დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 226 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010040000.10.003.017846 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/03/2014 - 19/02/2016)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 20 სექტემბერი, №1154-Iს) მე-2 მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების, ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ხელშეწყობის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. |
|
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია |
ტერმინთა განმარტებები:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვა – სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს: - სასაზღვრო კონტროლს, რისკის ანალიზს, საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, დაზვერვით მოქმედებებსა და სხვა ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებებს; - ოთხდონიანი კონტროლის მოდელს (ქვეყნის შიგნით კონტროლის ღონისძიებები, სასაზღვრო კონტროლი, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მესამე ქვეყნებში განხორციელებული ღონისძიებები); - სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის თანამშრომლობას შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო დონეზე. სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პროცედურები. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე საბაჟო ტერმინალი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც რეგულირებადი ობიექტების მიმართ ხორციელდება ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული, სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი. სასაზღვრო კონტროლი – სასაზღვრო შემოწმება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გამოძიება, საბაჟო, ფიტოსანიტარიულ-სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ-სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის კონტროლი. სასაზღვრო შემოწმება – სასაზღვრო გამტარ პუნქტში განხორციელებული შემოწმება, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ პირი, მის სატრანსპორტო საშუალებასა და/ან მფლობელობაში არსებულ ნივთებთან ერთად, უფლებამოსილია შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან დატოვოს იგი. საბაჟო კონტროლი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა. სახმელეთო სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვა და კონტროლი – სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების ერთობლიობა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და საზღვაო სივრცეში გარდა სგპ-ისა. საბაჟო ზედამხედველობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. შიდაუწყებრივი თანამშრომლობა – თანამშრომლობა უწყების სხვადასხვა ადმინისტრაციულ დონეს შორის მმართველობის ცენტრალური ორგანოდან უშუალოდ სახელმწიფო საზღვარზე მოქმედ ადგილობრივ ქვედანაყოფებამდე, აგრეთვე, უწყების სხვადასხვა სამსახურებს შორის. უწყებათშორისი თანამშრომლობა – თანამშრომლობა სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. საერთაშორისო თანამშრომლობა – თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს მოქმედ სამსახურებს, მეზობელი და სხვა ქვეყნების სასაზღვრო უწყებებსა და სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის ფორმატში, აგრეთვე, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უწყება – სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოები. რისკის ანალიზი – მონაცემთა შეფასება საფრთხის აღმოფხვრისა და კანონის დარღვევის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი – სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი; საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე, სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობა, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები. დელიმიტაცია და დემარკაცია – სახელმწიფო იურისდიქციის გავრცელების არეალის განსაზღვრის მიზნით: ● სახელმწიფო საზღვრის ხაზის გამავლობის/ადგილმდებარეობის განსაზღვრა რუკებზე მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით (დელიმიტაცია); ● სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით (დემარკაცია). სგპ-ის კატეგორიები – სგპ-ების კლასიფიკაცია მათი სტატუსის, გამტარუნარიანობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით.
შემოკლებები: სუამი - საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა; ეუთო - ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია; ნატო - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია; მსო - მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია; ვმო - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია; სგპ - სასაზღვრო გამტარი პუნქტი ან/და საბაჟო გამშვები პუნქტი; ქბრბ - ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული, ბირთვული; FRONTEX - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე ოპერატიული თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტო; BLACKSEAFOR - შავი ზღვის სამხედრო საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფი; BLACK SEA FORUM - შავი ზღვის ქვეყნების სასაზღვრო და სანაპირო დაცვის უწყებების თანამშრომლობის ფორუმი; EUBAM - ევროკავშირის სასაზღვრო მხარდაჭერის მისია მოლდოვასა და უკრაინაში; PIRS - პერსონალური იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის სისტემა; BOMS - სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა; ASYCUDA - საბაჟო მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა.
1. შესავალი
1.1. სტრატეგიის მიზანი საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ევროკავშირში ინტეგრაციისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიზნით, ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიას (შემდგომში – სტრატეგია). საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური აღმავლობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სახელმწიფო საზღვრის ეფექტიან მართვაზე. საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდისა და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის განვითარება. აღნიშნული გულისხმობს მტკიცე ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას და კონტრაბანდასთან, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, ადამიანებით ვაჭრობასთან, ქბრბ მასალებით, იარაღით, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპიული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით, ორმაგი დანიშნულების საქონლის უკანონო ბრუნვასთან, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ცხოველთა და მცენარეთა სიჯანსაღის წინააღმდეგ მიმართული სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს ადამიანებისა და ტვირთების კანონიერ გადაადგილებას, უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრების ეფექტიან კონტროლს, უსაფრთხოებას და მიგრაციული პროცესების ანალიზსა და მართვას. სტრატეგიის მიზანია სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებების ფუნქციების მკაფიო გადანაწილება და მათი საქმიანობის კოორდინაცია, საკანონმდებლო ჩარჩოს, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების დახვეწა ევროპული სტანდარტების შესაბამისად და სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.
1.2. სტრატეგიის საფუძველი სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის გათვალისწინებით და დაფუძნებულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებზე: საქართველოს კონსტიტუციაზე, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსზე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსზე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონზე, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ“ საქართველოს კანონზე, ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც არეგულირებენ მიგრაციულ, სასაზღვრო, საბაჟო და ფიტოსანიტარიულ-სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ-სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო საკითხებს. სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით, სავიზო დიალოგის ფარგლებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითა და ევროკავშირის ინიციატივის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებულ ერთიანი საზღვრის მართვის მოდელთან. სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საზღვრის მართვის სტრატეგიული დოკუმენტები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე, საქართველოს სპეციფიკა და ადგილობრივი თავისებურებები.
1.3 სტრატეგიის შინაარსი სტრატეგია არის სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ასახავს სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად პრინციპებს, აყალიბებს სამოქმედო გეგმებსა და ამოცანებს. სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება, ამოცანათა და ვალდებულებათა უკეთესად შესრულება, აგრეთვე, საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების სისტემის მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა. წინამდებარე სტრატეგია არის სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში არსებული ყველა სტრატეგიისა და გეგმის საფუძველი. სტრატეგია აგრეთვე გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში მონაწილე უწყებათა ნებას, გააგრძელონ მასშტაბური რეფორმა. საქართველოს მთავრობა სტრატეგიას ახორციელებს შესაბამისი გრძელვადიანი ღონისძიებებით, რომელთა მეშვეობით იცავს ფუნდამენტურ სახელმწიფო ღირებულებებსა და ინტერესებს და შესაბამისად რეაგირებს სასაზღვრო უსაფრთხოების სისტემის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე.
1.4. სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი წინამდებარე სტრატეგია შეიმუშავა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელმა უწყებათშორისმა საბჭომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თავმჯდომარეობით. ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია მიზნები, რომელთა მიღწევა დაგეგმილია 2014-2018 წლების განმავლობაში. განვითარების სტრატეგიული მიზნები შესაძლოა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, საჭიროა იგი პერიოდულად გადაისინჯოს, რათა მუდმივად შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს.
2. სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის კონცეფცია
2.1. სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მიზნები სტრატეგია ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებულ საზღვრის ერთიანი მართვის მოდელს. მისი მიზანია სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლობა, როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო საზღვრის მართვის ქმედითი და ერთიანი სისტემის შექმნის მიზნით. მან უნდა უზრუნველყოს ღია, მაგრამ კონტროლირებადი და უსაფრთხო სახელმწიფო საზღვრების პრინციპის დაცვა. სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა სათანადოდ უნდა პასუხობდეს სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებულ ყველა საფრთხეს. სახელმწიფო საზღვარი ღია უნდა იყოს ვაჭრობისთვის, ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გადაადგილებისთვის, რაც ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ამავდროულად, სახელმწიფო საზღვარი დაცული უნდა იყოს ყველა სახის უკანონო საქმიანობისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურობას. აუცილებელია, რომ ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, მათ შორის, ადამიანებით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან), არალეგალურ მიგრაციასთან, ტერორიზმთან, ქბრბ საფრთხეებთან ბრძოლა მიმდინარეობდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სახელმწიფო საზღვარზე. სახელმწიფო საზღვრის მართვისადმი ინტეგრირებული მიდგომა უნდა მოიცავდეს სასაზღვრო საქმიანობის შემდეგ მიმართულებებს: სახელმწიფო საზღვრის დაცვა და კონტროლი, საბაჟო კონტროლი, სასაზღვრო, აგრეთვე, საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმების უზრუნველყოფა, სავიზო პროცედურები, თავშესაფრის საკითხები, ეკონომიკური უსაფრთხოება, ფულის მოძრაობის მონიტორინგი, საქონლის გადაადგილების პროცედურები, ეპიზოოტიური უსაფრთხოება, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სანიტარიული კონტროლი, ინტელექტუალური საკუთრებისა და მეწარმეთა უფლებების დაცვა, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, ტერორიზმთან, ქბრბ მასალების, ნარკოტიკების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების, პრეკურსორების, ორმაგი დანიშნულების საქონლის უკანონო ბრუნვასთან და სხვადასხვა სახის დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ადამიანთა ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა, მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სგპ-ის ერთობლივი გამოყენება. მნიშვნელოვანია ასევე მონაცემთა ბაზების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მონაცემთა ბაზების განვითარება და მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.2. სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მოდელი სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვა ეფუძნება სასაზღვრო უსაფრთხოების ოთხეტაპიანი კონტროლის მოდელს: 1. სხვადასხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კონტროლის ღონისძიებები ქვეყნის შიგნით (შესაბამისი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული და თანამიმდევრული ღონისძიებები); 2. სასაზღვრო კონტროლი; 3. თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან (სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის ყველა დონეზე); 4. პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან. სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მიზნების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებები:
2.3. თანამშრომლობის სამი მიმართულება სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მოდელი სახელმწიფო საზღვრის ეფექტური მართვის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ ყველა ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ოთხმაგი კონტროლის მოდელის ყველა რგოლში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობასა და კოორდინაციას და მოიცავს თანამშრომლობის სამ ძირითად მიმართულებას:
2.3.1. შიდაუწყებრივი თანამშრომლობა შიდაუწყებრივი მიმართულება გულისხმობს კონკრეტულ საკითხებზე ერთი უწყების პასუხისმგებელი დანაყოფების ერთობლივ/კოორდინირებულ მუშაობას. თანამშრომლობის ფორმა შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური:
ორივე ამ ფორმის თანამშრომლობის ეფექტურად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობათა ზუსტი განაწილება და ინფორმაციის სისტემატური გაცვლა.
