„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 03/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.002.702
  • Word
4292
29/12/2006
სსმ, 1, 03/01/2007
300.380.000.05.001.002.702
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო – საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით);

პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;“;

ბ.ბ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია;

ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით;“.

2. მე-7–88 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტო არის ამ კანონისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას და არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას.

3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სააგენტოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

4. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. სააგენტოს საშტატო განრიგს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

5. სააგენტოს უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.

6. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

7. პირი არ შეიძლება დაინიშნოს სააგენტოს უფროსად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

    მუხლი 8. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

ა) ნებაყოფლობით გადადგა;

ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ან ამ კანონის 83 მუხლის მოთხოვნები;

ვ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ზ) გარდაიცვალა.

2. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 81. სააგენტოს ფუნქციები

1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან;

ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;

ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის (აქციების) 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;

კ) რეგულირების საფასურის დადგენა არა უმეტეს „რეგულირების საფასურის“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და დადგენილი წესით მისი განკარგვა;

ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება;

მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;

ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ.

    მუხლი 82. სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა და აპარატის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაბამისად იწვევს მისი მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

2. სააგენტოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 83. სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილისა და სააგენტოს აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

1. სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება სააგენტოს რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება სააგენტოს რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება სააგენტოს რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება სააგენტოს რეგულირების სფეროს.

2. სააგენტოს უფროსი, მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. სააგენტოს უფროსი, მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. სააგენტოს აპარატის თანამშრომელი, გარდა დამხმარე მოსამსახურისა, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

5. სააგენტოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

6. სააგენტოს უფროსი, მისი მოადგილე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში თავისი ან თავისი ოჯახის წევრის ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

    მუხლი 84. სააგენტოს უფროსისა და მისი მოადგილეების პოლიტიკური საქმიანობა

სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები ვალდებული არიან სააგენტოში მუშაობის პერიოდში შეაჩერონ პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია სააგენტოში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

    მუხლი 85. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1. სააგენტო, სააგენტოს უფროსი, მისი მოადგილეები და სააგენტოს აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

3. მხოლოდ სააგენტოა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს სააგენტოს აპარატის თანამშრომლები.

4. სააგენტოს აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს სააგენტოში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 86. სააგენტოს ბიუჯეტი

1. სააგენტო ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისთვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სააგენტოს ყველა ხარჯი და შემოსავალი. სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. სააგენტოს ბიუჯეტს ქმნის ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური, ამ კანონით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. რეგულირების ყოველწლიური საფასური დგინდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 87. სააგენტოს საქმიანობის ანგარიში

1. სააგენტო ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისისთვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში.

2. სააგენტო საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას.

3. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს სააგენტო.

4. სააგენტოს საქმიანობის ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) ნავთობისა და გაზის სფეროს პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) ნავთობისა და გაზის სფეროს მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;

გ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;

დ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ე) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ვ) ნავთობისა და გაზის სფეროში საინფორმაციო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ;

ზ) სააგენტოს მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

თ) სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ: სააგენტოს ანგარიშზე რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები და სააგენტოს მიერ ამ თანხების წლის განმავლობაში გამოყენება, სააგენტოს მიერ წლის განმავლობაში აღებული სესხები და გამოყენებული სხვა სახსრები;

ი) აუდიტის დასკვნას.

5. სააგენტო უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას. ანგარიშის ძირითადი დასკვნები და საჯარო განხილვის შედეგები უნდა აისახოს ნავთობისა და გაზის სფეროს პრიორიტეტებში.

    მუხლი 88. ანგარიშვალდებულება და სანქციები

1. ნავთობისა და გაზის სფეროში საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

2. ლიცენზიის მფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის სრულ ანგარიშს და აუდიტის დასკვნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ანგარიშგების ფორმას ადგენს სააგენტო.

4. სააგენტოს უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

5. ლიცენზიის მფლობელმა მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

6. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

7. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.“.

3. 89 და 810 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის (აქციების) 75%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია:

ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ხელშეკრულების პარაფირება სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე;

ბ) ხელშეკრულებების შესრულებისას საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედება;

გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;

დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;

ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების სააგენტოსთან ერთად კონტროლით;

ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომლის შესრულებაც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით.“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 10. ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა

1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს ხელშეკრულებაში და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში.

2. სააგენტო განსაზღვრავს ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას და შესაბამისად ტენდერის ან აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე ატარებს მას რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოების არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან (საჭიროების შემთხვევაში – სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან) შეთანხმებით.

