ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017683
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №65

2014 წლის 15 იანვარი

   ქ. თბილისი

 

ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



                                                                                                                    
ტექნიკური რეგლამენტი

ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ

 

თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება


მუხლი 1. რეგულირების სფერო

 ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესები (შემდგომ - რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს ნავთობის ბაზის ექსპლუატაციის, მისი ტერიტორიის, შენობების, ნაგებობების, ტექნოლოგიური სისტემის მიმართ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (შემდგომ - ნავთობპროდუქტი) მიღების, შენახვისა და გაცემის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ნავთობის ბაზა (ნავთობის ტერმინალი) - ობიექტი, რომელიც განკუთვნილია ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე ნავთობპროდუქტების გადასატვირთად, სხავადასხვა სახის ტრანსპორტით ნავთობპროდუქტების მისაღებად და მომხმარებლებზე გასაცემად, აგრეთვე შესანახად.

2. რეზერვუარი - ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტის შესანახად განკუთვნილი სტაციონარული ჭურჭელი.

3. მიწისქვეშა რეზერვუარი - რეზერვუარი, რომელშიც სითხის მაქსიმალური შევსების დონე, სულ მცირე, 0,2 მ-ით დაბლაა მიმდებარე მოედნის (რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 3 მ-ის ფარგლებში) უდაბლეს დაგეგმარებით ნიშნულზე.

4. მიწისზედა რეზერვუარი - რეზერვუარი, რომლის განთავსების პირობა არ აკმაყოფილებს მიწისქვეშა რეზერვუარისთვის მოთხოვნილ პირობებს.

5. რეზერვუარების ჯგუფი - ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე დამცავი კედლით ან მიწაყრილით შემოზვინული რეზერვუარების ჯგუფი.

6. ტექნოლოგიური სისტემა - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობის ბაზაში ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვას და გაცემას.

7. სატუმბი სადგური - ტექნოლოგიური სისტემის შემადგენლობაში შემავალი და რკინიგზის ცისტერნებსა და ნავთობჩასასხმელ გემებში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმის, აგრეთვე, მათი ავტოცისტერნებში ჩასასხმელი და ბაზის ტერიტორიაზე გადასატუმბი დანადგარი, რომელიც განკუთვნილია მილსადენის ხაზოვანი ნაწილის სხვადასხვა დიამეტრის მილებში წნევის სხვაობის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.

8. მილსადენის ხაზოვანი ნაწილი - მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სატუმბ სადგურსა და/ან ცისტერნებს, გემებს, სარეზერვუარო პარკს (რეზერვუარებს) შორის ნავთობპროდუქტების გადასაადგილებლად.

9. აირმათანაბრებელი სისტემა - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დეაერაციის საერთო სისტემით გაერთიანებულ რეზერვუარში (რეზერვუარების ჯგუფში) საწვავის ორთქლიანი ფაზის წნევის გათანაბრებას.

10. დეაერაციის სისტემა - მოწყობილობის კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარის თავისუფალი სივრცის კავშირს ატმოსფეროსთან.

11. რკინიგზის ცისტერნა - ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ვაგონ-ცისტერნა.

12. ავტოცისტერნა - ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილი.

13. რკინიგზის /ავტოცისტერნის ესტაკადა - ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც განკუთვნილია ნავთობის ბაზაში ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების დროს რკინიგზის შემადგენლობის/ავტოცისტერნის მისაღებად და დასაყენებლად.

14. საქვაბე - ტექნოლოგიური ოპერაციების დროს ნავთობპროდუქტების შეთბობის მიზნით ორთქლის მისაღებად განკუთვნილი ტექნოლოგიური დანადგარი.

15. ჩამკეტი არმატურა - მოწყობილობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.

16. მილტუჩა შეერთება - რეზერვუარის ნაწილების უძრავი დასაშლელი შეერთება, რომლის ჰერმეტულობა უზრუნველყოფილია სამაგრი დეტალებით სამჭიდროებელი ზედაპირების უშუალოდ ერთმანეთთან ან მათ შორის მოთავსებული ბენზინზეთმედეგი შუასადებების შემჭიდროებით.

17. აფეთქების ტემპერატურა - მინიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც ხდება ნავთობპროდუქტის ორთქლის აალება.

18. აირგამომყოფი - რეზერვუარში საწვავის ჩასხმისას საწვავიდან ჰაერის გამომყოფი კონსტრუქცია.

19. აფეთქებასაფრთხიანი ზონა - სივრცე, რომელშიც არსებობს ან შეიძლება წარმოიქმნას აფეთქებასაფრთხიანი ნარევები და რომელთა ფარგლებში დაწესებულია შეზღუდვები აფეთქების წარმოქმნის ალბათობის შემცირების მიზნით.

20. ინსტრუქტაჟი - მითითება სამუშაოს ჩატარების, ტექნოლოგიური მოწყობილობის, ხელსაწყოს სარგებლობის წესისა და უსაფრთხო მეთოდების შესახებ.

21. საწარმოო ინსტრუქციები - საწარმოში დამუშავებული და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობის, თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების მეთოდური მითითებები.

22. სამუშაოები აირსაფრთხიან ადგილებში - ტექნოლოგიური მოწყობილობის, კომუნიკაციების, მათ შორის, მოცულობების შიგნით დათვალიერების, გაწმენდის, რემონტის სამუშაოები, რომელთა ჩატარებისას შესაძლებელია სამუშაო ზონაში ხანძარ- და აფეთქებასაფრთხიანი აირებისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფა.

თავი II. პერსონალი

მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები

1. ნავთობის ბაზის თანამშრომლები უნდა იცავდნენ რეგლამენტის და საწარმოო ინსტრუქციების მოთხოვნებს კომპეტენციების შესაბამისად.

2. ნავთობის ბაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს რეგლამენტის და  ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვა;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფს ნავთობის ბაზაში მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ.

მუხლი 4. მომსახურე პერსონალი

1. სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს რეგალამენტის აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში საწარმოო ინსტრუქციებს.

2. წინასაგან განსხვავებულ ახალ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკაში.

თავი III. ნავთობის ბაზის მეურნეობა

მუხლი 5. მშენებლობა, ექსპლუატაცია

1. ნავთობის ბაზის მშენებლობის და რეკონსტრუქციის საპროექტო სამუშაოები წარიმართება “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად.

