სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
107
27/01/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
000000000.00.00.000000
სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 107

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბ­ისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შე­საბამისად:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპი­რე­ბული ტე­­რიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომ­ლობის გზით (დანართი №1).

2. სტრატეგიის განხორციელებისათვის სამოქმედო გეგ­მის შემუშავების მიზნით, რეინტეგრაციის საკითხებში სა­ქართვე­ლოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას უწ­ყებათა­შორისი ჯგუფი თანდართული ნუსხით განსაზღვრული უწყებების წარმომადგენლებისაგან (დანარ­თი №2).

3. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღ­ვა­ნელებმა უზრუნველყონ წარმომადგენლების (სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეები) განსაზღ­ვრა უწ­ყებათა­შორისი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური

                  

დანართი №1

სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით

 

პრეამბულა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი მიზანია – ისეთი მომავ­ლის უზრუნველყოფა, როდესაც ქვეყნის ყველა მოქალაქე ისარ­გებ­ლებს დემოკრატიული მმართველობის პრივილეგიებით, მსოფ­ლიოში ინტეგრირებული, განვითარებული ეკონომიკით და იც­ხოვ­რებს ტოლერანტულ, მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალ­ფეროვან  საზოგადოებაში. ეს მიდგომა ეფუძნება ყველა ევრო­პული ერის მიერ გაზიარებულ საერთო პრინციპებსა და ღირე­ბულებებს, რომლებიც აისახა ჰელსინკის საბოლოო აქტში.

 

საქართველოს მთავრობა ცდილობს, აფხაზეთისა და ცხინ­ვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის მისაწვდო­მი გახადოს ყველა ის სარგებელი, რომელიც მოაქვს სახელმ­წი­ფო­ში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს და ქვეყ­ნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირში და ევროატლან­ტიკურ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებში. საქარ­თვე­ლოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ ინსტი­ტუცი­ებთან ინტეგრაცია მის მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალ­ფეროვან საზოგა­დოებას კეთილდღეობისა და უსაფრთ­ხოების კიდევ უფრო მყარ გარანტიებს შეუქმნის. 

 

წინამდებარე სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მი­მართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით (შემდგომში – სტრა­ტეგია) მიზანია, გააძლი­ეროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივ ძალისხმევას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად.

 

სტრა­ტეგია გამოხატავს საქართველოს ურყევ გადაწყვე­ტილებას, მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიო­ნის/სამხრეთ ოსეთის სრულ დეოკუპაციას, შეაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში. საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის , მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტ შესაძლებლობას. ყველა ეს მცდელობა თანხვედ­რაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკასთან, რომე­ლიც არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამ­ხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას – გაატაროს ჩართულობის პოლიტიკა.

 

I. სტრატეგიის მიზანი

 

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრა­ტეგიის სახელწოდება – ჩართულობა თანამშრომლობის გზით ასახავს ამ სტრატეგიის არსს და მიმართულია ოკუპაციით გამოწვეული იზოლაციისა და დანაწევრების წინააღმდეგ. დასა­ხული მიზანი მიიღწევა ისეთი ფორმატების შექმნით და წამახალისებელი მექანიზმების შემოტანით, რომლებიც ხელს შეუწ­ყობს აღნიშნული რეგიონების ჩართულობას.  სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია – ხელი შეუწყოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობათა აღდგენა-გაღრმავებას და აფხაზე­თისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეო­ბისათვის უზრუნველყოს ის უფლებები და პრივილეგიები, რომლებითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე. დასახული მიზნების მიღწევა, მათ შორის, შესაძლებელია შემდეგი პროაქტიური პოლიტიკის გატარებით:

 

● გამყოფი ხაზებით ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობა; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციალურ-ეკონო­მიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; აფხაზეთისა და ცხინ­­ვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩართვა საქართ­ვე­ლოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში;

 

● ისეთი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, რომელიც შესაძლებელს გახდის გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლასა და საქონლის მოძრაობას;

 

● აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, აღმსა­რებლობის თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათ­ლების მიღების უფლებების დაცვის მიზნით არსებული მექანიზმების გაძლიერება და ახალი საშუა­ლებების შემუ­შავება;

 

● ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჯან­დაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯო­ბესება; განათლების მიღებისათვის ფართო შესაძლებლობის შექმნა;

 

● საერთო ინტერესების განსაზღვრისა და საერთო ინტერე­სებზე დაფუძნებული ერთობლივი თემთაშორისი პროექ­ტებისა და საქმიანობების მხარდაჭერის მეშვეობით თავი­სუფალი გადაადგილების, ასევე გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებთა შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის  ხელშეწყობა;



● კულტურული  მემკვიდრეობისა და  თვითშეგნების შენარჩუ­ნების ხელშეწყობა  და  პოპულარიზაცია როგორც  ქვეყნის შიგ­ნით, ისე საერთაშორისო დონეზე;

ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამყოფი ხაზებით იზოლირებულ რეგიონებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების ხელშეწყობა

 

ისეთი იურიდიული მექანიზმების მოძიება, რომლებიც, სტრატეგიის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების სრული დაცვით, უზრუნველყოფენ ამ მიზნების განხორ­ციელებას. სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვეობის, ოკუპირე­ბული ტერიტო­რიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და, საბოლოოდ, სრული დეოკუპაციის პრინ­ციპებს.

 

საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს პარტნიორ სა­ხელმ­წი­ფოებსა  და ორგანიზაციებთან, რათა შექმნას ამიზნე­ბის განსახორციელებლად საჭირო ექსპერტიზა, ინსტრუ­მენტები და რესურსები. 

 

II. ახლანდელი მდგომარეობის მიმოხილვა

 

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად საქართველოს ორ რეგიონში – აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტებმა იჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტებით გამოწვეული ტრაგედია მთელ რესპუბლიკას შეეხო, ის განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა სწორედ ამ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე  მცხოვრებ მოსახლეობაზე. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ყველა მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა ნგრევა და მოსახლეობის განუზომელი ტანჯვა. ამ მოვლენების შედეგების დაძლევა უმთავრესია ომისაგან დაზარალებული მოსახლეობის შერიგებისა და დაახლოების პროცესის ხელშეწყობისათვის.

 

რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აღნიშნული კონფლიქტების გამწვავებაში, უშუალოდ მონა­წილეობდა სამხედრო ოპერაციებში  და მუდმივად ხელს უშლიდა კონფლიქტის გადაჭრას (მათ შორის, აფერხებდა ნებისმიერ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტების მოგვა­რებისაკენ იყო მიმართული). 2008 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში რუსეთის ამგვარი პოლიტიკა გადაიზარდა მწვავე პროვოკაციებში, რომელთა კულმინაციაც საქართველოს ტერიტო­რიაზე სრულმასშტაბიანი შემოჭრა იყო, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის თვით­გამოცხადებული დამოუკიდებ­ლობის ცნობა.

 

2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ომმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსე­ბული კონფლიქტები ძირითადად საერთაშორისო ხასია­თისაა. საქართველოს მთავრობას, რომელსაც ერთხმად მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, სწამს, რომ საქართველოს ტერი­ტო­რიაზე რუსეთის შემოჭრა და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა წარმოადგენს საერთაშორისო სამართ­ლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ეს გან­საკუთრებით ეხება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლია­ნობის პრინციპებს. საქართველოს სამართ­ლებრივი პოზიცია განმტკიცებულია საერთაშორისო სამართლითა და ნორმებით და გამყარებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ მიღწეული შეთანხმებებით. აღნიშნული პოზიცია კიდევ უფრო მეტადაა გამყარებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე გაკეთებული განცხადებებით. მათ შორის, ევროკავშირის მიერ შეკვეთილი ,,საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” დასკვნამ დაადასტურა აღნიშნული რეგიონების საქართველოდან გამო­ყოფის  უკანონობა  და გააბა­თილა რუსეთის მიერ მოყვანილი, საქართველოს ტერი­ტორიაზე მისი შემოჭრისა და ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღია­რების გამამართლებელი არგუმენტები.