2.3.2. უწყებათშორისი თანამშრომლობა უწყებათშორისი მიმართულება გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე სხვადასხვა უწყების ერთობლივ/კოორდინირებულ მუშაობას, როგორც ოპერატიულ დონეზე, ასევე, კომუნიკაციასა და კოორდინაციას სტრატეგიულ დონეზე. უწყებათშორისი თანამშრომლობა მოიცავს სახელმწიფო საზღვარზე კოორდინირებულ საქმიანობას, ერთობლივ ღონისძიებებს, ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ სწავლებებს, საერთო პასუხისმგებლობას, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ერთობლივ გამოყენებას და ა.შ.
2.3.3. საერთაშორისო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამშრომლობა, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან აუცილებელია მგზავრთა გადაადგილების გამარტივებისა და ამ სფეროში ევროკავშირთან ეტაპობრივი ჰარმონიზაციისათვის. ასევე, ვაჭრობისა და ტურიზმის ხელშეწყობისათვის, სგპ-ის ერთობლივი გამოყენებისთვის, ერთიანი სასაზღვრო პოლიტიკის გატარებისა და სპეციფიკურ ტრანსსასაზღვრო დანაშაულებთან (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონო გადაყვანა, ტერორიზმი, ქბრბ მასალების, ნარკოტიკების, იარაღისა და საქონლის უკანონო ბრუნვა/გადაადგილება) ბრძოლის ერთიანი მიდგომის შესამუშავებლად. საერთაშორისო თანამშრომლობა შესაძლოა იყოს ორმხრივი და მრავალმხრივი, ხორციელდებოდეს როგორც სამთავრობო, ასევე, უწყებრივ დონეზე. საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება ორმხრივი, მრავალმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო ხელშეკრულებების, ოქმების, მემორანდუმების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე.
3. სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარების ანალიზი
3.1. სახელმწიფო საზღვრის მოკლე ისტორია საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა დიდ როლს ასრულებს ქვეყნის და მთლიანად შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – 1991 წლიდან, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ გამოვიდა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელი სუბიექტი. საქართველოს დღევანდელი საზღვრები მისი ისტორიული წარსულითაა განპირობებული. თურქეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დასრულებულია. თურქეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვარი დადგენილია „საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“ 1992 წლის 30 ივლისს დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დანარჩენი ნაწილი მეზობელ ქვეყნებთან – რუსეთის ფედერაციასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკებთან საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრის ფუნქციას ასრულებდა და დღემდე მისი დელიმიტაციის პროცესი არ დასრულებულა და შესაბამისად, დემარკაცია არ განხორციელებულა. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო პრაქტიკული მუშაობა მისი სახელმწიფო საზღვრების დადგენის მიზნით. ყველა მომიჯნავე ქვეყანასთან (თურქეთის რესპუბლიკის გარდა) შეიქმნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიები: რუსეთის ფედერაციასთან – 1993 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 1994 წელს, სომხეთის რესპუბლიკასთან – 1994 წელს. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაჩქარებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, „საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის №208 ბრძანებულებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია. საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის გამო, რუსეთის ფედერაციასთან დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე თანამშრომლობა შეჩერებულია. სხვა მეზობელ ქვეყნებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება. საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან - 1993 წელს, რუსეთის ფედერაციასთან - 1994 წელს, თურქეთის რესპუბლიკასთან - 1996 წელს.
3.2 საქართველოს როლი რეგიონში საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა ქვეყნის მრავალ საერთაშორისო პროექტში ჩართვისა და მათში წამყვანი როლის მინიჭების მიზეზი გახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დროთა განმავლობაში საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია დაუბრუნა, რითაც რეგიონისთვის ქვეყნის უაღრესად დიდ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მნიშვნელობა შავი ზღვის აუზის ფარგლებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, მაშინ, როდესაც შავი ზღვის სატრანსპორტო კომუნიკაციები აკავშირებს ევროპას აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირში ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანების შემდეგ, ევროკავშირისა და საქართველოს საზღვაო საზღვრები კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. რეგიონული თანამშრომლობის კუთხით ასევე აღსანიშნავია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პანელის ფორმატში თანამშრომლობა და ამ ინიციატივის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა. ყოველივე ზემოაღნიშნული საქართველოში მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთბრუნვის ზრდას იწვევს, რაც, თავის მხრივ, რეგიონისადმი არალეგალური ბიზნესის წარმომადგენელთა და ტრანსნაციონალურ დამნაშავეთა დაინტერესების საფუძველი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელსაყრელი მდებარეობა ქვეყნის სწრაფი განვითარების წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის საფრთხეს ზრდის.
3.3. საფრთხეები და გამოწვევები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია წარმოადგენს. 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ან შეზღუდული სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა მუდმივად გასათვალისწინებელი ფაქტორია. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უკონტროლო სიტუაცია გარდა იმისა, რომ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ასევე, ქმნის ნოყიერ ნიადაგს კონტრაბანდისა და სხვადასხვა სახის ტრანსსასაზღვრო დანაშაულების ზრდისთვის, მათ შორის, ისეთი ტრანსსასაზღვრო დანაშაულებისათვის, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობა, ადამიანების გატაცება, გატაცებული ავტომობილებით ვაჭრობა, ყალბი ვალუტის შემოტანა და სხვა. ოკუპირებული რეგიონები ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა-განხორციელებისა და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირების მიზნით. ამავდროულად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობა. აღნიშნული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმოდინების საფრთხესთან ერთად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების ინტენსიურ ფაზაში გადასვლამ გამოიწვიოს ისეთი კონკრეტული საფრთხეები, როგორებიცაა, ლტოლვილთა ნაკადები და მათთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევის საშიშროება, კონტრაბანდისა და სხვა სახის ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის ზრდა. ასევე, საფრთხე შეექმნება კავკასიაში არსებული სატრანსპორტო და ენერგო-პროექტების სტაბილურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. მთიანი რელიეფის გამო სამართალდამცავი ორგანოებისათვის სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი რთულად ხელმისაწვდომია. ყოველივე ეს სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოების მეტ ძალისხმევას მოითხოვს საზღვრისპირა რეგიონებში საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა სამართალდამცავ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ცალკეულ მთიან რეგიონებში მოსახლეობის აშკარად შემცირება, ხოლო ზოგიერთი დასახლებული პუნქტების გაუკაცრიელებაც კი. ეს სხვა ფაქტორებთან ერთად ართულებს სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოების მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებას. გარდა ამისა, სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს შორის გასათვალისწინებელია ისეთი ბუნებრივი კატასტროფები, როგორებიცაა წყალდიდობა, ზვავი, ტყის ხანძარი და მეწყერი. საზღვრისპირა რეგიონებში არსებული რთული ბუნებრივი პირობები ართულებს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციას, ისევე, როგორც რეაბილიტაციისა და ზიანის დროული ლიკვიდაციის პროცესს. ამდენად, სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოები მზად უნდა იყვნენ სამაშველო ოპერაციების და ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის, ასევე აუცილებელია ფიზიკურ პირთა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ სახელმწიფო საზღვრის შეუფერხებელი კვეთის არსებული ქმედითი მექანიზმის დახვეწა.
3.4. გეოგრაფიული მონაცემები საქართველოს ტერიტორიის ფართობია 69,9 ათასი კმ2, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძეა 2148 კმ, აქედან, სახმელეთო საზღვრის – 1839 კმ-ია, ხოლო საზღვაო სივრცის სანაპირო ზოლის – 309 კმ.
შენიშვნა: ამ პუნქტში მოცემული მონაცემები მიახლოებითია. სახელმწიფო საზღვრის სიგრძე დაზუსტდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების შემდეგ.
3.5 სასაზღვრო გამტარი პუნქტები და საბაჟო გამშვები პუნქტები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ფუნქციონირებს შემდეგი სგპ-ები1:
______________________ 1 საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიმდინარეობს საერთაშორისო სასაზღვრო გამტარი პუნქტის „კარწახის” (საავტომობილო/სარკინიგზო) მშენებლობა.
საერთაშორისო აეროპორტებია: ● თბილისი; ● ბათუმი; ● ქუთაისი/სენაკი.
საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურებია: ● ბათუმის საზღვაო ნავსადგური; ● სუფსის საზღვაო ნავსადგური; ● ფოთის საზღვაო ნავსადგური; ● ყულევის საზღვაო ნავსადგური. საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე არსებულ სგპ-ებს ამჟამად ვერ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. თუმცა ამ მონაკვეთების საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგი მაინც ხორციელდება.
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე არსებული სგპ-ებია: ● განთიადი (სარკინიგზო); ● განთიადი (საავტომობილო); ● როკი (საავტომობილო).
საზღვაო პორტებია: ● სოხუმი; ● ოჩამჩირე.
აღნიშნული სგპ-ების სტატუსი განისაზღვრება ამ რეგიონებში საქართველოს დეფაქტო იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
4. სტრუქტურული მოწყობა
4.1 უწყებათშორისი კოორდინაცია სახელმწიფო საზღვარზე განსახორციელებელ სამუშაოთა სირთულიდან გამომდინარე, სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოებს სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ინსტიტუტების მხარდაჭერა ესაჭიროება. სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ასევე, გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.
