დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 107 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/01/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №107
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით (დანართი №1).
2. სტრატეგიის განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი თანდართული ნუსხით განსაზღვრული უწყებების წარმომადგენლებისაგან (დანართი №2).
3. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ წარმომადგენლების (სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეები) განსაზღვრა უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით
პრეამბულა
საქართველოს სახელმწიფოებრივი მიზანია – ისეთი მომავლის უზრუნველყოფა, როდესაც ქვეყნის ყველა მოქალაქე ისარგებლებს დემოკრატიული მმართველობის პრივილეგიებით, მსოფლიოში ინტეგრირებული, განვითარებული ეკონომიკით და იცხოვრებს ტოლერანტულ, მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში. ეს მიდგომა ეფუძნება ყველა ევროპული ერის მიერ გაზიარებულ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც აისახა ჰელსინკის საბოლოო აქტში.
საქართველოს მთავრობა ცდილობს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის მისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რომელიც მოაქვს სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებში. საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ ინსტიტუციებთან ინტეგრაცია მის მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებას კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო მყარ გარანტიებს შეუქმნის.
წინამდებარე სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით (შემდგომში – სტრატეგია) მიზანია, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივ ძალისხმევას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად.
სტრატეგია გამოხატავს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას, მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სრულ დეოკუპაციას, შეაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში. საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის , მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტ ის შესაძლებლობას. ყველა ეს მცდელობა თანხვედრაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკასთან, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას – გაატაროს ჩართულობის პოლიტიკა.
I. სტრატეგიის მიზანი
ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სახელწოდება – ჩართულობა თანამშრომლობის გზით ასახავს ამ სტრატეგიის არსს და მიმართულია ოკუპაციით გამოწვეული იზოლაციისა და დანაწევრების წინააღმდეგ. დასახული მიზანი მიიღწევა ისეთი ფორმატების შექმნით და წამახალისებელი მექანიზმების შემოტანით, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული რეგიონების ჩართულობას. სახელმწიფო სტრატეგიის მიზანია – ხელი შეუწყოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოსახლეობის ურთიერთობათა აღდგენა-გაღრმავებას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის უზრუნველყოს ის უფლებები და პრივილეგიები, რომლებითაც სარგებლობს საქართველოს ყოველი მოქალაქე. დასახული მიზნების მიღწევა, მათ შორის, შესაძლებელია შემდეგი პროაქტიური პოლიტიკის გატარებით:
● გამყოფი ხაზებით ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობა; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩართვა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში;
● ისეთი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, რომელიც შესაძლებელს გახდის გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლასა და საქონლის მოძრაობას;
● აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, აღმსარებლობის თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დაცვის მიზნით არსებული მექანიზმების გაძლიერება და ახალი საშუალებების შემუშავება;
● ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; განათლების მიღებისათვის ფართო შესაძლებლობის შექმნა;
● საერთო ინტერესების განსაზღვრისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ერთობლივი თემთაშორისი პროექტებისა და საქმიანობების მხარდაჭერის მეშვეობით თავისუფალი გადაადგილების, ასევე გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებთა შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
● კულტურული მემკვიდრეობისა და თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე;
● ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამყოფი ხაზებით იზოლირებულ რეგიონებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების ხელშეწყობა ;
● ისეთი იურიდიული მექანიზმების მოძიება, რომლებიც, სტრატეგიის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების სრული დაცვით, უზრუნველყოფენ ამ მიზნების განხორციელებას. სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვეობის, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გატარებისა და, საბოლოოდ, სრული დეოკუპაციის პრინციპებს.
საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, რათა შექმნას ა მ მიზნების განსახორციელებლად საჭირო ექსპერტიზა, ინსტრუმენტები და რესურსები.
II. ახლანდელი მდგომარეობის მიმოხილვა
საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად საქართველოს ორ რეგიონში – აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტებმა იჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტებით გამოწვეული ტრაგედია მთელ რესპუბლიკას შეეხო, ის განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა სწორედ ამ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ყველა მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა ნგრევა და მოსახლეობის განუზომელი ტანჯვა. ამ მოვლენების შედეგების დაძლევა უმთავრესია ომისაგან დაზარალებული მოსახლეობის შერიგებისა და დაახლოების პროცესის ხელშეწყობისათვის.
რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აღნიშნული კონფლიქტების გამწვავებაში, უშუალოდ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში და მუდმივად ხელს უშლიდა კონფლიქტის გადაჭრას (მათ შორის, აფერხებდა ნებისმიერ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტების მოგვარებისაკენ იყო მიმართული). 2008 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში რუსეთის ამგვარი პოლიტიკა გადაიზარდა მწვავე პროვოკაციებში, რომელთა კულმინაციაც საქართველოს ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შემოჭრა იყო, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის ცნობა.
2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ომმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები ძირითადად საერთაშორისო ხასიათისაა. საქართველოს მთავრობას, რომელსაც ერთხმად მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, სწამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრა და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ეს განსაკუთრებით ეხება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამართლებრივი პოზიცია განმტკიცებულია საერთაშორისო სამართლითა და ნორმებით და გამყარებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ მიღწეული შეთანხმებებით. აღნიშნული პოზიცია კიდევ უფრო მეტადაა გამყარებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე გაკეთებული განცხადებებით. მათ შორის, ევროკავშირის მიერ შეკვეთილი ,,საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” დასკვნამ დაადასტურა აღნიშნული რეგიონების საქართველოდან გამოყოფის უკანონობა და გააბათილა რუსეთის მიერ მოყვანილი, საქართველოს ტერიტორიაზე მისი შემოჭრისა და ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გამამართლებელი არგუმენტები.
ზემოთ აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს პოლიტიკური ხასიათის განსხვავებებს, რომლებიც შეინიშნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებში, და იმას, რომ აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება მოითხოვს იმ მოსახლეობის ჩართულობას პროცესებში, რომელსაც კონფლიქტის განსხვავებული აღქმა გააჩნია.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა გაზარდა თავისი მუდმივი სამხედრო კონტინგენტი ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში და მათ გარეთ, იმ ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც ომამდე საქართველოს მთავრობას ექვემდებარებოდა, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გაყოლებაზე უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების ჩაყენებით რუსეთი ხელს უშლის ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, გააკონტროლოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვა, რაც მისი მანდატით გათვალისწინებული ვალდებულებაა. საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო შეთანხმებების უგულებელყოფას. მან ვეტო დაადო გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) საქმიანობის გაგრძელებას საქართველოში, შეაფერხა კონსენსუსის მიღწევა საქართველოში ეუთოს საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით (მისიის სამხედრო მონიტორინგის კომპონენტის ჩათვლით).
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის ოქტომბერში მიიღო კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. კანონით განისაზღვრა ახალი სამართლებრივი რეჟიმი ამ ორი რეგიონის მიმართ. ამჟამად ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგულირდება აღნიშნული კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო ნორმებითა და მექანიზმებით. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ; ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 1 სექტემბრის შეხვედრის დასკვნა; გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 2009 წლის 28 აგვისტოს რეზოლუცია ,,იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ,,საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ” (№1633 (2008), №1647 (2009), №1648 (2009), №1664 (2009), №1683 (2009); ,,ანგარიშები საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ” (SG/Inf (2009)7, SG/Inf (2009)9, SG/Inf (2009)15); ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების ოფისისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის მოხსენება ,,საქართველოში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თაობაზე” (2008 წლის 27 ნოემბერი).
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ამ ორი რეგიონის ანექსიისაკენ მიმართული პოლიტიკა ართულებს შერიგების პროცესს საქართველოს ხალხებს შორის და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.
ამგვარ ვითარებაში საქართველოს მთავრობა, რომელიც აგრძელებს პოლიტიკური ძალისხმევის მიმართვას საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაატაროს ადამიანზე ორიენტირებული (ჰუმანოცენტრული), პროაქტიური პოლიტიკა, რომელიც გამოეხმაურება ომისაგან დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს.
III. ძირითადი პრინციპები
სტრატეგია ეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს:
საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობ ა ხელშეუხებელია;
საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები ურყევია.
სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ნორმებსა და კონვენციებს, რომელთა მონაწილეცაა საქართველო, საქართველოს კანონმდებლობას, ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი რეგულაციების ჩათვლით, საქართველოს მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, გაეროსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებსა და ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და ეუთოს დეკლარაციებს.
სტრატეგია ეფუძნება იმ პრინციპს, რომ უსაფრთხოებ ა აფ ხა ზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთ ში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საერთაშორისო უსა ფრთხოების მექანიზმების, მათ შორის , მიუკერძოებელი სადა მკ ვირ ვებლო, საპოლიციო და/ან სამშვიდობო ძალების მეშვეობით , აგრეთვე, ადგილობრივი რესურსების ჩართვით.
საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სამომავლო პოლიტიკური სტატუსი განისაზღვრება მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესში, იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებისა და ქვეყნის ტერიტორიების სრული დეოკუპაციის პირობებში.
სტრატეგია ადასტურებს იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას ისევე, როგორც ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შერიგების აუცილებლობას. აგრეთვე, აღიარებს ისეთი პირობების შექმნის საჭიროებას, რომლებიც საშუალებას მისცემს იძულებით ადგილნაცვალ პირებსა და ლტოლვილებს, ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით.
საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისა და მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენელთა ჩართულობის მიზნით შემუშავებული წინადადებები არამც და არამც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ სამართლებრივ პოზიციას, რომელიც ეფუძნება ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ურყეობის პრინციპების დაცვას. სტრატეგია სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
იმ დროს, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრული ნაწილი საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების სფეროს მიეკუთვნება, საქართველოს ხელისუფლება, როგორც გამოდევნილი სუვერენი, ხაზს უსვამს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, მჭიდროდ ითანამშრომლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან.
საქართველო ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იზოლაციას. აცნობიერებს რა იქ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციის უარყოფით შედეგებს; საქართველოს მთავრობა გაატარებს ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ამ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობაა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დეიზოლაცია შეიძლება განხორციელდეს ამჟამად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერთობის ხელშეწყობის გზით და მათთვის იმ სარგებლის შეთავაზებით, რომელიც მოჰყვება საქართველოს დაახლოებას უფრო ფართო ევროპულ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
სტრატეგია ემყარება ურყევ რწმენას, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს საზოგადოებისა და მისი მომავლის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის აღდგენისაკენ, იმ მოსახლეობის, რომელიც ამჟამად გამყოფი ხაზებითაა დაშორიშორებული და ომის შედეგად დაზარალებული, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების საქმეში. საქართველოს ხელისუფლება, აცნობიერებს რა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთი ნაწილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მატარებელია, მიიჩნევს, რომ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შერიგება შესაძლოა მშვიდობიანი მოლაპარაკებების, თანამშრომლობისა და ამ ადამიანების მიმდინარე პროცესებში ჩართვის გზით. აღნიშნული უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციისაკენ მიმართული სამშვიდობო პროცესის ჩამოყალიბებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის პარალელურად.
სტრატეგია ღირებულად თვლის და მხარს უჭერს საქართველოში არსებულ კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების კანონიკური იურისდიქციების ხელშეუხებლობას.
სტრატეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პოლიტიკა თუ საქმიანობა უნდა მოიცავდეს როგორც საქართველოს დასახელებულ რეგიონებში მცხოვრებ, ისე ამ რეგიონებიდან დევნილ მოსახლეობას. შესაბამისად, ყველა საქმიანობა უნდა იყოს ერთობლივი და/ან ურთიერთშეთანხმებული, ურთიერთსასარგებლო, პრაგმატული და მოიცავდეს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ამ რეგიონებში განხორციელებული საქმიანობა თანხვედრაში უნდა იყოს ჩართულობის წამახალისებელ მიზნებთან და ამოცანებთან, უნდა ხორციელდებოდეს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და ჩართულობისათვის შემუშავებული მექანიზმების შესაბამისად.
საქართველო აღიარებს და იცავს ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და თავისუფლებებს და მიისწრაფვის საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ. საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა, შეუქმნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელ მოსახლეობას, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, ისეთივე შესაძლებლობები, როგორითაც უზრუნველყოფილია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა.
საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას და ამ უფლების ნებისმიერ დარღვევას უკანონოდ მიიჩნევს. აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, ქვეყნის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, მიმართოს ყველა შესაძლო ადგილობრივ თუ საერთაშორისო მექანიზმს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები და ამ რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის საკუთრების უფლების დასაცავად.
IV. სტრატეგიის მიზნები
1. ეკონომიკური ურთიერთობები
– სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის, ამ ურთიერთობებისათვის აუცილებელი სამართლებრივი და ლოგისტიკური პირობების შექმნის გზით, რაც მათთვის ადვილად ხელმისაწვდომს გახდის როგორც ბაზარს, ისე საქონელს; ვაჭრობის გაფართოებისათვის წამახალისებელი ფინანსური პირობების შემუშავებით სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების ხელშეწყობა, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისათვის სათანადო გარემოს ჩამოყალიბებით;
– სასოფლო-სამეურნეო დარგებისა და აგრობიზნესის პროდუქტიულობის აღდგენა და განვითარება; გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური და თემთაშორისი ურთიერთობების წახალისება და მხარდაჭერა, სპეციალური ეკონომიკური ზონების, მათ შორის, ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური და/ან სხვა სახის ზონების შექმნა, რომელთა მოქმედების არეალიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს გავრცელდება;
– შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ტექნოლოგიები, გამოცდილება და ფინანსები ძირითად დარგებში; ერთობლივი ბიზნესაქტივობების განსახორციელებლად საჭირო პირობების შექმნა, რათა წახალისდეს მომგებიანი ბიზნესსაქმიანობები. ძირითადი დარგები, სხვასთან ერთად, მოიცავს შემდეგს: პროდუქციის შენახვაზე, გადამუშავებასა და დაფასოებაზე ორიენტირებული საწარმოების აშენებას, უპირველეს ყოვლისა, სასოფლო-სამეურნეო სექტორში;
– სახელმწიფოს, დონორთა და კერძო ინვესტორების მონაწილეობით მიზნობრივი ფონდების შექმნა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობისა და პროექტების მხარდასაჭერად;
– შესაბამისი იურიდიული მექანიზმების მოძიება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანა/გაყიდვის შესაძლებლობების შექმნისა და წახალისების მიზნით. აღნიშნულმა მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყოს წარმოების პირობების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე, მოაწესრიგოს ხარისხის სისტემების სერტიფიცირებასთან, საგადასახადოსა და საბაჟოსთან დაკავშირებული საკითხები;
– გამყოფ ხაზებს შორის მცხოვრებთათვის დასაქმების შესაძლებლობების ხელშემწყობი გზების მოძიება;
– არახელსაყრელი ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიებისათვის; მათ მიმართებაში სპეციალური კრიტერიუმების შემუშავება და შესაბამისი ზომების გატარება.
2. ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი
– აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ, გზების, წყლის, სატელეკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
– ავტოტრანსპორტის რეგულარული მიმოსვლის აღდგენა გაყოფილი ტერიტორიების დასაკავშირებლად;
– სკოლების, საავადმყოფოების, სპორტული ნაგებობებისა და კულტურის კერების რეაბილიტაცია და მშენებლობა; ასევე, საბინაო და სხვა ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია როგორც ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები, ისე დასაბრუნებელი მოსახლეობისათვის;
– გარემოს დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობა.
3. განათლება
– მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ქართული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობის ნაწილისათვის; აფხაზურ და ოსურ ენებზე სახელმძღვანელოების შექმნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ან ერთობლივად შემუშავებული სასწავლო პროგრამების მიხედვით;
– სათანადო პროცედურების დადგენა და მექანიზმების შემუშავება, რათა მათ, ვინც განათლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში იღებს, მიეცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ;
– აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ჩაერთონ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომ, საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის საგრანტო და სხვა სახელმწიფო პროგრამებში;
– ომით დაზარალებული მოსახლეობისათვის ერთობლივი აკადემიური სასწავლო პროგრამების (მათ შორის, პროფესიული სწავლების პროგრამის) შემუშავება და ხელშეწყობა;
– ერთობლივი კვლევების წახალისება.
