დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ

დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016234
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
110
12/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
360050000.22.023.016234
დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/03/2014 - 13/08/2018)

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №110

2014 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის  შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპები და პროცედურა“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 22 აგვისტოს №39 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე



დანართი
დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპები და პროცედურ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპები და პროცედურა განსაზღვრავს  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვის ქვეშ მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების, კერძოდ: სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმების სტრუქტურას, შინაარსს, ამ გეგმების შემუშავების მეთოდოლოგიას და პროცესს.
2. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეკოსისტემური სერვისები - ადამიანთა კეთილდღეობის საქმეში ეკოსისტემების მიერ შეტანილი პირდაპირი და არაპირდაპირი წვლილი, რომელიც იყოფა ოთხ კატეგორიად: უზრუნველმყოფი, მარეგულირებელი, ჰაბიტატის ანუ დამხმარე და კულტურული:
ა.ა) უზრუნველმყოფი სერვისები მოიცავს იმ პროდუქტებს, რომლებსაც უშუალოდ ეკოსისტემა გვთავაზობს. კონკრეტულად, ესაა ისეთი ბუნებრივი პროდუქტები, როგორებიცაა ველური ხილი, თხილი, კენკრა, სოკო, საკვები ბალახეული და სხვა მცენარეული პროდუქტი, რაც სოფლის მოსახლეობის არსებობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი წყაროა. უზრუნველმყოფ სერვისებს განეკუთვნება საშეშე და სამასალე მერქანი, საკვებად გამოყენებული ფაუნის სახეობები, თევზის ჩათვლით, წყალი, როგორც ენერგორესურსი, სასმელი და სარწყავი წყალი და ა.შ;
ა.ბ) მარეგულირებელი სერვისები გულისხმობს სარგებლს, რომელიც მიიღება ორგანიზმსა და გარემოს შორის მიმდინარე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების რეგულირების შედეგად. მაგალითად, საქართველოში ტყის ეკოსისტემები გადამწყვეტ როლს ასრულებს ნიადაგის სტაბილიზაციაში, აგრეთვე ისეთი საშიში ბუნებრივი მოვლენების პრევენციასა და შესუსტებაში, როგორებიცაა მეწყერი, ნიადაგის ჩამოშლა, წყალდიდობა და სხვ.;
ა.გ) ჰაბიტატის / დამხმარე სერვისები პირდაპირ არის დაკავშირებული სახეობათა საბინადრო გარემოსთან, ანუ ჰაბიტატთან. ეკოსისტებები ემსახურება  სახეობებს, რადგან  წარმოადგენს  მათთვის თავშესაფარს და სამიგრაციო გზას. მაგალითად, მდინარე არის თევზის საბინადრო გარემო, ასევე დამაკავშირებელი (სამიგრაციო გზა) მდინარის სხვადასხვა მონაკვეთს, ან სხვადსხვა წყალსატევს შორის (ტბა-მდინარე; მდინარე-ზღვა-მდინარე). დამხმარე სერვისებიდან ადამიანი არ იღებს პირდაპირ სარგებელს. ამ სერვისებიდან პირდაპირ სარგებელს იღებს ველური სახეობები, რომლებიც თავისთავად ეკოსისტემის ნაწილსაც წარმოადგენს;
ა.დ) კულტურული სერვისები მოიცავს არამატერიალურ სარგებელს, რომელსაც ადამიანები იღებენ ეკოსისტემებისაგან. მაგალითად, კულტურული სერვისების სახეობაა ტურიზმი, განსაკუთრებით, ეკოტურიზმი.
ბ) ეკოტურიზმი - აღნიშნავს ტურიზმის შემდეგი მახასიათებლების მქონე ფორმებს:
ბ.ა) ბუნებასთან დაკავშირებული ტურიზმის ყველა ფორმა, სადაც ტურისტების ძირითად მოტივაციას წარმოადგენს ბუნებაზე, ასევე ბუნებრივ პირობებში შენარჩუნებულ ტრადიციულ კულტურაზე დაკვირვება და შეცნობა;
ბ.ბ) გააჩნია საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ნიშან-თვისებები;
ბ.გ) ორგანიზებულია, როგორც წესი, მცირე ჯგუფებისათვის,  სპეციალიზებული ტუროპერატორების, თუმცა არა მხოლოდ ექსკლუზიურად მათ მიერ. მომსახურების მიმწოდებელი პარტნიორები დანიშნულების ადგილას, უმთავრესად მცირე, ადგილობრივი საწარმოებია;
ბ.დ) ამცირებს ბუნებრივსა და სოციალურ-კულტურულ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას;
ბ.ე) ხელს უწყობს გამოყენებული ბუნებრივი ადგილების შენარჩუნებას შემდეგი საშუალებებით:
ბ.ე.ა) სარგებლის მომტანია ადგილობრივი მოსახელეობისათვის, ორგანიზაციებისა და უწყებებისათვის, რომლებიც კონსერვაციის მიზნით ახორციელებენ ბუნებრივი ადგილების მართვას;
ბ.ე.ბ) ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს დასაქმებისა და შემოსავლების მიღების ალტერნატიულ შესაძლებლობებს;
ბ.ე.გ) ახდენს ადგილობრივი მოსახლეობისა და ასევე ტურისტების ცნობიერების ამაღლებას ბუნებრივი და კულტურული სიმდიდრეების კონსერვაციის თაობაზე.
გ) ინდიკატორი -  გამოიყენება მენეჯმენტის გეგმის პროგრამის მიზნის მიღწევისას პროგრესის შეფასებისათვის. ინდიკატორი შეიძლება იყოს ხარისხობრივი ან რაოდენობრივი;
დ) პროგრამა (მენეჯმენტის გეგმის პროგრამა) -  ფართო საკითხი ან თემა, რომლის ქვეშაც ხდება მენეჯმენტის გეგმის მიზნებისა და სტრატეგიული ღონისძიებების დაჯგუფება;
ე) სტრატეგიული ღონისძიება - ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებსაც სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაცია განახორციელებს მენეჯმენტის გეგმის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად.

