კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებითი ოქმი

კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებითი ოქმი
დოკუმენტის ნომერი 11-11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016246
11-11
01/05/2014
ვებგვერდი, 15/05/2014
480610000.03.030.016246
კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებითი ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის დამატებითი ოქმი

სტრასბურგი, 2003 წლის 15 მაისი

 

ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოები და ამ ოქმის ხელმომწერი სხვა სახელმწიფოები,

თვლიან რა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი თავიდან აცილებისათვის მიზანშეწონილია „კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის“ კონვენციაში (ETS N 173, შემდგომში „კონვენციად“ წოდებული) დამატებების შეტანა;

აგრეთვე, თვლიან რა, რომ ეს ოქმი წარმოქმნის 1996 წლის კორუფციის წინააღმდეგ სამოქმედო პროგრამის უფრო სრულად შესრულების შესაძლებლობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


თავი I

ტერმინთა გამოყენება

 

მუხლი 1

ტერმინთა გამოყენება

 

ამ ოქმის მიზნებისათვის:

1. „არბიტრად“ ითვლება პირი, რომელიც განსაზღვრულია ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში, მაგრამ ეს ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს პირს, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე მოწოდებულია გამოიტანოს იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება დავაზე, რომელიც მას გადასცეს შეთანხმების მხარეებმა.

2. ტერმინი „საარბიტრაჟო შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას, რომელიც აღიარებულია შიდასახელმწიფოებრივ სამართალთან შესაბამისობაში, რომლის საშუალებითაც მხარეები თანხმდებიან დავა გადასაწყვეტად გადასცენ არბიტრს.

3. „ნაფიც მსაჯულად“ ითვლება პირი, რომელიც განსაზღვრულია ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი სამართლით, მაგრამ ეს ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს პირს, რომელიც არ არის რა პროფესიონალი იურისტი, მოქმედებს როგორც წევრი კოლეგიალური ორგანოსი, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლოს ფარგლებში ბრალდებული პირის ბრალეულობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.

4. იმ განხილვების შემთხვევაში, რომლებშიც ჩართულია სხვა სახელმწიფოს არბიტრი ან ნაფიცი მსაჯული, სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს დევნას, შეუძლია გამოიყენოს არბიტრის ან ნაფიცი მსაჯულის განსაზღვრება იმდენად, რამდენადაც ეს განსაზღვრება არ ეწინააღმდეგება ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ სამართალს.

 

 

თავი II

შიდასახელმწიფოებრივ დონეზე განსახორციელებელი ზომები

 

მუხლი 2

სახელმწიფოს არბიტრების აქტიური მოსყიდვა

თითოეული მხარე იღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს, რათა მისი რომელიმე არბიტრისთვის, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს არბიტრაჟის შესახებ მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანახმად, რომელიმე პირის მხრიდან განზრახ, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მიცემა, უშუალოდ ამ პირისთვის ან ნებისმიერი სხვა პირისთვის, იმისთვის რომ მან ჩაიდინოს ქმედებები ან თავი შეიკავოს მათი ჩადენისგან თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ამ მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული. 

 

მუხლი 3

სახელმწიფოს არბიტრების პასიური მოსყიდვა

თითოეული მხარე იღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს, რათა მისი რომელიმე არბიტრის მხრიდან, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს არბიტრაჟის შესახებ მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანახმად, განზრახ, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნა ან მიღება ან ასეთი უპირატესობის შეთავაზების ან დაპირების მიღება, რათა ამ არბიტრმა ჩაიდინოს ქმედებები ან თავი შეიკავოს მათი ჩადენისგან თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ამ მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული. 

 

მუხლი 4

სხვა სახელმწიფოს არბიტრების მოსყიდვა

თითოეული მხარე იღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს, რათა მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, როცა ეს ეხება არბიტრს, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, ამ მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული.

 

მუხლი 5

სახელმწიფოს ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვა

თითოეული მხარე იღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს, რათა მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, როცა ეს ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო სისტემის ფარგლებში მოქმედებს როგორც ნაფიცი მსაჯული, ამ მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული.

 

მუხლი 6

სხვა სახელმწიფოს ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვა

თითოეული მხარე იღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს, რათა მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, როცა ეს ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სასამართლო სისტემის ფარგლებში მოქმედებს როგორც ნაფიცი მსაჯული, ამ მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული.

 

 

თავი III

შესრულების კონტროლი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 7

შესრულების კონტროლი

 

კორუფციასთან მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) კონტროლს უწევს მხარეთა მიერ ამ ოქმის შესრულებას.

 

მუხლი 8

კავშირი კონვენციასთან

 

1. კონვენციის მხარეთათვის ამ ოქმის მე-2-დან მე-6 მუხლის ჩათვლით ითვლება კონვენციის დამატებით მუხლებად.

