დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4205 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.05.001.002.516 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (07/12/2017 - 05/07/2018)
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდისა და საქართველოს ეროვნული არქივის სამართლებრივ სტატუსს, ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტების მიკუთვნების პრინციპებს, მათი დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
ამ კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოში არქივის მართვის პრინციპებისა და სისტემის განსაზღვრა;
ბ) ეროვნული საარქივო ფონდის დაცვის, შევსების, აღრიცხვისა და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის ძირითადი პრინციპების დადგენა;
გ) (ამოღებულია - 20.12.2011, №5571).
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
1. ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს.
2. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ეროვნული საარქივო ფონდის შევსების, შენახვის, დაცვისა და გამოყენებისათვის.
3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად.
4. ეროვნული საარქივო ფონდის იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარება ელექტრონული მატარებლის სახით შენახვას, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ეროვნული საარქივო ფონდის ის დოკუმენტები, რომლებიც არ აისახება აღნიშნულ ნუსხაში, ინახება მატერიალური და ელექტრონული მატარებლების სახით.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ის დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდისათვის გადასაცემად განკუთვნილ დოკუმენტებს (მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტებს), ვალდებული არიან უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი ყველა დოკუმენტის დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და ყოველწლიურად მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად, რომლებსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტი სახელმწიფო საკუთრებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობისას შექმნილი დოკუმენტი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შექმნილი ან კანონიერად შეძენილი დოკუმენტი – მისი საკუთრება.
2. დაუშვებელია სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გასხვისება.
3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე, გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეცემა ეროვნულ არქივს.
თავი II. საარქივო საქმის მართვა
1. საქართველოში საარქივო საქმეს მართავს და საქმისწარმოების სრულყოფასა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი (შემდგომში – ეროვნული არქივი).
2. ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შევსებას, დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), აღწერას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირებას და მის მუდმივ განახლებას, დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციას და განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებისათვის სადაზღვევო ფონდის შექმნას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალ დაშვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; ეროვნული არქივი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენებით ამზადებს ბუკლეტებს, ბროშურებს, სხვადასხვა სახის გამოცემებს (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის სახით), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი შემდგომი რეალიზაციის უფლებით.
3. ეროვნულ არქივს აქვს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლება, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა.
4. ეროვნული არქივი ახორციელებს საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლს და ზედამხედველობს ამ კანონის შესრულებას.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
ბ) ეროვნული არქივის სისტემისა და საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავებას და გამოცემას;
ბ1) ეროვნული არქივის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
1. ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებია ცენტრალური აპარატი და ცენტრალური არქივები.
2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების – მეშვეობით.
3. ეროვნულ არქივს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეების შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
41. ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ეროვნული არქივის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
6. ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თავისი უფლებამოსილებების დელეგირება.
7. ეროვნული არქივის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.
8. ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.
9. ეროვნულ არქივს შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციების შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო მიღებული შემოსავლები განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, დასაქმებულთა დამატებითი ანაზღაურებისა და ამ კანონითა და ეროვნული არქივის დებულებით გათვალისწინებული სხვა მიზნებისათვის.
10. ეროვნულ არქივს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საბანკო ანგარიშები.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4465 -ვებგვერდი,01.04.2011წ.
1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და იმ სტრუქტურული ერთეულების – ცენტრალური არქივების – სამოქმედო ტერიტორიები, რომელთა საქმიანობაც საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. რეგიონული და ადგილობრივი არქივები მუდმივად ინახავენ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე შექმნილ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს. რეგიონული და ადგილობრივი არქივები და ადგილობრივი წარმომადგენლობები მართავენ საარქივო საქმეს შესაბამის ტერიტორიაზე.
3. რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს ხელმძღვანელობენ დირექტორები, ხოლო ადგილობრივ წარმომადგენლობებს – ადგილობრივი წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.
4. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.
5. ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.
6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
7. ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას ზედამხედველობს ეროვნული არქივი.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში საარქივო საქმის მართვას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალი შესაბამისი ორგანოები, რომელთა კომპეტენციის ფარგლები, ამოცანები და ფუნქციები საარქივო საქმიანობაში განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით.
თავი III. ეროვნული საარქივო ფონდის დაკომპლექტება
1. ეროვნულ საარქივო ფონდს დოკუმენტს მიაკუთვნებს ეროვნული არქივის საექსპერტო-შემმოწმებელი კომისია შემფასებელი ექსპერტიზის შედეგის დამტკიცების საფუძველზე.
2. დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება ხდება საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად.
