საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2012-2022 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2012-2022 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
566
28/03/2012
გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2012-2022 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №566

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2012-2022 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2012-2022 წლების სტრატეგია“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის

განვითარების სტრატეგია

(2012-2022)

 

 

Description: X:\PRESCENTRI\logoebi\Logo.jpg

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2012

 

 

შესავალი

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მომზადებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, დარგის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა.

 

სოფლის მეურნეობის დარგს ესაჭიროება კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ამავე დროს, დღის წესრიგში დგება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის და, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ძირითადი ვალდებულებაა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წელი გამოაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და წინსვლის წლად, რაც აღნიშნულ დოკუმენტზე მომუშავე გუნდისთვის იქცა დამატებით სტიმულად და გარანტად იმისა, რომ მასში მოცემული სტრატეგიული მიმართულებების განხორციელება და ხორცშესხმა ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნებით არის განმტკიცებული. დოკუმენტის შემუშავების პროცესში გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც დარგის განვითარების ქვაკუთხედია. საქართველოს მთავრობის მტკიცე ნებას – ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას – ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წინასწარ გაცხადებული და შემდომში მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დარგისთვის დამატებითი თანხების მობილიზებას ითვალისწინებს. სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2011 წლიდანვე შეუდგა გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტში მოცემული მიზნებისა და ამოცანების ხორცშესხმას.

 

ძირითადი მიმართულებების გარდა, სტრატეგიის დოკუმენტი ასახავს დარგის განვითარების გრძელვადიან ხედვას, დარგის მისიას, მიზნებსა და ამოცანებს. განვითარების სტრატეგიაში წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიერ განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათ შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას. სტრატეგიის მიხედვით, დარგის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აქვთ საშუალება, გაეცნონ იმ მიმართულებებს, რომლებიც მათი ინტერესის და პასუხისმგებლობის სფეროს მიეკუთვნება.

 

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას, დარგის წარმომადგენელთა კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და სწორედ ის არის სტრატეგიის განხორციელების გარანტი.

 

მიზნები და ამოცანები

 

ხედვა

● ეფექტიანი, კონკურენტუნარიანი და მდგრადი აგროსასურსათო სექტორი

 

მისია

● სოფლის მეურნეობის განვითარება საწარმოო ჯაჭვის სრულყოფის გზით

 

მთავარი ამოცანები

● მეწარმეთა, მათ შორის, ფერმერთა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება:

- კვლევითი სადგურების და ექსტენციის ცენტრების დაარსება რეგიონებში;

- სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ ფერმერთა რეესტრის შექმნა;

- მიწის ბაზრის განვითარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზების გზით და მიწის ბანკის შექმნა;

- სოფლის მეურნეობის სექტორში საკრედიტო, სალიზინგო და სადაზღვევო ბაზრის განვითარება;

- პირველადი წარმოებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;

● დარგის ინსტიტუციური განვითარება:

- სამინისტროს კადრების გადამზადება და სტრუქტურული განვითარება;

- სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება;

- სოფლის მეურნეობის დარგში უმაღლესი განათლების ხარისხობრივი გაუმჯობესება;

- ფერმერებისა და აგრობიზნესში მომუშავე კადრების სამეწარმეო/ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარება;

- სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედ ინსტიტუტებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის დამყარება;

● წარმოების ჯაჭვის განვითარება (food value chain development):

- ახალი კულტურებისა და ჯიშების შემოტანა;

- სოფლის მეურნეობის სფეროში მარკეტინგის ეროვნული პროგრამის შემუშავება;

- ქვეყანაში ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ცენტრების განვითარების მიზნით კერძო ინვესტიციების წახალისება;

● რეგიონული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება:

- არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეგისტრაცია და შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, ასევე დამატებითი განვითარება;

- სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და სერვისცენტრების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

- სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობით;

- სოფლის ინფრასტრუქტურის (ელექტროენერგია, წყალი, გაზი, გზები და სხვ.) განვითარება საერთაშორისო და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით;

● სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

- სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება;

- სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინდიკატორების განსაზღვრა სამომხმარებლო კალათის გათვალისწინებით.

 

საბაზრო ეკონომიკის განვითარება

ამ სტრატეგიის მიზანია, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ღირებულებითი ჯაჭვის განვითარება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო არ დატოვებს დარგს მხარდაჭერის გარეშე და, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გადადგამს ყველა ნაბიჯს სწრაფი მოდერნიზაციის და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობისათვის.

 

დარგში მოქმედი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება

საქართველოს შეუძლია გაითვალისწინოს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილება და თავი აარიდოს არაეფექტიან ქმედებებს. საქართველომ უარი უნდა თქვას დამატებითი არაქმედითი ინსტიტუტების შექმნაზე სოფლის მეურნეობის სექტორში. ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება ორიენტირებული უნდა იყოს არა დამატებითი ბიუროკრატიის შექმნაზე, არამედ აგროსამრეწველო სექტორში ეკონომიკური საქმიანობის გამარტივებასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაზე.

 

აღნიშნული მიზნების მისაღწევად საქართველოს უნდა გააჩნდეს სექტორში არსებული მდგომარეობის ამსახველ მონაცემთა სრულყოფილი ბაზა, მონაცემთა დამუშავების კარგი ანალიტიკური რესურსი და ამგვარი ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სფეროში სტატისტიკური აღრიცხვის გაუმჯობესება, საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნა და სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესება მთავარ პრიორიტეტს შეადგენს და აღნიშნული ინსტიტუტების ამოქმედებას სპეციალური ყურადღება დაეთმობა.

 

მნიშვნელოვანია სამინისტროს ბაზაზე ისეთი სამსახურების შექმნა, რომელთა დანიშნულება იქნება ფერმერებისა და მწარმოებლების ცოდნით აღჭურვა. ექსტენციის ცენტრი ფერმებისა და მთლიანი სექტორის მწარმოებლურობისა და მომგებიანობის ზრდის საუკეთესო საშუალებაა. განვითარების მოცემულ ეტაპზე ექსტენციის ცენტრები შეიქმნება უნივერსიტეტებისა და დონორების, ასევე სოფლის მეურნეობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის არსებული კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს კვლევის, განათლებისა და ცოდნის გავრცელების ერთიანი მექანიზმის ამუშავებას. ამასთან, საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც სისტემის, ისე შესაძლებლობათა მუდმივ გაუმჯობესებას. პრიორიტეტულია ინფორმაციის მიწოდება ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა საწარმოო და მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება, ფერმერული მეურნეობის განვითარება, სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემები, რესურსების ოპტიმალური გამოყენება.

საქართველოს მთავრობა, აცხადებს რა შეგნებულად უარს სახელმწიფო სუბსიდიებზე, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის გრძელვადიან განვითარებას ინვესტიციების მოზიდვის გზით. ამგვარი პოლიტიკის მიზანი არის ის, რომ ბაზარმა თავად გამოკვეთოს ის სექტორები, რომლებიც არის კონკურენტუნარიანი და რომლებსაც გააჩნია განვითარების პოტენციალი. შედეგად, ზოგიერთი სექტორის მწარმოებლურობის დონე შესაძლოა გაიზარდოს, ზოგის კი შემცირდეს, რაც თავისთავად ბუნებრივი პროცესია. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის დარგში პრიორიტეტულ პროგრამებსა და მათი განხორციელების გზებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დონორებსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

 

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია

თანამედროვე ტექნოლოგიები განაპირობებს წარმოების ოპტიმიზაციასა და ეკონომიკური საქმიანობის წარმატებით განვითარებას. ამიტომ მომავალი აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც ახალი ტექნოლოგიები ინერგება. საუკეთესო სათესლე/სარგავი მასალის, სასუქების, ჯიშიანი პირუტყვისა და ფრინველის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, ასევე შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტეტია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს აგროსამრეწველო სექტორში პროდუქტიულობის გაზრდას. სახელმწიფომ უნდა შექმნას ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ხელმისაწვდომობის შესაბამისი პირობები. ახალი ტექნოლოგიების, ცოდნისა და მენეჯმენტის სწრაფად და ეფექტიანად დანერგვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც უნდა წაახალისოს სახელმწიფომ. ამ ამოცანის განხორციელებისათვის საჭიროა აქტიური მუშაობა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე პოტენციურ ინვესტორებთან.

 

სტრატეგია ითვალისწინებს ინვესტიციების მოზიდვას კერძო სექტორთან პარტნიორობის გზით ისეთ პროექტებში, რომლებსაც საბოლოო ჯამში შედეგად უნდა მოჰყვეს წარმოების სრული ჯაჭვის შექმნა. ამგვარი ინვესტიციები გამოიწვევს ამჟამად არსებული დომინანტური წარმოების მოკლე ჯაჭვის გაგრძელებას, რომელიც, როგორც წესი, წყდება ფერმაში ან ადგილობრივ ბაზრებზე. ინვესტიციების მოზიდვას თან ახლავს ახალი ტექნოლოგიები, ნოუ-ჰაუ და ახალ ბაზრებზე შესვლის ახალი პერსპექტივები.

 

 

არსებული მდგომარეობა და ტენდენციები

 

კლიმატი და რესურსები

საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 43.4 % (ანუ 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტი) ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად, რომლებიც ასევე მოიცავს საძოვრებს და მდელოებს. დანარჩენი ფართობის 43 % დაფარულია ტყის საფარით. ქვეყნის ზედაპირის 13.6 % უკავია წყალსაცავებს, ქალაქებს, სხვა დასახლებულ პუნქტებსა და საავტომობილო გზის საფარს. ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 13 % ვაკე ადგილებია, 33 % – მთისწინეთი, ხოლო დანარჩენი 54 % – მთები.

ამ მრავალფეროვნების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება, საქართველოში ეკოლოგიური და კლიმატური ზონების დიდი ნაირსახეობაა, რაც ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ეს კულტურები მოიცავს მარცვლეულს, საადრეო და საგვიანო ბოსტნეულს, ბაღჩეულს, კარტოფილს, ტექნიკურ კულტურებს, ყურძენს, სუბტროპიკულ კულტურებს, ხილის ნაირსახეობას და სხვ. ქალაქებსა და სოფლებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, საძოვრებისა და სათიბებისათვის დათმობილ, თითქმის 1,800,000 ჰექტარზე, საკმაოდ გავრცელებულია მეცხოველეობა და მეფრინველეობა.

კლიმატური ზონების გათვალისწინებით, საქართველოს ბიოსფერო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც განპირობებულია 12 განსხვავებული ზონისა და 49 ნიადაგური ტიპის არსებობით. ბევრი ენდემური სახეობა მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარების შესანიშნავი წყაროა. ქვეყანა ასევე მდიდარია როგორც საირიგაციო, ისე სასმელი წყლის რესურსებით.

სამეურნეო წარმოების თვალსაზრისით, მრავალფეროვნებას თან ახლავს სირთულეებიც, რაც გულისხმობს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, აქტიურ ეროზიულ ცვლილებებს და ზოგიერთ რეგიონში უხვ ნალექიანობას. არსებული მდგომარეობა საჭიროებს ადეკვატური ღონისძიებების გატარებას. საქართველოს, გეოგრაფიული რელიეფიდან გამომდინარე, ვერტიკალური ზონალობა ახასიათებს. სახნავ-სათესი მიწების მხოლოდ 39 % განლაგებულია ზღვის დონიდან 500 მეტრამდე სიმაღლეზე, 29 % – 500-1000 მეტრ სიმაღლეზე, 21 % – 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე და 11 % – 1500 მეტრზე ზემოთ.