4.2. სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებები სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებები არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დანაშაულის გამოძიება და აღკვეთა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, იმ უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნებისა და მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, აგრეთვე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების განხორციელება. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმთავრესი ფუნქციაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის უზრუნველყოფა. სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, საზოგადოების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი ქონების დაცვა; საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი და ა.შ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ სგპ-ებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი). სგპ-ებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა ინსპექტირება, განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, მასობრივი განადგურების საშუალებების უკანონო გადაადგილებისა და კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედებების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ადმინისტრაციული საქმისწარმოება, საერთაშორისო აეროპორტებისა და ნავსადგურების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ღონისძიებათა კონტროლი და კოორდინაცია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის მიზნით სგპ-ებში ახორციელებს შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სასაზღვრო წარმომადგენლობით საქმიანობას, შეიმუშავებენ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის და სასაზღვრო რეჟიმის ღონისძიებებს და ახორციელებენ მათი შესრულების კონტროლს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასაზღვრო უსაფრთხოების საინფორმაციო ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით კოორდინირებას უწევს საინფორმაციო სისტემების, საკომუნიკაციო ქსელების, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას და მათ განვითარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საქმიანობის მართვას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი სამსახურებრივი ინფორმაციით 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებს და ამავდროულად ახორციელებს სამინისტროს ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში კრიმინალური ძებნილების, სასაზღვრო კონტროლზე ასაყვანი პირების, სავიზო რეჟიმის დამრღვევთა, ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და დაკარგული (გაუქმებული) პასპორტების დროულ დიგიტალიზებას. სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასევე აქტიურადაა ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი), ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო) და სხვა ორგანოები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და გამოძიებას. სგპ-ებში და საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განმახორციელებელი მთავარი ორგანო არის შემოსავლების სამსახური. 2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა წინაპირობა საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციისა და საგადასახადო დეპარტამენტის გასაერთიანებლად. შესაბამისად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. 2009 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, ხოლო 2010 წლის 23 თებერვალს – საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, რაც განპირობებული იყო გადასახადების, სახელმწიფო საზღვრის კვეთის ადმინისტრირების სფეროში კონტროლზე დამყარებული მიდგომიდან თანამშრომლობაზე დამყარებულ მიდგომაზე გადასვლით. შესაბამისად, ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციის ფუნქციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური, ხოლო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო ფუნქციას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საბაჟო საზღვარს, რათა დაიცვას საქართველოს ბაზარი, ეკონომიკა და მოსახლეობა. მისი ფუნქციაა საქონლის შემოტანასა და გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება სგპ-ებსა და კონტროლის სხვა ზონაში, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. შემოსავლების სამსახური ახორციელებს იმპორტისა და ექსპორტის გადასახდელების, აგრეთვე, სხვა სახის გადასახადების ადმინისტრირებას; ატარებს პრევენციულ და საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმებებს რისკის ანალიზის საფუძველზე; აწარმოებს საქონლის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას; გასცემს იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ რიგ ნებართვებს, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს, ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. შემოსავლების სამსახური ახორციელებს ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ და სანიტარიულ კონტროლს საქონლის შემოტანისას და გატანისას, საავტომობილო სგპ-ზე განსაზღვრული კატეგორიის ფიზიკური პირების საპასპორტო კონტროლს, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სავალუტო კონტროლს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას საჰაერო სივრცეში ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალები. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სასაზღვრო პოლიციასთან ურთიერთქმედებაში საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვის მიზნით ახორციელებს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვას. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, როგორც სამხედრო ძალების შემადგენელი ნაწილი, გადადის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში. მშვიდობის დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ტერიტორიაზე საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მიერ. 2013 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამით აღებული ვალდებულების, 2004 წლის გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1540 რეზოლუციის, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის დანაწესების, საექსპორტო კონტროლის უკეთ განხორციელების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონზაციის მიზნით, ევროკავშირის გრძელვადიანი პროგრამის ,,თანამშრომლობა ექსპორტის კონტროლის სფეროში“ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ,,ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის“ პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა და დასრულდა ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ზემოხსენებული კანონის იმპლემენტაციისთვის და მისი ეფექტიანი შესრულების, ასევე ევროკავშირის ექსპორტის კონტროლის სისტემასთან, ეროვნული სისტემის ჰარმონიზაციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტებსა და ექსპორტის კონტროლის სფეროში ჩართულ საქართველოს შესაბამის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, შეიმუშავებს სამხედრო პროდუქციის ნუსხასა და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტებს. ხსენებული ღონისძიებების გატარებით საქართველო არა მხოლოდ შეასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ შექმნის ევროატლანტიკური სივრცის მსგავს ეროვნულ ექსპორტის კონტროლის სისტემას, რითაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა მართვასა და კოორდინაციას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საქართველოს მოქალაქეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გადაადგილებას და მონაწილეობას იღებს მიგრაციული პროცესების მართვაში, ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვას, ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირების ნებაყოფლობით და იძულებით დაბრუნებას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელ ვიზას, შეიმუშავებს საქართველოს სავიზო პოლიტიკას და აწარმოებს მოლაპარაკებებს მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს, რომელიც დაკავშირებულია მიგრაციის საკითხებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს და აწარმოოს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან დელიმიტაციისა და დემარკაციის, სახელმწიფო საზღვრის ხაზისა და სასაზღვრო ნიშნების, სგპ-ების სამართლებრივი სტატუსისა და სხვა შესაბამისი საკითხების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია გასცეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი. სააგენტოს კომპეტენციას ასევე განეკუთვნება საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, ისევე, როგორც უცხოელთა მიმართ დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა, უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება–მოვალეობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მონაწილეობს საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობაში. ამასთანავე, იგი ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებას, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნასა და სოციალურ დაცვას.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებას, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ბირთვული მასალებისა და მაიონებელი გამოსხივების წყაროების იმპორტზე, ექსპორტსა და ტრანზიტზე ნებართვის გაცემა. სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი მონაწილეობს სგპ-ზე საბაჟო ტერმინალებზე ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების წყაროების მიმოქცევის კონტროლის განხორციელებაში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს ტრანსპორტის სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სხვა უწყებებთან ერთად განსაზღვრავს ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას, მონაწილეობას იღებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით უწყებათშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებას, ასევე, ახორციელებს ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და გემების მიერ ანგარიშგების სისტემაში (GEOREP) მონაწილეობაზე ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო ნავსადგურებისა და ნავსადგურთან მისასვლელი გზების (არხების) თანამედროვე სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების დანერგვის უზრუნველყოფა, ნავსადგურებში, ნავსადგურთან მისასვლელ გზებში (არხები) და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების გაზომვა, ელექტრონული რუკებისა და საინფორმაციო სისტემების (EDIS), აგრეთვე, ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENCS) დანერგვა და განვითარება. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს დარგის ტექნიკურ რეგულირებას, მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს. სააგენტო ახდენს სამოქალაქო აეროპორტების, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების, ავიასაწარმოების რეგისტრაციას/სერტიფიცირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას, ზედამხედველობს საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, ამტკიცებს ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გასცემს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ნებართვებს.
5. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები 5.1. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია 5.1.1.მიზნები მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აღნიშნული პროცესის გაჭიანურება არა მხოლოდ სახელმწიფო საზღვრის მართვაზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მთელი ქვეყნისა და რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე. საქართველო-სომხეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების მიზნით, სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ გაატაროს ქმედითი ზომები სასაზღვრო პოლიტიკის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების მთავრობების მიერ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაუყოვნებლივ გასაგრძელებლად. რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ.
5.1.2. არსებული ვითარება სახელმწიფო საზღვარი დადგენილია და სამართლებრივად გაფორმებულია მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან. შესაბამისი სახელმწიფო კომისია აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. სომხეთის რესპუბლიკასთან სასაზღვრო მონაკვეთის 71%, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 66% უკვე შეთანხმებულია. რაც შეეხება სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან, სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია მთლიანი სახელმწიფო საზღვრის 36%. 2008 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით რუსეთის ფედერაცია უგულვებელყოფს მიღწეულ შეთანხმებებს.
5.1.3. წინადადებები/რეკომენდაციები შესაბამისმა სახელმწიფო კომისიამ მთავრობის მიერ სასაზღვრო პოლიტიკის გათვალისწინებით გააგრძელოს აქტიური მუშაობა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასასრულებლად. საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა დელიმიტაციის პროცესის სწრაფად დასრულების მიზნით. თურქეთის რესპუბლიკასთან შემუშავდეს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების პროექტი, ხოლო სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან - დელიმიტაცია-დემარკაციის დასრულების შემდეგ.
5.2. საკანონმდებლო და ნორმატიული ჩარჩოები 5.2.1. მიზნები ახალი კანონმდებლობის შემუშავების მიზანია სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის თანმიმდევრული განხორციელება. ყველა სამართლებრივი დოკუმენტი, განსაკუთრებით კი ის დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების დაცვასთან, ძალის გამოყენებასთან, თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მოპყრობასთან, უნდა შემუშავდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება და არსებული კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაცია აუცილებელია წარმატებული უწყებათშორისი თანამშრომლობისთვის. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს და გადანაწილდეს ფუნქციები სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოებს შორის. შემუშავებულია სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის თანამშრომლობის სამართლებრივი მექანიზმები, თითოეულ დონეზე თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი მუშაობისა და სწავლების, ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის საერთო გამოყენების ფორმები. დასახვეწია მოქმედი სამართლებრივი ბაზა რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე თანამშრომლობის სათანადო პროცედურების შესამუშავებლად. პრიორიტეტული მნიშვნელობისაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტები. სახელმწიფო საზღვაო საზღვრის მართვის გასაუმჯობესებლად საჭიროა საქართველოს საზღვაო სივრცეში მოქმედ უწყებებთან თანამშრომლობის კოორდინაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიქმნა საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი. საერთაშორისო თანამშრომლობა სახელმწიფო საზღვრის მართვის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოებმა უნდა განაგრძონ მეზობელი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოძიება და არსებულის დახვეწა. საქართველო გეგმავს თანამშრომლობას აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სგპ-ს ერთობლივი გამოყენების პრინციპის საფუძველზე.
