საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017592
20
03/01/2014
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017592
საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №20

2014 წლის 3 იანვარი

ქ.თბილისი

 

საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის გამოყენების სფერო

ტექნიკური რეგლამენტი საქვაბე დანადგარების  უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში - რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს საქვაბე დანადგარების რეკონსტრუქციის, მონტაჟის, გამართვის, რემონტისა და ექსპლუატაციის მიმართ.

მუხლი 2. გავრცელების სფერო

1. რეგლამენტი ვრცელდება საქვაბე დანადგარზე (შემედეგში-ქვაბი), რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს წნევაზე მომუშავე რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთობლიობას (ქვაბის დოლები, დამაკავშირებელი მილგაყვანილობა, ორთქლის გადამხურებელი, ეკონომაიზერი, არმატურა, მკვებავი ტუმბოები) ინტეგრირებულს ფუნქციონალური მთლიანობისათვის, რომლის დანიშნულებაა 110 0C–ზე მეტ ტემპერატურაზე ორთქლის ან გადახურებული წყლის წარმოება, როდესაც წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის (ჭურჭლის) მოცულობა აღემატება 300 ლიტრს. ასევე ამავე მოცულობის მაღალტემპერატურულ ორგანულ თბომატარებელზე მომუშავე:

ა) ორთქლის ქვაბებზე 0,5 ბარზე მეტი სამუშაო წნევით;

ბ) სითხიან ქვაბებზე, რომლებშიც სითხის ტემპერატურა აღემატება ამავე სითხის 0,5 ბარი წნევის შესაბამის ნაჯერობის ტემპერატურას, როდესაც წნევის ქვეშ მყოფი მოწყობილობის (ჭურჭლის) მოცულობა აღემატება 300 ლიტრს.

2. რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება:

 ა) იმ საქვაბე დანადგარზე, რომელიც დადგმულია გემებზე, სხვა მცურავ საშუალებებზე და სარკინიგზო ლოკომოტივებზე;

ბ) სპირალურ (უდოლო) ქვაბებზე;  

გ) ატომური ელექტრო სადგურების თბოენერგეტიკულ დანადგარებზე;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების საქვაბე დანადგარზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

 რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. ორთქლის ქვაბი - საცეცხლურის მქონე მოწყობილობა, რომელიც თბება საცეცხლურში სათბობის წვით და განკუთვნილია ატმოსფერულზე მაღალი წნევით ორთქლის მისაღებად.

2. წყალგამაცხელებელი ქვაბი - საცეცხლურის მქონე მოწყობილობა, რომელიც თბება საცეცხლურში სათბობის წვით და განკუთვნილია ატმოსფერულზე მაღალი წნევის ქვეშ მყოფი წყლის გასაცხელებლად.

3. ბოილერი – ქსელის წყლის შემთბობი, ორთქლის ან წყლის თბომცვლელი, რომელიც ქვაბის ორთქლის ან ქვაბის წყლის სითბოს იყენებს სხვა პარამეტრების მქონე ცხელი წყლის მისაღებად. ბოილერი შეიძლება იყოს, ქვაბში ჩაშენებული ან ცალკე მდგარი.

4. ქვაბ - უტილიზატორი – საცეცხლურის გარეშე ან საცეცხლურის მქონე (აირების სრულად დაწვისათვის) ორთქლის ან წყალგამაცხელებელი ქვაბი, რომელშიც სითბოს წყაროდ გამოიყენება ტექნოლოგიური ან მეტალურგიული წარმოების ცხელი აირები ან სხვა ტექნოლოგიური პროდუქტი.

5. ორთქლწყალგამაცხელებელი ქვაბი - მომხმარებლისათვის ორთქლის და ცხელი წყლის მისაწოდებლად განკუთვნილი ქვაბი.

6. ქვაბი-ბოილერი - ორთქლის ქვაბი, რომლის დოლში მოთავსებულია მოწყობილობა თვით ქვაბის გარეთ გამოსაყენებელი წყლის გასათბობად, აგრეთვე ორთქლის ქვაბი, რომლის ბუნებრივ ცირკულაციაში ჩართულია ცალკე მდგარი ბოილერი.

7. ენერგოტექნოლოგიური ქვაბი - ორთქლის ან წყალგამაცხელებელი ქვაბი, რომლის საცეცხლურში ხორციელდება ტექნოლოგიური მასალების გადამუშავება.

8. ორთქლის ან სითხის ქვაბი მაღალ ორგანული თბომატარებლით – ქვაბი რომელშიც სამუშაო არეს სახით გამოიყენება ორთქლსითხიანი ან თხევად მდგომარეობაში მყოფი მაღალ ორგანული თბომატარებელი.

9. ორთქლის გადამხურებელი (გადამხურებელი) – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ქვაბში შესაბამის წნევაზე ნაჯერობის ტემპერატურის ასამაღლებლად.

10. ავტონომიური ორთქლის გადამხურებელი – ქვაბში ან აირსადენში ჩაშენებული ან ცალკე მდგომი ორთქლის გადამხურებელი, რომელშიც ორთქლი გადახურებისთვის მიეწოდება გარე წყაროდან.

11. ეკონომაიზერი – სათბობის წვის პროდუქტებით გასათბობი მოწყობილობა, განკუთვნილი ორთქლის ქვაბში შემავალი წყლის შეთბობის ან ნაწილობრივი აორთქლებისათვის.

12. ავტონომიური ეკონომაიზერი - ქვაბში ჩაშენებული ეკონომაიზერი ან აირმავალი, რომლის შემთბარი წყალი სრულად ან ნაწილობრივ გამოიყენება მოცემული ქვაბის გარეთ, ან ცალკე მდგარი ეკონომაიზერი, რომლის შემთბარი წყალი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენება ორთქლის ქვაბში.

13. სტაციონარული ქვაბი –  საძირკველზე უძრავად დაყენებული ქვაბი.

14. ქვაბის ექსპლუატაციის საანგარიშო ვადა –  ექსპლუატაციის  ვადა კალენდარულ წლებში (რომლის ამოწურვის შემდეგ უნდა მოხდეს ქვაბის წნევის ქვეშ მომუშავე ძირითადი კვანძების ექსპერტული შეფასება ქვაბის შემდგომი ექსპლუატაციის პარამეტრებისა და პირობების დადგენის მიზნით).  აითვლება  ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან.

15. ქვაბის ან მისი ელემენტის საანგარიშო რესურსი – ქვაბის ან მისი ელემენტის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაში დამამზადებელი იძლევა საიმედო მუშაობის გარანტიას, დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციაში მითითებული ექსპლუატაციის რეჟიმის, ცივი და ცხელი მდგომარეობიდან გაშვების საანგარიშო რიცხვის დაცვის პირობის დროს.

16. ტექნიკური დიაგნოსტირება – ქვაბის პარამეტრების შესაძლებლობის და შემდგომი ექსპლუატაციის პირობების განსაზღვრის მიზნით ქვაბის გამოსადეგობის საანგარიშო ვადის გასვლისას ან უსაფრთხო მუშაობის საანგარიშო რესურსის ამოწურვის, აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე ელემენტების ავარიის ან გამოვლენილი დაზიანებების შემდეგ შესრულებული ქვაბის ინსტრუმენტალური/ლაბორატორიული ტექნიკური შემოწმება.

17. საანგარიშო წნევა – დეტალში მაქსიმალური ჭარბი წნევა, რომელზეც წარმოებს სიმტკიცეზე გაანგარიშება საანგარიშო რესურსის განმავლობაში საიმედო მუშაობის უზრუნველმყოფი ძირითადი ზომების დასაბუთების დროს.

18. ქვაბის (ელემენტის) დასაშვები წნევა – ქვაბის (ელემენტის) მაქსიმალურად დასაშვები ჭარბი წნევა, დადგენილი ტექნიკური შემოწმების ან სიმტკიცეზე საკონტროლო გაანგარიშებების შედეგების მიხედვით.

19. ქვაბის სამუშაო წნევა – ქვაბის მაქსიმალური ჭარბი წნევა (ორთქლის გადამხურებლის) ექსპლუატაციის ნორმალური პირობების დროს.

20. გამოსაცდელი წნევა – ჭარბი წნევა, რომლის  დროსაც უნდა ჩატარდეს ქვაბის და მისი ელემენტების ჰიდრავლიკური გამოცდა სიმტკიცეზე და სიმკვრივეზე.

21. ქვაბის ელემენტი – ქვაბის ძირითადი ფუნქციებიდან ერთ-ერთის შესრულებისთვის განკუთვნილი ქვაბის საამწყობო ერთეული (მაგალითად კოლექტორი, დოლი, ორთქლის გადამეტსახერებელი, გახურების ზედაპირი და სხვა).

22. სამუშაო არეს ტემპერატურა – ქვაბის განსახილველ ელემენტში ორთქლის ან ცხელი წყლის მაქსიმალური ტემპერატურა.

