იძულებით გადაადგილე¬ბულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილე¬ბულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016593
  • Word
257
13/02/2014
ვებგვერდი, 24/02/2014
000000000.00.003.016593
იძულებით გადაადგილე¬ბულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №257

2014 წლის 13 თებერვალი

 ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილე­ბულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე– 5 მუხლის „ფ“ ქვეპუნტისა და საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2012 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ფინანსური შეთანხმების (კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის და ადგილობრივი თემის დახმარება CRIS გადაწყვეტილების ნომერი: ENPI/2011/22-671) შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა სოციალურ– ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „იძულებით გადაადგილე­ბულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია“.

 

პრემიერ-მინისტრი               ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი

 

იძულებით გადაადგილე­ბულ პირთათვის –  დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია

1. პრეამბულა

„იძულებით გადაადგილებულ პირთათვის –  დევნილთათვის საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში –  საარსებო წყაროების სტრატეგია) აყალიბებს სამთავრობო, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან ხედვას, მიმართულებებს და პრინციპებს საქართველოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა (შემდგომში –  დევნილთა) სოციალურ– ეკონომიკურ პირობების გაუმჯობესებისა და მათი ქვეყნის ეკონომიკური ზრდაში ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6.1%– ს წარმოადგენს დევნილი მოსახლეობა. ეს სტრატეგია შემუშავებულია დევნილებისთვის, რომ მათ შეძლონ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება, ასევე თავიანთი წვლილი შეიტანონ და სარგებელი მიიღონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებიდან.

დევნილთა საარსებო წყაროებით მხარდაჭერის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისათვის, სტრატეგია ადგენს ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებს, რომლითაც იხელმძღვანელებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში –  სამინისტრო) ინიციატივით შემუშავდა წინამდებარე სტრატეგია, რომელიც ეფუძნება დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციებს.

საქართველოში, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, დევნილთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 246 606 პირი (82 605 ოჯახი).[1] საარსებო წყაროების სტრატეგიის მიზანია დევნილთა სოციალური და ეკონომიკური განვითარება მათი და მასპინძელი თემების პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობის გზით. სტრატეგიის განხორციელების ვადა განისაზღვრება 4 წლით. მოცემული სტრატეგიის საფუძველზე დამტკიცდება ასევე სამოქმედო გეგმა, რომელიც განახლდება ყოველწლიურად.

2. საარსებო წყაროების განსაზღვრება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული რამდენიმე განსაზღვრება არსებობს. მოცემულ დოკუმენტში გამოყენებულია

ფრანკენბერგერის (1996)[2] განსაზღვრება, რომლის მიხედვით:

წინამდებარე სტრატეგიის მიზნებისათვის, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა გულისხმობს ადეკვატურ და მდგრად ხელმისაწვდომობას შემოსავლებზე და რესურსებზე საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (მათ შორის ადეკვატური ხელმისაწვდომობა საკვებზე, სასმელ წყალზე, სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე, საცხოვრებელზე და თემის ცხოვრებაში მონაწილეობასა და სოციალურ ინტეგრაციაზე).

3. სტრატეგიის ზოგადი პრინციპები

3.1. წინამდებარე საარსებო წყაროების სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობისა და „ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ“ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

3.2. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის ადგენს, რომ დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის ყოველთვიური შემწეობა და სოციალური და სხვა დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ისარგებლოს დროებითი საცხოვრებლით, მიიღოს უფასო ზოგადი განათლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიიღოს დახმარება დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

საარსებო წყაროების სტრატეგია შემუშავდა ქვემოთ მოყვანილ სახელმძღვანელო პრინციპებთან თანხვედრაში, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სტრატეგიის განხორციელებისას. კერძოდ:

დისკრიმინაციის თავიდან არიდება და ადეკვატური ცხოვრების უფლება;

სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების, პროვაიდერებისა და დონორების მიერ გაწეული დახმარების დუბლირების თავიდან არიდება;

საარსებო წყაროების ერთჯერადი არაკოორდინირებული ინტერვენციების თავიდან არიდება;

პროგრამების სისტემური და კოორდინირებული განვითარების გზით დევნილთა სახელმწიფოზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება და მათი თვითკმარობის უზრუნველყოფა;

ადამიანთა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინება (მონაწილეობა, ასაკი, გენდერი და განსხვავებულობა, და სხვა);

პროგრამების ისეთი ფორმით განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასა და მასპინძელ თემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ან ინტეგრაციას;

ზიანი არ უნდა მიადგეს გარემოს;

სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;

შედეგებისა და გავლენის რეგულარული მონიტორინგი და პერიოდული შეფასება;

კონკრეტულ ადგილებზე და სამიზნე ჯგუფებზე მორგებული გადაწყვეტილებები;

კერძო სექტორის (ბიზნესები) და მასპინძელი თემების ჩართვა;

საარსებო წყაროების საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება;

პროგრამების დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესში დევნილთა მუდმივი წარმომადგენლობა ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე.

4. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან კავშირი

წინამდებარე სტრატეგია ეფუძნება „იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა“ (შემდგომში სახელმწიფო სტრატეგია) და „იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში –  სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა) მე-3 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს დევნილი მოსახლეობის სოციალურ– ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საარსებო წყაროებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის სტრატეგიის შემუშავებას.