2. ნავთობის ბაზის ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე, დამხმარე მოწყობილობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა უნდა ხდებოდეს მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის, რეგლამენტის და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. ნავთობის ბაზის ექსპლუატაცია დაუშვებელია ტექნიკური შემოწმების, მონტაჟის ან ექსპლუატაციის პროცესის დროს ნორმატიული ან საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისას.

მუხლი 6. ნავთობის ბაზის ტერიტორია

1. ნავთობის ბაზის ტერიტორიის ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად მუდმივად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს ზედაპირული და გრუნტის წყლების არინების სისტემები; სახანძრო ჰიდრანტებთან და წყალსატევებთან მისასვლელები ასეთის არსებობის შემთხვევაში; წყალმომარაგების, ხანძარქრობის, სამრეწველო და სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის, დრენაჟის და თბომომარაგების სისტემები; სარეზერვუარო პარკის შემოზვინვა, გამწმენდი ნაგებობები; ტერიტორიის შემოღობვა.

2. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ღია ცეცხლის გამოყენება დაუშვებელია. საშემდუღებლო სამუშაოებისთვის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის დაცვით მოწყობილი მოედანი.

3. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით   დაყენებული უნდა იქნეს   ამკრძალავი, მაფრთხილებელი და მაჩვენებელი ნიშნები.

4. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე დაყენებული უნდა იქნეს საწარმოო შენობებისა და ნაგებობების (რეზერვუარების, ტუმბოების, ესტაკადის და სხვ.), საძირკვლების დაჯდომის განმსაზღვრელი სიღრმული რეპერები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. მიწისქვეშა ტექნოლოგიურ მილსადენებს, წყალსადენის, კანალიზაციის და თბომომარაგების ქსელებს, კაბელებსა და სხვა კომუნიკაციებს მიწის ზედაპირზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უნდა ჰქონდეს მაჩვენებლები  გადაკვეთებთან მიერთების ადგილებში.

6. ესტაკადაზე ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების ჩატარებისას, აგრეთვე, დათვალიერებისა და რემონტის დროს ადგილობრივი განათებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების აკუმულატორული სანათები.

მუხლი 7. შენობები და ნაგებობები

1. მინიმალური მანძილები ნავთობის ბაზის სარეზერვუარო პარკებიდან და ჩამოსასხამ-ჩასასხმელი მოწყობილობიდან მეზობელი საწარმოს შენობა-ნაგებობამდე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებამდე და სხვა ობიექტებამდე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

2. შენობები, სადაც შესაძლებელია აალებადი და მავნე აირების გამოყოფა ან დაგროვება, აღჭურვილი უნდა იყოს აირანალიზატორებით. ასეთ შენობაში გამოკრული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მაფრთხილებელი წარწერები.

3. დაუშვებელია ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ქვეშ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მილსადენების გაყვანა, იატაკქვეშა სივრცის მოწყობა.

4. ყველა საწარმოო და დამხმარე შენობა, აგრეთვე სხვა ნაგებობა, აღჭურვილი უნდა იქნეს ხანძარქრობის პირველადი საშუალებებით სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 8. წყალმომარაგება, კანალიზაცია

1. ნავთობის ბაზაში გათვალისწინებული უნდა იქნეს საწარმოო, სამეურნეო-სასმელი და ხანძარსაწინაღო წყალმომარაგების სისტემები.

2. რეზერვუარის გაწმენდის შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების ჩაშვება საწარმოო-სანიაღვრე კანალიზაციაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საწარმოო-სანიაღვრე კანალიზაციის ქსელში ნავთობპროდუქტების მოხვედრა  დაუშვებელია.

3. ნავთობის ბაზის საწარმოო კანალიზაციის ქსელი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აღჭურვილი უნდა იქნეს ჰიდრავლიკური საკეტებით. მათი დაყენება უნდა მოხდეს სატუმბი სადგურიდან, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი ესტაკადიდან, რეზერვუარებიდან, საქვაბიდან ყველა გამომშვებზე, აგრეთვე, ძირითად მაგისტრალთან კანალიზაციის ცალკეული შტოს მიერთების ადგილებში.

მუხლი 9. ვენტილაცია

1. ნავთობპროდუქტების  მიღების, შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური პროცესებისთვის განკუთვნილი შენობები და ნაგებობები აღჭურვილი უნდა იქნეს ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციის მოთხოვნების და  შესაბამისი სტანდარტის ვენტილაციით.

2. შენობა-ნაგებობების ვენტილაცია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ძირითადი და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს სამუშაო ადგილზე და სამუშაო ზონაში უნდა უზრუნველყოფდეს საჭირო ტემპერატურას, ფარდობით ტენიანობას, აგრეთვე, ამცირებდეს ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობას.

3. მომდენი (გამწოვი) ვენტილაციის სისტემა ჰაერის აღებისას (გაშვებისას) უნდა გამორიცხავდეს სისტემაში აფეთქებასაფრთხიანი ორთქლის მოხვედრას (აფეთქების შესაძლებლობას).

4. ყველა სავენტილაციო სისტემა საიმედოდ უნდა იყოს ჩამიწებული.

5. ავარიული ვენტილაციის სისტემა, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ საწარმოო შენობებში, სადაც შესაძლებელია ჰაერში  დიდი ოდენობით მავნე და აფეთქებასაფრთხიანი ნივთიერებების წარმოქმნა.

6. სავენტილაციო სისტემის ეფექტურობის შემოწმება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

მუხლი 10. დანადგარები

1. დანადგარების ექსპლუატაცია გაუმართავ მდგომარეობაში, აგრეთვე, საპასპორტო მონაცემებზე მეტი დატვირთვებისა და წნევების დროს, დაუშვებელია.

2. გარემონტებული დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს მის საპასპორტო ან საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.

3. ტექნიკური შემოწმების, მონტაჟის ან ექსპლუატაციის პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნებთან დანადგარების შეუსაბამობის აღმოჩენისას მათი შემდგომი ექსპლუატაცია უნდა იქნეს შეჩერებული.

4.  ტექნოლოგიური სისტემები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი კონტროლის, დაცვის და ბლოკირების აუცილებელი საშუალებებით.

