შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • Word
შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1016
30/07/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 30/07/2010
000000000.00(0).000.000000
შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/07/2010 - 14/09/2011)

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1016

2010 წლის 30 ივლისი

. თბილისი

შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური

 

 

შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) წარმოადგენს პრინციპებს, რომლებიც არეგულირებს შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლების (შემდგომში – შიდა აუდიტორები) ქცევის წესს სახელმწიფო შიდა აუდიტის საქმიანობის განხორციელების პროცესში, აგრეთვე განსაზღვრავს შიდა აუდიტის სუბიექტისა და სსიპ – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ურთიერთობის ძირითად პრინციპებს.

2. ამ კოდექსის მიზანია შიდა აუდიტის საქმიანობაში მაღალი ეთიკური კულტურის დამკვიდრება და შიდა აუდიტორთა მიერ პროფესიული ვალდებულებების სრულყოფილად და ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა.

3. ეს კოდექსი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო შეთანხმებებს, საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს კანონს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ~ და საერთაშორისო შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის პრინციპებსა და ნორმებს.

    მუხლი 2

ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონში გამოყენებულ ტერმინებს.

    მუხლი 3

1. კოდექსში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვა სავალდებულოა ყველა შიდა აუდიტორისათვის მათ მიერ შიდა აუდიტის განხორციელების პროცესში.

2. ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის კონტროლს ახორციელებს ცენტრი.

3. ამ კოდექსთან დაკავშირებული რაიმე სახის გაურკვევლობის ან/და შიდა აუდიტორსა და შიდა აუდიტის ობიექტის უფროსს ან/და თანამშრომელს შორის შიდა აუდიტის პროცესთან დაკავშირებული კონფლიქტის (წინააღმდეგობის) არსებობის შემთხვევაში, შიდა აუდიტორი ვალდებულია, ეს ფაქტი შეატყობინოს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, მოახდინოს ცენტრის ინფორმირება.

თავი II

ურთიერთობა ცენტრთან

    მუხლი 4

1. ცენტრის მიზანია დაწესებულებებში შიდა აუდიტის სუბიექტების საქმიანობის ხარისხის კონტროლი და კოორდინაცია, შიდა აუდიტორთა პროფესიული უნარების ამაღლება.

2. ცენტრი ახორციელებს:

ა) შიდა აუდიტის სუბიექტების მიერ შიდა აუდიტის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს;

ბ) შიდა აუდიტორთა მიერ შიდა აუდიტის პროცესში ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის წესებისა და პრინციპების დაცვის კონტროლს;

გ) შიდა აუდიტის პროცესში შიდა აუდიტორთა დამოუკიდებლობის დაცვის კონტროლს.

3. შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ რისკის მართვის პროცესში გამოყენებული სათანადო კონტროლისა და მართვის მეთოდების გაანალიზების მიზნით ცენტრისათვის ხელმისაწვდომია შიდა აუდიტის სუბიექტებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია და პროცესი.

4. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გააჩნია დაშვება სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ ინფორმაციასთან.

5. ცენტრი შეიმუშავებს კითხვარს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის შესახებ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის დასადგენად.

6. ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და ქცევის წესების შესრულების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია:

ა) დანიშნოს გასაუბრება შიდა აუდიტორთან ან/და შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომელთან;

ბ) მიიღოს მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია ცენტრისათვის მისაღები ფორმით;

გ) მოსთხოვოს შიდა აუდიტორებს, თავი შეიკავონ არაკეთილსინდისიერი და არამართლზომიერი ქმედების განხორციელებისაგან.

    მუხლი 5

1. ამ კოდექსით დადგენილი პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად შიდა აუდიტორი ვალდებულია:

ა) ჯეროვნად შეასრულოს ცენტრის მიერ შემუშავებული ინსტრუქციები;

ბ) შეასრულოს მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება განსაზღვრულ დროში;

გ) უარი თქვას ისეთ ქმედებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კოდექსს, ამ კოდექსით დაცულ ეთიკურ ღირებულებებსა და საქართველოს კანონმდებლობას.