1. ეროვნული საარქივო ფონდი შეივსება იმ დოკუმენტებით, რომლებიც:
ა) შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში;
ბ) გადაეცა სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობის საფუძველზე;
გ) გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების, ანდერძით გადაცემის, ნასყიდობის ან სხვა კანონიერ საფუძველზე;
დ) შეიქმნა პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში;
ე) შეიქმნა კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაა.
2. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნების მიზნით სავალდებულოა წარდგენილ იქნეს შემფასებელ ექსპერტიზაზე.
3. ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტის მიკუთვნება არ ნიშნავს მისი მესაკუთრის შეცვლას.
1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შერჩევა და დამუშავება.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას.
3. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური გაერთიანებები, იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული არიან საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ფიზიკური პირების კუთვნილი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს ეროვნული არქივი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები უფლებამოსილი არიან თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყონ ეროვნული არქივის მიერ აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს, აგრეთვე აკრედიტაციის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ეროვნულ არქივს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე წარუდგენენ ინფორმაციას წლის განმავლობაში მათ მიერ დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.
4. თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დოკუმენტს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, მის მესაკუთრესა და ეროვნულ არქივს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ეროვნული არქივის მიერ ამ დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3809 - სსმ I, №65, 26.11.2010 წ., მუხ.411
თავი IV. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და მისი ტერიტორიული ორგანოები – რეგიონული და ადგილობრივი არქივები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.
2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას;
ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივს;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს;
დ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სხვა მუზეუმებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს − გეოლოგიური ფონდისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა;
ე1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
ე 2) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს;
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს − ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა;
ზ) კერძო არქივებს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტებისა;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს – ნავთობისა და გაზის სფეროში პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური ინფორმაციისა, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ მონაცემებისა, საწარმოო მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა.
2 1. კერძო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული არქივი. კერძო არქივების ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მუდმივად შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი გადასცეს ეროვნულ არქივს. დოკუმენტის გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
4. საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ გაერთიანებას, იურიდიულ პირს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს შეინახოს ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ იგი უზრუნველყოფს მის დაცვას.
5. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს განსაზღვრავს ეროვნული არქივი და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.
6. ამ მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 პუნქტში (გარდა მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა) ჩამოთვლილ პირებს ეკრძალებათ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება.
7. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №201 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.125
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4070 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.460
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4396 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი,01.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ოქტომბრის კანონი №5141 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6161 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 57 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3968 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა.
2. აკრძალულია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის განადგურება.
3. თუ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტის შენახვასა და დაცვას, იგი ეროვნული არქივის კომისიის აქტის საფუძველზე დეპოზიტური შენახვისათვის გადაეცემა ეროვნულ არქივს. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაარღვევს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს, ეროვნულ არქივს უფლება აქვს, სასამართლოს წინაშე აღძრას სარჩელი მისთვის დოკუმენტის ჩამორთმევისა და ეროვნული არქივისათვის გადაცემის შესახებ.
5. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების ან შენახვის ადგილის შეცვლის შემთხვევაში დოკუმენტის მფლობელმა (მესაკუთრემ) ამის შესახებ უნდა აცნობოს ეროვნულ არქივს.
6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია დეპოზიტური შენახვისათვის ეროვნულ არქივს გადასცეს თავისი დოკუმენტი. ეროვნული არქივი ვალდებულია, დეპოზიტური შენახვისათვის მიიღოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, თუ მფლობელი (მესაკუთრე) ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას.
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურაში შეიძლება შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან მათი შენახვა დაევალოს რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფს. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები ინახება ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.
2. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა შესაბამისად ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოებისათვის მათ გადაცემამდე.
21. ის ორგანოები/დაწესებულებები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, ვალდებული არიან აღნიშნული დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცენ როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური მატარებლის სახით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვის ზღვრულ ვადებს ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
4. თუ შეიქმნა დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების საფრთხე, შესაბამისი საფრთხის აღმოფხვრამდე იგი დაუყოვნებლივ გადაეცემა ეროვნულ არქივს შენახვისათვის.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების ან ორგანიზაციის/დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია, ეროვნულ არქივს ან/და მის ტერიტორიულ ორგანოს აცნობოს თავისი ვინაობა და დოკუმენტის შენახვის ადგილი. მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად.
2. იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადაც ინახება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ლიკვიდატორებმა უნდა უზრუნველყონ ამ დოკუმენტთან ეროვნული არქივის წარმომადგენლის თავისუფალი დაშვება. აღნიშნული დოკუმენტის დამუშავებისა და ეროვნული არქივისათვის გადაცემის ხარჯებს გაიღებენ ლიკვიდატორები.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა ფინანსდება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) მესაკუთრის მიერ;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტებით;
დ) შემოწირულებებით;
ე) სხვა სახსრებით, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
ეროვნული საარქივო ფონდის დაცვის სფეროში საგადასახადო, კომუნალური და სხვა შეღავათები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
თავი V. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დამუშავება და ცენტრალიზებული აღრიცხვა
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა, აღირიცხება ცენტრალიზებულად. დოკუმენტები აღირიცხება ფონდებად (კოლექციებად) და შესანახ ერთეულებად. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას ახორციელებს ეროვნული არქივი.
2. პირი, რომელიც ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს, ვალდებულია მოახდინოს მისი სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება და შეავსოს დოკუმენტის ცენტრალიზებული აღრიცხვის ცნობა.
3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესსა და დოკუმენტის ცენტრალიზებული აღრიცხვის ცნობის ფორმას შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლების მქონე დაწესებულებები ვალდებული არიან, დოკუმენტების სააღრიცხვო მონაცემები ეროვნულ არქივს დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით წარუდგინონ.
თავი VI. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა.
2. ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.
4. შეზღუდულია ეროვნული საარქივო ფონდის შემდეგ დოკუმენტებთან დაშვება:
ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან – „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით;
ბ) მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.
5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
1. პირს უფლება აქვს, ეროვნულ არქივს მოსთხოვოს, არ დაუშვას თავისი კუთვნილი დოკუმენტის გამოყენება ან საჯაროდ ჩვენება თავის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 75 წელს მისი შექმნიდან.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება წამოყენებულ იქნეს აგრეთვე დოკუმენტის გასხვისებისას, სარგებლობაში ან დეპოზიტური შენახვისათვის გადაცემისას.
დაუშვებელია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის ტექსტში მისი ფორმისა და შინაარსის, მათ შორის, მასში გადმოცემული ინფორმაციის, შეცვლის მიზნით ცვლილების შეტანა, აგრეთვე დოკუმენტის გაყალბება და ფიზიკური დაზიანება.
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს დოკუმენტის შენახვის ადგილი ან/და მესაკუთრე.
პირი, რომელთანაც ინახება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ვალდებულია, დაინტერესებულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს დოკუმენტის დამოწმებული პირი, ცნობა ან დოკუმენტიდან ამონაწერი.
თავი VII. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების განკარგვა
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მესაკუთრემ დოკუმენტის გასხვისებამდე წინასწარ უნდა აცნობოს ეროვნულ არქივს გასხვისების პირობები, ხოლო მისი გასხვისების შემდეგ – დოკუმენტის ახალი მფლობელის ვინაობა.
2. პირი, რომელიც ეწევა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია, ეროვნულ არქივს წარუდგინოს მონაცემები სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დოკუმენტების შესახებ.
3. თუ პირი ყიდის თავის დოკუმენტს, ეროვნულ არქივს აქვს მისი შესყიდვის უპირატესი უფლება.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებული გარიგება ბათილად ჩაითვლება.
ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის საზღვარგარეთ დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011წ.
თავი X. საერთაშორისო თანამშრომლობა
1. საქართველოს საარქივო საქმის განვითარების მიზნით ეროვნული არქივის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოიცავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების პირების გაცვლისა და ამ კანონით დადგენილი წესით ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან უცხოელი მოქალაქეების ან იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვებას.
2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დედნის სხვა სახელმწიფოსთვის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XI. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ეროვნული არქივისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს:
ა) შემდეგი ბრძანებების გამოცემა:
ა.ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ა.ბ) „საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
ა.გ) „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;
ა.დ) „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის შესახებ“;
ა.ე) „ეროვნული საარქივო ფონდის სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტებთან დაშვების წესის შესახებ“;
ბ) მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა.
4. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ადგილობრივი არქივის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების – ადგილობრივი არქივების დაფინანსება 2010 წლის 1 იანვრამდე.
5. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა 2008–2013 წლებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვისა და სადაზღვევო ფონდის შექმნის მიზნით.
თავი XIII. დასკვნითი დებულებანი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს 1995 წლის 2 მაისის კანონი „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №№27-30, 1994-95წ.წ., გვ.75);
ბ) საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 12 თებერვლის №1 ბრძანება „საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო არქივებისა და სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სამსახურის მიერ დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა და მოქალაქეებისათვის გასაწევი ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4205–რს
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
დოკუმენტის კომენტარები