საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის

  • Word
საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
223
01/03/2013
გამოუქვეყნებელი, 01/03/2013
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №223

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის

1. მოწონებულ იქნეს თანდართული „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის.“.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სტრატეგიის ძირითადი პრინციპების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებებისთვის, სტრატეგიის საკითხებზე მათთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სტრატეგიის საკითხებზე ასევე უზრუნველყოს კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა საქართველოს სამინისტროებთან.

4. ეთხოვოს კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს.

პრემიერ-მინისტრი                                                    ბ. ივანიშვილი

 

დანართი

საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის

 

პრეამბულა

საქართველოში დღეისათვის მოქმედი, მაქსიმალურად ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოებრივი მომსახურების ადეკვატურ მიწოდებას მოსახლეობისათვის და ვერც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება კრიზისულ პერიოდებში, როცა გაუმართავი და არაეფექტური სისტემა, არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესის დარეგულირების ნაცვლად, დამატებით პრობლემებს წარმოქმნის.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით არსებითი რეფორმების განხორციელება, რომელმაც მართვის დემოკრატიულობა და მოსახლეობისთვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა უნდა განაპირობოს.

რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს განიხილავს ქვეყანაში დემოკრატიისა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების დამკვიდრების საკვანძო ასპექტად.

დაგეგმილი რეფორმების შედეგად თითოეულ დასახლებაში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქეთა მართვაში უშუალო მონაწილეობის დემოკრატიული ინსტიტუტი. მოხდება სრულყოფილი მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია, თვითმმართველი ერთეულების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება ფუნქციური და მატერიალური თვალსაზრისით, სამხარეო მმართველობის დონეზე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი კომპონენტები.

საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, 2013 წელს განახორციელებს ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს. 2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნეს დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლად ჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა ინსტიტუციური, საფინანსო-ეკონომიკური, მართვის ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის კუთხით.

 

 რეფორმირების უმთავრესი მიმართულებანი

● სრულყოფილი და ეფექტური თვითმმართველობის განსახორციელებლად მოხდება:

● საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმირება თითოეულ დასახლებაში;

● მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია და გაძლიერება;

● სამხარეო ხელისუფლებაში თვითმმართველობის ელემენტების დამკვიდრება;

● სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების შექმნა;

● რეფორმირების პროცესის სამართლებრივი, ტექნიკური და რესურსული უზრუნველყოფა.

 

საზოგადოებრივი თვითმმართველობა თითოეულ დასახლებაში

2013 წელს მიღებულ იქნება კანონი, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის შენარჩუნება-განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და საზოგადოების მართვაში (გადაწყვეტილების მიღების პროცესში) ჩართულობას. ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრება სასოფლო დასახლება, როგორც იურიდიული პირი. სასოფლო დასახლებაში იფუნქციონირებს პირდაპირი დემოკრატიის ფორმა - სოფლის კრება, აირჩევა კრების თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოები. 2013-2014 წლებში რეფორმის პირველი ეტაპის დასრულებამდე, სოფლის საერთო კრებებს და არჩევით პირებს ექნებათ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში და სხვა პროგრამებით სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის და შემდგომი მონიტორინგის ფუნქცია. ასევე, მიმდინარე რეფორმირების პროცესში თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ოპტიმიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობისთვის იგი იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტირების ძირითადი რგოლი. საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩაანაცვლებენ დღეს მოქმედი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ რწმუნებულებს.

2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფუნქციები უშუალოდ ინტეგრირებული იქნება თვითმმართველობის სისტემაში. აღნიშნული ორგანოები, ასევე საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და შესაბამისი თვითმმართველი თემის (მუნიციპალიტეტის) კომპეტენციების აღსრულების პროცესში განახორციელებენ კანონით მისთვის მინიჭებულ და მუნიციპალიტეტისგან დელეგირებულ ფუნქციებს. საზოგადოებრივ თვითმმართველობას არ ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი. შესაბამისი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება დასახლების საზოგადოებრივ თვითმმართველობას სარგებლობის უფლებით გადასცეს ცალკეული ქონება, მიწა და ბუნებრივი რესურსები.

