„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 31/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 050.030.010.05.001.002.687
  • Word
4276
29/12/2006
სსმ, 51, 31/12/2006
050.030.010.05.001.002.687
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური (შემდგომში – შესაბამისი სამსახური) ახორციელებს უფლების მფლობელთა უფლებების დაცვას ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებზე, რომლებიც შეტანილია შესაბამისი სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი).“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომში – განმცხადებელი) უფლება აქვს შესაბამის სამსახურს მიმართოს განაცხადით ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (რეგისტრაციის) თაობაზე და მოითხოვოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან სხვა საბაჟო პროცედურის განხორციელების შეჩერება და მისი უფლებების დაცვა.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ, იმ საქონლის დეტალურ აღწერას, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, სხვა მონაცემებს, რომლებიც გაუადვილებს შესაბამის სამსახურს საქონლის ამოცნობას;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განცხადებას იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანი და საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამსახურის ხარჯები მას შემდეგ, რაც განმცხადებელს მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შესაბამისი სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის უსაფუძვლობა;“;

გ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისი სამსახური 1 თვის განმავლობაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

4. განაცხადის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია მის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს.

5. შესაბამის სამსახურს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ:

ა) უფლებების დაცვის ვადის გაგრძელებისათვის განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

ბ) შესაბამისი სამსახურისათვის ცნობილი გახდება, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საქონლის შეჩერება

1. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო პროცედურის განხორციელებისას შესაბამის სამსახურს სრული საფუძველი ექნება ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით, შესაბამისი სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების, საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსების ან/და საბაჟო პროცედურების 10 სამუშაო დღის ვადით შეჩერების (შემდგომში – საქონლის შეჩერების) შესახებ. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ეს ვადა 6 სამუშაო დღეა.

2. შესაბამისი სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აგრეთვე საქონლის მფლობელს.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესაბამისი სამსახურის თანხმობით, განმცხადებელს უფლება აქვს საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისი სამსახური ვალდებულია მიაწოდოს განმცხადებელს და საქონლის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციის გაუქმებას ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შეწყვეტას.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესაბამისი სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს:

ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელებულა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა და განმცხადებელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ მიუმართავს სასამართლოსთვის სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე;

გ) თუ შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში მიმართავს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, იგი ვალდებულია შესაბამის სამსახურს წარუდგინოს უზრუნველყოფის გარანტია საქონლის შეჩერების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანისა და საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამსახურის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი სამსახური საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის), განმცხადებლისა და სხვა დაინტერესებული პირების აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველზე.“.

6. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქონლის ჩამორთმევა და განადგურება შესაბამისი სამსახურის მიერ“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი შესაბამის სამსახურს წარუდგენს წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, შესაბამისი სამსახური ანადგურებს შეჩერებულ საქონელს უფლების მფლობელის ხარჯითა და პასუხისმგებლობით. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის მფლობელი შეჩერების ვადის განმავლობაში არ გამოეხმაურება შესაბამისი სამსახურის შეტყობინებას ან არ გაასაჩივრებს უფლების მფლობელის მოთხოვნას შეჩერებული საქონლის განადგურების თაობაზე. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადა 4 სამუშაო დღეა.

2. შესაბამისი სამსახური ვალდებულია შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება მტკიცებულების სახით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4276–რს