5.2.2. არსებული ვითარება სასაზღვრო სფეროში მოქმედი ძირითადი ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2013 წლის 30 დეკემბერის №386 საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“, 2013 წლის 17 დეკემბრის №345 საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“, 2013 წლის 17 დეკემბრის №348 საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტები. სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების მიზნით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ერთი უწყების მიერ სხვა უწყების გარკვეულ ამოცანათა შესრულება – ფუნქციური დახმარება. საერთაშორისო თანამშრომლობის რესურსები ბოლომდე არ არის გამოყენებული, თუმცა, ბოლო წლებში ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადაიდგა. გაფორმდა სასაზღვრო სფეროში შეთანხმებები ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან და სამუშაო შეთანხმება FRONTEX-თან. 2011 წლის ნოემბერში სომხეთის რესპუბლიკასთან ხელი მოეწერა სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებულია სხვა მეზობელ ქვეყნებთანაც. ყოველწლიურად ფორმდება სამოქმედო გეგმები როგორც მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო უწყებებთან, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა სასაზღვრო უწყებებთან. 2011 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელშიც გაერთიანებულია საგადასახადო და საბაჟო საკითხები, ასევე, მიღებულია ერთიანი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2013 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი. დოკუმენტი არეგულირებს უცხოელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და გასვლის წესებს; განსაზღვრავს საქართველოს ვიზისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობებს და გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს; ადგენს უცხოელთა საქართველოდან გაძევების პროცედურებს და გაძევებაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებას. 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობის #59 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს მიგრაციის 2013–2015 წწ. სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მიგრაციულ პოლიტიკას და ადგენს ქვეყნის პრიორიტეტებს ამ მიმართულებით. სტრატეგიის ამოცანების განხორციელების მიზნით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ 2013 წლის ივნისში დაამტკიცა სტრატეგიის 2013–2015 წწ. სამოქმედო გეგმა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარაფირებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან ჰარმონიზების ვალდებულების გათვალისწინებით, მუშავდება ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი. საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის და რეგიონში საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ასამაღლებლად მოდერნიზირდება და შენდება სგპ-ები, არსებულ სგპ-ებზე საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ერთი სარკმლისა და ერთი გაჩერების პრინციპზე დაყრდნობით. სამართლებრივი საფუძველი (ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ; შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფი-სარფ“, „კარწახი-ჩილდირ/აქთაში“ და „ახალციხე-პოსოფ/თურქგოზუს“ ერთობლივი გამოყენების შესახებ; ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი-სარფ“, „კარწახი-ჩილდირ/აქტაშ“ და „ახალციხე-პოსოფი/თურქგოზუ“ სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების, საქონლის გადაადგილების პროცედურებისა და სამუშაო საათების შეთანხმების და თანამშრომლობის შესახებ; ოქმი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების შესახებ მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის დეტალების თაობაზე; ტექნიკური დოკუმენტი „მონაცემთა გაცვლის სისტემა“) შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე სგპ-ების ერთობლივი გამოყენებისათვის. 2013 წლის იანვარს გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სადახლო-ბაგრატაშენი“, „სადახლო-აირუმი“, „გუგუთი-გოგავანი“ და „ნინოწმინდა-ბავრა“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ. ანალოგიური ხელშეკრულებების გაფორმება ინიცირებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სუამ-ის ფარგლებში ხელი მოეწერა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და უკრაინის საბაჟო ადმინისტრაციას შორის სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შეთანხმებას. საქართველო მიუერთდა საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო კონვენციას. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ხელშეწყობის მიზნით, ევროკომისიასთან შეთანხმდა „სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია“. ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებას, რაც რუსეთის ფედერაციასთან საქართველოში შემოსული საქონლის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.
5.2.3. წინადადებები/რეკომენდაციები ეროვნული დამატებით შესამუშავებელია სამართლებრივი დოკუმენტები შიდაუწყებრივი და უწყებათშორისი თანამშრომლობის საკითხებზე. საერთაშორისო მიზანშეწონილია კომპეტენტურმა ორგანოებმა სხვა სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად შეიმუშაონ ორმხრივი შეთანხმებები: – სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ; – საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ; – სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესახებ.
5.3. თანამშრომლობა 5.3.1. შიდაუწყებრივი თანამშრომლობა 5.3.1.1. მიზნები სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაციული უზრუნველყოფის, ანალიზისა და სამსახურებრივი პროცედურების ჩამოყალიბებული შიდაუწყებრივი მექანიზმი.
5.3.1.2. არსებული ვითარება 2007 წლიდან სახელმწიფო სახმელეთო საზღვარზე განლაგებულ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებს აქვთ სტანდარტული სამოქმედო წესები, რომლებიც შემუშავდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჯგუფის დახმარებით. მოსამსახურეთა ფუნქციები და ვალდებულებები დეტალურად არის გაწერილი. სტანდარტული სამოქმედო პროცედურები შემუშავებულია სასაზღვრო გამტარი პუნქტებისთვის - „წითელი ხიდი“ და „სადახლო“. აღნიშნული პროცედურების შემუშავება და არსებული პროექტების დამტკიცება ასევე იგეგმება სხვა სასაზღვრო გამტარი პუნქტებისთვის. შემოსავლების სამსახურში შემუშავებულია პროცედურული სახელმძღვანელოები, ხორციელდება სგპ-სა და გაფორმების ეკონომიკური ზონების ვიდეო მონიტორინგი. ამასთან, დასახვეწია საფრთხეების შეფასებისა და რისკის ანალიზის სისტემა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი, მათი რეგიონული სამმართველოები, აგრეთვე სგპ-ები ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. მიმდინარეობს და 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება დაცული რადიოსაკომუნიკაციო სისტემის შექმნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყველა დონეზე ხმოვანი ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები ჩართულია ერთიან საინფორმაციო სისტემაში.
5.3.1.3. წინადადებები/რეკომენდაციები აუცილებელია ინფორმაციის გაცვლისა და ანგარიშგების სისტემების განვითარების ხელშეწყობა. საჭიროა გამოცდილების გაზიარება, მოსამსახურეთა როტაცია და ერთობლივი ტრენინგების ჩატარება შიდაუწყებრივი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად.
5.3.2. უწყებათშორისი თანამშრომლობა 5.3.2.1. მიზნები სახელმწიფო საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია შესაბამისი უწყებების თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია, როგორც ცენტრალურ, ასევე, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. აღნიშნულის მიზანია არსებული სახელმწიფო რესურსებისა და საშუალებების ეფექტიანი გამოყენება, ინფორმაციის გაცვლა და სხვადასხვა სამსახურების უფლებამოსილებების (ფუნქცია/მოვალეობების) დუბლირების თავიდან აცილება. საჭიროა ჩამოყალიბდეს მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი უწყებათშორისი თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, ერთ უწყებას უნდა შეეძლოს სხვა უწყების გარკვეულ ამოცანათა შესრულება – ფუნქციური დახმარება.
5.3.2.2. არსებული ვითარება ბოლო პერიოდში სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებების თანამშრომლობა გაუმჯობესდა, თუმცა, სრულყოფილი სახე არ მიუღია. შემუშავდა საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი სამართლებრივი აქტები თანამშრომლობის წესების შესახებ, რომლებიც არეგულირებს თანამშრომლობის საკითხებს რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. ასევე, მიღებულია რიგი ნორმატიული აქტები, რომლებითაც რეგულირდება ურთიერთობები სხვადასხვა უწყებებს შორის სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში. მათ შორის, დარეგულირდა უწყებათშორისი ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ურთიერთკავშირისა და ურთიერთდაშვების სამართლებრივი მექანიზმები. დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ. დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე, სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ. ამასთანავე, 2010 წელს შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომლის ბაზაზე მიმდინარეობის იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ან/და საქმიანობის დაგეგმვა/განხორციელება და შემდგომი მონიტორინგი, რაც მოიცავს სახელმწიფო საზღვრის მართვას და წინამდებარე სტრატეგიით გათვალისწინებული რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს ექსპორტის კონტროლის სისტემის დანერგვა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და მასთან დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამასთან, გერმანიის ექსპორტის კონტროლის ფედერალურ ოფისთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, 2013 წლის ნოემბერში მიღებულია „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი. 2012 წლიდან მიმდინარეობს კონტეინერების კონტროლის პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ შემოსავლების სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. 2013 წელს ასევე ხელი მოეწერა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის გამოვლენის მიზნით, შემოსავლების სამსახურს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმს. აღნიშნული ოქმის ფარგლებში ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით კინოლოგიის სფეროში შესაძლებლობების განვითარება.
5.3.2.3. წინადადებები/რეკომენდაციები სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის შემუშავდეს თანამშრომლობის წესები, რომლებიც უნდა მოიცავდნენ თანამშრომლობის სფეროებსა და ფორმებს, ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ტრენინგის, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის ერთობლივი გამოყენების საკითხებს. აუცილებელია თავშესაფრის მაძიებელთა საკითხების რეგულირება. საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, შემუშავებულ უნდა იქნეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მიღება.
5.3.3. საერთაშორისო თანამშრომლობა 5.3.3.1 მიზნები საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, რომლის მიზანია ღია, გამჭვირვალე და დაცული სახელმწიფო საზღვრების არსებობა. მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პროცედურების გამარტივება, ჰარმონიზება და სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტიანობის ამაღლება. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე არალეგალური მიგრაციის, უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და მოქალაქეთა რეინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობა. ტრანსნაციონალური და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების გზით. მოსაზღვრე ქვეყნებთან, პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ურთიერთნდობის ამაღლება ინფორმაციის გაცვლის და თვალთვალის ერთობლივ ღონისძიებათა მეშვეობით. მნიშვნელოვანია საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების პრინციპის იმპლემენტაცია.
