მიწოდებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემური სერვისები. დიდი კავკასიონის ალპურ საძოვრებზე, ჭარბი ძოვების გამო, შემცირებულია ველურ ჩლიქოსანთა (ირემი, ჯიხვი, არჩვი) ჰაბიტატი და საკვები ბაზა. ველური ჩლიქოსნების - მტაცებელთა საკვები ბაზის, შემცირება კი, თავის მხრივ, განაპირობებს მსხვილ მტაცებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის გამძაფრებას. საქართველოს სემიარიდული ეკოსისტემები, რომელთა დიდი ნაწილი საქონლის ზამთრის საძოვრად გამოიყენება, საფრთხის ქვეშაა ჭარბი და უსისტემო ძოვების გამო. ნიადაგის ეროზიისა და საძოვრების დეგრადაციის პროცესი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს, დღეს ბევრ ადგილას კრიტიკულ ზღვრამდეა მისული და სასწრაფო ღონისძიებების გატარებას მოითხოვს შეუქცევადი პროცესების თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვნად შემცირებული ან სახეშეცვლილია შიდა წყლების ეკოსისტემები, ჭაობების დაშრობისა და წყალსატევებში წყლის დონის ხელოვნურად რეგულირების გამო. შხამ-ქიმიკატების ჭარბი გამოყენების, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი წყლების ჩაშვების გამო, დაბინძურებულია, როგორც შიდა წყლების ეკოსისტემები, ისე - შავი ზღვა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ადგილი აქვს არასამრეწველო ნარჩენი წყლით გამოწვეულ დაბინძურების ზრდას, რადგან პრაქტიკულად, აღარ ფუნქციონირებს არც ერთი საკანალიზაციო წყლის გამწმენდი ნაგებობა. წყლის ხარისხის მონიტორინგი ჩატარებულია, მხოლოდ, 22 მდინარესა და ერთ ტბაზე, კერძოდ - პალიასტომზე. დღეს წყლის დაბინძურება საფრთხეს უქმნის წყლის ეკოსისტემებთან დაკავშირებულ მრავალ სახეობას. ორგანული ნარჩენებით დაბინძურების გამო, შავ ზღვაში შექმნილია ე.წ. „მკვდარი ზონები“. შავი ზღვის ეკოსისტემას, ასევე, სერიოზულ ზიანს აყენებს თევზჭერის ისეთი მეთოდები, როგორიცაა ფსკერული ტრალით თევზაობა. საქართველოში გავრცელებული უცხო ინვაზიური სახეობები საფრთხეს უქმნიან, როგორც ხმელეთის, ისე - წყლის ეკოსისტემებს. ბიომრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჰაბიტატების ათვისება ხდება სამშენებლო პროექტების, ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, სამრეწველო და ურბანული განვითარების პროექტების გამო. ძალიან მწირია ინფორმაცია საქართველოს ნიადაგების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემები მეტად მოძველებული ან არასრულია.
2.3 ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილებადღეს, კლიმატის ცვლილება უკვე აღიარებულია, როგორც ბიომრავალფეროვნების შემცირების მე-5 მთავარი ფაქტორი, ჰაბიტატის დეგრადაციასთან, რესურსების ჭარბ გამოყენებასთან, გარემოს დაბინძურებასა და ინვაზიურ სახეობებთან ერთად. სულ უფრო მეტი ექსპერტი იზიარებს შეხედულებას, რომ დედამიწაზე კლიმატი უფრო და უფრო თბილი ხდება, ატმოსფეროში ნახშიროჟანგისა და მეთანის დაგროვების გამო, რაც, თავის მხრივ, წიაღისეული საწვავის გამოყენებას, ტყეების გაჩეხვასა და მესაქონლეობას უკავშირდება. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ზოგ რეგიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და ნალექების კლება. ეს ძლიერ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ეკოსისტემებზე, განსაკუთრებით კი, იმ ეკოსისტემებზე, რომლებიც თავიანთი გლობალური ბუნებრივი გავრცელების საზღვარზე არიან. შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ამ ეკოსისტემების, მცენარეთა თანასაზოგადოებების, ფლორისა და ფაუნის სახეობების გავრცელებაში. მთიანი რელიეფისა და მკვეთრად გამოკვეთილი ვერტიკალური ზონალობის გამო, საქრთველოში ყველაზე სერიოზული საფრთხე ბიომრავალფეროვნებას ვერტიკალური სარტყლების წანაცვლების გამო შეექმნება. ზოგი სახეობა, სავარაუდოდ, საერთოდ გაქრება, რადგან ვერ შეძლებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ძვრებთან ადაპტაციას. უკვე გამოთქმულია ვარაუდები, რომ კლიმატის ცვლილებების ფონზე, საქართველოში ზოგი მცენარე, მაგ. ფიჭვი, უფრო მოწყვლადი გახდა გარკვეული პათოგენების მიმართ. მდგრადი ეკოსისტემების, მათ შორის, ტყეების შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის კუთხით, არამედ - როგორც „ინსტრუმენტს“ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შერბილებისთვის, ნახშირბადის შეკავებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზით.
2.4 ბიომრავალფეროვნების შემცირების გამომწვევი ძირეული მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორებიბიომრავალფეროვნების შემცირებას იწვევს რამდენიმე ძირეული და დამატებითი მიზეზი. დამატებითი მიზეზები ძირეული მიზეზების ზეგავლენას ამძაფრებს ან ხელს უწყობს. ბიომრავალფეროვნების შემცირების გამომწვევი ძირეული მიზეზებია: - მოსახლეობის სიღარიბე, რაც ადამიანებს ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენებისკენ უბიძგებს ენერგიის, საკვებისა თუ ფინანსური სარგებლის მისაღებად; - ადამიანის მიმტაცებლური და უპასუხისმგებლო ქმედებები, რაც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას და ბუნებისადმი ზიანის მიყენებას მოსალოდნელი შედეგების სრული უგულვებელყოფის პირობებში; - ადამიანების მხრიდან ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და საკუთარი ქმედების უარყოფითი ზეგავლენის გაუცნობიერებლობა. ყოველივე ამას მივყავართ ბიომრავალფეროვნებაზე პირდაპირ მოქმედ ფაქტორებამდე, როგორიცაა: ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება, გარემოს დაბინძურება, უცხო ინვაზიური სახეობების გავრცელება და ასევე, კლიმატის ცვლილება. ბიომრავალფეროვნების შემცირების ხელშემწყობ მიზეზებს შორის აღსანიშნავია: - პოლიტიკის დოკუმენტებში, სტრატეგიებსა და პროგრამებში ბიომრავალფეროვნების ფასეულობის არასაკმარისი ხარისხით ასახვა; - არაადეკვატური და ზოგ შემთხევევაში გაუმართლებელი საკანონმდებლო ნორმები ბიოლოგიური რესურსების გამოყენების რეგულირების სფეროში; - არასაკმარისი რესურსები ბიომრავალფეროვნების დაცვის კანონმდებლობის და პროცედურების განხორციელებისთვის.
2.5 ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკაადამიანების უმეტესობისთვის ბიომრავალფეროვნება, თავისთავად, წარმოადგენს ფასეულობას, მისი სულიერი, კულტურული, ესთეტიკური და სხვა სახის არამონეტარული ღირებულებების გამო, მაგრამ ბიომრავალფეროვნება ბუნებრივი კაპიტალიცაა. მსოფლიო ეკონომიკის 40% პირადაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბიოლოგიური რესურსების გამოყენებას. სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელი იქნება, თუ ქვეყანა დაკარგავს თავის ბუნებრივ კაპიტალს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ეკონომიკის მრავალი დარგის განვითარება უშუალოდაა დაკავშირებული ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებასთან. ასეთებია, მაგალითად: სატყეო სექტორი, სოფლის მეურნეობა, ჰიდროენერგეტიკა და ტურიზმი. ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის, ბუნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების კუთხით, ქვეყნის პოტენციალის გააზრების ფონზე საქართველო გახდა საპილოტე ქვეყანა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების წინასწარი (Scoping - წინასაპროექტო) შეფასების კვლევისთვის. ეს პროცესი მიმდინარეობს ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (The Economics of Ecosystems and Biodiversity - TEEB) საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში. იგი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიმღებებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა თუ ფართო საზოგადოებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და ბუნებრივი ეკოსისტემების მიერ მოწოდებული სერვისების უკეთ გააზრებასა და შეცნობაში დაეხმარება. იგი, ასევე, წარმოაჩენს ბუნებასთან მდგრადი ურთიერთობის ახალ გზებსა და შესაძლებლობებს და დაგვეხმარება ეკონომიკური განვითარების ინტერესსა და ბუნების შენარჩუნების მოთხოვნებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში. ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (TEEB Georgia Scoping Study) წინასწარი/წინასაპროექტო კვლევის შედეგად დაისახა საქართველოს ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რომელიც ფოკუსირებული იქნება შემდეგ ეკონომიკურ სექტორებზე: სატყეო სექტორი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა და სამთო მრეწველობა.
3. სამომავლო ხედვა და ეროვნული მიზნებისამომავლო ხედვა: 2030 წლისთვის საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ ბუნებასთან ჰარმონიაში, საყოველთაოდ აღიარებულია ბიომრავალფეროვნების ფასეულობები; ბიოლოგიური რესურსების კონსერვაცია და გონივრული მოხმარება უზრუნველყოფს ეკოსისტემური პროცესების უწყვეტობას, ჯანსაღ გარემოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სარგებელს მთელი საზოგადოებისთვის.
ეროვნული მიზნები: ზემოთ ხსენებული სამომავლო ხედვის მისაღწევად, დასახულია ეროვნული მიზნები, რომლებიც დაჯგუფებულია გლობალური სტრატეგიული მიზნების ქვეშ. ეროვნული მიზნების შესრულება გათვალისწინებულია შესაბამისი ამოცანებისა და კონკრეტული ქმედებების დანერგვის გზით (იხ. თავი 12).
4. სახეობები და ჰაბიტატებიბიომრავალფეროვნების პირველი სტრატეგიის მოქმედების პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვისა და შენარჩუნების გაუმჯობესების მხრივ: შეიქმნა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს ახალი „წითელი ნუსხა“; გადაშენების პირას მყოფი სახეობების გარკვეული ნაწილისთვის მომზადდა კონსერვაციის გეგმები და დაიწყო ზოგი მათგანის განხორციელება; განისაზღვრა ბიომრავალფეროვნების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილები და სხვ. მიუხედავად ამისა, დაცული ტერიტორიების გარეთ ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია არ არის საკმარისად ეფექტიანი (დაცული ტერიტორიები კვლავ რჩება სახეობების in-situ კონსერვაციის ერთადერთ ქმედით ინსტრუმენტად) და კვლავ დგას სპეციალური ზომების გატარების საჭიროება, რათა სახეობებისა და ჰაბიტატების ეკოლოგიურ მდგომარეობაში წლების განმავლობაში განვითარებული უარყოფითი ტენდენციები შეჩერდეს და დადებითი პროცესებით შეიცვალოს. „საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმით“ (საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №27 დადგენილება) სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციისთვის გასნაზღვრული 30 ქმედებიდან 9 პრაქტიკულად სრულად, ხოლო 8 - ნაწილობრივ განხორციელდა; არ განხორციელებულა 13 ქმედება. შესრულებულ ქმედებათა უმრავლესობა არასამთავრობო სექტორის ძალისხმევისა და უცხოური დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო სახელმწიფოს ფინანსური წვლილი მეტად მწირი იყო.
4.1 პრობლემების აღწერა4.1.1 უცხო ინვაზიური სახეობებიწლების მანძილზე საქართველოში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობების მიზანმიმართული თუ შემთხვევითი ინტროდუქცია. შედეგად, ქვეყნის ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული მრავალი უცხო ინვაზიური სახეობა. ზოგ შემთხვევებში, უცხო სახეობებმა მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივ სახეობებზე (მაგ. კარჩხანას ინვაზია საქართველოს წყალსატევებში). უნებლიეთ გავრცელებული ინვაზიური სახეობებითა და დაავადებების შედეგად სერიოზულად დაზარალდა ტყის ეკოსისტემები (ლაფანჭამია, წაბლის კიბო და ა.შ.), თუმცა ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებზე უცხო ინვაზიური სახეობების ზემოქმედების შეფასება და დეტალური კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომაც არ არის გარკვეული, ამ დროისათვის რა საპასუხო ღონისძიებებია გასატარებელი. ამჟამად, ცხოველთა უცხო სახეობების ინტროდუქცია კანონით რეგულირდება, თუმცა არ არსებობს ჩამოყალიბებული სტრატეგია უკვე გავრცელებული უცხო სახეობების მიმართ.
4.1.2 ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტიადამიანის მხრიდან ბუნებრივი გარემოს ათვისებისა და ბუნებრივ ეკოსისტემებში წონასწორობის დარღვევის ფონზე, ველური ცხოველები სულ უფრო ხშირად შედიან კონფლიქტში ადგილობრივ მოსახლეობასთან: ისინი იკვებებიან ნათესებში, თავს ესხმიან შინაურ პირუტყვს და ზიანს აყენებენ მეფუტკრეობას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ზოგიერთი სახეობისადმი მკვეთრად უარყოფითია, რაც ხშირად მათ ლეგიტიმურ თუ არალეგიტიმურ ქმედებებში ვლინდება. წარმოიქმნება კონფლიქტი ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის, რომელიც უარყოფითად აისახება, როგორც მოსახლეობაზე, ისე – ბიომრავალფეროვნებაზე. კონფლიქტი ადამიანსა და მტაცებელებს შორის მწვავედ დგას ბევრ რეგიონში. ამ კონფლიქტის პროვოცირებას ხშირად იწვევს მტაცებლების ჰაბიტატებისა და საკვების ბაზის განადგურება, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების არასწორი მართვა (მაგ. დასახლებულ პუნქტებთან არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები). გარკვეული კვლევების მიუხედავად, ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს.
4.1.3 ნადირობასაბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ნადირობის არაეფექტიანმა მართვამ ქვეყანაში ტრადიციული სანადირო სახეობების უმრავლესობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდ გადაშენდა. განსაკუთრებით მძიმე შედეგები ჩლიქოსნებზე უკანონო ნადირობას ჰქონდა. გასული საუკუნის ბოლოსთვის უკვე გადაშენებული იყო ქურციკი, თითქმის ყველა სხვა ჩლიქოსნის პოპულაცია კი - ძლიერ შემცირებული. ამჟამად, ბრაკონიერობასთან ბრძოლის მექანიზმები ნაკლებად ეფექტიანია და კანონის აღსრულებისთვის არ არის საკმარისი ადმინისტრაციული რესურსები. ჩამოსაყალიბებელია სათემო და/ან სატროფეო ნადირობის კონცეფციები და მდგრადი ნადირობის სტრატეგია. ასევე, პრობლემაა მოყვარულ მონადირეთა შორის ცოდნისა და განათლების ნაკლებობა, რაც ნადირობის წესების დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს.
4.1.4 საქართველოს „წითელი ნუსხა“საქართველოს „წითელი ნუსხა“ შეიქმნა 2006 წელს და მასში შესული სახეობების კონსერვაციული სტატუსების განსაზღვრა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორიების შესაბამისად განხორციელდა. თუმცა სახეობების სტატუსების განსაზღვრა, მხოლოდ, მოძველებულ მონაცემებზე დაყრდნობით ან ექსპერტული შეფასების საფუძველზე მოხდა, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად აღარ ტარდებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ „წითელ ნუსხაში“ არ შესულა ბალახოვან მცენარეთა სახეობები[4]. ზოგი ტაქსონის შესახებ 2006 წლის შემდეგ დაგროვდა ახალი მასალა. ამიტომ, ამჟამად, „წითელი ნუსხა“ საჭიროებს გადახედვასა და შევსებას.
4.1.5 კონკრეტულ სახეობებზე ორიენტირებული კონსერვაციაბოლო წლებში შეიქმნა მრავალი სახეობის კონსერვაციის მოქმედებათა ეროვნული გეგმები, რომელთა ნაწილის დანერგვა მიმდინარეობს და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორია ის, რომ ამგვარ გეგმებს არ აქვთ სამართლებრივი სტატუსი. ზოგი იშვიათი ან ეკონომიკური ღირებულების სახეობისთვის კონსერვაციის მენეჯმენტის გეგმა ჯერ კიდევ შესაქმნელია. მსხვილი ძუძუმწოვრების გარკვეული სახეობები სპეციალურ გადაუდებელ ღონისძიებებს საჭიროებენ, რაც შესაბამის კონსერვაციის გეგმებში უნდა გაიწეროს. პირველ რიგში, ეს შეეხება განსაკუთრებით მცირერიცხოვან პოპულაციებს ან ერთეული ინდივიდების სახით შემორჩენილ სახეობებს (მაგ. კეთილშობილი ირემი და ნიამორი).
4.1.6 სახეობათა ნომენკლატურული ნუსხებიუხერხემლოების მდგომარეობის შესახებ ცნობები მეტად მწირი და სპორადულია - უხერხემლოების ჯგუფების უმეტესობისთვის არ არსებობს სრული ნომენკლატურული ნუსხები. მნიშვნელოვანია, უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს უხერხემლოთა ინვენტარიზაცია, რათა სრული სურათი გვქონდეს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შესახებ.
4.1.7 ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემა2007 წლიდან საქართველოში დაიწყო ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის შექმნა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა. თუმცა, ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია მეთოდოლოგიები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ზოგი ინდიკატორისთვის, დასახვეწია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საკანონმდებლო ბაზა, არ არსებობს მითითებები კონკრეტული მეთოდოლოგიების მხრივ და არ არის უზრუნველყოფილი პასუხისმგებლობების განაწილება შესაბამის უწყებებს შორის. თუმცა, უკვე არსებობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შესაბამის ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმები, მონიტორინგის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. ანალოგიური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია სხვა შესაბამის უწყებებთანაც. სრულყოფილი მონიტორინგის ჩატარებას ხელს უშლის დაფინანსებისა და შესაძლებლობების ნაკლებობა. მიზანშეწონილია, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების მონაცემთა ელექტრონული ბაზების შექმნა და განვითარება, სადაც თავს მოიყრის კვალიფიციური ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული სახეობების შესახებ (აღწერა, პოპულაციების მდგომარეობა და ტენდენცია, არეალები და სხვა). მუდმივად უნდა ხდებოდეს მონაცემთა ბაზების განახლება მონიტორინგისა თუ სხვადასხვა კვლევების შედეგების მიხედვით.
4.1.8 სახეობების აღდგენა და რეინტროდუქციადაცულ ტერიტორიებზე, უკვე რამდენიმე წელია, ხორციელდება ნიამორისა და ქურციკის აღდგენისა და რეინტროდუქციის პროგრამები მათი ტყვეობაში გამრავლების გზით, მაგრამ ტყვეობაში არსებული პოპულაციების დაგეგმილი მატების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე წარმატებულად, მხოლოდ, კოლხური ხოხბის გამრავლების პროგრამა შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს. ზოგადად, წარმატების მისაღწევად აუცილებელია სახეობების აღდგენისა და რეინტროდუქციის პროგრამების უფრო მართებული დაგეგმვა და კონკრეტულ სახეობაზე ფოკუსირებული გეგმების შექმნა.
4.1.9 ჰაბიტატების კლასიფიკაციამნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰაბიტატების კლასიფიკაცია მოხდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული თანამედროვე სისტემების მიხედვით. კლასიფიკაციის თანამედროვე სისტემებთან არათავსებადი სისტემის გამოყენება ქმნის საერთაშორისო, კერძოდ, ევროპის კონსერვაციულ პოლიტიკასა და სტრატეგიებთან ჰარმონიზების პრობლემას, ხელს უშლის პრიორიტეტების განსაზღვრას, საქართველოს, როგორც ჰაბიტატების მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყნის, როლის წარმოჩენას ევროპულ და გლობალურ კონტექსტში, ჰაბიტატების ცალკეული ტიპების თანამედროვე მდგომარეობის შეფასებასა და ქმედითი კონსერვაციული ღონისძიებების დაგეგმვას. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ჰაბიტატების თანამედროვე სისტემის მიხედვით, კლასიფიკაციის პირველი ნაბიჯები გადაიდგა - ჰაბიტატების კლასიფიკაცია „ნატურა 2000“-ის (ევროკავშირის ქვეყნების ეკოლოგიური ქსელი) მიხედვით განხორციელდა. ამასთან, „ზურმუხტის ქსელის“ („ნატურა 2000“‑ის ანალოგიური ეკოლოგიური ქსელი ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის) განვითარების პროგრამის ფარგლებში, მოხდა ბერნის კონვენციის მე-4 დანართში შემავალი ჰაბიტატებიდან საქართველოში არსებული 15 ჰაბიტატის იდენტიფიკაცია. ამჟამად, ევროპის ქვეყნები უკვე ე.წ. EUNIS[5]-ის სისტემას ეყრდნობიან და, შესაბამისად, საქართველოსაც რეკომენდაციას უწევენ, რომ სწორედ ამ სისტემის მიხედვით მოახდინოს თავისი ჰაბიტატების კლასიფიკაცია.