5. ელექტროსისტემებით ნავთობის ბაზის აღჭურვისას დაუშვებელია დაუკალიბრებელი მცველების დაყენება. საწარმოო შენობებში ელექტროქსელის და აირის გაყვანილობის გადაკეთება და/ან მათი დროებითი გაყვანილობის მოწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

თავი IV. უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზის ძირითადი მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართ

მუხლი 11. რეზერვუარები

1. რეზერვუარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მათი ექსპლუატაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან, სტანდარტებთან და რედლამენტთან შესაბამისობაში.

2. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე რეზერვუარების განთავსება გათვალისწინებული უნდა იქნეს ჯგუფების მიხედვით შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით

3.  რეზერვუარის მაქსიმალური ტევადობების სიდიდეები და მათი განთავსების პირობები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. მეზობელ ჯგუფებს შორის მანძილები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. მეზობელ ჯგუფებში განთავსებულ უახლოესი რეზერვუარების კედლებს შორის მანძილი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

6. რეზერვუარის ფუძე დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული წყლებით გამორეცხვისაგან და უზრუნველყოფილი იქნეს ამ უკანასკნელის შეუფერხებელი არინება სარეზერვუარო პარკის ან ცალკე მდგომი რეზერვუარის მოედნიდან საკანალიზაციო მოწყობილობაში. დაუშვებელია რეზერვუარის ქვედა ნაწილის გრუნტში ჩაძირვა და წვიმის წყლის თავმოყრა რეზერვუარის კონტურის გარშემო.

7. მიწისზედა რეზერვუარების ყველა ჯგუფი შემოღობილი უნდა იქნეს მიწის ზვინულით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

8. რეზერვუარების ჯგუფის გარე შემოღობვის სიმაღლე დაღვრილი სითხის საანგარიშო მოცულობის დონეზე მაღლა უნდა შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.

9. სარეზერვუარო პარკის შემოზვინვის შიგნით საკვალთების განთავსება დაუშვებელია, გარდა უშუალოდ რეზერვუართან დაყენებული ჩამკეტისა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მოცემული რეზერვუარის მომსახურებისათვის. დამცავკედლიანი რეზერვუარის გამოყენებისას შემოზვინვა საჭირო არაა.

10. ექსპლუატაციაში მიღებამდე რეზერვუარები უნდა გამოიცადოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. გამოცდის წინ აუცილებელია შემოწმდეს საპროექტო სიდიდეებიდან ფუძის და საძირკვლის  ფაქტიური ზომების, ფოლადის კონსტრუქციის (ძირის, კედლების, სახურავის, პონტონის ან მცურავი სახურავის და სხვ.) გეომეტრიული ზომების და ფორმების გადახრები.

11. რეზერვუარი ექსპლუატაციაში მიიღება ჰერმეტულობასა და სიმტკიცეზე გამოცდის შემდეგ სრულად დამონტაჟებულ მოწყობილობასთან ერთად.

12. რეზერვუარის სახურავზე დაყენებული სასუნთქი არმატურა უნდა დარეგულირდეს საპროექტო წნევაზე, ხოლო მისი მუშაობის სისწორე შემოწმდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

13. რეზერვუარის შევსების (დაცლის) მწარმოებლურობა  უნდა შეესაბამებოდეს დაყენებული სასუნთქი და მცველი სარქვლების ან სავენტილაციო მილყელების გამტარუნარიანობას.

14. აირმათანაბრებელი სისტემის ექსპლუატაციის დროს რეზერვუარების ჯგუფში გაერთიანებული უნდა იქნეს მსგავსი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ნავთობპროდუქტებიანი რეზერვუარები.

15. აირმათანაბრებელი სისტემის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელია:

ა) რეზერვუარების შევსებისა და დაცლის პროცესის სინქრონულობის უზრუნველყოფა დროისა და მწარმოებლურობის მიხედვით;

ბ) სისტემის სრული ჰერმეტულობის შენარჩუნება;

გ) რეზერვუარის მილტუჩა შეერთებების რეგულარული დათვალიერება და მოჭიმვა, სასუნთქი არმატურის მუშაობის გამართულობის შემოწმება.

16. დაუშვებელია რეზერვუარის არმატურის ცეცხლით შეთბობა.

მუხლი 12. ტექნოლოგიური მილსადენები

1. ნავთობის ბაზის ტექნოლოგიურ მილსადენებს მიეკუთვნება შიგასასაწყობო ნავთობპროდუქტსადენები, მილსადენების მაერთებელი დეტალები, ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი არმატურა, აღრიცხვისა და კონტროლის კვანძები, ფილტრები და სხვა მოწყობილობა.

2. მილსადენები შეიძლება გაყვანილ იქნეს როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზევით. მიწის ზევით გაყვანილი ბლანტი ნავთობპროდუქტების მილსადენებს უნდა ჰქონდეს იზოლაცია.

3. საქვეითო და საავტომობილო გზის, რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ დაუშვებელია მილსადენის მონაკვეთებზე არმატურის, მილტუჩა და კუთხვილიანი შეერთებების, სადრენაჟო მოწყობილობის განთავსება.

4. საავტომობილო გზის, რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთის ადგილებში მიწისქვეშა მილსადენები გაყვანილი უნდა იქნეს დამცავ ბუდეში.

5. მიწისქვეშა მილსადენები ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს შედუღებით, გარდა მილტუჩა არმატურის ან ქურო არმატურის და მილტუჩა სახშობის შეერთებისა. მიწისქვეშა მილსადენებზე არმატურა და მილტუჩა სახშობები უნდა დაყენდეს სპეციალურ მიწისქვეშა კამერებში ან ჭებში.

6. საკვალთები, ონკანები, ვენტილები და სხვა ჩამკეტი მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს პროდუქტის საჭირო მიმართულებით საიმედო და სწრაფ გადაადგილებას. ჩამკეტი მოწყობილობის ნებისმიერი გაუმართაობა  უნდა აღმოიფხვრას.

7. ექსპლუატაციის პერიოდში ყველა ტექნოლოგიური მილსადენის საიმედო და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, მათი დათვალიერება. დათვალიერებისას უნდა შემოწმდეს შენადუღი ნაკერების მდგომარეობა, ყველა შეერთების ჰერმეტულობა, საყრდენი კონსტრუქციების, არმატურის, ჩამამიწებელი მოწყობილობის მდგომარეობა, კოროზიის, ბზარების არარსებობა, მილსადენის კედლების და დეტალების სისქე.