 

მუნიციპალური თვითმმართველობა

2013 წელს შეიქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესაბამისადაც დასახლებები ან დასახლებათა ერთობლიობები ჩამოყალიბდება როგორც თვითმმართველი ერთეულები - თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები. ამ მიზნით, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე კანონით დადგინდება მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანიზების დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ჩარჩო-კრიტერიუმები და პრინციპები. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ჩარჩო-კრიტერიუმების და პრინციპების საფუძველზე, განხორციელდება სოფლების საზოგადოებრივ თვითმმართველობასთან შეთანხმების გზით, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით თვითმმართველი ერთეულების ფორმირება. თვითმმართველი ერთეულების ფორმირების პროცესის დასრულების და შესაბამისი ტექნიკური (გეოინფორმაციული) სამუშაოების დასრულების შემდგომ, კანონით განსაზღვრული წესით დამტკიცდება თვითმმართველი ერთეულების ნუსხა და საზღვრები, რომლებშიც უნდა გაიმართოს 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები.

შეიქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესაბამისადაც: თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – არჩეულ იქნება პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პერსონალური პროპორციული ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემით, 2 წლის ვადით. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოთა ხელმძღვანელები (გამგებელი სოფელში/თემში და მერი - ქალაქში) არჩეულ იქნებიან პირდაპირი წესით.

კანონმდებლობით, თვითმმართველობის ორგანოებისათვის განისაზღვრება ექსკლუზიური უფლებამოსილებების ნუსხა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ექსკლუზიური უფლებამოსილებების ძირთადი ნაწილის განხორციელებას დაიწყებენ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ამასთან, კანონმდებლობის გარდამავალ დებულებებში განსაზღვრული იქნება ექსკლუზიური უფლებამოსილებების ნაწილის თვითმმართველობებისთვის შემდგომ ეტაპებზე გადაცემის ვადები.

ექსკლუზიური უფლებამოსილებების თვალსაზრისით, მუნიციპალური თვითმმართველობის ორგანოებს მინიჭებული ექნებათ ძირითადად შიდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის საკითხები - მოქალაქეთა საცხოვრებელი, ყოფითი და სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხები ძირითადად კონცენტრირებული იქნება მუნიციპალურ დონეზე. კანონმდებლობით განისაზღვრება აგრეთვე უფლებამოსილებათა დელეგირების პრინციპები და მექანიზმები. დელეგირება განხორციელდება ან კანონით, ან ხელისუფლების ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ფინანსური რესურსების გადაცემით მადელეგირებელი ორგანოს მიერ. დელეგირებულ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ადგილობრივ დონეზე იქნება ცენტრიდან დელეგირებული საერთო-სახელმწიფოებრივი ფუნქციების ცალკეული (მომსახურებითი, ადმინისტრაციული) კომპონენტები, რომელიც მოქალაქის საჯარო ხელისუფლებასთან უშუალო კონტაქტს ითვალისწინებს (სოციალური საკითხები, სარეგისტრაციო საკითხები და ა. შ.).

საკანონმდებლო ბაზის მიღების შემდგომ, ადგილობრივ არჩევნებამდე, საქართველოს მთავრობა განახორციელებს კონკრეტული უფლებამოსილებების გამიჯვნის სამართლებრივ და ტექნიკურ ღონისძიებებს (ინფრასტრუქტურული ობიექტების, ბუნებრივი რესურსების და მიწის კატეგორიებად გამიჯვნის, მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ადაპტირებას ახალ მოდელთან და ა. შ.).

 

სამხარეო თვითმმართველობა

დღეს არსებული სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების სამოქმედო გეოგრაფიული არეალების მიხედვით, კანონით განისაზღვრება სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირება. სამხარეო ხელისუფლების დონეზე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს მხარეების დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას, ცალკეული უფლებამოსილებებისა რესურსების გადაცემას.

სამხარეო წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირება მოხდება მხარეში შემავალი მუნიციპალური თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების წარმომადგენლებისგან. გათვალისწინებული იქნება სამხარეო საბჭოში ოპოზიციური სუბიექტების და უპარტიო წარმომადგენლების წარმომადგენლობის ასახვა.

