დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2044-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 080140000.05.001.017342 |
|
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;“; ბ) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 15 წლით. 4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ან ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას. 5. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისას შესაბამისი ორგანო ვალდებულია მიუთითოს ამ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 15 მარტიდან. |
ქუთაისი, 5 მარტი 2014 წ. N2044-IIს |
დოკუმენტის კომენტარები