„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016887
  • Word
553
02/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
000000000.00.003.016887
„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №553

 2014 წლის 2 აპრილი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ

   1. „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“.

   2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 აგვისტოს №1608 განკარგულება.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                                      ირაკლი ღარიბაშვილი

 

საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი

 

პრეამბულა


    გრძელვადიანი დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისათვის განსაკუთ­რებულ ფასეულობას წარმოადგენს. ახალგაზრდობა ასაკობრივი განვითარების ის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ხდება პიროვნების ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდები ცდილობენ, განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, რათა თავისუფლად წარმოაჩინონ საკუთარი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

   აუცილებელია ახალგაზრდების, მათი როლისა და საჭიროებების შესახებ მკაფიო და ერთიანი ხედვა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება შესაბამისი მიდგომები და მექანიზმები საქართველოში ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის.

    „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა“ (შემდგომში – „ახალგაზრდული პოლიტიკა“) არეგულირებს 14-29 წლის პირთა განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს, სახელმწიფო სტრუქტურების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, ითვალისწინებს რა ევროპულ და საერთაშორისო დონეზე არსებულ საუკეთესო გამოცდილებას.

    ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული რესურსები, მომსახურებები და პროგრამები ფოკუსირებული იყოს ბავშვებზე სასკოლო ასაკიდან.

    ახალგაზრდული პოლიტიკა წარმო­ადგენს კონცეპტუალურ დოკუმენტს და ის საფუძვლად უნდა დაედოს მთავრობის მიერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს.

 

I. ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანი და ამოცანები

    ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია,ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული პოლიტიკა უზრუნველყოფს:

1. საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობას.

2. ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

3. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას ახალგაზრდე­ბისადმი კეთილგანწყობილ გარემოში.

4. სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, მათი უფლებების დაცვას და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას.

 

II. ახალგაზრდული პოლიტიკის პრინციპები

სახელმწიფოს საქმიანობა ახალგაზრდობის მიმართულებით ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

1. სარწმუნო მონაცემებზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება.

2. ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

3. თანასწორობა.

4. უფლებების აღიარება, პატივისცემა და დაცვა.

5. ხელმისაწვდომობა.

6. ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობა.

7. თანამშრომლობა და ჩართულობა.

8. საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

III. პოლიტიკის დოკუმენტში გამოყენებული ძირითადი ტერმინების განმარტება

ქვემოთ მოცემული ტერმინების განმარტებები უზრუნველყოფს ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული ღონისძიებების ერთგვა­როვან გაგებას:

1. ახალგაზრდა: 14-29 წლის პირი.

2. ახალგაზრდა ოჯახი: რეგისტრირებული წყვილი, რომლის ორივე სუბიექტი არის ახალგაზრდა.

3. სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდები:

3.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები;

3.2. ახალგაზრდები, რომლებიც არ დადიან სკოლაში;

3.3. არასრულწლოვანი ორსულები/მშობლები;

3.4. ქუჩაში მცხოვრები და/ან ქუჩაში მომუშავე ახალგაზრდები;

3.5. მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ახალგაზრდები;

3.6. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდები;

3.7. მძიმე და განუკურნებელი დაავადებების მქონე ახალგაზრდები;

3.8. ტრეფიკინგის მსხვერპლი ახალგაზრდები;

3.9. ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მომხმარებელი ახალგაზრდები;

3.10. თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მომხმარებელი ახალგაზრდები;

3.11. კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდები;

3.12. ყოფილი მსჯავრდებულები;

3.13. ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდები;

3.14. ახალგაზრდები იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან;

3.15. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები - საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად“;

3.16. ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ახალგაზრდები;

3.17. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები;

3. 18.  ომში დაღუპულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა შვილები.

4. ახალგაზრდული საქმიანობა: საგანმანათლებლო საქმიანობა ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის, რომელიც ხორციელდება ფორმალური განათლების, ოჯახური და სამსახურებრივი კონტექსტის მიღმა და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილე­ობასა და ინტეგრაციას.

5. ახალგაზრდული მუშაკი: პირი, რომელიც ახორციელებს ახალგაზრდულ საქმიანობას.

6. მოხალისეობა : საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა, რომელიც ხორციელდება პირის თავისუფალი ნების საფუძველზე სხვების დასახმარებლად და არ არის მოტივირებული რაიმე ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღებით.

7. ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

8. დაინტერესებული პირი: ფიზიკური პირი, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე დაწესებულება, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის სამოქმედო სფეროს ერთ-ერთი სეგმენტი ახალგაზრდობაა.

9. სტრუქტურული დიალოგი: ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები მათდამი კეთილგანწყობილ გარემოში სრულფასოვნად მონაწილეობენ ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში, განვითარებაში, შეფასებასა და მონიტორინგში.

10. ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობა : ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისას და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული გადაწყვეტი­ლებების მიღებისას ახალგაზრდების ასაკის, განვითარების, საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება.

11. ფორმალური  განათლება: სტრუქტურული საგანმანათლებლო სისტემა ზოგადი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით, რომელმაც შეიძლება აგრეთვე მოიცვას პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამები.

12. არაფორმალური განათლება: ნდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი, ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც არ არის ფორმალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს კომპეტენციების (ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების) განვითარებას.

13. ფორმალური გარე განათლება: მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი სპეციალურად გაწეული ძალისხმევის გარეშე, დაუგეგმავად ითვისებს დამოკიდებულებებს, ფასეულობებს, იძენს უნარებსა და ცოდნას საკუთარი გარემოცვის გავლენით და ყოველდღიური გამოცდილების მეშვეობით.

14. მობილობა: მოსწავლეთა, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს, კანონის თანახმად, კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და კრედიტების აღიარება.

 

 

IV. ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებები

    ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების განსახორციელებლად სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამის, ვადებში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასე­ბას შემდეგი ოთხი სტრატეგიული მიმართულებით:

1. მონაწილეობა;

2. განათლება, დასაქმება და მობილობა;

3. ჯანმრთელობა;

4. სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა.

 

1. მონაწილეობა

1.1. სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები

სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია ახალგაზრდებმა საფუძვლიანად იცოდნენ თავიანთი სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობის მიზანია სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

1.1.1 უზრუნველყოს სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებზე ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გზით;

1.1.2 ხელი შეუწყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ახალგაზრდებისთვის უმცირესობათა და საზოგადოების სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფების უფლებების შესახებ;

1.1. 3 ხელი შეუწყოს უმცირესობათა წარმომადგენელი და სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

1.1.4 ხელი შეუწყოს ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების გაძლიერების მიზნით.

1.2. ახალგაზრდული საქმიანობა

ახალგაზრდული საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობასა და ინტეგრაციას. ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული საქმიანობა ქმნის კომფორტულ, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლონ ერთმანეთისგან და განვითარდნენ. ახალგაზრდულ საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზ­რდული საქმიანობის განვითარება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

1.2.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერებას, ახალგაზრდული მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ განვითარებას და მათ მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას;

1.2.2 იზრუნოს, რომ მოხდეს ახალგაზრდული საქმიანობის შედე­გად მიღებული გამოცდილების და შედეგების აღიარება და ცნობა;

1.2.3 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში;

1.2.4 ხელი შეუწყოს არაფორმალური განათლების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

1.3. გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები

საქართველო, როგორც ბავშვის უფლებათა გაეროს კონვენციისა და ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ ევროპული ქარტიის მხარე, აღიარებს ახალგაზრდების მონაწილეობის უფლებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა და შესაბამისი უნარ-ჩვევები.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

1.3.1 მიაწოდოს ახალგაზრდებს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩაბმის შესაძლებლობების შესახებ;

1.3.2 წაახალისოს ისეთი სასწავლო პროგრამების განხოციელება, რომლებიც დაეხმარება ახალგაზრდებს გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში;

1.3.3 ხელი შეუწყოს ისეთი ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების ინსტიტუციონალურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

1.3.4 ხელი შეუწყოს აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და ადაპტირებული გარემოს შექმნას, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების, მაქსიმალურ ჩართულობას;

1.3.5 შეიმუშავოს რეკომენდაციები და წინადადებები ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით;

1.3.6 უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართვის შესაძლებლობა, როგორც მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების, ასევე, მათი აღსრულებისა და შეფასების პროცესში. 