მუხლი 2. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის გავრცელების სფერო
დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა შეიძლება მოიცავდეს ერთ ან მეტ დაცულ კატეგორიას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმართება სააგენტოს ერთი ტერიტორიული ადმინისტრაციის მიერ.

მუხლი 3. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შინაარსი
1. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა შედგება შემდეგი თავებისაგან:
ა) შესავალი;
ბ) დაცული ტერიტორიის აღწერა;
გ) დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები;
დ) დაცული ტერიტორიის სიტუაციური ანალიზი;
ე) დაცული ტერიტორიის შიდა ზონირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაშვებული საქმიანობები;
ვ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის პროგრამები;
ზ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შესრულების მონიტორინგი;
თ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის დანართები.
2. მენეჯმენტის გეგმის შესავალ ნაწილს წინ უნდა უძღვოდეს სარჩევი.

მუხლი 4. შესავალის კომპონენტები
შესავალი უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მიზანი;
ბ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მოქმედების არეალი, ანუ, ის დაცული ტერიტორია, რომელსაც მოიცავს მენეჯმენტის გეგმა;
გ) დაცული ტერიტორიის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს აღწერა;
დ) დაცული ტერიტორიის შექმნის ძირითადი მიზნები;
ე) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი;
ვ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი;
ზ) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა და განახლება.

მუხლი 5. აღწერილობითი ნაწილის კომპონენტები
1. დაცული ტერიტორიის აღწერა უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) ინფორმაცია დაცული ტერიტორიის მდებარეობისა და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების შესახებ (ოროგრაფიის, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, გეომორფოლოგიის,  კლიმატისა და ლანდშაფტების ჩათვლით), საჭიროების შესაბამისად;
ბ) დაცული ტერიტორიის მოკლე მიმოხილვა მისი შექმნის დღიდან, დაცული ტერიტორიის ფართობისა და კატეგორიის ცვლილებების ჩათვლით;
გ) დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების აღწერა ეკოსისტემების, გლობალური, რეგიონული და ეროვნული მნიშვნელობის ჰაბიტატებისა და სახეობების ჩათვლით, ისეთი საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ნუსხების გათვალისწინება, როგორიცაა ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხა, ორგანიზაცია Plantlife-ის მცენარეთა გავრცელების მნიშვნელოვანი ტერიტორიები, BirdLife International-ის ფრინველთა გავრცელების მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რამსარის საიტები, ბერნის კონვენციით განსაზღვრული სიებით განსაკუთრებულად დაცული სახეობები ჰაბიტატები, ზურმუხტის ქსელის (Emerald Network) ჰაბიტატები, საქართველოს წითელი ნუსხა და სხვა შესაბამისი ნუსხები;
დ) დაცული ტერიტორიის ფარგლებში მიწათსარგებლობასთან (მაგალითად, საკუთრება, იჯარის უფლება, ბუნებრივი რესურსების გამოყენების ლიცენზიები) და დაცულ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგალითად, ძოვება, თიბვა, ხის ჭრა, მეფუტკრეობა და სხვა);
ე) დაცული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული იმ სოციო-ეკონომიკური მახასიათებლების აღწერა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაცული ტერიტორიის მართვაზე, მათ შორის ზონირების პროცესზე;
ვ) დაცული ტერიტორიის მნიშვნელობა მეცნიერებისა და განათლებისათვის.
2. აღწერა ასევე უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ კომპონენტებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის კატეგორიასა და თავისებურებებს:
ა) დაცული ტერიტორიის ტურისტული  და რეკრეაციული ღირებულება;
ბ) დაცული ტერიტორიის ღირებულება და მნიშვნელობა ტრადიციული საქმიანობებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების კუთხით;
გ) დაცული ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული ღირებულება;
დ) დაცულ ტერიტორიაზე შეფასებული სხვა ეკოსისტემური სერვისები.
3. აღწერილობითი ნაწილი უნდა განსაზღვრავდეს დაცული ტერიტორიის იმ ძირითად ღირებულებებს, რასაც დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები უნდა ეფუძნებოდეს.