23. კედლის ზღვრული ტემპერატურა – ქვაბის დეტალის ან მილსადენის მაქსიმალური ტემპერატურა უდიდესი ტემპერატურის მქონე არეს მხრიდან, რომელიც განისაზღვრება თბური და ჰიდრავლიკური  გაანგარიშებებით ან გამოცდებით გათბობის დროებითი მომატების გაუთვალისწინებლად (საანგარიშო რესურსის არაუმეტეს 5%-სა)

24. პირაპირა შენადუღი შეერთება – შეერთება,  რომელშიც შედუღებადი ელემენტები მირთულნი არიან ერთმანეთთან ტორსული ზედაპირებით და შეიცავენ ნაკერს და თერმული გავლენის ზონას.

25. ქვაბის წყალი – ქვაბის შიგნით ცირკულირებადი წყალი.

26. მკვებავი წყალი – ორთქლის ქვაბში შემავალი, პროექტით განსაზღვრული პარამეტრების (ტემპერატურის, წნევის, ქიმიური შემადგენლობის) მქონე წყალი.

27. ნედლი წყალი – ქიმიურად დაუმუშავებელი და მექანიკური მონარევებისგან გაუწმენდავი წყალი.

28. ქვაბის საცეცხლური – ქვაბის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ორგანული სათბობის დასაწვავად, წვის პროდუქტების ნაწილობრივი გაციებისა და ნაცრის გამოყოფისათვის.

29. ქვაბის სანთურა – ქვაბის საცეცხლურში სათბობისა და  მისი დაწვისთვის აუცილებელი ჰაერის შემყვანი, ასევე სათბობის მდგრადი წვის უზრუნველმყოფი მოწყობილობა.

30. სასანთურე მოწყობილობა – სანთურა, ინტეგრირებული ამნთებ მოწყობილობასთან, სათბობის ჩამკეტ სარქველებთან,  სამზერთან, ავტომატური მართვის, რეგულირების და სიგნალიზაციის საშუალებებთან (თუ ისინი გათვალისწინებულია კონსტრუქციით).

31. მფრქვევანა – მოწყობილობა ქვაბის საცეცხლურში შემავალი თხევადი სათბობის ჰაერის ნაკადში მისაწოდებლად, გასაფრქვევად და გასანაწილებლად.

მუხლი 4. პროექტის  შემუშავება

ქვაბებისა და მათი ელემენტების მონტაჟის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის და მოდიფიკაციის პროექტები უნდა შესრულდეს შესაბამისი რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდეგში - სტანდარტი)  მოთხოვნათა გათვალისწინებით.

თავი II.  კონსტრუქცია

მუხლი 5. ზოგადი დებულებანი

1. ქვაბისა და მისი ძირითადი ნაწილების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს საანგარიშო პარამეტრებში საიმედოობას, ხანგრძლივობას და უსაფრთხო ექსპლუატაციას, ტექნიკური პირობებით განსაზღვრული საანგარიშო რესურსის განმავლობაში, აგრეთვე ქვაბის ტექნიკური შემოწმების, გაწმენდის, გარეცხვის, რემონტის და ლითონის საექსპლუატაციო კონტროლის საშუალებას.

2. ქვაბების დოლების შიგა მოწყობილობები, რომლებიც დაბრკოლებას უქმნიან მათი ზედაპირის დათვალიერებას, აგრეთვე დეფექტოსკოპური კონტროლის ჩატარებას, უნდა იყოს მოსახსნელი. დოლში შიგა მოწყობილობების დასამაგრებლად დასაშვებია მისადუღებელი ელემენტების განთავსება. დამამზადებელი საწარმო ვალდებულია მონტაჟისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მიუთითოს ამ მოწყობილობათა მოხსნისა და დაყენების წესი.

3. ქვაბის, ორთქლის გადამხურებლის და ეკონომაიზერის კონსტრუქცია და ჰიდრავლიკური სქემა უნდა უზრუნველყოფდნენ წნევის ქვეშ მყოფ ელემენტთა კედლების საიმედო გაცივებას. ქვაბის, ორთქლის გადამახურებლის და ეკონომაიზერის ელემენტთა კედლების ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს სიმტკიცეზე გაანგარიშებით მიღებულ მნიშვნელობებს.

4. ეკონომაიზერიდან მუშა არეს გამომყვანი მილების კონფიგურაცია, რომლებიც აირმავლებშია განთავსებული, უნდა გამორიცხავდეს მათში ორთქლის ბალიშებისა და საცობების წარმოქმნის შესაძლებლობას.  

5.  ქვაბის კონფიგურაციამ ცეცხლის დანთების და მუშაობის ნორმალური რეჟიმის დროს უნდა უზრუნველყოს მისი ნაწილების თანმიმდევრული გახურების, აგრეთვე ქვაბის ცალკეული ელემენტების თავისუფალი თბური გაფართოების შესაძლებლობა. თბური გაფართოების დროს ქვაბის ელემენტების გადაადგილების კონტროლისათვის შესაბამის წერტილებში საჭიროა დაყენდეს გადაადგილების მაჩვენებლები (რეპერები). რეპერების დაყენების ადგილები მითითებული უნდა იყოს ქვაბის პროექტში. თავისუფალი თბური გაფართოვების უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში სიმტკიცეზე გაანგარიშებების დროს აუცილებელია გათვალისწინებული იყოს შესაბამისი დამატებითი ძაბვები. ამ შემთხვევაში რეპერების დაყენება არ მოითხოვება.

6. ქვაბებისა და მილგაყვანილობის ელემენტების უბნები ზედაპირის მომატებული ტემპერატურით, რომლებთანაც შესაძლებელია მომსახურე პერსონალის უშუალოდ შეხება, დაფარულნი უნდა იყვნენ თბური იზოლაციით რომელიც უზრუნველყოფს მომუშავე პერსონალის დაცვას თერმული ზემოქმედებისაგან სტანდარტის  მოთხოვნათა გათვალისწინებით.

7. ქვაბის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს წნევის ქვეშ მყოფი ყველა ელემენტებიდან ჰაერის მოცილების შესაძლებლობას, რომლებშიც შეიძლება წარმოიქმნას ჰაერის საცობები ქვაბის წყლით შევსების დროს.

8. აირმავლების მოწყობა უნდა გამორიცხავდეს აირების აფეთქების მხრივ საშიში დაგროვების საშიშროების შესაძლებლობას, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს წვის პროდუქტების დანალექისგან გაწმენდისათვის საჭირო პირობები.  

9. ქვაბის კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს საცეცხლურში მცირე აფეთქების დროს წნევის ხანმოკლე აწევის შესაძლებლობას. ქვაბის კვამლსაწოვით აღჭურვის შემთხვევაში, ქვაბის კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს ხანმოკლე გაუხშოების შესაძლებლობას.

მუხლი 6. წყლის დონის მდგომარეობა      

1. აირმილა (ცეცხლმილა) ქვაბებში წყლის ქვედა დასაშვები დონე უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. წყლის ქვედა დასაშვები დონე წყალმილა ქვაბების დოლებში დგინდება ქვაბის დამპროექტებლის მიერ.

2. ორთქლის ქვაბში წყლის ზედა დასაშვები დონე  დგინდება ქვაბის დამპროექტებლის მიერ.

მუხლი 7. საძრომები, ლიუკები, სახურავები და საცეცხლურის კარებები

1. დოლებისა და კოლექტორებისათვის  გამოიყენებული  საძრომები და ლიუკები, უნდა უზრუნველყოფდეს დოლებისა და კოლექტორების უსაფრთხოდ და სათანადოდ დათვალიერების შესაძლებლობას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

2. საცეცხლურის და აირმავლების კედლებზე გათვალისწინებული უნდა იყოს წვაზე და გახურების ზედაპირების მდგომარეობაზე, შემოკირვაზე, აგრეთვე დოლებისა და კოლექტორების ხურების ზედაპირებზე კონტროლის შესაძლებლობის უზრუნველმყოფი საძრომები და სამზერები. მართკუთხა და წრიული საძრომების ზომები უნდა  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდნენ ქვაბის შიგნით შეღწევის შესაძლებლობას მისი ელემენტების ზედაპირების დათვალიერებისათვის (ცეცხლმილა და აირმილა ქვაბების გამოკლებით).

3. საძრომების, ლიუკების და სამზერების კარებები და სახურავები უნდა იყოს მტკიცე, მკვრივი და უნდა გამორიცხავდნენ თვითნებური გაღების შესაძლებლობას.

მუხლი 8. საცეცხლურების და აირმავლების დამცავი მოწყობილობები

1. ქვაბები სათბობის კამერული წვით (მტვრისებრი, აირადი, თხევადი) ან შახტური საცეცხლურით ტორფის, ნახერხის, ბურბუშელას ან სხვა მცირე საწარმოო ნარჩენების  დასაწვავად 60 ტ/სთ-მდე ორთქლმწარმოებლობით, უნდა აღიჭურვონ აფეთქებისაგან დამცავი მოწყობილობებით. აფეთქებისაგან დამცავი მოწყობილობები უნდა განთავსდნენ და მოეწყონ ისე, რომ გამოირიცხოს ადამიანების დაზიანება. ქვაბები ნებისმიერი სახის სათბობის კამერული წვით 60 ტ/სთ-ზე მეტი ორთქლ მწარმოებლობით, აფეთქების მცველი მოწყობილობებით არ აღიჭურვებიან. ამ ქვაბების საიმედო მუშაობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის და ბლოკირების ავტომატური სისტემით მათი მუშაობის ყველა რეჟიმისათვის.