1.4. ახალგაზრდული ინიციატივები

მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც ემსახურება მათი თანატოლების საჭიროებების დაკმაყოფილებას და სასარგებლოა არა მხოლოდ პროექტების ბენეფიციართათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ პროექტების ინიცირებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათ მიერ ინიციირებული პროექტების მხარდაჭერა და დაფინანსება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

1.4.1.დაეხმაროს ახალგაზრდებს პროექტების მართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარებაში;

1.4.2 წაახალისოს საგრანტო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;

1.4.3 ხელი შეუწყოს ახალგაზრდული ინიციატივების გაშუქებას, რაც გააძლიერებს ახლადშექმნილი ახალგაზრდული ჯგუფების მოტივაციას, გაზრდის ახალგაზრდების მიღწევათა შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას და წაახალისებს დონორებს ახალგაზრდული პროექტების მხარდასაჭერად;

1.4.4 ხელი შეუწყოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგრად განვითარებას.

1.5. მოხალისეობა

მოხალისეობა არაფორმალური განათლების ფარგლებში მოქმედი ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების საკეთილდღეოდ უანგარო შრომის უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მოხალისეობის მოტივაციის ზრდას, მოხალისეობაში უმუშევართა ჩართვას, საერთაშორისო მოხალისეობის გავრცელებას და მოხალისეების ჩართვას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სპორტი, სოციალური კეთილდღეობა, კულტურა, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობა და სხვა.

საქართველოს მთავრობის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

1.5.1 შეიმუშავოს მოხალისეობის განვითარების ეროვნული სტრატეგია და მასთან ინტეგრირებული რეგიონული და ადგილობრივი პროგრამები;

1.5.2 საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები, რათა უზრუნველყოს მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია;

1.5.3 ხელი შეუწყოს საერთაშორისო მოხალისეობის განვითარებას.

1.6. კულტურა, შემოქმედებითი საქმიანობა და დასვენება

ახალგაზრდების კულტურული საქმიანობის და დასვენების შესაძლებლობებს პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მათ ცხოვრების ყველა სფეროში გამოადგებათ და დაეხმარება კულტურისა და ტურიზმის სექტორებში დასაქმებაში. ამასთან, საჭიროა ახალგაზრდების წახალისება საკუთარი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების ცოდნაში.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების ჩაბმა კულტურულ, შემოქმედებით და დასვენების ღონისძიებებში.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

1.6.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის კულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული პროგრამების რაოდენობისა და მასშტაბების გაზრდას;

1.6.2 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩაბმას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და მოვლა-შენახვის ღონისძიებებში;

1.6.3 უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებს შორის ქვეყნის კულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მასში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა და საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კავშირების შენარჩუნება;

 1.6.4 ხელი შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ჩართვას ქვეყნის კულტურულ, შემოქმედებით და რეკრეაციულ ცხოვრებაში და საოკუპაციო ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობათა გაღრმავებას;

1.6.5  ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტურიზმის განვითარებას;

1.6.6 ხელი შეუწყოს კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

1.7. გარემოს დაცვა

გარემოსდაცვითი საქმიანობა და მასში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი სოციალური სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ადამიანის ჩამოყალიბებას, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა საკუთარი საარსებო გარემოს შესახებ, ფლობს გარემოსთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, აქვს გარემოს მიმართ პასუხისმგებლური დამოკიდებულება.

საქართველოს მთავრობის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

1.7.1 ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

1.7.2 ფორმალური და არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას;

1.7.3 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართვას გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

 

2. განათლება, დასაქმება და მობილობა

2.1. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამსახურზე გადასვლის სისტემა

განათლების სისტემიდან სამსახურზე გადასვლა ყველა ახალგაზრდის წინაშე არსებული გამოწვევაა. განათლების სექტორმა უნდა უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის ისეთი ცოდნისა და კომპეტენციების განვითარება, რომელიც განაპირობებს მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობას და დასაქმებას.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების კვალიფი­კა­ციის ზრდა და კონკურენტუნარიანობის და შრომითი ეფექტურობის ამაღლება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

2.1.1 გააუმჯობესოს ზოგადი განათლების ხარისხი, აგრეთვე, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წარმატებულ სწავლასა და დასაქმებას;

2.1.2 უზრუნველყოს ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული და უმაღლესი, აგრეთვე, სამხედრო განათლების და სპეციალური პროფესიული განათლების, მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობათა შესახებ;

2.1.3 წაახალისოს ინოვაციებზე ორიენტირებული პროგრამები, რომლებიც ხელს შეუ­წყობს ახალგაზრდების საგანმანათლებლო სისტემიდან სამსახურზე გა­დასვლას;

2.1.4 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში;

2.1.5 ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განვითარებას.