მუხლი 6. დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები
დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნები უნდა აღწერდეს იმ პირობებს, რომელთა მიღწევასაც ისახავს მიზნად დაცული ტერიტორიის მენეჯმენტი 20-25 წლის განმავლობაში, იმ თითოეული ძირითადი ღირებულებისათვის, რომლებიც  მენეჯმენტის გეგმის აღწერილობით ნაწილშია გამოვლენილი.

მუხლი 7.  სიტუაციური ანალიზის კომპონენტები
სიტუაციური ანალიზი უნდა აღწერდეს  დაცულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას აღწერილობით ნაწილში განსაზღვრული ძირითადი ღირებულებებისა და დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით, ასევე მან უნდა გამოავლინოს ის პრობლემები და შესაძლებლობები, რაზედაც ორიენტირებული უნდა იყოს მენეჯმენტის გეგმის პროგრამები.

მუხლი 8. დაცული ტერიტორიის ზონები
1. დაცული ტერიტორიის ზონირება (იმ შემთხვევაში, თუ დაცული ტერიტორია საჭიროებს ზონირებას) უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) დაცული ტერიტორიის ზონების ჩამონათვალი და მათი დანიშნულების აღწერა;
ბ) ზონების ფართობი და საზღვრები.
2. მენეჯმენტის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულ საქმიანობებს. იმ შემთხვევაში, თუ დაცული ტერიტორია დაყოფილია ზონებად, მენეჯმენტის გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს თითოეულ ზონაში დაშვებული საქმიანობები.
3. მენეჯმენტის გეგმაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვრული უნდა იყოს დაშვებულ საქმიანობებთან დაკავშირებული შეზღუდვები (ლიმიტები).

მუხლი 9. ზონების განსაზღვრისას გასათვალისწინებელი ფაქტორები
დაცული ტერიტორიის შიდა ზონები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობები უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) წარმოდგენილია თუ არა ზონის შიგნით მდებარე ან ზონაში მოსაქცევად განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნების, ლანდშაფტების, ჰაბიტატების, ფლორის, ფაუნის, გეოლოგიური, სამეცნიერო, გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური, ან რეკრეაციული ღირებულების მქონე გამორჩეული მაგალითები ან არქეოლოგიური, ისტორიული ან კულტურული ობიექტები;
ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ისეთი ტრადიციული საქმიანობებისათვის გამოყენებული ტერიტორიები, როგორიცაა თივის მოპოვება, საქონლის ძოვება, მეფუტკრეობა, არამერქნული პროდუქტების შეგროვება და სხვა კანონით დაშვებული საქმიანობები;
გ) აღიარება მსოფლიო მასშტაბით (მაგ., კულტურული მემკვიდრეობის კუთხით);
დ) კონფლიქტების წარმოშობის შესაძლებლობის ანალიზი.

მუხლი 10. მენეჯმენტის გეგმის პროგრამები
1. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის პროგრამები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს :
ა) დაცულ ტერიტორიაზე უკანონო შეღწევის,  დაცული ტერიტორიის ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების ან სხვა უკანონო საქმიანობების წინააღმდეგ დაცვა;
ბ) ხანძრებით, მავნებლებითა და დაავადებებით და სხვა ბუნებრივი ფენომენებით გამოწვეული რისკების მართვა;
გ) დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და საჭიროების შემთხვევაში, აღდგენა;
დ) გარემოსდაცვითი განათლება;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ვ) დაცული ტერიტორიის ძირითადი ღირებულებების, მათ შორის ბიომრავალფეროვნების მდგომარეობისა და ტენდენციების მონიტორინგი;
ზ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის განვითარება.
2. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პრორგამები ასევე უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ საკითხებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვრცელდება მენეჯმენტის გეგმის მიერ მოცული დაცული ტერიტორიის კატეგორიასა და თავისებურებებზე:
ა) დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;
ბ) ეკოტურიზმი.
3. თითოეული პროგრამა უნდა შეიცავდეს პროგრამის აღწერას, პროგრამის მიზნებს (ე.ი. მიზნები, რომელთა მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიის მმართველი რგოლი მენეჯმენტის გეგმის ძალაში ყოფნის პერიოდში), მათთან დაკავშირებულ ინდიკატორებსა და სტრატეგიულ ღონისძიებებს. აქვე განსაზღვრული უნდა იყოს პროგრამის მიზნების შერჩევის მიზეზები და სტრატეგიული ღონისძიებების კავშირი პროგრამის მიზნებთან.