 

ეკონომიკური მიმოხილვა

2003 წლის ნოემბრის მშვიდობიანი და დემოკრატიული ვარდების რევოლუციის შედეგად, მკვეთრად შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური გარემო. მას შემდეგ საქართველოს განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ასევე დაჩქარდა ეკონომიკური მოდერნიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესიც.

ბოლო წლებში ეკონომიკა, წლიური გაანგარიშებით, 5-11 %‑ით გაიზარდა. 2006/07 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10 %-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებითა და უცხოური კაპიტალის შემოდინებით. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2 %-მდე შემცირდა, ხოლო მსოფლიო კრიზისის შედეგად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადისა და ფულადი გზავნილების შემცირების გამო 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა თითქმის 5 %-ით შემცირდა. მიუხედავად სიძნელეებისა, ეკონომიკური ცხოვრება 2010 წელსვე გამოცოცხლდა, გაიზარდა ექსპორტი, ფულადი გზავნილები, უძრავი ქონების ტრანზაქციები, სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია, სამშენებლო ნებართვების მაჩვენებლები. 2010 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა 40 %‑ით გაიზარდა (წლიური გაანგარიშებით), ხოლო იმპორტი შედარებით მოკრძალებულად – 12 %‑ით (წლიური გაანგარიშებით). იმავე პერიოდში დღგ-ის ბრუნვა 27 %‑ით გაიზარდა (წლიური გაანგარიშებით) მაშინ, როდესაც 2009 წელს ეს კოეფიციენტი 7 %‑ით შემცირდა. არსებული პროგნოზით მშპ‑ის ზრდის დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.

 

 

მიმართულებები

მსოფლიო ბაზარზე საკვებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე საქართველოში სოფლის მეურნეობა გამოცხადდა სტრატეგიულ მიმართულებად. საქართველოს მთავრობამ დაფინანსება გაუზარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მან უზრუნველყოს წარმოების ინტენსიფიკაცია და სასურსათო უსაფრთხოება.

არსებული მდგომარეობის ფონზე იკვეთება შემდეგი პოზიტიური ტენდენციები:

● ეკონომიკის ლიბერალიზაციას შედეგად მოჰყვა საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივება და მთელი რიგი ნებართვებისა და ლიცენზიების რაოდენობის შემცირება;

● 2011 წელს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების „Doing Business“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მე‑16 ადგილი მიეკუთვნა;

● საქართველომ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველომ რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მექრთამეობისათვის, რამაც დიდი ეფექტი იქონია კორუფციის დამარცხებაში.

 

საქართველოს მთავრობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა სოფლის მეურნეობა. შეიცვალა სახელმწიფოსა და ფერმერს შორის ურთიერთობა. თუ გეგმური ეკონომიკის პირობებში გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო იყო, დღეს მთელი პასუხისმგებლობა თავად ფერმერს ეკისრება. მან დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და განსაზღვროს თავისი მეურნეობის ადგილი ბაზარზე. ასეთი გადაწყვეტილების მიღებას კი სერიოზული ცოდნა ესაჭიროება არა მხოლოდ აგრარულ დარგში, არამედ ბიზნესმენეჯმენტის მიმართულებითაც.

 

მართალია, სახელმწიფო აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები, თუმცა გარდამავალ პერიოდში მას კვლავ რჩება აგრარულ სფეროში ძირითადი კურსის განმსაზღვრელის ფუნქცია. საქართველოს მთავრობა ვალდებულია გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა ფერმერი უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციით, რომელიც მას სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. საქართველოს მთავრობა უშუალოდ არ უნდა ჩაერიოს საბაზრო პროცესებში, თუმცა მან უნდა უზრუნველყოს შემდეგი მომსახურებების მიწოდება:

● სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა (თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრები, მელიორაციის სისტემები და სხვ.);

● ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა;

● სტატისტიკური მონაცემები.

სახელმწიფოს ამოცანაა შექმნას ხელსაყრელი ბიზნესგარემო, სამართლებრივი სისტემა და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ბარიერები საგარეო ვაჭრობაში და დაცული იყოს ქართული პროდუქტის იდენტობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

 

ამავე დროს უნდა დაჩქარდეს მიწის პრივატიზაციის პროცესი და მოხდეს სახელმწიფო მიწების სრული გასხვისება. ეს უკანასკნელი აღმოფხვრავს მიწის ბაზარზე გამეფებულ მოლოდინის რეჟიმს, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწით დაინტერესებული პირები თავს იკავებენ კერძო ნაკვეთების შესყიდვისაგან და ელოდებიან ბაზარზე სახელმწიფო მიწების გამოტანას.

 

ზოგადად, საქართველოს მთავრობის როლი სოფლის მეურნეობაში უნდა იქნეს განხილული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. სწორად უნდა იქნეს დანახული მისი მნიშვნელობა ქვეყნის რეგიონული განვითარების თვალსაზრისითაც. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ინფრასტრუქტურის განვითარება არის ის ძირითადი ფაქტორი, რომელმაც სოფლად მცხოვრები ადამიანი შეიძლება თანაბარ კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენოს ქალაქის მცხოვრებთან მიმართებაში, და გაზარდოს მისი შრომის პროდუქტიულობა.

 

ინფრასტრუქტურის განვითარება ითვალისწინებს შემდეგი ძირითადი საკითხების გადაწყვეტას:

 

● დამაკავშირებელი შიდა გზების განვითარება;

● წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა;

● ტელესაკომუნიკაციო სისტემის განვითარება და ინტერნეტკავშირის ხელმისაწვდომობა;

● ქარსაცავი ზოლები, ჯებირები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეამცირებს ბუნებრივი კატასტროფების და სტიქიების რისკებს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება-განხორციელებისათვის. მას გააჩნია ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი ვალდებულებები დაავადებათა კონტროლის, სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ცხოველთა ჯანმრთელობის, მცენარეთა დაცვის, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის, სამეცნიერო კვლევების და ცოდნისა და გამოცდილების გავრცელების სფეროში. სამინისტრო აღნიშნულ ვალდებულებებს ახორციელებს თავად ან თავის დაქვემდებარებაში არსებული ინსტიტუტების მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ინსტიტუტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მათი ეფექტიანობის ზრდას.

სამინისტროს, თავისი დებულებიდან გამომდინარე, აქვს შემდეგი კონკრეტული ამოცანები:

 

● აგრარული რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

● სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

● მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

● აგროსამრეწველო დარგში საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების მოპოვება-განმტკიცების ხელშეწყობა;

● საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება;

● შიდა და გარე ბაზრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

● სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადების პროგრამების შემუშავება;

● ნებართვების გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების ზედამხედველობა;

● ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი;

● პესტიციდების, აგროქიმიკატების, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზება და რეგისტრაცია;

● ქვეყნის ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვა;

● სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა;

● კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

 

შესაძლებლობათა გაძლიერება ესაჭიროება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც მთავარ ინსტიტუტს, რომელიც ქმნის, ახორციელებს, კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სოფლის მეურნეობის პოლიტიკას. სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად უნდა განისაზღვროს სასურსათო ნედლეულისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა, რათა საქართველომ შეძლოს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის გაწევა.

 

სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო

სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარი ფუნქციაა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის დაცვის უზრუნველყოფა, ასევე ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

 

სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო

სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მევენახეობა-მეღვინეობის ხელშემწყობ პროექტებს, რომელთა მეშვეობითაც ამაღლდება ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სააგენტო მოაგროვებს და ანალიზს გაუკეთებს ინფორმაციას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში და შეიმუშავებს აღნიშნული ქვესექტორის განვითარების გეგმას, გამომდინარე მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან. ამავე დროს სააგენტო ახორციელებს ქვეყანაში წარმოებული ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლს. მისი ამოცანაა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო ბაზრებზე.

 

სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ფუნქციაა ცხოველთა დაავადებების იდენტიფიცირება და დიაგნოსტიკა, პათოლოგიური მასალის გამოკვლევების ჩატარება და დაავადების გაჩენის შემთხვევაში და/ან სერომონიტორინგის სამუშაოებისათვის სინჯების აღება, ასევე ტყავის შეფასება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ექსპორტის დროს.

 

ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი

ა(ა)იპსოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომელიც 2011 წლის დეკემბერში დაფუძნდა სს „სოფლის მეურნეობის კორპორაციის ბაზაზე“, მიზნად ისახავს ადამიანური, მატერიალური და ტაქტიკური რესურსების ეფექტიანი შერწყმისა და სინერგიის გზით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ფონდი მონაწილეობას მიიღებს სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში და მოიზიდავს დაფინანსებას შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების მიზნით.

 

ფონდი იმუშავებს ორი ძირითადი მიმართულებით:

 

● ინვესტიციების მოზიდვა და მართვა – ფონდის ერთ-ერთი ამოცანაა მოიზიდოს პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციები სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებში და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას. ფონდის საქმიანობის ეს მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ფინანსირების შესაძლებლობების კვლევას/ანალიზს, ფინანსური სახსრების მოზიდვას და შვილობილი კომპანიების მართვას;

 

● პროექტების განვითარება – ფონდის საქმიანობა მოიცავს როგორც კომერციული, ისე არაკომერციული პროექტების განხორციელებას. კომერციული პროექტების მიზანს მოგების მიღება წარმოადგენს, ხოლო არაკომერციული პროექტები შეიცავს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა კვლევა, საცდელი/სადემონსტრაციო აქტივობები და ა.შ. არაკომერციული პროექტების მიზანია სოფლის მეურნეობაში საცდელი მეურნეობების განვითარების გზით ინოვაციების დანერგვა.

 

 

საქართველოს სახელმწიფო უწყებები

 

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა კოორდინაციას უწევს სამთავრობო დაწესებულებებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩათვლით. საქართველოს მთავრობის დონეზე ხდება არსებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და მიზნობრივი პროგრამების მოდელირება.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

იმისთვის, რომ ამაღლდეს ფერმერთა კონკურენტუნარიანობა, საჭიროა, მათ ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის ინფრასტრუქტურაზე, რაზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის. თანამშრომლობა ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ მიმართულებით. მუნიციპალიტეტებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიზნობრივი პროგრამების განხორციელების პროცესში.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახდენს სახელმწიფო ასიგნაციების ოდენობების განსაზღვრას და არსებული საშუალოვადიანი პროგრამების მომზადებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის წამყვანი უწყება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის გამტარებელი სტრუქტურის, როლი დიდია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებაში და ლიბერალური საგადასახადო გარემოს შექმნაში. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო სისტემა ხელს უწყობდეს დარგში კერძო ინვესტიციების მოზიდვას.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მიწის მართვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ვინაიდან სწორედ ეს სამინისტრო წარმართავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაციის პროცესს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასევე მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების კუთხითაც, რაშიც ქართული სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას. საქართველოს საინვესტიციო გარემოს მსოფლიოში პოპულარიზაციას ეწევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სსიპ – ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი წინაპირობა დარგში ინვესტიციების მოზიდვაა. ინვესტიციების შემოსვლას თან ახლავს ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც დარგის მოდერნიზაციის აუცილებელი ფაქტორია. ამ პროცესში დიდია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მნიშვნელობა. მათ ეკისრებათ მთავარი როლი საზღვარგარეთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციაში და სოფლის მეურნეობის დარგის პოტენციალის წარმოჩენაში. დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობა საჭიროა ასევე პოტენციური უცხოელი ინვესტორების გამოვლენისა და საქართველოში ნაწარმოები სასურსათო პროდუქტების ექსპორტის საკითხებში.