4. ინვესტორმა, რომელსაც სურს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ფორმები და პარამეტრები;

ბ) განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან;

გ) მონაცემები განმცხადებლის მფლობელების და მმართველი პერსონალის შესახებ;

დ) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ვ) განმცხადებლის გამოცდილება (კვალიფიკაცია) და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ზ) განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ;

თ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები.

5. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და წარადგენს ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს. ინვესტორის ტენდერში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი;

გ) თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის აუქციონი ჩატარდება;

დ) თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდება, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება;

ე) თუ ტენდერის მოთხოვნებს ვერც ერთი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს, სააგენტო ტენდერს გაუქმებულად აცხადებს.

6. აუქციონის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ არ არის ფასიანი შეთავაზებები, სააგენტო აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.

7. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის სააგენტოს მიერ დადგენილ შენატანს, რომელიც მას აღარ უბრუნდება.“.

6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია მოამზადოს და გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოდელური ფორმები.“.

7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოსა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად;

ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობას და დასახარჯი თანხის ოდენობას;

გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს;

დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასისა და საკომპენსაციო ნავთობის ღირებულების განსაზღვრის წესს;

ე) მოპოვებულ ნავთობსა და გაზზე საკუთრების უფლებას;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებსა და მოვალეობებს;

ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს;

თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს;

ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს;

კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას;

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს;

მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს;

ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას;

ო) ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს;

პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს;

ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას;

რ) წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას;

ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს;

ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს;

უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს;

ფ) ხელშეკრულების პირობებისა და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის მექანიზმს;

ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს;

ღ) დაზღვევის პირობებს;

ყ) ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს;

შ) დავათა განხილვის წესს;

ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს;

ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს.“.

8. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა ავტომატურად, სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის და ნავთობისა და გაზის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისათვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესრულების მიზნით. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური. გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ლიცენზიასთან ერთად. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური.“.

9. მე-14 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და ნავთობისა და გაზის სხვა ოპერაციების წარმოების შესახებ იღებს სააგენტო;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით. სააგენტოს გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება;“.

10. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურება ანაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით, საიჯარო სამუშაოებისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით. ცალკეულ შემთხვევებში სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაწეული მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება მოპოვებული ნავთობითა და გაზით. ხელშეკრულების მეორე მხარეს შეიძლება მიეცეს მისი მომსახურებით მიღებული პროდუქციის ნაწილის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.“.

11. 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 151. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის გამცემი ორგანო

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს სააგენტო.“.

12. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულებებისაგან.“.

13. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს უფლება აქვს მოუხსნას ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა:

ა) ჭაბურღილის ბურღვის, შემოწმების ან შეკეთების დროს;

ბ) მილსადენის ან სხვა მოწყობილობის დაზიანებისას;

გ) ფორსმაჟორის შემთხვევაში.“.

14. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს ხელშეკრულების პირობების იდენტური.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი ანაზღაურებს ტენდერის ან აუქციონის ჩატარების ხარჯებს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.“.

15. მე-20 მუხლის პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით სააგენტო იმავდროულად გადასცემს ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ, მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. თუ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს), ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინვესტორმა მიწის მესაკუთრესთან უნდა დადოს ხელშეკრულება მესაკუთრის მიერ მისთვის ამ მიწის ნაკვეთის გამოყენების ექსკლუზიური უფლების ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადაცემის შესახებ. ეს ხელშეკრულება ინვესტორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ხელშეკრულების დადების მიზნით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

3. სააგენტოს აქვს ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლება სასამართლოში განცხადების შეტანის გზით. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლების განსახორციელებლად სააგენტო შეიმუშავებს და იღებს შესაბამის წესებსა და ნორმატიულ აქტებს.

4. თუ ინვესტორი ვერ მიაღწევს შეთანხმებას მიწის მესაკუთრესთან მისი მიწის ნაკვეთის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის განსაზღვრული ვადით გამოყენების თაობაზე, ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ემინენტ დომეინის საქმის დასაწყებად. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლოში განცხადების შეტანის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დაფაროს ემინენტ დომეინის საქმის საწარმოებლად საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაეცემა მიწის მესაკუთრეს.“.

16. 22-ე მუხლის:

ა) პირველი – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი რჩება პასუხისმგებელი აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინვესტორი წერილობით ატყობინებს სააგენტოს ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის შესახებ.

2. სააგენტოსაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი პირს (მესამე მხარეს), რომელიც არ არის აფილირებული კომპანია, თუ ეს პირი ფლობს სათანადო ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს და აქვს გადაცემული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების გამოცდილება. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას, ხოლო უარის შემთხვევაში – მიზეზსაც. სააგენტოს პასუხი არ უნდა იყოს უმიზეზოდ გადავადებული. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.

3. სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის არსებობისას, სააგენტოსაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი ნებისმიერ პირს (მესამე მხარეს). პირი, რომელსაც გადაეცა უფლება-მოვალეობები, წერილობით ატყობინებს სააგენტოს უფლება-მოვალეობების მისთვის გადაცემის შესახებ. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.

4. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა ფორმდება წერილობით. ეს დოკუმენტი ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ლიცენზიის ხელახლა გაცემის დროს ავტომატურად გაიცემა. ლიცენზია ხელახლა გაიცემა ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში. დოკუმენტის შინაარსს და ფორმას ადგენს სააგენტო.

5. სააგენტოს წერილობითი თანხმობით ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით გამოიყენოს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ფინანსური ოპერაციების წარმოების უზრუნველყოფის გარანტია.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი სააგენტოს უნაზღაურებს მათ გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.“.

17. 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბადოს ერთობლივი ათვისების აუცილებლობის შემთხვევაში ინვესტორებმა შეიძლება დადონ ხელშეკრულება საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ. საბადოს ერთობლივი ათვისების პროექტი (ტექნოლოგიური სქემა) შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან.

3. თუ ინვესტორები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ, საკითხს დამოუკიდებელი ექსპერტული დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტს სააგენტო. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ექსპერტიზის ხარჯებს ნავთობისა და გაზის სავარაუდო მისაღები წილის პროპორციულად გაიღებენ ინვესტორები.“.

18. 24-ე მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სააგენტოსათვის დაგეგმილი სამუშაოების პროგრამისა და პროექტის განხორციელების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენა;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სააგენტოსათვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა, ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოსათვის და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში;“.

19. 251–255 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 251. ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა

ტრანსპორტირება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა გადამზიდავისათვის არადისკრიმინაციულ საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 252. სპეციალიზებული ტრანსპორტირება

1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელს, მის აფილირებულ კომპანიას ან სხვა პირს უფლება აქვს სააგენტოში შეიტანოს განაცხადი ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად, მხოლოდ მის მიერ წარმოებული ან მისი ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით.

2. სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად ლიცენზიის მფლობელმა სხვა გადამზიდვებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მილსადენის ჭარბი (გამოუყენებელი) სიმძლავრე არადისკრიმინაციულ საფუძველზე, თუ:

ა) მიზანშეწონილი საოპერაციო ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს მხოლოდ მოთხოვნისა და წარმოების ექსპანსიის პოტენციას, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით, მილსადენის სრული სიმძლავრე რეგულარულად არ გამოიყენება ლიცენზიის მფლობელის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მფლობელი ხელშეკრულებას დადებს ან შესთავაზებს მის დადებას მესამე მხარეს, რომელიც არ არის მისი აფილირებული კომპანია, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის.“.

    მუხლი 253. ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა

1. სააგენტო განიხილავს ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს, ადგენს ტარიფს, ამტკიცებს ტრანსპორტირების მომსახურების პირობებს.

2. ტრანსპორტირების კომპანიისა და გადამზიდავის ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილება არსებულ ტარიფში.

3. სააგენტოს მიერ დადგენილი ტარიფი:

ა) იცავს გადამზიდავს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ხარჯები, რომლებიც მოიცავს: ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების დასაბუთებულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტირების კომპანია აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის პირობებს მომსახურების ხარისხზე;

დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ტრანსპორტირების სფეროში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ხარჯებისა და ფასების ასახვით, აგრეთვე ტრანსპორტირების მომსახურების სიჭარბისა და სიმცირის რეგულირებით;

ე) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ეკონომიკურად გამართლებული ყველა ხარჯი, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები, და რეგულირების საფასური.

    მუხლი 254. ტარიფის დადგენისა და ამოქმედების წესი და პროცედურები

1. სატარიფო განაცხადის განხილვისა და ტარიფის დადგენისათვის სააგენტო ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შემდეგ წესებსა და პროცედურებს:

ა) სატარიფო განაცხადის მიღების წესს;

ბ) სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს;

გ) გადამზიდავისა და სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ტარიფის დასაბუთების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯების გამოთვლის მეთოდებსა და პროცედურებს.

2. ტარიფი ძალაში შედის სააგენტოს მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე სააგენტოს მოთხოვნას. ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯები აისახება რეგულირების საფასურში.

    მუხლი 255. საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო

საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სააგენტო.“.

20. 256 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) განაცხადის გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.“;

გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ასეთი ინტერესის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს მიეცემა შესაბამისი საქმიანობის უფლება, კერძოდ:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას და საქმიანობა განახორციელოს საქმიანობის ლიცენზიის შესაბამისად;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის; წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა;

დ) განმცხადებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის.“.