2. აფეთქებისაგან დამცავი მოწყობილობები დასაშვებია არ იყოს დაყენებული ქვაბების საცეცხლურებში და აირსადენებში თუ ეს დასაბუთებულია პროექტით.

მუხლი 9. ვალცვით შეერთება

სავალცავი შეერთების კონსტრუქცია და შესრულება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

მუხლი 10. გაქრევის, დაცლის და დრენაჟის სისტემები

1. თითოეულ ქვაბს უნდა გააჩნდეს მილგაყვანილობები:

ა) მკვებავი ან ქსელის წყლის მიწოდებისათვის;

ბ) გაჩერების დროს ქვაბის გაქრევისა და წყლის გამოშვებისთვის;

გ) წყლით შევსებისა და დანთების დროს ქვაბიდან ჰაერის გამოდევნისთვის;

 დ) ორთქლის გადამხურებლისა და ორთქლსადენის გაქრევისათვის;

 ე) წყლისა და ორთქლის სინჯის აღებისათვის;

 ვ) ექსპლუატაციის პერიოდში ქვაბის წყალში მაკორექტირებელი რეაგენტების და  ქვაბის ქიმიური გაწმენდის დროს სარეცხი რეაგენტების შეყვანისათვის;

 ზ) ქვაბის დანთების და გაჩერების დროს წყლის ან ორთქლის არინებისათვის;

 თ) დანთების დროს დოლების გახურებისათვის.

 მითითებული მილგაყვანილობების შეთავსება ან მათი უქონლობა, მითითებული უნდა იყოს დამპროექტებელის მიერ.

2. გაქრევის, სადრენაჟო და საჰაერო მილგაყვანილობათა ქვაბის ელემენტებთან მიერთების რაოდენობა და წერტილები უნდა შეირჩეს ქვაბის დამპროექტებელის  მიერ ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს წყლის, კონდენსატის და ნალექების ქვაბის ყველაზე დაბალი წერტილიდან მოცილება.

3. ორთქლსადენის ყველა უბანზე, რომლებიც შესაძლებელია გამოირთოს ჩასაკეტი ორგანოებით, მოწყობილი უნდა იყოს კონდენსატის არინების უზრუნველმყოფი დრენაჟები.

მუხლი 11. სასანთურე მოწყობილობები

1. სასანთურე მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდნენ ქვაბის უსაფრთხო და ეკონომიურ ექსპლუატაციას.

2. სასანთურე მოწყობილობები უნდა შესაბამებოდეს რეგლამენტის და  სტანდარტის მოთხოვნებს. მოწყობილობის თანმხლებ ტექნიკურ დოკუმენტაციაში დადგენილი უნდა იყოს უსაფრთხოების მოთხოვნები ექსპლუატაციისა და რემონტისადმი.

3. ქვაბი აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) ძირითადი და სარეზერვო ფრქვევანათა კომპლექტით;

ბ) ამნთებ – დამცავი მოწყობილობებით (ადმ) დანთების და ძირითადი ჩირაღდნის კონტროლით.

გ) სანთურების ავტომატური, დისტანციური და ხელით მართვის უზრუნველმყოფი       არმატურის კომპლექტით.

4. სასანთურე მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდნენ საიმედო ანთებას და სათბობის მდგრად წვას ალის მოწყვეტის გარეშე, მუშაობის რეჟიმთა მოცემულ დიაპაზონში იატაკზე და საცეცხლურის კედლებზე სათბობის სითხის წვეთების გადმოღვრის, აგრეთვე ნახშირის მტვრის სეპარაციის დაუშვებლობას (თუ არ არის მიღებული სპეციალური ზომები მისი სრული წვისათვის საცეცხლურის მოცულობაში).

5. ნახშირის მტვრის სანთურების დასანთები მოწყობილობის სათბობად გამოყენებული უნდა იყოს მაზუთი ან ბუნებრივი აირი. დასაშვებია სხვა სახის თხევადი სათბობის გამოყენება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. ქვაბის დანთებისათვის ადვილად აალებადი საწვავების გამოყენება დაუშვებელია.

თავი III. რეკონსტრუქცია,   მონტაჟი, რემონტი და ჰიდრავლიკური გამოცდა

მუხლი 12. ზოგადი დებულებანი

ქვაბების რეკონსტრუქცია,  მონტაჟი და რემონტი უნდა შესრულდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 13. შედუღება. ზოგადი დებულებანი

1. ქვაბების რეკონსტრუქციის, მონტაჟის და რემონტის დროს განხორციელებული შედუღებისთვის გამოყენებული უნდა იყოს  შესაბამისი შედუღების ტექნოლოგია.

2. შედუღების შესრულებისათვის გამოყენებული უნდა იყოს გამართული დანადგარები, აპარატურა და სამარჯვები სტანდარტის მოთხოვნათა  შესაბამისად.

3. შედუღებაზე და მოჭიდებაზე მუშაობის ჩასატარებლად დაიშვებიან შემდუღებლები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ქვაბების შედუღებისათვის გამოყენებული შედუღების მასალები უნდა შეესაბამებოდნენ სტანდარტის მოთხოვნებს და თან უნდა ახლდეს მწარმოებლის ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრული წესით.

მუხლი 14. კონტროლი. ძირითადი დებულებანი

1.  ქვაბის სამონტაჟო ან სარემონტო ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს მის მიერ შესრულებული სამუშაოების (პროდუქციის) კონტროლი და დოკუმენტური გაფორმება. კონტროლი უნდა უზრუნველყოფდეს დეფექტების გამოვლენას, პროდუქციის მაღალი ხარისხისა და ექსპლუატაციაში საიმედოობის გარანტიას. კონტროლის მოცულობა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

მუხლი 15. ჰიდრავლიკური გამოცდები

1.  ჰიდრავლიკურ გამოცდას ექვემდებარება ყველა ქვაბი, ორთქლის გადამხურებელი, ეკონომაიზერი და მათი ელემენტები ახალ ადგილზე დამონტაჟებისა და ექსპლუატაციისას, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პერიოდულობით.

2. ქვაბის, ორთქლის გადამხურებლის და ეკონომაიზერის ყველა დეტალის, აგრეთვე ყველა შენადუღი და სხვა შეერთების სიმკვრივისა და სიმტკიცის შემოწმების მიზნით ჰიდრავლიკურ გამოცდას ექვემდებარებიან:

ა) ყველა მილისებრი, შენადუღი, სხმული, ფასონური და სხვა ელემენტები და დეტალები, აგრეთვე არმატურა. აღნიშნული ელემენტების და დეტალების ჰიდრავლიკური გამოცდა არ არის სავალდებულო, თუ ისინი გადიან სრულ კონტროლს ულტრაბგერითი დეფექტოსკოპიის ან სხვა ტოლფასი არამრღვევი მეთოდით;

ბ) ქვაბის ელემენტები აწყობილი სახით (დოლები და კოლექტორები მიდუღებული შტუცერებით ან მილებით, ხურების ზედაპირების და მილსადენების ბლოკები და სხვა). კოლექტორების და მილსადენების ბლოკების ჰიდრავლიკური გამოცდა არ არის სავალდებულო თუ მათი ყველა შემადგენელი ელემენტი დაექვემდებარა სრულ კონტროლს ულტრაბგერითი დეფექტოსკოპიის ან სხვა ტოლფასი არამრღვევი კონტროლის მეთოდით.

3. ჰიდრავლიკური გამოცდის დროს, გამოსაცდელი წნევის მნიშვნელობა და გამოცდის ჩატარების წესი უნდა უზუნველყოფდეს ქვაბის ტექნიკური მდგომარეობის  და შემდგომი უსაფრთხო მუშაობს  დადგენის შესაძლებლობას და  განისაზღვრება სტანდარტის შესაბამისად.

4.  ქვაბის, მისი ელემენტების და ცალკეული ნაკეთობების ჰიდრავლიკური გამოცდა ტარდება თერმული დამუშავების და ყველა სახის კონტროლის, აგრეთვე აღმოჩენილი დეფექტების გამოსწორების შემდეგ.

5. ქვაბის ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაცია ვალდებულია ქვაბის, ავტონომიური ორთქლის გადამხურებლის და ეკონომაიზერის ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარება უზრუნველყოს დამამზადებლის მონტაჟისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებული პირობების შესაბამისად.

6. ჰიდრავლიკური გამოცდისათვის საჭირო წნევის მნიშვნელობის მისაღწევად შეკუმშული ჰაერის ან აირის გამოყენება დაუშვებულია. 