მუხლი 13. სატუმბი სადგური

1. ნავთობის ბაზის სატუმბი სადგური განკუთვნილია რკინიგზის ცისტერნებიდან და ნავთობჩასასხმელი გემებიდან ნავთობპროდუქტების დატვირთვა-განტვირთვისათვის, ავტოცისტერნებში ჩასასხმელად, აგრეთვე, ბაზის ტერიტორიაზე გადატუმბვისათვის.

2. სატუმბი სადგურის შენობის გარეთ შემწოვ და საჭირხნ მილსადენებზე გათვალისწინებული უნდა იქნეს ავარიული საკვალთები შესაბამისი სტანდარტის დაცვით; საჭირხნ მილსადენზე საკვალთთან ერთად დაყენებული უნდა იქნეს უკუსარქველი.

3. დაუშვებელია ბრტყელღვედური გადაცემის გამოყენება შენობებში, სადაც დაყენებულია ადვილაალებადი სითხეების გადასატუმბი ტუმბოები.

4. წვადი სითხეების გადასატუმბი ტუმბოს ელექტროძრავა უნდა იყოს აფეთქებადაცული შესრულების.

5. სატუმბი აგრეგატების მონტაჟი, გამართვა, გამოცდა და ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციის და რეგლამენტის დაცვით.

6. ელექტროენერგიის მიწოდების მყისიერი შეწყვეტისას აუცილებელია მკვებავი ხაზიდან ტუმბოს ძრავას დაუყოვნებლივ გამორთვა და ტუმბოს შემწოვ და საჭირხნ მილსადენებზე საკვალთების ჩაკეტვა სესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

მუხლი 14. რკინიგზის ესტაკადა

1. ნავთობის ბაზის რკინიგზის ესტაკადა მოწყობილი უნდა იქნეს რკინიგზის ჩიხის სწორ მონაკვეთზე სესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. დაუშვებელია ესტაკადიანი რკინიგზის ლიანდაგის გამოყენება ლოკომოტივის გამჭოლი გასვლისათვის, აგრეთვე, ესტაკადის ლიანდაგზე ნავთობპროდუქტებიანი ვაგონ-ცისტერნების მისაწოდებელი ლოკომოტივის შესვლა.

3. ელექტრიფიცირებული რკინიგზის ჩიხში რკინიგზის ცისტერნის შევსება და დაცლა, აგრეთვე, მასში ნავთობპროდუქტების დონის გაზომვა საკონტაქტო ქსელის გამორთვის გარეშე აკრძალულია.

4. რკინიგზის ესტაკადაზე დაუშვებელია:

ა) ვაგონ-ცისტერნების პროფილაქტიკური რემონტისა და გაწმენდის სამუშაოების ჩატარება;

ბ) ნაპერწკალწარმომქმნელი იარაღებისა და სამარჯვების გამოყენება;

გ) კოლექტორებით ერთი და იგივე სახის ნავთობპროდუქტების მიღება.

მუხლი 15. ავტოცისტერნის ესტაკადა

1. ადვილაალებადი და წვადი ნავთობპროდუქტების გასაცემად განკუთვნილი ავტოცისტერნის ესტაკადა  მოწყობილი უნდა იქნეს სხვადასხვა მოედნებზე. დასაშვებია ასეთი ესტაკადა განთავსებული იქნეს ერთ მოედანზე, თუ მასზე მოწყობილი იქნება ცეცხლმედეგი მასალისგან დამზადებული კედელი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. რეზერვუარებიდან ესტაკადის ჩამოსასხმელ მოწყობილობამდე შემაერთებელი მილსადენები ყველა სახის ნავთობპროდუქტისათვის უნდა იყოს განცალკევებული შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

3. ავტოცისტერნის ესტაკადა აღჭურვილი უნდა იქნეს არანაპერწკალწარმომქმნელი ბუნიკებიანი სახელოებით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რომელთა სიგრძე უნდა იძლეოდეს ავტოცისტერნის ფსკერამდე მათი ჩაშვების შესაძლებლობას.

4. ესტაკადასთან მისასვლელები უნდა იყოს უსაფრთხო და აღჭურვილი ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ამკრძალავი, მაფრთხილებელი და მაჩვენებელი ნიშნებით. მის ტერიტორიაზე ავტომანქანების შემხვედრი და გადამკვეთი ნაკადები დაუშვებელია.

მუხლი 16. მისადგომი ნაგებობები

1. ნავთობის ბაზის მიერ გემში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციები ხორციელდება სტაციონარული ან მცურავი მისადგომი ნაგებობებით, ხოლო რეიდზე მყოფ გემში აღნიშნული ოპერაციები შეიძლება შესრულდეს მისადგომი ნაგებობების გარეშე წყალქვეშა მილსადენის მეშვეობით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. მისადგომის კონსტრუქციაზე, გემის გაბარიტებზე, წყლის დინების სიჩქარეზე დამოკიდებულებით მისადგომს უნდა ჰქონდეს გვერდითი ღობურები და წყლის ზედაპირიდან ნავთობპროდუქტების შესაგროვებელი მოწყობილობა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

3. მისადგომი ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს გემის ჩასასხმელ-ჩამოსასხმელ მოწყობილობასთან მისადგომის ტექნოლოგიური მილსადენის მისაერთებელი შლანგიანი მოწყობილობით, სტაციონარული, მოძრავი ან მცურავი სატუმბი დანადგარებით, გემის ჩამამიწებელი მოწყობილობით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. ნაპირიდან მიწოდებული შლანგიანი მოწყობილობის მიერთება უნდა განხოლციელდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნის დაცვით.

თავი V. უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობის ბაზის დამხმარე

მოწყობილობის, ნაგებობების ექსპლუატაციის მიმართ

მუხლი 17. ლაბორატორია

1. ნავთობის ბაზის ლაბორატორიის მიერ უნდა ხდებოდეს მიღებული, შენახული და გასაცემი ნავთობპროდუქტების, ჩამდინარე წყლების ანალიზის ჩატარება, აგრეთვე, სამუშაო ზონებში და ცეცხლით და აირსაფრთხიანი სამუშაოების ჩატარებამდე შესაბამის ადგილებში ჰაერის გარემოს კონტროლი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. ლაბორატორიის სამუშაო ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს იძულებითი მომდენ-გამწოვი ვენტილაციით.

