ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.016289
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
165
28/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
310060000.22.034.016289
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/02/2014 - 18/09/2014)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №165

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის, 314-ე მუხლის მე-7 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-6 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, 

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული რედაქციით ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას. 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ .
მუხლი 3
ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალების უკანა საქარე მინაზე და საბარგულის მხარეს განთავსებულ უკანა გვერდით მინებზე, აგრეთვე მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მგზავრთა გადასაყვანი მესამე და მეტი რიგის არსებობის შემთხვევაში – მესამე და მეტი რიგის მინებზე.

3. სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია.            


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40%–ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75%–ზე მეტი ოდენობით;

ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები; საინკასაციო სამსახურები;

გ) თანხმობა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილობითი თანხმობა საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.


მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას 
საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე –  75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.

მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე თანხმობის გაცემა
1. აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს   ტერიტორიაზე მოძრაობა, რომლის მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი თანხმობა, ან სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობა შეზღუდულია ფარდით ან სხვა ამგვარი საშუალებით.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა:

ა) საქართველოს მთავრობის წევრებისა და იმ თანამდებობის პირების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დაცვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო;

ბ) სპეციალური სამსახურების მფლობელობაში არსებულ ოპერატიული ან სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზეც შეიძლება გაიცეს დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა. აღნიშნული თანხმობის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა წარედგინოს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიმართვა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი (შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული და სპეციალური სამსახურების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ვრცელდება დამუქებული მინების გამოყენების ზოგადი წესი). 

4. თანხმობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა უფლებამოსილმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა მიმართოს  წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი), რომელიც ისარგებლებს დამუქებული მინებით;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მინების დამუქების საჭიროების დასაბუთება;

გ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება ოპერატიული ან სპეციალური დანიშნულების მიზნით.

5. წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თანხმობას გასცემს წერილობითი  მიმართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.  

7. თანხმობა გაიცემა ერთი წლის ვადით.

8. განსაკუთრებულ შემთხვევებში თანხმობა შეიძლება გაიცეს იმ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-4 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტებით. 

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში თანხმობის გაცემის დამატებითი მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 


მუხლი 5. თანხმობის გაუქმების საფუძვლები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული თანხმობა უქმდება, თუ:

ა) გასხვისდება ავტოსატრანსპორტო საშუალება;

ბ) გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების საფუძველი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების თანხმობა გაუქმდეს დაუყოვნებლივ.

 


მუხლი 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების შემოწმება 
ავტოსატრანსპორტო საშუალების დამუქებული მინების შუქგამტარობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, მინების შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოს მეშვეობით.