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს მთელი რიგი ფუნქციები, რომელთა შესრულებაზე დიდად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება. აუცილებელია, გარემოს დაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული იყოს ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროც, რათა ერთობლივად განისაზღვროს პრიორიტეტები.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

აგრარული დარგის წინსვლის წინაპირობა მთლიანად ეფუძნება კვალიფიციური პერსონალის არსებობასა და ფერმერთა სამეწარმეო უნარების დონის ამაღლებას. ამ კუთხით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა უნდა განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რათა გაუმჯობესდეს დარგში ცოდნის დონე. აღნიშნულმა სამინისტროებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ აგრარულ სექტორში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირების, ასევე კვლევითი და ექსტენციის ცენტრების განვითარების პროცესში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (საჯარო რეესტრი)

მიწის რესურსების აღრიცხვისა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნაში განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის ბაზაზე უნდა შეიქმნას მიწის რეესტრი. მიწის რეესტრში თავმოყრილი ინფორმაციის მომხმარებლები იქნებიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები და ადგილობრივი ფერმერები, ისე სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ინვესტორები, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა და საექსპორტო ბაზრების განვითარება.

 

 

მუნიციპალიტეტები

2012 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, რომელიც კოორდინაციას გაუწევს დარგში მიმდინარე რეფორმებს რეგიონული მასშტაბით და მიაწოდებს დაინტერესებულ პირებს შესაბამის ინფორმაციას. ამავე დროს, 2010 წლიდან დაწყებული სწავლული აგრონომის პროგრამის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტის გამგებელს ეყოლება მოადგილე სოფლის მეურნეობის ხაზით (იგივე – რაიონის მთავარი აგრონომი), რომელიც კურირებას გაუწევს დარგის განვითარებას მუნიციპალური მასშტაბით და დაეხმარება ფერმერებს სიახლეების დანერგვაში.

 

დამხმარე ინსტიტუტები

 

განათლება და კვლევა

საქართველოს აქვს სასოფლო-სამეურნეო განათლების სისტემა, რომელიც ორგანიზებულია მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო სკოლებისა და საუნივერსიტეტო ფაკულტეტების საშუალებით. მთელ სისტემას ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია სასწავლო პროგრამების შედგენისა და განხორციელებისათვის.

ადამიანური რესურსი წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. სოფლის მეურნეობის სფეროში დასავლური ტიპის განათლების სისტემის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული რეფორმაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას. აგრარული განათლების მიზანი უნდა იყოს ყოვლისმომცველი და დინამიური საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც ბაზარს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრებით მოამარაგებს.

ბოლო წლებში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მთელი რიგი რეფორმები განხორციელდა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რეფორმებს პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია და აცნობიერებს საგანმანათლებლო სისტემის უწყვეტი მოდერნიზაციის საჭიროებას. სამწუხაროდ, განათლების სისტემის ყველა სეგმენტს თანაბრად არ შეხებია რეფორმა. სასოფლო-სამეურნეო განათლება სწორედ ასეთი სეგმენტია, რომელიც ჯერ კიდევ შორსაა დასავლური სტანდარტებისგან და განვითარებასა და მხარდაჭერას საჭიროებს.

აგრარულ სექტორში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადამიანური რესურსების ბაზრის გაუმჯობესებაზე. საქართველოს აგრარული სექტორი საჭიროებს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებს, რომლებსაც ღრმა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გააჩნიათ. ამასთან დაკავშირებით, 2011 წლის 4 თებერვალს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიზანია უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში აქტიური თანამშრომლობა. ასევე იგეგმება ურთიერთობების გაღრმავება სხვა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

 

რეფორმების პროცესში ახალი მიდგომის შესაბამისად სასურველია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიასა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

აგროსამრეწველო სექტორში კვლევების შემდგომ განვითარებას ორი ძირითადი მიზანი აქვს:

 

● ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა;

უცხო ქვეყნებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების შესწავლა და ქართველი ფერმერებისა და მეწარმეების მიერ მათი დანერგვა.

 

სოფლის მეურნეობის სტატისტიკა

სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამჟამად აგროვებს და აქვეყნებს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მონაცემებს, რომლებიც მოიცავს ისეთ პუბლიკაციებს, როგორიცაა საოჯახო მეურნეობათა ანალიზი, სასოფლო-სამეურნეო აღწერა, „საქართველოს სოფლის მეურნეობა“ – ყოველწლიური პუბლიკაცია, საქსტატის კვარტალური ბიულეტენი, საქსტატის წელიწდეული, „სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა“ – სტატისტიკური ბიულეტენი და სხვ. შეკრებილი მონაცემები ფარავს შემდეგ სფეროებს: დასაქმებას, კვებას, სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასებს, გამოყენებული მიწის ფართობს ჰექტარებში, წარმოებას, შინაური საქონლის რაოდენობას, ფერმების მოცულობას, საგარეო ვაჭრობას, სასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფას და მთლიან შიდა პროდუქტს. სოფლის მეურნეობის დარგში სტატისტიკური მონაცემების შემუშავების მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით იგეგმება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაუმჯობესება.

 

ექსტენციის ცენტრები

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, ქვეყნის ყველა რეგიონში შექმნის ექსტენციის ცენტრებს. ექსტენციის სისტემა სახელმწიფო სახსრებთან ერთად შემოსავალს მიიღებს სხვადასხვა მომსახურებიდან. ცენტრში ფერმერები ინფორმაციას მიიღებენ თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესახებ სოფლის მეურნეობაში, ასევე ფერმის მენეჯმენტის, ბაზრის, მარკეტინგისა და სხვა იმ საკითხის შესახებ, რომელსაც გადამწყვეტი როლი ენიჭება თანამედროვე ფერმერული მეურნეობის გამართვაში. ექსტენციის სადგურებს, ფერმერთა ინფორმირებასთან ერთად, ექნებათ ასევე კვლევითი ფუნქციაც. სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ჯიშების დანერგვას ქვეყანაში. სადგურები ასევე იქნება კარგი ადგილი ახალგაზრდა აგრონომებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად და გამოცდილების მისაღებად.

 

ექსტენციის ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში მიზანშეწონილი იქნება უკვე არსებული საცდელი სადგურებისა და კვლევითი ინსტიტუტების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოძველებულია, შესაძლებელია მათი განახლება და მოდერნიზაცია. ეს, ერთი მხრივ, ახალ მნიშვნელობას შესძენს ამ ინსტიტუტებს და, მეორე მხრივ, შეამცირებს ხარჯებს.

ექსტენციის ცენტრებს წარმატებული ფუნქციონირებისთვის შემდეგი ელემენტები სჭირდება:

 

● ძლიერი ტექნიკური შესაძლებლობები;

● მიწოდების ეფექტიანი მეთოდოლოგია;

● ეფექტიანი ინსტიტუციონალური სტრუქტურა, მმართველობა და უფლებამოსილებები;

● ექსტენციის ცენტრების ინტეგრაცია სხვა ინსტიტუტებში (განსაკუთრებით კვლევით, საგანმანათლებლო და კერძო სექტორში მოქმედ ინსტიტუტებში);

● საერთაშორისო ურთიერთობები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითანამშრომლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თითოეული აღნიშნული ელემენტის გაძლიერების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ტექნიკური სისტემის გაუმჯობესებას. შემუშავდება დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის მკვლევარების, პედაგოგებისა და ექსტენციის სპეციალისტთა გაცვლითი პროგრამები. ეს საქმიანობა შეიძლება ითვალისწინებდეს ტრენინგისა და გადამზადების კურსების ჩატარებას როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. სემინარებმა ხელი უნდა შეუწყოს შესაბამისი პროცედურის და უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ფერმერთათვის პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირებას, პრობლემების პოტენციური გადაწყვეტის გზების განსაზღვრას, იდეების შემუშავების მექანიზმების გაძლიერებას და მიმდინარე პროცესის შეფასების შესაძლებლობათა გაუმჯობესებას.

 

ექსტენციის სისტემაში ასევე ჩართული იქნება მექანიზაციის ცენტრები, რომლებიც ფერმერებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის სერვისებს. ამ მოდელის მიხედვით, ფერმერს ერთ ადგილზე შეეძლება მიიღოს როგორც ინფორმაცია, ასევე შეიძინოს წარმოების საშუალებები (მაგალითად, შხამქიმიკატები), გააკეთოს ნიადაგის ანალიზი და დაიქირაოს საჭირო ტექნიკა და მექანიზაციის საშუალება. ამით ის დაზოგავს დროსა და რესურსებს. აღნიშნული ექსტენციის ცენტრების ბაზაზე მასალების მომწოდებელ კერძო კომპანიებს მიეცემათ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციის საშუალებაც.

 

მექანიზაციის ცენტრები უკვე წარმატებით ფუნქციონირებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2009 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა შპს „მექანიზატორი“, რომელიც საქმიანობს აგრარულ სექტორში და მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. ის ფერმერებს სთავაზობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების თანამედროვე ტექნიკით ჩატარება, ფერმერთა ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეკეთება და სხვა. როგორც უკვე აღინიშნა, მოხდება მექანიზაციის ცენტრების ექსტენციის სისტემაში ინტეგრირება და მათი შემდგომი პრივატიზება.

 

 

კომუნიკაცია

 

კომუნიკაცია ფერმერებთან

ფერმერებთან უკეთესი კომუნიკაციისთვის იგეგმება მიწის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო სისტემის (LPIS) შექმნა, რომლის მიზანია განსაზღვროს ერთი ფერმერის მიერ კულტივირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და დანიშნულება საქართველოს ტერიტორიისთვის გადაღებული აეროფოტოების მიხედვით.

გასათვალისწინებელია, რომ ფერმერი თავად უნდა იყოს დაინტერესებული მეურნეობის რეგისტრაციით. ამისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეიმუშავებს ფერმერთა წახალისების სისტემას, რომელიც დააჩქარებს ფერმერთა რეესტრის შექმნასა და მონაცემთა ბაზის სრულყოფას. ამ გზით გაუმჯობესდება კომუნიკაცია ფერმერებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, გამყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის.

 

კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა

კოოპერაცია წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას. მცირე შინამეურნეობებისა და დაქუცმაცებული მიწების პირობებში სწორედ ამგვარ გაერთიანებებს შეუძლია ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შემოსავლის გაზრდა და მიწოდების ჯაჭვში მათი ინტეგრაცია. საზღვარგარეთის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კოოპერაციის განვითარება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გარეშე, თუმცა ამ პროცესში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა არ მოხდეს რესურსების არარაციონალური გამოყენება.

 

კოოპერაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთავრობა უზრუნველყოფს ფერმერთა გაერთიანებების შექმნისათვის აუცილებელ პირობებს, კერძოდ:

 

● პოპულარიზაციას გაუწევს კოოპერაციის იდეას;

● მოამზადებს ინიციატივებს კოოპერაციული გაერთიანებების შექმნის წახალისებისა და განვითარების მიზნით;

● ითანამშრომლებს დონორებთან კოოპერაციების ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა-განხორციელებაში.