7. ჰიდრავლიკური გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ გამოცდის დროს ძირითად ლითონში არ იქნება გამოვლენილი ხილული ნარჩენი დეფორმაციები, ბზარები ან მთლიანობის დარღვევის ნიშნები, დენა შენადუღ, გავალცულ, დაშლად და მოქლონურ შეერთებებში. გამოცდის დროს ვალცვურ და გასართ შეერთებებში დასაშვებია ცალკეული წვეთების წარმოქმნა, რომლებიც  დაყოვნების დროის განმავლობაში არ მატულობს.

მუხლი 16. ტექნიკური დოკუმენტაცია, წარწერები და ეტიკეტი

1. ქვაბის ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაცია უნდა ფლობდეს ქვაბის, ავტონომიური ორთქლის გადამხურებელის და ეკონომაიზერის, დამამზადებლის მიერ შედგენილ სათანადო ტექნიკური დოკუმენტაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს მათი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციებს.

2. დოლების ძირებზე ან ქვაბის კორპუსზე, ასევე ეტიკეტზე დადაღვით ან სხვა ადექვატური ხერხით დატანილი უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) დამამზადებელი საწარმოს  დასახელება;

ბ) ნაკეთობის ტიპი და/ან მოდელი და საქარხნო ნომერი;

გ) დამზადების წელი;

დ) სამუშაო წნევა ბარში;

ე) სამუშაო არეს ნომინალური ტემპერატურა;

ვ) ნომინალური მწარმოებლობა და სხვა დამამზადებლის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია.

თავი IV. არმატურა, ხელსაწყოები და მკვებავი მოწყობილობა

მუხლი 17. ზოგადი დებულებანი

1. მუშაობის მართვისათვის, უსაფრთხო პირობების და ექსპლუატაციის დადგენილი რეჟიმების უზრუნველსაყოფად ქვაბები აღჭურვილნი უნდა იყვნენ:

ა) წნევის გადაჭარბებისაგან დამცავი მოწყობილობებით;

ბ) წყლის დონის მაჩვენებლებით;

გ) წნევის მაჩვენებლებით (მანომეტრებით);

დ) სამუშაო არეს ტემპერატურის საზომი ხელსაწყოებით;

ე) ჩასაკეტი და მარეგულირებელი არმატურით;

ვ) უსაფრთხოების ხელსაწყოებით;

ზ) მკვებავი მოწყობილობებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა ქვაბის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს არმატურის, გაზომვის საშუალებების, ავტომატიკის და დაცვის ისეთი რაოდენობა, რომელიც აუცილებელია რეჟიმების რეგულირების, პარამეტრების კონტროლის, ქვაბის გამორთვის, ექსპლუატაციის საიმედობის, უსაფრთხო მომსახურების  უზრუნველყოფისათვის.

3. თბოელექტროსადგურების ქვაბები, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოებით  აღიჭურვილი უნდა იყოს დამამზედებლის ტექნიკური დოკუმენტაციის  შესაბამისად.  

მუხლი 18. დამცავი მოწყობილობები

1. ქვაბის თითოეული ელემენტი, რომლის შიგა მოცულობა შეზღუდულია ჩამკეტი ორგანოებით, დაცული უნდა იყოს დასაშვებზე მეტად წნევის გადაჭარბების ავტომატურად თავიდან ასაცილებელი დამცავი მოწყობილობებით, სამუშაო არეს ატმოსფეროში ან საუტილიზაციო სისტემაში გაშვების გზით.

2. დამცავი სარქველების კონსტრუქცია და რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის უსაფრთხოებას წნეევის დასაშვებზე მეტად გადაჭარბებისას და შეირჩეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ორთქლის ქვაბზე დაყენებელი დამცავი მოწყობილობების ჯამური გამტარუნარიანობა უნდა იყოს არანაკლები ქვაბის ნომინალური ორთქლმწარმოებლობისა.

4. დამცავი სარქველების გამტარუნარიანობა მითითებული უნდა იყოს სარქვლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

5.   დამცავი მოწყობილობები უნდა დაყენდეს:

ა) ორთქლის გადამხურებლის არმქონე ბუნებრივი ცირკულაციის ორთქლის ქვაბებზე  ზედა დოლზე ან ორთქლსაშრობზე;

ბ) პირდაპირი დინების ორთქლის ქვაბებზე, აგრეთვე იძულებითი ცირკულაციის ქვაბებზე – გამოსასვლელ კოლექტორებზე ან გამოსასვლელ ორთქლსადენებზე;

გ) წყალსათბობ ქვაბებში - გამოსასვლელ კოლექტორებზე ან დოლზე;

დ) შუალედური ორთქლის გადამხურებელში დასაშვებია ორთქლის გადამხურებლის ყველა მცველი მოწყობილობის დაყენება – ორთქლის შესვლის მხრიდან;

ე) წყლის მხრივ გათიშვად ეკონომაიზერებში – არანაკლებ თითო მცველი მოწყობილობისა წყლის შემსვლელზე და გამომსვლელზე.

6. ქვაბზე გამოურთვადი ორთქლის გადამხურებლის არსებობის დროს, მცველი სარქველების ნაწილი, გამტარუნარიანობით არანაკლებ ქვაბის ნომინალური ორთქლმწარმოებლობის ნახევრისა, უნდა დაყენდეს ორთქლის გადამხურებლის გამოსასვლელ კოლექტორზე.

7. ეკონომაიზერებისათვის დამცავი სარქველების დაყენების ადგილები, მათი რეგულირების მეთოდიკა და გაღების წნევის მნიშვნელობა, მითითებულ უნდა იყოს ეკონომაიზერების დამამზადებელი საწარმოს მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

8. ქვაბებზე, ორთქლის გადამხურებლებზე, ეკონომაიზერებზე დამცავი სარქველების რეგულირების მეთოდიკა და პერიოდულობა და მათი გახსნის დაწყების წნევა აღნიშნული უნდა იყოს ქვაბის მონტაჟისა  და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში.

9. დამცავმა სარქველებმა უნდა უზრუნველყონ ქვაბების, ორთქლის გადამხურებლების და ეკონომაიზერების დაცვა მათში წნევის საანგარიშო (მაქსიმალური დასაშვები) მნიშვნელობის 10%-ზე მეტად გადაჭარბებისასაგან. მცველი სარქველების სრული გახსნის დროს საანგარიშო წნევაზე 10-%-ზე მეტად გადაჭარბება შეიძლება დაშვებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ქვაბის, ორთქლის გადამხურებლის და ეკონომაიზერის სიმტკიცეზე გაანგარიშებით.

10. დაცული ელემენტის მცველ მოწყობილობასთან შემაერთებელი მილყელიდან ან მილსადენიდან წნევის ქვეშ მყოფი არეს ართმევა დაუშვებელია.

11. დამცავი სარქველები უნდა დაყენდეს უშუალოდ დასაცავ ობიექტთან მიერთებულ მილყელებზე ან მილსადენებზე. შეერთების ადგილიდან პირდაპირი ქმედების მცველი სარქველის დაყენების ადგილამდე მოცემულ უბანზე მილსადენის წინაღობა არ უნდა აჭარბებდეს სარქველის გაღების დასაწყისი წნევის მნიშვნელობის 3%-ს, იმპულსური მცველი მოწყობილობებისათვის ეს სიდიდე დგინდება  სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

12. აკრძალულია ჩამკეტი ორგანოების დაყენება სარქველებთან ორთქლის მიმყვან მილსადენზე და იმპულსური მცველი მოწყობილობების იმპულსურ და მთავარ სარქველებს შორის მილსადენებზე.

13. ტვირთიანი ან ზამბარიანი სარქველის კონსტრუქციაში გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყობილობა, ქვაბის მუშაობის დროს  სარქველის მოქმედების გამართულობის შემოწმებისათვის, სარქველის იძულებითი გაღების გზით. იმპულსური დამცავი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იყოს მართვის ფარიდან სარქველის დისტანციურად გაღების მოწყობილობებით.

14. ზამბარიანი სარქველების კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს ზამბარის შეკუმშვის შესაძლებლობა დადგენილ სიდიდეზე მეტად. სარქველების ზამბარები დაცული უნდა იყვნენ გამომავალი ორთქლის ჭავლის პირდაპირი ზემოქმედებისაგან.

15. დამცავ სარქველებს უნდა გააჩნდეთ ამოქმედებისას გამოშვებული ცხელი არეს (ორთქლი, ცხელი წყალი) ასარინებელი მილსადენები პერსონალის დამწვრობისაგან დასაცავად. ეს მილსადენები უნდა იყვნენ დაცულნი გაყინვისაგან და აღჭურვილნი სადრენაჟო მოწყობილობით, მათში დაგროვილი კონდენსატის გამოშვებისათვის. სადრენაჟო მილსადენებზე ჩამკეტი მოწყობილობების დაყენება დაუშვებელია.