5.3.3.2. არსებული ვითარება საქართველო მრავალმხრივ ფორმატში მონაწილეობს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კონფერენციების ფარგლებში (ეუთო, ვმო, ბისეკი, მსო, სუამი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, FRONTEX, BLACKSEAFOR, BLACK SEA FORUM, EUBAM, ბუდაპეშტის პროცესი, პრაღის პროცესი, მიგრაციისა და თავშესაფრის პანელი, მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაცია). აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 28 ნოემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში განხორციელდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ტექნიკური პარაფირება. ასოცირების შეთანხმება საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება გზას უხსნის საქართველოს საქონელსა და მომსახურებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას. DCFTA გულისხმობს ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებსა და ადმინისტრირების მექანიზმებთან. 2013 წლის თებერვლიდან საქართველოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. 2010 წლის ოქტომბერში გაფორმდა ხმელთაშუა, შავი ზღვისა და სხვა ქვეყნების (26 ქვეყანა) სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ტრანსრეგიონული საზღვაო ქსელის დაფუძნების შესახებ ოპერაციული შეთანხმება. ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბს შორის ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ განხორციელებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების ტაქტიკური მემორანდუმი. FRONTEX-თან შეთანხმდა 2014-2016 წლების თანამშრომლობის გეგმა, რომელიც განხორციელების პროცესშია. აქტიურად მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიისა და ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაცია. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების წარმატებული განხორციელება არის ერთ–ერთი წინაპირობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების დიალოგის წარმოებისთვის. საპატრულო პოლიცია არის აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ორგანო. რეადმისიის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს უკრაინასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან. ხელშეკრულების ძირითადი მიზანია გააძლიეროს ხელშემკვრელი მხარების თანამშრომლობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ეს ითვალიწინებს სწრაფ და ეფექტურ პროცედურებს იმ პირთა იდენტიფიცირებისა და ორგანიზებული დაბრუნებისთვის, რომლებიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ან ხელშემკვრელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამ პროცესის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, ფორმდება შეთანხმებების საიმპლემენტაციო ოქმები. შემუშავებულია რეადმისიის სამოდელო შეთანხმებები, რომელთა გაფორმებაც იგეგმება მესამე ქვეყნებთან. საქართველოს მიერ შემუშავებულ იქნა რეადმისიის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, რომლის გამოყენებაც მოხდება საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით. პროგრამული უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს პროცესის უკეთ მართვას, მონიტორინგს და გაამარტივებს მხარეთა შორის კომუნიკაციას. სისტემის გამოყენება უკვე ხდება ევროკავშირის რამოდენიმე სახელმწიფოს მიერ და მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს მისი გამოყენების არეალის გაფართოება. საქართველოში ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის I („დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა“) პლატფორმის საზღვრის ინტეგრირებული მართვის პანელის საფლაგმანო ინიციატივის საპილოტე პროექტები. აღნიშული პროექტების ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები: „საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა–ბავრა“ საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“, „სომხეთსა და საქართველოს შორის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის „ბაგრატაშენი–სადახლო“ ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა და სასაზღვრო პროცედურების გაუმჯობესება“ და „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე შესაძლებლობების განვითარების პროექტი“. 5.3.3.3 წინადადებები/რეკომენდაციები აუცილებელია თანამშრომლობის გაგრძელება ნატოს, ეუთო-სა და ევროკავშირთან მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში. მნიშვნელოვანია ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც სასაზღვრო უსაფრთხოების, მიგრაციისა და საგარეო ვაჭრობის რეგულირების საკითხებზე მუშაობენ. მიზანშეწონილია მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების დადება, რომლებიც მოიცავენ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. საჭიროა რეგულარული შეხვედრების ორგანიზება, რომელთა ფარგლებშიც შემუშავდება თანამშრომლობის გეგმები. მნიშვნელოვანია გაიზარდოს სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის როლი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და სასაზღვრო ინციდენტების დარეგულირებაში, რათა არ მოხდეს მათი გადაზრდა სახელმწიფო მნიშვნელობის უთანხმოებაში. სასაზღვრო წარმომადგენელმა – სასაზღვრო კომისარმა კომპეტენციის ფარგლებში უნდა:
სგპ-ების ერთობლივი გამოყენების პრინციპის შესაბამისად, მნიშვნელოვანია:
5.4. მართვა და ორგანიზაცია 5.4.1. მიზნები უწყებების სტრუქტურა და მართვა იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ არ მოხდეს სხვა უწყებათა საქმიანობის დუბლირება. სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ორგანოებს ადმინისტრირების თითოეულ დონეზე უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უფლებამოსილება, რათა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.
5.4.2. არსებული ვითარება 2009 წლის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რის შედეგადაც სგპ-ები დაექვემდებარა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო საზღვაო ძალები გადაეცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და ინტეგრირება მოხდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან. განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციაში დარჩა სახმელეთო საზღვრის დაცვა და საზღვაო სივრცის კონტროლი. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაერთიანდა სექტორები და სამმართველოები. არსებული ვითარებით, საჭიროა ადმინისტრაციული თანამდებობების შემცირების ხარჯზე გაიზარდოს უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის დაცვით დაკავებულ მოსამსახურეთა რაოდენობა. დღეისათვის, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სრულად არის გადასული საკონტრაქტო სისტემაზე. 2013 წლის 25 აპრილს განხორციელდა შემოსავლების სამსახურის რიგი სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია. შეიქმნა ერთიანი საბაჟო დეპარტამენტი, რომელშიც თავი მოიყარა საბაჟო სფეროსთან დაკავშირებულმა ყველა ფუნქციამ, რომლებიც გადანაწილებული იყო სხვადასხვა დეპარტამენტში. ამჟამად საბაჟო დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის გაფორმების ეკონომიკური ზონებიც, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოსთვის უპრეცედენტო სიდიდის გაფორმების ადგილს, სადაც ერთი გაჩერების პრინციპით მაქსიმალურად მცირე დროში ხორციელდება საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებული ოპერაციები.
5.4.3. წინადადებები/რეკომენდაციები 5.4.3.1. შიდაუწყებრივი თანამშრომლობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ადმინისტრაციული თანამდებობების შემცირების ხარჯზე გაზარდოს უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის დაცვით დაკავებულ მოსამსახურეთა რაოდენობა რისკის ანალიზისა და საფრთხეების გათვალისწინებით. ასევე გაუმჯობესდეს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზონასა და ზოლში საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, სასაზღვრო პოლიციური და ადმინისტრაციული ღონისძიებები დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
5.4.3.2. უწყებათშორისი დონე სასაზღვრო კონტროლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული ზომების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ეფექტიანი უწყებათშორისი თანამშრომლობისთვის უწყებათშორისი მუშა ჯგუფის შექმნა.
5.4.3.3. საერთაშორისო დონე მეზობელ ან სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სასაზღვრო საკითხებში მეკავშირე ოფიცრის ინსტიტუტი. მეკავშირე ოფიცერი საჭიროებისამებრ შეიძლება მივლინებულ იქნეს უცხო ქვეყანაში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში.
5.5. სასაზღვრო კონტროლი 5.5.1. სასაზღვრო გამტარი პუნქტები 5.5.1.1 მიზნები სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემაში სგპ-ების დანიშნულებაა მგზავრთა, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა სახელმწიფო საზღვარზე. ამავდროულად, სგპ უნდა წარმოადგენდეს ნებისმიერი სამართალდამრღვევისთვის გადაულახავ ბარიერს.
5.5.1.2. არსებული ვითარება სგპ-ებზე საქმიანობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტებია საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბერის №386 დადგენილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსი და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება. შემუშავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრთა ერთობლივი ბრძანება, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის წესებს. შემუშავდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობის ზოგადი წესების შესახებ. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ზრდის ქვეყნის ტერიტორიის ნარკოტრანზიტისა და არალეგალური მიგრაციის პოტენციურ მარშრუტად გამოყენების რისკებს. ამ სახის დანაშაულის გახსნის ფაქტების რაოდენობა შედარებით მცირეა. მიზეზად კი სახელდება ტექნიკური საშუალებების, სატვირთო სკანერებისა და გაწვრთნილი ძაღლების ნაკლებობა.
5.5.1.3. წინადადებები/რეკომენდაციები სგპ-ების გარდა სხვა ადგილებში განსაკუთრებული შემთხვევებისათვის (საძოვრებზე გადარეკვა, საზღვრისპირა მშენებლობები, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ა.შ.) მიზანშეწონილია შემუშავდეს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კოორდინირებული და მარტივი პროცედურები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლას, მის მეთოდებსა და ბრძოლისათვის საჭირო აღჭურვილობას. ნარკოტიკების, ფსიქოტროპიული საშუალებების და პრეკურსორების სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაადგილებასთან ბრძოლის მიზნით, შეიქმნას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში კინოლოგიური სამსახური. გაგრძელდეს მობილური სასაზღვრო შემოწმების განხორციელება სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე.
5.5.2. საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვა და კონტროლი 5.5.2.1.მიზნები გაიზარდოს საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო სივრცის დაცვისა და კონტროლის ეფექტიანობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს სახმელეთო საზღვრის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფასა და სათანადო აღჭურვაზე. აღნიშნული უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად პროფესიონალურად და ეფექტიანად. სახელმწიფო საზღვრები დახურული უნდა იყოს კრიმინალური და ნებისმიერი სხვა საქმიანობისათვის, რომელიც ქვეყანასა და რეგიონში საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.
5.5.2.2. არსებული ვითარება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და საზღვაო სივრცეში (გარდა სგპ-ისა) ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 2006 წელს დასრულდა სახელმწიფო საზღვრის დაცვა წვევამდელთა მონაწილეობით. გაუმართავი ინფრასტრუქტურა (შენობები, საპატრულო გზები და ბილიკები, სათვალთვალო კოშკურები, საინჟინრო ღობურები, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებები), სატრანსპორტო საშუალებებისა და სასამსახურო ცხოველების ნაკლებობა ხელს უშლის სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას. სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე არ არსებობს ელექტრონული დაკვირვების ან სხვა საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემები. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სასაზღვრო ავიაცია (რომელიც აქტიურად იყო ჩართული სახმელეთო საზღვრის დაცვის ღონისძიებებში) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ისევ დაბრუნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. დღეისათვის სასაზღვრო ავიაცია საფრენი აპარატების გაუმართაობის გამო ვერ ახორციელებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა როტაციას და მათი სურსათითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.