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამეწარმეო კოოპერაციების შექმნას. სამეწარმეო კოოპერაციის საშუალებით მცირე ფერმერები განახორციელებენ როგორც წარმოების მასალების ერთობლივ შესყიდვას, ასევე მიღებული მოსავლის რეალიზაციას. ამ გზით ისინი მიაღწევენ ხარჯების ეკონომიას. აღნიშნული გაერთიანებები ხელს შეუწყობს გადამამუშავებელი სექტორის განვითარებას.

 

კომუნიკაცია ინვესტორებთან

აგროსამრეწველო სექტორის წინსვლა და მასში დასაქმებულთა რიცხვის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული დარგში ინვესტიციების მოზიდვასთან. დარგის მოდერნიზაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უცხოური კაპიტალის შემოსვლას ქვეყანაში, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს თანამედროვე ტექნოლოგიები და უცხოურ ბაზრებზე გასვლის ახალი პერსპექტივები. ამავე დროს, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული შიდა ინვესტიციების რესურსიც.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტორებთან ურთიერთობას, კერძოდ, იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორს გაუადვილებს დარგში ფულის ჩადებას. მთავრობისა და, კონკრეტულად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ დააინტერესოს პოტენციური ინვესტორები აგროსექტორში ფულის დაბანდებით.

საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ცნობილია თავისი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, რაშიც დიდ როლს ქვეყნის ეკონომიკის გახსნილობა და ლიბერალიზაცია თამაშობს. თუ ამ ფაქტს დავუმატებთ სოფლის მეურნეობისათვის უკვე დაწესებულ ბევრ საგადასახადო შეღავათს, მივიღებთ დარგში ინვესტირების საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს. ამ ვითარებაში დიდი როლი ენიჭება ქვეყნის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, რასაც დიდი ხანია აქტიურად ეწევა საქართველოს მთავრობა. საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ბიზნესმენმა გაიცნოს ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით გააჩნია.

აუცილებელია, რომ ინვესტორებთან ურთიერთობა განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, კერძოდ, სსიპ – ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში. რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისათვის სასურველია სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობა და შემდეგი ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა:

აგროსამრეწველო დარგის იმ სეგმენტების შესწავლა და გამოვლენა, რომლებშიც ფულის დაბანდება ინვესტორისათვის მომგებიანი შეიძლება იყოს. სამინისტრო შეაგროვებს კონკრეტული სექტორების შესახებ საჭირო ინფორმაციასა და სტატისტიკურ მონაცემებს და ადვილად ხელმისაწვდომს გახდის მათ ყველა დაინტერესებული პირისათვის, რათა პოტენციურ ინვესტორს გაუადვილდეს საინვესტიციო გაანგარიშებების გაკეთება;

● საინვესტიციო პაკეტების მომზადება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა უწყებებთან თანამშრომლობის რეჟიმში მოამზადებს საინვესტიციო პაკეტებს, რომლებშიც შევა ყველა სახის ინფორმაცია და მიახლოებითი კალკულაცია. მათში ნათლად იქნება ასახული ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს, როგორც საინვესტიციო ბაზარს, გამოარჩევს სხვა ქვეყნებისაგან. როგორც ცნობილია საქართველოში ჩამოსული ბევრი უცხოელი ბიზნესმენისათვის ქვეყანა საკმაოდ უცხოა და ისინი დიდ რესურსებს ხარჯავენ გარემოს თავდაპირველ შესწავლაში. ასეთი პაკეტები ინვესტორებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას და მისცემს მათ ხარჯებისა და დროის დაზოგვის საშუალებას;

● ბეჭდვითი და ელექტრონული სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. სამინისტრო უზრუნველყოფს საინფორმაციო კატალოგის შექმნას ბუკლეტისა და ინტერნეტგვერდის სახით, სადაც ინვესტორისათვის საინტერესო ყველა სახის ინფორმაცია იქნება განთავსებული. მასში შევა ისეთი სახის სტატისტიკური მონაცემები, როგორებიცაა პროდუქციის დონე, ფასები, იმპორტ-ექსპორტის თუ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა, ასევე სხვა მონაცემები. იარსებებს პოტენციურ თუ უკვე არსებულ ინვესტორებთან აქტიური კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის სისტემა, რათა ზუსტად იქნეს გაგებული, რა სახის ინფორმაცია სჭირდებათ მათ;

● საქართველოში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ინტენსიური ურთიერთობა და მათთვის პერმანენტულად განახლებული ინფორმაციის მიწოდება. ასეთი ბიზნესპალატები დიდ როლს თამაშობენ ინვესტიციების მოზიდვის საქმეში და ამიტომ ისინი ყოველთვის უნდა იყვნენ აქტუალური ინფორმაციით აღჭურვილი;

● საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სოფლის მეურნეობის პოტენციალის წარმოჩენა. სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო გამოფენებსა თუ ფორუმებზე მონაწილეობას, რათა რაც შეიძლება მეტ პოტენციურ ინვესტორს მიეცეს საქართველოსა და მისი სოფლის მეურნეობის გაცნობის საშუალება. ასევე გაიზრდება უცხოეთში ქართული საელჩოების ჩართულობა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში.

 

კომუნიკაცია დონორებთან

სოფლის მეურნეობის განვითარებაში უაღრესად დიდი როლის თამაში შეუძლიათ საერთაშორისო დონორებს. მათ გააჩნიათ ის გამოცდილება, რომელიც განვითარების ამ ეტაპზე ესაჭიროება როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხედავს რა ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობას, აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. სამინისტრო ასევე დიდ იმედებს ამყარებს მათი მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზე.

იმისთვის, რომ მთავრობამ ეფექტიანად გამოიყენოს დონორების დახმარება, საჭიროა გაუმჯობესდეს მათთან კომუნიკაციის ხარისხი. სამინისტრო ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ისახავს გააუმჯობესოს ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა, ერთი მხრივ, ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ყველა ის დახმარება, რასაც დონორები საქართველოს მთავრობას სთავაზობენ, ხოლო, მეორე მხრივ, დონორებმაც ზუსტად იცოდნენ, რა სახისა და მასშტაბის მხარდაჭერა სჭირდება საქართველოს მთავრობას. სამინისტროს მიერ მიღებული ეროვნული სამოქმედო გეგმა ნაწილობრივ აღმოფხვრის ამ პრობლემას, რადგან მასში გაწერილი იქნება ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო უახლოეს მომავალში აპირებს. ეს გეგმა უფრო მკაფიოს გახდის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო საქმიანობის კონტურებს და გაუადვილებს დონორებს დახმარების პაკეტების შემუშავებას.

ამჟამად კოორდინაცია არსებობს დონორთა საკოორდინაციო კომიტეტს (DCC), დონორთა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფებსა (DCWG) და მდივანს შორის. დონორთა საკოორდინაციო კომიტეტის მთავარი ფუნქციაა განსაზღვროს მომავალი საქმიანობის პრიორიტეტები, წარმართოს დონორთა მხარდაჭერასთან მიმართებაში სამინისტროს პოლიტიკა, შეასრულოს მიმდინარე საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ფორუმის როლი, წარადგინოს წინადადება დონორთა საკოორდინაციო (საგანგებო ან მუდმივმოქმედი) სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. დონორთა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის მთავარი ფუნქციაა ჩაატაროს სექტორის/სფეროს/პროდუქციის ანალიზი და განსაზღვროს მომავალში დონორების ან სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ქმედებათა საჭიროება, შეასრულოს მიმდინარე საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ფორუმის როლი, წარუდგინოს რეკომენდაციები დონორთა საკოორდინაციო კომიტეტს.

 

 

სურსათის უვნებლობის კონტროლი

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N1756 განკარგულებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა“ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს, რამდენადაც სამინისტრო პასუხისმგებელია სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის.

აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიზანი, რომელიც 2010-2014 წწ. სურსათის უვნებლობის სფეროს სამართლებრივ და ინსტიტუციურ დახვეწას, ასევე საქართველოში ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების და შესაბამისი სურსათის უვნებლობის მყარი სისტემის დანერგავს მოიცავს.

საკანონმდებლო მიახლოების ვადები დაფუძნებულია რეალურ შესაძლებლობებზე – ევროკავშირის კანონმდებლობის (EU acquis) კომპლექსურობისა და სამთავრობო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინებით.

 

● ზემოაღნიშნული სტრატეგიის და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის ძირითადი პრინციპებია:

● სურსათის უვნებლობის სისტემის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან მიახლოება, საქართველოს სოფლის მეურნეობის ბაზრის სტრუქტურის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით;

● საქართველოში კონკურენტუნარიანი და დინამიური სოფლის მეურნეობის სექტორის შექმნა;

● სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, რომელიც დაფუძნებული იქნება პრინციპზე „ფერმიდან სუფრამდე“, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება სურსათის წარმოების სრული ჯაჭვი;

● შესაბამისი ინსტიტუტების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახური, ლაბორატორიები, და ა.შ.) საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია;

● დამოუკიდებელი საინსპექციო ორგანოების შემოღება;

● ერთიანი ლაბორატორიების სისტემის შექმნა, სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიებს შორის გამიჯნული კომპეტენციებით და ლაბორატორიებსა და სურსათის უვნებლობისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;

● სურსათის წარმოების, გადამუშავების ტრადიციული მეთოდების შენარჩუნებისა და არახელსაყრელ გეოგრაფიულ გარემოში წარმოების ხელშეწყობის მიზნით გამარტივებული რეგულირების სქემების შემუშავება;

● სახელმწიფო კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა.

 

საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვა წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული უშიშროების შემადგენელ ნაწილს და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრეს ფაქტორს. ის მოიცავს მცენარეთა დაცვისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებას. ეს არის ღონისძიებათა კომპლექსი, რომელზეც დამოკიდებულია სტრატეგიული მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა, მწვანე საფარის შენარჩუნება. დაგეგმილია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

● გაუმჯობესდება ქვეყნის ტერიტორიის ფიტოსანიტარიული მონიტორინგი. პესტიციდების ეფექტური გამოყენება და უსაფრთხო მოხმარება განხორციელდება მათი „სასიცოცხლო ციკლის“ ყველა სტადიაზე;

● მცენარეული სასურსათო ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გამოვლინდება და დადგინდება საკარანტინო ორგანიზმებისაგან დაცული ტერიტორიები;

● ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების – ნიადაგის ატლასების მონაცემთა ბაზის შექმნა;

● ადგილობრივი აგრომადნეულების მოპოვებისა და სასუქად გადამუშავების პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

● მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულყოფილი და ეფექტიანი ვეტერინარული ზედამხედველობის ფარგლებში ღონისძიებების გაუმჯობესება, რაც გამიზნულია როგორც ფრინველისა და პირუტყვის განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისათვის;

● ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მოხდება მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, შეიქმნება მონაცემთა საინფორმაციო ბაზა;

● მოხდება ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება და მეთოდოლოგიის ვალიდაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

● ახალი პერსპექტიული ჯიშების, ხელოვნური განაყოფიერების, ჯიშთა შეჯვარების შესაძლებლობების და ცხოველთა კვების რეჟიმის კვლევა და შედეგად მიღებული ინფორმაციის ფერმერთათვის მიწოდების უზრუნველყოფა.