16. წყალგამაცხელებელი ქვაბის, ეკონომაიზერის დამცავი სარქველებიდან წყალსარინი მილი მიერთებული უნდა იყოს წყლის თავისუფალი გადინების ხაზთან, ამასთანავე, როგორც წყალსარინ, ასევე გადინების ხაზზე არ უნდა იყოს არავითარი ჩამკეტი ორგანო; წყალსარინი მილების სისტემის და თავისუფალი გადინების ხაზების მოწყობამ უნდა გამორიცხოს ხალხის დამწვრობის შესაძლებლობა.

17. დამცავი სარქველს თან უნდა ახლდეს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს მისი გამტარუნარიანობის მონაცემებს.

მუხლი 19. წყლის დონის მაჩვენებლები

1. თითოეულ ორთქლის ქვაბზე, გარდა პირდაპირი დინების ქვაბებისა, უნდა ეყენოს არანაკლებ ორი პირდაპირი ქმედების წყლის დონის მაჩვენებელი. დამატებით დასაშვებია დაყენდეს (დუბლირებული) არაპირდაპირი ქმედების წყლის დონის მაჩვენებლები. ქვაბებში, მათ შორის საფეხუროვანი აორთქლების დოლებით, წყლის დონის მაჩვენებლების რაოდენობა და დაყენების ადგილები განისაზღვრება ქვაბის დამპროექტებელის მიერ.

2. თითოეულ წყლის დონის მაჩვენებელს უნდა გააჩნდეს ქვაბის დოლთან დამოუკიდებელი მიერთება.  წყლის დონის მაჩვენებლების დაყენება  უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბში  მკვებავი წყლის ტექნოლოგირი პარამეტრების შესაბამისად მიწოდებას, წყლის დონის უსაფრთხო  მართვას და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

3. პირდაპირი ქმედების დონის მაჩვენებლებთან და მის მილებთან ან შტუცერებთან სხვა ხელსაწყოების მიერთება დაუშვებელია, წყლის ზღვრული დონეების სიგნალიზატორის გადამწოდის გამოკლებით, თუ ამ დროს არ ირღვევა დონის მაჩვენებლის მუშაობა.

4. წყლის დონის მაჩვენებლების ქვაბთან შემაერთებელი მილების კონფიგურაციამ უნდა გამორიცხოს მათში წყლის ბალიშების წარმოქმნა და უზრუნველყოს მილების გაწმენდის შესაძლებლობა. შემაერთებელი მილები დაცულნი უნდა იყვნენ გახურებისაგან და გაყინვისაგან.

5.  წყლის დონის მაჩვენებლების დაყენების ადგილი, დამცავი საშუალებებით და ჩამკეტი არმატურით აღჭურვა და რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხო მართვას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. 

6. წყალგამაცხელებელი ქვაბებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ქვაბის დოლის ზედა ნაწილში დაყენებული სასინჯი ონკანი, ხოლო დოლის არარსებობის შემთხვევაში – მაგისტრალურ მილსადენში ქვაბიდან წყლის გამოსასვლელზე ჩამკეტ მოწყობილობამდე.

მუხლი 20. მანომეტრები

1. თითოეულ ორთქლის ქვაბზე  ორთქლის გადამხურებელზე ორთქლის ქვაბის მკვებავი წყლის წყალგამაცხელებელ ქვაბებზე მანომეტრების დაყენება და რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის წნევის უსფრთხო რეგულირებას და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

2.  მანომეტრის შკალა აირჩევა იმ პირობიდან გამომდინარე, რომ სამუშაო წნევის დროს მანომეტრის ისარი უნდა იმყოფებოდეს შკალის შუა მესამედში.

3. მანომეტრის შკალა და მისი განთავსება უნდა უზრუნველყოფდეს მანომეტრის ჩვენების მკაფიო და უშეცდომა აღქმას.

4. ორთქლის წნევის გაზომვისთვის გათვალისწინებული თითოეული მანომეტრის აღჭურვა ონკანებით, გაქრევის საშუალებებით, უნდა უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხო მუშაობას, ჩვენების სიზუსტეს და შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5.  დაუშვებელია მანომეტრის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მანომეტრზე არ არის ბჟენი (პლომბი) ან შემოწმების ჩატარების აღმნიშვნელი დაღი;

ბ) თუ გავიდა მანომეტრის შემოწმების ვადა;

გ) თუ მანომეტრის ისარი მისი გამორთვის დროს არ უბრუნდება ნულოვან ნიშნულს იმ სიდიდით, რომელიც აღემატება მოცემული მანომეტრისთვის დაშვებული ცდომილების ნახევარს;

დ) თუ გატეხილია სამზერი მინა ან ადგილი აქვს მანომეტრის სხვა დაზიანებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ მისი ჩვენებების სისწორეზე.

მუხლი 21. ტემპერატურის საზომი ხელსაწყოები

1. ორთქლის  ქვაბებზე და ელემენტებზე ორთქლის ტემპერატურის საზომი, ტემპერატურის უწყვეტად მარეგისტრებელი, მკვებავი წყლის, სათბობის,  ტემპერატურის საზომი, ხელსაწყოების რაოდენობა და განთავსების ადგილი, უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის უსაფრთხო ექსპლუატაციას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 2. ქვაბის ლითონის ტემპერატურის საკონტროლოდ, ასევე  გახურების, გაჩერების და მანევრული რეჟიმების დროს დასაშვები მნიშვნელობიდან  ლითონის ტემპერატურის გადამეტების ასაცილებლად, გათვალისწინებული უნდა იყოს ქვაბის ელემენტების (დოლების, სამილე ცხაურების და სხვა) კედლის ტემპერატურის საზომი ხელსაწყოები. ხელსაწყოების დაყენების აუცილებლობა, მათი რაოდენობა და განთავსება  ისაზღვრება ქვაბის დამპროექტებელის მიერ

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ხელსაწყოების გამართულობა და მათი ჩვენებების სიზუსტე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვაბის ექსპლუატაციის პროცესის განმავლობაში.

მუხლი 22. ჩამკეტი და მარეგულირებელი არმატურა

1.  ქვაბზე ან მის მილსადენებზე დასაყენებელ არმატურის კორპუსზე მკაფიოდ უნდა იყოს  დატანილი შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) დამამზადებელი საწარმოს დასახელება ან სასაქონლო ნიშანი;

ბ) ნომინალური დიამეტრი;

გ) არეს ნომინალური წნევა და ტემპერატურა;

დ) ნაკადის მიმართულება;

2.  არმატურის მქნევარაზე აღნიშნული უნდა იყოს არმატურის გაღებისა და ჩაკეტვის  მიმართულება.

3. ჩამკეტი ორგანოს, უკუსარქველის, დროსელური საყელურების დაყენების ადგილი და რაოდენობა, გაქრევის მილსადენების დიამეტრი უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის დასაშვებ ტექნოლოგიური პარამეტრების უზრუნველყოფას და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

მუხლი 23. უსაფრთხოების ხელსაწყოები

1.   თითოეულ ქვაბზე გათვალისწინებული უნდა იყოს ქვაბის ან მისი ელემენტების დროული და საიმედო ავტომატური გამორთვის უზრუნველმყოფი უსაფრთხოების ხელსაწყოები, ექსპლუატაციის მოცემული რეჟიმებიდან დაუშვებელი გადახრის დროს. აკრძალულია ქვაბების ექსპლუატაცია გაუმართავი უსაფრთხოების ხელსაწყოებით.

2.  ორთქლის ქვაბები სათბობის კამერული წვით, უნდა აღიჭურვონ სანთურებზე სათბობის მიწოდების შემწყვეტი ავტომატური მოწყობილობებით, წყლის დონის დაწევის დროს ხოლო პირდაპირი დინების ქვაბებისათვის – წყლის ხარჯის შემცირებისას დასაშვებზე დაბლა.  ქვაბებში სათბობის შრისებრი წვით, ავტომატურმა მოწყობილობებმა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში უნდა გამორთონ საცეცხლურის წევასაბერი მოწყობილობები და სათბობმიმწოდებელი მექანიზმები.

3. წყალგამაცხელებელი ქვაბები მრავალჯერადი ცირკულაციით და სათბობის კამერული წვით უნდა აღიჭურვონ ხელსაწყოებით, რომლებიც ავტომატურად წყვეტენ სანთურებზე სათბობის მიწოდებას, ხოლო ქვაბები სათბობის შრისებრი წვით – ხელსაწყოებით, რომლებიც გამორთავენ წევასაბერ მოწყობილობებს სისტემაში წყლის წნევის შემცირებისას იმ მნიშვნელობამდე, რომლის დროსაც იქმნება ჰიდრავლიკური დარტყმების საშიშროება და წყლის ტემპერატურის აწევის დროს დადგენილი ზღვრის მაღლა.