4.1.10 პრიორიტეტული ჰაბიტატებიშერჩეულია 27 პრიორიტეტული ჰაბიტატი მათზე მოქმედი საფრთხეების და თვით ამ ჰაბიტატების მოწყვლადობის კრიტერიუმის მიხედვით. თუმცა, ამ და სხვა პოტენციურად მნიშვნელოვანი ჰაბიტატების თანამედროვე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მეტად მწირია და აუცილებელია დეტალური კვლევის ჩატარება.
4.1.11 ბიომრავალფეროვნების მხრივ მნიშვნელოვანი ტერიტორიებისაქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის საზღვრებს გარეთ მრავლადაა დარჩენილი ბიომრავალფეროვნების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილები (Key Biodiversity Areas). ასეთებია: ცხოველთა სამიგრაციო დერეფნები, პოპულაციების დამაკავშირებელი კორიდორები, ბოტანიკურად მნიშვნელოვანი ადგილები (Important Plant Areas - IPA) და სხვა. აუცილებელია, ასეთი ადგილების იდენტიფიკაცია, შესაბამისი რუკების შედგენა და მათი პოტენციალის შეფასება; შემდეგ კი, საჭიროა, ადეკვატური დაცვითი და/ან აღდგენითი ღონისძიებების დასახვა და მათი მდგრადი მენეჯმენტის ქვეშ მოქცევა.
4.2 სტრატეგიული მიდგომებიü საქართველოს „წითელი ნუსხა“ გადახედვას და შევსებას მოითხოვს; ü საჭიროა, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ეტაპობრივი ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან, განსაკუთრებით, „ფრინველთა კონსერვაციის შესახებ“ დირექტივასა (№2009/147/EC) და „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ დირექტივასთან (№92/43/EC). ამ დირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნათა ნაწილის შესრულების ვალდებულება გათვალისწინებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითაც. აუცილებელია, მონიტორინგის ერთიანი სისტემის შემდგომი განვითარება; ü საქართველოს ჰაბიტატების კლასიფიკაცია უნდა მოხდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული კლასიფიკაციის შესაბამისად და უნდა განხორციელდეს ჰაბიტატების მდგომარეობის შეფასება; ü საჭიროა, მდგრადი ნადირობის სტრატეგიის ჩამოყალიბება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ამ დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს რესურსების ადეკვატურად შეფასების, მათი გონივრული გამოყენების, ნადირობის კონტროლისა და სხვა ღონისძიებების გატარების საკითხები. ასევე, ჩამოსაყალიბებელია სანადირო სახეობების მენეჯმენტის გეგმები, რაც მდგრადი ნადირობის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს; ü ბრაკონიერობის ეფექტიანი კონტროლისა და, ზოგადად, ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია იშვიათი და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სახეობების (სანადირო, კომერციული და პირადი მოხმარების მნიშვნელობის სახეობები) ეკონომიკური ღირებულების შეფასება. ეს სახელმწიფოსადმი მიყენებული ზარალის ოდენობისა და ეკოსისტემური სერვისების ადეკვატური შეფასების საშუალებას მოგვცემს; ü აუცილებელია, უფრო ეფექტიანი სისტემური გზების მონახვა და დანერგვა ადამიანსა და მტაცებლებს შორის კონფლიქტის მოგვარებისა თუ შერბილებისათვის; ü ჩამოსაყალიბებელია სტრატეგია უკვე გავრცელებული უცხო სახეობების მიმართ. კანონმდებლობის მიუხედავად, უცხო ინვაზიური სახეობების შემოსვლის რისკები დღესაც არსებობს. საჭიროა, პრევენციული (საკანონმდებლო აქტები, ვაჭრობისა და სასაზღვრო კონტროლი და ა.შ.) ზომების მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი უცხო სახეობების (ზოგ შემთხვევაში კი ქვესახეობების) გავრცელება საქართველოში; ü მნიშვნელოვანია, ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება კონსერვაციის სფეროში, რათა სწრაფად და ადეკვატურად ხდებოდეს კონსერვაციული პრობლემების გადაწყვეტა სხვადასხვა დონეზე; ü საჭიროა, სათანადო სამეცნიერო-ინფორმაციული ბაზის არსებობა/შექმნა და მისი სრულად ამოქმედება, სადაც თავს მოიყრის მონაცემები ბიომრავალფეროვნებისა და მისი კონსერვაციის შესახებ.
4.3 ქმედებების ჩამონათვალი: მიმართულება „სახეობები და ჰაბიტატები“A2-o1. 2 A2-o1. 4 B1-o1. 3 – 4 B1-o1. 6 – 7 B2-o1. 1 – 3 B6-o1. 1 – 3 C1-o1. 1 – 5 C1.o2. 1 – 2 C2-o1. 1 – 24 C2-o2. 1 – 3 C4-o4. 1 – 2 E1-o1. 1 – 2 E1-o2. 1
5. დაცული ტერიტორიებისაქართველოში პირველი ოფიციალური დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის ნაკრძალი – 1912 წელს დაარსდა. 1991 წლისთვის, საბჭოთა პერიოდის ბოლოს, საქართველოში 15 სახელმწიფო ნაკრძალი იყო საერთო ფართობით 168,8 ათასი ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 2,4%‑ს შეადგენდა. გარდა ნაკრძალებისა, იყო 5 სატყეო‑სამონადირეო მეურნეობა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 0.8%‑ს ფარავდა. 1995 წლიდან დაიწყო საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოება და დივერსიფიკაცია. 1996 წელს, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, განისაზღვრა დაცული ტერიტორიების მართვის კატეგორიები და დაცული ტერიტორიების დაარსების პროცედურები. ამ კანონმა შექმნა ბუნების სრულფასოვანი დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჰარმონიზების სამართლებრივი საფუძველი, რაც პირველ რიგში, გამოიხატება სხვადასხვა რეჟიმის დაცული ტერიტორიებით აგებული ქსელის ჩამოყალიბების შესაძლებლობით. კანონი აგებულია უნივერსალურ ფასეულობებზე, რომლითაც განსაზღვრულია დაცული ტერიტორიების ეროვნული კატეგორიები IUCN-ის კრიტერიუმების შესაბამისად; მოცემულია გლობალური მნიშვნელობის დაცული ტერიტორიების სტატუსის (როგორიცაა ბიოსფერული რეზერვატი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორია „რამსარის უბანი“ და მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი), მინიჭების შესაძლებლობა; გამოკვეთილია კონკრეტული უფლებამოსილებები, ჩამოყალიბებულია დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, ყველა მონაწილე მხარის ძირითადი კომპეტენცია, მოცემულია მრავალგვარი ურთიერთობების შესაძლებლობები. აღნიშნული ე.წ. „ჩარჩო-კანონის“ საფუძველზე. დაარსდა ახალი კატეგორიების დაცული ტერიტორიები, მოხდა უკვე არსებული ზოგიერთი დაცული ტერიტორიის გაფართოება-გარდაქმნა. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი სამჯერ გაიზარდა. ამჟამად, საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 40 ბუნების ძეგლი, 2 დაცული ლანდშაფტი და 2 მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაა (ეს უკანასკნელი ჯერჯერობით, მხოლოდ, იურიდიულად არსებობს). დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 520 811.14 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 7,47%-ია.
5.1 პრობლემების აღწერა5.1.1 დაცული ტერიტორიების სისტემის დაფარვის ხარისხი და ქსელის არაეფექტიანობადაცული ტერიტორიების სისტემის მნიშვნელოვანი გაფართოების მიუხედავად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი და ბიომრავალფეროვნების კუთხით მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაფარვის ხარისხი არ არის საკმარისი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების გრძელვადიანი დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ბიომრავალფეროვნების პირველი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოქმედების პერიოდში, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება ნაკლებად პრიორიტეტული იყო ეკონომიკური განვითარების ინტერესებთან შედარებით. სექტორებს შორის არსებობს გარკვეული თანამშრომლობა, მაგრამ, ზოგადად, დაცული ტერიტორიები არ წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს. გვაქვს დაცულ ტერიტორიებზე უხეში ზემოქმედების მაგალითებიც: საერთაშორისო ჭარბტენიანი ტერიტორიის („რამსარის საიტის“) და კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილის ყულევის ტერმინალისთვის გადაცემა; კოლხეთის ეროვნული პარკის გარკვეული ტერიტორიის კატეგორიის შეცვლა (II‑დან VI‑კატეგორად) და შემდეგ, ამ კატეგორიის დაცული ტერიტორიის გაუქმება, გზის მშენებლობასთან დაკავშირებით; ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილის ჰიდროელექტროსადგურისთვის გამოყოფა; თბილისის ეროვნული პარკის გარკვეული ნაწილის თბილისის შემოვლითი რკინიგზისთვის გამოყოფა. საქართველოში არასაკმარისადაა გამოყენებული ან არ არსებობს საერთაშორისო აღიარების ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა „რამსარის ტერიტორია“, „UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი“ და „ბიოსფერული რეზერვატი“. საქართველოს დაცული ტერიტორიები არ ქმნის ერთიან ქსელს - არ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული და უფრო ფართო ლანდშაფტებში ინტეგრირებული დაცული ტერიტორიების სისტემა. არ არსებობს დაცული ტერიტორიების სივრცითი განვითარების გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობდა დაცული ტერიტორიების დაფარვის და ერთმანეთთან დაკავშირებულობის ხარისხის გაზრდას. თუმცა, გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით განხორციელდა, მაგ.: მომზადდა გეგმარებითი დაცული ტერიტორიების დოკუმენტი; განისაზღვრა კონსერვაციისთვის პრიორიტეტული ტერიტორიები და დერეფნები კავკასიაში; იდენტიფიცირდა კრიტიკული საკონსერვაციო ტერიტორიები და ტყის კონსერვაციის უბნები და ჩამოყალიბდა „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმა“. ყოველივე ეს, კარგი შესაძლებლობაა დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებისთვის. თუმცა, შეინიშნება ზოგადი პოლიტიკური მხარდაჭერის ნაკლებობა დაცული ტერიტორიების სრულფასოვანი და წარმომადგენლობითი ქსელის შესაქმნელად. გარკვეული, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯებია გადადგმული ორმხრივი ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობისკენ.
5.1.2 დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობამართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საჭიროა დაცული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობის შემდომი გავრცობა-დეტალიზაცია (კანონქვემდებარე აქტებისა და რეგულაციების სრული პაკეტის შემუშავება და მიღება) IUCN-ის დაცული ტერიტორიების კატეგორიებისა და მართვის სახელმძღვანელოების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო წლებში განახლდა მსოფლიოში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. კანონმდებლობით არასრულყოფილადაა დარეგულირებული ეროვნული V და VI კატეგორიის დაცული ტერიტორიების მართვის საკითხები. ჯერჯერობით, არ არის გამოყენებული დაცული ტერიტორიების საერთშორისო ქსელში ჩართული კატეგორიები: ბიოსფერული რეზერვატი და მსოფლიო მემკვიდრეობის (ბუნებრივი და შერეული ნომინაციის) უბანი, თუმცა საქართველოში ამის დიდი რესურსი არსებობს. დღეისათვის საქართველოში არსებობს დაცული ტერიტორიების მმართველობის, მხოლოდ, ერთი ფორმა – მმართველობა მთავრობის მიერ. საერთაშორისო პრაქტიკა კი აღიარებს მმართველობის სხვა ფორმებსაც, როგორებიცაა: კერძო მმართველობა, თანამმართველობა, მმართველობა მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემების მიერ. კანონმდებლობა არ არეგულირებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკომპენსაციო და პოზიტიურ წამახალისებელ მექანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს. კვლავ პრობლემად რჩება დაცული ტერიტორიის საზღვრებს მიღმა ტერიტორიის გამოყენებისა და შესაძლო განვითარების არასახარბიელო ზემოქმედების საფრთხე (მაგ.: დაბინძურება, მიმდებარე ეკოსისტემის რღვევა, შეწუხება და ა.შ.) ისეთი საქმიანობების შედეგად, როგორებიცაა: ბუნებრივი რესურსების მოპოვება, არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, განვითარების პროექტები და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ ე.წ. „ჩარჩო-კანონში“ განსაზღვრულია დაცული ტერიტორიების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის (სააგენტოს) გარკვეული მაკონტროლებელი უფლებამოსილება დაცული ტერიტორიების გარეთ - მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარების ირიბი და პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად, ეს საკითხი არ არის გათვალისწინებული სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში. ამჟამად, მიმდინარეობს დაცული ტერიტორიის მართვის დაგეგმვის არსებული რეგულაციების დახვეწა; დაცული ტერიტორიებისთვის მენეჯმენტის გეგმების მომზადება, თუმცა დაცული ტერიტორიების უმეტესობა, მაინც მენეჯმენტის გეგმის გარეშეა და მათი მართვა დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად ხდება. შეინიშნება დაცული ტერიტორიების დაგეგმვის შესაძლებლობების ნაკლებობა, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ისე - მის ტერიტორიულ ორგანოებში (დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში). ასევე, მეტად შეზღუდულია სპეციფიკური კონსერვაციული ღონისძიებების (მაგ.: ჰაბიტატებისა და სახეობების კონსერვაციის გეგმების შემუშავება, სახეობების რეაბილიტაცია და რეინტროდუქცია) დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობები. არ არის უზრუნველყოფილი საძოვრებისა და ტყის მდგრადი მართვა. ამისათვის იმ დაცულ ტერიტორიებს, რომლებშიც დაშვებულია გარკვეული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მართვის გეგმები, რათა დარეგულირდეს ეს საქმიანობები და/ან აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და რაციონალური გამოყენების საკითხები. ასათვისებელია დაცული ტერიტორიების ისეთი ფუნქციონალური გამოყენება, როგორიცაა ტრადიციული პროდუქტის წარმოება და ხელსაქმე (მაგ. ე.წ. „მწვანე იარლიყის“ მექანიზმების საშუალებით), რათა მოხდეს უნიკალური ადგილობრივი ისტორიული თუ კულტურული გარემოს შენარჩუნება და შემოსავლების გაზრდის სტიმულირება მდგრადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და რესურსების მდგრადი გამოყენების გზით. ბევრი დაცული ტერიტორიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს უცხო ინვაზიური სახეობები. თუმცა არ არსებობს მათი მართვის პროგრამები და არ მიმდინარეობს არავითარი კონკრეტული ღონისძიებები მათი ზეგავლენის შესამცირებლად. არასრულყოფილია დაცულ ტერიტორიებზე სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის სისტემები და არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა. არარეგულარულ ხასიათს ატარებს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობის შეფასება. არ არის სათანადოდ ასახული კლიმატის ცვლილების საკითხები დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებში. დაცული ტერიტორიების უმეტესობა განიცდის ადეკვატური ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის, ასევე, კვალიფიციური კადრების ნაკლებობას.
5.1.3 საზოგადოების ცნობიერება და მონაწილეობადაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი საზოგადოების დაბალი ცნობიერებაა. ამასთან, დაბალია გადაწყვეტილების მიმღებთა ინტერესი და ინფორმირებულობა დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია დაცული ტერიტორიების მართვაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიმართულებით. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო და დაიგეგმა ცალკეული დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებთან არსებული სამეცნიერო‑საკონსულტაციო საბჭოების რეფორმირება საკონსულტაციო საბჭოებად, სადაც ჩართული იქნებიან, მხოლოდ, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები. გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობის უფლება დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებში გაიზარდა. თუმცა, საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ იძლევა, მხოლოდ, უფლებას, მაგრამ არა - ვალდებულებას, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ ითანამშრომლოს ადგილობრივ მოსახლეობასთან, დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებში. კანონმდებლობა არ განსაზღვრავს თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმებსა და პროცედურებს. ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები. თუმცა, სასურველია, ამ პროექტების უფრო ფართოდ გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და ჩართულობის წახალისების მიზნით.
5.1.4 მწირი დაფინანსებამიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა დაცული ტერიტორიების დაფინანსება, მართვის სტრუქტურისა და ფუნქციონირების თითქმის ყველა კომპონენტი განიცდის დაფინანსების ნაკლებობას, მათ შორისაა, ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიცაა: ხელფასები და საოპერაციო ხარჯები. პრაქტიკულად არ არსებობს ფონდები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და დამატებითი კვლევებისთვის, ასევე - საგანმანათლებლო საქმიანობებისთვის. დაფინანსების ნაკლებობა წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს და მთავარი წინაღობაა ეფექტიანი მართვის მხრივ.
5.2 სტრატეგიული მიდგომებიü ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, აუცილებელია დაცული ტერიტორიების სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავება და დაცული ტერიტორიების ძლიერი ქსელის შექმნა, რაც გულისხმობს ფართო ლანდშაფტებში ინტეგრირებული დაცული ტერიტორიების ერთმანეთთან დაკავშირებულ ქსელს. ü საჭიროა ტრანსსასაზღვრო კავშირების უზრუნველყოფა მეზობელი ქვეყნების დაცული ტერიტორიების სისტემებთან. ü საჭიროა დაცული ტერიტორების შესახებ არსებული კანონმდებლობის გავრცობა-დეტალიზაცია და დახვეწა, რაც მოიცავს შემდეგ ასპექტებს: დაცული ტერიტორიების დაარსების ახალი შესაძლებლობების შემოღება; სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები და ამ ტერიტორიებზე დაშვებული თუ აკრძალული საქმიანობები; კანონაღსრულების უფლებამოსილებისა და საზოგადოებრივ-სახელმწიფო (საჯარო) საკუთრების მოდელის გაძლიერება; პარტნიორობის სხვადასხვა საშუალებისა და დაფინანსების ინოვაციური ინსტრუმენტების შემოტანა; საერთაშორისო თანამშრომლობისა და დაცული ტერიტორიების ქსელის დაგეგმვის მოდელის სრულყოფა. ü კანონმდებლობაში უფრო ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს დაცული ტერიტორიების V და VI კატეგორიების დაარსებისა და მართვის საკითხები. ü კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს დამხმარე და ბუფერული ზონების ჩამოყალიბებისა და მართვის საკითხები. ü საჭიროა დაცული ტერიტორიის საზღვრებს გარეთ ტერიტორიის გამოყენებისა და განვითარების ირიბი და პირდაპირი ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილების განხორციელებისთვის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება და დამტკიცება (ყველა დაკავშირებულ კანონში შესწორებებისა და დამატებების შეტანა, კანონქვემდებარე აქტების მიღება). ü დაცულ ტერიტორიებზე უნდა დაინერგოს რესურსების მდგრადი გამოყენების (ტრადიციული გამოყენების ზონებისთვის), ინვაზიური სახეობების მართვისა და კვლევა-მონიტორინგის პროგრამები და შეიქმნას ეფექტიანი და განახლებადი მონაცემთა ბაზები. ü ყველა დაცულ ტერიტორიაზე რეგულარულად უნდა ტარდებოდეს მართვის ეფექტიანობის შეფასებები. ü საჭიროა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებისა და დაინტერესებულ პირთა ყველა ჯგუფებში, გადაწყვეტილების მიმღებთა ჩათვლით. ü უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებში დაინტერესებული ჯგუფების, პირველ რიგში, კი - ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა შესაბამისი მექანიზმების/რეგულაციების შემოღებით. ü დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის უნდა მოხდეს ადეკვატური კომპენსაციის და პოზიტიური წახალისების მექანიზმების შემუშავების საკითხის შესწავლა და დანერგვა. ü საჭიროა თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე აუცილებელი შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება; ყველა დაცული ტერიტორია უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი. ü უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა და პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების უზრუნველყოფა. ü გასაუმჯობესებელია დაცული ტერიტორიების დაფინანსება, მათ შორის, დაფინანსების ინოვაციური მექანიზმების დანერგვისა და ფონდების მოძიების გზით.