დევნილთა ინტეგრაცია, რომელიც წარმოადგენს გრძელვადიან გადაწყვეტას, არის მთავარი მიზანი, რაც სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით არ არის ურთიერთგამომრიცხავი დაბრუნებასთან მიმართებაში. აღნიშნული მიზნის ფარგლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა ასახავს სამ ძირითად ამოცანას:

1. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი განსახლების საფუძველზე;

2. დევნილთა სოციალურ– ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება;

3. საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა და ადგილობრივი თემის ცნობიერების დონის ამაღლება დაგეგმილი საქმიანობების შესახებ და დევნილთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო სტრატეგიის 2012– 14 წლის სამოქმედო გეგმამ დევნილთა მდგრადი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, მიზნად დაისახა დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის სტრატეგიის შემუშავება. მანამდე არსებული მიდგომით, როცა დევნილთა სახელმწიფო დახმარება ძირითადად შემოიფარგლებოდა დევნილის შემწეობის გაცემითა და კომუნალური გადასახადების დაფარვით, დევნილები სრულად დამოკიდებულნი იყვნენ კერძო სექტორზე/არასამთავრობო ორგანიზაციებზე საარსებო წყაროების უზრუნველყოფის საკითხში. სამთავრობო დაწესებულებებმა ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების საჭირო მხარდაჭერა.

სტრატეგიის განხორციელებისას აუცილებელია მჭიდრო კავშირი სხვა სტრატეგიებთან და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებთან (მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგია, რეგიონული განვითარების სტრატეგია, რეგიონების განვითარების სტრატეგიები და სხვა).

5. დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში არსებული ხარვეზები და შესაძლებლობები

5.1. დევნილთათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმდინარე და წინა პოლიტიკა და პროგრამები

დევნილთა სოციალურ– ეკონომიკური ინტეგრაცია, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, გულისხმობს დევნილთა ინტეგრაციას მათ დროებით საცხოვრებელ ადგილას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისა და დევნილთა სოციალური პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზით. სახელმწიფო სტრატეგიის განხორცილების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დევნილთა საარსებო წყაროების პროექტების განხორციელება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საშუალებას იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სიღარიბის დაძლევისა და დევნილთა დროებით საცხოვრებელ ადგილზე მდგრადი ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის, რომელმაც განსახლებასთან ერთად უნდა შექმნას დევნილთა თვითკმარობის მიღწევისათვის საჭირო გარემო.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრატეგიისა და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები, არ არსებობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად ერთიანი პროგრამა და პოლიტიკა მათი საარსებო წყაროებით მხარდაჭერის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისა და დაგეგმვის მიზნით.

დღემდე არსებულმა მიდგომამ, როდესაც საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი პოლიტიკა არ ხორციელდებოდა ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში, არ არსებობდა სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა ძირითად პრინციპებსა და მიდგომებს დევნილთა სოციალური-ეკონომიკური ინტეგრაციის ღონისძებების დაგეგმვისას (გარდა დევნილის შემწეობასა და კომუნალურ გადასახადების) და ძირითადად არასამთავრობო სექტორის მიერ ხორციელდება ზემოაღნიშნული ღონისძიებები სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზების საჭირო მხარდაჭერა.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაისახა ახალი ამოცანა დევნილთა სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში: შემუშავდეს დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებას ხელს შეუწყობს სამინისტროს მიერ შექმნილი –  საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ-ი) „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ (შემდგომში სააგენტო).

მსოფლიო ბანკის 2013 წლის ანგარიშში საქართველოში დევნილთა საარსებო წყაროების შესახებ აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შემდეგი ფორმა ჰქონდათ:

● დონაცია –  არაფინანსური რესურსი, როგორიცაა მანქანა– დანადგარები და პირუტყვი სოფლის მეურნეობის ნაწარმის გასაზრდელად და ოჯახის კვებით უზრუნველსაყოფად.

● განათლება –  პროფესიული ტრენინგები დევნილთა ცოდნის და უნარების გასაუმჯობესებლად, რომ უკეთ მოახერხონ შრომით ბაზარზე გასვლა.

● ფინანსური სერვისები –  სუბსიდირებულ კრედიტსა და გრანტზე წვდომა ბიზნეს- განვითარებისთვის დევნილისა და მასპინძელი თემებისთვის.

● თემის მობილიზაცია –  თემთა შესაძლებლობის გაძლიერება, რომ ერთობლივი ქმედებით გაუმჯობესდეს მათი საარსებო წყაროები.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ქმედებებისა, დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და ხარვეზები.

5.2. ხარვეზები დევნილთა საარსებო წყაროების პროგრამებში

სექტორის მართვა: სექტორის მართვის თვალსაზრისით არ არსებობს საარსებო წყაროების პროგრამების დაგეგმარების, კოორდინირების და განხორციელების სახელმწიფო ინსტრუმენტი. არ არსებობს აგრეთვე ფორმალური გრძელვადიანი ხედვა, რომელიც გააერთიანებს სამთავრობო უწყებების, დონორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილთა ძალისხმევას და შექმნის გარემოს ანალიზისთვის, დაგეგმვისა და დახმარების უზრუნველყოფისთვის. საარსებო წყაროების პროექტები ხორციელდებოდა და განაგრძობს განხორციელებას სამთავრობო სტრატეგიისა და გრძელვადიანი დაგეგმარების გარეშე.