 

ზემოთ აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს მთავრო­ბა აცნობიერებს პოლიტიკური ხასიათის განსხვავებებს, რომლე­ბიც შეინიშნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებში, და იმას, რომ აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება მოითხოვს იმ მოსახ­ლეობის ჩართულობას პროცესებში, რომელსაც კონფლიქტის განსხვავებული აღქმა გააჩნია.

 

2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა გაზარდა თავისი მუდმივი სამხედრო კონტინგენტი ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში და მათ გარეთ, იმ ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც ომამდე საქართველოს მთავრობას ექვემდებარებოდა, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვის­ტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულებას. ადმინი­სტრაციული სასაზღვრო ზოლის გაყოლებაზე უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების ჩაყენებით რუსეთი ხელს უშლის ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, გაა­კონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვა, რაც მისი მანდატით გათვალისწინებული ვალდებულებაა. საქართვე­ლოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო შეთანხმებების უგულებელყოფას. მან ვეტო დაადო გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) საქმიანობის გაგრძელებას საქართველოში, შეაფერხა კონსენსუსის მიღწევა საქართველოში ეუთოს საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით (მისიის სამხედრო მონიტორინგის კომპონენტის ჩათვლით). 

 

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიო­ნის/სამ­ხრეთ ოსეთის ოკუპაციის საპასუხოდ საქართველოს პარლა­მენტმა 2008 წლის ოქტომბერში მიიღო კანონი ,,ოკუპი­რებული ტერი­ტორიების შესახებ”. კანონით განისაზღვრა ახალი სამართ­ლებრივი რეჟიმი ამ ორი რეგიონის მიმართ. ამჟამად ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგუ­ლირდება აღნიშნული კანონითა და შესაბამისი კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ნორმებითა და მექა­ნიზმებით. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 1 სექ­ტემბრის შეხვედრის დასკვნა; გაერთიანებული ერების გენერა­ლური ასამბლეის 2009 წლის 28 აგვისტოს რეზოლუცია ,,იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ,,საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ” (№1633 (2008), №1647 (2009), №1648 (2009), №1664 (2009), №1683 (2009); ,,ანგარიშები საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შედე­გად დაზარალებულ რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარე­ობის შესახებ” (SG/Inf (2009)7, SG/Inf (2009)9, SG/Inf (2009)15); ეუთოს დემოკრა­ტიული ინსტიტუტების,  ადამიანის უფლებების ოფისისა და ერო­ვ­ნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის მოხ­სენება ,,სა­ქართველოში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ომით დაზა­რალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თაობაზე” (2008 წლის 27 ნოემბერი).

 

რუსეთის  მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხ­რეთ ოსეთის ოკუპაცია და ამ ორი რეგიონის ანექსიისაკენ მიმართული პოლიტიკა ართულებს შერიგების პროცესს საქართ­ველოს ხალხებს შორის და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.

 

ამგვარ ვითარებაში საქართველოს მთავრობა, რომელიც აგრძელებს პოლიტიკური ძალისხმევის მიმართვას საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაატაროს ადამიანზე ორიენტირებული (ჰუმანოცენტრული), პრო­აქტი­ური პოლიტიკა, რომელიც გამოეხმაურება ომისაგან დაზარა­ლებული მოსახლეობის საჭიროებებს.

 

III. ძირითადი პრინციპები

 

სტრატეგია ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს:

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობ ა ხელშეუხებელია;  

საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები ურ­ყევია.

 

სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტი­ტუციას, საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ნორ­მებსა და კონვენციებს, რომელთა მონაწილეცაა საქართველო, საქართველოს კანონმდებლობას, ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი რეგულაციების ჩათვლით, საქართველოს მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშ­ეკრულებებსა და შეთანხმებებს,  გაეროსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებსა და ევრო­კავშირის, ევროსაბჭოსა და ეუთოს დეკლარაციებს.