3. დაუშვებელია იმ ნივთიერებების ერთად შენახვა, რომელთა ქიმიურმა ურთიერთზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება.

4. დაუშვებელია ადვილაალებადი სითხეების გახურება უშუალოდ ალზე.

5. ლაბორატორიის ყველა სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარქრობის პირველადი საშუალებებით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

მუხლი 18. საქვაბე

1. საქვაბე დანადგარის ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მისი დამამზადებლის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ქვაბი დაყენებული უნდა იქნეს ცალკე შენობაში (დახურული ტიპის საქვაბეში), შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

3. საწარმოო შენობის და საქვაბის საერთო კედლის არსებობისას, მისი ცეცხლმედეგობის ზღვარი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად ქვაბი აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით არმატურითა და უსაფრთხოების საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებით.

           თავი VI. უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობპროდუქტების მიღების,

გაცემისა და შენახვისას

მუხლი 19. საერთო მოთხოვნები

1. ნავთობის ბაზაში შედგენილი უნდა იქნეს სარეზერვუარო პარკის, რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი და სარიგებელი მოწყობილობის, ტექნოლოგიური მილსადენების, ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, საკვალთების განლაგების ტექნოლოგიური სქემა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. ტექნოლოგიურ სქემას თან უნდა ახლდეს ნავთობპროდუქტების გადატუმბვის ოპერაციების დროს საკვალთების მართვის სქემა.

3. სარეზერვუარო პარკში, სატუმბ დანადგარებსა და სამილსადენო კომუნიკაციებში, არმატურის განლაგებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება უნდა აისახოს ტექნოლოგიურ სქემაში და გაეცნოს მომსახურე პერსონალს.

4. საშიშროების  კლასს მავნე ნივთიერებებს მიკუთვნებული ადვილაალებადი და წვადი ნავთობპროდუქტების მიღება, გაცემა და შენახვა უნდა იყოს ჰერმეტული.

5. ნავთობპროდუქტის ჩასხმის-ჩამოსხმის მაქსიმალური უსაფრთხო სიჩქარე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დამოკიდებულია ნავთობპროდუქტის თვისებებზე, მილსადენის დიამეტრზე და მისი კედლის მასალის თვისებებზე და ის უნდა იყოს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ რეზერვუარებში ჩასხმის დროს ნავთობპროდუქტის საშიში ელექტრიზაციის თავიდან ასაცილებელი რეკომენდაციების შესაბამისად.

6. დაუშვებელია ესტაკადებზე რკინიგზის ვაგონ-ცისტერნების და ავტოცისტერნების, მისადგომებზე გემების ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების წარმოება ჭექა-ქუხილის დროს. ამასთან, ცისტერნის ლიუკები და გემის საცავები უნდა იყოს დახურული.

7. რეზერვუარს უნდა ჰქონდეს ტექნიკური პასპორტი, შედგენილი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

მუხლი 20. რკინიგზის ცისტერნებში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმა

1. რკინიგზის ცისტერნებით ნავთობპროდუქტების მიღებამდე (ჩამოსხმამდე) და გაგზავნამდე (ჩასხმამდე) უნდა შემოწმდეს სამილსადენო კომუნიკაციებზე ჩამკეტი არმატურის გადართვის სისწორე და ტექნიკური მდგომარეობა, აგრეთვე, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი მოწყობილობის გამართულობა, შლანგების ან მილების შეერთებების სიმჭიდროვე, ხოლო გამოვლენილი ჟონვა  უნდა იქნეს აღმოფხვრილი.

2. რკინიგზის ცისტერნებში დადგენილ დონემდე ნავთობპროდუქტების ჩასხმა უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით: წყნარი, თანაბარი (არამვარდნი) ჭავლით, გაშხეფვის გარეშე. ჩასასხმელი მილი ან ბუნიკიანი სახელო უნდა ეშვებოდეს ცისტერნის ფსკერამდე. ბუნიკი უნდა იყოს დამზადებული არანაპერწკალწარმომქმნელი მასალისგან და ჩამიწებული.

3. რკინიგზის ცისტერნებიდან რეზერვუარებში ნავთობპროდუქტების სრული ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს ტუმბოების მეშვეობით ან მიმღებ შუალედურ რეზერვუარში თვითდინებით. შუალედურ ჩაღრმავებულ რეზერვუარში ნავთობპროდუქტის თვითდინებით დაცლისას აუცილებელია დაცლასთან ერთდროულად უზრუნველყოფილი იქნეს შუალედური რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის გადატუმბვა მიწისზედა რეზერვუარში. შუალედური რეზერვუარის ტევადობა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. დაუშვებელია რკინიგზის ცისტერნების გაუმართავ მდგომარეობაში მყოფი ქვედა ჩამოსასხმელი ხელსაწყოების გახსნა საზეინკლო იარაღებისა და სამარჯვების დახმარებით. ნავთობპროდუქტის ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს ცისტერნის მხოლოდ ზედა ხახას მეშვეობით.

5. გაძგიფული ნავთობპროდუქტების შეთბობა რკინიგზის ცისტერნებში, აგრეთვე, მათ ჩასასხმელ-ჩამოსასხმელ მოწყობილობაში დასაშვებია შესაბამისი სტანდარტის დაცვით. იკრძალება ამ მიზნებისათვის ღია ცეცხლის გამოყენება (კოცონი, მაყალი, ჩირაღდანი, სარჩილავი ლამპა და სხვ.).

6. ნავთობპროდუქტების შესათბობი ელექტროსახურებლების ჩართვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის დაცვით. დაუშვებელია ნავთობპროდუქტების ჩამოსხმა ჩართული სახურებლების დროს.

მუხლი 21. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტების გაცემა

1. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტების გაცემა წარმოებს ავტოცისტერნის ესტაკადაზე მოწყობილი ჩასხმის სისტემის მეშვეობით.

2. ჩასხმის სისტემას, ჰიდრავლიკური დარტყმების და სტატიკური ელექტრობის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად, უნდა ჰქონდეს ჩასხმის დაწყებით და დამამთავრებელ სტადიებზე ნავთობპროდუქტის მიწოდების შემცირებული მწარმოებლურობის უზრუნველმყოფი მოწყობილობა.

3. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტის ჩასხმამდე უნდა შემოწმდეს ჩამკეტი არმატურის, ლიუკის სახურავის (შუასადებებთან ერთად), ნაპერწკალსაქრობის, ჩამამიწებელი მოწყობილობის გამართულობა და სახანძრო ინვენტარის არსებობა.

4. ავტოცისტერნის შევსება დაუშვებელია მისი ჩართული ძრავას და ესტაკადის ჩამამიწებელ კონტურთან ავტოცისტერნის ჩამამიწებელი მოწყობილობის მიერთების გარეშე.

მუხლი 22. გემების დატვირთვა-განტვირთვა

1. ერთი ტანკერიდან მეორეში გადატუმბვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.

2. მისადგომებს უნდა ჰქონდეს მილსადენების და გემების ჩამამიწებელი სპეციალური მოწყობილობა. მისადგომის და გემის მომსახურე პერსონალი ვალდებულია მეთვალყურეობა დააწესოს დატვირთვის და განტვირთვის მსვლელობაზე შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 23. ნავთობპროდუქტების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით

1. ნავთობის ბაზის ტექნოლოგიური მილსადენების სქემა უნდა ითვალისწინებდეს ნავთობპროდუქტების გადატვირთვისათვის ყველა ძირითადი და დამხმარე ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას, აგრეთვე, ერთი რეზერვუარიდან მეორეში ნავთობპროდუქტის გადატუმბვის შესაძლებლობას აუცილებლობის ან ავარიის შემთხვევაში.

2. საავიაციო ტექნიკაში გამოყენებული ნავთობპროდუქტების, აგრეთვე, პირდაპირგამოხდილი ბენზინის და სხვა არაეთილირებული ბენზინების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთი ჯგუფის ნავთობპროდუქტებისთვის განკუთვნილი მილსადენებით.

3. ყოველი გადატუმბვის წინ საჭიროა მილსადენების დათვალიერება და გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა. დათვალიერების დროს  ყურადღება უნდა მიექცეს საყრდენის მდგომარეობას, მის გამართულობას და მილების სწორ მდებარეობას. კომპენსატორებს, სახსრულ შეერთებებს უნდა ჰქონდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა და უზრუნველყოფდნენ ჰერმეტულობას შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. ნავთობპროდუქტების გადატუმბვის დროს დაუშვებელია მოცემული მილსადენისთვის ტექნიკური რეგლამენტით და შესაბამისი სტანდარტით დადგენილი წნევის გადამეტება.

5. მილსადენების ჰიდრავლიკური დარტყმისა და ავარიის თავიდან ასაცილებლად საკვალთების, ონკანების, ვენტილების გაღება და დახურვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

მუხლი 24. ნავთობპროდუქტების შენახვა

1. ყოველი მარკის ნავთობპროდუქტი უნდა ინახებოდეს ცალკე, მისთვის განკუთვნილ რეზერვუარში. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  ყურადღება უნდა მიექცეს რეზერვუარის და მასზე დაყენებული მოწყობილობის ტექნიკურ მდგომარეობას, აგრეთვე, მეხდაცვის და სტატიკური ელექტრობისაგან დაცვის სისტემებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.

2. ლითონის რეზერვუარის მცურავი სახურავის, პონტონის ექსპლუატაცია და მომსახურება უნდა ხდებოდეს მათი ტექნიკური დოკუმენტაციის, შესაბამისი სტანდარტის და ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

3. რეზერვუარის შევსების და დაცლის მწარმოებლურობა არ უნდა აღემატებოდეს მასზე დაყენებული სასუნთქი და მცველი სარქვლების, აგრეთვე, სავენტილაციო მილყელების ჯამურ გამტარუნარიანობას.

4. აირმათანაბრებელი სისტემით სარეზერვუარო პარკის აღჭურვისას დაუშვებელია სისტემით საავიაციო და საავტომობილო, აგრეთვე, ეთილირებული და არაეთილირებული ბენზინიანი რეზერვუარების გაერთიანება.

5. ნავთობპროდუქტები უნდა ინახებოდეს რეზერვუარებში, რომლებსაც აქვს ბენზინზეთმედეგი და ორთქლმედეგი შიგა დამცავი ფენა და აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.

6. ელექტროსახურებელი მოწყობილობის ექსპლუატაცისას დაცული უნდა იქნეს დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციის მოთხოვნები.

თავი VII. უსაფრთხოების მოთხოვნები ელექტროდანადგარების

ექსპლუატაციის მიმართ

მუხლი 25. ელექტრომომარაგება, ელექტროდანადგარები

1. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ნავთობის ბაზას უნდა ჰქონდეს:

ა) მის გეგმაზე დატანილი ელექტრომომარაგების სქემა, რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ძალური და ელექტროწევის ქსელები, ელექტროდანადგარების (სატრანსფორმატორო ქვესადგურების, მანაწილებელი მოწყობილობის და სხვ.) განლაგების ადგილები;

ბ) პრინციპული ცალხაზა სქემა, რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ძალური ქსელები, ელექტროდანადგარები, აგრეთვე, დენის სახე, სადენებისა და კაბელების კვეთები, მათი სიგრძეები, დანადგარების მარკა, ძაბვა და სიმძლავრე, ჩამიწების, დამცავი საკომუტაციო აპარატურის განლაგების ადგილები.

2. ნავთობის ბაზის ელექტრომომარაგების სქემა უნდა ითვალისწინებდეს ნავთობის ბაზის როგორც გარე, ისე შიგა ელექტრომომარაგებას. მისი მოწყობა უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად.

3. საკაბელო ხაზები უნდა გადიოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, მათზე მაღალი ტემპერატურის გავლენის, წყლის, ნავთობპროდუქტების მოხვედრის გამომრიცხავ ადგილებში.

4. აფეთქებასაფრთხიანი შენობა-ნაგებობების ელექტროქსელებში და ელექტრომოწყობილობაში არსებული ყველა გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა, კაბელებისა და სადენების გადახურება, აგრეთვე ავარია- და ხანძარსაწინაღო დაცვის და მართვის ავტომატური სისტემების მტყუნება,  უნდა აღმოიფხვრას. გაუმართავი ელექტროქსელები და ელექტრომოწყობილობა უნდა გაითიშოს მათ გამართულ მდგომარეობაში მოყვანამდე.