5.3 ქმედებების ჩამონათვალი: მიმართულება „დაცული ტერიტორიები“A1-o2.1 - 2, 4 A2-o1.1 - 2 A3-o2.1 A3-o5.3 B1-o2.4 - 10 B2-o1.1 - 3 B4-o1.5 B4-o2.1 B4-o3.1 B6-o1.1 - 2 C2-o1.4 - 17, 19 C2-o2.1 C4-o1.1 C4-o2. 1 – 2 C4-o3. 1 – 3 C4-o4. 1 – 2 C4-o5. 1 – 7 C4-o6. 1 – 2 C4-o7. 1 – 2 C5-o1.3 – 2 C6-o1.1 E1-o2. 1 E2-o2. 3 – 4 E2-o1.3, 8
6. ტყის ეკოსისტემები2005-2011 წლების ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის (საქართველოს მთავრობის 2005 წლს 19 თებერვლის №27 დადგენილება) სატყეო ნაწილი, სამწუხაროდ, მხოლოდ, მინიმალურ დონეზე შესრულდა. ძირითად შემაფერხებელ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია არასაკმარისი დაფინანსება და შეზღუდული შესაძლებლობები; აგრეთვე, სატყეო სექტორის მრავალჯერადი რეორგანიზაცია და პრიორიტეტების მეტისმეტად ხშირი ცვლა. დღეისათვის სატყეო სექტორში შემდეგი ძირითადი პრობლემები იკვეთება: ტყის რესურსების არამდგრადი მართვა და ხშირად უკანონო მოპოვება, ჭარბი ძოვება, ხანძრები, მავნებლები და დაავადებები, მოუწესრიგებელი ნადირობა (იხ. მე-4 თავი: სახეობები და ჰაბიტატები) და კლიმატის ცვლილება; ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტყეებს არასწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურა (იხ. მე-11 თავი: გამჭოლი საკითხები და მმართველობა). ყველა ეს ფაქტორი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ტყის ბიომრავალფეროვნებაზე. ქვეყანაში არსებული ზოგადი სოციო-ეკონომიკური ფონი ხელს უწყობს ზემოჩამოთვლილი პრობლემების და მათი გამომწვევი მიზეზების გაღრმავებას. შესაბამისად, განახლებული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ამ პრობლემების გამომწვევი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა.
6.1 პრობლემების აღწერა6.1.1 ტყის რესურსებით არამდგრადი (მათ შორის, უკანონო) სარგებლობატყის რესურსების არამდგრადი, ხშირად უკანონო გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. 1999 წელს მიღებული საქართველოს ტყის კოდექსის (მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი) მიხედვით, ხის უკანონო ჭრა გულისხმობს ხეების უნებართვო მოჭრას. ეს განმარტება არ არის საკმარისად დეტალური, რის გამოც, გარკვეულ შემთხვევებში, რთულია იმის დადგენა, გვაქვს თუ არა საქმე არალეგალურ ჭრასთან. ბოლო წლებში ტყის უკანონო ჭრის მოცულობის საგრძნობლად შემცირების მიუხედავად, ეს მაჩვენებელი, კვლავ, საკმაოდ მაღალია. დასახლებული პუნქტების სიახლოვეს განლაგებულ ტყეებში მერქნის უკანონო მოპოვების ტემპი ბუნებრივი მატების ტემპს საგრძნობლად აღემატება. შედეგად, ეს ტყეები კრიტიკულ ზღვრამდეა გამეჩხერებული. ტყის მერქნული რესურსებით არამდგრადი და უკანონო სარგებლობის გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბე და ხელმისაწვდომი ალტერნატიული ენერგორესურსების ნაკლებობა. სიტუაციას, ასევე, ამძიმებს ხე-ტყის დამამზადებლებისა და მომხმარებლების არასაკმარისი ინფორმირებულობა; სახელმწიფო ორგანოების შეზღუდული შესაძლებლობები და საკანონმდებლო ხარვეზები ართულებს მონიტორინგსა და კონტროლს. ტყის არამერქნული პროდუქტების გამოყენების კუთხით, გავრცელებულ საქმიანობას წარმოადგენს სოჭის გირჩის, თეთრყვავილას (Galanthus spp.) ბოლქვებისა და ყოჩივარდას (Cyclamen vernum) გორგლების შეგროვება. არსებობს ოფიციალური მონაცემები ლიცენზიით გაცემული მოპოვების მოცულობების შესახებ, თუმცა, სარწმუნო ინფორმაცია არ გვაქვს მოპოვების რეალური მასშტაბების შესახებ. ამიტომ, ძნელია ამ პროცესის მდგრადობის შეფასება. თუმცა, ექსპერტების აზრით, ველურ ბუნებაში ამ რესურსების შემცირება არ შეინიშნება. გარკვეული პრობლემებია ტყის ისეთი არამერქნული პროდუქტების შეგროვების მხრივ, როგორიცაა წაბლი, ველური ხილი, კენკრა და სოკო. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ნებადართულია ამ პროდუქტების უფასოდ შეგროვება პირადი მოხმარებისათვის, თუმცა არ არის დადგენილი მოპოვების ზღვრული რაოდენობები (რომელთა გადაჭარბების შემთხვევაში, პროდუქტების შეგროვება კომერციულ საქმიანობად უნდა ჩაითვალოს), მაშინ, როცა სოფლის მცხოვრებლები ამ პროდუქტებს ხშირად გასაყიდად აგროვებენ. ასევე, არ არის განსაზღვრული ამ პროდუქტების მოპოვების წლიური კვოტები, რაც მათი არამდგრადი მოპოვების საფრთხეს ქმნის. ინფრასტრუქტურული პროექტები (გზების, მილსადენების, შენობა-ნაგებობებისა და წყალსაცავების მშენებლობა), წიაღისეულის მოპოვება (მაგალითად, ჭიათურის მანგანუმის მოპოვება) ღია კარიერული წესით და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, იწვევს გარკვეულ ფართობებზე ტყის საფარის კარგვასა და დეგრადაციას. დღეისათვის აღნიშნული მიზეზებით ტყის საფარის შემცირება შედარებით მცირე ფართობებზე ხდება, მაგრამ მომავალში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე, სათანადო კონტროლის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია ამ პრობლემის გამწვავება. ინფრასტრუქტურული პროექტების ნეგატიური ზემოქმედება ბუნებრივ ეკოსისტემებზე (მათ შორის, ტყეებზე) და ამ პრობლემის მოგვარების გზები უფრო ვრცლად განხილულია მე-11 თავში.
6.1.2 პირუტყვის არამდგრადი ძოვებაპირუტყვის (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ღორი) ჭარბი ძოვება სერიოზულ პრობლემას უქმნის საქართველოს ტყეებს. დასახლებული პუნქტების მახლობლად და ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებზე პირუტყვის გადაჭარბებული რაოდენობის გამო, ხშირია ახლომდებარე ტყეებში არამდგრადი ძოვების შემთხვევები. ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: სოფლად არსებული სიღარიბე და მწირი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარგის არასაკმარისი მხარდაჭერა, არასაკმარისი საძოვრები; მწყემსებისა და საქონლის მეპატრონეების ცნობიერების დაბალი დონე, რაც აფერხებს საქონლის ძოვების უფრო მდგრადი და ეფექტიანი ფორმების დანერგვას. ჭარბი ძოვება ტყეში იწვევს ნიადაგის გამკვრივებას და შემდეგ ეროზიას, ასევე, ტყის ბუნებრივი განახლების უნარის დაკნინებას. სამწუხაროდ, ეს პროცესები ხშირად შეუქცევადი ხდება. 6.1.3 ტყის მავნებლები და დაავადებებიტყის მავნებლები და დაავადებები, მაგ. წაბლის კიბო (Cryphonectria parasitica, ძველი სახელწოდება Endothia parasitica) სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ტყეებს. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კოლხური ბზის ხმობა, ფიჭვის ხმობა თუშეთსა და თბილისის შემოგარენში და სხვა. საქართველოს ტყის კოდექსის თანახმად (მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი), ტყის მფლობელი (მისი სტატუსის მიუხედავად) ვალდებულია, განახორციელოს ტყის მავნებლებისა და დაავადებებისგან დაცვის ღონისძიებები. მაგრამ ტყის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საჭიროებს სატყეო პათოლოგიურ კვლევებს, მონაცემების კამერალურ დამუშავებას, მონიტორინგის სწორად განხორციელებას და აღნიშნულის საფუძველზე, ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების დროულ გატარებას. თუმცა, ამ ღონისძიებების განხორციელება რთულია არასაკმარისი დაფინანსებისა და ტექნიკური შესაძლებლობების სიმწირის პირობებში.
6.1.4 ხე-მცენარეთა არაადგილობრივი და ინვაზიური სახეობებიხელოვნურად გაშენებული ტყეების საერთო ფართობი საქართველოში დაახლოებით 110 000 ჰა-ია. ამ ტყეების გაშენების მთავარი მიზანი ტყის საფარის გაფართოება და ამ გზით, დამატებითი სოციო-ეკოლოგიური სარგებლის უზრუნველყოფა იყო. ხელოვნურად გაშენებული ტყეების დიდი ნაწილი ახლა 50-60 წლოვან მონოკულტურებს წარმოადგენს, სადაც ხშირად, ეგზოტიკური და გარემოსთან ნაკლებად ადაპტირებული სახეობებია გამოყენებული (მაგ. შავი ფიჭვი - Pinus nigra). ბიომრავალფეროვნების მხრივ, ეს მონოკულტურები ბევრად ღარიბია, ვიდრე შერეული ტყის კულტურები, სადაც რამდენიმე ადგილობრივი სახეობა გამოიყენება. საბედნიეროდ, ტყის კულტურებში გამოყენებული არაადგილობრივი სახეობები, ჯერჯერობით არ ავლენენ ინვაზიის ნიშნებს. თუმცა, არაადგილობრივი სახეობებისაგან შემდგარ კორომებში დროთა განმავლობაში იცვლება ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა, რამაც შეიძლება გაართულოს ამ ადგილებში ტყის ადგილობრივი სახეობებისაგან შემდგარი კორომების გაშენება. საქართველოს ტყეებს, განსაკუთრებით ჭალის ტყეებს, საშიშროებას უქმნიან არაკონტროლირებადი ინვაზიური სახეობები (პავლოვნია -Paulownia tomentosa, ჭალის ტყეების შემთხვევაში - ხემყრალა - Ailanthus altissimaდა სხვ.). აუცილებელია საქართველოს ტყეებში გავრცელებული უცხო ხე-მცენარეების მიერ გამოწვეული პოტენციური საფრთხეების დეტალური შეფასება.
6.1.5 ტყის ხანძრებიწარსულში საქართველოს ტყეებში ხანძრებს მასშტაბური ხასიათი არ ჰქონდა და მათგან უმეტესად წიწვოვანი ტყეები ზიანდებოდა, მაგრამ, ბოლო წლებში გახშირებული გვალვების ფონზე, ტყის ხანძრები სერიოზულ პრობლემად იქცა. ტყის ხანძრები ზიანს აყენებს ან სრულიად ანადგურებს ხეებს, ბუჩქებს და აფერხებს ტყის ბუნებრივ განახლებას. ამჟამად, ტყის ხანძრები ყოველწლიური მოვლენაა და ათეულობით, ხშირად კი, ასეულობით ჰექტარზე ვრცელდება. ბოლო პერიოდის ყველაზე სერიოზულ ტყის ხანძარს ადგილი ჰქონდა 2008 წელს, როცა ტყის დაახლოებით 1000 ჰექტარი მნიშვნელოვნად დაზიანდა და ნაწილობრივ მთლინად განადგურდა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ხანძრების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 2500 ჰექტრამდე ტყე განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. ტყის ხანძრებს, ძირითადად, ადამიანის დაუდევრობა, უპასუხისმგებლობა ან სწორი მენეჯმენტის არასაკმარისი ცოდნა იწვევს. მაგალითად, საძოვრებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გავრცელებული პრაქტიკა არასწორად ან უკონტროლოდ ხორციელდება და ცეცხლი ახლომდებარე ტყეებს ედება. ანთროპოგენული და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული ხანძრები მეტად საზიანოა ტყის ბიომრავალფეროვნებისთვის (ბუნებრივი ხანძრებისგან განსხვავებით, როცა შედარებით მცირე მასშტაბის ხანძარმა შეიძლება ხელიც კი შეუწყოს სახეობრივი მრავალფეროვნების გაზრდას ტყის ეკოსისტემაში). ტყის ხანძრების პრევენციისა და მათთან ბრძოლის საკანონმდებლო საფუძველები მოცემულია საქართველოს ტყის კოდექსში, რომლის 97-ე მუხლი მთლიანად ამ საკითხებს ეძღვნება (მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, მე-5 და მე-6 ნაწილები). ამ მუხლში აღწერილია ტყის ხანძრების პრევენციული სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები. ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა მითითებული, რომელიც ტყის მართვის შესაბამის ქვეუწყებებთან და ტყით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებთან შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს. ტყის ხანძრების საკითხს, ასევე, არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №241 „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“. ეს დადგენილება განსაზღვრავს: (ა) ტყის ხანძრებისგან დაცვის ზოგად მოთხოვნებს, (ბ) დეტალურ გამაფრთხილებელ ღონისძიებებს, (გ) ტყის ხანძრებისა და ხანძრის შედეგებთან ბრძოლის ღონისძიებებს. ბოლო წლებში ტყის ხანძრებთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება დაგროვდა სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ არსებული გამაფრთხილებელი და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები არ არის ეფექტიანი. მთიანი რელიეფი, ციცაბო ფერდობები და მისასვლელი გზების ნაკლებობა ძლიერ ართულებს ტყის ხანძრებთან ბრძოლას. შესაბამის ორგანოებს შორის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები) უფრო მკაფიოდ უნდა განისაზღვროს და გადანაწილდეს ტყის ხანძრებზე რეაგირების პასუხისმგებლობები და ფუნქციები.
6.1.6 კლიმატის ცვლილება და ტყის ბიომრავალფეროვნებასაქართველოში უკვე შესამჩნევია კლიმატის ცვლილების ნიშნები, რომლებიც გამოხატულია ისეთ მოვლენებში, როგორებიცაა: უფრო ხშირი და ინტენსიური ნალექები, მომატებული ტემპერატურა, მყინვარების დნობა, ძლიერი წყალდიდობები და ხანგრძლივი გვალვები. გლობალურ დონეზე კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზებია ე.წ. სათბურის გაზების ატმოსფეროში გაფრქვევა, უმეტესად მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სექტორებიდან. სათბურის გაზების საერთო რაოდენობის დაახლოებით 10-15%-ის ემისიას ხელს უწყობს ტყის ეკოსისტემების დეგრადაცია და არასწორი მართვა. რთულია კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების ზუსტი მასშტაბის პროგნოზირება, თუმცა, სავარაუდოა, რომ შედეგები უკიდურესად მძიმე იქნება. „კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ“ საქართველო 1994 წელს შეუერთდა, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს სპეციალური, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელშიც განხილული იქნება ტყის ეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედება.
6.1.7 ტყის არამდგრადი მართვასაქართველოს ტყის კოდექსის თანახმად, საქართველოს ტყეების დაცვისა და მდგრადი მართვის პრინციპები ეფუძნება ქვეყნის კონსტიტუციას, „მდგრადი განვითარების სატყეო პრინციპების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის დეკლარაციას და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, რისკის შემცირებისა და თავიდან აცილების, მდგრადობის და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან პრინციპს. საქართველო მონაწილეობს ტყის მართვასთან დაკავშირებულ საერთაშორისო და რეგიონალურ პროცესებში, როგორიცაა „ევროპის ტყეები“, კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ (1992 წ.), ბერნის კონვენცია (1979 წ.) და ევროპის ლანდშაფტების კონვენცია (2000 წ.). მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ოფიციალური სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი. საქართველოს სატყეო კანონმდებლობა და მართვის სტანდარტები ვერ უზრუნველყოფს ტყის მდგრად მართვას. 2007 წელს სატყეო დეპარტამენტში განხორციელდა რეფორმები. პერსონალის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო დარჩენილი თანამშრომლების ხელფასები გაიზარდა გათავისუფლებული თანამშრომლების სახელფასო ფონდის ხარჯზე. ამ ცვლილებების შედეგად, ერთი ტყის მცველის (რეინჯერის) პასუხისმგებლობაში მყოფი ტყის ფართობი საშუალოდ 5000 ჰექტრამდე გაიზარდა. ამჟამად, ტყის მცველებს არ გააჩნიათ საკმარისი აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებები, რათა ეფექტიანად აკონტროლონ მათ პასუხისმგებლობაში არსებული გაზრდილი სატყეო ფართობები. ასევე, აღსანიშნავია, რომ სატყეო სექტორი განიცდის პროფესიული კადრების მწვავე დეფიციტს. 2008-2009 წლებში ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა ტყის მდგრადი მართვის სერტიფიცირების ეროვნული სტანდარტები, რაც მოიცავს პრინციპებს, კრიტერიუმებს, ინდიკატორებსა და ვერიფიკატორებს. ეს სტანდარტები სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საჭიროებებს. თუმცა ტყეების სერტიფიცირების მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. 2010 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება (№241) „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“, რომელშიც ნათქვამია, რომ ტყის აღდგენა და გაშენება უნდა ტარდებოდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ამ დადგენილების თანახმად, უპირატესობა ენიჭება კონკრეტული გარემო პირობებისთვის დამახასიათებელ ადგილობრივ სახეობებს. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემას (მერქნის დამზადება, ნადირობა) არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს (№132) დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. ლიცენზირების სისტემა გულისხმობს კერძო კომპანიების მიერ ტყითსარგებლობის უფლებას 1-დან 49 წლამდე ვადით (საქართველოს ტყის კოდექსი, 52-ე მუხლი). სამწუხაროდ, ტყეების სარგებლობაში გაცემას წინ არ უძღვოდა მათი დეტალური ინვენტარიზაცია. ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის მფლობელებს დაეკისრათ მთელი რიგი ვალდებულებები, რამაც მათ სერიოზული სირთულეები შეუქმნა, ფინანსური თვალსაზრისით. შედეგად, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიებით კერძო სექტორისთვის სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის დაახლოებით 8%-ია გაცემული. ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების მიერ ხე-ტყის დამზადების საქმიანობა ეფუძნება ტყით სარგებლობის გეგმას. ამ დოკუმენტის მიხედვით, ტყითმოსარგებლე ვალდებულია გაატაროს ტყის დაცვისა და აღდგენის ღონისძიებები, თუმცა, ხშირად, გადაწყვეტილებებს მოსაჭრელი ხეების შერჩევისა და ჭრის მეთოდების შესახებ არასაკმარისი კვალიფიკაციის მქონე პირები იღებენ. უმეტესად, არ არის გათვალისწინებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის მნიშვნელოვანი ასპექტები (მაგ.: გამხმარი ან გადაბერებული ხეების შენარჩუნება, აღმონაცენის დაზიანების შემცირება და სხვ.). პრობლემებია სათემო და მუნიციპალური ტყეების მართვის სისტემის შექმნასთან დაკავშირებითაც. საქართველოს ტყის კოდექსის მიხედვით, ადგილობრივი ტყის ფონდი უნდა იმართებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, მაგრამ ეს ტყეები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯერ არ გადასცემია. არასაკმარისი დაფინანსებისა და შესაძლებლობების გამო, მუნიციპალიტეტები არ არიან მზად პასუხისმგებლობა აიღონ ტყის მართვაზე. 2013 წელს დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით მომზადდა „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა. სატყეო კონცეფციის დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას საქართველოს ტყეების მიმართ, მათი ძირითადი ფუნქციური დანიშნულებისა და ფასეულობების გათვალისწინებით. მისი მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. სატყეო კონცეფცია ეყრდნობა შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: · ტყის მდგრადი მართვის პრინციპი; · სიფრთხილის პრინციპი ტყის დაცვითი ფუნქციებისა და ეკოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად; · პრინციპი: „ყველა ტყე ადგილობრივია“; · პოლიტიკის, მართვის და ზედამხედველობის ფუნქციების გამიჯვნა; · სატყეო სექტორი, როგორც სახელმწიფოს მდგრადი განვითარების შემადგენელი ნაწილი. კონცეფცია აყალიბებს სახელმწიფოს ძირითად პრიორიტეტებს ტყის მართვის სფეროში და ამ მიმართულებებით განსახორციელებელ ქმედებებს: · ტყის მართვის დაგეგმვა; - დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ტყით დაუფარავი ფართობების გაშენება; - ტყითსარგებლობა; · ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება; · ტყის საკუთრება, მართვა და ტყითსარგებლობის უფლება; · კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან ადაპტაცია. ქმედებები, ასევე, გაწერილია კანონმდებლობისა და ინსტიტუციური მართვის, დარგის ადმინისტრირების, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, საზოგადოების ცნობიერებისა და ჩართულობის მიმართულებით. საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციისა და ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის დოკუმენტებზე დაყრდნობით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყო ეროვნული სატყეო პროგრამის განხორციელება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული. პროგრამის ფარგლებში შემუშავდება და განხორციელდება მოქმედებათა გეგმები რამდენიმე თემატური მიმართულებით. ასევე, 2014 წელს დაიწყება ტყის ახალ კოდექსზე მუშაობა. 2013 წლიდან ძირეულად გარდაიქმნა სატყეო სისტემა. შეიქმნა სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო და დაკომპლექტდა 800 საშტატო ერთეულით. გაიზარდა სააგენტოში დასაქმებული ტყის მცველების რაოდენობაც. 2014 წლის თებერვლის მონაცემებით, სსიპ - ეროვნულ სატყეო საგენტოში 569 ტყის მცველი მუშაობდა. შესაბამისად, ერთი ტყის მცველის მიერ დასაცავი ფართობი საშუალოდ 3000 ჰა-მდე შემცირდა. ამავე წელს შეიქმნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახური და საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. აღნიშნული რეფორმის მიზანია გაიმიჯნოს ტყის მართვის, ფიზიკური დაცვის, პოლიტიკისა და საკანონმდებლო უზრუნველყოფის ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლის, 1-ლი და მეორე პუნქტების შესაბამისად, 2013 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ ჩატარებულია ტყეთმოწყობის სამუშაოები მნიშვნელოვან ფართობებზე. ამჟამად, აღნიშნული სამუშაოები გრძელდება სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ და მათი გაგრძელება იგეგმება მომდევნო წლებშიც.