4. ჯანმრთელობის დაცვა
– მოსახლეობის უზრუნველყოფა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი უფლებით;
– საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ღონისძიებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
– სათანადო მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ჯანდაცვის მომსახურეობით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე;
– აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩართვა საქართველოს სოციალური დაცვისა და შეღავათების სისტემაში;
– სამედიცინო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, მათი ჩართვა ვაქცინაციის, პანდემიაზე რეაგირების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის, ჰეპატიტისა და ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებში.
5. სახალხო დიპლომატია
– ერთი მხრივ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს და, მეორე მხრივ, დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობის ყველა ფორმის ხელშეწყობა, განსაკუთრებით, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მექანიზმების წახალისება და ხელშეწყობა;
– ოკუპაციის შედეგად გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრებ, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა, მათ შორის, ყოფილ მეომართა, მეზობელთა, შერეული ოჯახების წევრთა, ახალგაზრდობის, კოლეგების, მეცნიერთა და ნებაყოფლობითი გაერთიანებების ურთიერთობისათვის ხელშემწყობი პლატფორმის შექმნა;
– საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა ტიპის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით ურთიერთობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ ახალგაზრდებს შორის;
– დიალოგის წარმოება საქართველოს ტერიტორიიდან გაძევებულ თემებ სა და დიასპორებთან, განსაკუთრებით , მეფის რუსეთის იმპერიის მიერ გაძევებულ მოსახლეობასთან.
6. კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვა და შენარჩუნება
– საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ენისა და ტრადიციების დაცვას, ხელოვნებისა და ლიტერატურის წახალისებას, მაგრამ არ შემოიფარგლება აღნიშნული სფეროებით;
– აფხაზები წარმოადგენენ საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზურ ენას მიენიჭა სახელმწიფო ენის სტატუსი. აფხაზური ენის გამოყენების პირობების გაუმჯობესებისათვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აფხაზური ენის პატივისცემას, დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას;
– საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, NUNEშჩO-ს, მხარდაჭერის მოპოვება ისტორიული ძეგლების რეგისტრაციისა და შენარჩუნებისათვის;
– რელიგიის თავისუფლების, მათ შორის, მშობლიურ ენაზე საეკლესიო მსახურების უზრუნველსაყოფად ხელსაყრელი გარემოსა და პირობების შექმნა;
– კავკასიის ხალხების ეთნიკურ და კულტურულ სიახლოვეზე დაფუძნებულ ღონისძიებათა წახალისება და ხელშეწყობა.
7. ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება
– ინფორმაციისა და პლურალისტური თვალსაზრისების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის კომუნიკაციისათვის ხელსაყრელი პლატფორმისა და მექანიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს იზოლაციის გადალახვას, ურთიერთგაგებას და სამომავლო გეგმების ურთიერთგაზიარებას;
– ბეჭდვითი და ელექტრონული მედიასაშუალებების გამოყენების მეშვეობით ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის აუცილებელი პლატფორმებისა და ჩარჩო-მექანიზმების შექმნა; ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის წახალისება; ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად მედიასაშუალებების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
8. სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები
– შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება და ინიციირება, აგრეთვე ადმინისტრაციული მექანიზმების შექმნა, რათა:
მოწესრიგდეს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები, როგორებიცაა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განათლებისა თუ სხვა სამოქალაქო რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები;
შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური და სავაჭრო საქმიანობა;
მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხს.
9. ადამიანის უფლებები
– ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისა და ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებისა და ჯგუფების მხარდაჭერა; აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის და, აგრეთვე, ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ხელშეწყობა;
– აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგისათვის, დარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; ამ რეგიონებში მცხოვრები ყველა ჯგუფისათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა;
– ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეთნიკური ქართველების უფლებათა დარღვევებს;
– ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელების მისაღწევად შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოწვევა; კერძოდ, ფართო საერთაშორისო მექანიზმების ჩარჩოებში მონიტორინგის სპეციალური მისიების შექმნა, რომელთა ფუნქცია იქნება სტაბილურობის შენარჩუნება აღნიშნულ ტერიტორიებზე.