21. 257–259 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 257. საქმიანობის შემოწმება

განხორციელებული საქმიანობის საქმიანობის ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ქარხანა ან სატრანსპორტო საშუალება სამუშაო პროცესში და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.

    მუხლი 258. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ექვსი თვით ადრე წერილობით შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

2. ავარიის შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, გამოასწოროს ავარიის შედეგები, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას ავარიით მიყენებული ზიანი, საქმიანობის ლიცენზიისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს დეტალური ანგარიში.

3. სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კანონის შესაბამისად, მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების განხილვის საფუძველზე.

4. სააგენტოს უფლება აქვს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი:

ა) არ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას;

ბ) არ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს;

გ) არ ასრულებს სააგენტოს სამართლებრივ აქტებს;

დ) არ ასრულებს ამ კანონის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს წერილობითი შეტყობინება ეგზავნება საკითხის განხილვამდე 30 დღით ადრე. მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მოქმედების ან უმოქმედობის დეტალური აღწერა, რომელიც საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველია;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის შემდგომი ქმედება, რომელიც საჭიროა საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზის გამოსასწორებლად ან აღმოსაფხვრელად.

6. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს სააგენტოს მიერ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვას და დაიცვას თავისი უფლებები.

7. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვიდან 10 დღის განმავლობაში სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

8. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და ოპერატიულ დახურვას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვისა და მიტოვებისათვის, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოძრავი ქონების აღებას, საქმიანობის ფართობის აღდგენასა და დამუშავებას საკუთარი სახსრებით.

9. ნებისმიერ დროს, მათ შორის, საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის პერიოდში, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს მისთვის საქმიანობის ლიცენზიით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სააგენტოს ნორმატიული აქტებით, დაკისრებულ ვალდებულებებს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და დაზიანებული მიწის აღდგენის ვალდებულებებს), ფინანსურად აგებს პასუხს ზიანისთვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვა), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებათა შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააგენტოსთან ერთად შექმნილ სალიკვიდაციო ფონდში წინასწარ გადარიცხოს აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დასაფარავად საკმარისი თანხა ან სააგენტოს წარუდგინოს აკრედიტივი ამ თანხის გადახდის შესახებ.

    მუხლი 259. საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სააგენტოსათვის 30 დღით ადრე წერილობით შეტყობინების შემდეგ უფლებამოსილია, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი საქმიანობის ლიცენზიაზე ამ პირის სასარგებლოდ.

3. საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზნით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას უნდა დაერთოს მესამე პირის განაცხადი და საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ კანონითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია. მესამე პირისათვის საქმიანობის ლიცენზიის გადაცემის მომენტიდან წინა ლიცენზია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად მიიჩნევა.

4. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან ისეთი ცვლილებით გაცემის შესახებ, რომელიც შეესაბამება ამ კანონსა და სააგენტოს ნორმატიულ აქტებს. სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ დაასკვნა, რომ:

ა) განმცხადებელს აქვს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და შესაბამისი გამოცდილება (კვალიფიკაცია), რათა წარმართოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და შეასრულოს მისთვის გადაცემული მოვალეობები;

ბ) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამა საკმარისია წინა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის წარსამართავად, შეცვლილი პირობების, მათ შორის, ფასების, საბაზრო მოთხოვნის, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების მიწოდების შესაძლებლობის ან სხვა შესაბამისი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.

5. მესამე პირისათვის გადაცემული საქმიანობის ლიცენზია მოქმედებს წინა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადით.

6. სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ამ ლიცენზიით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების გარანტია.“.

22. 2510 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სააგენტოსათვის სავალდებულო შეტყობინების შემთხვევაში შეცვალოს ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგია და საშუალებები, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სახეობა და შემადგენლობა;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და სააგენტოს სამართლებრივი აქტები;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის მიიღოს სააგენტოს ნებართვა;“;

ბ.გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს წარუდგინოს ფინანსური გარანტია საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტასთან, ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასთან დაკავშირებით.“.

23. 2511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2511. ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება

1. სააგენტო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განიხილავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის ახალ სტანდარტებს და მონაწილეობს მათ დამტკიცებაში.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ლაბორატორიას გასასინჯად ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშებს. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.

3. სააგენტოს ექსპერტებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები და წარუდგინონ ლაბორატორიას გასასინჯად. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.

4. თუ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტოს უფლება აქვს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებას.“.

24. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა), გადაეცემა სააგენტოს.“.

25. 303 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 303. გარდამავალი დებულებანი

1. სააგენტოს უფროსი დაინიშნოს 2007 წლის 20 იანვრამდე.

2. სააგენტომ 2007 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4292–რს