6.2 სტრატეგიული მიდგომებიü საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების თანამედროვე არასახარბიელო მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა, ტყის მართვის არამდგრად პრაქტიკას უკავშირდება. სიტუაციის გამოსწორება ტყის მართვის მდგრადი და ეკოლოგიურად გამართლებული მეთოდების დანერგვის საშუალებით იქნება შესაძლებლი. ტყის მდგრადი ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბების ძირითადი წინაპირობებია: (ა) სატყეო სექტორის ოპტიმალური ინსტიტუციური მოწყობა (მათ შორის, ტყის მართვისა და ტყეზე საკუთრების ფორმების) და (ბ) ეფექტიანი სატყეო კანონმდებლობა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკთხებს. ü ტყის უკანონო ჭრის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა სიღარიბის (განსაკუთრებით სოფლად) დაძლევა და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული ენერგიის წყაროების მიწოდება. თუმცა, ამ საკითხს, მხოლოდ, სატყეო სექტორი ვერ მოაგვარებს. სიღარიბის დაძლევა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ü უნდა ჩამოყალიბდეს და დაინერგოს მერქნის დამზადების, მორთრევისა და გადაზიდვის მონიტორინგისა და კონტროლის ერთიანი სისტემა, რათა მოხდეს საქართველოში დამზადებული ხე-ტყის წარმოშობის უფრო საიმედო იდენტიფიკაცია. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხე-ტყის უკანონოდ დამზადების პრობლემის მოგვარებას. ü ტყეების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში უნდა შემუშავდეს და დაინერგოს ტყის მდგრადი მართვის შესაბამისი სტანდარტები ü ღია ფართობებზე (და არა ბუნებრივი ტყის კორომების ხარჯზე) სწრაფად მზარდი მერქნის პლანტაციების გაშენება დროთა განმავლობაში შეამცირებს ტყეებზე ზეწოლას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პლანტაციებში, პირველ რიგში, ადგილობრივი სახეობები იყოს გამოყენებული. (პლანტაციების გაშენება შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს დაბალმთის სარტყელში, სადაც საბჭოთა პერიოდში პირწმინდად გაიჩეხა ბუნებრივი ტყეები ჩაისა და ციტრუსების პლანტაციებისთვის, ახლა კი ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი მიტოვებულია). ü რამდენიმე წელიწადში ტყის საფარის კლება ნულამდე უნდა დავიდეს. ხოლო ტყის ჰაბიტატების დეგრადაცია მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. ეს ამოცანები რეალისტურია, რადგან ტყის საფარის შემცირების წლიური ტემპი ჯერ კიდევ არ არის მაღალი. შესაბამისი სატყეო ღონისძიებების დანერგვის შემთხვევაში, ტყის ჰაბიტატების დეგრადაცია ახლო მომვალშივე შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს. პირველ რიგში, უნდა დაინერგოს ბუნებრივი ტყის ჰაბიტატების კარგვისა და დეგრადაციის ხარისხის რეგულარული და ამომწურავი შეფასება, რაც ადეკვატური ღონისძიებების დაგეგმვის საშუალებას მოგვცემს. ü ტყეებში პირუტყვის გადაჭარბებული ძოვების პრობლემის მოგვარება რეგულარულ და კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს ეროვნულ დონეზე, რადგან, მხოლოდ, სატყეო სექტორი ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. თუმცა, შესაძლებელია საპილოტე პროექტების განხორციელება, მცირე ზემოქმედების მქონე და ეკოლოგიურად უფრო მდგრადი ძოვების სისტემების დემონსტრირების მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანია მეცხოველეობის ფერმების თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ü უნდა შემუშავდეს და დაინერგოს ტყის ხანძრებთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა. მკაფიოდ უნდა განისაზღვოს ყველა შესაბამისი ორგანოს (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ა.შ.) ფუნქციები და პასუხისმგებლობები. საჭიროა გაძლიერდეს ამ უწყებების შესაძლებლობლები ტყის ხანძრებთან ბრძოლისა და მათი პრევენციის მხრივ. ü დეტალური კვლევებია ჩასატარებელი ტყის მავნებლებითა და დაავადებებით ყველაზე მეტად დაზიანებული კორომებისა და ზოგადად, ამ პრობლემის ხარისხისა და მასშტაბის შესაფასებლად. შემდეგ უნდა მომზადდეს და დაინერგოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ü მაღალი რისკის ქვეშ მყოფ რაიონებში უნდა ჩატარდეს დეტალური კვლევები მცენარეთა ინვაზიური სახეობების გავრცელების მოსალოდნელი საფრთხეების (ან უკვე არსებული ინვაზიების) და ინვაზიური სახეობების გავრცელების გზების იდენტიფიკაციისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება ინვაზიური სახეობების კონტროლის და მათი ზეგავლენის შესარბილებლად. ü საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების თანამედროვე არასახარბიელო მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა ტყის მართვის არამდგრად პრაქტიკას უკავშირდება. სიტუაციის გამოსწორება ტყის მართვის მდგრადი და ეკოლოგიურად გამართლებული მეთოდების დანერგვის საშუალებით იქნება შესაძლებლი. ტყის მდგრადი ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბების ძირითადი წინაპირობებია: (ა) ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა; (ბ) სატყეო სექტორის ადეკვატური ინსტიტუციური მოწყობა და (გ) ეფექტიანი სატყეო კანონმდებლობა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკთხებს. ü მდგრადი სატყეო საქმიანობა, ასევე, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილების და მათთან შეგუების მხრივ. კერძოდ, უნდა გაძლიერდეს ტყის ეკოსისტემების მდგრადობა კლიმატის ცვლილების მიმართ; ტყის ჯანსაღი ეკოსისტემები უფრო მეტ ატმოსფერულ ნახშირბადს შეითვისებენ და აკავებენ. ü უნდა ჩატარდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და წიაღისეულის მოპოვების შედეგად განადგურებული, სახეშეცვლილი ან დეგრადირებული ტყის ფართობების ინვენტარიზაცია, მათი მდგომარეობის შეფასება და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ლანდშაფტურ-ადაპტური მეთოდებით მათი რესტავრაცია. ü მდგრადი და მრავალმიზნობრივი მართვა, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ჩათვლით, მოითხოვს ტყის ოპტიმალური კატეგორიზაციის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, რაც, ასევე, გულისხმობს IUCN-ის V და VI კატეგორიაში მოქცეული ტყეების (დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია), ეკოლოგიური დერეფნებისა და მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ტყეების გამოყოფასა და რუკაზე დატანას. ეს შესაძლებელს გახდის ერთი მხრივ, ყველაზე მოწყვლადი ტყის კორომების (მაგ. ხელუხლებელი ტყეების) ეფექტიან დაცვას და, მეორე მხრივ, იმ ტყეებით ეფექტიან სარგებლობას, რომლებშიც შედარებით უფრო დიდი მოცულობითაა მერქნის რესურსები. ü ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ყველა მონაწილე უწყების შესაძლებლობების გაძლიერება. სათანადო ტრენინგები და კონსულტაციები უნდა ჩაუტარდეთ მეტყევეებს, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სპეცილისტებს, საველე მეხანძრეებს და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს. ü მნიშვნელოვანია სატყეო დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება და მომავალი სპეციალისტების მომზადება, გენდერული ბალანსის გათვალისწინებით. ამ მიმართულებით ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის (რომელიც წარმოადგენს საქართველოში პროფესიონალ მეტყევეთა მომზადების ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრს) და სხვა შესაბამის სასწავლებლებში უნდა დაინერგოს თანამედროვე სასწავლო პროგრამები, რომლებიც ტყის მდგრადი მართვის და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საუკეთესო პრაქტიკაზე იქნება დამყარებული. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შექმნილია სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ხელი შეუწყოს სამინისტროს შესაბამისი პროფესიული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და გარემოს დაცვის სფეროში შესაბამისი სპეციალისტების პროფესიონალად ჩამოყალიბებას. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტო გეგმავს ტრენინგ ცენტრის შექმნას. ü საქართველოში უნდა განვითარდეს სათემო ტყეები და მათი მართვა სრულად უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ქალების, როლს და უფლებას ტყის არამერქნული რესურსების შეგროვების კუთხით.
6.3 ქმედებების ჩამონათვალი: მიმართულება „ტყის ეკოსისტემები“B1-o1. 1 – 2 B1 o2. 1 – 5 B1-o2.6 B1-o2. 7 – 10 C2-o1. 19 C3-o1. 1 – 3 C3-o2. 1 – 4 E1-o2. 1 – 2
7. აგრარული ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი სათიბ-საძოვრებიაგრარული ბიომრავალფეროვნება (მათ შორის, აგრარული ეკოსისტემები) და ბუნებრივი სათიბ-საძოვრები, რომლებსაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 43% უკავია, საქართველოს ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია. საბჭოთა პერიოდში გეგმიური ეკონომიკის სპეციალიზაციის პოლიტიკამ და ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლამ, აგრარული ეკოსისტემების სერიოზული დეგრადაცია და სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური რესურსების შემცირება გამოიწვია. ეს პროცესი კიდევ უფრო ინტესიური გახდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც სახელმწიფო კოლექციები და სასელექციო სადგურები განადგურდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორის სპონტანური და ქაოტური განვითარების გამო, გაიზარდა ნეგატიური ზეგავლენა აგროეკოსისტემებზე და ბუნებრივ სათიბ-საძოვრებზე. 2000 წლიდან განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის მიზანიც საქართველოში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გაუმჯობესება იყო; დაარსდა საველე კულტურების გენბანკი ლომაურის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში განახლდა და გამდიდრდა მცენარეებისა და მიკროორგანიზმების არსებული ცოცხალი კოლექციები; დაარსდა „აგრო - ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი“; განხორციელდა მინდვრის კულტურების ზოგიერთი ადგილობრივი ჯიშის კონსერვაცია; მოხდა დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების, ქარსაცავი ზოლებისა და ტყისპირა ტერიტორიების რეაბილიტაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და სხვ. სამწუხაროდ, ეს მცდელობები საკმარისი არ აღმოჩნდა საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების მომატებულ დეგრადაციასა და გენეტიკურ ეროზიასთან გასამკლავებლად. ამჟამად, საჭიროა ეფექტიანი ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აგროეკოსისტემებისა და ბუნებრივი საკვები სავარგულების აღდგენასა და მდგრად გამოყენებას და, აგრეთვე, მცენარეთა და შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების, კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების (სურსათად შეგროვებული და სამკურნალო მცენარეების ჩათვლით), მიკროორგანიზმებისა და სოკოების გენეტიკური რესურსების in situ და ex situ კონსერვაციას. ეს სისტემა მიმართული უნდა იყოს იმ ძირეული მიზეზების აღმოფხვრისკენ, რომლებიც აგრარული ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების დეგრადაციას უწყობს ხელს.
7.1 პრობლემების აღწერა7.1.1 ინფორმაციის ნაკლებობაინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის, მიზნობრივი დაფინანსების, ასევე, მეთოდოლოგიის ნაკლებობის გამო, არ ჩატარებულა კულტურულ მცენარეთა ადგილობრივი ჯიშების, მათი ველური მონათესავე სახეობების, სამკურნალო და სასურსათო მნიშვნელობის ველურად მზარდი მცენარეების ინვენტარიზაცია (მათ შორის, არც დაცულ ტერიტორიებზე). არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების შესახებ (ფართობი და ნაკვეთების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით) და არ არის შესწავლილი მათი მდგომარეობა (გამოყენება, დატვირთვა, მცენარეული საფარი, ნაყოფიერების მაჩვენებელი და ა.შ).
7.1.2 ინსტიტუციური და საკანონმდებლო ხარვეზებიშესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის არარსებობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მხრივ. საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს აგრარული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობასა და მისი კონსერვაციის მექანიზმებს; გარემოს დაცვის შესახებ კანონმდებლობაში აგრარული ბიომრავალფეროვნება ნახსენები საერთოდ არ არის. საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივ ჯიშებს (ლენდრასებს), ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტებს, ტრადიციულ პროდუქტებსა და მათთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნას არ განიხილავს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. არ არის მკაფიოდ განსაზღვრული კონკრეტული სახელმწიფო ორგანოებისა და/ან სამეცნიერო დაწესებულებების ვალდებულებები აგრარული ბიომრავალფეროვნების ex situ და in situ კონსერვაციის კუთხით. საქართველოს არ მოუხდენია ბიომრავალფეროვნების კონვენციის „ნაგოიას ოქმის“ რატიფიკაცია „გენეტიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ“; ასევე, საქართველო არ არის „სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვან მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების[6]“ წევრი და შესაბამისი საკითხები არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში. კანონმდებლობა არ განსაზღვრავს სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვან გენეტიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობის, მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილებისა და „ბიომეკობრეობისგან“ (და/ან მათი დასახელებების უკანონო გამოყენებისგან) დაცვის მექანიზმებს. ეს აფერხებს საერთაშორისო თანამშრომლობას სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსების საკითხებში. შესაბამისი კანონმდებლობის არსებობის მიუხედავად, სრულყოფილად ვერ სრულდება ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი. დახვეწას საჭიროებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ის ნაწილი, რომელიც აგრარულ ბიომრავალფეროვნებას ეხება.
7.1.3 საზოგადოების დაბალი ცნობიერება აგრარული ბიომრავალფეროვნების შესახებაგრარული ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების დაბალი ცნობიერება განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობასა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის წარდგენილი ინფორმაცია ხშირად არ არის სათანადო ხარისხის. ეს კი, თავის მხრივ, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტების (განსაკუთრებით ახალგაზრდების) ნაკლებობას უკავშირდება. აგრარული ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით მისი ex situ კონსერვაციის, საკითხები ნაკლებად შუქდება მედიის მხრიდან და არც სასკოლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებშია ასახული.
7.1.4 სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსების in situ კონსერვაციასაქართველოში ე.წ. „ფერმაზე კონსერვაციის“ ღონისძიებები, მხოლოდ, საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამასთან, ყველა ინიციატივა აწყდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: ადგილობრივი ჯიშების სათესლე და სანერგე მასალის შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ზოგიერთი ადგილობრივი ჯიშის მოყვანასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ცოდნის დეფიციტი, ადგილობრივი ჯიშებისა და მათი პროდუქტების დაბალი ცნობადობა ბაზარზე. საქართველოში სუსტადაა განვითარებული სათესლე და სარგავი მასალების სელექცია/წარმოება, ასევე, ტრადიციული პროდუქტების სტარტერების წარმოება. არ არსებობს სახელმწიფო ხედვა და სტრატეგია, კვლევით ინსტიტუტებსა და მეწარმეებს შორის თანამშრომლობის წახალისების პროგრამები, მცენარეთა ადგილობრივი ჯიშების სათესლე და სარგავი მასალის გავრცელებისა და ცხოველთა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ჯიშების მოშენების სამართლებრივი ჩარჩო. შემოყვანილ ჯიშებთან უკონტროლო შეჯვარების გამო, შეინიშნება შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშების გენეტიკური ეროზია. გაუქმებულია კანონი, რომელიც ჯიშის სიწმინდის შენარჩუნების მიზნით, კრძალავდა საქართველოში ფუტკრის ინვაზიური ჯიშების შემოყვანას. ამით, საფრთხე შეექმნა ფუტკრის ადგილობრივ სახეობას (Apis melliferea caucasica).
7.1.5 კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების, ველურად მზარდი სამკურნალო და სასურსათო მცენარეების გენეტიკური ეროზიაკულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების, სამკურნალო და სასურსათო მნიშვნელობის ველურად მზარდი მცენარეების გენეტიკური ეროზია უკავშირდება ჰაბიტატის დეგრადაციას (ლანდშაფტების ფრაგმენტაცია არამდგრადი მიწათმოქმედებისა და ძოვების გამო), ახალი მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას და ბუნებიდან ამ რესურსების უკონტროლო მოპოვებას კომერციული მიზნებით. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კულტურულ მცენარეთა ადგილობრივი ჯიშების, ველური მონათესავე სახეობების, სამკურნალო და სასურსათო მნიშვნელობის ველურად მზარდი მცენარეების კონსერვაციის სტრატეგიისა და მათ შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაც. ასევე, უცნობია ამ სახეობების გავრცელება და კონსერვაციული სტატუსი დაცულ ტერიტორიებზე.