2. კონვენციის დებულებები გამოიყენება იმდენად, რამდენადაც ისინი შეესაბამებიან ოქმის დებულებებს.

 

მუხლი 9

განცხადებები და დათქმები

1. თუ მხარემ გააკეთა განცხადება კონვენციის 36-ე მუხლის შესაბამისად, მას შეუძლია ანალოგიური განცხადება გააკეთოს ამ ოქმის მე-4 და მე-6 მუხლების მიმართაც ხელმოწერისას ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემისას.

2. თუ მხარემ გააკეთა დათქმა კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომელიც ზღუდავს კონვენციის მე-5 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის, პასიური მოსყიდვის სახით, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის დაკვალიფიცირებას, მას შეუძლია ანალოგიური განცხადება გააკეთოს ამ ოქმის მე-4 და მე-6 მუხლების მიმართაც ხელმოწერისას ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემისას. მხარის მიერ კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი სხვა დათქმა აგრეთვე გამოიყენება ამ ოქმის მიმართ, თუ ეს მხარე საპირისპიროს არ განაცხადებს ხელმოწერისას ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემისას.

3. რაიმე სხვა დათქმის გაკეთება დაუშვებელია.

 

მუხლი 10

ხელმოწერა და ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად იმ სახელმწიფოთათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას. ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოხატონ თანხმობა ვალდებულებების აღებაზე:

a. ხელმოწერის გზით რატიფიკაციასთან, მიღებასთან ან მოწონებასთან დაკავშირებით დათქმის გაკეთების გარეშე; ან

b. რატიფიკაციასთან, მიღებასთან ან მოწონებასთან დაკავშირებით დათქმით ხელმოწერის გზით და შემდგომი რატიფიკაციით, მიღებით ან მოწონებით.

2. სარატიფიკაციო სიგელები, მიღების ან მოწონების შესახებ დოკუმენტები შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

3. ოქმი ძალაში შედის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების შესაბამისად, ამ ოქმით განსაზღვრული ვალდებულებების აღებაზე ხუთი სახელმწიფოს მიერ თანხმობის გამოხატვის დღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს და მხოლოდ მას შემდეგ, როცა კონვენცია შევა ძალაში.

4. იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც შემდგომ გამოხატავენ ამ ოქმით განსაზღვრული ვალდებულებების აღებაზე თანხმობას, ოქმი ძალაში შედის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების შესაბამისად, მათ მიერ ოქმით დადგენილი ვალდებულებების აღებაზე თანხმობის გამოხატვის დღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

5. სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ოქმს, არ შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის რატიფიცირება, მიღება ან მოწონება კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებების აღებაზე თანხმობის წინასწარ ან ერთდროულად გამოხატვის გარეშე.

 

მუხლი 11

ოქმთან შეერთება

1. ამ ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპულ გაერთიანებას, რომელიც შეუერთდა კონვენციას, შეუძლია შეუერთდეს ამ ოქმს.

2. იმ სახელმწიფოსთვის ან ევროპული გაერთიანებისთვის, რომელიც შეუერთდა ოქმს, ოქმი ძალაში შედის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

 

მუხლი 12

ტერიტორიული გამოყენება

 1. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპულ გაერთიანებას ხელმოწერისას ან სარატიფიკაციო სიგელის ან მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემისას შეუძლია მიუთითოს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელზედაც გავრცელდება ამ ოქმის მოქმედება.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს შემდგომში ნებისმიერ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის გზით შეუძლია გაავრცელოს ოქმის მოქმედება განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი ან რომელთა სახელითაც ის უფლებამოსილია აიღოს ვალდებულებები. ასეთი ტერიტორიებისთვის ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ასეთი განცხადების მიღების დღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, რომელიც მითითებულია ასეთ განცხადებაში, შეიძლება გამოწვეულ იქნეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით. ასეთი გამოწვევა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

 

მუხლი 13

დენონსაცია

1. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის  გზით შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის დენონსაცია.

2. ასეთი დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.

3. კონვენციის დენონსაცია ავტომატურად იწვევს ოქმის დენონსაციას.

 

მუხლი 14

შეტყობინება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს ყველა წევრ-სახელმწიფოს, ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპულ გაერთიანებას, რომლებიც შეუერთდნენ ამ ოქმს, ატყობინებს:

a. ამ ოქმის ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b. ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელის ან მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის შესანახად გადაცემის შესახებ;

c. მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად ამ ოქმის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;

d. მე-9 და მე-12 მუხლების თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების ან დათქმის შესახებ;

e. ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან ცნობის შესახებ.

რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერნი, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილნი აწერენ ხელს ამ ოქმს.

 

შესრულებულია სტრასბურგში, 2003 წლის 15 მაისს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა და ერთ ეგზემპლარად ინახება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლს უგზავნის ყოველ ხელმომწერ ან შეერთებულ მხარეს.