5.5.2.3. წინადადებები/რეკომენდაციები შემუშავდეს და დამონტაჟდეს სასაზღვრო ზოლისა და სასაზღვრო ზონის ფარგლების აღმნიშვნელი ნიშნები. გაუმჯობესდეს სახმელეთო და სანაპირო სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და მოხდეს შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა. გაუმჯობესდეს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა (გზა, ელ. ენერგია და სხვა) საზღვრისპირა რეგიონში. გაიზარდოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების წილი სასაზღვრო სამსახურის (სასაზღვრო ოპერაციების) განხორციელების პროცესში. გადაიხედოს სასაზღვრო სექტორების ადგილმდებარეობა დასაცავი მონაკვეთების ოპტიმიზაციის მიზნით. მთიან და ძნელადმისადგომ ადგილებში სასაზღვრო თვალთვალი განხორციელდეს ავიაციის მეშვეობით. სახელმწიფო საზღვრის მაღალი რისკის მონაკვეთებზე გამოყენებულ იქნეს საინჟინრო ღობურები, სათვალთვალო კოშკურები და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა ტექნიკური საშუალებები. აუცილებელია სანაპირო დაცვის საინფორმაციო-ტექნოლოგიური განვითარება. აუცილებელია სტანდარტული სამოქმედო პროცედურების განახლება ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების პარალელურად. სახელმწიფო საზღვრის დაცვა უნდა ეფუძნებოდეს რისკებისა და საფრთხეების ანალიზს. აუცილებელია ურთიერთნდობის ამაღლება საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობასა და მესაზღვრეებს შორის.
5.6. სანიტარიული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი 5.6.1. მიზნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში (სიპ) უნდა განხორციელდეს შესაბამისი დონის სანიტარიული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად, ცხოველთა და მცენარეთა საკარანტინო მავნებელ დაავადებათა ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით. გაუმჯობესებული უწყებათშორისი თანამშრომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის უზრუნველყოფს ეფექტიან სანიტარიულ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს.
5.6.2. არსებული ვითარება შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას, ასევე, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილების შეტანას და სერტიფიკატის გაუქმებას, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემას. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვას, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე ნებართვას და საექსპორტო ტვირთებზე ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს გასცემს ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო. ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით უკანასკნელ წლებში დაინერგა სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები რომლებმაც მინიმუმამდე შეამცირა საკარანტინო კონტროლის დრო და გაზარდა ეფექტურობა. დაინერგა ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს ქვემდებარე საქონლის იმპორტისას წინასწარი შეტყობინების სისტემა. 2013 წელს დასრულდა ევროკავშირთან დაძმობილების პროექტი. შედგენილია სასაზღვრო ინსპექციის პუნტის მოდელური დიზაინის სამშენებლო პროექტები, რომელთა მიხედვით უნდა მოხდეს მშენებლობის განხორციელება სგპ-ზე.
5.6.3. წინადადებები/რეკომენდაციები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით განავითარონ არსებული სანიტარიული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურები, უზრუნველყონ ინფორმაციის რეგულარული გაცვლა და დანერგონ ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემა. ოპტიმიზირებულ იქნეს სანიტარიულ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალი. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, აუცილებელია ჩატარდეს რეგულარული სწავლებები წინასწარ შედგენილი გეგმებისა და პროგრამების მიხედვით. უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და აღჭურვის მიზნით. განვითარდეს ლაბორატორიების სისტემა კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განავითარონ სგპ-ზე არსებული ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სამსახურებისთვის სტანდარტული საქმიანობის პროცედურები, ასევე, დანერგონ კონტროლის ელექტრონული სისტემები. ოპტიმიზირებულ იქნეს სანიტარიულ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალი. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, აუცილებელია დაინერგოს რეგულარული სწავლების სისტემა წინასწარ შედგენილი გეგმებისა და პროგრამების მიხედვით.
5.7. ადამიანური რესურსები და სწავლება 5.7.1. საკადრო პოლიტიკა 5.7.1.1. მიზნები სახელმწიფო საზღვრის მართვის ორგანოების მუშაობა ემყარება პროფესიონალიზმს, საიმედოობასა და თანამშრომლობას. სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა და სასაზღვრო კონტროლი უნდა განახორციელონ სათანადოდ მომზადებულმა პროფესიონალებმა. ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკადრო პოლიტიკის გატარება. საკადრო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ყველა ფაზას მოსამსახურის სამსახურში მიღების დღიდან კარიერის დასრულებამდე, აგრეთვე, უნდა მოხდეს მათი პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის წახალისება. საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციის დაუშვებლობის, გამჭვირვალობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ანგარიშვალდებულებისა და კარიერული წინსვლის პრინციპებს უნდა დაეფუძნოს.
5.7.1.2. არსებული ვითარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღება ხდება საჯარო კონკურსის წესით.
5.7.1.3. წინადადებები/რეკომენდაციები სასაზღვრო პოლიციის მომსახურეებისთვის შემუშავდეს კარიერული ზრდის სისტემის ევროპული მოდელი, რაც ხელს შეუწყობს კადრების მართვის სისტემის მოდერნიზებას. აღნიშნულმა სისტემამ უნდა განსაზღვროს კარიერული წინსვლის მიმართულებები და მოთხოვნები. ასევე, უნდა შეიქმნას სასაზღვრო პოლიციის მომსახურეთათვის თანამდებობრივი როტაციის სისტემა. მაღალმთიან და რთულ კლიმატურ პირობებში მომსახურეთათვის მაღალმთიან ადგილებში სამსახურისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამატებითი შეღავათები. უნდა გაგრძელდეს პრევენციული ხასიათის ანტიკორუფციული ზომები, სისტემატური ინსპექტირების, თანამდებობრივი როტაციის, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით.
5.7.2. საგანმანათლებლო და ტრენინგების სისტემა 5.7.2.1. მიზნები მნიშვნელოვანია განათლებისა და ტრენინგის ერთიანი სისტემის არსებობა, რომელიც ყველა კატეგორიის თანამშრომლისათვის სასარგებლო იქნება მთელი კარიერის განმავლობაში. აღნიშნული სისტემა მოიცავს ძირითად სწავლებას კვალიფიკაციის ამაღლების/დაწინაურების ტრენინგსა და ადგილზე ტრენინგს. ძირითადი ტრენინგის გავლის შემდეგ თითოეულ მოსამსახურეს უნდა შეეძლოს სახელმწიფო საზღვარზე ოპერატიული ამოცანების შესრულება და იცოდეს სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლში მონაწილე უწყებების მუშაობის სპეციფიკა და წესები. კვალიფიკაციის ამაღლების/დაწინაურების ტრენინგი საშუალებას იძლევა მოსამსახურეები მომზადდნენ უფრო სერიოზული ამოცანებისათვის და შესაბამისად მაღალი თანამდებობისათვის. მთელი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანია მოსამსახურეებისთვის სისტემატური გადამზადება, რათა მათი მომზადების დონე შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს, აგრეთვე, თითოეული მოსამსახურის ტრენინგებში მონაწილეობის ვადების გაწერა.
5.7.2.2. არსებული ვითარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს აკადემიაში (შემდგომში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია) ხორციელდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისაღებ კანდიდატთა და მოსამსახურეთა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, საბაზისო მომზადება და გადამზადება. შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის აპარატი. სწავლების პროცესში ჩართულები არიან მოქმედი თანამშრომლები, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამაში საკანონმდებლო და პროცედურული ცვლილებების მუდმივ განახლებას. სწავლება მიმდინარეობს როგორც შემოსავლების სამსახურის სტრუქტურაში არსებული სასწავლო ცენტრის ბაზაზე, ასევე, რეგიონებში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გამოყენებით. ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურების კუთხით უტარდებათ ერთობლივი ტრენინგი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბაზაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კოორდინაციითა და ორგანიზებით ჩამოყალიბდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადების/გადამზადების სპეციალიზებული კურსები. ბათუმისა და ფოთის ინგლისური ენის ლაბორატორიებში ხორციელდება პერსონალის მომზადება სანავიგაციო/საზღვაო სპეციფიკის გათვალისწინებით. ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ტარდება შემოსავლების სამსახურში მისაღებ კანდიდატთა და მომსახურეთა სპეციალური საბაზისო მომზადება და ცალკეულ სფეროში გადამზადება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით პერიოდულად ტარდება სხვადასხვა სპეციალური და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სასწავლო კურსები. თუმცა, დღეისათვის მიმდინარე სწავლებები ფრაგმენტულია, რადგან არ არსებობს შსს-ს სასაზღვრო უწყების კადრების მომზადების ერთიანი სისტემა. სწორედ ამიტომ მესაზღვრეთა პროფესიულ სწავლებაზე გადასვლისთვის შეიქმნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შემდგომში შესაბამისი სასწავლო პროგრამის შედგენის, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შსს აკადემიის ერთბლივი მუშა ჯგუფი. მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციური ტრენინგისთვის ძირითადი სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება/სრულყოფა და შესაბამისი ტრენერების მომზადება. აღნიშნული პროგრამებისა და სახელმძღვანელოების საფუძველზე ხორციელდება სასაზღვრო პოლიციური სწავლებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. შემოსავლების სამსახურის აპარატისა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემუშავებულია სასწავლო პროგრამები და პროცედურული სახელმძღვანელოები ყველა მიმართულებით (საბაჟო გამშვები პუნქტების ოფიცრებისთვის, სანიტრებისთვის, ფიტოსანიტრებისთვის, ვეტერინარებისთვის, საბაჟო გაფორმების ოფიცრებისთვის) აღნიშნული სახელმძღვანელოები გამოიყენება მოქმედი თანამშრომლებისა და სტაჟიორების სწავლების პროცესში. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის მართვის ევროპულ სააგენტოსა (FRONTEX) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებისა და ყოველწლიური სამუშაო გეგმების თანახმად აღსანიშნავია FRONTEX-თან სასწავლო სფეროში თანამშრომლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების ,,საერთო სასწავლო სახელმძღვანელოების“ (Common Core Curriculum) პროექტში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მესაზღვრეებისათვის ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ერთიანი სასწავლო სახელმძღვანელოს შემუშავებას. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისათვის FRONTEX-ის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა და ქართულ ენაზე ითარგმნა კინოლოგთა სასწავლო სახელმძღვანელო „სასამსახურო ძაღლის გაწვრთნის ზოგადი სტანდარტები“ შესაბამისი პრაქტიკული მასალებით. ასევე FRONTEX-ის მიერ შემუშავდა და ითარგმნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმძღვანელო მესაზღვრეებისთვის. FRONTEX-ის მიერ შემუშავებულია სახელმძღვანელო „ადამიანთა ძირითადი უფლებების დაცვაზე“, რომლის მიხედვით მომავალში საქართველოს შსს-ს აკადემია განახორციელებს მის ინტეგრირებას სასწავლო პროგრამაში. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების მოსამსახურეთათვის შემუშავდა სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ტარდება სპეციალური სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგები რეგიონულ დონეზე (ადგილზე) სტრუქტურული ქვედანაყოფების გეოგრაფიული მდებარეობისა და მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის გათვალისწინებით. სასაზღვრო სფეროში არსებულ სასწავლო გეგმებში გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში მონაწილე სხვა უწყებების ფუნქცია-მოვალეობებისა და ინგლისური ენის პროფესიული ტერმინოლოგიის შესწავლა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი. რეგიონის და მეზობელი ქვეყნების გათვალისწინებით განხორციელდა სგპ-ს თანამშრომლების გადამზადება თურქულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებში.