7.1.6 სამეცნიერო ინსტიტუტების ex situ კოლექციებიარ არსებობს მცენარეთა გენეტიკური რესურსების ex situ კონსერვაციის სახელმწიფო სტრატეგია და ხედვა და არც ერთ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებას ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ex situ კონსერვაციის სფეროში. რეგულირებას საჭიროებს მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების შენარჩუნებასთან და კოლექციებში დაცულ გენეტიკურ მასალაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები. უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების კოლექციების უმეტესობას არ აქვს ოფიციალური სტატუსი და მოკლებულია სტაბილურ სახელმწიფო დაფინანსებას. გაუმჯობესებას საჭიროებს სამეცნიერო ინსტიტუტების ex situ კოლექციების მართვა. კოლექციების მონაცემთა ბაზები არასრულყოფილია ან საერთოდ არ არსებობს; ნიმუშები ხშირად შეცდომით ან არასრულყოფილადაა აღწერილი; მართვის მეთოდები/არსებული დაფინანსება ვერ უზრუნველყოფს კოლექციების გენოფონდის განახლებას და ბუნებრივი კატაკლიზმების, დაავადებებისა და სხვა ფაქტორების გამო განადგურებისგან დაცვას. კოლექციების საქმიანობა სუსტად არის დაკავშირებული სამეწარმეო სექტორთან და სელექციურ საქმიანობასთან. კვლევითი ინსტიტუტების პრივატიზაცია/რეორგანიზაციის შემდგომ, გაურკვეველია არსებულ კოლექციებში დაცულ გენეტიკურ რესურსებთან ქართველი მეცნიერების/ფერმერების თავისუფალი ხელმისაწვდომობის საკითხები. მიზნობრივი შეგროვების ექსპედიციების ნაკლებობის გამო, ქვეყანაში არ არის ყველა საჭირო ტიპის კოლექცია (მაგ. არ არსებობს შინაური ცხოველების სპერმის გენბანკი/სანაშენე მეურნეობები), ხოლო არსებულ კოლექციებში - დაცული ნიმუშების რაოდენაობა არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველო არ არის „სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვან მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების წევრი, რაც აფერხებს საერთაშორისო გენბანკებიდან ნიმუშების (მათ შორის, საქართველოში გამქრალი ადგილობრივი ჯიშების ნიმუშების) უფასოდ გამოთხოვის საშუალებას.
7.1.7 სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების დეგრადაციასერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნიადაგების დეგრადაცია/ეროზია. სოფლის მეურნეობის არსებული პოლიტიკა ხელს არ უწყობს სასოფლო მეურნეობებში სანიმუშო სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის (მაგ.: აგროქომიკატების მდგრადი გამოყენება, ირიგაციის, მიწის დამუშავებისა და მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიები) გამოყენებას, აგროეკოლოგიური მეთოდების (ლანდშაფტების დაგეგმარება, ქარსაცავი ზონების გაშენება, კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის ფილტრაცია და სხვ.) გამოყენებისა და ბიომეურნეობის განვითარებას. არ არსებობს ძლიერ ეროზირებული, მძიმე ლითონებითა და რადიონუკლიდებით დაბინძურებული ნიადაგების აღდგენის ან უარყოფითი შედეგების შემცირების ადეკვატური პროგრამები. ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება და მოდიფიკაცია (ბუფერული ზონების შემცირება, მონოკულტურული წარმოება), ინსექტიციდების არასწორი მოხმარება და მავნე ზეგავლენის მქონე აგროქიმიკატების გამოყენება იწვევს სასარგებლო მწერების პოპულაციების შემცირებას.
7.1.8 გადაძოვება და ბუნებრივი საძოვრების დეგრადაციაკანონმდებლობა და სახელმწიფო პროგრამები არ განსაზღვრავს საერთო საძოვრების მდგრადი გამოყენების ინსტიტუციურ ჩარჩო-პირობებს, რაც არაორგანიზებულ და უსისტემო ძოვებაში გამოიხატება. ბუნებრივი საძოვრების დეგრადაციას, ფერმერთა ცოდნის ნაკლებობასთან ერთად, ხელი შეუწყო საძოვრების არასწორმა, არამიზნობრივმა პრივატიზაციამ და იჯარით გაცემამ, ასევე, სოფლების საერთო სარგებლობაში არსებული საძოვრების მართვის კონტროლის მექანიზმების არარსებობამ. ამჟამად, სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი რეგულაციები და მექანიზმები, რათა უზრუნველყოს, როგორც კერძო, ასევე - სოფლების საერთო სარგებლობაში არსებული საძოვრების გამოყენების კონტროლი, წაახალისოს საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დაცვა და ნაყოფიერების ამაღლების კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
7.1.9 ბუნებრივი სათიბ-საძოვრები და კლიმატის ცვლილებაკლიმატის ცვლილების მიმართ ძლიერ მგრძნობიარეა ალპური და სემიარიდული სათიბ-საძოვრები. ცხადია, რომ გლობალური ტემპერატურის მატებას ძლიერი ზემოქმედება ექნება მაღალი მთის, დაბალ ტემპერატურებთან შეგუებულ მცენარეთა სახეობებზე. მოსალოდნელია მათი ჩანაცვლების პროცესების განვითარება თერმოფილური (სითბოს მოყვარული) სახეობებით, რომელთა გავრცელება აქამდე მაღალი სიმაღლეებისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურებით იყო შეზღუდული. ამ პროცესის შედეგად, სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი ალპური მდელოების მცენარეულობაში, შემდეგ კი - სუბნივალურ კომპლექსებშიც. სარწმუნო კვლევების ნაკლებობის გამო, მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილება საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე, მაღალი მთის, წყალჭარბ თუ სემიარიდულ ეკოსისტემებზე.
7.2 სტრატეგიული მიდგომებიü საჭიროა ჩატარდეს კულტურულ მცენარეთა ადგილობრივი ჯიშების, ველური მონათესავე სახეობების, სამკურნალო და სასურსათო მნიშვნელობის ველურად მზარდი მცენარეების ინვენტარიზაცია; უნდა შეფასდეს მათი მდგომარეობა და შეიქმნას სასურსათო მნიშვნელობის გენეტიკური რესურსების წითელი ნუსხა; ü უნდა განხორციელდეს კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების კომპაქტურად წარმოდგენილი რეპრეზენტატული უბნების გამოყოფა და რუკაზე დატანა; ü საქართველო უნდა შეუერთდეს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის „ნაგოიას ოქმს“ „გენეტიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ“ და „საერთაშორისო შეთანხმებას სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვან მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“. კანონმდებლობაში კი უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა განისაზღვროს სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვან გენეტიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობის, მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილებისა და „ბიომეკობრეობისგან“ (და/ან მათი დასახელებების უკანონო გამოყენებისგან) დაცვის მექანიზმები;
ü საჭიროა ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშებისა და მათი მონათესავე ველური სახეობების, ტრადიციული ფერმენტირებული პროდუქტების მიკროფლორის ფორმირებაში მონაწილე მიკროორგანიზმებისა და სოკოების კონსერვაცია „ფერმაზე კონსერვაციის“ ღონისძიებების გზით. ü აუცილებელია ex situ კონსერვაციის სისტემის განვითარება ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების, კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების, მიკროფლორისა და ტრადიციული ფერმენტირებული პროდუქტების მიკროფლორის ფორმირებაში მონაწილე მიკროორგანიზმებისა და სოკოების კონსერვაციისთვის ცოცხალ კოლექციებში. ü უნდა ჩატარდეს საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ეკოლოგიური მდგომარეობისა და ეკონომიკური შეფასებები. ü უნდა შეიქმნას აგრარული ეკოსისტემებისა და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების მდგრადი გამოყენების სტრატეგია და მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების სამოქმედო დოკუმენტებში შესაბამისი ქმედებების ჩართვა; ü აუცილებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზაფხულის და ზამთრის საძოვრების სრული ინვენტარიზაცია და მათი მდგომარეობის შეფასება; სახელმწიფომ წინასწარ უნდა შეიმუშავოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზაფხულის და ზამთრის საძოვრების პრივატიზაციის და/ან იჯარით გაცემის პირობები; ü საჭიროა სოფლის მეურნეობაში უარყოფითი ზემოქმედების მქონე ფაქტორებისა და მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარული საშუალებების გამოყენების არასახარბიელო ზეგავლენის შემცირება; ü უნდა გაუმჯობესდეს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზა აგროეკოსისტემებისა და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების კონსერვაციის, ასევე, სოფლის მეურნეობის მიერ გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით; ü უნდა მოხდეს ბიომეურნეობების წახალისება და მდგრადი მართვის პრაქტიკისა და სერტიფიცირების სისტემების შემოღება სოფლის მეურნეობასა და სათიბ-საძოვრების გამოყენების სფეროებში; ü უნდა გაუმჯობესდეს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ის ნაწილი, რომელიც ეხება აგრარულ ბიომრავალფეროვნებასა და სათიბ-საძოვრებს; ü უნდა ჩატარდეს აგრარულ ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივ სათიბ-საძოვრებზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება; ü აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება (ა) ქვეყნის აგრარული ბიომრავალფეროვნების ფასეულობებზე, და (ბ) იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა აგრარული ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების კუთხით.
7.3 ქმედებების ჩამონათვალი: მიმართულება „აგრარული ბიომრავალფეროვნება და ბენებრივი სათიბ-საძოვრები“A2-o1. 4 A.2-o1.6 A.3-o2.1 A3-o3.1 A3-o3. 5 A3-o4. 5 – 8 B1-o1. 5 B1-o2. 6 B3-o2. 1 – 3 B4-o1. 1 – 5 B4-o2. 1 – 3 B4-o3. 1 – 3 C1-o1. 6 C5-o1. 1 – 7 C5-o2. 1 – 8 D1-o1. 1 – 2 D2-o1.2 E2-o1. 1 E2-o1. 5
8. შიდა წყლების ეკოსისტემებისაქართველო მდიდარია წყლის რესურსებით; ქვეყანაში 26 ათასზე მეტი მდინარე, 860-მდე ტბა, 12 წყალსაცავი და მრავალი თევზსაშენი ტბორია. საქართველოს შიდა წყლებში გვხვდება 80-ზე მეტი სახეობის თევზი, 100-ზე მეტი სახეობის კიბოსნაირი, 58 სახეობის მოლუსკი (წყლის უხერხემლოთა სხვა ჯგუფებზე ინფორმაცია არასარწმუნო და დაუზუსტებელია), 2 600-ზე მეტი წყალმცენარე. კოლხეთის დაბლობზე და ჯავახეთის ზეგანზე განლაგებული ჭარბტენიანი ეკოსისტემები მნიშვნელოვან ჰაბიტატებს წარმოადგენენ გადამფრენი ფრინველებისთვის. კოლხეთის ეროვნულ პარკში და მის მიმდებარედ აღწერილია 300 სახეობის, ხოლო ჯავახეთის ზეგანზე - 91 სახეობის ფრინველი. საქართველოში არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო შიდა წყლის ეკოსისტემების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენებისთვის და ქვეყანა მიერთებულია ამ მხრივ მნიშვნელოვან კონვენციებსაც („კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ - ე.წ. „რამსარის კონვენცია“, „კონვენცია მიგრირებადი სახეობების შესახებ“). მიუხედავად ამისა, კანონმდებლობის დახვეწისა და მისი აღსრულების კუთხით, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ეკოსისტემები არ არის დაცული და/ან არამდგრადად იმართება, რის გამოც გრძელდება მათი მოდიფიკაცია ანთროპოგენური ფაქტორების ზეწოლის შედეგად. ამას ემატება ინვაზიური სახეობებიც და შედეგად ვიღებთ ფრაგმენტირებულ ჭარბტენიან ეკოსისტემებს, რასაც სერიოზული ზეგავლენა აქვს შიდა წლების ჰაბიტატებზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წყლის ფრინველებზე.
8.1 პრობლემების აღწერა8.1.1 დაბინძურებასაქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურება ისეთი ორგანული ნივთიერებებითა და მძიმე მეტალებით (მაგ.: ფენოლი, ნახშირწყალბადები, სპილენძი, მანგანუმი, თუთია, ნიტრატები) მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმებს. ბოლო წლებამდე ქვეყნის დაბლობ რაიონებში ზედაპირული წყლები ძლიერ იყო დაბინძურებული ქიმიური სასუქებით, სამრეწველო ჩამდინარე და საკანალიზაციო წყლებით. პირველი ორი ფაქტორი საგრძნობლად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმიანობის მასშტაბების შემცირების გამო. თუმცა, სავარაუდოა, რომ წყლის აუზების ფსკერზე არსებულ დანალექებ შრეებში კვლავ დიდია სახიფათო ელემენტების (მაგ. მძიმე მეტალების) კონცენტრაცია. ამჟამად, ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია კომუნალური საკანალიზაციო სისტემები, სამედიცინო დაწესებულებები და სამრეწველო ობიექტები.
8.1.2 უკანონო თევზჭერასერიოზულ პრობლემად რჩება უკანონო თევზჭერის მაღალი დონე. ადგილობრივი ბრაკონიერები თევზაობისას ხშირად იყენებენ ისეთ აკრძალულ მეთოდებს, როგორებიცაა: ელექტრომოწყობილობები, მომწამვლელი და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ეს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შიდა წყლების როგორც იქთიოფაუნას, ისე - მთელ ცოცხალ სამყაროს.
8.1.3 თევზჭერა შიდა წყალსატევებშისაქართველოს შიდა წყალსატევებში სარეწაო თევზის მოპოვება ექვემდებარება ლიცენზირებას. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. შიდა წყალსატევებში თევზჭერისათვის ლიცენზიას არ ექვემდებარება: სამოყვარულო და სპორტული თევზაობა, თევზჭერა სამეცნიერო მიზნით და თევზჭერა პალიასტომის ტბაში. დღეისათვის თევზჭერის ლიცენზია გაცემულია 6 წყალსატევზე, ესენია: ტაბაწყურის ტბა, ნადარბაზევის ტბა, ჯანდარის ტბა, წალკის წყალსაცავი, სანტას ტბა და სულდის ტბა. აგრეთვე, გაცემულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის 4 ლიცენზია, თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავზე, შაორის წყალსაცავზე, დალის წყალსაცავზე და მდ. ყვირილას ქვემო მონაკვეთზე. გარდა აღნიშნულისა, ერთი თევზჭერის ლიცენზია გაცემულია ზუთხისებრთა ტყვეობაში გამრავლების მიზნით, მდინარეებზე: რიონი, სუფსა და ჭოროხი. შიდა წყალსატევებში თევზჭერისათვის დადგენილია სალიცენზიო პირობები, რომლებიც ერთნაირია ყველა ლიცენზიისთვის და ასახულია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. ყოველი კონკრეტული წყალსატევისთვის, წინასწარი შეფასების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, შესაძლოა დადგინდეს თევზჭერის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, ე.წ. დამატებითი სალიცენზიო პირობები. მათში მოცემულია კონკრეტულ წყალსატევში თევზჭერის ლიცენზიის გაცემის პირველ წელს მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა (კვოტა), წყალსატევის დათევზიანების და სხვა მოთხოვნები. უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზირებისას, წყალსატევების და მათი რესურსის შეფასების პროცესი საჭიროებს გაუმჯობესებას, შეფასების მეთოდების დახვეწის, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ან/და კვალიფიციური კადრების მოზიდვის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
8.1.4 ინფრასტრუქტურის გავლენა შიდა წყალსატევებზეშიდა წყალსატევებზე და მათში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე დიდ გავლენას ახდენს ინფრასტრუქტურული ობიექტების (როგორებიცაა: კაშხლები, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, მილსადენები, ხიდები და ა.შ.) მშენებლობით და ფუნქციონირებით გამოწვეული ზემოქმედება. ამიტომ, ასეთი პროექტები გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული: თევზის სამიგრაციო გზების ბლოკირება; მისი გამრავლების, გადაადგილების, აღწარმოების პირობების შეზღუდვა; საკვები ბაზის შემცირება/განადგურება; წყლის დაბინძურება და მისი ხარისხის გაუარესება; წყლის ნაკადის შემცირება; ზოგადად, წყლის ეკოსისტემის დეგრადაცია; გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მოსპობა და სხვა უარყოფითი ზემოქმედება. ამიტომ, წყალსატევში, ან მის სიახლოვეს საქმიანობისას, გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული წყალსატევის და მისი აუზის ეკოლოგიური მახასიათებლები და ფასეულობები. ამასთან გამოყენებული უნდა იყოს ისეთი საპროექტო გადაწყვეტები, ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანას.
8.1.5 აკვაკულტურა შიდა წყალსატევებშისაქართველოს შიდა წყალსატევები მდიდარია აკვაკულტურის განვითარებისთვის ხელსაყრელი რესურსებით. ამჟამად, საქართველოში დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი აკვაკულტურის მეურნეობა. მიუხედავად ამისა, ამ რესურსების გამოყენების დონე დღეისათვის საკმაოდ დაბალია. მრავალრიცხოვანი წყაროების, მდინარეების, ტბების, მიწისქვეშა წყლების (გეოთერმულის ჩათვლით), წყალსაცავების, საირიგაციო არხების და ტბორების არსებულ საწარმოო პოტენციალს შეუძლია უზრუნველყოს ქვეყანაში აკვაკულტურის მზარდი წარმოება და სოფლის მოსახლეობის დასაქმება. შიდა წყალსატევებში თევზის ბუნებრივი რესურსების შემცირება, მათი საარსებო გარემოს დეგრადაცია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებზე და აქვეითებს სოციალურ კეთილდღეობას ქვეყანაში. ამავე დროს, აკვაკულტურის განვითარება გამოიწვევს რეწვის წნეხის შესუსტებას ბუნებრივ რესურსებზე და გაზრდის ჩასასმელი მასალის მიწოდებას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი წყლის ორგანიზმების პოპულაციების აღსადგენად. თუმცა, სუსტი მართვის შემთხვევაში აკვაკულტურის განვითარებამ შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს ეკოსისტემებზე და საბოლოოდ ზიანი მიაყენოს როგორც გარემოს, ისე - სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებს. აშკარაა, რომ აკვაკულტურის შემდგომი განვითარება გამოიწვევს კულტივირების ზონების გაფართოებას, აკვაკულტურის მეურნეობების გამსხვილებას, ისეთი საკვები რესურსის გამოყენებას, რომელიც ხშირად წარმოებულია კონკრეტული ზონების ფარგლებს გარეთ. თავის მხრივ, ადამიანის სხვა საქმიანობების შედეგად წარმოქმნილმა რისკებმა, მაგალითად წყლის გარემოს დაბინძურებამ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აკვაკულტურის განვითარებას ქვეყანაში.
8.1.6 ინვაზიური სახეობებიშიდა წყალსატევების ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის ინვაზიური სახეობები. ამის თვალსაჩინო მაგალითია ძლიერ ინვაზიური სახეობის - კარჩხანას საქართველოში შემოყვანა და სწრაფი გავრცელება. ამჟამად, იგი ყველაზე გავრცელებული თევზია ქვეყნის შიდა წყალსატევებში. ამ პროცესის დეტალური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ, სავარაუდოდ, კარჩხანამ სერიოზული ზეგავლენა იქონია სხვადასხვა წყალსატევის იქთიოფაუნაზე. შესამუშავებელია ცხოველთა ინვაზიური სახეობების შემოყვანა-გავრცელებაზე კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები. ასევე, საჭიროა ინვაზიური სახეობების ინვენტარიზაცია და მონიტორინგის წარმოება. 8.1.7 ინფორმაციის ნაკლებობასაქართველოს შიდა წყლების ბიომრავალფეროვნების შესახებ არსებული მონაცემები მეტად მწირია. უცნობია მტკნარი წყლის თევზების, მათ შორის, კავკასიის ენდემების პოპულაციების მდგომარეობა. არ ჩატარებულა წყალჭარბი ეკოსისტემების სრული ინვენტარიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დააფუძნა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემა და დაიწყო ამ კუთხით საქმიანობა, შიდა წყლების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოება კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება. პრობლემას წარმოადგენს, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების სიმწირე. სათანადო კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია შიდა წყალსატევების ბიომრავალფეროვნების (მათ შორის, იქთიოფაუნის) შესახებ მოძველებული, ფრაგმენტული, უსისტემო და შესაბამისად არასარწმუნოა. ეს მნიშვნელოვნად ართულებს კონკრეტული ღონისძიებების დასახვას და თევზჭერის მდგრად მართვას.