4. წყალგამაცხელებელი ქვაბები სათბობის კამერული წვით, უნდა აღიჭურვონ საქვაბის საცეცხლურში სათბობის მიწოდების შემწყვეტი ავტომატური ხელსაწყოებით, ხოლო სათბობის შრისებრი წვის დროს, საცეცხლის წევასაბერი მოწყობილობების და სათბობმიმწოდებელი მექანიზმების გამორთვის ავტომატური ხელსაწყოებით, შემდეგ შემთხვევებში: წყლის წნევის მომატებისა და დაცემისას; წყლის ტემპერატურის მომატებისას და  წყლის ხარჯის შემცირებისას დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

5.  ქვაბებზე უნდა ეყენოს წყლის დონეთა ზედა და ქვედა ზღვრული მდებარეობების ავტომატურად მოქმედი ხმისა და სინათლის სიგნალიზატორები. ანალოგიური სიგნალიზაცია უნდა სრულდებოდეს ყველა სხვა პარამეტრის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ქვაბის გასაჩერებლად ამოქმედდება უსაფრხოების ხელსაწყოები.

6. ორთქლისა და წყალსათბობი ქვაბები სათბობის კამერული წვის დროს აღჭურვილნი უნდა იყვნენ საცეცხლეში სათბობის მიწოდების შესაწყვეტი ავტომატური მოწყობილობებით:

ა) ყველა საბერი ვენტილატორის გამორთვის შემთხვევაში. 

ბ) ყველა კვამლსაწოვის გამორთვის შემთხვევაში;

გ) საცეცხლეში ჩირაღდნის ჩაქრობის შემთხვევაში;

7.  ინდივიდუალური ვენტილატორებით აღჭურვილ სანთურებიან ქვაბებზე უნდა იყოს სანთურებთან სათბობის მიწოდების შემწყვეტი დაცვა ვენტილატორების გაჩერების შემთხვევაში.

8.  თხევად ან აირად სათბობზე მომუშავე ქვაბ-ბოილერი აღჭურვილი უნდა იყოს ბოილერში წყლის ცირკულაციის შეწყვეტის დროს საცეცხლები სათბობის მიწოდების ავტომატურად შემწყვეტი მოწყობილობებით.

9. უსაფრთხოების ხელსაწყოები დაცულნი უნდა იყვნენ იმ პირების ზემოქმედებისაგან (გამორთვა, რეგულირების ცვლილება და სხვა), რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი მათ მომსახურეობასა და რემონტთან და გააჩნდეთ მათი მოქმედების გამართულობის შესამოწმებელი სამარჯვები.

10. ორთქლის ქვაბები მიუხედავად ტიპისა და ორთქლმწამოებლურობისა უნდა აღიჭურვონ კვების ავტომატური რეგულატორებით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ქვაბ-ბოილერებზე, რომელთათვის ორთქლის ართმევა ბოილერის გარეშე არ აღემატება 2 ტ/სთ.   

 

მუხლი 24. მკვებავი მოწყობილობანი 

1. მკვებავი მოწყობილობების რაოდენობა და მახასიათებლები უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბისათვის გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ პარამეტრებში მკვებავი წყლის მიწოდებას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

2. თვითოეულ მკვებავ ტუმბოზე ან ინჟექტორის კორპუსზე უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია, მათი მახასიათებლების დადგენის მიზნით.

3. ჩამკეტ ორგანოსა და დგუშიან ტუმბოს შორის მკვებავ მილსადენზე, როდესაც შექმნილი დაწნევა აჭარბებს მილსადენის საანგარიშო წნევას, უნდა დაყენდეს დამცველი სარქველი.

თავი V. სათავსი ქვაბისათვის

მუხლი  25. ზოგადი დებულებანი

1. სტაციონარული ქვაბები უნდა განთავსდნენ იმ შენობებსა და სათავსებში, რომლებიც შეესაბამებიან  სტანდარტის  მოთხოვნებს. შენობის გარეთ ქვაბის დაყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ქვაბის დამამზადებებლის მიერ, ექსპლუატაციის შესაძლებლობა ღია ცის ქვეშ მითითებულია ქვაბის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

2. სათავსის და სხვენის გადახურვის მოწყობა ქვაბების თავზე დაუშვებელია. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საწარმოო შენობებში დაყენებულ ქვაბებზე.

3.   საწარმოო შენობის შიგნით დასაშვებია  განთავსდეს:

ა) პირდაპირი დინების ქვაბები, ორთქლმწარმოებლობით თითოეული არაუმეტეს 4 ტ/სთ-ში;

ბ) ქვაბები, რომლებიც აკმაყოფილებენ პირობას (t-100)×V≤100 (თითოეული ქვაბისათვის), სადაც t-სამუშაო წნევის დროს ნაჯერი ორთქლის ტემპერატურაა 0C, V-ქვაბის წყლის მოცულობა მ3;

გ) დოლების არმქონე წყალსათბობი ქვაბები, თბომწარმოებლობით, თითოეული არაუმეტეს 10,5 გჯ/სთ (2,5 გკალ/სთ)-ში;

დ) ქვაბ-უტილიზატორები შეზღუდვების გარეშე.

4. საქვაბის შენობებში აკრძალულია ისეთი საყოფაცხოვრებო და სამომსახურეო სათავსების მოწყობა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საქვაბის პერსონალთან  ასევე ისეთი სარემონტო სახელოსნოების განთავსება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქვაბე დანადგარების რემონტისათვის .

5.  საქვაბე სათავსის ქვედა სართულის იატაკის დონე არ უნდა იყოს საქვაბის სათავსის მომიჯნავე მიწის დაგეგმარებული ნიშნულის დაბლა. საქვაბეებში თანაორმოების მოწყობა დაუშვებელია. ტექნოლოგიური აუცილებლობით დასაბუთებულ რიგ შემთხვევებში, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე, თბოტრასის შეყვანისა და გამოყვანის კვანძების და ა.შ. განლაგების მიზნით შესაძლებელია მოეწყოს თანაორმოები.

6.  საქვაბე სათავსიდან გამოსასვლელი ყველა კარები უნდა იღებოდეს გარეთა მხარეს. საქვაბეში სამოსამსახურეო, საყოფაცხოვრებო, აგრეთვე დამხმარე-საწარმოო სათავსების კარებები უნდა აღიჭურვონ თვითდახურვის მოწყობილობით და იღებოდნენ საქვაბის მხარეს.

მუხლი 26. განათება

1.   საქვაბე, სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ბუნებრივი განათებით, ხოლო ღამით-ელექტრული განათებით.

2.  საქვაბეში სამუშაო განათების გარდა უნდა იყოს ავარიული ელექტრული განათება, რომლის  განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალის უსაფრთხო მუშაობას და შეესაბამებოდეს  სტანდარტის მოთხოვნებს.

მუხლი 27. ქვაბებისა და დამხმარე მოწყობილობის განთავსება

1.  ქვაბების და დამხმარე მოწყობილობების განთავსების დროს ურთიერთდაცილება (უსაფრთხოების მანძილები) უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალისათვის სათანადო,  უსაფრთხო მომსახურეობის პირობებს და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

2. აკრძალულია ერთ სათავსში ქვაბებთან და ეკონომაიზერებთან ერთად ისეთი დანადგარების მოწყობა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი არ გააჩნიათ ქვაბების რემონტთან და მომსახურებასთან ან ორთქლის და ან ცხელი წყლის მიღების ტექნოლოგიასთან. ელექტროსადგურების ქვაბები და ტურბოაგრეგატებში შეიძლება დაყენდნენ საერთო შენობაში ან მომიჯნავე შენობებში საქვაბესა და სამანქანო დარბაზს შორის გამყოფი კედლების აგების გარეშე.

მუხლი 28. ბაქნები და კიბეები

საქვაბის  მომსახურეობისთვის მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იყვნენ მოაჯირიანი ბაქნებით და  კიბეებით, რომელთა კონსტრუქცია, განლაგება, რაოდენობა და მასალა რომლისგანაც ისინია დამზადებული, უნდა უზრუნველყოფდნენ პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობებს და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

მუხლი 29. სათბობის მიწოდება და წიდის და ნაცრის მოცილება

1. საცეცხლიდან ნაცრის და წიდის უშუალოდ სამუშაო ბაქანზე ამონიჩბვის შემთხვევაში, ამონიჩბვის და კერის ნარჩენების დასხმის ადგილის თავზე მოწყობილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაცია.

2. ხელით ჩასატვირთ შახტის საცეცხლეებში ტორფისა და ხის სათბობისათვის უნდა მოეწყოს ჩასატვრითი ბუნკერები სახურავით და საგდები ფსკერით.

3. თხევადი სათბობის დაწვის დროს სანთურების ქვეშ აუცილებელია დაყენდეს ქვეშები ქვიშით, საქვაბის იატაკზე სათბობის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

თავი VI. ქვაბის წყალ-ქიმიური რეჟიმი

მუხლი 30. ზოგადი დებულებანი

1. ქვაბის წყალ-ქიმიური რეჟიმი განსაზღვრული უნდა იყოს დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით. წყალ-ქიმიურმა რეჟიმმა ქვაბის და მკვებავი ტრაქტის მუშაობა უნდა უზრუნველყოს მათი ელემენტების დაზიანების გარეშე, მინადუღის და შლამის დალექვის, ქვაბის წყლის ფარდობითი ტუტიანობის სახიფათო ზღვრამდე ზრდის ან ლითონის კოროზიის შედეგად.