 

სათესლე და სარგავი მასალების სერტიფიცირება

სერტიფიცირების სისტემის დანერგვა უნდა მოხდეს ნებაყოფლობის პრინციპის საფუძველზე საერთაშორისო გამოცდილების და შესაბამისი კონტაქტების გააქტიურების გზით, რაც მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების შემთხვევაში გულისხმობს სათესლე მასალის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) რეკომენდაციების გათვალისწინებას სისტემის შექმნის პროცესში. საბაზრო ეკონომიკის პირობებში აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიები, რომლებიც მიიღებენ აკრედიტაციას ასოციაციიდან. კერძო ლაბორატორიების განვითარება არის საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა.

რაც შეეხება ხილის, კენკრის, ციტრუსისა და კაკლოვანი კულტურების სანერგე მასალას, მათი ადგილობრივი წარმოების განვითარება ხელს შეუწყობს ექსპორტის მოცულობების ზრდას და წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამ მხრივ ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოტენციალია იმის გათვალისწინებით, რომ ამორტიზებული ბაღების მოცულობა არის საკმაოდ დიდი, მათი განახლება კი პირდაპირ კავშირშია სერტიფიცირებული სანერგე მასალების არსებობასთან ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ მოცემული კულტურების სერტიფიცირების სისტემის უქონლობის გამო უცხოური კომპანიები თავს იკავებენ ქვეყანაში სანერგე მეურნეობების განვითარებისაგან, რაც დარგის წინსვლას საგრძნობლად აფერხებს. მათი შემოყვანა, ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემის დანერგვის გზით, ხელს შეუწყობს სერტიფიცირებული, ხარისხიანი სანერგე მასალის ღირებულების შემცირებას და ახალი ჯიშებით გაშენებული ფართობების ზრდას. ადგილობრივი წარმოების ჯიშური გაუმჯობესება კი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის წარმატების საწინდარი იქნება.

 

სასურსათო უზრუნველყოფა და კრიზისის მართვა

 

სასურსათო უზრუნველყოფა

ქვეყანაში მუდმივად უნდა არსებობდეს ძირითადი სასურსათო პროდუქტების საკმარისი მარაგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სურსათზე მოთხოვნა.

სასურსათო უზრუნველყოფის მთავარი ფაქტორებია:

● უსაფრთხოება – ადგილობრივი წარმოების ან იმპორტირებული, უვნებელი სასურსათო პროდუქტების საკმარისი ოდენობით არსებობა;

● ხელმისაწვდომობა – ცალკეულ პირთათვის სათანადო სურსათის ხელმისაწვდომობა, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ კვებისთვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტების შეძენას;

● სტაბილურობა – სასურსათო უზრუნველყოფა გულისხმობს ნებისმიერ დროს სასურსათო პროდუქტების როგორც არსებობას, ასევე ხელმისაწვდომობას.

 

სასურსათო უზრუნველყოფა გულისხმობს სასურსათო ნედლეულისა და სურსათის დაცვასაც, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო ტერორიზმისაგან ან სხვა მავნე ქმედებებისაგან დაცვას.

სტრატეგიის მიზანია გატარდეს ზომები, რომლებიც გააუმჯობესებს მოსახლეობისათვის ძირითადი სურსათის ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ქვეყანაში საკმარისი სასურსათო რესურსების არსებობას და მათი ეფექტიანი გადანაწილების უზრუნველყოფას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შეიმუშავა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების სია. ქვემოთ მოცემულია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით:

 

● ხორბალი

● შაქარი

● ხორცი

● რძე

● მცენარეული ზეთი

● ბოსტნეული (კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, სტაფილო)

● ხილი (ვაშლი).

 

სასურსათო მარაგები და კრიზისის მართვა

სასურსათო მარაგები და კრიზისის მართვა არის ის სპეციფიკური საკითხი, რომლის რეგულირებაც გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესაბამისი კომპონენტების ფარგლებში.

 

სასურსათო მარაგები

ქვეყანაში სასურსათო მარაგების შექმნის საჭიროება დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის:

 

● ქვეყნის სასურსათო თვითუზრუნველყოფა სასურსათო უსაფრთხოების კალათით განსაზღვრულ პროდუქტებზე;

● საგანგებო მდგომარეობის ან კრიზისის ალბათობის პროგნოზირება, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასურსათო მარაგების შექმნა;

● სურსათის გარე წყაროების მობილიზების შესაძლებლობა და ოპერატიულობა;

● კერძო სექტორის სასურსათო ჯაჭვის მიერ ჩვეულებრივ პირობებში უზრუნველყოფილი სასურსათო პროდუქტების მოცულობა.

 

რისკების ხასიათიდან გამომდინარე, საქართველოში არსებობს რეზერვების შექმნის საჭიროება, თუმცა აქ არ იგულისხმება სახელმწიფო რეზერვები. რეზერვების უზრუნველყოფა შესაძლებელია კერძო კომპანიების მიერ შესაბამისი ინფრასტრუქტურის ორგანიზების შემთხვევაშიც. ზოგჯერ შეიძლება დეფიციტის შექმნის პროგნოზირება, რაც მასშტაბური კატასტროფის დადგომამდე ზომების დროულად მიღების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, ყინვები მცენარეების აღმოცენების ადრეულ ეტაპზე ან გვალვები ძირითად მიმწოდებელ ქვეყნებში წინასწარ მიუთითებს რესურსების შემცირების ან ფასების მატების შესაძლებლობაზე. ამ შემთხვევაში ქვეყანამ ადრეულ ეტაპზევე უნდა დაიწყოს ზომების მიღება, რათა უზრუნველყოს შესაძლო დეფიციტის თავიდან აცილება.

 

მაშინაც კი, როდესაც დეფიციტი იქმნება, უნდა არსებობდეს მთელი რიგი შესაძლებლობები, რომლებიც შეამცირებს ამგვარი დეფიციტის უარყოფით შედეგებს. ასეთია, მაგალითად, სასურსათო პროდუქტების დივერსიფიცირება. საქართველოში სურსათზე არსებული მოთხოვნა საკმაოდ მოკრძალებულია მსოფლიოში მისი წარმოების საერთო მოცულობასთან. ამიტომ, თუ საიმპორტო ბაზრები საკმარისად დივერსიფიცირებულია, შესაძლებელია პროდუქტი ქვეყანაში შეტანილ იქნეს ახალი წყაროდან დროის საკმაოდ მცირე პერიოდში. ამ დროს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსპორტირების პროცესს და მაქსიმალურად შეამციროს შემაფერხებელი ფაქტორები.

 

წარმოების ინტენსიფიკაციასთან ერთად, უნდა წახალისდეს კერძო საკუთრებაში არსებული მარცვლეულის ტერმინალებისა და აგროსასურსათო ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა და აღნიშნულ პროექტებში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობა.

 

კრიზისის მართვა

სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული გეგმა ითვალისწინებს ინციდენტისაგან, კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციისაგან საქართველოს მოსახლეობის დაცვას პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების გატარების მეშვეობით. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს N415 ბრძანებულების პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია სურსათითა და წყლით უზრუნველყოფისა და მცენარეთა და ცხოველთა უსაფრთხოებისათვის. საქართველოს სოფ ლის მეურნეობის სამინისტრო ასევე წარმოადგენს მხარდამჭერ უწყებას 3 ფუნქციისათვის. ესენია: საგანგებო სიტუაციის მართვა, სამედიცინო უზრუნველყოფა, ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოება. სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა კოორდინაცია. კრიზის დროს სამინისტროში ფუნქციონირებს საგანგებო შტაბი, რომელიც წარმოადგენს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მზადყოფნის საქმიანობების მაკოორდინირებელ და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმის ძირითადი მახასიათებლები

მზადყოფნა – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად იქნება ორი სახის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის:

● კრიზისული სიტუაციისაგან საქართველოს მოსახლეობის დაცვა, რომლის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს ერთიანი ეროვნული გეგმის ნაწილს, ხოლო მის კოორდინაციას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

● უშუალოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცვა კრიზისული სიტუაციისაგან, რომელიც ხელს უშლის სამინისტროს ფუნქციონირებას.

 

მზადყოფნის საქმიანობის განხორციელებისათვის და კრიზისზე დროული და ეფექტური რეაგირებისათვის აუცილებელია ტრენინგების ჩატარება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეაგირებაში ჩართულ ყველა თანამშრომელს ჩაუტარებს რეგულარულ ტრენინგებს. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობით.

კომუნიკაცია – შემუშავდა კომუნიკაციის მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სწრაფი რეაგირების გეგმას და ინფორმაციის გაცვლას. რეაგირების პროცესი იწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბის აქტივაციით, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ან პირიქით, შტაბი რეკომენდაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლო აქტივაციის შესახებ.

კომუნიკაციის პროცესის, საკოორდინაციო მექანიზმების სქემის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბის წევრების ფუნქციების და საკონტაქტო ინფორმაციის უზრუნველყოფა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა მხარდამჭერი უწყებებისთვის მიწოდება.

ინფორმაციის მართვა – მზადყოფნისა და რეაგირების პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფორმაციის მართვას. მონაცემთა ბაზა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მზადყოფნისა და რეაგირების ყველა ღონისძიების შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციის მართვის ყველა საქმიანობას შეათანხმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როგორც ერთიანი ეროვნული გეგმისათვის პასუხისმგებელ ორგანოსთან.

დაზარალებული მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება თანაბარწილად მნიშვნელოვანია რეაგირების ეფექტური განხორციელებისათვის, რადგან მსგავსი ინფორმაცია იძლევა რესურსების (ფინანსური და ადამიანური) შესახებ მონაცემებს. ასევე, რეაგირების მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღრიცხავს ნებისმიერ ცვლილებას გარემოსა თუ საკონტაქტო მონაცემებში და შესაბამის უწყებებს მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას.

მომსახურების უზრუნველყოფა – ხარჯების, რესურსების და ტექნიკური საშუალებების მოძიების შემდეგ შესაბამისი უწყებები დაიწყებენ ბენეფიციარებისათვის მომსახურების უზრუნველყოფას. პირობების და ბენეფიციარების მდგომარეობის მონიტორინგი გაგრძელდება მთელი რეაგირების პროცესის განმავლობაში. ამრიგად, აუცილებელია რეაგირების შეწყვეტის შესაბამისი დროისა და მეთოდის განსაზღვრა.

საქართველო ამჟამად აძლიერებს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების მართვის შესაძლებლობებს ნატოსთან თანამშრომლობისა და სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო საბჭოს (EADRCC) ფარგლებში. საქართველოს მთავრობას უკვე აქვს აღნიშნულ საბჭოსთან თანამშრომლობის გამოცდილება. საბჭო კოორდინაციას უწევდა საქართველოში ასობით ტონა დახმარების ჩამოტანას 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე. ის ასევე კოორდინაციას უწევდა დახმარებას 2005 წელს, როდესაც ქვეყნის ისტორიაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალდიდობა, და 2006 წელს, როდესაც სამხრეთ საქართველოს ტყეებში გაჩნდა ხანძარი.

