საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2014
ძალაში შესვლის თარიღი 15/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017926
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
306
23/04/2014
ვებგვერდი, 23/04/2014
040030000.10.003.017926
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/04/2014 - 28/10/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №306

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 და 31 პუნქტების საფუძველზე:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2014 წლის 21 მარტის №2163-IIს საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნაცვლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განხორციელდეს რეორგანიზაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანდართული დებულება და სტრუქტურა.

 

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 15 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემ­დგომ­ში – სააგენტო) არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდი­ული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო შეს­ყიდ­ვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონი­ტო­რინგს.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“. საა­გენ­ტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელე­ბა „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონს­ტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარ­გ­ლებში და წესით.

5. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქარ­თველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნე­ბისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამო­დის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი გამოსცეს, მიიღოს ან/და გასცეს მექანიკური ან/და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ დოკუმენტების ამონაბეჭდებს ან მათ ელექტრონულ ასლებს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ამ დოკუმენტებს.

8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პეკინის ქ. №28.

 

თავი II

სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

 

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

ა) გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა და გამჭვირვალობა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერების მონიტორინგი;

გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულებისა და ანგარიშგების, სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის უზრუნველყოფა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში;

დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება;

ე) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და მისი განვითარების უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ე) სპეციალური სასწავლო პროგრამების და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

ზ) თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ინტეგრირების ხელშეწყობა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას წარმოშობილი დავების განხილვის გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმის უზრუნველყოფა;

ი) სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრისა (შავი სიის) და კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრის (თეთრი სიის) წარმოება;

კ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ კლასიფიკატორში ინტეგრირება;

ლ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სააგენტო თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია:

ა) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;

ბ) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ფორმებითა და ვადებში, აგრეთვე, მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით;

გ) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების დარღვევის ან მათი არასწორი გამოყენებისას, სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და მოქმედების კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;

დ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი;

ვ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ფასიანი მომსახურება, რომელიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ვალდებულებას;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

 

მუხლი 4. სააგენტოს თავმჯდომარე

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;

ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ე) სააგენტოს სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს;

თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს;

ი) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, სახელფასო ფონდს;

კ) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით, ამტკიცებს სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენ­ტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს საა­გენტოს სახსრებსა და ქონებას;

ნ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს საა­გენ­­ტოს საქმიანობის შესახებ;

ო) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;

პ) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმი­ნის­­ტრაციულ ფუნქციებს;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოს­ცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას, სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

 

თავი III

სააგენტოს მართვა და სტრუქტურა

 

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ბ) მონიტორინგის დეპარტამენტი:

ბ.ა) ტენდერების მონიტორინგის სამმართველო;

ბ.ბ) გამარტივებული ხელშეკრულებების, კონკურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების მონიტორინგის სამმართველო;

გ) იურიდიული დეპარტამენტი:

გ.ა) სამართალწარმოების სამმართველო;

გ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) სასწავლო ცენტრი;

ე) ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამსახური;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

ზ) აპარატი;

თ) ანალიტიკური ჯგუფი;

ი) კონსოლიდირებული ტენდერების ორგანიზების სამმართველო.

4. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ.

 

თავი IV

სააგენტოს ქონება და ფინანსები

 

მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები

1. სააგენტოს აქვს ქონება, რომელზეც გააჩნია საკუთრების, სარგებლობის ან/და სხვა სახის უფლებები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობა, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სააგენტოს საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თან­ხები ეკუთვნის სააგენტოს და გამოიყენება მისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად.

 

თავი V

სახელმწიფო კონტროლი და ანგარიშვალდებულება

 

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. სააგენტომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი­ნანს­თა სამინისტროს თანხმობა.

 

მუხლი 8. სააგენტოს წლიური ანგარიში

სააგენტო, ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე, ამზადებს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას. ანგარიში აგრეთვე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

თავი VI

სააგენტოს რეორგანიზაცია‑ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

 

მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

მუხლი 10. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.