 

სტრატეგია ეფუძნება იმ პრინციპს, რომ უსაფრთხოებაფ ­ხა ­ზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთ ში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საერთაშორისო უსა ­ფრთხოების მექანიზმების, მათ შორის , მიუკერძოებელი სადა ­მკ ­ვირ ­ვებლო, საპოლიციო და/ან სამშვიდობო ძალების მეშვეობით , აგრეთვე, ადგილობრივი რე­სურ­სების ჩართვით.

 

საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ფარგლებში აფხა­ზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სამო­მავლო პოლიტიკური სტატუსი განისაზღვრება მშვიდობიანი მოლაპა­რაკებების პროცესში, იძულებით ადგილნაცვალი პირები­სა და ლტოლვილების დაბრუნებისა და ქვეყნის ტერიტორიების სრული დეოკუპაციის პირობებში.  

 

სტრატეგია ადასტურებს იძულებით ადგილნა­ცვალი პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას ისევე, როგორც ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შერიგების აუცილებ­ლობას. აგრეთვე, აღიარებს ისეთი პირობების შექმნის საჭი­როებას, რომლებიც საშუალებას მისცემს იძულებით ადგილ­ნაცვალ პირებსა და ლტოლვილებს, ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით.

 

საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისა და მა­კონტ­როლებელი ძალაუფლების წარმომადგენელთა ჩართუ­ლობის მიზნით შემუშავებული წინადადებები არამც და არამც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ სამართ­ლებრივ პოზიციას, რომელიც ეფუძნება ქვეყნის სუვე­რენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ურყეობის პრინციპების დაცვას. სტრატეგია სრულად შეესაბამება საქართველოს კანონ­მდებლობას.

 

იმ დროს, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხის­მგებლობის განსაზღვრული ნაწილი საერთაშორისო სამართლებ­რივი რეგულირების სფეროს მიეკუთვნება, საქართველოს ხელისუფლება, როგორც გამოდევნილი სუვერენი, ხაზს უსვამს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, მჭიდროდ ითანამშრომლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან.

 

საქართველო ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იზოლაციას. აცნობიერებს რა იქ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციის უარყოფით შედეგებს; საქართველოს მთავრობა გაატარებს ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობაა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დეიზოლაცია შეიძლება განხორციელდეს  ამჟამად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერ­თობის ხელშეწყობის გზით და მათთვის იმ სარგებლის შეთავაზებით, რომელიც მოჰყვება საქართველოს დაახლოებას უფრო ფართო ევროპულ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

 

სტრატეგია ემყარება ურყევ რწმენას, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში  მცხოვ­რები მოსახლეობა საქართველოს საზოგადოებისა და მისი მომავლის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობას სჯე­რა, რომ ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახ­ლეობის ნდობის აღდგენისაკენ, იმ მოსახლეობის, რომელიც ამჟამად გამყოფი ხაზებითაა დაშორიშორებული და ომის შედეგად დაზარალებული, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საქმეში. საქართველოს ხელისუფლება, აცნობიერებს რა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთი ნაწილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მატა­რებელია, მიიჩნევს, რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შერი­გება შესაძლოა მშვიდობიანი მოლაპარაკებების, თანამშრომლობისა და ამ ადამიანების მიმდინარე  პროცესებში ჩართვის გზით. აღნიშნული უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციისაკენ მიმართული სამშვიდობო პროცესის ჩამოყალიბებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის პარალე­ლურად. 

 

სტრატეგია ღირებულად თვლის და მხარს უჭერს საქართველოში არსებულ კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფ­ლებას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების კანონიკური იურისდიქციების ხელ­შეუხებლობას.