5. აფეთქებასაფრთხიან შენობებში და გარე ობიექტებზე აუცილებელია ელექტროდანადგარების ჩამიწება (ჩანულება) ნებისმიერი ძაბვის დროს. ასევე, უნდა ჩამიწდეს ლითონკონსტრუქციებზე (მიუხედავად მათი ჩამიწებისა) დამაგრებული ელექტრომოწყობილობა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

6. აფეთქებასაფრთხიან შენობებში (სატუმბი, ჩამოსასხმელი და სხვ.), აგრეთვე, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელ ესტაკადებსა და ბაქნებზე, სარეზერვუარო პარკში, თხრილებში, ჭებსა და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლებელია აფეთქებასაფრთხიანი აირების დაგროვება, ღამის საათებში გამოყენებული უნდა იქნეს აფეთქებადაცული შესრულების გადასატანი სანათები, რომელთა ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს ამ ადგილების საზღვრებს გარეთ შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

7. ელექტრომომარაგების ქსელის, ელექტროდანადგარების მომსახურებისას გამოყენებული უნდა იქნეს დამცავი საშუალებები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

მუხლი 26. მეხდაცვა

1. ნავთობის ბაზის შენობები და ნაგებობები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დაცული უნდა იქნეს მეხის პირდაპირი დარტყმისაგან, ელექტროსტატიკური და ელექტრომაგნიტური ინდუქციისაგან და მიწისზედა და მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციების მეშვეობით მაღალი პოტენციალების შემოტანისაგან.

2. შენობები და ნაგებობები მეხის პირდაპირი დარტყმისაგან დაცული უნდა იქნეს ცალკე მდგომი ან დასაცავ ნაგებობაზე დაყენებული მეხსარიდებით.

3. მეხის პირდაპირი დარტყმისაგან რეზერვუარების დაცვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, ცალკე მდგომი ან თვით რეზერვუარზე დაყენებული მეხსარიდებით  და ჩამამიწებლებთან მიერთებით

4. საწარმოო შენობებისა და ნაგებობების დაცვა ელექტროსტატიკური ინდუქციისაგან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შენობაში დაყენებული ყველა დანადგარისა და აპარატის ლითონის კორპუსის, აგრეთვე, ლითონის კონსტრუქციის მიერთებით სპეციალურ ჩამამიწებელთან ან ელექტროდანადგარის დამცავ ჩამიწებასთან.

5. მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციები საჭიროა შენობებში და ნაგებობებში შეყვანისას მიერთებული იყოს ნებისმიერ ჩამამიწებელთან შესაბამისი სტანდარტის დაცვით.

მუხლი 27. სტატიკური ელექტრობისაგან დაცვა

1. ნავთობის ბაზაში ღია ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ოპერაციების დროს სტატიკური ელექტრობის განმუხტვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რეზერვუარების, ცისტერნების, აგრეთვე ნავთობპროდუქტების დონის გაზომვის და სინჯის ასაღები ლითონისგან დამზადებული საშუალებების ჩამიწება შესაბამისი სტანდარტის დაცვით.

2. სტატიკური ელექტრობისაგან დასაცავად ჩამამიწებელი მოწყობილობა გაერთიანებული უნდა იქნეს ელექტროდანადგარის ჩამამიწებელ მოწყობილობასთან და მეხდაცვასთან. სტატიკური ელექტრობისაგან დასაცავად განკუთვნილი ჩამამიწებელი მოწყობილობის წინაღობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სტანდარტით დადგენილ სიდიდეს.

3. ტექნოლოგიური მოწყობილობის ყველა ლითონური და ელექტროგამტარი არალითონური ნაწილი უნდა იყოს ჩამიწებული მიუხედავად სტატიკური ელექტრობისაგან დაცვის სხვა ზომების გამოყენებისა.

4. ლითონური და ელექტროგამტარი არალითონური მოწყობილობა, მილსადენები, სავენტილაციო მილები და მილსადენების აპარატების თერმული განმხოლოების გარსაცმები, თავის მხრივ, მთელ განფენილობაზე უნდა წარმოადგენდნენ უწყვეტ ელექტრულ წრედს, რომელიც ჩამიწების კონტურთან მიერთებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. ნავთობპროდუქტების ჩასხმის და ჩამოსხმის დროს ავტოცისტერნა და რკინიგზის გავონ-ცისტერნა შევსებისა და დაცლის მთელი დროის განმავლობაში მიერთებული უნდა იქნეს ჩამამიწებელ მოწყობილობასთან. ცისტერნის ლიუკის გაღება და მასში ჩასასხმელი მილის (სახელოს) ჩაძირვა დასაშვებია მხოლოდ ცისტერნის ჩამიწების შემდეგ.

6. რეზერვუარში, ცისტერნაში ნავთობპროდუქტის ჩასხმა უნდა ხდებოდეს გაშხეფვის, გაფრქვევის ან ინტენსიური არევის გარეშე. ღია ნავთობპროდუქტების ჩასხმა თავისუფლად ვარდნილი ჭავლით დაუშვებელია. მანძილი ჩასასხმელი მილის ბოლოდან მიმღები ჭურჭლის ფსკერამდე არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სტანდარტით დადგენილ სიდიდეს.

7. სტატიკური ელექტრობის საშიში განმუხტვის წარმოქმნის ასაცილებლად რეზერვუარში, ცისტერნაში და გემის საცავში ღია ნავთობპროდუქტების ჩასხმის სიჩქარე არ უნდა აჭარბებდეს შესაბამისი სტანდარტით დადგენილ  დასაშვებ სიდიდეს, რომლის დროსაც რეზერვუარში, ცისტერნაში, გემის საცავში ნავთობპროდუქტის ნაკადთან ერთად მოტანილმა მუხტმა არ გამოიწვიოს ნაპერწკლური განმუხტვა. ღია ნავთობპროდუქტების ჩასხმის ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობები განისაზღვრება  შესაბამისი გაანგარიშებით ტექნოლოგიური მილსადენების დიამეტრზე დამოკიდებულებით.

