სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 241
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 120200040.10.003.017852
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
241
18/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
120200040.10.003.017852
სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/03/2014 - 11/01/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №241

2014 წლის 18 მარტი

 ქ. თბილისი

 

სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქ­მიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირ­ვე­­ლი პუნ­ქ­ტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქ­­ტის, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტე­­­ბის შეს­ა­ხებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის  შესაბამისად, დამტ­კი­ც­დეს სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარა­ღის ჯილდოდ გადაცე­მის თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის

 ჯილდოდ გადაცემის წესი


მუხლი 1

ეს წესი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარა­­ღის ჯილდოდ გადაცემის წესსა და პირობებს, ადგენს სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემაზე უფლებამოსილ თა­ნამ­­დებობის პირებს.

 

მუხლი 2

1. იარაღი ჯილდოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლება­მოსი­ლი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზი­კურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრე­თ­ვე, სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის, ან/და სპორტული მიღ­­წევებისათვის.

2. ჯილდოდ შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ ის იარაღი, რო­მე­ლიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება სამოქალაქო ან სამ­­სახურებრივ-საშტატო იარაღს.

3. იარაღი ჯილდოდ გადაეცემა მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც „იარა­ღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აქვთ სამოქალაქო ან სამსახუ­რებ­რივ-საშტატო იარაღის შეძენის, შენახვის, ან/და ტარების ნებართვის მიღე­ბის უფლება.

 

მუხლი 3

1. იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლებამოსილება აქვს:

ა) საქართველოს პრეზიდენტს;  

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტ­რს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სასჯელა­ღ­ს­რუ­­ლებისა და პრობაციის მინისტრს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, სახე­ლმ­წიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამ­სახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირე­ბის მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, უც­ხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ, ასევე, ფიზი­კუ­რი პირის მიმართ;

დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – შესა­ბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომ­ლებიც მსახურობდნენ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში, აგ­რე­თვე, სპორტსმენთა (მათ შორის, უცხო ქვეყნის სპორტსმენთა) მიმართ.

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მი­ერ ჯილდოდ შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ სპორტული იარაღი.

 

მუხლი 4

1. განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამოქალაქო იარაღი ჯილ­დოდ გადაეცემა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთ­რებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებ­ლო­ბ­აში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ადა­მიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაში, მართლწესრიგის განმ­ტკი­ცებაში, კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების განვი­თა­რება­სა და პოპულარიზაციაში, ასევე, გამოჩენილი სამოქალაქო გმირობის, თავ­დადებისა და განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისათვის.

2. განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამსახურებრივ-საშტატო ია­რა­ღი ჯილდოდ გადაეცემა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც გამოი­ჩი­ნეს მამაცობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი სამსახურებრივი მოვა­ლეობის შესრულებისას, აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კანო­ნიერების, მართლწესრიგის განმტკიცებაში,  მართლმსაჯულების განხორ­ციე­ლებასა და დამნაშავეობასთან ბრძოლაში.

3. დაუშვებელია ისეთი სახეობის იარაღის ჯილდოდ გადაცემა, რომლის სა­მო­ქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებაც აკრძალულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

4. დაჯილდოებულ პირს შეიძლება გადაეცეს შესაბამისად სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობას მიკუთვნებული მხოლოდ ერ­თი იარაღი.

 

მუხლი 5

1. იარაღის ჯილდოდ გადაცემა ფორმდება იარაღის ჯილდოდ გადა­მცე­მი უფლებამოსილი პირის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

2. იარაღის ჯილდოდ გადაცემის სამართლებრივ აქტში მიეთითება და­სა­ჯილდოებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საც­ხოვ­­რებელი ადგილის მისამართი, სამსახური და დაკავებული თანამდებო­ბა, იარაღის ჯილდოდ გადაცემის საფუძველი, ჯილდოდ გადასაცემი იარაღის სახე­ობა, სისტემა, მოდელი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გა­სა­ცემი შესაბამისი ნებართვის (ნებართვების) სახე.

3. იარაღის ჯილდოდ გადაცემის შემთხვევაში, გაიცემა ნებართვა, რო­მე­ლსაც ითვალისწინებს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონები.