 

სტრატეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან დაკავ­შირებული პოლიტიკა თუ საქმიანობა უნდა მოიცავდეს როგორც საქართ­ველოს დასახელებულ რეგიონებში მცხოვრებ, ისე ამ რეგიო­ნებიდან დევნილ მოსახლეობას. შესაბამისად, ყველა  საქმიანობა უნდა იყოს ერთობლივი და/ან ურთიერთ­შეთან­ხ­მებული, ურთიერთსასარგებლო, პრაგმატული და მოი­ცავდეს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ამ რეგიონებში განხორციელებული საქმიანობა თანხვედრაში უნდა იყოს ჩართულობის წამახალისებელ მიზნებთან და ამოცანებთან, უნდა ხორციელდებოდეს დამოუ­კიდებლად, მიუკერ­ძო­ებლად და საქართ­ველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და ჩართულო­ბისათვის შემუშავებული მექანიზმების შესაბამისად. 

 

საქართველო აღიარებს და იცავს ადამიანის საყოველთაო  უფლებებსა და თავისუფლებებს და მიისწრაფვის საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ. საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა, შეუქმნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ამჟა­მინდელ მოსახლეობას, განურ­ჩევლად მათი ეთნიკური წარმო­მავლობისა, რელიგიური მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხე­დულებისა, ისეთივე შესაძლებლობები, როგორითაც უზრუნველყოფილია საქართვე­ლოს და­ნარ­ჩენი მო­სახ­ლეობა.

 

საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონ­ში/სამხრეთ ოსეთში საკუთრების უფლების ხელშეუ­ხებლობას და ამ უფლების ნებისმიერ დარღვევას უკანონოდ მიიჩნევს. აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, ქვეყნის ხელი­სუფლება იტოვებს უფლებას, მიმართოს ყველა შესაძლო ადგილობრივ თუ საერთაშორისო მექანიზმს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგი­ონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები და ამ რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის საკუთრების უფლების დასაცავად.

 

IV. სტრატეგიის მიზნები

 

1. ეკონომიკური ურთიერთობები 

 

სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის, ამ ურთიერ­თობებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და ლოგისტიკური პირობების შექმნის გზით, რაც მათთვის ადვილად ხელ­მისა­წვდომს გახდის როგორც ბაზარს, ისე საქონელს; ვაჭრობის გაფართოებისათვის წამახალისებელი ფინანსური პირობების შემუ­შავებით სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების ხელშე­წყობა, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისათვის სათანა­დო გარემოს ჩამოყალიბებით;

სასოფლო-სამეურნეო დარგებისა და აგრობიზნესის პრო­დუქტიულობის აღდგენა და განვითარება; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური და თემთა­შორისი ურთიერთობების წახალისება და მხარდაჭერა, სპეცია­ლური ეკონომიკური ზონების, მათ შორის, ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური და/ან სხვა სახის ზონების შექმნა, რომელთა მოქმედების არეალიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გავრ­ცელ­დება;

შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ტექნოლოგიები, გამოცდილება და ფინანსები ძირითად დარგებში; ერთობლივი ბიზნესაქტივობების განსახორციელებლად საჭირო პირობების შექმნა, რათა წახალისდეს მომგებიანი ბიზნესსაქმი­ანობები. ძირითადი დარგები, სხვასთან ერთად, მოიცავს შემდეგს: პროდუქციის შენახვაზე, გადამუშავებასა და დაფასოებაზე ორი­ენ­ტირებული საწარმოების აშენებას, უპირ­ველეს ყოვლისა, სა­სოფ­ლო-სამეურნეო სექტორში;

სახელმწიფოს, დონორთა და კერძო ინვესტორების მონაწი­ლეობით მიზნობრივი ფონდების შექმნა ერთობლივი ბიზნესსაქ­მია­ნობისა და პროექტების მხარდასაჭერად; 

შესაბამისი იურიდიული მექანიზმების მოძიება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანა/გაყიდვის შესაძლებლობების შექმნისა და წახალისების მიზნით. აღნიშნულმა მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყოს წარმოების პირობების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამი­სო­ბაში მოყვანას, აგრეთვე, მოაწესრიგოს ხარისხის სისტემების სერტიფიცირებასთან, საგადასახადოსა და საბაჟოსთან დაკავში­რე­ბული საკითხები;

გამყოფ ხაზებს შორის მცხოვრებთათვის დასაქმების შე­საძლებლობების ხელშემწყობი გზების მოძიება;

არახელსაყრელი ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გამ­ყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიებისათვის; მათ მიმართებაში სპეციალური კრიტერიუმების შემუშავება და შესაბამისი ზომების გატარება.

