ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017678
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
60
15/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
300160070.10.003.017678
ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2014 - 04/05/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №60

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
ტექნიკური რეგლამენტი ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „ტექნიკური რეგლამენტი ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ“ (შემდგომ – რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების ტერიტორიის, შენობების, ნაგებობების, ტექნოლოგიური მოწყობილობის მიმართ, აგრეთვე, ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გაცემის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ავტოგასამართი კომპლექსი - ტექნოლოგიური სისტემის, შენობებისა და ნაგებობების მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ორი ან სამი სახეობის საწვავის - ბენზინის, დიზელის საწვავის, ძრავას ზეთის (შემდგომ - ნავთობპროდუქტები), გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და შეკუმშული ბუნებრივი აირის მიღებას, შენახვასა და გაცემას, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებას.

2. ავტოგასამართი სადგური - ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გაცემას, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებას.

3. აირგასამართი სადგური - სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო, სპეციალური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავი სისტემის ბალონების გამართვას გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით.

4. აირსავსები საკომპრესორო სადგური - სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო, სპეციალური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავი ბალონების გამართვას შეკუმშული ბუნებრივი აირით.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტერმინი განიმარტება “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შენობა (ნაგებობა) - შენობა (ნაგებობა), რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის განკუთვნილი სამუშაოების შესასრულებლად.

7. მძღოლებისა და მგზავრების მომსახურების შენობა (ნაგებობა) - შენობა (ნაგებობა), რომელიც განკუთვნილია მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებისთვის (სათადარიგო ნაწილების, აქსესუარების მაღაზია, კვების ობიექტი, სანკვანძი).

8. ტექნოლოგიური სისტემა - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე ნავთობპროდუქტების, აგრეთვე აირის მიღებას, შენახვას და გაცემას.

9. შევსების ხაზი - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ავტოცისტერნიდან ნავთობპროდუქტით, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით, აგრეთვე, მილსადენიდან შეკუმშული ბუნებრივი აირით რეზერვუარის შევსებას.

10. გაცემის ხაზი - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტის, აგრეთვე, აირის მიწოდებას რეზერვუარიდან სარიგებელ სვეტამდე.

11. რეცირკულაციის ხაზი - მოწყობილობა, რომელიც ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების დროს უზრუნველყოფს საწვავის ორთქლის ცირკულაციას ჩაკეტილი კონტურით (ატმოსფეროში მოხვედრის გარეშე).

12. ავტოცისტერნა - ნავთობპროდუქტის და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილი, საწევარი ნახევარმისაბმელით, ავტომატარებელი.

13. რეზერვუარი - ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტის, აგრეთვე, აირის შესანახად განკუთვნილი სტაციონარული ჭურჭელი.

14. მარიგებელი სვეტი - მომხმარებელზე ნავთობპროდუქტის, აგრეთვე, აირის მოცემული დოზის გასაცემად განკუთვნილი მარიგებელი სვეტი.

15. მარიგებელი ნაკვეთური - ტექნოლოგიური მოედანი, რომელიც განკუთვნილია მარიგებელი სვეტის დასაყენებლად.

16. ავტოცისტერნის მოედანი - ტექნოლოგიური მოედანი, რომელიც განკუთვნილია ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე ჩამოსხმის ოპერაციების დროს ავტოცისტერნის დასაყენებლად.

17. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართი მოედანი - ტექნოლოგიური მოედანი, რომელიც განკუთვნილია გასამართი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასაყენებლად.

18. მიწისქვეშა რეზერვუარი - რეზერვუარი, რომელშიც სითხის მაქსიმალური შევსების დონე, სულ მცირე, 0,2 მ-ით დაბლაა მიმდებარე მოედნის (რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 3 მ-ის ფარგლებში) უდაბლეს დაგეგმარებით ნიშნულზე.

19. მიწისზედა რეზერვუარი - რეზერვუარი, რომლის განთავსების პირობა არ აკმაყოფილებს მიწისქვეშა რეზერვუარისთვის მოთხოვნილ პირობებს. მიწისზედა რეზერვუარი გამოიყენება მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე (ავტომეურნეობებში, სამრეწველო საწარმოებში და სხვა).

20. ორკედლიანი რეზერვუარი - რეზერვუარი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორკედლიან ჭურჭელს (ჭურჭელი ჭურჭელში).

21. აირმათანაბრებელი სისტემა - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დეაერაციის საერთო სისტემით გაერთიანებულ რეზერვუარში (რეზერვუარების ჯგუფში) ნავთობპროდუქტის ორთქლიანი ფაზის წნევის გათანაბრებას.

22. დეაერაციის სისტემა - მოწყობილობის კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარის თავისუფალი სივრცის კავშირს ატმოსფეროსთან.

23. ჩამკეტი არმატურა - მოწყობილობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.

24. მილტუჩა შეერთება - რეზერვუარის ნაწილების უძრავი დასაშლელი შეერთება, რომლის ჰერმეტულობა უზრუნველყოფილია სამაგრი დეტალებით სამჭიდროებელი ზედაპირების უშუალოდ ერთმანეთთან ან მათ შორის მოთავსებული ბენზინზეთმედეგი შუასადებების შემჭიდროებით.

25. შტუცერი - რეზერვუართან მილსადენის, მილსადენის არმატურის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების მისაერთებლად განკუთვნილი ელემენტი.

26. სახშობი - შტუცერის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მის ჰერმეტულად ჩაკეტვას.

27. აირგამომყოფი - რეზერვუარში საწვავის ჩასხმისას, აგრეთვე, მარიგებელი სვეტის ტუმბოს მუშაობისას საწვავიდან ჰაერის გამომყოფი კონსტრუქცია.

28. ფლეგმატიზაციის სისტემა - ფეთქებად და ადვილაალებად ნივთიერებებში მინარევების შემყვანი სისტემა, რომელიც აქვეითებს მათ მგრძნობიარობას გარე ზემოქმედებისადმი ან ამცირებს მათ წვის სიჩქარეს და ზრდის ქიმიურ სტაბილურობას.

29. ორთოგონალური დაშორება - უმოკლესი მანძილი ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების შენობებსა და ნაგებობებს, აგრეთვე, სხვა ობიექტებს შორის.

მუხლი 3. პასუხისმგებელი პირები

სადგურის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს „რეგლამენტი”-ს და სამრეწველო უსაფრთხოების სფეროში სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვა;

ბ) ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე მომხდარი ავარიის და უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის დანაყოფს.

მუხლი 4. ტექნოლოგიურ პროცესებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურე პერსონალი   

1. სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს “რეგლამენტ”-ს და საწარმოო ინსტრუქციას.

2. წინასაგან განსხვავებულ ახალ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკაში. ინსტრუქტაჟს ატარებს სადგურის ხელმძღვანელი ან მის მიერ ბრძანებით დანიშნული პირი და ამას აფიქსირებს სპეციალურ ბარათში ან ჟურნალში.

3. ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, აგრეთვე მოთხოვნათა შეცვლის ან უსაფრთხოების ტექნიკის ახალი ინსტრუქციების შემოღებისას, მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა

“რეგლამენტი”-ს დამრღვევი პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. დაპროექტება და მშენებლობა

1. ავტოგასამართი სადგურის დაპროექტების დროს მინიმალური მანძილები მიწისქვეშა და მიწისზედა რეზერვუარების მქონე ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის , ხოლო მინიმალური მანძილები ავტოგასამართი სადგურიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნება ავტოგასამართ სადგურს განისაზღვრება მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

მუხლი 7. ტერიტორია

1. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე შესასვლელთან დაყენებული უნდა იქნეს ტრანსპორტის მოძრაობის საგზაო ნიშანი “მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” 10 კმ/სთ-მდე.

2. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დაყენებული უნდა იქნეს აკრძალულ ადგილებთან ტრანსპორტის მისვლის ამკრძალავი და სხვა შესაბამისი ნიშნები ან ფიზიკურად შეიზღუდოს ასეთ ადგილებთან ტრანსპორტის მისვლა.

3. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, უნდა იყოს ცალმხრივი. ამასთან, მის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იქნეს განცალკევებული შესასვლელი და გამოსასვლელი.

4. მარიგებელი სვეტების დასაყენებლად განკუთვნილი მარიგებელი ნაკვეთურები და რეზერვუარების ყელის გარშემო მოედნები ამაღლებული უნდა იქნეს მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

მუხლი 8. შენობები და ნაგებობები

1. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე საქვაბის არსებობისას საწვავის შენახვა და მიწოდება უნდა აკმაყოფილებდეს “რეგლამენტი”-თ გათვალისწინებული მიწისქვეშა რეზერვუარის ტექნოლოგიური სისტემისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

2. ავტოგასამართი სადგურის პერსონალისთვის განკუთვნილი სათავსები, საოპერატოროს ჩათვლით, დასაშვებია გათვალისწინებული იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მძღოლებისა და მგზავრების მომსახურების შენობებში. ამასთან, აღნიშნული სათავსები შესრულებული უნდა იყოს ძირითადი შენობის ცეცხლმედეგობის ხარისხის შესაბამისი კონსტრუქციებით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შენობებში სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ტექნიკური მომსახურების სათავსები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს არასაწვავი მასალისგან დამზადებული ტიხრებით.

4. დაუშვებელია ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ქვეშ მილსადენების გაყვანა, იატაკქვეშა სივრცის, აგრეთვე, თავისუფალი სივრცის მქონე სხვა მიწისქვეშა ნაგებობების მოწყობა.

5. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განთავსებული ავტოგასამართი სადგურისა და ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და მგზავრებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე მდგომი სანიტარული კვანძი. სანიტარული კვანძი უნდა ფუნქციონირებდეს გამართულად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით.

მუხლი 9. წყალმომარაგება, კანალიზაცია

1. ავტოგასამართი სადგური აღჭურვილი უნდა იყოს წყალმომარაგების სისტემით, სანიაღვრე კანალიზაციით და გამწმენდი ნაგებობით, გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. კანალიზაციის ჭების სისუფთავეზე დაწესებული უნდა იქნეს კონტროლი, რათა გამოირიცხოს მათი გასასვლელების დალამვა.

3. რეზერვუარების გაწმენდის დროს წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები არ უნდა ხვდებოდეს კანალიზაციის ქსელში.

მუხლი 10. გამოცდა და ექსპლუატაციაში მიღება

1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობა და მილსადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა იყოს გამოცდილი ავტოგასამართი სადგურის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი შესაბამისი პერსონალის მიერ.

2. გამოცდა ითვალისწინებს მილსადენების შემოწმებას სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე, ტექნოლოგიური მოწყობილობის შემოწმებას უქმ სვლაზე და დატვირთვით დამამზადებელი ქარხნის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად, რეზერვუარის ტექნიკურ შემოწმებას.

3. სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე ტარდება მილსადენების საგულდაგულო გარე დათვალიერება მოწყობილობისა და არმატურის დაყენების სისწორის, ჩამკეტი არმატურის გაღების სიმდოვრის და დაკეტვისას ჰერმეტულობის შემოწმების მიზნით. გამოცდის დროს არმატურა მთლიანად უნდა იქნეს გაღებული, ჩობლები შემჭიდროებული, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ყველა შტუცერი - საიმედოდ დახშული.

4. გამოცდის შემდეგ სადგურის ექსპლუატაციაში მიღება წარმოებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 11. ექსპლუატაცია

1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე, დამხმარე მოწყობილობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა ხდება მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის, “რეგლამენტი”-ს  და სადგურის პასპორტის შესაბამისად.

2. ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაცია დაუშვებელია ტექნიკური შემოწმების, მონტაჟის ან ექსპლუატაციის პროცესის დროს ნორმატიული და საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისას.

3. ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია დანადგარების, მოწყობილობების, ხელსაწყოების გამოყენება გაუმართავ მდგომარეობაში, აგრეთვე, საპასპორტო მონაცემებზე მეტი დატვირთვებისა და წნევების დროს.

4. აირმათანაბრებელი სისტემის გამოყენების შემთხვევაში აირული შემოკვრა უნდა აერთიანებდეს ერთნაირი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მქონე ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს.

მუხლი 12. ელექტროდანადგარები

1. ავტოგასამართი სადგურის შენობებსა და სათავსებში გამოყენებული ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს მათი დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის მოთხოვნებს. დაუშვებელია არასაქარხნო წესით დამზადებული ელექტროსახურებელი ხელსაწყოების გამოყენება.

2. ავტოგასამართი სადგურის პროექტში ელექტროსქემაზე მითითებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მომხმარებლები (ელექტროძრავები, სანათები, ელექტროხელსაწყოები და სხვ.), აპარატურა (ამამუშავებლები, ასამუშავებელი ღილაკები, ამომრთველები), ელექტროხაზები (კაბელები, სადენები), კაბელებისა და სადენების მარკა და კვეთის ფართობი, მათი გაყვანის მეთოდები.

3. განათების და ძალური წრედის გადამრთველები, ავტომატური ამომრთველები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს.

4. კაბელის გაყვანა უნდა ხდებოდეს მოქმედი სტანდარტების შესქაბამისად.

5. ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის ადგილზე ავტოცისტერნის ჩამამიწებელი გამტარის მისაერთებლად აფეთქებახანძარსაფრთხიანი ზონის გარეთ დაყენებული უნდა იქნეს ჩამიწების კონტურთან ელექტროგამტარად შეერთებული როზეტი. აფეთქებასაფრთხიანი ზონის ფარგლებში დასაშვებია როზეტის დაყენება იმ პირობით, თუ როზეტი და ავტოცისტერნის ჩამამიწებელი გამტარის ჩანგალი აფეთქებაუსაფრთხო შესრულებისაა. 

6. სადენის ლითონის გარსის, ჯავშნიანი ან ტყვიის გარსის მქონე კაბელების, საიზოლაციო მილაკების, ფოლადის მილების ზედაპირები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს.

7. ავტოგასამართი სადგურზე ელექტრომოწყობილობის რემონტი და ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ელექტრომონტიორების და ელექტროზეინკლების მიერ.

8. ელექტროქსელებში და ელექტრომოწყობილობაში არსებული ყველა გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა, კაბელებისა და სადენების გადახურება, აგრეთვე ავარია და ხანძარსაწინაღო დაცვის და მართვის ავტომატური სისტემების მოშლა, დაუყოვნებლივ უნდა აღმიოფხვრას.

9. ელექტროდანადგარების მომსახურებისას გამოყენებული უნდა იქნეს აუცილებელი დამცავი საშუალებები (დიელექტრიკული ხელთათმანები, ბოტები, ხალიჩები, საიზოლაციო ქვესადებები და სხვ.). გამოყენების წინ დამცავი საშუალებები გულმოდგინედ უნდა შემოწმდეს. დაბალი ტემპერატურის დროს გამოყენებული უნდა იქნეს დათბუნებული დიელექტრიკული ხელთათმანები.

მუხლი 13. ჩამიწება

1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური სისტემა, შენობები და ნაგებობები დაცული უნდა იქნეს მეხის პირდაპირი დარტყმისაგან, ელექტროსტატიკური და ელექტრომაგნიტური ინდუქციისაგან.

2. რეზერვუარის კედლებზე და მილსადენებში სტატიკური ელექტრომუხტების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მათი საიმედო ჩამიწება.

3. ელექტროდანადგარის და მოწყობილობის ლითონის ყველა ნაწილი, რომელიც დენგამტარი ნაწილების იზოლაციის დაზიანებისას შეიძლება აღმოჩნდეს ძაბვის ქვეშ, საიმედოდ უნდა იქნეს ჩანულებული (ყრუდ ჩამიწებული ნეიტრალის მქონე ქსელებისათვის) ან ჩამიწებული (იზოლირებული ნეიტრალის მქონე ქსელებისათვის).

4. ელექტრომოწყობილობისა და სტატიკური ელექტრობისაგან, აგრეთვე, მეხის პირდაპირი დარტყმის და მეორადი გამოვლენისაგან დასაცავად სადგურს უნდა ჰქონდეს ჩამიწების საერთო კონტური. ჩამამიწებელთა დენის განდინების წინაღობა განისაზღვრება მოქმედი სტანდარტის შესაბამისად. დაუშვებელია ტექნოლოგიური და სხვა მილსადენების გამოყენება ჩამამიწებლების სახით.

5. მისაბმელიანი ავტოცისტერნიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმისას თითოეული ცისტერნა ჩამიწებული უნდა იყოს სრულ დაცლამდე.

6. ჩამამიწებელი მოწყობილობის დათვალიერება უნდა ჩატარდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

7. ჩამამიწებელ მოწყობილობაში  დენსარინის ყველა შეერთება შედუღებით უნდა იქნეს შესრულებული.

მუხლი 14. კონტეინერული სადგურის ექსპლუატაცია

1. კონტეინერული სადგურის ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს “რეგლამენტი”-ს, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.

2. რეზერვუარის შევსება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სადგურის ტექნოლოგიური სისტემის გადასატუმბი ტუმბოს მეშვეობით. შევსების ხაზი აღჭურვილი უნდა იყოს უკუსარქვლით, აგრეთვე, ხაზის ზედა წერტილში (რეზერვუარის თავზე) დაყენებული ავარიული ჩამკეტი არმატურით.

3. ლითონის ყველა დენგაუმტარი ნაწილი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ძაბვის ქვეშ, უნდა იქნეს ჩამიწებული.

4. ნავთობპროდუქტების შესანახად გამოიყენება ორკედლიანი რეზერვუარები. დასაშვებია ერთკედლიანი რეზერვუარების გამოყენება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) რეზერვუარის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მ3-ს;

ბ) რეზერვუარებს უნდა ჰქონდეს ავარიულად დაღვრილი საწვავის შესაგროვებელი შესაბამისი მოცულობა.

6. საწვავის შესანახი კონტეინერის ტექნოლოგიური ნაკვეთური რეზერვუარისგან გამოყოფილი უნდა იქნეს ხანძარსაწინაღო ტიხრებით.

7. დასაშვებია რამდენიმე მარიგებელი სვეტისთვის გამოყენებული იქნეს საწვავის შესანახი კონტეინერის მხოლოდ ერთი რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის მიწოდების საერთო მილსადენი, ყოველი მარიგებელი სვეტის წინ ჩამკეტი არმატურის დაყენების პირობის დაცვით.

მუხლი 15. მოძრავი სადგურის ექსპლუატაცია

1. მოძრავი სადგურის ტექნოლოგიური სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს :

ა) დაუშვებელია ერთკედლიანი რეზერვუარის და ერთკედლიანი გადახურვის მქონე ორკედლიანი რეზერვუარის გამოყენება;

ბ) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს რეზერვუარის დამცავი მემბრანის გამართული ფუნქციონირება.

გ) მოძრავი სადგურის რეზერვუარის აღჭურვა დამცავი სარქვლებით, ნაცვლად მემბრანისა, დაუშვებელია;

დ) სასუნთქი სარქველი მოწყობილი უნდა იყოს რეზერვუარის თავზე და უზრუნველყოფილი იქნეს მისი გარემომცველი სივრცის განიავება.

2. სასუნთქი სარქვლის კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს საწვავის დაღვრა სადგურის გადაბრუნების შემთხვევაში.

3. მოძრავი სადგურის ექსპლუატაცია შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე მისაბმელთან ერთად. სადგურს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მისაბმელი.

4. მოძრავი სადგური უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს.

5. მოძრავი სადგურის კონსტრუქცია რეზერვუარის შევსების დასრულების შემდეგ უნდა უზრუნველყოფდეს ნავთობპროდუქტით მისი შემვსები მილსადენის სრულ დაცლას. შემვსებ მილსადენზე (რეზერვუართან მისი შეერთების ადგილზე) დაყენებული უნდა იყოს ცეცხლგადამღობი. აღნიშნულ მილსადენს უნდა ჰქონდეს ჩამკეტი არმატურა.

6. სტატიკური ელექტრობისაგან დასაცავად მოძრავ სადგურს უნდა ჰქონდეს მოქმედი სტანდარტით გათვალისწინებული დაცვის საშუალებები.

7. ჩამამიწებელი მოწყობილობის წინაღობა  უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს.

8. მანძილი ტექნოლოგიური ნაკვეთურიდან და სასუნთქი სარქვლიდან ძრავას ნაკვეთურამდე, საბაზო ავტომანქანის ძრავას გამოსაბოლქვ მილამდე, ელექტროგენერატორამდე და აკუმულატორამდე უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს.

9. დაუშვებელია მოძრავი სადგურის მიტოვება მუშა მდგომარეობაში მძღოლ-ოპერატორის მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე, მისი ექსპლუატაცია დაუყენებელი ჩამიწებით, ჩამამიწებელი ჯაჭვის გარეშე.

10. როგორც მოძრავი სადგურის რეზერვუარის, ასევე ავტოცისტერნის შიგა დათვალიერება დასაშვებია ჩატარდეს მხოლოდ მათი ნეიტრალიზაციის შემდეგ. მუშაობა დასაშვებია მხოლოდ სპეცტანსაცმლით და შლანგიანი ან მამხოლოებელი აირწინაღით. აირწინაღის შლანგი რეზერვუარიდან (ცისტერნიდან) გამოყვანილი უნდა იქნეს სუფთა ზონაში. ამასთან, ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობით. გასანათებლად გამოიყენება მხოლოდ აფეთქებაუსაფრთხო სანათი.

11. დაუშვებელია მუშა ოპერაციების შესრულება იმ შემთხვევაში, თუ დაკეტილი ონკანის დროს რეზერვუარში წნევა 0,02 მეგპა-ზე, ან გაუხშოება 0,01 მეგპა-ზე მეტია, რაც მიუთითებს სასუნთქი სარქვლის უწესივრობაზე. დაუშვებელია აგრეთვე ისეთი იარაღების გამოყენება, რომლებმაც დარტყმისას შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა.

მუხლი 16. მოთხოვნები ავტოგასამართი კომპლექსის განთავსების, ტერიტორიის, სათავსების და ტექნოლოგიური მოწყობილობის მიმართ

1. ავტოგასამართი კომპლექსის ტექნოლოგიური სისტემა განკუთვნილია ორი ან სამი სახეობის საწვავით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად, რომელთა შორის დასაშვებია ნავთობპროდუქტები, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირი (გათხევადებული პროპან-ბუტანი) და შეკუმშული ბუნებრივი აირი.

2. შეკუმშული ბუნებრივი აირის მისაღები, მოსამზადებელი და შესანახი შენობა-ნაგებობების და დანადგარების მოედანს, აგრეთვე, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის რეზერვუარების მოედანს უნდა ჰქონდეს გარეშე პირთათვის დახურული, არასაწვავი მასალისგან დამზადებული და განიავებადი დამოუკიდებელი შემოღობვა.

3. მინიმალური მანძილები ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის, ასევე მინიმალური მანძილები ავტოგასამართი კომპლექსიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კომპლექსს განისაზღვრება მოქმედი სტანდარტის შეასაბამისად.

4. დანადგარებთან, რომლებშიც ხდება შეკუმშული და გათხევადებული აირის და/ან მისი ორთქლის მიმოქცევა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახანძრო მანქანებისთვის განკუთვნილი მისასვლელებისა და სადგომების მოწყობა მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

5. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის ორთქლის საგდებ მილს უნდა ჰქონდეს ისეთი სიმაღლე, დიამეტრი, კონსტრუქცია და განთავსება, რომ ავტოგასამართ კომპლექსს არ მიკუთვნებული ობიექტების განთავსების, აგრეთვე, კომპლექსის ტექნოლოგიური დანადგარების, შენობა-ნაგებობების ზონაში და მძღოლებისა და მგზავრების ყოფნის შესაძლო ადგილებში გამორიცხული იყოს აფეთქებასაფრთხიანი ნარევების წარმოქმნა.

6. შეკუმშული ბუნებრივი აირის საგდები მილი განთავსებული უნდა იყოს მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

7. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირისთვის განკუთვნილი რეზერვუარების თავზე, აგრეთვე, ავტოცისტერნის გასამართად განკუთვნილი მოედნის თავზე ფარდულის მოწყობა დაუშვებელია. შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი დანადგარების თავზე გაუნიავებელი მოცულობების (უბეების, ჯიბეების) მქონე ფარდულის მოწყობა, გასამართი მოედნის თავზე საერთო ფარდულის ჩათვლით, სადაც ნავთობპროდუქტებით ან გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვის გარდა ხდება შეკუმშული ბუნებრივი აირით გამართვაც, დაუშვებელია.

8. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით გასამართ ერთ მოედანზე გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროული გამართვა. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით გასამართ მოედნებს შორის, აგრეთვე, მათსა და ნავთობპროდუქტებით გასამართ მოედნებს შორის საჭიროა გასამართი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიმაღლეზე უნდა მოეწყოს დამცავი ეკრანი მოქმედი სტანდარტის შესაბამისად. 

9. ავტოგასამართი კომპლექსისათვის დაუშვებელია:

ა) ნავთობპროდუქტებისთვის და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირისთვის განკუთვნილი ავტოცისტერნების საერთო მოედნის მოწყობა;

ბ) ერთდროულად სადგურზე ორი და მეტი ავტოცისტერნის ყოფნა;

გ) ნავთობპროდუქტების და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის რეზერვუარების შევსება კომპლექსის მუშაობის გაჩერების გარეშე.

10. დაუშვებელია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ავტოცისტერნის გამოყენება მისაბმელიან ცისტერნასთან ერთად.

11. ავტოგასამართ კომპლექსზე დასაშვებია სტაციონარული სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური სისტემის გამოყენება.

12. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში (სადაც ხდება შეკუმშული ბუნებრივი აირის, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და მისი ორთქლის მიმოქცევა) გამოყენებული მილგაყვანილობის ჩამკეტ არმატურას უნდა ჰქონდეს ჰერმეტული საკეტები.

13. ტექნოლოგიური სისტემის კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს მოწყობილობის დემონტაჟის გარეშე როგორც მისი შიგა სივრცის (რომელშიც იმყოფება შეკუმშული ბუნებრივი აირი, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირი და მისი ორთქლი), ასევე გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის მოწყობილობის კედელთშორისი სივრცის ხანძარაფეთქებაუსაფრთხო დაცლის ჩატარების და ინერტული აირით გაქრევის შესაძლებლობას.

მუხლი 17. მოთხოვნები გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის მისაღებად, შესანახად და გასაცემად განკუთვნილი ავტოგასამართი კომპლექსის ტექნოლოგიური  სისტემის დამოუკიდებელი უბნის მიმართ

1. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის შესანახად განკუთვნილი რეზერვუარები მოწყობილი უნდა იყოს მიწისქვეშ.

2. შენადუღი შეერთებების მქონე რეზერვუარები და მათი აღჭურვილობა (მილყელები, შტუცერები, მილტუჩები, სახშობები და სხვ.), აგრეთვე, ყველა დასაშლელი შეერთება პირველ ჩამკეტ არმატურამდე, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარიდან გათხევადებული აირის და მისი ორთქლის გამოსასვლელი ადგილის გადაკეტვას, უნდა იყოს ორკედლიანი.

3. გათხევადებული აირის მილსადენები მოწყობილი უნდა იყოს მიწისქვეშ. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მილყელებისა, რეზერვუარების შევსების, გაცემის და რეცირკულაციის ხაზის მილსადენები მთელ სიგრძეზე უნდა იყოს ორკედლიანი (დასაშლელი შეერთებების ჩათვლით) და აღჭურვილი მათი კედელთშორისი სივრცის მუდმივი კონტროლის სისტემით.

4. გათხევადებული აირის შესანახი რეზერვუარები აღჭურვილი უნდა იყოს მათი შევსების ზღვრულად დასაშვები დონის გადამეტების თავიდან ასაცილებელი ავტომატური სისტემით (მათი გეომეტრიული მოცულობის 80-90 %).

5. გათხევადებული აირის რეზერვუარების შევსება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ავტოცისტერნით. ეს რეზერვუარები აღჭურვილი უნდა იყოს ავტოცისტერნაში მათი ავარიული დაცლის ხაზით.

6. გათხევადებულაირიანი მოწყობილობის ტექნოლოგიური ჭები, რეზერვუარის შახტი (თავისუფალი სივრცის არსებობისას), ავტოცისტერნის მოედანი და მარიგებელი ნაკვეთურები აღჭურვილი უნდა იყოს აფეთქებასაფრთხიან კონცენტრაციამდე სიგნალიზატორებით.

7. ტექნოლოგიური სისტემის მილსადენებზე ავტოცისტერნის სახელოსთან და ავტოსატრანსპორტო საშუალების გასამართ მოწყობილობასთან მათი შეერთების ადგილის უშუალო სიახლოვეს, საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ატმოსფეროში ტექნოლოგიური სისტემის მილსადენებიდან აირის მოხვედრის თავიდან აცილების უზრუნველმყოფი სპეციალური მოწყობილობა, აღნიშნული სახელოების და გასამართი მოწყობილობის ჰერმეტულობის დარღვევისას.

მუხლი 18. მოთხოვნები შეკუმშული ბუნებრივი აირის მისაღებად, შესანახად        და გასაცემად განკუთვნილი ავტოგასამართი კომპლექსის ტექნოლოგიური სისტემის უბნის მიმართ

1. ჭარბი წნევის ქვეშ მყოფი შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიური სისტემის მიწისზედა ჭურჭელი აღჭურვილი უნდა იყოს თბოიზოლაციით ან წყლით მორწყვის სისტემით.

2. ჭურჭლის კედლების თბოიზოლაცია ან წყლით მორწყვის სისტემა დასაშვებია არ იქნეს გათვალისწინებული თანაორმოში არანაკლებ 5 მ სიღრმეზე ჭურჭლის განთავსების შემთხვევაში (მანძილი ვერტიკალის მიხედვით თანაორმოს მიმდებარე მოედნიდან ჭურჭლის ზედა ნაწილამდე). ამასთან, ჭურჭლის ჩამკეტი, მცველი, მარეგულირებელი და საზომი არმატურა განთავსებული უნდა იყოს მასთან მიწისზედა მომიჯნავე ტექნოლოგიური მოედნიდან ადვილად მისადგომ ზონაში.

3. საკომპრესორო დანადგარებზე საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ავტოგასამართ კომპლექსთან ბუნებრივი აირის მიმყვანი მილსადენების ჰერმეტიზაციის დარღვევისას მათი ავტომატური გამორთვის სისტემა და ინდიკაცია.

4. შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიური სისტემის მოწყობილობა ხანძრის გარე კერის ზემოქმედებისგან დაცული უნდა იყოს ისე, რომ აღნიშნული მოწყობილობიდან აირის მოცილება ხდებოდეს მისი ჰერმეტიზაციის დარღვევამდე.

5. დანადგარების და იმ შენობის თბოიზოლაციის მოწყობისას, რომელშიც ისინი არიან განთავსებულნი, ბუნებრივი აირის ადსორბციის გამომწვევი მასალების გამოყენება დაუშვებელია.

მუხლი 181. დამატებითი მოთხოვნები ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურების მიმართ

1. ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურები (მათი მფლობელები) ვალდებულნი არიან აღნიშნული სადგურების შიდა და გარე პერიმეტრებზე დაამონტაჟონ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები (ვიდეოკამერები).

2. შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა იძლეოდეს საწვავ-სარიგებელ სვეტთან გაჩერებული ან არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების ვიზუალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას (სანომრე ნიშნის სიმბოლოს სიმაღლე არანაკლებ 15 პიქსელი).

3. გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს სულ მცირე ერთი ვიდეოკამერა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის იმ პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა, სადაც განთავსებულია აღნიშნული სადგურები.

4. შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობას და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის (შემდგომში – ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი) უფლებამოსილი თანამდებობის პირები. აღნიშნული მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის შედგენის შემთხვევაში.

6. შიდა და გარე პერიმეტრზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერები     უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტით გათვალისწინებულ პარამეტრებს/მახაისათებლებს:

7. შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 30 დღის ვადით. დღეღამის ნებისმიერ პერიოდში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას. აღნიშნული ჩანაწერები დასაბუთებული მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.

8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა:

ა) უნდა უზრუნველყონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე (შენობა-ნაგებობაში) უნდა განთავსდეს არანაკლებ ერთი მონიტორი, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირს, დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში;

ბ) გლობალურ ქსელთან მუდმივი წვდომის მეშვეობით უზრუნველყონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქსელთან.

10. ავტოგასამართ სადგურზე შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). ავტოგასამართი სადგურის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე.

11. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა დამონტაჟდეს იმგვარად, რომ დაცული იქნეს ამ აქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები.

მუხლი 19. ნავთობპროდუქტების მიღება და გაცემა

1. ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე ნავთობპროდუქტები შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც საავტომობილო, ასევე რკინიგზის და მილსადენი ტრანსპორტით.

2. როგორც წესი, ნავთობპროდუქტების მიღება ხდება სპეციალური საავტომობილო ტრანსპორტით (ავტოცისტერნით). მისი საბაზო შესრულება, ცისტერნის (რეზერვუარის) ნებადართული ტევადობა და მათში ნაკვეთურების რაოდენობა, ტუმბოების მწარმოებლურობა და სხვა მექანიკური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური პირობებისა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

3. როგორც წესი, ნავთობპროდუქტის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ ავტოცისტერნით, რომლის ძრავას გამოსაბოლქვი მილი გატანილია წინა მარჯვენა მხარეს და მისი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ნაპერწკალსაქრობის დაყენების შესაძლებლობას.

4. ცისტერნიდან ან მოწყობილობაში ჟონვის გამოვლენისას დაუშვებელია შეერთებების მოჭიმვა, თუ მილსადენები ან სახელოები წნევის ქვეშაა. ამისათვის საჭიროა წნევის შემცირება ატმოსფერულამდე და მხოლოდ ამის შემდეგ - დეფექტების აღმოფხვრა.

5. დაუშვებელია ნავთობპროდუქტების მიღება ერთდროულად ორი და მეტი ავტოცისტერნით, აგრეთვე, ავტოცისტერნის მოედანზე ფარდულის მოწყობა.

6. ავტოცისტერნიდან სადგურის რეზერვუარში ნავთობპროდუქტის ჩასხმის პროცესი უნდა წარმოებდეს ავტოცისტერნის მძღოლის და სადგურის ოპერატორის თანდასწრებით. რეზერვუარში ნავთობპროდუქტის მვარდნი ჭავლით ჩასხმა დაუშვებელია.

7. რეზერვუარში ავტოცისტერნით მიღებული ნავთობპროდუქტის ჩასხმის წინ საჭიროა შემოწმებული იქნეს ჩამკეტი არმატურის გადართვის სისწორე და ავტოცისტერნის ჩამიწება.

8. დაუშვებელია რეზერვუარში ნავთობპროდუქტის ჩასხმის დროს და ჩასხმის დამთავრებიდან 20 წთ-ს განმავლობაში მარიგებელი სვეტის მეშვეობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვა, აგრეთვე საზომი ლიუკის მეშვეობით სინჯის აღება.

9. ნავთობპროდუქტებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვა წარმოებს მხოლოდ მარიგებელი სვეტების საშუალებით.

10. ჭექა-ქუხილის დროს რეზერვუარში ნავთობპროდუქტების ჩასხმა და ავტოტრანსპორტის გამართვა დაუშვებელია.

მუხლი 20. ნავთობპროდუქტების შენახვა

1. მომხმარებლებისათვის გასაცემი ნავთობპროდუქტების შენახვა დასაშვებია მიწისქვეშა და მიწისზედა ლითონის რეზერვუარებში, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ, ეკოლოგიურ და ხანძარსაწინაღო მოთხოვნებს.

2. ნავთობპროდუქტის შესანახი რეზერვუარი აღჭურვილი უნდა იქნეს ავტოცისტერნიდან ნავთობპროდუქტის შევსების ხაზით, რეზერვუარში ნავთობპროდუქტის დონის განმსაზღვრელი ხელსაწყოთი, მარიგებელ სვეტამდე ნავთობპროდუქტის გაცემის ხაზით. რეზერვუარს უნდა ჰქონდეს შემოწმებისა და პერიოდული გაწმენდის ჩატარებისათვის საჭირო ზომის ხახა, აგრეთვე, სასუნთქი სარქველი ექსპლუატაციის პროცესში მის შიგნით მუდმივი მუშა წნევის შენარჩუნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში რეზერვუარზე შეიძლება მოეწყოს ორი ხახა.

3. ნავთობპროდუქტის ჩასასხმელად რეზერვუარების მომზადება უნდა მოხდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

4. ნავთობპროდუქტების შენახვისას დაუშვებელია რეზერვუარებში მინიმალურ დონეზე მაღლა პროდუქტქვეშა წყლის არსებობა.

5. ერთკედლიანი რეზერვუარების ჰერმეტულობის პერიოდული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს საზომი ჭოკის, მაღალი სიზუსტის დონესაზომის ან პნევმატური გამოცდის მეშვეობით. უკანასკნელ შემთხვევაში გამოცდა ტარდება საწვავისგან დაცლილ რეზერვუარში ინერტული აირის ჭარბი წნევის შექმნით. ამასთან, კედლების და შენადუღი ნაკერების ჟონვა და შენამვა დაუშვებელია.

6. რეზერვუარში ჰაერის ჭარბი წნევის (0,025 მეგპა) დროს საპნის ემულსიით წასმულ შენადუღ ნაკერებზე ჰაერის ბუშტულების არსებობა დაუშვებელია.

7. ორკედლიანი რეზერვუარების კედელთშორისი სივრცის ჰერმეტულობის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს კედელთშორისი სივრცის შემვსები სითხის დონის პერიოდული კონტროლით. შემვსებ სითხედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს  ნივთიერებები, რომლებიც აკმაყოფილებს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს

8. თუ რეზერვუარის კედელთშორისი სივრცე შევსებულია ინერტული აირით, ჰერმეტულობის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს კედელთშორის სივრცეში ინერტული აირის ჭარბი წნევის შემცირების ავტომატური კონტროლით, წნევის გადამწოდი-სიგნალიზატორის მეშვეობით. ინერტული აირის ჭარბი წნევის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 0,02 მეგპა-ს. მისი გადამეტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დამცავი სარქვლის გამოყენება.

მუხლი 21. ტექნოლოგიური მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება და რემონტი

1. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის მოწყობილობის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარება დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ტექნოლოგიური მოწყობილობა, დამამზადებელი ქარხნის მიერ დადგენილი მუშაობის ვადის გასვლის ან ნავთობპროდუქტების გარკვეული რაოდენობის გაცემის შემდეგ ექვემდებარება ტექნიკურ დათვალიერებას, მიმდინარე ან კაპიტალურ რემონტს. სხვადასხვა სახის მომსახურების და რემონტის მონაცვლეობა და პერიოდულობა განისაზღვრება მოწყობილობის დანიშნულებით და ექსპლუატაციის პირობებით.

3. ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობაში გამოვლენილი დეფექტები უნდა დაფიქსირდეს სპეციალურ ჟურნალში. ყოველდღიური მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს სადგურის მომსახურე პერსონალის მიერ.

4. მარიგებელი სვეტების რემონტის და რეგულირების აუცილებლობის შემთხვევაში მრიცხველ მექანიზმზე დადებული ლუქის მოხსნა და შემდგომ ხელახალი დალუქვა უნდა მოხდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 22. ხანძარსაწინაღო ღონისძიებები

1. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის ექსპლუატაციისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის N449 ბრძანების “საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” მოთხოვნები.

2. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე ყველა შენობა-ნაგებობისა და ტექნოლოგიური მოწყობილობისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ხანძარქრობის შესაბამისი საშუალებები. ამ საშუალებების რაოდენობა და შემცველობა განისაზღვრება  ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესებით.

                                              თავი VII.    არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები:

        მუხლი 23. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში,  მე-8 მუხლის პირველ,მე-2 და მე-3 პუნქტებში,  მე-10 მუხლის მე-3  პუნქტში, მე-12 მუხლის პირველ, მე-3, მე-5 და მე-9 პუნქტებში, მე-13 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში,მე-15 მუხლის მე-9 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-6 და მე-13 პუნქტებში, მე-17 მუხლის  მე-4 პუნქტში, 181 მუხლის პირველ პუნქტში, მე-19 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 და მე-8 პუნქტებში, 20-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 21-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

   2. ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის პირველი  პუნქტის „ა და ბ“ ქვეპუნქტებში, მე-6 მუხლის პირველ პუნქტში, მე-9 მუხლის პირველ პუნქტში, მე-13 მუხლის  მე-2 და მე-4 პუნქტებში,  მე-15 მუხლის  მე-6 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-17 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

მუხლი 24. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ტექნიკური რეგლამენტის  მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში , მე-11 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის „ა, ბ და გ“ ქვეპუნქტებში და მე-10 პუნქტში, მე-18 მუხლის  მე-5  პუნქტში, მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-20 მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. ტექნიკური რეგლამენტის  მე-8 მუხლის  მე-4 პუნქტში, მე-13 მუხლის პირველ პუნქტში,მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის „ა, ბ, გ და დ“ ქვეპუნქტებში, მე-4 პუნქტის „ა, ბ, გ, დ, ე, ვ,  და ზ“ ქვეპუნქტებში და მე-11 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-19 მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება  II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

მუხლი 25. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

რეგლამენტის 23-ე და 24-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.