მხარის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნება მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამ კანდიდატს შეარჩევს სამხარეო საბჭო და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელთაგანაც საქართველოს მთავრობა შეარჩევს და დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

კანონმდებლობით განისაზღვრება მხარის ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური უფლებამოსილებები. მხარეებს ექსკლუზიური უფლებამოსილებების სახით გადაეცემა შიდა რეგიონული ინფრასტრუქტურის ის ნაწილები, რომლებიც თავისი გეოგრაფიული მახასიათებლებით, ეკონომიკური მასშტაბით და/ან მართვის და სერვისის მიწოდების სპეციფიკით ვერ განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და ამასთან, ამ უფლებამოსილებათა ცენტრალიზებულად განხორციელება არაეფექტიანია. აღნიშნულში ძირითადად შევა შედარებით მსხვილი ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, ასევე ბიზნეს-გარემოსთან/სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტები.

სამხარეო დონეზე სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ასევე დელეგირებული იქნება ძირითადად მსხვილი კაპიტალური პროექტები, საერთო ეროვნული პროგრამები, რომელთა განხორციელებაც სამხარეო დონეზე უფრო მიზანშეწონილია ეკონომიკური/მართვის თვალსაზრისით. სამხარეო ხელისუფლება უფლებამოსილი იქნება აგრეთვე განახორციელოს მასში შემავალი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ისგან ქვემოდან ზემოთ დელეგირებული უფლებამოსილებები.

დედაქალაქს ექნება განსაკუთრებული სტატუსი, რომელშიც კონცენტრირებული იქნება როგორც მუნიციპალური თვითმმართველობის, ასევე სამხარეო თვითმმართველობის ფუნქციები. დედაქალაქი - თბილისი დაიყოფა მუნიციპალიტეტებად/უბნებად. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო - ქალაქის საბჭო და მუნიციპალიტეტის (უბნის) საკრებულოები.

თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები იქნებიან თბილისის მერია და მუნიციპალიტეტების (უბნების) გამგეობები. მერი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

სამხარეო თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ თბილისის ხელისუფლების ახალი მოდელის ფორმირება მოხდება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად.

 

ფინანსების და ქონების გამიჯვნა

2013 წელს, კანონმდებლობით განისაზღვრება მუნიციპალური და სამხარეო ორგანოების უფლებამოსილებები და მოხდება შემოსავლების გამიჯვნა.

ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

მუნიციპალურ და სამხარეო ბიუჯეტებს კანონმდებლობით გარანტირებული ექნებათ საკუთარი შემოსავლის სახეები, მათ შორის: საგადასახადო შემოსავლები, ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებული შემოსავლები, მოსაკრებლები, სხვა შემოსავლები, ასევე მუნიციპალურ ბიუჯეტებს გათანაბრებითი ტრანსფერები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები. ქონების გადასახადი იქნება ადგილობრივი ტიპის და მიემართება მუნიციპალურ ბიუჯეტებში. საშემოსავლო გადასახადი იქნება ზიარი ტიპის და წილობრივად განაწილდება ბიუჯეტებს შორის.

არაპირდაპირი გადასახადები იქნება საერთო‑სახელმწიფოებრივი. შეიცვლება საშემოსავლო გადასახადის შესაბამის ბიუჯეტში მიმართვის პრინციპი. საგადასახადო სემოსავლების გამიჯვნის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ამოქმედება მოხდება ეტაპობრივად 2015‑2017 წლებში.

სხვა შემოსავლები გაიმიჯნება უფლებამოსილებების (მოსაკრებლები), საკუთრების (ქონება, ბუნებრივი რესურსები, მიწა) მიხედვით ხელისუფლების დონეებს შორის. გათანაბრებითი ტრანსფერი განაწილდება კანონით დადგენილი ფორმულის შესაბამისად. სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიური გათანაბრებითი ფონდის მინიმალური მოცულობა განსაზღვრული იქნება კანონმდებლობით.

დელეგირებული უფლებამოსილებების დაფინანსება მოხდება მიზნობრივი ტრანსფერის გადაცემით მადელეგირებელი ხელისუფლების ბიუჯეტიდან შესაბამისი დონის ბიუჯეტში.

 ფუნქციების გადაცემის პარალელურად გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტების წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში.

კანონით დადგინდება მხარის/თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლების ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის და რეგულირების ნორმები.

ყველა მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი მიწა (სავარგულები, საძოვრები, ტყე), წყალი, უძრავი ქონება. თვითმმართველ ერთეულებს საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება (უძრავი და მოძრავი ქონება, არამატერიალური აქტივები), მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არაპრივატიზებული როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დიდი ნაწილი. მუნიციპალიტეტი თავად გადაწყვეტს მის საკუთრებაში არსებული რესურსებიდან რა გადასცეს მასში შემავალ დასახლებების საზოგადოებრივ თვითმმართველობას სარგებლობის უფლებით.