მონაცემთა ხელმისაწვდომობა: კონტროლს დაქვემდებარებული საბაზისო მონაცემები იშვიათია, რთულია ასევე შედეგების ანალიზი და დევნილებზე გამიზნული სახელმწიფო სტრატეგიის მიზნების შესრულების საბოლოო შეფასება. გარდა ამისა, სსიპ –  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ ახდენს დევნილთა როგორც ცალკე ჯგუფის მონაცემთა სეგრეგირებას და სამინისტროს მონაცემები მხოლოდ საცხოვრებელი ადგილითა და განსახლების მონაცემებით შემოიფარგლება. ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი ანალიზის განხორციელება კონკრეტული შემთხვევების შესწავლითა და მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით.

სახელმწიფო დახმარება: სახელმწიფო დახმარების სხვადასხვა პროგრამებიც საჭიროებს მნიშვნელოვან კორექტივებს. კერძოდ, დევნილთა ყოველთვიური შემწეობა სტაბილურად გაიცემა, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა დევნილთა უმრავლესობისთვის. თუმცა, საჭიროა ეს სისტემა დაიხვეწოს, გახდეს უფრო ეფექტური და სამართლიანი და გაითვალისწინოს სხვადასხვა სოციალურ– ეკონომიკური განვითარების დონეზე მყოფ დევნილთა განსხვავებული საჭიროებები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დევნილებისათვის სოციალური დახმარების გაცემის საკითხი. კერძოდ, პრაქტიკაში მრავლად არის შემთხვევები, როცა დევნილები უარს აცხადებენ გრანტის მიღებაზე სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით. ეს არასათანადო ინფორმირებულობის და ასევე სისტემაში არსებული ხარვეზების შედეგია. გამომდინარე აქედან, სოციალური დახმარების გაწევის სისტემა საჭიროებს შემდგომ დახვეწას და განვითარებას.

დევნილთა საარსებო წყაროების შემაფერხებელი ფაქტორები: მიუხედავად დევნილთა საარსებო წყაროების მიმართულებით სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორების მნიშვნელოვანი აქტივობებისა, დევნილთა დამოკიდებულება სახელმწიფო დახმარებაზე კვლავ რჩება მწვავე საკითხად.

მსოფლიო ბანკის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც ეხება დევნილთა საარსებო წყაროების პრაქტიკასა და გამოცდილებას, დევნილთათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას აფერხებს შემდეგი ფაქტორები:

● შეზღუდული ხელმისაწვდომლობა სამეურნეო დანიშნულების მიწასა და ფინანსური რესურსები;

● მწირი სოციალური კაპიტალი;

● შესაბამისი უნარების არქონა;

● ფსიქოლოგიური ფაქტორები;

● სარგებელსა და დახმარებაზე დამოკიდებულება;

● უკიდურესად მოწყვლადი დევნილების შეზღუდული უზრუნველყოფა.

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის[3] მიხედვით 1990– ნი წლების შემდეგ 245,000 დევნილისგან 45 პროცენტმა ვერ გაიუმჯობესა სოციალურ– ეკონომიკური მდგომარეობა. იგივე კვლევა აღწერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, გარკვეული თვალსაზრისით დევნილები იმყოფებიან უკიდურეს სიღარიბეში, რომლის შესუსტებაც მეტად რთულია. დევნილების 17.2 პროცენტი აცხადებს, რომ ისინი სისტემატურად შიმშილობენ ან არ შეუძლიათ ნორმალური საკვები რაციონით უზრუნველყოფა; დევნილების 48.1 პროცენტი აცხადებს, რომ მათი შემოსავალი მხოლოდ საკვების შესაძენად არის საკმარისი; ხოლო დევნილების მხოლოდ 17.3 პროცენტი მიიჩნევს საკუთარ ეკონომიკურ პირობებს როგორც საშუალოს ან საშუალოზე უკეთესს[4] .

დევნილთა სიღარიბე განპირობებულია სოციალურ, მატერიალურ და ფინანსურ რესურსებზე ხელმიუწვდომლობით. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ ფიზიკურ რესურსებზე დევნილებს გაცილებით ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ. მაგალითად, დევნილების 85 პროცენტი არ ფლობს საკუთრებაში მიწის ნაკვეთს, მაშინ როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის 42 პროცენტს გააჩნია ეს პრობლემა. ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 5.9 პროცენტს არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი, მაშინ როდესაც დევნილ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 63.5 პროცენტს შეადგენს.

6. საარსებო წყაროების სტრატეგიის ხედვა, მიზნები და ამოცანები

დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს დევნილი ოჯახების და თემების თვითკმარობისა და სოციალურ– ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას მათთვის შესაბამისი რესურსებისა და უნარების მიწოდების გზით.

სტრატეგია დევნილთათვის საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის ადგენს ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებს, რომლითაც იხელმძღვანელებენ დევნილთა სამინისტრო, სხვა შესაბამისი სამინისტროები, საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტების სხვა განმახორციელებლები და დონორები. სტრატეგიამ ასევე უნდა წაახალისოს კერძო სექტორის მობილიზება და მათი მაქსიმალური ჩართულობა პროცესში.