8. ცარიელი რეზერვუარის შევსებისას მიწოდების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნილ სიდიდეს, მიმღებ-სარიგებელი მილყელის ზედა ნაწილის დაფარვამდე.

9. რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის სინჯის ხელით აღება უნდა მოხდეს შესაბამისი სტანდარტის დაცვით.

10. ჩამამიწებელი მოწყობილობის ელექტროწინაღობის გაზომვა უნდა მოხდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

თავი VIII. უსაფრთხოების მოთხოვნები სარემონტო სამუშაოების დროს

მუხლი 28. სამუშაოები აირსაფრთხიან ადგილებში, საშემდუღებლო სამუშაოები

1. აირსაფრთხიანი სამუშაოები უნდა შესრულდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, არანაპერწკალწარმომქმნელი ხელსაწყოებით, სამარჯვებითა და ფეხსაცმლით აღჭურვილი პერსონალის მიერ შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.

2. აირსაფრთხიან ადგილზე სამუშაოს დაწყებამდე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით,მის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა შეამოწმოს შლანგიანი აირწინაღის გამართულობა (მფილტრავი და ჟანგბადიანი აირწინაღების გამოყენება დაუშვებელია), აგრეთვე, მაშველი სარტყლის და თოკის სიმტკიცე. აღნიშნულ ადგილებში დასაშვებია მხოლოდ აფეთქებადაცული სანათების გამოყენება, რომელთა ჩართვა და გამორთვა ხორციელდება საშიში ზონის გარეთ.

3. სარემონტო სამუშაოების ჩატარების ადგილებში აუცილებელია ჰაერის საკონტროლო ანალიზების ჩატარება.

4. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით,ცეცხლით სამუშაოებს მიეკუთვნება მასალებისა და კონსტრუქციის აალების გამომწვევ ტემპერატურამდე ღია ცეცხლის გამოყენებასთან, ნაპერწკალწარმოქმნასა და გახურებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

5. სამუშაო ადგილზე ცეცხლით სამუშაოების ჩატარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ხანძარქრობის  პირველადი საშუალებები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

6. რეზერვუარებზე, ტექნოლოგიურ მილსადენებზე ცეცხლით სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ პროდუქტისაგან მათი გათავისუფლების, სახშობების დაყენების, ორთქლით ან ინერტული აირით გაქრევისა და ჰაერის კონტროლის შემდეგ.

7. მოცულობებში ცეცხლით სამუშაოების თანხვედრა სხვა სარემონტო სამუშაოებთან დაუშვებელია.

მუხლი 29. რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების და მილსადენების  რემონტი და გაწმენდა

1. რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების და მილსადენების სარემონტო და გაწმენდის სამუშაოები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის დაცვით, ადგილობრივი პირობებისა და სამუშაოების თავისებურებების გათვალისწინებით.

2. გაწმენდის სამუშაოების დაწყებამდე მუშებს უნდა ჩაუტარდეთ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების და პირველადი დახმარების აღმოჩენის ინსტრუქტაჟი.

3. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით , რეზერვუარში სამუშაოდ დაშვება უნდა ხდებოდეს შემდეგი პირობების უზრუნველყოფისას:

ა) ნავთობპროდუქტის ორთქლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს;

ბ) ჟანგბადის შემცველობა არ უნდა იყოს 20 %-ზე ნაკლები (მოცულობის მიხედვით);

გ) ჰაერის ტემპერატურა რეზერვუარში არ უნდა აღემატებოდეს 35 გრადუს;

დ) რეზერვუარში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 70 %-ს

4. რეზერვუარში სამუშაოების ჩატარებისას შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია და სამუშაო ადგილის განათება. მომდენ-გამწოვი ვენტილაციის არარსებობისას მუშები უნდა აღიჭურვონ შლანგიანი აირწინაღებით.

5. რემონტის დაწყების წინ, შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვოთ, ტუმბო უნდა გაჩერდეს, გამოირთოს მილსადენებისგან (დაიკეტოს საკვალთები და დაყენდეს სახშობები) და გათავისუფლდეს პროდუქტისაგან. თუ რემონტი მიმდინარეობს მოქმედ სატუმბ განყოფილებაში, მიღებული უნდა იქნეს ნაპერწკლის წარმოქმნის საწინააღმდეგო ზომები.

6. რემონტის დაწყებამდე  შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით, მილსადენი უნდა დაიცალოს ნავთობპროდუქტისგან და საკვალთებით ან სახშობებით გამოირთოს მოქმედი მილსადენებისა და რეზერვუარებისგან. დაუშვებელია რკინის წნელით ან სხვა რაიმე ინსტრუმენტით მილსადენის გაწმენდა.

7. თხრილებში ან ჭებში არსებული მილსადენების რემონტის წინ აუცილებელია მათში ნავთობპროდუქტების ორთქლისა და აირების კონცენტრაციის გაზომვა.

მუხლი 30. ხანძარსაწინაღო ღონისძიებები

1  ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ყველა შენობა-ნაგებობისა და ტექნოლოგიური მოწყობილობისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ხანძარქრობის შესაბამისი საშუალებები. ამ საშუალებების რაოდენობა და შემცველობა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

თავი IX 

არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები:

მუხლი 31. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-6 მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ, მე-2  პუნქტში, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-11 მუხლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-14, მე-15, მე-16 პუნქტებში, მე-11 მუხლის მე-17 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში, მე-12 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში, მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში, მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში, 23-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 24-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში და მე-3  პუნქტში, 26-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-5  პუნქტებში, 27-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-10 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. წესების მე-7 მუხლის პირველ პუნქტში, მე-9 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში, მე-11 მუხლის პირველ, მე-12 და მე-13 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში,მე-20 მუხლის პირველ პუნქტში, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

მუხლი 32. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა  (25.07.2012 N 1-1/1566)

1. წესების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-6 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებში, მე-9 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებში, მე-10 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში, მე-13 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში, 23-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 24-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, 25-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, 27-ე მუხლის პირველ, მე-8 და მე-9 პუნქტებში, 28-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6, მე-7 პუნქტებში, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში, მე-3 პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებში, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. წესების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-14 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-20 მუხლის მე-2, მე-5 და  მე-6  პუნქტებში, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 22-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, 27-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, 30-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

მუხლი 33. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა 

წესების 31-ე და 32-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.