საკანონმდებლო ბაზის მიღებამდე და მის შემდგომ, 2013 წლიდან 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ჩატარდება ანალიტიკური სამუშაო, შემოსავლების გამიჯვნის სხვადასხვა ვარიანტებს შორის, ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებული გაანგარიშება, მოდელირება, ცალკეული თვითმმართველი ერთეულების მაგალითებზე სიმულირება, რაც ტექნიკურად კიდევ უფრო დახვეწს ფინანსურ სისტემას.

 

 სახელმწიფო ზედამხედველობა

 თვითმმართველობათა საქმიანობაზე განხორციელდება სამართლებრივი და დარგობრივი ზედამხედველობა:

● სამართლებრივი ზედამხედველობა ექსკლუზიურ კომპეტენციებთან დაკავშირებით შემოიფარგლება მხოლოდ ამ ამოცანების შესრულების კანონთან შესაბამისობის შემოწმებით.

● დარგობრივი ზედამხედველობა დელეგირებულ კომპეტენციებზე განხორციელდება როგორც სამართლებრივი, ისე ამოცანების შესრულების შინაარსისა და ხარისხის მიმართულებით.

 

მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებები

2013 წელს მიღებული იქნება სპეციალური კანონი "მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებების" შესახებ. კანონი შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, დეპრესიულ, ცენტრალური მაგისტრალებიდან დაშორებით მყოფ და ინფრასტრუქტურულად მოწყვეტილ (ძნელად მისადგომ) დასახლებებს, ასევე დასახლებებს, რომელთა შენარჩუნებას და მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას აქვს განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობა. ასეთი დასახლებებისთვის კანონით განისაზღვრება სპეციალური შეღავათები და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები.

 

რეფორმის მოსალოდნელი შედეგები

● გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.

● გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი. ის დამოკიდებული აღარ იქნება ცენტრში მიღებულ უნიფიცირებულ გადაწყვეტილებებზე და გათვალისწინებული იქნება ცალკეული თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი სპეციფიკა;

● საქართველოში ჩამოყალიბდება ორდონიანი თვითმმართველობა, რაც შესაბამისობაში იქნება ევროპის ანალოგიური სიდიდის ქვეყნების მოწყობასთან;

● ადგილებზე სასიცოცხლო ინტერესების გადაწყვეტა გაზრდის საზოგადოების პასუხისმგებლობას, რაც ხელს შეუწყობს ცალკეული ჯგუფების ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ალბათობის შემცირებას.

● ადგილებზე შეიქმნება ინიციატივიან პირთა გამოვლენისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქვეყანაში (საჯარო სამსახური, პოლიტიკური პარტიები და სხვა) კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევის პროცესს.

 

განსახორციელებელი ღონისძიებები და ვადები

 

 

ღონისძიება

ვადები

განმახორციელებლები

1.

თემატური სამუშაო ჯგუფები

 

 

1.1

თემატური სამუშაო ჯგუფების მიერ შესაბამისი მიმართულებების საკითხების კონკრეტული ფორმების და მექანიზმების დამუშავება: ტერიტორიული მოწყობა, საზღვრები, ინსტიტუციური მოწყობა; კომპეტენციები; ფინანსები და ქონება; სახელმწიფო ზედამხედველობა; გამჭვირვალობა და მონაწილეობა, გეოინფორმაცია/სტატისტიკა, მაღალმთიანი რეგიონები, „სოფლის შესახებ“ კანონის ჯგუფი და ა. შ.

03/04/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამინისტროები და უწყებები, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, სხვა კომიტეტები, ექსპერტები

1.2

თემატური მიმართულებების შესაბამისი მოდელების და დეტალური სამუშაო გეგმის დასრულება-განხილვები

03/04/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამინისტროები და უწყებები, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, სხვა კომიტეტები, ექსპერტები

2.

თვითმმართველობის რეფორმის ტექნიკურ-ინფორმაციული უზრუნველყოფა

 

 

2.1

სტატისტიკური მონაცემების თავმოყრა და დამუშავება რეფორმის საჭიროებებიდან გამომდინარე

03/05/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ექსპერტები

 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ერთიანი გეოინფორმაციული ბაზის შექმნა, სადაც დასახლებების, თემების და რეგიონების მიხედვით ინტეგრირებული იქნება მრავალმხრივი სტატისტიკური ინფორმაცია

03/05/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ექსპერტები. სამინისტრო ითანამშრომლებს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, საჯარო რეესტრთან და სხვა უწყებებთან

2.2

სოფლის კრებებისთვის და სხვა ორგანიზაციული საკითხებისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა-მოძიება

03/05/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ექსპერტები

3.

 კანონების მომზადება და მიღება

 

 

3.1

„სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“, ,,მაღალმთიანი და განსაკუთრებული დასახლებების შესახებ", "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და თანმხლები კანონპროექტების მომზადება

03/04/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, სხვა კომიტეტები, ექსპერტები

3.2

კანონპროექტების საჯარო განხილვები. კანონპროექტების საპარლამენტო განხილვა და დამტკიცება

04/05/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ექსპერტები

3.3.

ახალმიღებული კანონის აღსრულების სამართლებრივ-ტექნიკური უზრუნველყოფა

04/05/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ექსპერტები

3.4

სოფლის კრებების ჩატარება და სოფლის პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება

05/09/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ექსპერტები

4.

მუნიციპალური ერთეულების ნუსხის და საზღვრების დადგენა-დამტკიცება

 

 

4.1

კანონით დადგენილი ჩარჩო -კრიტერიუმების საფუძველზე მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ორგანიზაციის განსახილველი ვარიანტების მომზადება გეოინფორმაციულ სისტემაში

05/07/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ექსპერტები

4.2

დასახლებებში არჩეულ საზოგადოებრივ საბჭოებთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საკითხებზე

07/12/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ექსპერტები

4.3

მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების და კონსულტაციების შეჯამება, ზუსტი ნუსხის და საზღვრების შესახებ დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება

01/03/2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტები, ექსპერტები

5.

რეფორმის სხვა ღონისძიებები

 

 

5.1

ტრენინგ პროგრამების დაგეგმვა თვითმმართველობის სისტემაზე, ფუნქციებზე და როლზე ადგილობრივი აქტიური ადამიანებისთვის, ტრენინგ მოდულების მომზადება, ტრენერების მომზადება, მონაწილეთა განსაზღვრა, გრაფიკის შემუშავება, სასწავლო-საინფორმაციო მასალების მომზადება, დონორების მოძიება

07/09/2013

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ექსპერტები

5.2

მასშტაბური ტრენინგ-პროგრამის განხორციელება, სოფლის საზოგადოებრივი საბჭოებისთვის, ადგილობრივი საკრებულოების წევრებისთვის. ჯამში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20000 ადამიანისთვის

09/2013 -07/2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ექსპერტები

5.3

მეთოდური მასალების მომზადება მუნიციპალური და რეგიონული პროგრამების შემუშავებისთვის, ადგილობრივი ექსკლუზიური მომსახურების გაწევის სტანდარტები, დელეგირებულ უფლებამოსილებათა სტანდარტები და სხვა მასალები, რომლებიც 2014 წელს არჩეული თვითმმართველობის ორგანოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი საქმიანობის ეფექტური წარმართვისათვის

09/2013-05/2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, ექსპერტები

5.4

წყალმომარაგების, საგზაო ინფრასტრუქტურის, მყარი ნარჩენების გრძელვდიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გამოკვეთილი იქნება ხელისუფლების დონეების მიერ განსახორციელებელი სავარაუდო პროექტები და მექანიზმები

01/2013 -08/2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ექსპერტები

5.5

ქონების, მიწის და ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაცია, გამიჯვნის სამუშაოები ხელისუფლების დონეებს შორის ახალად შექმნილი მუნიციპალიტეტებისთვის და გეოინფორმაციული უზრუნველყოფა

03/2013 -08/2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, ექსპერტები

5.6

კომპეტენციების დეტალური გამიჯვნის სამუშაოები მიღებული საკანონმდებლო ბაზის ჩარჩოებში. სერვისის მიმწოდებელი კომპანიების ტერიტორიულ-სამართლებრივი ასპექტების დამუშავება და ეკონომიკური გაანგარიშებები

09/2013 -05/2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, სხვა კომიტეტები, ექსპერტები

5.7

რეფორმის ფარგლებში დარგობრივ და სპეციალურ საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტში ცვლილებების და დამატებების მომზადება და მიღება

07/2013 -05/2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სხვა კომიტეტები, ექსპერტები

 

ემყარება კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ და საქართველოს სამთავრობო პროგრამას - „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“.

მომზადებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელობის მიერ.