სტრატეგიის განხორციელება მოხდება საარსებო წყაროების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად საარსებო წყაროების მიმართულებით აქტივობების ვადებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

6.1. სტრატეგიის ხედვა

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მდგრადობა უზრუნველყოფილია და დევნილები დამოუკიდებლად ინარჩუნებენ და იუმჯობესებენ ღირსეულ საცხოვრებელ და საარსებო პირობებს. დევნილები ინტეგრირებულნი არიან მასპინძელ თემებში, მათ ხელი მიუწვდებათ ფინანსურ, სოციალურ და მატერიალურ რესურსებზე და მათი საარსებო წყაროები გაძლიერებული და სიცოცხლისუნარიანია. დევნილები არ არიან დამოკიდებულნი სახელმწიფო დახმარებაზე და დევნილთა თვითკმარობა მიღწეულია.

6.2. სტრატეგიის მიზანი

საარსებო წყაროების სტრატეგიის მიზანია დევნილთა სოციალური და ეკონომიკური განვითარება სახელმწიფო უწყებების, დონორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო (ბიზნეს) სექტორის ერთობლივი ძალისხმევით დევნილების და მათი მასპინძელი თემების პოტენციალის რეალიზაციისათვის შესაძლებლობების შექმნის გზით. აღნიშნული მიზანი ხელს შეუწყობს დევნილთა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლას და მათი როლის გაზრდას ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაში.

6.3. სტრატეგიის გრძელვადიანი შედეგები

საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების კოორდინირებული და ეფექტური მექანიზმის ფუნქციონირება;

დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის სისტემატიზებული და განახლებადი მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა;

დევნილთა ცხოვრების დონის ამაღლება –  საარსებო წყაროების აქტივების გაძლიერება ადამიანური, სოციალური, ფიზიკური, ფინანსური კაპიტალის[5] ზრდით.

6.4. სტრატეგიის ამოცანები

საარსებო წყაროების სტრატეგია ზემოაღნიშნული ხედვის და მიზნის მისაღწევად ისახავს შემდეგ ამოცანებს:

ამოცანა I: დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სექტორის ეფექტური მართვა

დევნილთა საარსებო წყაროების სექტორის გაუმჯობესებული მართვა და კოორდინაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამების გაზომვადი შედეგების მიღწევასა და დევნილი თემებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაში. დევნილთა საარსებო წყაროების სექტორის მხარდასაჭერად და განსავითარებლად სტრატეგია უზრუნველყოფს შესაბამისი, ყოვლისმომცველი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას, რისთვისაც საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

1.1. სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ“ როგორც საარსებო წყაროების პოლიტიკის შემუშავების, მართვის, განვითარების და განხორციელების საკოორდინაციო მექანიზმმა, უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორის (ბიზნესის)[6] , არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის კონსოლიდირება;

1.2. დევნილთა და მასპინძელი თემების მნიშვნელოვანი ჩართულობა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში;

1.3. სააგენტოს მხარდასაჭერად შეიქმნას და განვითარდეს მმართველი საბჭო, რომელიც მხარს დაუჭერს სააგენტოს ეფექტურ ფუნქციონირებას და განვითარებას. საბჭოს ფუნქციები განისაზღვრება აგრეთვე ფინანსური რესურსების მოპოვებით როგორც დონორებისგან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საბჭო უზრუნველყოფს სააგენტოს დამოუკიდებლობასა და ავტონომიას მისი დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში;

1.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა საარსებო წყაროების პროგრამების/პროექტების მართვის, კოორდინაციისა და განხორციელებისათვის. სამინისტროს და სააგენტოს სტრატეგიის განხორციელების საწყის ეტაპზე დასჭირდებათ ტექნიკური დახმარება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. საჭირო დახმარება შესაძლოა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კვლევების დაგეგმარება, ჩატარება და ანალიზი, კვლევის საფუძველზე პროგრამების და პოლიტიკის დაგეგმარება და განხორციელება, თანამშრომელთა გადამზადება.

1.5 სტრატეგიაში და მისი განხორციელების პროცესში პოტენციური ხარვეზების გამოვლენა და მათი გამოსწორებისათვის საჭირო ქმედებათა ინიციირება;

1.6 საჭიროების მიხედვით პრაქტიკული და საკანონმდებლო და ნორმატიული ხასიათის ინიციატივების შეთავაზება სახელმწიფო უწყებებისთვის, როგორიცაა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სხვა.