2.2. განათლების სფეროში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებ­ლობები

სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში საქა­რ­თველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა ახალგაზრდას მიიღოს ხარისხიანი განათლება. საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ განათლების მიღების ისეთივე შესაძლებლობები, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების დასაქმების უზრუნველსაყოფად შესაბამისი განათლების პირობების შექმნა ყველა ახალგაზრდისათვის, განურჩევლად მათი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

2.2.1 ხელი შეუწყოს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვ­რები, შეზღუდული შესაძლებლობების და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მონაწილეობას ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმა­ნათლებლო პროგრამებში;

2.2.2 ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობას ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმა­ნათლებლო პროგრამებში;

2.2.3  გააუმჯობესოს სახელმწიფო ენის სწავლება;

 2.2.4 უზრუნველყოს და განამტკიცოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხო­ვ­­რები ახალგაზრდებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა;

  2.2.5 უზრუნველყოს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებთან მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად ცალკეული ტიპის ჯგუფების სპეციფიკის მიხედვით.

2.3. ეკონომიკური შესაძლებლობები და ცხოვრების პირობები რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის

რეგიონებსა და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრებ ახალ­გაზ­რდებს ისეთივე მომსახურებები და შესაძლებლობები სჭირდებათ, რო­გორიც ქალაქში მცხოვრებ მათ თანატოლებს.

საქართველოს  მთავრობის  მიზანია  რეგიონებში,  მაღალმთიან ადგილებსა და საოკუპაციო ხაზების  მიმდებარე  ტერიტორიებზე  მცხოვრები  ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

2.3.1 ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას;

2.3.2 ხელი შეუწყოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საჭირო ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას;

2.3.3 მხარი დაუჭიროს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას რეგიონებისთვის მოთხოვნად პროფესიებში;

2.3.4 ხელი შეუწყოს რეგიონების, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზების მიმდებარე ტერიტორიების ეკონომიკურ განვითარებას, რაც შექმნის ახალგაზრდების ადგილზე დასაქმების შესაძლებლობებს;

2.3.5 ხელი შეუწყოს რეგიონებში კულტურულ-შემოქმედებითი კერების, ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

2.4. მობილობა

ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობის არსებობა. საზღვარგარეთ განათლების მიღების შემ­დეგ სტუდენტები მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იძენენ, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ამაში ახალგაზრდებს მობილობა ეხმარება.

საქართველოს მთავრობის მიზანია სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

2.4.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას მობილობის შესაძლებლობების შესახებ;

2.4.2 უზრუნველყოს მობილობის ხელშემწყობი პროგრამების განვითარება;

2.4.3 შექმნას ხელსაყრელი გარემო საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების სისტემის განვითარებისათვის;

2.4.4 უზრუნველყოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ.

 

 

3. ჯანმრთელობა

3.1. ცხოვრების ჯანსაღი წესი

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ათვითცნობიერებდნენ მის მნიშვნელობას და სარგებლობდნენ პრევენციული სერვისებით. აუცილებელია ახალგაზრდების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათი აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მათ საკუთარ ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვის საშუალებას მისცემს.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

3.1.1 ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და განათლების დონის გაზრდას;

3.1.2 უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის (მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის) პრევენციული სერვისების შექმნა, განვითარება და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

3.1.3 ხელი შეუწყოს დასვენების და გართობის ადგილებში და დაწესებულებებში ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;

3.1.4 დაეხმაროს ახალგაზრდებს თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებაში და შესაბამისად, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების დასვენებასა და გართობაზე მიმართულ პროგრამებს, რომლებშიც ინტეგრირებული იქნება ფიზიკური აქტივობა და რეკრეაციული და საგანმანათლებლო ღონისძიებები;

3.1.5 იზრუნოს ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩაბმაზე, რისთვისაც ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, გაუმჯობესებასა და ადაპტირებას;

3.1.6 ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას სპორტული აქტივობების, მასობრივი კამპანიებ ისა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით;

3.1.7 ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობი მარეგულირებელი მექანიზმების გაძლიერების მიზნით, მოახდინოს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა და შესაბამისი ცვლილებების ინიციირება.