 

კრედიტი და ლიზინგი

კრედიტისა და ლიზინგის ბაზარს გადამწყვეტი როლი ეკისრება სოფლის მეურნეობის განვითარებაში. დღეს საქართველოში აგრობიზნესის დაფინანსების ორი მთავარი წყარო არსებობს: კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. მათ შორის მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთები აგროსესხებზე ჯერ კიდევ მაღალია. ამის მთავარი მიზეზი კი დარგში არსებული მაღალი რისკები და ფულადი რესურსების სიმცირეა. საკრედიტო ბაზართან პირდაპირ კავშირშია ლიზინგის თემა. როგორც განვითარებულ, ისე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ლიზინგი საშუალო და ხანგრძლივი დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა. მასზე პირდაპირაა მიბმული განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების წინსვლა. შესაბამისად, ლიზინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერთა დაფინანსებით უზრუნველყოფის, მათი საქმიანობის ხელშეწყობისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ლიზინგი შესაძლებელია იქცეს კომერციული სესხების მნიშვნელოვან ალტერნატივად.

სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და სალიზინგო ბაზრებზე პირდაპირი ინტერვენცია არ გამოიღებს სასურველ შედეგს და დაარღვევს ამ ბაზრებზე წონასწორობას. ამის გამო უმჯობესია, სახელმწიფომ მხოლოდ ფრთხილი ნაბიჯები გადადგას და ხელი შეუწყოს საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობას კანონმდებლობის მაქსიმალური ლიბერალიზაციითა და გამარტივებით. საქართველოს მთავრობის მიზანია ასევე მოიზიდოს იაფი და გრძელვადიანი საკრედიტო რესურსები საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რათა გაიზარდოს ამ ინსტიტუტების საკრედიტო პორტფელები სოფლის მეურნეობის ხაზით და, შესაბამისად, სასოფლო‑სამეურნეო სესხების რაოდენობა.

 

სადაზღვევო ბაზარი

სოფლის მეურნეობის განვითარება, მისი მაღალრისკიანობიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია გამართული სადაზღვევო სისტემის გარეშე. საქართველოში დღესდღეობით დაზღვევა სოფლის მეურნეობაში ძალზე განუვითარებელია. სადაზღვევო კომპანიები, ძირითადად, შეზღუდულ ვადებში და წარმოების მხოლოდ რამდენიმე სფეროში ოპერირებენ. ქვეყანაში ამ სისტემის განვითარებას მთავარ დაბრკოლებას უქმნის მცირე ფერმერთა მრავალრიცხოვნობა და მათი არასაკმარისი ინტერესი სადაზღვევო პროდუქტის შესაძენად. სადაზღვევო კომპანიები ამჯობინებენ, საქმე დაიჭირონ მსხვილ ფერმერებთან, რომელთა რაოდენობა ძალზე მცირეა საქართველოში, რის შედეგადაც მათ უწევთ შედარებით მაღალი სადაზღვევო პრემიების დაწესება.

საკრედიტო ბაზრის მსგავსად, ამ სექტორშიც სახელმწიფოს ჩარევა დიდ სიფრთხილესთან არის დაკავშირებული. ეკონომიკის ლიბერალიზაციის შედეგად უარი ითქვა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებზე, რაც ამ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნისთვის გაკეთდა. უმჯობესია, რომ ყველა სადაზღვევო პროდუქტი მომხმარებელს კვლავინდებურად კერძო სადაზღვევო კომპანიებმა შესთავაზონ. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია გააძლიეროს ფერმერების ინფორმირება სადაზღვევო სისტემის მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ, რათა გაიზარდოს დაზღვეულთა რაოდენობა და შემცირდეს სადაზღვევო პრემიები ფერმერთათვის.

დიდია სახელმწიფოს როლი კატასტროფების დაზღვევის კუთხითაც. არსებობს მსოფლიო ბანკის მიერ რეგიონულ პარტნიორებთან ერთად შემუშავებული პროექტი – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კატასტროფების დაზღვევის პროგრამა. პროგრამა განხორციელდება საერთო ძალებით შექმნილი ოპერატორის Europa Re-ს მიერ, რომელიც არის კატასტროფების გადაზღვევის კომპანია. Europa Re-ს მფლობელები არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ქვეყნები. Europa Re-ს მიზანია გაზარდოს დაზღვეულთა რაოდენობა და გადაანაწილოს რისკები პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის.

 

მიწის პოლიტიკა

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სოფლის მეურნეობის განვითარების წინაშე ორი ძირითადი ამოცანა დგას: მიწით სარგებლობის უფლების საკანონმდებლო უზრუნველყოფა და გამართულად მომუშავე მიწის ბაზარი. მიწაზე როგორც მესაკუთრის, ისე მოიჯარის უფლებათა უზრუნველყოფა წარმოადგენს ინვესტიციების განხორციელების სტიმულს. გამართულად მომუშავე მიწის მეორადი ბაზარი გაამარტივებს მიწით ვაჭრობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კონსოლიდაციის პროცესს.

საქართველოში ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწების გარკვეული ნაწილი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ინტენსიური მიწათმოქმედებისთვის, ჯერჯერობით სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი როგორც ადგილობრივი, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა. ინვესტორების გააქტიურება მოითხოვს მიწის საინფორმაციო ბაზის სრულყოფას. საჭიროა მიწის ერთიანი ბანკის შექმნა, რაც გააადვილებს მიწის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული პირებისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობამ, კერძო სექტორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიმართულებით. 1996 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელიც სხვადასხვა პროგრამების და პროექტების დაფინანსებით ახორციელებს არსებული მიწის ნაკვეთების აზომვით სამუშაოებს. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ერთ‑ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. ასოციაციის საქმიანობას აფინანსებენ მსხვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, მისი მომსახურებით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნების ბიზნესორგანიზაციები.

 

მიწის ბანკის შექმნის პროცესში აუცილებელია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციისათვის ტექნიკური განმახორციელებლის როლის მინიჭება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში და შეზღუდული რესურსების პირობებში მოხერხდეს საჭირო ინფორმაციის მოგროვება და ქმედითი ბანკის შექმნა. ასოციაცია, თავისი იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე, მისაღები პარტნიორი იქნება როგორც კერძო, ასევე სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ სურვილს აღნიშნული პროექტის დაფინანსების გამოყოფის მხრივ.

 

მიწის ბანკის შექმნა ითვალისწინებს შემდეგი სახის საქმიანობის განხორციელებას:

 

● რეგიონებში არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია მიწის დანიშნულების (საძოვრები, სახნავი, სათიბი და კერძო ნაკვეთები) და ნიადაგის შემადგენლობის მიხედვით;

● მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა დაინტერესებულ ინსტიტუტებთან მუშაობის კოორდინაციის გზით;

● სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკადასტრო რუკების შედგენა.

 

მიწის ბანკის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო სისტემა (LPIS). ეს სისტემა წარმოადგენს ჯავაზე შექმნილ ვებპროგრამას, რომელიც ინტერნეტის ან ინტრანეტის საშუალებით ერთი და იმავე მონაცემთა ბაზაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს ერთდროულად ბევრ მომხმარებელს (სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო რეესტრის, რეგიონების ადმინისტრაციული ერთეულების და ადგილობრივი გეოდეზიური სამსახურების თანამშრომლებს). სისტემის მიზანია განსაზღვროს ერთი ფერმერის მიერ კულტივირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და დანიშნულება საქართველოს ტერიტორიისთვის გადაღებული აეროფოტოების მიხედვით. სისტემა ასეულობით მომხმარებელს მისცემს ონლაინ რეჟიმში აღნიშნული პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას. მისი საშუალებით მომხმარებელს შეეძლება შევიდეს და ფორმა შეუცვალოს ვექტორულ მრავალკუთხედს ტოპოლოგიური გარდაქმნების გამოყენებით, შეიყვანოს ატრიბუტული მონაცემები (მიწის ნაკვეთის ადგილობრივი სახელწოდება, თანამშრომლის და ფერმერის შენიშვნები, მიწის ნაკვეთის დანიშნულება), განახორციელოს მონაცემთა ანალიზი და სხვადასხვა ოპერაციები ამ მონაცემთა გამოყენებით, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია ზოგად მონაცემთა ბაზაში, დაამუშაოს და ამობეჭდოს შეხვედრასთან დაკავშირებული საბოლოო ანგარიში. პროგრამა იყენებს და ახდენს მონაცემთა გარეშე ბაზებიდან მიღებული მონაცემების მანიპულაციას ინტერნეტის საშუალებით. LPIS პროგრამასთან ერთად შემუშავდება სამი სხვა პროგრამაც. პირველი პროგრამის ფარგლებში მოხდება ფერმერების განაწილება/დახარისხება მათი მონაცემების მიხედვით. ეს პროგრამა აუცილებელია ფერმერთა დიდი რაოდენობის გამო (700000-ზე მეტი). პროგრამა ასევე იძლევა შესრულებული სამუშაოს ანალიზის საშუალებას. მეორე პროგრამას ეწოდება მხარდაჭერის ცენტრი და ის ეხმარება თანამშრომლებს მუშაობაში. მესამე პროგრამის სახელწოდებაა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) ქსელური ვერსია (web viewer). ის ძირითადად შექმნილია იმისთვის, რომ ფერმერები გაეცნონ GIS მონაცემებს, რომელშიც შედის: მიწის ნაკვეთების საკადასტრო ციფრული მონაცემების ფენა, მიწის დანიშნულების ამსახველი ინფორმაციის ფენა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გრაფიკული გამოსახულებების ფენა. ამ პროგრამაში შესვლა პაროლის გარეშეც შეიძლება.

 

LPIS-ის ბაზაზე შეიქმნება ასევე ფერმერთა რეესტრიც. გასათვალისწინებელია, რომ ფერმერი თავად უნდა იყოს დაინტერესებული ასეთი რეგისტრაციით. ფერმების რეესტრის შექმნის შედეგად გაუმჯობესდება კომუნიკაცია ფერმერებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, გამყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის. შესაძლებელი გახდება ახალი ტექნოლოგიების განვითარება და ასევე ფერმების გაფართოებაც.

 

ფერმების რეესტრის შექმნა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

● ფერმერთა რეესტრის მართვის სისტემის შექმნა ფერმერთა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართობის და სამეწარმეო საქმიანობის მიხედვით;

● ფერმერთა რეესტრის საკითხებზე ტრენინგის ორგანიზება და ერთიანი ქსელის შექმნა;

● ფერმების რეესტრის კრიტერიუმების შემუშავება ფერმერის საქმიანობისა და საბაზრო ორიენტაციის მიხედვით.

 

მელიორაციის ინფრასტრუქტურის განვითარება

საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 12,481 კუბური მეტრი წყლის რესურსი მოდის. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ აღემატება ქვეყანაში წყლის დეფიციტის დადგენილ ზღვარს, რომელიც 1,000 კუბური მეტრით განისაზღვრება. წყლის რესურსები საქართველოში არათანაბრადაა გადანაწილებული. ნალექების რაოდენობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კლებულობს. ნალექის წლიური მაჩვენებელი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალოდ 500 მმ-ს შეადგენს, ხოლო დასავლეთ საქართველოში – საშუალოდ 1400 მმ-ს. შედეგად, სოფლის მეურნეობის ეფექტიანად განვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში საირიგაციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს, ხოლო დასავლეთში – დრენაჟის სისტემების ამოქმედებას. ნალექების რაოდენობა წლიდან წლამდეც მერყეობს. მოსავლის მოყვანის სეზონში გვალვები საშუალოდ ყოველ 3-4 წელიწადში ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, უხვი ნალექით გამორჩეულ რეგიონებშიც კი ასეთ წლებში საჭირო ხდება საირიგაციო სამუშაოების ჩატარება.