5.7.2.3. წინადადებები/რეკომენდაციები აუცილებელია ყველა უწყებამ შეიმუშაოს და განაახლოს ტრენინგის გრძელვადიანი გეგმა, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:
უნდა გაგრძელდეს ერთობლივი ტრენინგები იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის მართვის უწყებების საერთო ინტერესის სფეროშია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაინერგოს ინსტრუქტორთა ტრენინგის სისტემა, კერძოდ, გამოცდილი პრაქტიკოსი კადრების შერჩევა, მათთვის პედაგოგიური უნარ-ჩვევების სწავლება და პერიოდული გადამზადება. ინსტრუქტორთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება სახელმწიფო საზღვარზე მომსახურე პირთა ინფორმირება-ინსტრუქტაჟი სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ.
5.8. საინფორმაციო სისტემები 5.8.1. მიზნები სახელმწიფო საზღვრის მართვის და სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესების და დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულების მიზნით, უწყებებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი საინფორმაციო სისტემების განვითარება. საინფორმაციო სისტემებმა ხელი უნდა შეუწყოს უწყებებს შორის ინფორმაციისა და მონაცემთა გაცვლის მექანიზმის ეფექტიანობას. საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირება დამყარებული უნდა იყოს ინფორმაციისა და მონაცემთა უსაფრთხოებასა და დაცულობაზე. საინფორმაციო სისტემების ჩამოყალიებებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საერთაშორისო დონეზე (ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში) ინფორმაციის გაცვლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თავსებადობის პრინციპი.
5.8.2. არსებული ვითარება მიმდინარე პერიოდისთვის ყველა სგპ ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. შემუშავებული და დანერგილია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სისტემა - PIRS, რომელიც ახორციელებს პირის ტრანსპორტისა და ტვირთის სახელმწიფო საზღვრის კვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების რეგისტრაციას და მათ იდენტიფიცირებას შესაბამის მონაცემთა ბაზებთან. აღნიშნულ სისტემას ოპერაციულად იყენებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური, ხოლო ამ სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას იყენებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები, ხოლო საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური ადმინისტრაცია და მისი რეგიონული სამმართველოები ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია იყენებს მოკლეტალღოვან და ულტრამოკლეტალღოვან რადიოსისტემებს, რომლებიც არ არის ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია და მიმდინარეობს კავშირგაბმულობის სისტემის მოდერნიზაცია და სახელმწიფო საზღვრის სრული პერიმეტრის დაფარვა სათანადო რადიოკავშირის საშუალებებით. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საბაზისო მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო ქსელის განვითარებას, სასაზღვრო სექტორებს შორის დროის რეალურ რეჟიმში ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლას. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებს არ გააჩნიათ რადიოლოკაციური, სენსორული და ელექტრონული დაკვირვების სისტემები. 2010 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ შემუშავებულია კონცეპტუალური ხედვა „სასაზღვრო ოპერაციების საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა (სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა - BOMS)“. ჩამოყალიბებულია BOMS სისტემის მოწყობის საიმპლემენტაციო გეგმები და გათვლილია სავარაუდო ბიუჯეტები. სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სისტემა და სახელმწიფო საზღვარზე რადიოაქტიურ ნივთიერებათა კონტროლის სისტემები გაშვებულია ექსპლუატაციაში, მიმდინარეობს მათი პერიოდული განახლება. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარადარო სადგურები განახლებულია და ჩართულია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განკარგულებაში არსებულ ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. შექმნილია საზღვაო სივრცის დაკვირვების შედეგების ბაზა და შესაძლებელია მასში, როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურების, ასევე, სხვა დაინტერესებული უწყებების დაშვება. შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები ჩართული არიან საერთო ქსელში და ონლაინ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციას. არსებული მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA“ საშუალებას აძლევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ყველა პირს, ინტერნეტის მეშვეობით განახორციელოს საბაჟო პროცედურები. შეიქმნა PIRS-დან მიღებული მონაცემების დამუშავების სასაზღვრო რისკის მართვის პროგრამა, რომელიც გამოიყენება სგპ-ზე მებაჟე ოფიცრების მიერ კონტროლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
5.8.3. წინადადებები/რეკომენდაციები შემუშავებულია „სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემის“ (BOMS) დეტალური საიმპლემენტაციო პროექტები, რაც შესაძლებელს ხდის, ფინანსური უზრუნველყოფის შესაბამისად დაიწყოს მათი პრაქტიკული რეალიზება. აღნიშნულის გარდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს მდებარე სგპ-ებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა. სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთა ბიომეტრიული მონაცემებით იდენტიფიცირების შესაძლებლობების გაზრდა (თითის ანაბეჭდი, სახის სიმეტრია ან სხვა). სასურველია სგპ-ზე ნარკოტიკულ და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან შეხებაში მყოფი პირების გამოვლენის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამის ანალიტიკურ მოდულთან ერთად. საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე სგპ-ზე რისკის მართვის სისტემის დახვეწა.
5.9. ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა 5.9.1. მიზნები სახელმწიფო საზღვრის მართვის უწყებების ეფექტიანი მუშაობისათვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებას და ორმაგი კონტროლის თავიდან აცილებას, რაც სასაზღვრო კონტროლს უფრო ქმედითს და მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის. გამართული ინფრასტრუქტურა შესაბამის აღჭურვილობასთან ერთად საშუალებას აძლევს სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებებს მიაღწიონ დასახულ მიზნებს მინიმალური საკადრო რესურსითა და ოპტიმალური ფინანსური დანახარჯებით. რთული გეოგრაფიული პირობების გამო ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის გარკვეული სექტორებისათვის. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ხელს უნდა უწყობდეს, როგორც სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ასევე, სასაზღვრო რეჟიმის კონტროლის განხორციელებას ნებისმიერ კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში. სგპ-ების ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა მოხდეს სასაზღვრო კონტროლის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. კონკრეტული სგპ-ს განახლების ან მშენებლობის პროექტები, სასურველია, კოორდინირებული იყოს მეზობელი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან. სახელმწიფო საზღვრის ერთ მხარეს სგპ-ს ინფრასტრუქტურა თავსებადი უნდა იყოს მეორე მხარეს არსებულ ინფრასტრუქტურასთან.
5.9.2. არსებული ვითარება ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება ძირითადად ხდებოდა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტის ზრდამ შესაძლებელი გახადა სახსრების გამოყოფა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შესაძენად. 2006 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის შესყიდვის ღონისძიებები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით აშენდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 9 რეგიონული სამმართველო, დამატებით 7 სათვალთვალო კოშკურა და 23 სასაზღვრო სექტორი, მათგან, 7 სექტორის მშენებლობა დაფინანსდა აშშ–ის GBSLE-ის პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, აშშ-ს მთავრობის დახმარებით, საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცა სასაზღვრო თვალთვალისა და კონტროლის აღჭურვილობა, აგრეთვე, აშენდა 5 საზღვაო სარადარო სადგური (ანაკლია, გონიო, ჩაქვი, სუფსა, ფოთი). საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში შემუშავდა ინფრასტრუქტურის განვითარების შესაბამისი პროექტები, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სტაბილურ დაფინანსებაზე. შემუშავებულია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის სტანდარტული მოდელები. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბაჟო გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურა. აშენდა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ინფრასტრუქტურა. დასრულდა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ს“ რეკონსტრუქცია, სამსახურეობრივი ძაღლების ვოლიერების მშენებლობა შემდეგ ობიექტებზე: საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“, შემოსავლების სამსახურის საწყობის ტერიტორია, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ადლია“. ამჟამად დაწყებულია და 2014 წლის ბოლომდე დასრულდება:
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სრულად განახლდა სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის სისტემის კომპიუტერული და სპეციალური ტექნიკა. სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების მიზნით, საერთაშორისო მნიშვნელობის გამტარი პუნქტების უმრავლესობა აღჭურვილია ბიომეტრიული მონაცემების წამკითხველი ელექტრონული კარიბჭეებით (e-gate). სასაზღვრო გამტარი პუნქტები აღჭურვილია მეორადი ინსპექტირებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით, შექმნილია ყალბი დოკუმენტების ნიმუშთა ბაზა, განხორციელდა პირადი შემადგენლობის გადამზადება. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით სგპ-ებში დამონტაჟდა რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმომჩენი აღჭურვილობა. რადიოაქტიურ ნივთიერებათა კონტროლისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ასევე აღჭურვილია პორტატული დეტექტორებით. საბაჟო გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურა არის შემოსავლების სამსახურის ბალანსზე. სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური დახმარებით და შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლებიდან მუდმივად ხდება საბაჟო გამშვები პუნქტების შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ეფექტური საბაჟო კონტროლის უზრუნველსაყოფად. ინფრასტრუქტურული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველო-თურქეთის რესპუბლიკას შორის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ასპექტი და ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვრითბრუნვას. ტვირთბრუნვის ზრდა კი თანმდევია რისკის ფაქტორის ზრდის, სწორედ ამიტომ საჭიროა გამოყენებული იქნეს კონტროლის შესაბამისი მექანიზმები.
