დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6000 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 04/04/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.000.000.05.001.003.197 |
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს.“.
3. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭება“.
4. 23-ე და 24-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაკომპეტენტური სამედიცინო პერსონალის საქმიანობისაგან.
2. სერტიფიკატის მინიჭებისას სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მის მფლობელ სპეციალისტს უნარი აქვს, აწარმოოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 24
1. სერტიფიცირება არის სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დონის შეფასება მედიცინის ცალკეულ სპეციალობაში, რაც ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მეშვეობით.
2. სერტიფიცირება სავალდებულოა დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად.“.
5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26
სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირებას წარმართავს პროფესიული განვითარების საბჭო.“.
6. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ექიმს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნულ სპეციალობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან/და აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და შესაბამისი სპეციალობის ექიმის მოძიება ვერ ხერხდება.“.
7. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 64
მოსახლეობის ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქციით უზრუნველყოფა, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, იმპორტის, დისტრიბუციის, რეალიზაციის მიმართ სახელმწიფო მოთხოვნების და მათი შესრულების კონტროლი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.“.
8. 65-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 67
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აწარმოებს სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების და სამედიცინო ტექნოლოგიების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვას.
2. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება, მისი რეესტრში შეტანა, იმპორტი და წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
10. 154-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტის „ბ“–„ვ“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1552 მუხლი:
„მუხლი 1552
2008 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 96).“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 21 მარტი.
№6000–რს
დოკუმენტის კომენტარები