ამოცანა II: მონაცემების მოპოვების, ანალიზის და გავრცელების ეფექტური მექანიზმის შექმნა

სტრატეგიის განხორციელებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები დაეფუძნება სათანადო მონაცემთა ანალიზსა და შეფასებებს. შესაბამისად, სააგენტო შეაგროვებს და დაამუშავებს მონაცემებს და სამინისტროს მეშვეობით ითანამშრომლებს პარტნიორ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან (ბიზნესი), რომ მოახდინოს სათანადო მონაცემების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით პოლიტიკის მიმართულებების გათვლა. აღნიშნული ამოცანის მისაღწევად სამინისტრო განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

2.1. სააგენტოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით დაადგენს მონაცემების საჭიროებას საარსებო წყაროების პოლიტიკის მიმართულებების შემუშავებისა და მათი სამოქმედო გეგმაში ჩართვისთვის. სამინისტრო ასევე ორგანიზებას გაუწევს მონაცემთა შეგროვებას, მოპოვებული მონაცემების დამუშავებას, აქტივობებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;

2.2. სტრატეგიის მოსალოდნელი შედეგების დაგეგმარებისათვის აუცილებელი საბაზისო მონაცემების (baseline) განსაზღვრა და საჭირო მონაცემების შეგროვება, დამუშავება, სისტემაში მოყვანა. მონაცემთა არარსებობის შემთხვევაში, პარტნიორებთან ერთად აღნიშნული მონაცემების მოპოვების უზრუნველყოფა შესაბამისი კვლევების ჩატარების გზით. მიღებული მონაცემების საფუძველზე პროგრამების დათვლადი შედეგების დაგეგმარება, პროგრამების განხორციელების შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების შეპირისპირება განხორციელებამდე არსებულ მონაცემებთან.[7]

2.3. დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგი, იმისათვის, რომ, დადგინდეს დამატებითი საჭიროებები, მოხდეს საუკეთესო ინტერვენციის პრაქტიკის ანალიზი, უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი განვითარება, განისაზღვროს ტენდენციები და გაუმჯობესდეს საარსებო წყაროების პროგრამები;

2.4. სტრატეგიის განხორციელების პროცესის ანალიზი, თუ რა მექანიზმები (სამართლებრივი, პროგრამული და სხვა) შეიძლება შეიქმნას და განვითარდეს, იმისათვის, რომ წახალისდეს კერძო სექტორის (ბიზნესის) ჩართულობა სტრატეგიის მიზნების მიღწევაში;

2.5. ინოვაციური მიდგომების ძიების მიზნით სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

ამოცანა III: საარსებო წყაროების პროგრამების იდენტიფიცირება, შემუშავება და განხორციელება

საარსებო წყაროების პროგრამების შემუშავება და დაგეგმვა მორგებული უნდა იყოს სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე და ეფუძნებოდეს ანალიზს. სტრატეგიისთვის ყველა დევნილი თანასწორია. შესაბამისად, პროგრამების დაგეგმარების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა საჭიროებების მქონე ყველა დევნილს.

მოცემული სტრატეგია სამიზნე ჯგუფებისათვის საარსებო წყაროების დაგეგმარებისას გამოიყენებს საერთაშორისო პრაქტიკით აპრობირებულ მიდგომას –  ფაზების მიდგომა (A phased approach to livelihood programing).[8] აღნიშნული მიდგომის მიხედვით, მთლიანი მიზნობრივი ჯგუფი სოციალურ– ეკონომიკური განვითარების დონის და მათთვის დამახასიათებელი კონტექსტის მიხედვით იყოფა ქვეჯგუფებად, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ფაზაში იმყოფებიან და შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ინტერვენციებს საჭიროებენ.

1. საარსებო წყაროების სტრატეგია სამიზნე ჯგუფებს –  ინდივიდები და დევნილი ოჯახები ან მათი გაერთიანებები, ახლადგანსახლებული დევნილები (გრძელვადიანმა განსახლებამ გამოიწვია მათი გარემოს შეცვლა) და მათი მასპინძელი თემები და განსაკუთრებით გაჭირვებული დევნილები –  განიხილავს ზემოაღნიშნული მიდგომით გათვალისწინებული სამი ძირითადი ფაზის მიხედვით:

2. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა –  მოიცავს საქმიანობებს, რომლებიც მიმართულია საკვებით, ჯანდაცვით და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფაზე. ამ კონტექსტისთვის დამახასიათებელი დევნილები არიან უკიდურესად გაჭირვებული პირები.

2. საარსებო წყაროების დაცვა –  გულისხმობს ოჯახის პროდუქტიული აქტივების ცვეთის თავიდან აცილებას, მათი საარსებო წყაროების დაცვით და გაძლიერებით. ამ ფაზაში მყოფ დევნილებს გააჩნიათ მცირე შემოსავლის გენერირების საშუალებები, თუმცა ასევე აქვთ პოტენციალი გაზარდონ საკუთარი ეკონომიკური აქტიურობა.

3. საარსებო წყაროების განვითარება –  ხასიათდება საქმიანობებით, რომლებიც მიმართულია არსებული საარსებო წყაროების აქტივების განვითარებაზე და მათი მდგრადობის ტრანსფორმაციაზე შემოსავლებში. ამ ფაზაში მყოფი დევნილები ცდილობენ შექმნან საარსებო წყაროების ალტერნატიული გზები და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

ქვემოთ მოყვანილია ის ძირითადი საქმიანობები, რომლებიც დამახასიათებელია ამ სამი ფაზისათვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საარსებო წყაროების დაგეგმვისას უნდა იყოს გამოყენებული როგორც პირდაპირი (მაგ. ტრენინგები, კრედიტები, გრანტები), ასევე არაპირდაპირი ინტერვენციები, რომელიც მიმართულია ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე, მაგალითად, სათანადო საჯარო პროგრამები, ეკონომიკური განვითარების ეროვნული და ადგილობრივი გეგმები, რაც ბაზრის გაზრდას შეუწყობს ხელს.