2. ბუნებრივი და მრავალჯერადი იძულებითი ცირკულაციის მქონე 0,7 ტ/სთ და მეტი ორთქლმწარმოებლობის ყველა ორთქლის ქვაბში, ყველა პირდაპირი დინების ორთქლის ქვაბი მიუხედავად ორთქმწარმოებლურობისა, აგრეთვე ყველა წყალსათბობი ქვაბი უნდა აღიჭურვონ ქვაბამდე წყლის დასამუშავებელი დანადგარებით. დასაშვებია აგრეთვე აღნიშნული მოთხოვნათა შესრულების უზრუნველმყოფი წყლის დამუშავების სხვა ეფექტური საშუალებების გამოყენება.

3. ქვაბამდე წყლის დასამუშავებელ მოწყობილობებით აღჭურვილი ქვაბების ხისტი წყლით კვება დაუშვებელია.

4. ორთქლისა და წყალსათბობი ქვაბებისათვის უნდა დამუშავდეს ინსტრუქციები და სარეჟიმო რუკები წყალ-ქიმიური რეჟიმის საწარმოებლად რეგლამენტის, დამამზადებელის ინსტრუქციების გათვალისწინებით. ქვაბის მკვებავი წყლის დასამუშავებელი დანადგარის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს დამამზადებელის მიერ შემუშავებული ინსტრუქციის შესაბამისად.

მუხლი 31. მოთხოვნები მკვებავი წყლის ხარისხისადმი

1. მკვებავი წყლის ხარისხის მაჩვენებლები დადგენილი უნდა იყოს  ქვაბის დამამზადებლის მიერ და ასახული უნდა იყოს მის თანმხლებ ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

2. ქვაბის მომხმარებელი ვალდებულია ქვაბის ექსპლუატაციის დროს დაიცვას დოკუმენტაციით განსაზღვრული მკვებავი წყლის ხარისხის მაჩვენებლები.

მუხლი 32. მოთხოვნები ქვაბის წყლის ხარისხისადმი

1. ქვაბის წყლის ხარისხის ნორმები, მისი კორექციული დამუშავების აუცილებელი რეჟიმი, უწყვეტი და პერიოდული გაქრევის რეჟიმები  დაცული უნდა იყოს ქვაბის დამამზადებელის წყალ-ქიმიური რეჟიმის ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ქვაბების წყლის ფარდობითი ტუტიანობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვაბის დოლების, მილებისა და ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობების ლითონის მახასიათებლების შენარჩუნებას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

თავი VII. უსაფრთხო ექსპლუატაცია და რემონტი

მუხლი 33. უსაფრთხო ექსპლუატაციის ორგანიზაცია

1.  პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ქვაბებს, ვალდებულია:

ა) დანიშნოს ქვაბების გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი;

 ბ) უზრუნველყოს ქვაბის ექსპლუატაცია შესაბამისი კვალიფიკაციის  მომსახურე პერსონალით.

გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქვაბების მომსახურე პერსონალის სამუშაოთა (უსაფრთხოდ წარმოების) ინსტრუქცია;

დ) ინსტრუქციები უნდა იყოს სამუშაო ადგილებზე და მომსახურე პერსონალისათვის ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს;

ე) ორგანიზაცია გაუწიოს და ჩაატაროს საწარმოო კონტროლი ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბების ექსპლუატაციის დროს;

ვ) უზრუნველყოს ქვაბების ექსპლუატაციაზე საჭირო ხელსაწყოების და კონტროლის სისტემების არსებობა და ფუნქციონირება;

ზ) უზრუნველყოს ქვაბების ტექნიკური შემოწმების  ჩატარება;

თ) შეატყობინოს სათანადო  ორგანოებს, ქვაბების ექსპლუატაციის დროს მომხდარი ავარიის შესახებ.

2. ქვაბის გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ვალდებულია:

ა) რეგულარულად დაათვალიეროს სამუშაო მდგომარეობაში მყოფი ქვაბი;

ბ) ჩაატაროს ქვაბის ტექნიკური შემოწმება.

3.  ექსპლუატაციაში მყოფი ქვაბის ელექტრული მოწყობილობები და მისი დამიწება უნდა შეესაბამებოდნენ ელექტროდანადგარების მიმართ დადგენილ  უსაფრთხოების მოთხოვნებს.

მუხლი 34. ქვაბის ავარიული გაჩერება

1. ქვაბი უნდა გაჩერდეს და გამოირთოს დაცვის ამოქმედებით ან პერსონალის მიერ ექსპლუატაციის ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ:

ა) დამცველი სარქველის დაზიანებისას;

ბ) ქვაბის დოლში წნევის დასაშვებზე მაღლა 10%-ით აწევისას;

გ) წყლის დონის დაწევისას ქვედა დასაშვებ დონეზე დაბლა;

დ) წყლის დონის აწევისას ზედა დასაშვებ დონეზე მაღლა;

ე) ყველა მკვებავი ტუმბოების მოქმედების შეწყვეტისას;

ვ) პირდაპირი მოქმედების წყლის დონის ყველა მაჩვენებლის მწყობრიდან გამოსვლისას;

ზ) თუ ქვაბის ძირითადი ელემენტების (დოლი, კოლექტორი, კამერა, ორთქლწყალგადასაშვები და წყალჩამშვები მილები, ორთქლის და მკვებავი მილსადენები, საცეცხლე მილი, ჩირაღდნის კოლოფი, საცეცხლის გარსაცმი, მილოვანი ცხაურა, გარე სეპარატორი, არმატურა) შენადუღ ნაკერებში აღმოჩენილი იქნება ნაპრალები, ამონაბურცები, გამოტოვებები, ასევე ანკერული ჭანჭიკის ან კავშირის წყვეტა;

თ) სათბობის კამერული წვის დროს საცეცხლეში ჩირაღდნის ჩაქრობისას;

ი) წყალსათბობი ქვაბის ტრაქტში წყლის წნევის დასაშვებზე დაბლა დაწევისას;

კ) უსაფრთხოების ავტომატიკის ან ავარიული სიგნალიზაციის გაუმართაობისას, ამ მოწყობილობებზე ძაბვის  მოხსნის ჩათვლით;

ლ) საქვაბეში ხანძრის გაჩენისას.

2. ქვაბის ავარიული გაჩერების წესი მითითებული უნდა იყოს  ექსპლუატაციის ინსტრუქციაში. ქვაბის ავარიული გაჩერების მიზეზები უნდა აისახოს ცვლის ჟურნალში.

მუხლი 35. რემონტის ორგანიზაცია

1. ქვაბის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ქვაბის რემონტი ტექნიკური დოკუმენტაციით და დათვალიერებით გამოვლენილი ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. რემონტი უნდა სრულდებოდეს დამზადებისთვის გათვალისწინებული სტანდარტის მიხედვით შემუშავებული ტექნიკური პირობების და ტექნოლოგიის შესაბამისად.  

თავი VIII. რეგისტრაცია, ტექნიკური შემოწმება

მუხლი 36. რეგისტრაცია

ქვაბი ექსპლუატაციაში გაშვების წინ უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი”-ს შესაბამისად.

მუხლი 37. ტექნიკური შემოწმება

1. ქვაბი ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას პერიოდულად ექსპლუატაციის პროცესში და რიგგარეშე ავარიის შემთხვევაში. ორთქლის გადამხურებლების და ეკონომაიზერების ტექნიკური შემოწმება, რომლებიც ქვაბთან ერთად წარმოადგენენ ერთ აგრეგატს, ხორციელდება ქვაბთან ერთად.

2. ქვაბის ტექნიკური შემოწმება მოიცავს შიგა და გარე დათვალიერებას და ჰიდრავლიკურ გამოცდას. ტექნიკური შემოწმების დროს დასაშვებია ურღვევი კონტროლის მეთოდების, მათ შორის აკუსტიკური ემისიის მეთოდის გამოყენება. გამოსაცდელი ჰიდრავლიკური წნევის მნიშვნელობა მიიღება რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარებისას დაცული უნდა იყოს მე-15 მუხლის მოთხოვნები. ქვაბის ჰიდრავლიკური გამოცდა უნდა ჩატარდეს მასზე დაყენებულ არმატურასთან ერთად.