მუხლი 11. მენეჯმენტის გეგმის შესრულების მონიტორინგი
დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შესრულების მონიტორინგი უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) მენეჯმენტის გეგმაში განსაზღვრული პროგრამების მიზნების მიღწევის პროგრესის შეფასების ინდიკატორები;
ბ) მონიტორინგის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ და რა პერიოდულობით მოახდენს მენეჯმენტის გეგმაში განსაზღვრული მიზნების მიღწევის პროგრესის შეფასებას.

მუხლი 12. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის დანართები
1. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის დანართები უნდა შედგებოდეს შემდგი კომპონენტებისაგან:
ა) დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებული ფლორისა და ფაუნის ნუსხა, რომელიც უნდა მოიცავდეს მათ სტატუსს, ამ ბრძანების მე-5 მუხლის  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) რუკები:
ბ.ა) დაცული ტერიტორიის ადგილმდებარეობისა და გარე საზღვრების ამსახველი ტოპოგრაფიული რუკა;
ბ.ბ) დაცული ტერიტორიის შიდა ზონების ამსახველი რუკა, ზონების არსებობის შემთხვევაში.
2. ყოველი კონკრეტული დაცული ტერიტორიის კონტექსტიდან გამომდინარე მენეჯმენტის გეგმას შეიძლება დაერთოს დამატებითი დანართებიც, მაგალითად, დაცულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რუკა (როგორც დაცული ტერიტორიის საკუთრებაში არსებული, ისე სხვა ინფრასტრუქტურის ჩათვლით); ინფორმაცია დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ; ხანძარსაშიში ზონების რუკა; ზვავსაშიში ზონების რუკა და სხვა.

მუხლი 13. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მომზადების ეტაპები
დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მომზადება შედგება შემდეგი  ეტაპებისაგან:
ა) დაცული ტერიტორიის აღწერილობითი ნაწილისა (ამ ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად) და სიტუაციური ანალიზის (ამ ბრძანების მე-7 მუხლის შესაბამისად) მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის შეგროვება;
ბ) დაცული ტერიტორიით დაინტერესებული მხარეების ანალიზი;
გ) მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის შემუშავება;
დ) დაცული ტერიტორიის გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა (ამ ბრძანების მე-6 მუხლის შესაბამისად);
ე) სიტუაციური ანალიზი (ამ ბრძანების მე-7 მუხლის შესაბამისად);
ვ) ეროვნული პარკის ან აღკვეთილის შემთხვევაში დაცული ტერიტორიების ზონირება (ამ ბრძანების მე-8 მუხლის შესაბამისად);
ზ) მენეჯმენტის გეგმის პროგრამების შემუშავება (ამ ბრძანების მე-10 მუხლის შესაბამისად);
თ) მენეჯმენტის გეგმის პროექტის შედგენა;
ი) დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა;
კ) მენეჯმენტის გეგმის საბოლოო პროექტის შეჯერება მინისტრისათვის წარსადგენად.

მუხლი 14. დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის მომზადებაში
1. მენეჯმენტის გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით იმ დონეზე და ფორმით, რაც აღნიშნულია მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გეგმაში. აღნიშნული გეგმა უნდა შემუშავდეს კონკრეტული დაცული ტერიტორიის მახასიათებლებისა და მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დაინტერესებული მხარეების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.
2. ინტენსიური მონაწილეობა აუცილებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ან სხვა დაინტერესებული მხარეები იყენებენ ან სარგებლობენ დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსებით ან ზეგავლენას ახდენენ დაცული ტერიტორიის ღირებულებებზე.

მუხლი 15. მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
ამ ბრძანების მე-13 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო განხილვების პროცედურები მოიცავს შემდეგს:
ა) სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მენეჯმენტის გეგმის პროექტის გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე  და განათავსოს განცხადება მენეჯმენტის გეგმის პროექტის გამოქვეყნებისა და შენიშვნების წარდგენის პროცედურების შესახებ  შესაბამის მედიასაშუალებებში;
ბ) დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მენეჯმენტის გეგმის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები წარმოადგინოს მენეჯმენტის გეგმის პროექტის გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
გ) სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საჯარო განხილვის შეხვედრის დანიშვნა მენეჯმენტის გეგმის პროექტის გამოქვეყნებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.