10. სტიქიური უბედურებების პრევენცია
საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ყოველგვარი ღონე იხმაროს, რათა გაუწიოს მაქსიმალური დახმარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიური უბედურების დროს და მის მიერ გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად.
V. სტრატეგიის განხორციელება
საქართველოს მთავრობა ზემოაღნიშნულ მიზნებს განახორციელებს ქვეყანაში შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუციების შექმნის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის ნეიტრალური სტატუსის მქონე ჩარჩო-მექანიზმის შემუშავების, შესაბამისი საკოორდინაციო მექანიზმების განვითარებისა და მშვიდობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების გზით.
ქვეყნის ხელისუფლება, ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც დაეფუძნება წინამდებარე სტრატეგიას. გეგმა ჩამოაყალიბებს დეტალურ და კონკრეტულ მექანიზმებს, ქმედებებსა და პროცედურებს. ამასთან, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებებს და მოახდენს მათ ინიციირებას საკანონმდებლო ორგანოში. სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას პრიორიტეტების დასადგენად საქართველოს მთავრობა კონსულტაციებს გამართავს ომით დაზარალებულ მოსახლეობასთან. საქართველოს მთავრობა, აცნობიერებს რა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებულ რიგ სირთულეებს, მზადაა ეს ყოველივე გაითვალისწინოს სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.
სტრატეგიის განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობა მხედველობაში მიიღებს და განავითარებს ჩართულობისა და თანამშრომლობის ყველა მანამდე არსებულ ღირებულ და პოზიტიურ გამოცდილებას.
საქართველოს მთავრობა შეეცდება შეიმუშაოს შერიგების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს, ითანამშრომლონ და განსაზღვრონ საერთო მიდგომები საკუთარი წარსულისა და ისტორიის მიმართ, განსაკუთრებით, იმ კონფლიქტების მიმართ, რომლებიც განვითარდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს საოკუპაციო ძალასთან მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და/ან სხვა პოტენციური ფორუმების ფარგლებში, რათა უზრუნველყოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება.
საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამართლებრივ მექანიზმს და მოახდენს მის ინიცირებას საკანონმდებლო დონეზე, რათა საგანგებოდ შექმნილ საფინანსო ინსტიტუტს მიეცეს ოპერირების საშუალება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. აღნიშნული ინსტიტუტი მომსახურეობას გაუწევს შესაბამის საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ორივე მხარისათვის ხელსაყრელ და სასარგებლო პროგრამებს, და კომერციულ სტრუქტურებს, რომლებიც ახორციელებენ ორივე მხარისათვის ხელსაყრელ ბიზნესპროექტებს და რეგისტრირებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ეროვნული და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების გზით საქართველოს მთავრობა მოიძიებს და გამოყოფს ფინანსურ და სხვა რესურსებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის.
საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთა-შორისო საზოგადოების ჩართვა სტრატეგიის განხორციელების პროცესში. საქართველოს მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ბიზნესერთეულებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე, პარტნიორი ქვეყნების განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოებს მიიჩნევს მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებად სტრატეგიის მიზნების მხარდაჭერისა და განხორციელების თვალსაზრისით.
ტერმინთა განმარტებები:
აფხაზეთი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი;
ოკუპირებული ტერიტორიები – ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები;
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლება – ოკუპანტი ძალის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი და მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმები;
გამყოფი ხაზები – ოკუპანტი ძალის მიერ შექმნილი საოკუპაციო ხაზები, რომლებითაც ოკუპირებული ტერიტორიები გამოყოფილია საქართველოს დანარჩენი ნაწილებისაგან;
გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობა – საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა;
ომისაგან დაზარალებული მოსახლეობა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ასევე 90-იან წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა;
ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთისაგან განცალკევებული თემები – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები და ამ ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა;
დევნილი მოსახლეობა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებით ადგილნაცვალი პირი;
ლტოლვილი მოსახლეობა – პირი, რომლისთვისაც საქართველო არის წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო შეიარაღებული კონფლიქტის ან ომის შედეგად.
დანართი №2
სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით – განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში მონაწილე სამთავრობო დაწესებულებების ნუსხა
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს იუსიტიციის სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
დოკუმენტის კომენტარები