3. ახლად დადგმული ქვაბის პირველადი ტექნიკური შემოწმება უნდა განხორციელდეს მისი დამონტაჟებისა და რეგისტრაციის შემდეგ. ქვაბი, რომლებიც ექვემდებარება ამოკირვას, შეიძლება შემოწმდეს ამოკირვამდე. თბოელექტროსადგურებში დასამონტაჟებელი ენერგეტიკული და წყალგამაცხელებელი ქვაბები შეიძლება ამოიკიროს ტექნიკურ შემოწმებაზე წარდგენამდე იმ პირობით, რომ ყველა სამონტაჟო ბლოკი დეტალურად იქნება დათვალიერებული მათზე ამოკირვის გაკეთებამდე. დათვალიერების დროს უნდა შემოწმდეს დეტალებისა და ასაკრეფი ერთეულების ურთიერთგანლაგების სიზუსტე, შეპირაპირებული მილების ნაწიბურთა წანაცვლება, თანაღერძულობის ტეხილი, შენადუღი შეერთებების კონსტრუქციული ელემენტები, ქვაბის ელემენტებზე საქარხნო მარკირების არსებობა და მისი შესაბამისობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ასევე უნდა შემოწმდეს, რომ დეტალები და ასაწყობი ელემენტები არ დაზიანებულა ტრანსპორტირების დროს.

4. ქვაბი, რომელსაც შიგა დათვალიერება და ჰიდრავლიკური გამოცდა ჩაუტარდა დამამზადებელ საწარმოში და დაყენების ადგილზე მიტანილი იქნა აწყობილ მდგომარეობაში, პირველად ტექნიკურ შემოწმებას ექვემდებარება დაყენების ადგილზე.

5. ქვაბის გარე და შიგა დათვალიერებისათვის მიუდგომელი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება უნდა ჩატარდეს დამამზადებელის მონტაჟისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონტროლის მოცულობა, მეთოდები და პერიოდულობა.

6. ტექნიკური შემოწმება ტარდება შემდეგ ვადებში:

ა) გარე და შიგა დათვალიერებები – არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ;

ბ) ჰიდრავლიკური გამოცდა – არანაკლებ 8 წელიწადში ერთხელ, თუ წარმოების პირობების მიხედვით შეუძლებელია ქვაბის  შემოწმება დანიშნულ დროს, მფლობელი ვალდებულია  შემოწმება ჩაატაროს ვადაზე ადრე.

7. მფლობელი ვალდებულია დამოუკიდებლად ჩაატაროს გარე და შიგა დათვალიერება შიგა ზედაპირების ყოველი გაწმენდის ან ელემენტების რემონტის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 12 თვისა, აგრეთვე ქვაბის ტექნიკურ შემოწმების ჩატარებამდე. ამასთანავე გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ვალდებულია უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა ქვაბის შესამოწმებლად წარდგენამდე. თბოელექტროსადგურებზე ქვაბის შიგა დათვალიერება დასაშვებია მათი კაპიტალური რემონტის პერიოდში, მაგრამ არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ.

8.  ქვაბის რიგგარეშე შემოწმება უნდა ჩატარდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ქვაბი უმოქმედოდ იმყოფება 12 თვეზე მეტ ხანს;

ბ) თუ ქვაბი იყო დემონტირებული და დაყენებული ახალ ადგილზე;

გ) თუ ჩატარდა ამონაბურცის და შენაჭყლეტის გასწორება, აგრეთვე შედუღების გამოყენებით ქვაბის ძირითადი ელემენტების რემონტი (დოლის, კოლექტორის, საცეცხლე მილის, მილოვანი ცხაურის, მილსადენების ქვაბის საზღვრებში, ორთქლსაშრობის, სატალახეს, საჩირაღდნე კამერის);

დ) თუ შეიცვალა ნებისმიერი კედლის ანკერული ბმის 15%-ზე მეტი;

ე) დოლის, ეკრანის კოლექტორის, ორთქლის გადამეტსახურებლის, ორთქლგამაციებლის ან ეკონომაიზერის შეცვლის შემდეგ; 

ვ) თუ ერთდროულად შეცვლილია ეკრანული და მადუღარა ან კვამლსაწვავი მილების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი ან ორთქლის გადამხურებლის და ეკონომაიზერის მილების 100%;

ზ) თუ ასეთი შემოწმება აუცილებელია ქვაბის გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებით.

9. თუ ქვაბის შემოწმების დროს აღმოჩნდება ზედაპირული ნაპრალები ან არასიმჭიდროვე (დენა, დაორთქვლის კვალი, მარილის შენაზარდი) ვალცვის ან სამოქლონო ნაკერების ადგილებში, მაშინ თეგვით, მიდუღებით, ვალცვით მათი აღმოფხვრის წინ უნდა ჩატარდეს დეფექტური შეერთებების გამოკვლევა კრისტალთშორისი კოროზიის არარსებობაზე. კრისტალთშორისი კოროზიით დაზიანებული უბნები უნდა მოცილდნენ.

10. ქვაბის სამუშაო რესურსის ამოწურვისას, მისი შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობა დგინდება ქვაბის ტექნიკური დიაგნოსტიკური დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 38. გამშვება-გამართვის სამუშაოები

  გამშვებ-გასამართი სამუშაოების დროს ქვაბის მუდმივ ექსპლუატაციაში გაშვების წინ საჭიროა:

ა) გაისინჯოს ყველა მოწყობილობა, მათ შორის სარეზერვო;

ბ) შემოწმდეს საზომი ხელსაწყოები;

გ) აეწყოს ქვაბის ავტომატური რეგულირების სისტემები, თუ საჭიროა დინამიური გამოცდების ჩატარებით;

დ) გაიმართოს მართვის, ბლოკირების და სიგნალიზაციის სისტემები;

ე) დარეგულირდეს მცველი სარქველები;

ვ) აეწყოს წვის რეჟიმი;

ზ) გაიმართოს ქვაბის წყალ-ქიმიური რეჟიმი.

მუხლი 39. ახლად დამონტაჟებული  ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვება

1. ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვება ხორციელდება ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ გამშვებ – გასამართი სამუშაოების ჩატარების, პირველადი ტექნიკური შემოწმებისა  და მისი ორთქლით მოსინჯვის შემდეგ დადებითი შედეგების შეთხვევაში.

2. ექსპლუატაციაში შეყვანილ თითოეულ ქვაბზე, თვალსაჩინო ადგილას დატანილი უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

ა) საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) სამუშაო წნევა;

გ) შემდგომი შიგა დათვალიერებისა და ჰიდრავლიკური გამოცდის თარიღი.

თავი IX. მოთხოვნები მაღალტემპერატურული ორგანული თბომატარებლებით მომუშავე ქვაბებისათვის

მუხლი 40. ზოგადი მოთხოვნები

ტექნიკური მოთხოვნები მაღალტემპერატურული ორგანული თბომატარებლებით მომუშავე ქვაბებისათვის განსაზღვრული და ასახული უნდა იყოს დამამზადებლის მიერ შედგენილ ქვაბის ტექნიკურ დოკუმენტაციაში  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი X. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

მუხლი 41. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებში, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-11 მუხლის პირველ პუნქტში  და  მე-3 პუნქტის ”ბ”  და ”გ” ქვეპუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ პუნქტში, მე-13 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ პუნქტში; მე-15 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებში, მე-16 მუხლის პირველ პუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში; მე-18 მუხლის მე-3, მე-9,  მე-11, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16  პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველი, მე-2  და მე-3 პუნქტებში, მე-20 მუხლის პირველი პუნქტში და მე-5 პუნქტის ”ა”  და ”ბ” ქვეპუნქტებში,  21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებში,  22-ე მუხლის  მე-3 პუნქტში,  24-ე მუხლის  მე-3 პუნქტში,  25-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებში, 26-ე მუხლის პირველ  პუნქტში,  27-ე მუხლის მე-3 პუნქტში,  28-ე  მუხლის პირველ  პუნქტში,  29-ე  მუხლის პირველ  პუნქტში,  31-ე  მუხლის მე-2  პუნქტში,  33-ე  მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ზ”  ქვეპუნქტებში, მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტში და მე-3   პუნქტში,  37-ე მუხლის  პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-6 პუნქტის  ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებში და მე-9 პუნქტში,  39-ე მუხლის  მე-2  პუნქტის ”გ” ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის მე-4 მუხლში; მე-5 მუხლის პირველ პუნქტში, მე-17 მუხლის პირველი  პუნქტის ”დ”  და   ”ე” ” ქვეპუნქტებში, 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ”დ”, ”ე”, ”ვ”, ”თ”, ”ი” და  ”კ”  ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 

      მუხლი 42. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-10 და მე-12  პუნქტებში,  მე-20 მუხლის მე-4  პუნქტში და მე-5 პუნქტის ”გ”  და ”დ” ქვეპუნქტებში,  23-ე მუხლის პირველი, მე-2 ,  მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტის ”ა”, ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებში, მე-7 და მე-8 პუნქტებში, 37-ე მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტში,  მე-15 მუხლის მე-6 პუნქტში,  მე-17 მუხლის პირველი  პუნქტის ”ა”, ”ბ”, ”გ”  და   ”ვ” ” ქვეპუნქტებში,  34-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა”, ”ბ”, ”გ”, ”ზ” და  ”ლ”  ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 მუხლი 43. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა                

რეგლამენტის 41-ე და 42-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.