საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1959-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.017315
1959-IIს
05/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
190020010.05.001.017315
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კოდექსის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები – შეესაბამება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოცემულ განმარტებებს;

ო) გათანაბრებითი ტრანსფერი – საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კოდექსით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გამოყოფილი თანხები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სპეციალური ტრანსფერი − სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) კაპიტალური ტრანსფერი − სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად გადაცემული მიზნობრივი სახსრები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან;“. 

3. 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.“.

4. 69-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლების შესაბამისად გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

5. 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივ თვითმმარ­თველ ერთეულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გადაეცემა გათანაბრებითი ტრანსფერი.

3. გათანაბრებითი ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების გათანაბრება.“.

6. 77-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი/მერი განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.“.

7. 78-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელს/მერს.

4. ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტებს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი/მერი წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.

5.  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელთან/მერთან შეთანხმებით.

6. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ − საკრებულომ არ დაამტკიცა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებლის/მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის/მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამგებლისათვის/მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.

7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გამგებელი/მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების 1/12-ისა. ახალი საბიუჯეტო წლის  დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს და გამგებელს/მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას და შემოიღებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“.

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 79და 79მუხლები:

„მუხლი 791. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი

1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, თუ შესაბამისი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. მიმართვაში უნდა აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და სპეციალური ტრანსფერის მოცულობა.

3. საქართველოს მთავრობა მოთხოვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის თაობაზე ან სპეციალური ტრანსფერის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.

            

მუხლი 792. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი

1. კაპიტალური ტრანსფერი გადაეცემა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტს მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და იგი დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან.

2. კაპიტალური ტრანსფერი შეიძლება გადაეცეს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს.

3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის საერთო მოცულობა დგინდება საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

4. კაპიტალური ტრანსფერის გადაცემის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ინიციატივა. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული მიმართავს საქართველოს მთავრობას ან/და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. მიმართვაში უნდა დასაბუთდეს კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის აუცილებლობა და აღინიშნოს კაპიტალური ტრანსფერის მოცულობა.

5. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს მთავრობა ან/და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

6. კაპიტალური ტრანსფერის გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1959-IIს