8.2 სტრატეგიული მიდგომებიშიდა წყალსატევების ბიოლოგიური რესურსების დაცვისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა არსებული კანონმდებლობის დახვეწა და ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შემოღება, მათ შორის, კონტროლის ეფექტიანად განხორციელების კუთხით. ü საჭიროა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებთან მიმართებით ახალი კონსერვაციული მიდგომების დანერგვა და ასეთი სახეობებისთვის საკონსერვაციო გეგმების მომზადების ხელშეწყობა; ü სრულყოფილად უნდა ამოქმედდეს შიდა წყალასატევებისა და მათი ბიომრავალფეროვნების, ასევე, წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, ეფექტიანი ქმედებების დაგეგმვის მიზნით; ü ჩასატარებელია საქართველოს შიდა წყლების ბიომრავალფეროვნების სრულყოფილი ინვენტარიზაცია; ü უნდა განხორციელდეს საქმიანობა განსაკუთრებით ღირებული და/ან მოწყვლადი წყალჭარბი ეკოსისტემების დაცულ ტერიტორიებად გამოცხადების კუთხით; ü უნდა მოხდეს ინვაზიური სახეობების იდენტიფიკაცია, ინვაზიის გზების დადგენა და საფრთხეების განსაზღვრა, მათი აღმოფხვრის, ან შერბილებისათვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ü შიდა წყლების ეკოსისტემებთან შეხებაში მყოფი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრულყოფილად ჩატარების უზრუნველყოფა: შეფასების მეთოდიკების მომზადება და/ან შესაბამის კანონმდებლობაში ასახვა; საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური საკომპენსაციო ქმედებების გატარების ვალდებულებისა და კომპენსაციის მექანიზმების კანონმდებლობაში ასახვა; ü შიდა წყლების და მათი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისათვის, საჭიროა სათანადო რესურსის (მატერიალური, ტექნიკური, ადამიანური) მობილიზება და მოზიდვა, აგრეთვე, სპეციალისტთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; ü საჭიროა აკვაკულტურაში ეკოსისტემური მიდგომის დანერგვა, რაც გულისხმობს საქმიანობის ინტეგრირების სტრატეგიის შემუშავებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დარგის მდგრად განვითარებას.
8.3 ქმედებების ჩამონათვალი: მიმართულება „შიდა წყლის ეკოსისტემები“B3-o3. 1 – 4 B5-o1. 5 B5-o2.1.- 3 C6-o2. 1 – 3
9. შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაშავი ზღვის წყალშემკრები აუზი 2 მლნ. კმ2-ია, რაც კონტინენტური ევროპის მესამედს მოიცავს და ხუთჯერ აღემატება თავად ზღვის ფართობს. შესაბამისად, შავ ზღვაში მდინარეებს ძალიან დიდი მოცულობის ჩამონატანი შეაქვთ. შავი ზღვა შედარებით ღარიბია სახეობებით, რაც, ძირითადად, გამოწვეულია სასიცოცხლოდ ვარგისი სივრცის ნაკლებობით, ასევე, ტემპერატურისა და მარილიანობის კონტრასტით მიმდებარე წყალსატევებთან. რთულ და შედარებით იზოლირებულ პირობებში განვითარებამ შავი ზღვის სახეობებში სპეციფიკური ადაპტაციების ჩამოყალიბება გამოიწვია, რითაც ისინი მონათესავე სახეობებისაგან ან იმავე სახეობების სხვა პოპულაციებისგან გამოირჩევიან. შავი ზღვა მსოფლიოში ერთ‑ერთ ყველაზე დაბინძურებულ ზღვად ითვლება. მისი ეკოსისტემების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა უკანასკნელ ათწლეულებში. დიდი აუზისა და ნახევრადიზოლირებული მდგომარეობის გამო, შავი ზღვა ძლიერად განიცდის ისეთი ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენას, როგორებიცაა: ევტროფიკაცია, ქიმიური დაბინძურება, არამდგრადი თევზჭერა, უცხო სახეობების ინვაზია, ბუნებრივი ჰაბიტატების მოდიფიკაცია. შავი ზღვის და ზღვისპირა ზონის დაცვის, აგრეთვე, თევჭერის საკითხები ეროვნულ კანონმდებლობაში რამდენიმე საკანონმდებლო აქტშია ასახული. აღნიშნული აქტები გარკვეულწილად მოძველებულია და დახვეწას საჭიროებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის პირველი სტრატეგია არ მოიცავდა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შავი ზღვის ეკოსისტემების დაცვის მხრივ, ძირითად და კონკრეტულად შავ ზღვაზე ფოკუსირებულ საერთაშორისო პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს „შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია“ (ე.წ. „ბუქარესტის კონვენცია“, ძალაშია 1994 წლიდან) და შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიული მოქმედებათა გეგმა (1996 წ., განახლებულია 2009 წელს). საქართველო ამ ორივე შეთანხმების მხარე ქვეყანაა. შავი ზღვის მოქმედებათა გეგმის განხორციელების მდგომარეობა, ეროვნულ დონეზე განსხვავებული იყო ქვეყნების მიხედვით. 2007 წელს ჩატარებულმა ტრანსსასაზღვრო დიაგნოსტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბულგარეთის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მოქმედებათა გეგმა არ შესრულებულა ან შესრულდა, მხოლოდ, ნაწილობრივ.
9.1 პრობლემების აღწერა9.1.1 ევტროფიკაციაშავი ზღვის საქართველოს ნაწილში, ისევე, როგორც მთელ შავ ზღვაზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მზარდი ევტროფიკაცია, რასაც ანთროპოგენური და ბუნებრივი პროცესების ერთობლივი მოქმედება აძლიერებს. წყლის სხვადასხვა ორგანული ნაერთით დაბინძურება იწვევს ფიტოპლანქტონის, კერძოდ, კი ფლაგელატების „აყვავებას“. ამას მოჰყვება წყლის გარკვეული ფენების ჟანგბადით გაღარიბება, რაც ცხოველების მასობრივ დაღუპვას და უფრო ძლიერ ორგანულ დაბინძურებას იწვევს. შემდეგ კი გაძლიერებული ბაქტერიული სულფატრედუქციის პროცესის შედეგად, წარმოიქმნება გოგირდწყალბადი როგორც წყალში, ისე -დანალექებში. ამჟამად, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ შელფის წყლები, დაახლოებით 40 000 კვ.კმ-ზე, ჰიპოქსიას (ჟანგბადის ნაკლებობას) განიცდის.
9.1.2 ქიმიური დაბინძურებასაქართველოს ტერიტორიული წყლები დაბინძურებულია ნავთობით და სხვადასხვა მძიმე მეტალებით. კანცეროგენული ბენზოპირინის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირებულია თევზებსა და მიდიების ქსოვილში. ზღვის დაბინძურების რისკი იზრდება გემებიდან და სანაპიროზე არსებული ინფრასტრუქტურიდან (გაზის და ნავთობის მილსადენები, პორტები, ტერმინალები და ა.შ.). მაგალითად: 2006-2011 წლებში გამოვლინდა სამეურნეო-ფეკალური წყლებით - 42 და ნავთობპროდუქტებით - 27 დაბინძურების შემთხვევა, რომელთა ჩადინებაც გემებიდან ხდებოდა. 2011 წლის დეკემბერში მოხდა პიროლიზის ფისის ჩაღვრა ფოთის პორტთან. აგრეთვე, დაფიქსირდა ჰიდრავლიკური ზეთის ჩაღვრის 6 შემთხვევა. დაბინძურების პოტენციური წყაროებია ყულევის ნავთობ-ტერმინალი და სუფსის ტერმინალი. საყურადღებოა, რომ ეს ტერმინალები განლაგებულია დელფინებისთვის მნიშვნელოვანი საკვები ტერიტორიების და მიგრირებადი ფრინველების მიერ ინტენსიურად გამოყენებული ადგილების მახლობლად. ჩაღვრის შემთხვევაში, ბიომრავალფეროვნებას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. საყურადღებოა ქლოროორგანული პესტიციდებით დაბინძურებაც. ეს ნაერთები მდგრადობით გამოირჩევა და პირველ რიგში სანაპირო ზონის ფსკერზე ილექება. ქლოროორგანული პესტიციდები იწვევს სხვადასხვა დაავადებას, ყველაზე მეტად, ბენთოსურ თევზებში, და აქედან გამომდინარე, ზემოქმედება ზღვის ღორებზეც გავრცელდება, რადგან ეს ცხოველები სანაპირო აკვატორიაში უმეტესად სწორედ ბენთოსური თევზებით იკვებებიან.
9.1.3 ბიოლოგიური რესურსების არამდგრადი მოპოვება (თევზჭერა)შავ ზღვაში თევზის რესურსის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, წლების განმავლობაში, ჭარბი თევზჭერაა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თევზის რესურსს მოიპოვებდნენ 1970-80-იან წლებში (800-900 ათასი ტონა წელიწადში). სათევზაო ტერიტორიების ჭარბმა ექსპლოატაციამ, თევზჭერის ექსპანსიამ მთელ ზღვაზე, თევზჭერისთვის გამოყენებული ტექნოლოგიების განვითარებამ, სხვა საფრთხეებთან კომბინაციაში, საგრძნობი ზიანი მიაყენა თევზის არაერთ სახეობას. პირველ რიგში, ეს აისახა მტაცებელ სახეობებზე (მაგ.: პელამიდა, სტავრიდა, ლუფარი, სარღანი). შემდეგ, ზეწოლა გაძლიერდა პლანქტონით მკვებავ სახეობებზეც: ქარსალასა (Sprattus sprattus) და ქაფშიაზე (Engraulis encrasicolus). შედეგად, კომერციული ღირებულების თევზის სახეობების რაოდენობა მთლიანად შავ ზღვაში 20-დან 5 სახეობამდე შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შავ ზღვაში ბოლო წლებში იმატა მსხვილი თევზსაჭერი გემების რაოდენობამ. ჭარბი თევზჭერა, გარკვეულწილად, განპირობებულია სამეცნიერო ინფორმაციის ნაკლებობითაც, რაც რესურსის მოპოვების (კვოტის) სწორად დადგენას აფერხებს. რესურსის ჭარბი მოპოვება საფრთხეს უქმნის არამარტო უშუალოდ თევზის სახეობებს, არამედ, ხელს უწყობს ევტროფიკაციასაც, რადგან მრავალი სარეწაო თევზი სწორედ ფიტოპლანქტონით იკვებება და მათი რაოდენობის შემცირება ფიტოპლანქტონის მატებას და შესაბამისად, ევტროფიკაციის პროცესის გაძლიერებას უწყობს ხელს.
9.1.4 უცხო სახეობების ინვაზიაუცხო სახეობების ინვაზია სერიოზულ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის ეკოსისტემებს. უცხო სახეობების შემთხვევითი, თუ გამიზნული ინტროდუქცია შავ ზღვაში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო. ამჟამად, შავ ზღვაში 26 ინვაზიური სახეობაა გავრცელებული. მათგან ზღვის ეკოსისტემებზე ყველაზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა შემდეგმა სახეობებმა: სავარცხლურა (Mnemiopsis leidyi), ჰარისის ტალახის კიბორჩხალა (Rhithopanopeus harrisi); მოლუსკებიდან: რაპანა (Rapana thomasiana, ანუ Rapana venosa), Mya arenaria და Cunearca cornea და თევზებიდან: პილენგასი (Mugil soiuy, ანუ Liza haematocheilus ). უარყოფითი გავლენის მიხედვით, პირველ რიგში, აღსანიშნავია სავარცხლურა. შავ ზღვაში იგი 1980-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა, სავარაუდოდ, ბალასტური წყლების ჩაღვრის შედეგად. სავარცხლურას გამოჩენასთან და მისი რაოდენობის მატებასთან ერთად, აღინიშნა იხთიოპლანქტონის და მეზოზოოპლანქტონის შემცირება და სახეობრივი მრავალფეროვნების დაქვეითება. შავი ზღვის ეკოსისტემებზე სერიოზული გავლენა მოახდინა რაპანამაც, რაც ორსაგდულიანების პოპულაციების რიცხოვნობის შემცირებაში გამოიხატა. ორსაგდულიანები წყლის მფილტრავები არიან და მათი შემცირება წყლის ხარისხის გაუარესებასა და ბენთოსური თევზების, მათ შორის, იშვიათი სახეობების (მაგ. ზუთხების) საკვები ბაზის შემცირებას იწვევს.
9.1.5 ბუნებრივი ეკოსისტემების მოდიფიკაციაშავ ზღვასა და მის სანაპირო ზონას საფრთხეს უქმნის ურბანიზაცია და მრეწველობის განვითარება. ინფრასტრუქტურის არსებული თუ დაგეგმილი ობიექტების მშენებლობა-ფუნქციონირებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს სენსიტიურ ეკოსისტემებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დელფინებისთვის, აგრეთვე - როგორც საქვირითე ტერიტორია, თევზის ბევრი სახეობისთვის, მათ შორის, საერთაშორისო და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ზუთხისებრებისთვის. შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე ახალი ურბანული ზონების გაჩენა ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების მოცულობის მატებას გამოიწვევს, რაც ჭაობების დაშრობასთან ერთად, ევტროფიკაციის პროცესებს დააჩქარებს. ახალი ურბანული ზონების, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების განვითარებისას საფრთხის შემცველია, ასევე, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების პროცედურების არაეფექტიანად განხორციელება. ამის გამო, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმვა-განხორციელებისას შესაძლოა, არ იქნას გათვალისწინებული მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები, რომლებიც ჰაბიტატების ფრაგმენტაციას გამოიწვევს.
9.1.6 მყარი ნარჩენებით დაბინძურებაშავი ზღვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა მდინარეების მიერ ჩატანილი მყარი ნარჩენებით, განსაკუთრებით პოლიეთილენის საგნებით დაბინძურება, რადგან პოლიეთილენის გახრწნას დაახლოებით 500 წელი სჭირდება. მდინარეებს ზღვაში დიდი რაოდენობით ჩააქვთ ისეთი ნარჩენები, როგორებიცაა: პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ეს ყველაფერი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს თევზებისთვის, ზღვის ძუძუმწოვრებისა (დელფინები) და ფრინველებისთვის. ასეთი ნარჩენები ხშირად ცხოველის დაღუპვის მიზეზი ხდება, რადგან ცხოველის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას იწვევენ კუჭის გავსებას და გამავალი გზების ჩაკეტვას, კუჭსა და კუჭქვეშა ჯირკვალს შორის.
9.1.7 შავი ზღვა და კლიმატის ცვლილებამსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში უკვე შეინიშნება მჟავიანობის მატება, რაც ანთროპოგენული ნახშირორჟანგის (CO2) შეთვისებას უკავშირდება. ამას, შესაძლებელია მოჰყვეს ფიტოპლანქტონის შემცირება, შესაბამისად, ფოტოსინთეზის პროცესების დაქვეითება.
9.2 სტრატეგიული მიდგომებიü საჭიროა შავი ზღვის ევტროფიკაციისა და სხვა სახის დაბინძურების მონიტორინგის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება და დაბინძურების წყაროების სრულყოფილად იდენტიფიკაცია. პარალელურად, უნდა გაძლიერდეს კანონმდებლობა ზღვის დაბინძურების მართვის, მათ შორის, ეფექტიანი კონტროლის განხორციელების კუთხით. ü უნდა შეფასდეს სამრეწველო თევზჭერის გავლენა შავი ზღვის რესურსებსა და ეკოსისტემებზე. ამის საფუძველზე, უნდა შემუშავდეს და კანონმდებლობაში აისახოს რეგულირების ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმები (მათ შორის: სარეწაო თევზის სახეობებისა და მათი მოპოვების კვოტების დადგენის და დასაშვები თევზსაჭერი ბადე-იარაღების განსაზღვრის მექანიზმები); ü საჭიროა შავ ზღვაში გავრცელებული ინვაზიური სახეობების მონიტორინგის წარმოება მათი ზეგავლენის მართვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით; ü შავი ზღვისა და სანაპირო ზონის ბიომრავალფეროვნებასა და ჰაბიტატებზე ახალი ურბანული ზონების, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების განვითარების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩამოყალიბდეს შეფასების ეფექტიანი პროცედურები, რომლებიც აისახება კანონმდებლობაში; ეროვნული კანონმდებლობაში უნდა აისახოს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის საკითხებიც; ü საჭიროა შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის ეფექტიანი სისტემის შემუშავება და დანერგვა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ასპექტებს: კონტროლის მექანიზმების დახვეწა და კანომდებლობაში ასახვა; მაკონტროლებელი სტრუქტურის შესაძლებლობის გაძლიერება; დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება და სხვა.
9.3 ქმედებების ჩამონათვალი: მიმართულება „შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება“B2-o1. 1 – 5 B3-o1. 1 – 2 B5-o1. 1 – 4 C6-o1. 1 – 12 10. საზოგადოების მონაწილეობა, ცნობირების ამაღლება და განათლებაბიომრავალფეროვნების პირველი სტრატეგიის ფარგლებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული საზოგადოების განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და მონაწილეობის კუთხით. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი მმართველოს სფეროში არსებული სსიპ-ებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების რიცხვი; მაგ.: 2009 წლიდან ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის ტარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები: „ბაღის ფრინველის საათი“ და „წითელი ნუსხის სახეობები“. სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები ატარებენ ლექცია-სემინარებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, ასევე, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს -დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები თემებისთვის; დაცული ტერიტორიების შესახებ გამოიცა წიგნები და ლიფლეტები; მომზადდა დოკუმენტური ფილმები. ბიომრავალფეროვნების საკითხებზე ფორმალური განათლებისთვის არსებობს მყარი საფუძველი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სტანდარტების დოკუმენტების სახით, სადაც ბიომრავალფერონების სწავლებას სათანადო ყურადღება აქვს დათმობილი, როგორც სკოლამდელ, ისე - ზოგადსაგანმანათლებლო დონეზე. ბიომრავალფეროვნების სწავლების გაუმჯობესების შესაძლებლობებს ბადებს უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები (კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტების შერწყმა, სტუდენტთა და მასწავლებელთათვის მობილობის მეტი შესაძლებლობები, მეცნიერებების შემსწავლელთათვის გაზრდილი დაფინანსება, პროფესიული განათლების მოდერნიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები). საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურმა და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტომ განახორციელეს ქმედებები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისების მიზნით. რამდენიმე დაცულ ტერიტორიასთან შეიქმნა „მეგობართა ასოციაციები“.
10.1 პრობლემების აღწერაბოლო წლებში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ექსპერტთა შეფასებით, საზოგადოების ცნობიერება ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე კვალავაც დაბალია. ბიომრავალფეროვნების ფასეულობებზე, ასევე, მისი დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე არასაკმარისადაა ინფორმირებული დაინტერესებული მხარეების პრაქტიკულად ყველა ჯგუფი: გადაწყვეტილებების მიმღები პირები, კერძო სექტორის წარმომადგენლები (მათ შორის, ისინიც, ვისი საქმიანობაც უშუალოდაა დაკავშირებული ბიოლოგიური რესურსებით სარგებლობასთან), მედია, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ადგილობრივი თემები, ბავშვები და ახალგაზრდები. საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, თავის მხრივ, განაპირობებს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების ნაკლებ ჩართულობას და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ბიომრავალფეროვნების დაცვის არაპრიორიტეტულობას.
10.1.1 ბიომრავალფეროვნების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მექანიზმების ნაკლებობასაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურს არ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული ეფექტიანი საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, ასევე - მათი ეფექტიანობის შესაფასებლად. 2013 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ზემოხსენებული პრობლემების მოგვარებას. არ არის შეფასებული საზოგადოების ცნობიერების არსებული დონე, რის გამოც ფერხდება კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; არ არსებობს საზოგადოების ცნობიერების შეფასების ინსტიტუციური მექანიზმები. მედია ნაკლებ ინტერესს იჩენს ბიომრავალფეროვნების საკითხების მიმართ და განიცდის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობას. ტელევიზიასა და რადიოში ბიომრავალფეროვნების პროფილი არ არის მაღალი. ქართული ტელეარხები იშვიათად აჩვენებენ ქართულ ენაზე გახმოვანებულ სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებს. ბიომრავალფეროვნების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისთვის საკმარისად და ეფექტიანად არ არის ათვისებული სწრაფად მზარდი მედია-კომუნიკაციის არხი - ინტერნეტმედია. არასაკმარისი საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ხორციელდება ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის.