2. შიდა აუდიტის სუბიექტი ვალდებულია:

ა) ყოველკვარტალურად აწარმოოს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშგება და წარუდგინოს იგი ცენტრს;

ბ) ყოველთვიურად მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია მის მიერ შემოწმებული აუდიტის ობიექტების შესახებ;

გ) დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, აცნობოს ცენტრს შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და ამ კოდექსის დარღვევის ფაქტების შესახებ.

    მუხლი 6

იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის სუბიექტი უარს აცხადებს, მიაწოდოს ცენტრს გამოთხოვილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ან/და განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულება, ცენტრი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს მთავრობას.

თავი III

შიდა აუდიტორთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები და წესები

    მუხლი 7

 პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას შიდა აუდიტორი ვალდებულია, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:

ა) კანონიერება;

ბ) ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;

გ) საჯაროობა და გამჭვირვალობა;

დ) პროფესიონალიზმი.

მუხლი 8

1. შიდა აუდიტორის ნდობა ეფუძნება პირად ღირსებას, პატიოსნებასა და ობიექტურობას.

2. იმ მიზნით, რომ ეჭვქვეშ არ დადგეს აუდიტორის დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და ობიექტურობა, იგი კეთილსინდისიერად და პირნათლად უნდა ასრულებდეს სამსახურებრივ მოვალეობებს.

3. შიდა აუდიტორი ვალდებულია:

ა) განახორციელოს პროფესიული მოვალეობა ჯეროვნად, პატიოსნად და პასუხისმგებლობით;

ბ) იმოქმედოს კანონისა და ამ კოდექსის ქცევის წესებისა და პრინციპების შესაბამისად;

გ) თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი პროფესიული საქმიანობის ან/და დაწესებულების დისკრედიტაცია;

დ) ჩამოაყალიბოს პირადი მოსაზრებები და გააკეთოს დასკვნები საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

    მუხლი 9

1. შიდა აუდიტორს უნდა გააჩნდეს პროფესიული ობიექტურობის მაღალი დონე. შიდა აუდიტორი თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, რაც გულისხმობს, რომ არ უნდა არსებობდეს ზეგავლენა შიდა აუდიტორზე აუდიტის დასკვნისა თუ რეკომენდაციების შემუშავებისას. შიდა აუდიტორი ვალდებულია, დაეყრდნოს მხოლოდ აუდიტორულ მტკიცებულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის შიდა აუდიტორი ვალდებულია:

ა) იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მოპოვების პროცესში;

ბ) განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი არსებული სისტემის შესაფასებლად;

გ) იყოს ობიექტური აუდიტორული ანგარიშის მომზადებისას;

დ) თავისი პროფესიული საქმიანობა განახორციელოს ყოველგვარი გავლენისა და ზეწოლისაგან დამოუკიდებლად;

ე) დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა პოლიტიკური თუ სხვა სახის ზეგავლენისაგან;

ვ) თავი შეიკავოს ისეთი ქმედების ან ურთიერთობისაგან, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს მის დამოუკიდებლობაზე.

    მუხლი 10

1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, გაამჟღავნოს ან პირადი ან/და სხვა მიზნებისათვის გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის შიდა აუდიტორი ვალდებულია:

ა) დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მოპოვებულ იქნა შემოწმების პროცესში. მას უფლება არა აქვს, გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები საკუთარი ინტერესებისათვის ან სხვა შემთხვევებში, რომლებიც წინააღმდეგობაში მოვა შიდა აუდიტის მეთოდოლოგიით, ამ კოდექსითა და შიდა აუდიტის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) უზრუნველყოს პროფესიული საქმიანობის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის დაცვა;

გ) აცნობოს შესაბამის უწყებას შიდა აუდიტის წარმართვის პროცესში ნებისმიერი ხელისშემშლელი გარემოების შესახებ;

დ) დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

    მუხლი 11

1. შიდა აუდიტორმა მასზე დაკისრებული მოვალეობა უნდა განახორციელოს მაღალპროფესიულ დონეზე. ამისათვის მას უნდა გააჩნდეს ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომლებიც საჭიროა შიდა აუდიტის კვალიფიციურად ჩატარებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის შიდა აუდიტორი ვალდებულია:

ა) გამოიყენოს თავისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომლებიც სავალდებულოა შიდა აუდიტის განსახორციელებლად;

ბ) მუდმივად ზრუნავდეს თავისი ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაზე, პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) განახორციელოს შიდა აუდიტი შიდა აუდიტორთა სტანდარტების, დარგობრივი კანონმდებლობისა და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად.