 

მუხლი 6

დაჯილდოებულ პირს გადაეცემა იარაღის ჯილდოდ გადაცემის შესახებ ბრძანების დამოწმებული ასლი.

 

მუხლი 7

1. იარაღი დაჯილდოებულ პირს, როგორც წესი, გადაეცემა საზეიმო ვითა­რებაში იარაღის ჯილდოდ გადაცემაზე უფლებამოსილი პირის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

2. იარაღით დაჯილდოებულ პირს შეიძლება იმავდროულად გადაეცეს იარაღის მოვლისათვის საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა.

3. იარაღით დაჯილდოების ცერემონიაზე დასაჯილდოებელი პირის დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში, იარაღი ჯილდოდ შეიძლება გადაე­ცეს დაჯილდოებული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

მუხლი 8

ჯილდოდ გადასაცემ იარაღზე ან ლითონის ფირფიტაზე, რომელიც მაგრდება იარაღზე, შეიძლება გაკეთდეს დასაჯილდოებელი პირის სახელისა და გვარის, ასევე, დაჯილდოების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქ­ტის რეკვიზიტების გრავირება.

 

მუხლი 9

1. დაჯილდოებული პირი ჯილდოდ გადაცემულ იარაღს, დაჯილდო­ების შესახებ ბრძანების წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით, რეგისტრაციაში ატარებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამი­ნისტროს მომსახურების სააგენტოში. დაჯილდოებული პირი ვალდე­ბუ­ლია, სააგენტოს მიმართოს იარაღის რეესტრში გატარებისა და სათანადო ნე­­­ბა­რ­­თვის მიღების მიზნით.

2. ჯილდოდ გადაცემული იარაღის შენახვა, ტარება, გამოყენება, გადა­ტანა-გადა­ზიდვა, გადაგზავნა, საქართველოდან გატანა და იარაღის ბრუნვა­ს­თან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ჯილდოდ გადაცემული იარაღის საქართველოდან გატანის შემთ­ხვე­ვაში, ჯილდოდ გადაცემის შესახებ სამართლებრივი აქტი (ბრძანება) და შეს­ა­ბა­­მისი ნებართვა უნდა ითარგმნოს იარაღის ჯილდოდ გადამცემი უწყე­ბის/პი­­რის მიერ და გადაეცეს დაჯილდოებულ პირს.

4. ჯილდოდ გადაცემული იარაღის დაკარგვის შემთხვევაში, სხვა სანა­ცვ­­ლო იარაღი არ გაიცემა. ამ შემთხვევაში დაჯილდოებული პირი ვალ­დებუ­ლია, დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციის შესაბამის დანაყოფს.

           

მუხლი 10

ჯილდოდ გადაცემულ იარაღზე ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემ­თხ­ვევაში, დაჯილდოებული პირი იარაღის შეკეთებას უზრუნველყოფს მო­ქ­­მე­­დი კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით.

 

მუხლი 11

 იარაღით დაჯილდოებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, შესა­ბა­მისი იარაღი, კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, შეიძლე­ბა მემ­­კვიდრეობით გადაეცეს შესაბამისი პირის მემკვიდრეებს.

 

მუხლი 12   

ჯილდოდ გადასაცემი იარაღის, მისი ტარებისა და მოვლისათვის სა­ჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო ვაზნების შეძენას, იარაღთან დაკავ­ში­რე­­­ბული სათანადო ნებართვის (ნებართვების) მიღების ხარჯების (მოსაკრე­ბე­ლი და სხვ.), აგრეთვე, იარაღის გრავირების სამუშაოების ანაზღაურებას უზ­რუნ­ველყოფს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – საქართველოს პრეზი­დე­ნტის მიერ პირის დაჯილდოებისას;

ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარია – საქართველოს პრემიერ-მი­ნის­ტრის მიერ პირის დაჯილდოებისას;

გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათ­ვა­ლისწინებული სახელმწიფო უწყება – შესაბამისი პირის დაჯილ­დო­ე­ბისას.

 

მუხლი 13

1. იარაღის ჯილდოდ გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღა­უ­რ­დ­ება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან/და შესაბამისი დაწესე­ბუ­ლების ანგარიშიდან.

2. ჯილდოდ გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენი­ლი წესით ჩამოიწერება შესაბამისი უწყების ბალანსიდან.