„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2172-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.017380
2172-IIს
02/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
010320050.05.001.017380
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 201–209 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მხილება – საჯარო მოსამსახურის ან ყოფილი საჯარო მოსამსახურის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმირება საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილებად აგრეთვე ჩაითვლება მამხილებლის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის შემდეგ;

ბ) ანონიმური მხილება – მხილება, როდესაც მამხილებელი იდენტიფიცირებული არ არის; 

გ) განცხადების განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი;

დ) იძულებითი ზომები – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ან მამხილებლის თანხმობის გარეშე მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა, ხელშეკრულების პირობების გაუარესება, სამსახურში მიღებაზე, აღდგენაზე ან დაწინაურებაზე უარის თქმა, ან/და სხვა ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მამხილებლის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვა ან მდგომარეობის ან/და სამუშაო პირობების გაუარესება;

ე) მამხილებლის ახლო ნათესავი – მამხილებლის მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული), შვილი, შვილობილი, გერი, მშობელი, შვილად ამყვანი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მამხილებელთან მუდმივად მცხოვრები პირი.

მუხლი 202

1. მხილება კეთილსინდისიერი უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის პრევენციას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას.

2. მხილება კეთილსინდისიერად ითვლება, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

მუხლი 203

1. მხილება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით ან სხვა საშუალებით.

2. მხილება შეიძლება ანონიმური იყოს.

3. თუ არ არსებობს მამხილებლის მიერ მისი ვინაობის გამჟღავნების წერილობით გამოხატული ნება, განცხადების განმხილველი ორგანო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მამხილებლის ვინაობა.

4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მოთხოვნის ბრალეული დარღვევა, თუ ის დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 204

1. დაუშვებელია მამხილებლის ან მისი ახლო ნათესავის დაშინება, შევიწროება, იძულება, დამცირება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, დისკრიმინაციული მოპყრობა ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელება მხილების ფაქტთან დაკავშირებით.

2. დაუშვებელია მამხილებლის მიმართ ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე მის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება მხილების ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების გამო.

3. თუ მამხილებლის მიმართ წარმოებს დისციპლინური დევნა,  ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესი, ის უნდა შეჩერდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) დისციპლინური დევნა, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესი დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან;

ბ) ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიებით სარგებლობის მიზანია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელყოფა, მისი კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება.

4. მამხილებლის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენებისას,  ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას შესაბამისი საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს, რომ ეს დაკავშირებული არ არის მხილების ფაქტთან და ამისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

5. ამ მუხლით დადგენილი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

6. სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მხილებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ ამ საქმეში მონაწილეობის გამო მამხილებლის, მისი ახლო ნათესავის ან მხილების მოწმის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას საფრთხე ემუქრება, მამხილებელი, მისი ახლო ნათესავი, მხილების მოწმე ან განცხადების განმხილველი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პროკურატურას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

7. განცხადების განმხილველი ორგანოს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მამხილებელი უფლებამოსილია მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის XIV თავით დადგენილი წესით სასამართლოში გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანება, განკარგულება, მიღებული გადაწყვეტილება და განხორციელებული ქმედება.

მუხლი 205

მამხილებელი დაცვის გარანტიებით სარგებლობს განურჩევლად იმისა, მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია სწორია თუ მცდარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) მხილების შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია მცდარია, რაც მამხილებლისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან ცნობილი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მას შეეძლო გადაემოწმებინა მხილებისათვის საჭირო ინფორმაციის სისწორე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან ამ ინფორმაციის გადამოწმებისთვის აუცილებელი ყველა შესაძლო ზომა მიიღო და მისი მცდარობა მაინც ვერ დაადგინა;

ბ) მამხილებელი მოქმედებს თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სპეციალური ჯილდოს მიღების შემთხვევისა;

გ) მამხილებელი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მხილების ფაქტობრივი გარემოებები საჯაროდ ცნობილია ან ცნობილია განცხადების განმხილველი ორგანოსთვის.

მუხლი 20

1. განცხადების განმხილველი ორგანო მხილების განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. თუ მხილების განცხადების განხილვის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ჩადენილი დარღვევა შესაძლებელია გახდეს მხილებულისთვის ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, განცხადების განმხილველი ორგანო ვალდებულია მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. 

3. ამ კანონის 20მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შეჩერებული სამართალწარმოება განახლდება შესაბამისი განცხადების განმხილველი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.    

მუხლი 207

1. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.

2. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის  წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.

3. თუ მხილების განცხადება მიმართულია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის წინააღმდეგ, მამხილებელს უფლება აქვს, მხილების განცხადებით მიმართოს ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ზემდგომ თანამდებობის პირს.

მუხლი 208

დაუშვებელია, პირმა განიხილოს მხილების განცხადება, თუ ეს განცხადება მიმართულია მის წინააღმდეგ, ან ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია გადაწყვეტილების შედეგით, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის მიუკერძოებლობას.    

მუხლი 209

მხილებულს უნდა ეცნობოს მის წინააღმდეგ მიმართული მხილების განცხადების და არსებული მტკიცებულებების შესახებ. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, პასუხი გასცეს მხილებას მხილების განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მხილებულის პოზიცია უნდა აისახოს განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაში.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2010 და 2011 მუხლები:

„მუხლი 2010 

1. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს და უნდა შეიცავდეს:

ა) მხილების ფაქტობრივი გარემოებების აღწერას;

ბ) გამოკვლეული მტკიცებულებების ჩამონათვალსა და აღწერას;

გ) მხილებულის პოზიციას;

დ) გადაწყვეტილების დასაბუთებას.

2. დაუშვებელია, განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნოს იმ გარემოებას, ფაქტს, მტკიცებულებას ან არგუმენტს, რომელიც მხილების განცხადების განხილვის პროცესში სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა.

3. განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ მხილებულსა და მამხილებელს. ანონიმური მხილების შემთხვევაში განცხადების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ მხილებულს.

4. მხილების განცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. მისი ძალაში შესვლის, აღსრულებისა და გასაჩივრების წესი დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით.

მუხლი 2011

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მხილების საკითხები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 აპრილი 2014 წ.

N2172-IIს