3.2. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ფლობდნენ ინფორმაციას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და თანამედროვე კონტრაცეფციის შესახებ ინფორმა­ციის არსებობა ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის აბორტებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის, აივ ინფექციის გავრცელების შემცირებას, ასევე, ნაადრევი ქორწინების, ნაადრევი ორსულობის და მასთან დაკავშირებული რისკების და დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას.

საქართველოს მთავრობის მიზანია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის და განათლების დონის გაზრდა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

3.2.1 ხელი შეუწყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის არსებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ ახალგაზრდების, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფების, ინფორმირებულობის გაზრდას;

3.2.2 უზრუნველყოს ახალგაზრდა ქალებისთვის და კაცებისთვის, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფებისთვის, ხარისხიანი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდება;

3.2.3 პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭოს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას, მომსახურების მიწოდებას ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში, კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფით;

3.2.4 ხელი შეუწყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ახალგაზრდებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას.

3.3. ფსიქიკური ჯანმრთელობა

მნიშვნელოვანია ქვეყანაში განვითარდეს ფსიქიატრიული და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები ახალგაზრდებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიზანია ისეთი სამსახურების განვითარება, რომლებიც ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოემსახურება.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

3.3.1 იზრუნოს ახალგაზრდებზე მორგებული ფსიქიკური ჯანმრთე­ლობის სერვისების ხელმისაწვდომობის შექმნაზე/გაუმჯობესებაზე და არსებული სერვისების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდაზე;

3.3.2 ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციისა და სტიგმის შემცირების მიზნით ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმი­რებულობის და ცოდნის დონის ამაღლებას;

3.3.3 ხელი შეუწყოს ფსიქიკური პრობ­ლემების მქონე ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციას.

3.4. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია

მნიშვნელოვანია, განხორციელდეს აქტიური კამპანია ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციისთვის.

საქართველოს მთავრობის ამოცანაა:

1.შეიმუშავოს სტრატეგია, პროგრამები და სერვისები ახალგაზრდებისთვის, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციაზე იქნება ორიენტირებული.

 

4. სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა

4.1. სოციალური დახმარება

მნიშვნელოვანია მიზნობრივი სო­ციალური დახმარების პროგრამის ამოქმედება, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ოჯახების გამოვლენას და მათ უზრუნველ­ყოფას საარსებო შემწეობით. სახელმწიფო სოციალური პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელია შესაბამისი მიზნობრივი ჯგუ­ფების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება.

საქართველოს მთავრობის მიზანია სოციალური დახმარების პროგრამებით გათვალისწინებული შესაძლებლობების გაზრდა, რათა უკეთ დააკმაყოფილოს სიღარიბეში მცხოვ­რები ახალგაზრდების საჭიროებები.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

4.1.1 ხელი შეუწყოს კვლევაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებული სოციალური დახმარებისა და სხვა სოციალური პროგრამების განხორციელებას რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით;

4.1.2 მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ მიზნობრივი სოციალური დახმარების და სხვა სოციალურ პროგრამებზე;

4.1.3 ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ოჯახებისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და სხვა სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობას.

4.2. დანაშაულის პრევენცია, რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია

სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების თანაბარი და სრულფასოვანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დამატებით მხარდამჭერ პროგრამებსა და ალტერნატიულ სერვისებში, განსაკუთრებით, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდების. ასევე პრიორიტეტულია უსახლკარო, მათ შორის, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ახალგაზრდების, ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქო­ნე ახალგაზრდების რესოციალიზაცია, რეინტეგრაცია და მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობის მიზანია დანაშაულის პრევენცია და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების რეინტეგრაცია და რესოციალიზაცია.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

4.2.1 იზრუნოს დანაშაულის პრევენციის ღონისძიებებზე და იდენტიფიკაციის, რეფერირებისა და რეაგირების მექანიზ­მების შესაბამისობაში მოყვანაზე;

4.2.2 მხარი დაუჭიროს განათლებისა და დასაქმების პროგრამებს იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სპეციალური მხარდაჭერა ესაჭიროებათ;

4.2.3 ხელი შეუწყოს იმ ახალგაზრდების მოხალისეობრივ, საზოგადოებრივ და არაფორმალურ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და პროგრამებში ჩართვას, რომლებსაც სპეციალური მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

4.3. უფლებები, ძალადობა და არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა

აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკამ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და განვითარდეს ახალგაზრდების დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები ძალადობის საჩივრებზე რეაგირების ხარისხის გაზრდის მიზნით.