თავი IV

ინტერესთა კონფლიქტი

    მუხლი 12

1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, საკუთარი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს სამსახურებრივი ინტერესების გარდა სხვა მიზნებისათვის ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

 2. შიდა აუდიტორი, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტს და გააჩნია რაიმე პირადი ინტერესი, ვალდებულია, თვითაცილების საფუძვლის შეტყობისთანავე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. თვითაცილების საფუძვლებია:

ა) შიდა აუდიტორის მიერ იმავე შიდა აუდიტის ობიექტში, იმავე საკითხზე ადრე ჩატარებული შიდა აუდიტი;

ბ) შიდა აუდიტის ობიექტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობის ფაქტი, შიდა აუდიტის საგანთან დაკავშირებულ საქმიანობაში დაინტერესებულ პირად ყოფნა;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 4. შიდა აუდიტორი ვალდებულია, დაიცვას პირადი დამოუკიდებლობა და აღმოფხვრას შესაძლებელი ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საჩუქრების ან სხვა სარგებლის მიღების საფუძველზე, რამაც შეიძლება იმოქმედოს შიდა აუდიტორის ობიექტურობაზე ან არასწორად გაგებულ იქნეს, როგორც ზემოქმედება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

 5. ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ და სხვა სამართლებრივი აქტები.

თავი V

ურთიერთობის ეთიკა

    მუხლი 13

1. თუ შიდა აუდიტორი ვერ განმარტავს ამ კოდექსით განსაზღვრულ რომელიმე ნორმას ან თვლის, რომ მისი შინაარსი ბუნდოვანი ან/და ორაზროვანია, ან არ ეთანხმება მას, იგი უფლებამოსილია, კონსულტაციისათვის მიმართოს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს, რომელიც ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს ცენტრს.

2. ცენტრს ევალება შიდა აუდიტორთა პრინციპებისა და ეთიკის წესების განმარტება.

3. შიდა აუდიტორი, რომელიც შეამჩნევს მისი კოლეგის მიერ ეთიკის პროფესიული ქცევის პრინციპების დარღვევას, ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს ცენტრს.

4. შიდა აუდიტორმა უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელი პრინციპებისა და ნორმების დაცვით.

5. შიდა აუდიტორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ცენტრთან ეთიკის საკითხების კონტროლისა და ხელშეწყობისათვის.

6. შიდა აუდიტორი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გაუწიოს პროფესიული და კვალიფიციური დახმარება იმ კოლეგებს, რომელთაც ეს ესაჭიროებათ.

    მუხლი 14

შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ვალდებულია, გააცნოს ეს კოდექსი მესამე პირს, თუკი იგი რაიმე სტატუსით მონაწილეობს შიდა აუდიტის პროცესში. მესამე პირი ვალდებულია, ხელმოწერით დაადასტუროს ამ კოდექსის დებულებების გაცნობის ფაქტი.

    მუხლი 15

შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ვალდებულია, უზრუნველყოს შიდა აუდიტის სუბიექტში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლის მიერ წერილობითი თანხმობის გაცემა ინტერესთა დეკლარაციაზე და შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან თანხმობის ან/და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის აქტზე, რომლის ფორმასაც ამტკიცებს ცენტრის უფროსი და რითაც დადასტურდება ამ კოდექსის ოფიციალური გაცნობის ფაქტი.

    მუხლი 16

გარდამავალი ეტაპისათვის (შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების ჩატარებამდე) ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება შიდა აუდიტის სუბიექტის ყველა თანამშრომელზე, მიუხედავად იმისა, გააჩნია თუ არა მას შიდა აუდიტორის სტატუსი.