პირველი ფაზის –  უზრუნველყოფის, სამიზნე ჯგუფი წარმოდგენილი იქნება დევნილთა განსაკუთრებით გაჭირვებული კატეგორიით. მათთვის პროექტების დაგეგმვის და განხორციელების დროს განსაკუთრებით უნდა იყოს გამოყენებული საჭიროებებზე მორგებული მიდგომება. ეს არის შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით რთულია თვითკმარობის (მდგრადობის) მიღწევა. ეს არიან დევნილები, რომლებიც ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური და/ან სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ან არა აქვთ უნარი, ან არ არიან მოტივირებულები შექმნან საარსებო წყარო და უზრუნველყონ მათი მდგრადობა.

მათთან მუშაობა უნდა ითვალისწინებდეს ორ ტიპის ქვეკატეგორიას: 1) უკიდურესად გაჭირვებულები, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, მაგრამ ასევე გააჩნიათ ფსიქოლოგიური ბარიერი და შიში, და 2) უკიდურესად გაჭირვებულები, რომლებსაც არ გააჩნიათ ეკონომიკური აქტივობის პოტენციალი (ქრონიკულად ავადმყოფი და ა.შ.).

საარსებო წყაროების პროექტებმა არ უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებით გაჭირვებულისთვის სოციალური დახმარების ავტომატური შეწყვეტა, ვინაიდან პროექტის დასრულებამდე და დევნილ ოჯახის თვითკმარობის დადგომამდე გარდამავალ პერიოდში დევნილ ოჯახს სოციალური დაცვის კუთხით შესაძლოა იგივე საჭიროებები გააჩნდეს.

ეს საკითხი შესაძლოა იყოს შესაბამის სამინისტროებსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანი. ასევე შესაძლებელია მსჯელობა სოციალურად დაუცველებისთვის ქულების მინიჭების პროცესზე სამოქალაქო სექტორის მხრიდან მონიტორინგის ჩატარების თაობაზე.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი ინტერვენციები, რომლებსაც აღნიშნულ ფაზაში მყოფი დევნილთა კატეგორია საჭიროებს:

–  შესაძლებლობების ზრდა (სოციალური და ადამიანური კაპიტალი)

–  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა

–  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორიცაა მიკრო გრანტები (ხშირად არაფულადი სახის, აღჭურვილობა, სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთები)

–  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა.

მეორე ფაზა –  დაცვის ფაზა წარმოდგენილი იქნება დევნილთა იმ კატეგორიით, რომელსაც გააჩნია მინიმალური საარსებო წყაროები, მაგრამ ის არ არის მდგრადი. ამავე დროს დევნილებს გააჩნიათ ეკონომიკური პოტენციალი, რომლის დაცვა და გაძლიერება წარმოადგენს პრიორიტეტს მოცემულ კონტექსტში.

აღნიშნული ფაზისთვის დამახასიათებელი ძირითადი ინტერვენციები უნდა იყოს შემდეგი:

–  პროფესიული განათლება და გადამზადება

–  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა (უპროცენტო კრედიტები, გრანტები)

–  არაფულადი გრანტები, აღჭურვილობა, პირუტყვი

–  სოციალური და ადამიანური კაპიტალის გაზრდა (კავშირების დამყარება/გაძლიერება)

–  სასოფლო– სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა

–  სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამები სახელმწიფოს/ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ.

მესამე ფაზის –  განვითარების ფაზაში მოიაზრება იმ კატეგორიის დევნილები, რომლებსაც უკვე გააჩნიათ საარსებო წყარო, მაგრამ საჭიროებენ და დაინტერესებულნი არიან ალტერნატიული წყაროების შექმნაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და მდგრადს გახდის მათ საქმიანობას.

ამ ფაზისთვის აუცილებელია შემდეგი ინტერვენციები:

–  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა (დაბალპროცენტიანი კრედიტები, გრანტები)

–  სოციალური და ადამიანური კაპიტალის გაზრდა

–  ბიზნეს ინკუბატორების შექმნა

–  სოციალური საწარმოების შექმნა

–  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა (აგროკრედიტები/გრანტები, ფერმერთა მეურნეობა და ა.შ.)

–  ადგილობრივი ბაზრების დინამიკის ანალიზი;

კერძო სექტორის (ბიზნესისა და კერძო პირის) შესაძლებლობების შეფასება, მათი წახალისება დევნილებთან ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად.