საქართველოს მთავრობის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებების შესახებ და ახალგაზრდებს შორის არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბება; ასევე, იმ ახალგაზრდების სპეცი­ალური დაცვითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფა, რომლებიც ძალადობისა და არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი არიან.

საქართველოს მთავრობის ამოცანებია:

4.3.1 ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისა და მოსახლეობის ცოდნისა და ინფორმირებუ­ლობის დონის გაზრდას ბავშვისა და ადამიანის უფლებების, ძალადო­ბისა და იმ სამსახურების შესახებ, რომლებიც მოქმედებენ ძალადობისა და არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით;

4.3.2 ხელი შეუწყოს ძალადობისა და არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი ახალგაზრდებისთვის სერვისების გაუმჯობესებას და მათ ხელმისაწვდომობას;

4.3.3 ხელი შეუწყოს ძალადობისა და არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი ახალ­გაზ­რდების რეფერალურ მექანიზმში დროულად ჩართვას;

4.3.4 ხელი შეუწყოს ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებას.

 

 

V. ახალგაზრდული პოლიტიკის სუბიექტები, გადაწყვეტილების მიღებისა და კოორდინაციის მექანიზმები

1. ახალგაზრდული პოლიტიკის სუბიექტები

სახელმწიფო დაწესებულებები და სამთავრობო უწყებები პასუხის­მგე­ბელნი არიან ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაზე მათი კომპეტენციის ფარგლებში და ყურადღებას მიაქცევენ, რომ მათ მიერ ახალგაზრდებთან დაკავშირებით განხორციელებული სტრატეგიები და პროგრამები შესა­ბამისო­ბაში იყოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრინ­ციპებთან და სულისკვეთებასთან, მაშინაც კი, თუ ისინი მითითებული არ არის ახალგაზრდულ პოლიტიკაში.

ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამის ვადებში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასე­ბას.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალგაზრდული პოლიტიკითა და სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარდა, კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას.

ახალგაზრდული პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი სუბიექტები არიან:

1. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;

2. ადგილობრივი თვითმმართველობები;

3. ახალგაზრდები;

4. ახალგაზრდული ორგანიზაციები;

5. დაინტერესებული პირები;

6. საერთაშორისო ორგანიზაციები;

7. მედია;

8. მეცნიერები.

2. გადაწყვეტილების მიღებისა და კოორდინაციის მექანიზმები

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. აღნიშნული საბჭო შეიკრი­ბება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან გამართავს დიალოგს ეროვნული/ადგილობრივი მუდმივმოქმედი მექანიზმის შემუშავების მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართვას ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში.

საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს მექანიზმებს, რომელთა მიზანი იქნება ყველა დაინტერესებული მხა­რის ჩაბმა გადაწყვეტილებების მიღების, კოორდინაციისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

საქართველოს მთავრობა ათვითცნობიერებს, რომ ახალგაზრდებს უფლება აქვთ, ჩაერთონ იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ­ლებიც მათ ეხება. საქართველოს მთავრობა გამოიყენებს სტრუქტურულ დიალოგს, რო­გორც ახალგაზრდულ პოლიტიკაში ახალგაზრდების მონა­წი­ლეობის უზრუნველყოფის მექანიზმს.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ახალგაზრდობის საკითხებზე კვლევების ჩატარებას, რათა ყოველწლიურად შეფასდეს ახალგაზრდუ­ლი პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიმართულე­ბების შესრულების ინდიკატორები და მაჩვენებლები.

 

 

VI. ახალგაზრდული პოლიტიკის საერთაშორისო განზომილება

ახალგაზრდული პოლიტიკა განხორციელდება საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით. საქართველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცნობიერებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების, ნატო-ს, აშშ-ს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს როლს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში. ასევე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონალურ თანამშრომლობას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას.