დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 72 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017690 |
|
მუხლი 1 |
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს: ა) ტექნიკური რეგლამენტი – სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები (დანართი №1); ბ) საკვებ პროდუქტებთან შეხებაში მყოფი მასალებიდან და ნაკეთობებიდან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების ჰიგიენური მაჩვენებლების ჩამონათვალი (დანართი №2). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №182 ბრძანება. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ტექნიკური რეგლამენტი სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ადგენს სურსათთან (სასურსათო პროდუქტთან) დაკავშირებულ შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში (პოლიმერული, სინთეზური, ფოლადის, შენადნობების და სხვ.) იმ ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებს და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 2. მწარმოებელი და/ან დისტრიბუტორი ვალდებულია თავისი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს სურსათთან დაკავშირებული ტარის შესაბამისობა წინამდებარე სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან, რომელიც პასუხისმგებელია სურსათთან დაკავშირებული ტარის ხარისხსა და უვნებლობაზე. 3. ქიმიური ნივთიერებების საშიშროების კლასისადმი კუთვნილება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 4. დაუშვებელია ბავშვთა კვების პროდუქტების შეფუთვისა და ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული სხვა ასორტიმენტის საგნების დასამზადებლად ისეთი მასალისა და ნაკეთობების გამოყენება, საიდანაც შესაძლებელია საშიშროების I და II კლასის ნივთიერებების მიგრაცია. 5. გარდა ამ ბრძანებით დადგენილი ნორმებისა, სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური მაჩვენებლების განსაზღვრა შესაძლებელია ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით ,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ” აღიარებული ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების მიხედვით. მწარმოებელს შეუძლია თავად შეარჩიოს და ასახოს დეკლარაციაში უსაფრთხოების სავალდებულო მახასიათებლების რაოდენობრივი ნორმები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.
მუხლი 2. უსაფრთხოების შეფასების კრიტერიუმები 1. პოლიმერული და სხვა სინთეზური მასალებისაგან დამზადებული სურსათთან დაკავშირებული ტარა, მათთან შეხებაში მყოფ მოდელურ ხსნარებთან და ჰაერთან კონტაქტისას არ უნდა წარმოქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მავნე ნივთიერებებს, რომელთა რაოდენობა აღემატება ნივთიერების მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას. 2. საკვებ პროდუქტებთან შეხებაში მყოფი მასალებისადმი წაყენებული უსაფრთოების მოთხოვნები განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორით: ა) ტოქსიკურობით – პოლიმერული შესაფუთი მასალის რეცეპტურაში არ უნდა შედიოდეს მაღალტოქსიკური ნივთიერებები (ძლიერმოქმედი და მაღალტოქსიკური შენაერთები, რომელიც ხასიათდება LD50 200მგ/კგ-მდე, საშულო ტოქსიკური – 200-1000 მგ/კგ, მცირე ტოქსიკური – 1000 მგ/კგ-ზე მეტი); ბ) კუმულაციური და ადამიანის ორგანიზმზე სპეციფიკური ზემოქმედების უნარით (მაგ.: კანცეროგენული, მუტაგენური, ალერგენული და სხვ.), კუმულაცია წარმოადგენს ძნელად გამოდევნადი ან დაშლადი ნივთიერებების დაგროვების უნარს. შეფასება ხორციელდება ზეგამოხატული კუმულაციის კოეფიციენტის მიხედვით, რაც სასიკვდილო დოზის დონეზე იღებს მნიშვნელობას 1-დან 3-მდე, საშუალო დონეზე 3-დან 5-მდე, ხოლო მცირედგამოხატულ დონეზე – 5-ზე მეტს; გ) სურსათთან დაკავშირებული ტარის ქიმიური ინერტულობით სურსათისადმი – იგი არ უნდა ცვლიდეს პროდუქტის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და არ უნდა გამოყოფდეს ქიმიურ ნივთიერებებს დასაშვებზე ჭარბი დონით. 3. სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის შეფასება წარმოადგენს მრავალეტაპიან პროცესს, რომელიც მოიცავს: ა) ორგანოლეპტიკური შეფასება – მასალის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების წინასწარი შეფასება (სუნი, ფერი, აქროლადობა, ხსნადობა სხვადასხვა ტიპის გარემოში). ამგვარი შეფასების ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც შესაფუთი მასალა, ასევე სურსათი. შეფასება ხორციელდება დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით; ბ) სანიტარიულ-ქიმიური კვლევა – პოლიმერული ან კომპოზიციური მასალიდან მოდელურ გარემოში ან თავად სურსათში გამოყოფილი ქიმიური ნივთიერების რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასება. ამგვარი კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ასევე მონომერები, კატალიზატორები, პოლიმერიზაციის ინიციატორები, დამაჩქარებლები და ტექნოლოგიური დანამატები (სტაბილიზატორები, პლასტიფიკატორები, საღებავები, შემავსებლები და სხვ.). სანიტარიულ-ქიმიური კვლევები ხორციელდება დადგენილი ქიმიურ-ანალიტიკური მეთოდებით, რომლის დროსაც შეფასდება სასურსათო პროდუქტებში უცხო ნივთიერებების მიგრაციის ინტეგრალური (ჯამური) და სპეციფიკური (ინდივიდუალური) რაოდენობა. გ) ტოქსიკოლოგიური შეფასება – წარმოადგენს შესაფუთი მასალების კვლევის დასკვნით ეტაპს, რომელიც ტარდება შესაბამის ლაბორატორიულ ცხოველებზე, მიგრირებადი ნივთიერებების ხსნარების მათ ორგანიზმში შეყვანის გზით. ნივთიერების ტოქსიკურობის შესაფასებლად გამოიყენება ორი ძირითადი კრიტერიუმი, ტოქსიკურობის შკალის შესაბამისად: გ.ა) საშუალო სასიკვდილო დოზა – ქიმიური ნივთიერების დოზა (მგ/კგ), რომელიც ერთჯერადი (პეროლალური ან დერმალური) ზემოქმედებისას იწვევს ლაბორატორიული ცხოველების 50%-ის სიკვდილს; გ.ბ) საშუალო სასიკვდილო კონცენტრაცია – ქიმიური ნივთიერების კონცენტრაცია აიროვან გარემოში (მგ/მ3), რომელიც ერთჯერადი ინჰალაციური ზემოქმედებისას იწვევს ლაბორატორიული ცხოველების 50%-ის სიკვდილს. 4. განსაზღვრული ასორტიმენტის სურსათისათვის, რომლის ტენიანობის მასური წილი 15%-ს აღემატება, ქიმიურ ნივთიერებათა მიგრაციის დასაშვები რაოდენობის (მდრ) დადგენა უნდა მოხდეს ისეთ მოდელურ გარემოში (დისტილირებული წყალი, სუსტი მჟავე არე და ა.შ.), რომელშიც იმიტირებული იქნება სასურსათო პროდუქტის თვისებები და რომელიც სრულად შეესაბამება მისი გამოყენების რეალურ პირობებს (ტემპერატურა, ხანგრძლივობა). 5. მშრალი სურსათისათვის, რომლის ტენიანობის მასური წილი 15 %-ზე ნაკლებია, ქიმიურ ნივთიერებათა მიგრაციის დასაშვები რაოდენობის (მდრ) დადგენა უნდა მოხდეს ისეთ საჰაერო გარემოში, რომელშიც იმიტირებულია სასურსათო პროდუქტის თვისებები და რომელიც სრულად შეესაბამება მისი გამოყენების რეალურ პირობებს (ტემპერატურა, ხანგრძლივობა). ამ დროს შეფასება ხდება დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ამ ნივთიერებების დაშვებული რაოდენობების მიხედვით. 6. ორი ან მეტი ფენისაგან შემდგარი კომბინირებული ტარის ლაბორატორიული გამოკვლევისას, საკონტროლო მაჩვენებლები განისაზღვრება უშუალოდ სურსათთან შეხებაში მყოფ ფენაში, თუ ეს ფენები გამტარია და შესაძლებელია შიდა ფენებიდან ჰიგიენური მნიშვნელობის მქონე ინგრედიენტების მიგრაცია, მაშინ უნდა შეფასდეს დანარჩენი ფენების უსაფრთხოებაც. 7. ფისების საფუძველზე დამზადებული კომპოზიციური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევისას, საკონტროლო პარამეტრები განისაზღვრება ძირითადი კომპონენტის, გამოყენებული გამხსნელებისა და დანამატების შესაბამისად. 8. სურსათთან შეხებაში მყოფი ტარის ჰიგიენური მაჩვენებლების განსაზღვრა, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებში, ხორციელდება მათი ქიმიური ბუნების, სინთეზის პირობებისა და რეცეპტურის შესაბამისად.
მუხლი 3. ტერმინები და განსაზღვრებები 1. მდრ – სურსათში (სასურსათო პროდუქტში) ქიმიური ნივთიერების მიგრაციის დასაშვები რაოდენობა მგ/ლ. 2. ზდკ წყალში – სასმელ წყალში ქიმიური ნივთიერების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია მგ/ლ. 3. ზდსსკ – ზღვრულად დასაშვები საშუალო სადღეღამისო კონცენტრაცია (მგ/მ3) – კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში ქიმიური ნივთიერების მიგრაციის დადგენილი რაოდენობის შეფასება. 4. ზსუდ – დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების საორიენტაციო უსაფრთხო დონე. 5. დსდ – დასაშვები სადღეღამისო დოზა ადამიანისთვის. 6. მოდელური გარემო – ექსპლუატაციის რეალური პირობების ტემპერატურული და დროის რეჟიმის შესაბამისი გარემო, რომელშიც შესაძლებელია განსაზღვრული ასორტიმენტის სურსათის თვისებების იმიტირება. 7. საკონტროლო მაჩვენებელი – საკვებ პროდუქტში შესაფუთი მასალებიდან მიგრირებული ქიმიური ნივთიერება. 8. სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადასამუშავებელი. 9. საშიშროების კლასი – ქიმიური ნივთიერების ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მაჩვენებელი. 10. ხელოვნური ცილოვანი გარსი – „ალდეჰიდების ჯამური რაოდენობა“, რომლის მდრ 0,8 მგ/ლ-ია.
დანართი №2 საკვებ პროდუქტებთან შეხებაში მყოფი მასალების და ნაკეთობებიდან გამოყოფილი ნივთიერების ქიმიური ნივთიერებების ჰოგიენური მაჩვენებლების ჩამონათვალი
|
დოკუმენტის კომენტარები