სტრატეგიის წარმატებით განხორციელებისთვის შესაბამისი კონტექსტის შექმნა

მოცემული სტრატეგიის წარმატება განპირობებულია იმით, თუ რამდენად მოხდება მისი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებთან ინტეგრაცია და რა ხარისხით მოხდება განხორციელებული საარსებო წყაროების პროგრამების მონიტორინგი და შეფასება, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიის ეფექტურობის გაზრდას. სათანადო გარემოს შექმნისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი საკითხები:

დაგეგმარების დროს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის პერიოდული მონიტორინგი, ცალკეული ჩასახლებების ანალიზი (მათი ადამიანური, ბუნებრივი, მატერიალური რესურსები და ა.შ.);

ადგილობრივ მუნიციპალურ განვითარების გეგმებში დევნილთა საჭიროებების გათვალისწინება მათი ინტეგრაციის მიზნით (ახლად განსახლებული დევნილები, ამხანაგობების მხარდაჭერა და ა.შ);

მნიშვნელოვანია განხორციელდეს ხარჯვა-შედეგის ანალიზი, თუ რამდენად შესაძლებელია საარსებო წყაროების ხელშეწყობის პროექტების ფარგლებში გრძელვადიანი შედეგის მიღწევა;

ალტერნატივად მიჩნეული უნდა იყოს დევნილთა განსახლების სხვა პროექტებში ჩართვა ან რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებში ამ ჩასახლების პრიორიტეტულობის ასახვა;

დაუსაქმებელ დევნილ ახალგაზრდობას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება პროფესიული განათლების და დასაქმების მიმართულებით;

საარსებო წყაროების მოპოვების მდგრადი შესაძლებლობების შექმნისათვის კრიტიკულია დევნილთა მოტივაცია და მონაწილეობა. საჭიროა წარმატებული ისტორიების პოპულარიზაცია, დასაქმების პოზიტიური კულტურის დანერგვა.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება სტრატეგიის დაწყებისთანავე, ხელს შეუწყობს მის ეფექტურად განხორციელებას და შექმნის ამისთვის სათანადო გარემოს.

პროგრამული ინტერვენციების შედეგად მოსალოდნელია, რომ დევნილთა კონკურენტუნარიანობა გაიზრდება შრომის ბაზარზე, ისევე როგორც მათი დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობები; შემცირდება არსებული ბარიერები (ფინანსური, ფსიქოლოგიური და სხვა), რაც ხელს უშლის დევნილთა ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას. ასევე შეიქმნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით დევნილების ახლად განსახლების ადგილებში, სადაც მწირია ეკონომიკური აქტივობისთვის საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა.

7. კოორდინაციის მექანიზმები და ურთიერთანამშრომლობა სხვადასხვა მხარეებთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ითანამშრომლებს სხვა სამინისტროებთან, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სინერგია და სტრატეგიის განხორციელების დროს დევნილთა სასარგებლოდ გაერთიანდეს ყველა მხარის ძალისხმევა. კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება უწყებათაშორისი წარმომადგენლობითი საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა სამინისტროების, ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრების საშუალებით მოხდება სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე პროგრესის მიმოხილვა, სააგენტოს საქმიანობის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებთან შესაბამისობაში მოყვანა და ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების წამოჭრა შემდგომი რეაგირების მიზნით. სააკოორდინაციო ჯგუფი სხვა საკითხებთან ერთად იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:

გათვალისწინებული იქნება დევნილთა საჭიროებები და შეიქმნება სათანადო პირობები დევნილთა ჩართულობისათვის პროგრამებით დადგენილ აქტივობებში (სოფლის მეურნეობის სუბსიდიები და სერვისები, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კრედიტები, წარმოების წახალისება, ფერმერთა ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა და სხვა) სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით;

მიწებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის მდგრადობის გაზრდის მიზნით დევნილთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კოორდინაციით შეისწავლის დევნილებისათვის მათ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწების სხვადასხვა შესაძლო სამართლებრივი ფორმებით (საკუთრება, გრძელვადიანი იჯარა და სხვა) გადაცემის შესაძლებლობას;

რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების გეგმების ანალიზი, იმისათვის, რომ დადგინდეს დევნილებისთვის გათვალისწინებული შესაძლებლობები და წახალისდეს დევნილთა ჩართულობა იმ ლოკაციებში, სადაც დევნილები მძიმე მდგომარეობაში არიან;

საჭირო მონაცემების მოპოვების, დამუშავების და ანალიზის მიზნით სსიპ –  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და რესურსების და ძალისხმევის გაერთიანება;

საარსებო წყაროებისათვის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და შრომის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა დევნილთათვის სოციალური დახმარების შენარჩუნების სხვადასხვა მექანიზმებზე (იმ პერიოდში, როცა დევნილები საარსებო წყაროების პროგრამებში მონაწილეობენ).

ზემოთ მოყვანილი საკითხების განხილვა და გადაჭრა სტრატეგიის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. აღნიშნული საკითხების კოორდინირებულად გადაწყვეტა ხელს შეუწყობს დევნილთა ინტეგრაციას და მათ კეთილდღეობას.

8. სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

განხორციელება: სტრატეგია შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შესაბამის სამინისტროებთან, დონორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დევნილებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციით.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით სტრატეგიას განახორციელებს დევნილთა სამინისტრო საარსებო წყაროების სააგენტოს მეშვეობით. სტრატეგიის მიზნების ეფექტურად მისაღწევად დევნილთა სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე, თვითმმართველობებთან, დონორ, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სტრატეგიის დაფინანსება არის თანამშრომლობითი ძალისხმევა საქართველოს მთავრობის, დევნილთა სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების და საქველმოქმედო ორგანიზაციების მხრიდან.