5.9.3. წინადადებები/რეკომენდაციები აუცილებელია გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და მათი ყოველწლიური განახლება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. არსებული სურათის ნათლად წარმოჩენის მიზნით, აუცილებელია განხორციელდეს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის არსებული ინფრასტრუქტრურის და მატერიალ–ტექნიკური ბაზის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება მისი განახლების მიზნით. ხარჯეფექტურობის გათვალისწინებით აუცილებელია ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების ურთიერთთავსებადი განვითარება. აუცილებელია სასაზღვრო კონტროლის უწყებების ტრენინგისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა და შესაბამისი ტრენინგების განხორციელების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ინფრასტრუქტურის ერთობლივი გამოყენების საკითხი. საჭიროა დეტალური შემოწმებებისათვის ფართობისა და ტექნიკის გამოყოფა. აუცილებელია ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლისათვის სპეციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.
5.10. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა 5.10.1. მიზნები ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის მიზანია ტრანსნაციონალური და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება. გამოძიება უნდა ჩატარდეს მაღალპროფესიულ დონეზე, რაც თავის მხრივ, საჭიროებს აგრეთვე შესაბამის ზედამხედველობას. უნდა არსებობდეს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაცვლის არხები სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის ტრანსნაციონალურ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
5.10.2. არსებული ვითარება 2013 წლიდან დამტკიცებულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, სადაც აღნიშნულია სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა. 2010 წელს განხორციელდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო სამსახურის რეფორმირება. თუკი მანამდე საგამოძიებო-ოპერატიული ფუნქციები გადანაწილებული იყო ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების სხვადასხვა დანაყოფებში, ოპერატიული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების, კოორდინირებული ურთიერთქმედების, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საგამოძიებო-ოპერატიული საქმიანობა განეხორციელებინა ერთ ცენტრალიზებულ სტრუქტურულ დანაყოფს – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოს, რომელიც ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონული სამმართველოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს გამოძიება შემდეგ საკითხებზე:
გარდა ზემოაღნიშნულისა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული დანაყოფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი არიან ზედამხედველი პროკურორის გადაწყვეტილებით გამოძიება აწარმოონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებზეც. სასაზღვრო პოლიცია კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიული ვითარებისა და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლას, არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავების შედეგად სავარაუდო საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების განსაზღვრას. შესაბამისად, ფუნქციონირებს რისკების ანალიზის და საფრთხეების შეფასების სამსახური, რომლის ფუნქცია-მოვალეობაა სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საზღვაო სივრცესა და საზღვრისპირა რეგიონებში შექმნილი ვითარების შესწავლა და ანალიზი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს რეაგირებას სგპ-ებზე გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და კომპეტენციის ფარგლებში ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
5.10.3. წინადადებები/რეკომენდაციები გასათვალისწინებელია შემდეგი ღონისძიებები: საზღვარგარეთის ქვეყნებთან შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა ცენტრალურ დონეზე უწყებათა ხელმძღვანელების ზედამხედველობით; ინფორმაციის გაცვლის მიზნით პერიოდული შეხვედრების გამართვა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობაში ჩართულ სახელმწიფო სტრუქტურათა მონაწილეობით; ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარება საერთო ინტერესისა და სხვა უწყებათა სპეციფიკური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში; სასურველია სტრატეგიულად მნიშვნელოვან სგპ-ებზე გამომძიებლების და ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფების შექმნა.
5.11. რისკების ანალიზი 5.11.1. მიზნები უწყებებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო საზღვარზე არსებული სიტუაციის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემთ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საჭირო რესურსები. სახელმწიფო საზღვარზე არსებული სიტუაციის შეფასება უნდა დაეფუძნოს რისკებისა და საფრთხეების შეფასების ანალიზს. რისკების ანალიზის სისტემის მიზანია სისტემური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და რისკების ანალიზის მომზადება სახელმწიფო საზღვრის მართვის ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი საფეხურებისათვის.
5.11.2. არსებული ვითარება 2011 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით დამტკიცდა „რისკების ანალიზის სისტემის დებულება“, რომელიც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ფუნქცია-მოვალეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საქართველოს საზღვაო სივრცეში რისკების ანალიზის ჩატარების მიზნებს, სტრუქტურას, დონეებს, მის ჩატარებაზე პასუხისმგებელი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების კომპეტენციასა და რისკების ანალიზის შედეგების გამოყენების პრინციპებს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხორციელდება დეპარტამენტის დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამება, ანალიზი და სათანადო ინფორმაციის, მათ შორის, სგპ-ებიდან მიღებული ინფორმაციის შედგენა.
5.11.3. წინადადებები/რეკომენდაციები ყველა უწყებას უნდა შეეძლოს რისკების ანალიზის დამოუკიდებლად წარმოება. ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე უნდა შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, ან საშტატო ერთეულები ჩამოყალიბებული ანგარიშგების სისტემით. აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის დაცვაში მონაწილე უწყებებისათვის შეიქმნას ერთიანი კლასიფიცირებული, დაცული კომპიუტერული ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს რისკების ტაქტიკური ანალიზისა და რისკების ოპერაციული ანალიზის ვითარების შეფასების შესახებ ინფორმაციის გატარებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება ერთობლივი რისკების ანალიზის შემუშავება, რაც მოიცავს სრულყოფილი სტასტისტიკური მონაცემების შეგროვებასა და სათანადო ანალიზს.
5.12. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა 5.12.1. მიზნები ხელისუფლება უზრუნველყოფს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების ურღვეობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას საზღვრისპირა რაიონებში. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა.
5.12.2. არსებული ვითარება დაბალი ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე, სასაზღვრო რეგიონებში უმუშევრობის მაღალი ხვედრითი წილი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კონტრაბანდისა და სხვა სასაზღვრო დანაშაულისათვის. მთიანი რელიეფის გამო სამართალდამცავი ორგანოებისათვის ზოგი სასაზღვრო მონაკვეთი რთულად მისადგომია. ეს ფაქტორი სახელმწიფო საზღვრის მართვის ორგანოების უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა სამართალდამცავი საქმიანობა სახელმწიფო საზღვარზე. სახელმწიფო საზღვარზე ბუნებრივი რისკები შეიძლება იყოს წყალდიდობა და მეწყერი. ამდენად, სახელმწიფო საზღვრის მართვის ორგანოები მზად უნდა იყვნენ სამაშველო ოპერაციებისათვის და კატაკლიზმებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვისაც.
5.12.3. წინადადებები/რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმები, რათა განაწილდეს პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სხვა უწყებებს შორის ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, როგორებიცაა – შეიარაღებული ჯგუფების შემოჭრა, ლტოლვილთა მასობრივი შემოსვლა, ტერორისტული ქმედებები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა ინციდენტები სახელმწიფო საზღვარზე.
6. საზოგადოებასთან ურთიერთობა მიზნები განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო უწყებათა იმიჯის ამაღლებას და საზოგადოების ნდობის ამაღლებას სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე/საბაჟო გამშვებ პუნქტზე განწესებულ მესაზღვრეთა და მებაჟეთა მიმართ. სასაზღვრო უწყებათა თანამედროვე სტანდარტი გამჭვირვალობასა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ამ სტანდარტის მიღწევა უზრუნველყოფს სასაზღვრო ზონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას, განამტკიცებს მათ რწმენას, რომ სასაზღვრო უწყება მათი უსაფრთხოების გარანტია. მედიის აქტიური მხარდაჭერაა საჭირო, რათა საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. სასაზღვრო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებმა რეგულარულად უნდა მიაწოდონ მასმედიას უახლესი და აქტუალური ინფორმაცია რეფორმის პროცესის შესახებ. ინფორმაციით სისტემატური უზრუნველყოფა გაამახვილებს საზოგადოების ყურადღებას და გაზრდის მის ინტერესს საზღვრის მართვის ორგანოებში მიმდინარე პროცესებისადმი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, აგრეთვე, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, განსაკუთრებით ხშირი კონტაქტი უწევს სასაზღვრო უწყებებთან. შესაბამისმა სასაზღვრო უწყებებმა, მათ შორის, შემოსავლების სამსახურმა, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების მუდმივი ინფორმირებულობა სასაზღვრო წესების, როგორებიცაა - საბაჟო ტარიფები, საბაჟო გამშვები პუნქტების, სგპ-ების გადაკვეთის წესები, სავიზო საკითხები და ა.შ. შესახებ. ინფორმაციის მიწოდების განსაკუთრებით მოქნილი ფორმა და მაღალი ხარისხი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილებში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემა, მასში შემავალი ყველა ელემენტით, მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემაა.
7. სტრატეგიის განხორციელება
7.1. სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები სტრატეგიაში დასახული მიზნებიდან გამომდინარე, ყველა კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები იმ ღონისძიებათა გატარების შესახებ, რაც აუცილებელია სტრატეგიაში ასახული მოთხოვნების შესასრულებლად. წინამდებარე სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შეიმუშავებს სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას. ამ გეგმის განხორციელებისას საბჭო წარმოადგენს მაკოორდინირებელ ორგანოს.
7.2. სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვისათვის აუცილებელი რესურსები სტრატეგიის შესრულების საფუძველი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სათანადო და სტაბილური ფინანსური სახსრები. სტრატეგიის მიზნების მიღწევას შეიძლება ხელი შეუწყოს საერთაშორისო დონორების დახმარებამ. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს საზღვრის მართვა იქნება თვითდაფინანსებაზე, საერთაშორისო დახმარებების გარეშე.
7.3. სტრატეგიის განხორციელების ვადები სტრატეგია უნდა განხორციელდეს 2014-2018 წლებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეიმუშავონ განვითარების გრძელვადიანი გეგმები. სხვა პასუხისმგებელმა უწყებებმა ინსტიტუციონალურ სტრატეგიაში ან დაგეგმვის სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში უნდა გაითვალისწინონ ამ სტრატეგიის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები. სტრატეგიის შესრულების შედეგები ყოველწლიურად შეფასდება. პასუხისმგებელმა ორგანოებმა შეფასების ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინონ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს.
|
დოკუმენტის კომენტარები