 

2. ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი

 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დანარ­ჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქ­ტურის მოწესრიგება, კერძოდ, გზების, წყლის, სატელეკო­მუნიკაციო  და სხვა ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია;

ავტოტრანსპორტის რეგულარული მიმოსვლის აღდგენა გაყო­ფილი ტერიტორიების დასაკავშირებლად;

სკოლების, საავადმყოფოების, სპორტული ნაგებობებისა და კულტურის კერების რეაბილიტაცია და მშენებლობა; ასევე, საბინაო და სხვა ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია რო­გორც ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები, ისე დასაბრუ­ნებელი მოსახლეობისათვის;

გარემოს დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობა.

 

3. განათლება

 

მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა  და ქართული სახელმძღვანელოების ხელმისაწვ­დომობა ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობის ნაწილისათვის; აფხაზურ და ოსურ ენებზე სახელმძღვანელოების შექმნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ან ერთობლივად შემუშავებული სასწავლო პროგრამების მიხედვით;

  სათანადო პროცედურების დადგენა და მექანიზმების შემუ­შავება, რათა მათ, ვინც განათლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში იღებს, მიეცეთ სწავლის გაგრძე­ლების შესაძლებლობა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ;

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვ­რებთათვის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთონ საქართველოს ყველა მოქალა­ქისათვის ხელმისაწვდომ, საერთაშორისო საგანმანათ­ლებლო და გაცვლით, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის საგრანტო და სხვა სახელმწიფო პროგრამებში;

ომით დაზარალებული მოსახლეობისათვის ერთობლივი აკადე­მიური სასწავლო პროგრამების (მათ შორის, პროფესიული სწავლების პროგრამის) შემუშავება და ხელშეწყობა;

ერთობლივი კვლევების წახალისება.

 

4. ჯანმრთელობის დაცვა

 

მოსახლეობის უზრუნველყოფა საქართველოს ყველა მოქალა­ქისათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი უფლებით;

საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბება აფხაზეთისა და ცხინ­ვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის ჯან­დაც­ვის ღონისძიებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველსა­ყოფად;

სათანადო მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახ­ლეობას მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ჯანდაცვის მომსა­ხურეობით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე;

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახ­ლეობის ჩართვა საქართველოს სოციალური დაცვისა და შეღავა­თების სისტემაში;

სამედიცინო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახ­ლეობისათვის, მათი ჩართვა ვაქცინაციის, პანდემიაზე რეაგი­რების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, ჰეპატიტისა და ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებში.

 

5. სახალხო დიპლომატია

 

ერთი მხრივ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს და, მეორე მხრივ, დანარჩენ საქართველოს შორის ურთი­ერთობის ყველა ფორმის ხელშეწყობა, განსაკუთრებით, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მექანიზმების წახალისება და ხელშეწყობა;

ოკუპაციის შედეგად გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრებ, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა, მათ შორის, ყოფილ მეომართა, მეზობელთა, შერეული ოჯახების წევრთა, ახალგაზრდობის, კოლეგების, მეცნიერთა და ნებაყოფლობითი გაერთიანებების ურთიერთო­ბისათვის ხელშემწყობი პლატფორმის შექმნა;

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა ტიპის ელექტრო­ნული კომუნიკაციების მეშვეობით ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორი­შორებულ ახალგაზრდებს შორის;

დიალოგის წარმოება საქართველოს ტერიტორიიდან გაძევებულ თემებ სა და დიასპორებთან, განსაკუთრებით , მეფის რუსეთის იმპერიის მიერ გაძევებულ მოსახლეობასთან.