მონიტორინგი და შეფასება: სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება განხორციელდება სამინისტროს დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს და დამოუკიდებელი გარე შემფასებლების მიერ, რომლებიც ანგარიშს წარუდგენენ საქართველოს მთავრობას. დონორებს (ფინანსური კონტრიბუციის გამწევებს) ექნებათ უფლება, განახორციელონ ფინანსური აუდიტი და მოახდინონ მათ მიერ გაცემული თანხების შედეგების შეფასება.

საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმა განახლდება ყოველწლიურად, რომ სტრატეგია იყოს რელევანტური და განხორციელებადი.

სტრატეგიის რელევანტურობის მონიტორინგი განხორციელდება დევნილთა სამინისტროს მიერ სხვა სამინისტროების ჩართულობით. ამ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება შესაძლო ხარვეზები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში დევნილთა სამინისტრო გამოვა სამართლებრივი/საკანონმდებლო ინიციატივებით.

საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამების გრძელვადიანი შედეგები შესაძლებელია შეფასდეს შემდეგი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით:

–  დევნილთა ხელმისაწვდომობა ხარისხიან სოციალურ მომსახურებაზე (განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.) გაზრდილია;

–  დევნილთა მონაწილეობა სხვადასხვა სოციალურ გაერთიანებებში გაზრდილია;

–  დევნილთა ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე გაზრდილია;

–  დევნილთა კაპიტალიზაცია (მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, პირუტყვი, ა.შ.) გაზრდილია;

–  დევნილთა თემების ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებულია;

–  დევნილთა დასაქმება გაზრდილია;

–  დევნილთა თვითდასაქმება გაზრდილია;

–  დევნილთა ხელმისაწვდომობა საერთაშორისო შრომის ბაზარზე გაზრდილია;

–  დევნილთა სამეწარმეო ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია;

–  დევნილთა საწარმოების წილი მთლიან შინა პროდუქტში გაზრდილია;

–  დევნილთა მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მოგების მაჩვენებელი გაზრდილია;

–  დევნილთა შემოსავლები გაზრდილია;

–  დევნილთა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები/საფრთხეები შემცირებულია;

–  დევნილთა სიღარიბე შემცირებულია;

–  დევნილთა ეკონომიკური დამოკიდებულება სახელმწიფოზე შემცირებულია;

–  სახელმწიფო იღებს სარგებელს დევნილთა ეკონომიკური საქმიანობიდან.

–  მნიშვნელოვანია მაჩვენებლების რეგულარული (საწყისი, შუალედური, საბოლოო) მონაწილეობრივი მონიტორინგი და შეფასება, სადაც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარე. შეფასების შედეგები უნდა იყოს საჯარო და შესაბამისი ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იქნეს ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

აგრეთვე, საარსებო წყაროების ნებისმიერი პროგრამის დამტკიცებამდე მნიშვნელოვანია გაკეთდეს საპროგნოზო SROI (Social Return on Investment – სოციალური შემოსავალი კაპიტალდაბანდებიდან) ან სხვა ტიპის ანალიზი, რომელიც შეაფასებს პროექტის სოციალურ- ეკონომიკურ მომგებიანობას, გაზომავს პროექტის შედეგად მისაღებ ზეგავლენას. ამისათვის, აუცილებლია სპეციალისტებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფის შექმნა, რომელიც გააკეთებს დასკვნას, თუ რამდენად ეფექტურია წარმოდგენილი პროგრამა.



[1] 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციის დაწყებამდე დევნილთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 272 955– ს (87 300 ოჯახი)

[2]   T.R. Frankenberger, M. Drinkwater, D. Maxwell (1996), A HOLISTIC APPROACH FOR ADDRESSING POVERTY AND VULNERABILITY, http://www.fao.org/docrep/003/x9371e/x9371e12.htm

[3] ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, 2013

[4] ციტირებულია: ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, 2013

[5] ადამიანური (უნარები, ცოდნა, ჯანმრთელობა), სოციალური (სტატუსი, კავშირები), ბუნებრივი (მიწა, წყალი, ტყე), ფიზიკური (ინფრასტრუქტურა, მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, პირუტყვი),  ფინანსური (შემოსავალი დანაზოგიდან, კრედიტიდან, დასაქმებიდან, ვაჭრობიდან) კაპიტალი

[6] მნიშვნელოვანია CSR (Corporate Social Responsibility –  კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის) გრძნობის კულტურის დამკვიდრება ქართულ ბიზნესში და დევნილთა ეკონომიკურ საქმიანობებში (სოციალური საწარმოები, კოოპერატივები და სხვა) ბიზნესის პირდაპირი  მონაწილეობის წახალისება. ეს გამოიწვევს ერთის მხრივ უფრო მეტი რესურსების მოზიდვას ბიზნეს ინვესტიციების სახით, ხოლო მეორეს მხრივ კერძო ინტერესების არსებობა ხელს შეუწყობს დევნილთა ეკონომიკური, შემოსავლების მომტანი საქმიანობების წარმატებულობას და სიცოცხლისუნარიანობას.

 

[7] აღნიშნული მიდგომა საშუალებას იძლევა კონკრეტულ ციფრებში მკაფიოდ დათვლადი გახდეს როგორც მთლიანად სტრატეგიის, ასევე ცალკეული პროგრამების თუ პროექტების ეფექტურობა. 

[8] T.R. Frankenberger and M.K. McCaston (1998), The household livelihood security concept