სამელიორაციო სისტემების ეფექტიანი მართვა და ამა თუ იმ სამელიორაციო ობიექტზე სარეაბილიტაციო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისა და ახალი სამელიორაციო ობიექტების მშენებლობის აუცილებლობის შესახებ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს კომპაქტური და გამოსაყენებლად მოსახერხებელი სახის ინფორმაციის მოპოვებას და მონაცემთა ბაზის დამუშავებას, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფით.

აღნიშნული ამოცანის გადასაწყვეტად შემუშავდება საქართველოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ერთიანი მონაცემთა ბაზა და კონტურული საკოორდინაციო რუკები საკადასტრო ინფორმაციის დამუშავების შესაძლებლობით, რომლებიც საბოლოო სახით (როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია) უნდა შეიცავდეს მასალებს სამელიორაციო სისტემების, მათ შემადგენლობაში შემავალი არხებისა და ნაგებობების განთავსების, საპროექტო და დღევანდელი ფაქტობრივი მაჩვენებლების და იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც განაპირობებს სხვადასხვა სახის სამელიორაციო ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას და შესაძლებლობას.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას აქვს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღრიცხვის გამოცდილება. კერძოდ, 2010 წელს მათ განახორციელეს ქარელის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო სისტემების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, სარწყავი წყლის მონაცემთა ბაზის ფორმირების და გადახდის სისტემის განვითარების ხელშეწყობის პროექტი. აღნიშნულ პროექტს ჰქონდა საცდელი ხასიათი. პროექტი საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა. საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ასოციაციამ, რაც მომავალში ფართომასშტაბიანი პროექტის წარმატებულად განხორციელების ალბათობას ზრდის.

საქართველოს სამელიორაციო სისტემების მონაცემთა ბაზაში შევა ინფორმაცია სამელიორაციო სისტემების შესახებ:

● თემატიკის მიხედვით – თითოეული რეგიონის სამელიორაციო სისტემების ზოგადი დახასიათება;

● რეგიონების მიხედვით – მორწყვის წყაროდ (დაშრობითი სისტემების შემთხვევაში, სადრენაჟო წყლების წყალმიმღებად) გამოყენებული (გამოსაყენებელი) მდინარეების ზოგადი დახასიათება და ძირითადი ჰიდროლოგიური მაჩვენებლები (მდინარის კვების ხასიათი, ჩამონადენის რეჟიმის ცვალებადობა წლის განმავლობაში, საშუალო წლიური, მაქსიმალური და მინიმალური ხარჯები სხვადასხვა დამახასიათებელი კვეთებისათვის და ა.შ.);

● რეგიონში არსებული სამელიორაციო დანიშნულების წყალსაცავების ძირითადი მონაცემები (სრული და სასარგებლო მოცულობა, სარკის ზედაპირის ფართობი, წყალსაცავის ტიპი, წყალსაცავის შემქმნელი კაშხლის ტიპი და ძირითადი გაბარიტები, ირიგაციული წყალგამშვების საპროექტო საანგარიშო ხარჯი და ა.შ.).

 

თითოეული სარწყავი სისტემის მიხედვით მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

 

გრაფიკულ ნაწილში:

● სარწყავი სისტემის სქემას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს სისტემის მაგისტრალური არხები მასზე მდებარე კაპიტალური ნაგებობებით და პირველი რიგის გამანაწილებელი არხები, სისტემის ფარგლებში წყალმომხმარებელთა მომსახურების ფართობები;

● სარწყავი სისტემის წყალმიმღები (კაპიტალური, საინჟინრო ტიპის სათავო წყალმიმღები ნაგებობის არსებობის შემთხვევაში) და სხვა რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ასევე ტიპიური კვანძების ზოგად სქემას;

● სატუმბი სადგურების შესახებ განლაგებას და მათ ტექნიკურ დახასიათებას;

 

ტექსტურ ნაწილში:

● სისტემის ზოგად ინფორმაციულ დახასიათებას;

● სისტემის მომსახურების ტერიტორიის კლიმატური, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, ნიადაგური და რელიეფური პირობების მოკლე დახასიათებას;

● სისტემაში დღეისათვის შექმნილი მდგომარეობის, არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების მოკლე დახასიათებას;

 

ცხრილურ ინფორმაციას:

● სისტემის მომსახურების ფართობის მონაცემებს (საპროექტო, ბოლო წლებისათვის შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობით, ფართობის განაწილება ადმინისტრაციული ერთეულების კონკრეტული სოფლების მიხედვით, წყლის მექანიკური აწევით სარწყავი ფართობების გათვალისწინებით);

● სისტემის მაგისტრალური არხის ტექნიკურ მაჩვენებლებს (არხის გაბარიტები, კონსტრუქცია და საპროექტო წყალგამტარობა) არხის სხვადასხვა უბნებისათვის (პიკეტაჟის მითითებით);

● სისტემის მაგისტრალურ არხზე არსებული ნაგებობების ჩამონათვალს, ამ ნაგებობების სახის, კონსტრუქციისა და განთავსების მონაცემების პიკეტაჟის მითითებით, რაც ასევე ასახული იქნება გრაფიკულ ნაწილში;

● სისტემის პირველი რიგის გამანაწილებელი არხების ჩამონათვალს, მათი სიგრძეებისა და ძირითადი კონსტრუქციული მახასიათებლების (მიწის კალაპოტიანი თუ მოპირკეთებული უბნები) და მომსახურების ფართობის მითითებით;

● მონაცემთა ბაზის შედგენის პერიოდისათვის სისტემის ცალკეულ კვანძებზე შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობის დახასიათებას და არსებული პრობლემების გადასაწყვეტად შესასრულებელი ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალს (სამუშაოთა კონკრეტული მოცულობებისა და მათ შესასრულებლად საჭირო დაფინანსების საორიენტაციო მნიშვნელობების მითითების გარეშე);

 

ელექტრონულ ნაწილში:

მონაცემთა ბაზის ნაწილის დამუშავებისას მზადდება ერთიანი მატრიცა გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის (ARC-GIS) პროგრამული უზრუნველყოფით, მისი შემდგომი განვითარების, სრულყოფისა და უნიფიცირების შესაძლებლობით.

როგორც ელექტრონული, ასევე გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს აღმასვლით ერთმანეთზე დამოკიდებულ ოთხ შრეს:

● ცალკეული კონტურის ფარგლებში მიწის ნაკვეთის სქემებს, ინფრასტრუქტურის აღნიშვნებს და რეგისტრირებულ მიწის მესაკუთრეთა ინფორმაციას საჯარო რეესტრის მონაცემთა მიხედვით;

● სამელიორაციო სისტემის მიხედვით სამელიორაციო კომპანიების ერთობლიობას სათანადო ჰიდრავლიკური სქემის ფარგლებში;

● სამელიორაციო სისტემების სრულყოფილ რუკას ადმინისტრაციული დაყოფის გათვალისწინებით;

● რეგიონულ ზოგად სქემას არსებულ ფართობზე ყველა სამელიორაციო სისტემის დატანით.

 

ტექსტურ, ცხრილურ თუ გრაფიკულ ინფორმაციასთან ერთად, ელექტრონული ვერსია უნდა შეიცავდეს საჯარო რეესტრიდან მიღებულ მიწის მესაკუთრეთა მონაცემებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწყობაში, რისთვისაც ბიუჯეტში ყოველწლიურად გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები. გრძელვადიან პერსპექტივაში სამინისტროს მიზანია აღნიშნული ინფრასტრუქტურის პრივატიზაცია, რათა გაიზარდოს მისი მართვის ეფექტიანობა. სამომავლოდ, სახელმწიფო სამელიორაციო კომპანიების კერძო სექტორის ხელში გადასვლის შემდგომ, სამინისტროს მხოლოდ კოორდინაციისა და რეგულირების ფუნქცია დარჩება. მისი ამოცანა იქნება ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი.

 

მელიორაციის გამართული სისტემის შექმნის მიზნით უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

 

● მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია;

● მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეგისტრაცია და საინფორმაციო სისტემაში ინტეგრაცია;

● რეგიონული ლოკალური სისტემების შექმნა;

● კაპიტალური კაშხლიანი სათავო ჰიდროკვანძების მოწყობა;

● ალტერნატიული სარწყავი სისტემების მოწყობა;

● არსებული სამელიორაციო სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფა;

● ახალი სამელიორაციო არხების განვითარება (რეგიონებში არსებული პრიორიტეტების მიხედვით).

 

ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების განვითარება

საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ ეკონომიკურად არ იყოს მიბმული მხოლოდ ერთ ბაზარზე, რისთვისაც უნდა მოხდეს როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ადგილობრივმა ფერმერებმა და გადამამუშავებელმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ახალი სარეალიზაციო ბაზრების ათვისება. ვითარდება თანამშრომლობა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებთან, რათა გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი.

 

ექსპორტის დროს მძაფრი კონკურენციის პირობებში გასათვალისწინებელია უვნებლობასა და ასორტიმენტთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ექსპორტიორებს, რათა პროდუქცია მოყვანილ იქნეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

ამჟამად ქართული პროდუქციის დაბალ კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:

● ფერმერთა უმეტესობა არ ფლობს ინფორმაციას საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებით;

● ფერმერთა უმეტესობა არ იცნობს წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ახალ კულტურებსა და ჯიშებს, რაც მათ დაბალ პროდუქტიულობას იწვევს;

● ფერმერთა უმეტესობა საჭიროებს სამეწარმეო უნარების განვითარებას;

● ფერმერთა დიდი ნაწილი არ არის გათვითცნობიერებული მოსავლის შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვაში (გადამუშავება, შენახვა, დაფასოება).

 

სპეციალიზებული საბითუმო ცენტრების ორგანიზების მიზნით საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების წახალისებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საშუალო და წვრილი ფერმერული მეურნეობების მიწოდების ერთიან ჯაჭვში ინტეგრაციას. მსგავს ცენტრებში ფერმერებს საშუალება მიეცემათ ასევე შეინახონ პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, ხოლო შემდგომ გაყიდონ ის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. ეს დაეხმარება როგორც იმპორტიორებს, ასევე ექსპორტიორებს 12‑თვიანი მიწოდების შენარჩუნებაში.

 

სახელმწიფოს როლი დიდია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვის თვალსაზრისით, რათა მომავალ წლებში შენარჩუნდეს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იდენტობა. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სხვა ქვეყნებთან გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებას. განსაკუთრებული რისკის შემცველია მეღვინეობის სექტორი, რადგან ღვინო ყველაზე ხშირად ექსპორტირებული პროდუქტია.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეიმუშავებს მარკეტინგის ეროვნულ გეგმას იმ სტრატეგიული ბაზრებისთვის, რომლებიც ხასიათდება სურსათზე მოთხოვნის ზრდით. მარკეტინგის ეროვნული გეგმის მიზანი იქნება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია საექსპორტო ბაზრებზე, მათი ცნობადობის ამაღლება და კონკრეტული სამოქმედო გეგმის მომზადება. ეფექტიანი მარკეტინგული პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის განვითარებასაც და ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის კავშირების დამყარებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარებისთვის. პრიორიტეტების გათვალისწინებით ეროვნულმა მარკეტინგულმა პროგრამამ უნდა უზრუნველყოს აგრობიზნესში ჩართული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე ეფექტიანი ინტერვენცია და მათი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა მიზნობრივი გამოფენებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციისა და მწარმოებელი კომპანიების პოპულარიზაციას. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, უცხოელ მყიდველს მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმ ნიშან‑თვისებების შესახებ, რომლებიც გამოარჩევს მას სხვა იმპორტირებული პროდუქციისგან.

კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის გზით შეიქმნება ბაზრის საინფორმაციო სისტემა (MIS). ბაზრის საინფორმაციო სისტემა ქართველ მწარმოებლებს მიაწვდის ინფორმაციას საექსპორტო მიმართულებებისა და იმ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც დაეხმარება მათ ახალ ბაზრებზე ადგილის მოპოვებაში. ეს სისტემა დაკავშირებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემასთან. აღნიშნული სისტემის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კვლევები პერსპექტიული ბაზრების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით.

 

იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ვინაიდან იმპორტზე დამოკიდებულება დიდ გავლენას ახდენს ინფლაციურ პროცესზე. იმპორტის ჩანაცვლების გზად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ესახება არა სუბსიდიების გაცემა და სიტუაციის ხელოვნურად შემსუბუქება, არამედ ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მათი პროდუქტიულობის გაზრდა. ამისათვის სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ადგილობრივ წარმოებას მოდერნიზაციაში და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე რელევანტური ინფორმაციის მიწოდებას ბაზრისა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ.

 

საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი დაბრკოლებების დაძლევას, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით იქნება ადეკვატური ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა საკონსოლიდაციო ცენტრები და საბითუმო ბაზრები. ამ მიმართულებით ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

 

საქართველო ყოველთვის მზად იყო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველო არის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის წევრი.

 

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, ერთი მხრივ, სარეკომენდაციო ხასიათის არასავალდებულო სტანდარტები და, მეორე მხრივ, ის ტექნიკური ნორმები, რომლებიც არეგულირებს მომხმარებელთა უსაფრთხოებას. ევროკავშირის კანონმდებლობასთან სტანდარტების მიახლოების მიზნით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N1756 განკარგულებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიის და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის“ ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფისათვის.

საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას და მის დროულ მოპოვებას. დღესდღეობით ქართველი ფერმერებისათვის ასეთი ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. ამიტომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოიყენებს ყველანაირ რესურსს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ხელს შეუწყობს ბაზრის საინფორმაციო სისტემის (MIS) შექმნას. აღნიშნული სისტემა მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და დაინტერესებულ პირთათვის გასაგებ ენაზე მიწოდებას, რაც მათ გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს. ბაზრის საინფორმაციო სისტემა ქართველ მწარმოებლებს მიაწვდის ინფორმაციას საექსპორტო ბაზრებისა და იმ სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, რომლებიც დაეხმარება მათ ახალ ბაზრებზე ადგილის მოპოვებაში. MIS-ის ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდი, რომელზეც რამდენიმე ენაზე განთავსდება ინფორმაცია უახლოეს ბაზრებზე არსებული სიტუაციის, ტენდენციებისა და სიახლეების შესახებ. აღნიშნული სისტემის ეფექტიანი მუშაობისათვის სამინისტრო პერიოდულად მიაწოდებს მას თავის ხელთ არსებულ ინფორმაციას და ამავე დროს უზრუნველყოფს, რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა მწარმოებელმა ისარგებლოს სისტემის სერვისებით. ბაზრის საინფორმაციო სისტემა გახდება მოგებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი, თუმცა მისი სერვისი იქნება მაქსიმალურად იაფი და მრავალფეროვანი.

 

საბაზრო ინფორმაცია ორი სახისაა: ერთი გამიზნულია მყისიერი მოხმარებისთვის და ასახავს მიმდინარე ვაჭრობის მოცულობას, ფასებს, სავალუტო კურსში მომხდარ ცვლილებებს; მეორე უფრო ხანგრძლივ დროზე გათვლილი მონაცემებია და ასახავს პოლიტიკის ჩარჩოს, ეკონომიკურ მიმართულებებს. ვაჭრობის სფეროში საინფორმაციო სისტემის შექმნა მრავალმხრივ სასარგებლოა როგორც საქართველოს მთავრობის, ისე მყიდველებისა და მწარმოებლებისათვის. საბაზრო ფასების ამსახველ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია გამოტანილ იქნეს მოკლევადიანი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როდის და სად მოხდეს პროდუქციის გაყიდვა, და ასევე გრძელვადიანი გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაითესოს. ეს საქართველოს მთავრობას დაეხმარება აგრარული პოლიტიკის განსაზღვრაში, ასევე შესაძლებელს გახდის ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას პოტენციური მყიდველებისთვის უცხო ქვეყნებიდან.

 

ექსპორტის ხელშეწყობის პოლიტიკა

სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების მიზნით ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ ნედლეულის გატანაზე, არამედ, უფრო მეტად, გადამუშავებული პროდუქციის წილის გაზრდაზე ექსპორტში.

საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, ნაკისრი აქვს მთელი რიგი საერთაშორისო ვალდებულებები და სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობისას მოქმედებს ამ წესების მკაცრი დაცვით. საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა, რაც დიდ როლს თამაშობს ქვეყნის კანონმდებლობის ჩამოყალიბების პროცესში. საქართველო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, რათა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის მიახლოება ევროპულ სამართალთან და გადავიდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება ევროპულ ბაზარზე ოპერირება, რაც კიდევ უფრო გაზრდის საექსპორტო პოტენციალს და აგრობიზნესში ინვესტიციების განხორციელების მიმართ ინტერესს.

საქართველომ ევროკავშირის პრეფერენციების განზოგადებულ სისტემაში უკვე შეიძინა ბენეფიციარის სტატუსი. ეს სქემა მოიცავს ქართული წარმოშობის 7,200 პროდუქტზე ნულოვან საბაჟო განაკვეთს. ამ სისტემით სარგებლობისათვის მწარმოებელმა უნდა წარადგინოს წარმოშობის სერტიფიკატი „ფორმა A“. ზემოაღნიშნული შეთანხმებების გარდა, საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია 2000 წლიდან და დადებული აქვს ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დსთ-ის ქვეყნებთან, გარდა რუსეთის ფედერაციისა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს ეროვნული მარკეტინგული პროგრამის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანალიტიკური ხასიათის მონაცემების კონსოლიდაცია. ეს ინფორმაცია ასახავს ადგილობრივ და უცხო ქვეყნების აგროსასურსათო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებსა და პროგნოზებს. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გზით მოხდება ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი პროგნოზების მომზადება. პროგრამის ფარგლებში მოხდება დამუშავებული ინფორმაციის გავრცელების სისტემის შემუშავება.

 

საექსპორტო პოტენციალის შეფასებისას უნდა განისაზღვროს პერსპექტიული და პრიორიტეტული პროდუქტების სია კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. ქვემოთ მოცემულია შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი:

 

● ბაზარზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია (მოსახლეობის რიცხვის ზრდა, შემოსავლების გაზრდა და ა.შ.);

● ფასების დონე;

● იმპორტის პროცედურის სიადვილე;

● სოციალურ-ეკონომიკური განვითარება;

● ტრანსპორტირების ხარჯები.

 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატი გააჩნია, შესაძლებელია გარკვეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა არასეზონურ პერიოდში. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეული პროდუქტების მოსავალი მიღებულ იქნეს იმაზე ადრე ან გვიან, ვიდრე მისი მოყვანა მოხდება სხვა მეზობელ სახელმწიფოებში. ეს ფაქტორი ქართულ პროდუქტებზე მოთხოვნის გაჩენის კარგი წინაპირობაა და ზრდის მის ღირებულებას.

 

გარემოს დაცვა

საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების შეფასებით, კავკასია არის გლობალური მნიშვნელობის ეკორეგიონი, რომელიც ხასიათდება სახეობრივი მრავალფეროვნებითა და ენდემიზმის მაღალი დონით. საქართველო, როგორც კავკასიის ეკორეგიონის ნაწილი, წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წერტილს, სადაც აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებას განსაკუთრებული როლი ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.

 

მცენარეთა გენეტიკური რესურსების მდგრადი გამოყენება

სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში გამოყენებული მცენარეთა გენეტიკური რესურსები ბუნებრივი ევოლუციისა და ადამიანის ჩარევის პროდუქტია. მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციასა და გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფერმერები, მცენარეთა და ცხოველთა სელექციონერები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციასა და გამოყენებაში.

 

პროგრესი შეინიშნება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და ენდემური სახეობებისა და აგრობიომრავალფეროვნების ex-situ და on farm კონსერვაციაში. ამჟამად საქართველოს რამდენიმე სამეცნიერო დაწესებულებაში შექმნილია გენური ბანკები (მიწათმოქმედების ინსტიტუტი, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი), სადაც ინახება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მრავალი ნიმუში. მიმდინარეობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ძველი ქართული ტრადიციული სასოფლო‑სამეურნეო ჯიშების კონსერვაცია. სამცხე-ჯავახეთში აღდგენილია მარცვლოვნებისა და პარკოსნების ენდემური სახეობები, შეგროვებული და გამოყვანილია ვაშლის ადგილობრივი ჯიშები.

 

მომდევნო წლებში დიდი ყურადღება მიექცევა ნიადაგის ხარისხს. ნიადაგის დეგრადაცია, რესურსების არაეფექტიანი მართვის პრაქტიკა, შესაბამისი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, სუსტი ინსტიტუციონალური კავშირი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის (რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს ნაკლებად ეფექტიანს ხდის) – ის ძირითადი პრობლემებია, რომლებიც ამ სფეროში გვხვდება.

მიწის რესურსების სფეროში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ნიადაგის დეგრადაცია. ქარსაფარი ზოლების შემცირება ამ პროცესის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია. ნიადაგის ეროზია, რომელიც რიგ შემთხვევებში ბუნებრივი მოვლენაა, მწვავდება ანთროპოგენული (ადამიანის მიერ ნიადაგის არამდგრადი გამოყენებით) მიზეზებითაც. ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას იწვევს აგრეთვე სასუქებისა და შხამქიმიკატების არასწორი გამოყენება, სარწყავი სისტემების გაუმართაობა და ნარჩენების უკონტროლო განთავსება. ნიადაგის ნაყოფიერებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ბუნებრივი სტიქიები (წყალდიდობა, სეტყვა, გვალვა).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასატარებელი ღონისძიებები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

● ქარსაფარი ზოლების გაშენება და მოვლა;

● სასუქებისა და შხამქიმიკატების მიზანმიმართული გამოყენება და ნარჩენების მონიტორინგი;

● სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;

● ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება და მდინარეთა სანაპირო ზონის ავარიული ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა;

● მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის სრულყოფა/მოდერნიზაცია.

 

ეროვნული სამოქმედო გეგმა

იმისათვის, რომ წარმატებულად და ეფექტიანად მოხდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს 3-4‑წლიან სამოქმედო გეგმას, რომელშიც გაწერილი იქნება სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება. აღნიშნულ გეგმაში დეტალურად იქნება აღწერილი კონკრეტული პროექტები და მათი ბიუჯეტები, ასევე მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები. სამოქმედო გეგმის შედგენის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სამუშაო ჯგუფის გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის გამოიყენოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარება (ტექნიკური და ფინანსური) ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ყველა ეტაპზე.