 

6. კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვა და შენარჩუნება

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ენისა და ტრადიციების დაცვას, ხელოვნებისა და ლიტერატურის წახალისებას, მაგრამ არ შემოიფარგლება აღნიშნული სფერო­ებით;

აფხაზები წარმოადგენენ საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას.  საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონო­მიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურ ენას მიენიჭა სახელმწიფო ენის სტატუსი. აფხაზური ენის გამოყენების პირობების გაუმჯობესებისათვის განსაკუთ­რებული ყურადღება მიექცევა აფხაზური ენის პატივისცემას, დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას;

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, NUNEშჩO-ს, მხარდაჭერის მოპოვება ისტორიული ძეგლების რეგისტრაციისა და შენარჩუნებისათვის;

რელიგიის თავისუფლების, მათ შორის, მშობლიურ ენაზე საეკლესიო მსახურების უზრუნველსაყოფად ხელსაყრელი გარე­მოსა და პირობების შექმნა; 

კავკასიის ხალხების ეთნიკურ და კულტურულ სიახლოვეზე დაფუძნებულ ღონისძიებათა წახალისება და ხელშეწყობა.

 

7. ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება

 

ინფორმაციისა და პლურალისტური თვალსაზრისების თავი­სუფალი გაცვლა-გამოცვლის წახალისებისა და ხელშეწ­ყობის მიზნით გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლე­ობის კომუნიკაციისათვის ხელსაყრელი პლატფორმისა და მექანიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს იზოლაციის გადალახვას, ურთიერთგაგებას და სამომავლო გეგმების ურთიერთგაზიარებას; 

 

ბეჭდვითი და ელექტრონული მედიასაშუალებების გამოყენების მეშვეობით ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის აუცილებელი პლატფორმებისა და ჩარჩო-მექანიზმების შექმნა; ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის წახალისება; ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად მედიასაშუალებების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. 

 

8. სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები

 

შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება და ინიცი რება, აგრეთვე ადმინისტრაციული მექანიზმების შექმნა, რათა:

მოწესრიგდეს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სპეცი­ფიკური საკითხები, როგორებიცაა დაბადების, გარდაც­ვალე­ბის, ქორწინების, განათლებისა თუ სხვა სამოქალაქო რეგის­ტ­რა­ციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობ­ლემები;

შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური და სავაჭრო საქ­მია­ნობა;

მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძ­ლებ­ლობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურა­დ­ღება მიექცეს სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხს.

 

9. ადამიანის უფლებები


  ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისა და ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონ­ში/სამხრეთ ოსეთში; ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივის­ტებისა და ჯგუფების მხარდაჭერა; აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახ­ლეობის და, აგრეთვე, ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ხელშეწყობა;

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამია­ნის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინ­გისათვის, დარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; ამ რეგიონებში მცხოვრები ყველა ჯგუფისათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა;

  ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეთნიკური ქართველების უფლებათა დარღვევებს;

ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელების მისაღწევად შესა­ბა­მისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მო­წვევა; კერძოდ, ფართო საერთაშორისო მექანიზმების ჩარჩოებში მონიტორინგის სპეციალური მისიების შექმნა, რომელთა ფუნქცია იქნება სტაბილურობის შენარჩუნება აღნიშნულ ტერიტორიებზე.

 

10. სტიქიური უბედურებების პრევენცია

 

საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ყოველ ­ გვარი ღონე იხმაროს, რათა გაუწიოს მაქსიმალური დახ ­ მარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიური უბედურების დროს და მის მიერ გამო ­ წვეული შედეგების აღმოსაფხვრელად.

 

V. სტრატეგიის განხორციელება

 

საქართველოს მთავრობა ზემოაღნიშნულ მიზნებს განახორ­ციელებს ქვეყანაში შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუციების შექმნის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიო­ნის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმო­მად­გენლებთან ურთიერ­თო­ბისათვის ნეიტრალური სტატუსის მქონე ჩარჩო-მექანიზმის შემუშავების, შესაბამისი საკოორ­დინაციო მექანიზმების განვი­თა­რე­ბისა და მშვიდობის ინფრა­სტრუქტურის ჩამოყალიბების გზით.