10.1.2 ხარვეზები ბიომრავალფეროვნების სწავლების კუთხითბიომრავალფეროვნების ფორმალური განათლების დონეზე სწავლების კუთხით ვერ ხერხდება შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტების რეალიზება საკლასო ოთახებში. ხარვეზებია ცოდნის გადაცემასა და ღირებულებების განვითარების მხრივ, რადგან არსებობს მასწავლებლების კვალიფიკაციისა და საგანმანათლებლო რესურსების (სახელმძღვანელოები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინტერნეტხელმისაწვდომობა) ნაკლებობა. აგრარული ბიომრავალფეროვნების საკითხები არასაკმარისად არის ასახული ზოგადსაგანამანთლებლო პროგრამებში. არასათანადო ყურადღება ექცევა მდგრადი განვითარების პრინციპების სწავლებას უმაღლესი და პროფესიული განათლების ისეთ დარგებში, რომლებსაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი აქვს ბუნებრივ რესურსებთან (მაგ.: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მრეწველობა, სამართალი და ჟურნალისტიკა); ხარვეზებია კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების კუთხითაც. არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლება ბიომრავალფეროვნების სფეროში ჯერ კიდევ არასისტემური და ფრაგმენტულია. არსებობს არაფორმალური განათლების პლატფორმების მდგრადობის პრობლემაც - ხშირად არაფორმალური განათლების მომწოდებლები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც კონკრეტული პროგრამის დაფინანსების დასრულებასთან ერთად წყვეტენ საგანმანათლებლო მუშაობას. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი განათლების სტრატეგიის განხორციელება, რომლის ერთ-ერთი ფოკუსი არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლება იყო, არასაკმარისი ტემპებით მიმდინარეობს.
10.1.3 სისტემატურად განახლებადი და ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობამწირია სისტემატურად განახლებადი და ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების ფასეულობების, მდგომარეობის და მასზე მოქმედი საფრთხეების შესახებ, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე.
10.1.4 საკანონმდებლო ხარვეზები საზოგადოების მონაწილეობის კუთხითარსებული პროცედურები და მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; კანონმდებლობით არ არის დადგენილი საჯარო კონსულტაციების ვალდებულება პოლიტიკური, საკანონმდებლო თუ სტრატეგიული დოკუმენტების მიღების წინ. არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს ბიოლოგიური რესურსებით სარგებლობის დაგეგმვაში (ტყითსარგებლობის, სამონადირეო და სათევზე მეურნეობების მართვის გეგმები) დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობას (დადგენილი ვადები მცირეა, არ არსებობს საჯარო განხილვის საქმიანობის განხორციელების ადგილზე ჩატარების ვალდებულება). კვლავ ძალიან დაბალია საზოგადოების ინტერესი საჯარო განხილვების მიმართ. რეალურად, დაინტერესებული საზოგადოება ვერ ახდენს ზეგავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც ერთი მხრივ განპირობებულია მისი მცირე ინფორმირებულობით, ცოდნისა და შესაბამისი გამოცდილების ნაკლებობით, ხოლო, მეორე მხრივ - იმ გარემოებით, რომ განვითარების პროექტების ინიციატორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ საზოგადოების მონაწილეობა ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებაა. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ზოგადი სოციალური ფონი და ადგილობრივ დონეზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მწირი შესაძლებლობები.
10.2 სტრატეგიული მიდგომებიü საჭიროა ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება და შესაძლებლობების განვითარება ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე კომუნიკაციის, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების საქმიანობების განხორციელებისა და შეფასებისთვის; ü უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებასა და კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე, გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით, (გადაწყვეტილებების მიმღები პირები, ბიზნეს სექტორი/ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეები, მედია, მასწავლებლები, სტრატეგიული პუნქტების მომიჯნავე თემები) გათვლილი საკვანძო გზავნილების შემუშავება ბიომრავალფეროვნების, მისი ფასეულობებისა და სერვისების შესახებ და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმოება კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით; ü მეტი ინტენსივობით უნდა მოეწყოს ტრენინგები, კონკურსები და კონფერენციები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის (როგორებიცაა: მედია პარტნიორები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ბიზნეს სექტორის/ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეები, მასწავლებლები, მოსწავლე-ახალგაზრდობა, ქალთა საზოგადოებები და სხვ.); ü აუცილებელია საზოგადოების ინფორმირების არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა და ახალი მექანიზმების შექმნა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უახლესი და სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა რეგიონში; ü საჭიროა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის არსებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ადმინისტრაციული მექანიზმების გაძლიერება და ახალი მექანიზმების დანერგვა; ü უნდა შეიქმნას ბიომრავალფეროვნებასთან, მის ფასეულობებთან, ფუნქციონირებასთან, სტატუსთან, ტენდენციებთან, ასევე, ბიომრავალფეროვნების კარგვით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებული საკითხების სწავლების უწყვეტი სისტემა და გაუმჯობესდეს სწავლება ფორმალური განათლების ყველა საფეხურზე; ü საჭიროა განვითარდეს მოხალისეობის ინსტიტუტი და ხელი შეეწყოს მოხალისეთა განათლებასა და ტრენინგს მათი კონსერვაციულ საქმიანობებში (მონიტორინგი, საგანმანათლებლო საქმიანობები და სხვ.) ჩართვის მიზნით; ü საჭიროა გენდერული თანასწორობის გათვალისწინება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასა და ტრენინგებზე წვდომაში, მათი გამოყენებასა და მართვაში, რაც გაზრდის ერის შესაძლებლობას შეამციროს ბიომრავალფეროვნების კარგვა, ხელი შეუწყოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციას.
10.3 ქმედებების ჩამონათვალი: მიმართულება „საზოგადოების მონაწილეობა, ცნობირერების ამაღლება და განათლება“A1-o1.1 A1-o2.1 – 4 A1-o3. 1 – 2 A2-o1. 1 – 5 A2-o2. 1 – 5 E2-o1. 1 – 8 E3-o1. 1
11. გამჭოლი საკითხები და მმართველობაბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული სწრაფი ეკონომიკური რეფორმა ორიენტირებული იყო მოკლევადიანი ფისკალური და სოციალური შედეგების მიღებაზე და ეფუძნებოდა ბაზრის თვითრეგულირების საყოველთაო და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ კონცეფციას. ამგვარმა მიდგომამ, მნიშვნელოვანი დარგების (მათ შორის, პირველ რიგში, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის) ფაქტობრივი დეგრადაცია და ამ სფეროების ინსტიტუციური ეროზია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ეს რეფორმები ხორციელდებოდა დაგეგმვისა და განვითარების გრძელვადიანი ჩარჩო მექანიზმის არარსებობის ფონზე. შედეგად, დღეისათვის გარემოს დაცვის, კონკრეტულად, ბიომრავალფეროვნების მმართველობის სფეროში შექმნილია მრავალი სამართლებრივი, კანონაღსრულებითი და ინსტიტუციური ხარვეზი, რომელთა გამოსწორებაც ეტაპობრივ და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს, ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების საერთო კონტექსტისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
11.1 პრობლემების აღწერა11.1.1 საკანონმდებლო ხარვეზებისაქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. ამასთან, საქართველოს მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას (თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას), აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში საქართველო წარმოადგენს ძირითადი მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების მხარეს, მაგრამ ამ მრავალმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მექანიზმები არ არის სრულად და თანმიმდევრულად ასახული საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში (გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციით გათვალისწინებული ნორმების გარდა). ამიტომ, მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, რათა მოხდეს ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებული მრავალმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნორმების სრულყოფილად ინტეგრირება ეროვნულ კანონმდებლობაში. საქართველო არ წარმოადგენს ზოგიერთი მნიშვნელოვანი მრავალმხრივი ხელშეკრულებების მხარეს (მაგ. „საერთაშორისო შეთანხმება სურსათისა და სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო მცენარეული გენეტიკური რესურსების შესახებ“ და ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის „გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ“ ნაგოიას 2010 წლის ოქმი). ეს შეთანხმებები მეტად რელევანტურია საქართველოსთვის: ქვეყანა ხასიათდება არაჩვეულებრივად მაღალი გენეტიკური მრავალფეროვნებით როგორც ველური, ისე - კულტურული გენეტიკური რესურსების მხრივ, რასაც დიდი ფაქტობრივი და პოტენციური ფასეულობა აქვს. საქართველოს ფლორის 2000-ზე მეტ სახეობას პირდაპირი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც მერქნულ რესურსს, ადამიანის თუ ცხოველისთვის საკვებ პროდუქტს, სამკურნალო და საღებავ საშუალებას; 1200 ჭურჭლოვანი სახეობა სამკურნალო მცენარეს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს გენეტიკური სიმდიდრე სწრაფი ტემპით მცირდება. საქართველოს გაუწევრიანებლობა საერთაშორისო შეთანხმებაში „სურსათისა და სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო მცენარეული გენეტიკური რესურსების შესახებ“ ხელს უშლის ჩვენი ქვეყნისა და სხვა მხარე ქვეყნების გენეტიკურ ბანკებს შორის მასალის გაცვლას. ამიტომ საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ზემოხსენებულ ორივე შეთანხმებასთან მიერთება (იხ. აგრეთვე თავი 7: აგრარული ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი სათიბ-საძოვრები).
11.1.2 კანონაღსრულება და არსებული ინსტიტუციური მოწყობა კანონაღსრულება და ინსტიტუციური მოწყობა ეროვნულ დონეზე2011 წლის 11 მარტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეეცვალა სახელწოდება და ჩამოყალიბდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროდ. შესაბამისად, შეიცვალა მისი კომპეტენცია და ვალდებულებები, ზოგადად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რესურსებით სარგებლობის სფეროში. ამ სამინისტროს ზოგი კომპეტენცია და ვალდებულება ბიოლოგიური რესურსების მართვის სფეროში მინიჭებული ფუნქციების შესრულებისათვის გადაეცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. 2011 წლის 11 მარტამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნებოდა ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცესში მონაწილეობა ან გაცემა. შემდგომ წლებში, აღნიშნული პროცედურების უმეტესობას ახორციელებდა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიენიჭებული ჰქონდა ბიომრავალფეროვნების სფეროში მისაღები, მათ შორის, ცხოველთა და მცენარეთა დაცვისკენ მიმართული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების უმეტესობის დამტკიცების კომპეტენცია. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მისი რესურსებით სარგებლობის რეგულირების კომპეტენციის ჩამორთმევა არ იყო წარმატებული ნაბიჯი. ამჟამად, ეს ხარვეზი გამოსწორებულია - განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიბრუნა ბუნებრივი რესურსების მართვის უფლებამოსილება (ნავთობისა და გაზის სფეროების გარდა). ამ რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდა მისი თავდაპირველი სახელწოდებაც - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. კანონაღსრულება და ინსტიტუციური მოწყობა ადგილობრივ დონეზე ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ძალიან ხშირად ადგილობრივ დონეზე ხდება და არასწორი გადაწყვეტილებების უარყოფითი შედეგებიც ყველაზე მწვავედ სწორედ ადგილობრივ დონეზე ვლინდება. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობაში ამ უწყებების კომპეტენციები ბიომრავალფეროვნების კუთხით არ არის ნათლად გაწერილი. 2012-2016 წლებისათვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის (NEAP) მიხედვით, ცენტრალურ და ადგილბრივ მთავრობებს შორის ვერტიკალური კოორდინაციის პოლიტიკა არ არის ძლიერი. არ არის შექმნილი მექანიზმები მთავრობის სხვადასხვა დონეებს შორის ეფექტიანი თანამშროლობისთვის. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციებიც არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და ერთამანეთისგან გამიჯნული.
11.1.3 ბიომრავალფეროვნების ასპექტების ინტეგრირება ეკონომიკურ სექტორში გადაწყვეტილების მიღების პროცესშიზოგადი მიმოხილვა 2012-2016 წლებისათვის დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის (NEAP) ერთ-ერთი თავი ეძღვნება ურთიერთგადამკვეთ საკითხებსა და გარემოსდაცვითი ასპექტების სხვა სექტორების პოლიტიკაში ინტეგრირებას. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირების საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესების დაბალანსების მხრივ, რითაც შესაძლებელია მაქსიმალური საერთო სარგებლის მიღწევა და კონფლიქტებისა და შეუსაბამობების თავიდან აცილება. ამ დოკუმენტში, ასევე ნათქვამია, რომ სამინისტროებისა და ადგილობრივი მთავრობების კოორდინირებული მუშაობის გარეშე, შეუძლებელი იქნება დასახული მიზნების მიღწევა. ეს ბიომრავლფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმასაც ეხება, რადგან ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების პოლიტიკა ზოგადი გარემოს დაცვის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. გარემოს დაცვის ეროვნულ პროგრამაში, ასევე ნათქვამია, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე პასუხისმგებლობები გარკვეულწილად გაბნეულია სხვადასხვა სამინისტროებს შორის და გაძლირებას მოითხოვს ჰორიზონტალური კოორდინაცია ამ უწყებებს შორის. ხშირად კომპეტენციები არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და ერთმანეთისგან გამიჯნული, განსაკუთრებით, როცა საქმე სხვადასხვა სტრუქტურებთან და ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს ეხება. საქართველოში უკვე არსებობს გარემოსდაცვითი საკითხების სხვა სექტორებში ინტეგრირების გარკვეული სქემები, მაგრამ არასაკმარისი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს, ასევე, მწირი რესურსების გამო, ეს მექანიზმები ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი პოლიტიკის სათანადო დონეზე ინტეგრირებას. ასევე, არ შემუშავებულა მდგრადი განვითარების სტრატეგია, რაც შეიძლება იყოს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის ინტეგრირების მთავარი ინსტრუმენტი.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ბევრ ქვეყანაში გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების საკითხების განვითარების პროცესში ჩართვის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია, თუმცა ის საქართველოში არ არის დანერგილი. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება საზოგადოებრივი ინიციატივების (გეგმები, პროგრამები, სტრატეგიები და კანონმდებლობა) შეფასება მოსალოდნელი გარემოსდაცვითი შედეგების გამოსავლენად და გარემოსდაცვითი საკითხების სრულად გათვალისწინების უზრუნველსაყოფად, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების ანალოგიურად. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, თავისი არსით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის მსგავსია, მაგრამ იგი საშუალებას იძლევა უფრო ღრმად გამოავლინოს ბიომრავალფეროვნებაზე პოტენციური ზემოქმედება დაგეგმვის სტადიაშივე.
გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) გზშ განვითარების პროექტებში გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, განსაკუთრებით სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების საჭიროების პირობებში, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. სამწუხაროდ, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, გზშ-ს პროცესი არასაკმარისად ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების საკითხებს.
სივრცული დაგეგმვა სივრცული დაგეგმვა, ასევე, წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების საკითხების სექტორულ და ინტერსექტორულ გეგმებში ჩართვის ეფექტიან ინსტრუმენტს. სწორედ სივრცული გეგმები განსაზღვრავს თუ სად უნდა განვითარდეს ეკონომიკური საქმიანობა ან ინფრასტრუქტურა. სივრცული დაგეგმვის პროცესი ქმნის სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლების და ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. საქართველოში საჭიროა ამ პროცესის უფრო მეტად განვითარება.
ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ეკოსისტემების მიერ მოწოდებული პროდუქტები და სერვისები არ არის ეკონომიკურად შეფასებული. მსოფლიოში ხშირია იმის მაგალითები, როცა ქვეყანაში იჩეხება ტყეები და მაქსიმალურად გამოიყენება თევზის მარაგები და ეს ყველაფერი მთლიანი შიდა პროდუქტის მატებაში აისახება, მაგრამ ამ დროს არ არის გათვალისწინებული ბუნებრივი კაპიტალის პროპორციული შემცირება. ქვეყნის ეკონომიკაში ეკოსისტემების წვლილის ეროვნული მასშტაბით შეფასება ახალი ტენდენციაა და, სავარაუდოდ, თანდათან მიიზიდავს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღებას. ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (TEEB) მიზანია წარმოაჩინოს ბიომრავალფეროვნების კარგვისა და ეკოსისტემების დეგრადაციის ეკონომიკური ეფექტი. იგი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ღირებულების გააზრებასა და გათავისებაში, ასევე, ეკოსისტემების მიერ მოტანილი ეკონომიკური სარგებლის სხვადასხვა სექტორის განვითარების გეგმებში ინტეგრირების მექანიზმების შემუშავებაში ეხმარება. საქართველო ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის წინასწარი კვლევის საპილოტე ქვეყანა გახდა და სამი დაცული ტერიტორიის ეკოსისტემების ეკონომიკური ფასეულობის შესწავლა უკვე განხორციელდა. ამ შესწავლამ გამოავლინა, რომ დაცული ტერიტორიები აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში წარმატებით იქნას ათვისებული ეკოტურიზმის ეკონომიკური სარგებელი. დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემების დაცვით შესაძლებელია იმ ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნება, რომლებზეც ადამიანია დამოკიდებული, მათ შორის, ისეთი დარგების განვითარების კუთხით, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, ჰიდროელექტროგენერაცია, თევზჭერა, წყალმომარაგება და სხვ. ამავე დროს, დაცული ტერიტორიების მდგრადი მენეჯმენტი თავის წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევასა და რესურსების სამართლიანად გადანაწილებაში, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური სარგებლის ტრანსფორმაციას დაცული ტერიტორიების დაფინანსების ერთ-ერთ მექანიზმად.
ინფრასტრუქტურის არამდგრადი გზით განვითარების პრევენცია ინფრასტრუქტურის განვითარება შედარებით ახალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ბიომრავალფეროვნებისათვის. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარებას. დაგეგმილია ახალი მილსადენების, კაშხლების, ელექტროგადამცემი ხაზების, რკინიგზების, მაღაროების და გზების მშენებლობა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია ჰიდრორესურსების განვითარებაზე. ჰიდროელექტროსადგურებისა და კაშხლების მშენებლობის მიზნით, ტყეების მნიშვნელოვანი ფართობები გაიკაფება. საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობისა და ევროპასა და აზიას შორის მისი, როგორც „დერეფნის“ ფუნქციის გამო, სატრანსპორტო ქსელი (რკინიგზები, საავტომობილო გზები, სასტუმროები) კიდევ უფრო გაფართოვდება და მოხდება მისი მოდერნიზაცია. ამ სიტუაციაში მეტად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინება და სწორი დაგეგმვა. ამჟამად, ბიომრავალფეროვნების რეალური ფასეულობებისა და მნიშვნელობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობა არ არის საკმარისი. ინფრასტრუქტურის განვითარებამ შეიძლება ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მაღალი ფასეულობის მქონე ეკოსისტემების განადგურების საფრთხე შექმნას. ეკოლოგიურ დერეფანში ან სხვა მგრძნობიარე ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივი ჰაბიტატის შედარებით მცირე ფართობის გაკაფვამაც კი შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი გამოიწვიოს. ამ პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: - სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის განვითარება; - სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება; - არასაკმარისი ინფორმაცია ეკოლოგიური ფასეულობების შესახებ ან მისი უგულვებელყოფა; - ბუნებრივი ეკოსისტემების განადგურების ეკონომიკური შედეგების უგულვებელყოფა.
11.2 ბიოუსაფრთხოებაცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და მართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ჩვენთან გავრცელებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მრავალი ადგილობრივი ჯიში და მათი მონათესავე ველური სახეობა. ამ გენეტიკური რესურსების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე - სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღეისათვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია საქართველოში ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების (ე.წ. ცმო) გავრცელების შესახებ. უცნობია, ხდება თუ არა მათი იმპორტი, კულტივირება, საბაზრო ქსელში განთავსება, გადამუშავება ან ცხოველთა საკვებად გამოყენება. ამიტომ შეუძლებელია შეფასდეს, თუ რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმები საქართველოს ბიომრავალფეროვნებისთვის. არ არსებობს ბიოუსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა მიუხედავად იმისა, რომ ამის ვალდებულება ქვეყანას აღებული აქვს ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კატრახენას ოქმის რატიფიკაციით. ბიოუსაფრთხოების სფეროში 2005-2010 წლებისთვის დასახული სამოქმედო გეგმა, მხოლოდ, ნაწილობრივ არის შესრულებული და მარეგულირებელი კანონმდებლობის გარდა, ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების ნაკლებობის საკითხიც დგას. 2005 წლის შემდგომ, გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების დეტექციისა და იდენტიფიცირების სამეცნიერო და ტექნიკური შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით. თუმცა არასაკმარისია მეცნიერული ცოდნა და გამოცდილება, ტექნიკური შესაძლებლობები ცმო-ებთან დაკავშირებული რისკების შეფასებისა და მართვისათვის, ასევე ცმო-ს ტრანსასაზღვრო გადაადგილების, ბაზარზე განთავსებისა თუ გარემოში ინტროდუქციის კონტროლისა და მონიტორინგისთვის. ბიოუსაფრთხოების საკითხები გარკვეულწილად ასახულია ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში. საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით დასახული ქმედებები ნაწილობრივ არასამთავრობო სექტორმა განახორციელა. მიუხედავად ამისა, დაბალია საზოგადოების ინფორმირებულობის, ცნობიერებისა და განათლების დონე ცმო-ს და მათთან დაკავშირებული რისკების შესახებ. ძალიან მწირია ფართო საზოგადეობისთვის ხელმისაწვდომი, ასევე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის განკუთვნილი, უახლესი, სანდო და კვალიფიციური საინფორმაციო და საგანამანათლებლო მასალები ბიოუსაფრთხოების საკითხებზე. ბიოუსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით არ არის განსაზღვრული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს პასუხისმგებლობები. „კარტახენის ოქმის“ მოთხოვნის მიუხედავად, ასევე, არ არის განსაზღვრული ბიოუსაფრთხოების საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის სამდივნოსთან კოორდინაციაზე. შესაბამისად, საქართველომ უნდა განსაზღვროს/დააარსოს ცოცხალ მოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციების და მათი საზოგადოებრივი კონტროლისა და მონიტორინგის სტრუქტურები.
11.3 სტრატეგიული მიდგომებიü სხვადასხვა სექტორებში ბიომრავალფეროვნების საკითხების ინტეგრირება დაგვეხმარება ბიომრავალფეროვნების ფასეულობებისა და ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელობის წარმოჩენაში და ადამიანის ზეგავლენის შემცირებაში; ü საჭიროა დაინერგოს ეროვნული გეგმებისა და პროგრამების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა; ü უნდა გაუმჯობესდეს არსებული გზშ-ს პროცედურები, რათა უკეთესად იყოს გათვალისწინებული ბიომრავალფეროვნების საკითხები; უნდა გადახალისდეს გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობების ნუსხა და ორჰუსის კონვენციის მოთხოვნებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით (CBD DEC VIII/22), მასში უნდა შევიდეს ინფრასტრუქტურის განვითარების ყველა პროექტი, რომლებიც პოტენციურად უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ბიომრავალფეროვნებაზე, ü ბიომრავალფეროვნების დეგრადაცია თავიდან უნდა იქნეს აცილებული და, თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ამისათვის, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ეგიდით შექმნილი დოკუმენტების მიხედვით, უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებები; ü საქართველოში მიმდინარე საპილოტე პროექტის (TEEB-ის პროექტი) რეკომენდაციების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ცვლილებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების მარეგულირებელ აქტებში; უნდა გაგრძელდეს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების ეკონომიკური ღირებულების შეფასება წინასწარი კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ეკონომიკური სექტორების მიხედვით (ტყე, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სამთო მრეწველობა) და შედეგები სათანადოდ უნდა აისახოს ეროვნულ პროგრამებში, პოლიტიკის დოკუმენტებსა და სტატისტიკაში; ü ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითად მოქმედი სუბსიდიები ხშირად გამოწვეულია იმით, რომ არ არის დათვლილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემური სერვისების ეკონომიკური ღირებულება. ამიტომ, სასურველია, ბაზრის სტიმულირება, იმისთვის, რომ შეიქმნას ბიომრავლფეროვნების შენარჩუნების ეკონომიკური მოტივაცია; ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის არსებულმა სისტემამ შესაძლებელია შექმნას ეს მოტივაცია ან პირიქით, ხელი შეუწყოს საპირისპირო პროცესს - ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას ან არამდგრად გამოყენებას, იმის მიხედვით, თუ როგორი პირობები იქნება ჩამოყალიბებული. საჭიროა, ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემის ანალიზი ამ ასპექტების გათვალისწინებით; ü საჭიროა სივრცული დაგეგმვის დღევანდელი პროცესის ანალიზი და მასში ცვლილებების შეტანა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბიომარავლფეროვნების საკითხების ინტეგრირება და კონსერვაციულ პროგრამებთან მისი თანხვედრა; ü უნდა შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციების განსაზღვრისა და გაძლიერებისთვის ბიომარავლფეროვნების საკითხებთან მიმართებით; ü იმისათვის, რომ ქვეყანამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველო უნდა შუერთდეს ისეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, როგორიცაა: „საერთაშორისო შეთანხმება სურსათისა და სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო მცენარეული გენეტიკური რესურსების შესახებ“ (ITPGRFA) და ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის „გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ“ ნაგოიას 2010 წლის ოქმი; ü საჭიროა ეროვნული ბიოუსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის მიღება უშუალოდ სურსათად ან ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი ან გადასამუშავებელი ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების, ასევე, ჩაკეტილ სისტემებში მეცნიერულ კვლევებში ცმო-ს უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად. ასევე, საჭიროა ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი ნედლი საკვები (როგორც ადამიანების, ისე - ცხოველების) პროდუქტების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება. ამგვარი ეროვნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა ინსტიტუციური, სამეცნიერო და ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და განათლება და მისი თანამონაწილეობის უზრუნველყოფა.
11.4 ქმედებების ჩამონათვალი: „გამჭოლი საკითხები და მმართველობა“A3-o1. 1 – 3 A3-o3. 1 – 4 A3-o4. 1 – 4 A3-o5. 1 – 3 A4-o1. 1 – 4 A4-o2. 1 – 3 A4-o3. 1 – 3 D2-o1. 1 – 4 E3-o1. 2
12. სტრატეგიული მიზნები, ეროვნული მიზნები, ამოცანები და ქმედებები
განხორციელება და რესურსების მობილიზაცია 13. განხორციელება და რესურსების მობილიზაციააღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების პირველ სტრატეგიასთან შედარებით, ამ დოკუმენტის შემუშავებისას უფრო ეფექტიანად იქნა გამოყენებული ჰოლისტიკური, „გამჭოლ“ საკითხებზე ორიენტირებული, და ეკოსისტემური მიდგომები. მისი დანერგვა კი გულისხმობს სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, ეკონომიკური სექტორებისა და დაინტერესებული მხარეების უფრო ფართო სპექტრის ჩართვას. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნება ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის განხორციელების ზედამხედველობისა და მონიტორინგის საბჭო, რომელშიც შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები შევლენ. ეს საბჭო უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების საკითხების სხვადასხვა სექტორებში ინტეგრირებას და მონიტორინგს გაუწევს სტრატეგიის განხორციელებას თითოეული ეროვნული მიზნისთვის გაწერილი ინდიკატორების მიხედვით. ბიომრავალფეროვნების ეროვნულ სტრატეგიასა და მოქმედებათა გეგმაში გაწერილი ქმედებების დიდი ნაწილი თანდათან შესრულდება. ზემოაღნიშნული საბჭო შეიმუშავებს პრიორიტეტული ქმედებების სათანადო თანმიმდევრობით განხორციელების გეგმას. ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის შესრულება დიდწილად იქნება დამოკიდებული მისთვის გამოყოფილ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე. შეიქმნება „რესურსების მობილიზაციის სტრატეგია“ და მის შესამუშავებლად განხორციელდება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ამჟამად მიმართული სახსრების მონიტორინგი, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიით (UNEP/CBD/COP/11/14/Add.1). „რესურსების მობილიზაციის სტრატეგია“ გაითვალისწინებს დაფინანსების ყველა არსებულ წყაროს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და უცხოელი დონორების ჩათვლით და ასევე, დაფინანსების ახალ, ინოვაციურ ხერხებს, მაგ. კერძო სექტორთან პარტნიორობას. საყურადღებოა, რომ ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის შესრულება უნდა იქნას განხილული არა მარტო, როგორც ფინანსური დანახარჯი, არამედ, როგორც სახსრების ეკონომიაც და/ან შემოსავალიც. ის, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში, მხოლოდ, დანახარჯია, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლებელია ინვესტიციად იქნეს აღქმული. ანუ, როგორც ხარჯი, რომელიც ძვირფასი ეკოსისტემური სერვისების დასაცავადაა გაღებული. სახსრების ეკონომია და/ან დამატებითი შემოსავლები, შესაძლებელია მიღებული იქნეს სხვადასახვა წყაროდან, მაგალითად, ეროვნულ პარკებში შესასვლელი ბილეთების საფასური, ბიოლოგიური რესურსების გამოყენებაზე გაცემული ლიცენზიების მოსაკრებელი; აგრეთვე, იქიდანაც, რომ რესურსები (მაგ. სატყეო რესურსები, თევზის მარაგები) აღარ იქნება ჭარბად გამოყენებული და მათი მდგრადი გამოყენება ამ სექტორების გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის გარანტი გახდება.
დანართი №1გლობალური სტატეგიული მიზნები და „აიტის“ მიზნები
მიზანი 1: არაუგვიანეს 2020 წლამდე, საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს ბიომრავალფეროვნების ფასეულობები და ასევე, იცის რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას თვითონ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მისი მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად. მიზანი 2: არაუგვიანეს 2020 წლამდე, ბიომრავალფეროვნების ფასეულობები ინტეგრირებულია განვითარებისა და სიღარიბის შემცირების სტრატეგიებსა და დაგეგმვის პროცესებში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე და ასევე, ასახულია ეროვნული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემებში. მიზანი 3: არაუგვიანეს 2020 წლამდე, ბიომრავალფეროვნებისათვის საფრთხის შემცველი წამახალისებელი მექანიზმები, სუბსიდიების ჩათვლით, ნეგატიური გავლენის შემცირების ან არიდების მიზნით თავიდან აცილებული, თანდათან შემცირებული ან შეცვლილია. შექმნილია და გამოყენებულია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენებისაკენ მიმართული პოზიტიური წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც შეთავსებულია და ჰარმონიაშია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციასა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებთან და ამასთან, ითვალისწინებს ეროვნულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს. მიზანი 4: არაუგვიანეს 2020 წლამდე, მთავრობებს, ბიზნეს სექტორს და ყველა დონეზე დაინტერესებულ მხარეებს გადადგმული აქვთ ნაბიჯები ან განხორციელებული აქვთ გეგმები მდგრადი წარმოებისა და მოხმარებისათვის და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით გამოწვეული ზემოქმედება გარანტირებულად მოქცეული აქვთ ეკოლოგიურად უსაფრთხო საზღვრებში.
მიზანი 5: 2020 წლამდე, ყველა ბუნებრივი ჰაბიტატის, მათ შორის, ტყეების, კარგვის ტემპი, მინიმუმ განახევრებულია და სადაც შესაძლებელია, ნულამდეა დაყვანილი; ჰაბიტატების დეგრადაცია და ფრაგმენტაცია საგრძნობლად შემცირებულია. მიზანი 6: 2020 წლისთვის ხორციელდება თევზისა და უხერხემლო ცხოველთა მარაგებისა და წყლის მცენარეების მართვა და მოხმარება მდგრადად, კანონიერად და ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომებით, ისე რომ: არ ხდება გადაჭარბებული თევზჭერა; შემუშავებულია აღდგენის გეგმები და ღონისძიებები ყველა რაოდენობრივად შემცირებული სახეობისათვის; თევზჭერას აქვს უმნიშვნელო არახელსაყრელი გავლენა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე და მოწყვლად ეკოსისტემებზე და თევზჭერის გავლენა მარაგებზე, სახეობებსა და ეკოსისტემებზე მოქცეულია ეკოლოგიურად უსაფრთხო საზღვრებში. მიზანი 7: 2020 წლისთვის ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების, აკვაკულტურებისა და სატყეო სექტორის მდგრადი მართვა, რითაც უზრუნველყოფილია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. მიზანი 8: 2020 წლისთვის, გარემოს დაბინძურება, ჭარბი ნუტრიენტებით გამოწვეული დაბინძურების ჩათვლით, დაყვანილია იმ დონეზე, როცა საფრთხე არ ექმნება ეკოსისტემების ფუნქციონირებას და ბიომრავალფეროვნებას. მიზანი 9: 2020 წლისთვის, ინვაზიური უცხო სახეობები და მათი ინტროდუქციის გზები იდენტიფიცირებული და პრიორიტეტიზირებულია. პრიორიტეტული სახეობები კონტროლის ქვეშ არის ან საერთოდ აღმოფხვრილია; მათი გავრცელების გზების მართვასთან დაკავშირებით, შემუშავებულია შემოღწევისა და დამკვიდრების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები. მიზანი 10: 2015 წლისთვის, მარჯნის რიფებსა და სხვა მოწყვლად ეკოსისტემებზე, რომლებიც განიცდიან კლიმატის ცვლილების ან ოკეანის მჟავიანობის გაზრდის ზეგავლენას, მუდმივი ანთროპოგენური ზეწოლა შემცირებულია იმდენად, რომ შენარჩუნებულია მათი მთლიანობა და ფუნქციონირება.
მიზანი 11: 2020 წლისთვის, სახმელეთო და შიდა წყლების მინიმუმ 17 პროცენტისა და სანაპირო ზოლისა და ზღვის ტერიტორიების - 10 პროცენტის, კერძოდ კი, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის მომსახურების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიების, კონსერვაცია ხორციელდება ეფექტიანი და გონივრული მართვით, ეკოლოგიურად წარმომადგენლობითი და კარგად დაკავშირებული დაცული ტერიტორიების სისტემებით, ტერიტორიის მიხედვით, სპეციფიური კონსერვაციული ღონისძიებებით და ისინი ინტეგრირებულია ფართო სახმელეთო და საზღვაო ლანდშაფტებში. მიზანი 12: 2020 წლისთვის, გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადაშენების საშიშროება აღკვეთილია და კონსერვაციული სტატუსი, განსაკუთრებით რაოდენობრივად ძალზედ შემცირებული სახეობებისა, არის გაუმჯობესებული და სტაბილური. მიზანი 13: 2020 წლისთვის, გენეტიკური მრავალფეროვნება კულტურული მცენარეების, შინაური ცხოველებისა და მათი მონათესავე ველური სახეობებისა, ასევე, სოცალურ-ეკონომიკური თუ კულტურული ფასეულობების მატარებელი სახეობებისა, შენარჩუნებულია. გაუმჯობესებულია და ხორციელდება სტრატეგიები გენეტიკური ეროზიების შემცირებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების დასაცავად.
მიზანი 14: 2020 წლისთვის, ეკოსისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან მომსახურებებს, წყალთან დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით და ასევე, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობას, საარსებო საშუალებებსა და კეთილდღეობას, აღდგენილი და დაცულია, ქალთა, მკვიდრი და ადგილობრივი თემების, ღარიბთა და დაუცველთა საჭიროებების გათვალისწინებით. მიზანი 15: 2020 წლისთვის, ეკოსისტემის მოქნილობა და ბიომრავალფეროვნების წვლილი ნახშირბადის აკუმულაციისათვის გაუმჯობესებულია ბუნების კონსერვაციისა და აღდგენის მეშვეობით, რომელიც მოიცავს დეგრადირებული ეკოსისტემების მინიმუმ 15 პროცენტს, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილებას, ადაპტაციას და გაუდაბნოებასთან ბრძოლას. მიზანი 16: 2015 წლისთვის, „ნაგოიას ოქმი“ გენეტიკურ რესურსების ხელმისაწვდომობასა და მათი მოხმარებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ ძალაშია და მოქმედებს ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
მიზანი 17: 2015 წლისთვის, ყველა მხარეს შემუშავებული და მიღებული აქვს ბიომრავალფეროვნების განახლებული ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი და დაწყებული აქვს მისი განხორციელება. მიზანი 18: 2020 წლისთვის, მკვიდრი და ადგილობრივი თემების ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნა, ინოვაციები და პრაქტიკული გამოცდილება, მათი წეს-ჩვეულებების მიხედვით, ბუნებრივი რესურსების მოხმარება აღიარებულია ყველა შესაბამის დონეზე; წარმოადგენს ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების საგანს და სრულად არის ინტეგრირებული და ასახული კონვენციაში, ხორციელდება მკვიდრი და ადგილობრივი თემების სრულყოფილი და ეფექტიანი მონაწილეობით. მიზანი 19: 2020 წლისთვის, ბიომრავალფეროვნებასთან, მის ფასეულობებთან, ფუნქციონირებასთან, სტატუსთან, ტენდენციებთან, ასევე, ბიომრავალფეროვნების კარგვით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებული ცოდნა, სამეცნიერო ბაზა და ტექნოლოგიები გაუმჯობესებულია, ფართოდაა გაზიარებული, გადაცემული და გამოყენებული. მიზანი 20: არაუგვიანეს 2020 წლისთვის, ბიომრავალფეროვნების 2011 - 2020 სტრატეგიული გეგმის ეფექტიანად განხორციელებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზაცია ყველა წყაროდან არსებითად უნდა გაძლიერდეს, რესურსების მობილიზაციის სტრატეგიის ერთიანი და შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. აღნიშნული მიზანი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა მიერ განხორციელებული რესურსის საჭიროებების შეფასებისა და ანგარიშის წარდგენის შედეგად.
დანართი №2ბიომრავალფეროვნების სფეროში მოქმედი ძირითადი მარეგულირებელი ინსტრუმენტები და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები
• საქართველოს კონსტიტუცია (1995 წელი); • კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ (საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის №471 დადგენილებით); • ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი (საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბერის 305-II-ს დადგენილება „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე“); • გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივნისის №2141 დადგენილებით); • გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (საქართველოში ძალაშია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მაისის №302 დადგენილებით); • ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ კონვენცია (ბონი, 1979) - კონვენციას საქართველო შეუერთდა „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის №136 დადგენილებით; • „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული „აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ“ შეთანხმება – რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 2 მარტის №768 დადგენილებით; • „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმება – რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 2 მარტის №769 დადგენილებით; • „მიგრირებადი სახეობების დაცვის“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული „ევროპაში ღამურების დაცვის შესახებ“ შეთანხმება – რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 21 დეკემბრის №1202 დადგენილებით; • კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ (RAMSAR) - საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის №201 დადგენილების საფუძველზე; • ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია (ბერნი, 1979) - საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 30 დეკემბრის №940 დადგენილების საფუძველზე; • ევროპის ლანდშაფტების კონვენცია (2000) - საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივნისის №395 ბრძანებულება „ევროპის ლანდშაფტების კონვენციის“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“; • კონვენცია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES); • საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (1996 წელი); • საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ (1996 წელი); • საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ (1996 წელი); • საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ (1997 წელი); • საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ (1999 წელი); • საქართველოს ტყის კოდექსი (1999 წელი); • საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ (2003 წელი); • საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ (2004 წელი); • საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (2005 წელი); • საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (2005 წელი); • საქართველოს კანონი „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ (2007 წელი); • საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ (2007 წელი); • საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ (2007 წელი); • საქართველოს კანონი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ (2010 წელი); • საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ (2004 წელი); • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (1984 წელი); • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წელი); • საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა - (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №127 განკარგულება); • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №27 დადგენილება).
[1] სახელწოდება მომდინარეობს იაპონიის პრეფექტურის სახელწოდებიდან (ინგ. Aichi, რუს. А́йти), სადაც 2010 წელს გაიმართა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის მხარეთა მე-10 კონფერენცია, რომელზეც 2001-2020 წლების სტრატეგიული გეგმა მიიღეს. [2] Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH [3] ეკოსისტემური სერვისები - პირდაპირი ან არაპირდაპირი სარგებელი, რომელსაც ადამიანი იღებს ეკოსისტემებისგან. [4] ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა „წითელი ნუსხის“ შესავსებად, კერძოდ, მცენარეთა სახეობების, მათ შორის, ბალახოვნების დასამატებლად. [5] European Natural Information System; http://eunis.eea.europa.eu/habitats.jsp [6] International Treaty on Plant Genetic Recourses Important for Food and Agriculture (ITPGRFA) |
დოკუმენტის კომენტარები