დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 240 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/03/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/03/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №240
2013 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სამოქმედო გეგმის 2.2.2 ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2.2. გრძელვადიანი განსახლების სხვა მიმართულებებია ცარიელი შენობების რეაბილიტაცია, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დევნილთა განსახლება და საკუთრებაში გადაცემა, ასევე დევნილთა განსახლება გამოსყიდულ ან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში სოფლად. ამ პროექტების ფარგლებში დაკმაყოფილდებიან ის დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებიც არ გარემონტდება და/ან საკუთრებაში არ გადაეცემათ, ასევე კერძო სექტორში მაცხოვრებელი უკიდურესად გაჭირვებული დევნილები, რომლებიც არიან რისკის წინაშე, დარჩნენ უსახლკაროდ.“;
ბ) სამოქმედო გეგმის 5.1. პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.1. საერთო კოორდინაციას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სამინისტრო. იგი იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საერთო მოქმედების კოორდინაციის მიზნით, რათა მოხდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეალიზება და განხორციელება. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ ‑ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა (EC), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი, გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW); სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სათათბირო ხმის უფლებით, ასევე არიან არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო); სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლოა მოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად. სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, თითოეულ უწყებას და ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში.“.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი
დოკუმენტის კომენტარები