ქვეყნის ხელისუფლება, ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც დაეფუძნება წინამდებარე სტრატეგიას. გეგმა ჩამოაყალიბებს დე­ტა­ლურ და კონკრეტულ მექანიზმებს, ქმედებებსა და პროცე­დუ­რებს. ამასთან, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში დასა­ხული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს და მოახდენს მათ ინიცი რებას საკანონმდებლო ორგანოში. სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას პრიორიტეტების დასადგენად საქართველოს მთავ­რობა კონსულ­ტაციებს გამართავს ომით დაზარალებულ მოსახ­ლეობასთან. საქართველოს მთავრობა, აცნობიერებს რა აფხა­ზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებულ რიგ სირთუ­ლეებს, მზადაა ეს ყოველივე გაითვალისწინოს სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.

 

სტრატეგიის განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობა მხედველობაში მიიღებს და განავითარებს ჩართუ­ლობისა და თანამშრომლობის ყველა მანამდე არსებულ ღირე­ბულ და პოზიტიურ გამოცდილებას.

 

საქართველოს მთავრობა შეეცდება შეიმუშაოს შერიგების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს, ითანამშრომლონ და განსაზღვრონ საერთო მიდგომები საკუთარი წარსულისა და ისტორიის მიმართ,  განსა­კუთრებით, იმ კონფლიქტების მიმართ, რომლებიც განვი­თარდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

 

საქართველოს მთავრობა განაგრძობს საოკუპაციო ძალას­თან მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და/ან სხვა პოტენციური ფორუმების ფარგლებში, რათა უზრუნველყოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება.

 

საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამართლებრივ მექანიზმს და მოახდენს მის ინიცირებას საკანონმდებლო დონეზე, რათა საგანგებოდ შექმნილ საფინანსო ინსტიტუტს მიეცეს ოპერირების საშუალება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. აღნიშნული ინსტიტუტი მომსახუ­რეობას გაუწევს შესაბამის საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო არასა­მთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ორივე მხარისათვის ხელსაყრელ და სასარგებლო პროგრამებს, და კომერციულ სტრუქტურებს, რომლებიც ახორციელებენ ორივე მხარისათვის ხელსაყრელ ბიზნესპროექტებს და რეგისტ­რირე­ბულნი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ეროვნული და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების გზით საქართველოს მთავრობა მოიძიებს და გამოყოფს ფინანსურ და სხვა რესურსებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორ­ციე­ლებისათვის. 

 

საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთა-შორისო საზოგადოების ჩართვა სტრატეგიის განხორციელების პრო­ცესში. საქართველოს მთავრობა ადგილობრივ და საერთა­შორისო ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ბიზნესერთე­ულებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე, პარტნიორი ქვეყნების განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოებს მიიჩნევს მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებად სტრატეგიის მიზ­ნების მხარდაჭერისა და განხორციელების თვალსაზრისით.

 

ტერმინთა განმარტებები:

 

აფხაზეთი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ;

 

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი –  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ;

 

ოკუპირებული ტერიტორიები  – ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები ;

 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლება – ოკუპანტი ძალის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი და მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმები ;

 

გამყოფი ხაზები – ოკუპანტი ძალის მიერ შექმნილი საოკუპაციო ხაზები, რომლებითაც ოკუპირებული ტერიტორიები გამოყოფილია საქართველოს დანარჩენი ნაწილებისაგან ;

 

გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობა – საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა;

 

ომისაგან დაზარალებული მოსახლეობა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ასევე 90-იან წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა;

 

ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთისაგან განცალკევებული თემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები და ამ ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა;

 

დევნილი მოსახლეობა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებით ადგილნაცვალი პირი;

 

ლტოლვილი მოსახლეობა – პირი, რომლისთვისაც საქართველო არის წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო შეიარაღებული კონფლიქტის ან ომის შედეგად.

 

დანართი №2

 

სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტე­­რიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით – განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით უწ­ყებათა­შორისი ჯგუფის მუშაობაში მონაწილე სამთავრობო დაწესებულებების ნუსხა

 

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს იუსიტიციის სამინისტრო

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.