დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2047-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.017352 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII10 თავი:
„თავი VII10 ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით
მუხლი 2139. მოსამართლის ბრძანება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე.
მუხლი 2140. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობის წარმდგენ ორგანოს და იმ უცხოელს, რომლის გაძევებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, და უცხოელს უგზავნის შესაბამის საქმის მასალებს. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით. უცხოელს უფლება აქვს, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე შეტყობინებიდან და საქმის მასალების გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები. 3. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესამოწმებლად გამოიძახოს და დაკითხოს პირი, შუამდგომლობის წარმდგენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსა და უცხოელს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებანი. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; დ) განკარგულება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ და გასაძევებელი უცხოელის ვინაობა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი; ვ) ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელმა ნებაყოფლობით უნდა დატოვოს საქართველო; ზ) ორგანო, რომელიც უფლებამოსილია აღასრულოს ბრძანება, თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს; თ) სახელმწიფო, სადაც უნდა მოხდეს უცხოელის გაძევება; ი) ბრძანების გასაჩივრების წესი; კ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი. 5. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე წერილობით დაადასტურებს, რომ არ ასაჩივრებს მოსამართლის ბრძანებას. 6. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
მუხლი 2141. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან უცხოელის შუამდგომლობის საფუძველზე, შუამდგომლობის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოსცემს ბრძანებას უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 2142. მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ. 2. შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 3. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. 4. მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ. 5. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან უცხოელისთვის ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
მუხლი 2143. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი 1. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში. სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. 2. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 14 დღის განმავლობაში. 3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო საჩივრის განხილვას. 4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ მოსამართლის ბრძანებას აუქმებს ბრძანებით. 5. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 2144. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში უცხოელის სარჩელი საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განიხილება და სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კოდექსის 2140 და 2143 მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
ქუთაისი, 5 მარტი 2014 წ. N2047-IIს |
დოკუმენტის კომენტარები