„ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

„ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017631
419
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017631
„ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №419

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის, 103-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „ნორმა­ტი­ული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ატრაქციო­ნების უსაფრთ­ხოე­ბის შესახებ“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1–1/753 ბრძანება „ატრაქციონების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ

 

კარი I

ზოგადი წესები

თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი ატრაქციონების უსაფრთხოების შესახებ (შემდგომში –  რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც აპროექტებენ, ამზადებენ, აშენებენ, ამონტაჟებენ და ექსპლუატაციას უწევენ ატრაქციონებს.

 2. რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება ატრაქციონებზე, რომელთაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს სანახაობრივ – გასართობად განკუთვნილ დროებით ან მუდმივად დამონტაჟებულ 0,3 მ/წმ და მეტი სიჩქარის უწყვეტად მოძრავი (როდესაც მოძრავ გონდოლაში ჩასხდომისათვის საჭიროა მგზავრის თანმხვედრი მოძრაობა) ან 1,5 მ/წმ და მეტი სიჩქარის მქონე ელექტრომექანიკურ მოწყობილობას ან/და კონსტრუქციას ადამიანთა გადასაადგილებლად, რომელსაც გააჩნია 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან 3,5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმიანი ან/და კონსოლიანი რთული საინჟინრო სივრცითი ნაგებობა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1. ატრაქციონი – მოწყობილობა ან მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც გადაადგილდება ან ადამიანებს გადაადგილებს გართობის მიზნით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

2. მოძრავი ატრაქციონი – მოწყობილობა, რომლის მეშვეობით ადამიანები საკუთარი ან გარეშე ძალის გამოყენებით გადაადგილდებიან კონსტრუქციის პროექტით გათვალიწინებულ ტრასებზე/საზღვრებში.

3. საგორავი მთები – ატრაქციონი, რომელსაც სამგზავრო მოდულის (ჩასაჯდომი ადგილის) სამოძრაოდ გააჩნია  კონსტრუქტრუქციის პროექტით გათვალისწინებული 3 განზომილებიანი რთული ტრასა.

4. სამგზავრო მოდული – ატრაქციონით გადაადგილებისას ადამიანთა განსათავსებელი მოწყობილობა.

5. სპეციალიზებული ორგანიზაცია – პირი, რომელიც ახორციელებს ატრაქციონების დაპროექტებას, კონსტრუირებას, დამზადებას, მონტაჟს და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციის ტექნიკური პერსონალი და სათანადო აღჭურვილობა (სადიაგნოსტიკო, გამზომი და სხვა მოწყობილობა).

6. ატრაქციონის ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ატრაქციონის ძირითადი ტექნიკური მონაცემები და მახასიათებლები (სიჩქარე, სიმძლავრე, მართვის ხერხები, გაბარიტები, კონსტრუქციების სიმტკიცის და მდგრადობის მაჩვენებლები), უსაფრთხოების ხელსაწყოების და მოწყობილობის ნუსხა.

7. კარუსელი – წრეზე მბრუნავი ატრაქციონი, რომელსაც გააჩნია კონსულური ტიპის კონსტრუქციაზე დაკიდული ან მბრუნავ ბაქანზე განთავსებული დასაჯდომები.

8. კრონშტეინი – კონსოლური საყრდენი დეტალი, რომელიც განკუთვნილია ვერტიკალურ სიბრტყეზე მისამაგრებლად.

9. პანორამული კოშკი – ვერტიკალურ მზიდ ლითონკონსტრუქციაზე (სვეტზე) მოძრავი გონდოლის მქონე ატრაქციონი.

10. საყირაო ატრაქციონი – ატრაქციონი, რომლის გონდოლას უწევს ღერძის გარშემო ვერტიკალური სიბრტეში  3600-ით ბრუნვა.

11. სტანდარტი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი.

 

თავი II. პერსონალი

მუხლი 3. პასუხისმგებელი პირი

1.  საწარმოს ტექნიკურ მდგომარეობაზე/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირად ითვლება პირი, რომელიც უზრუნველყოფს ატრაქციონების გამართულ მდგომარეობას და უსაფრთხო ექსპლუატაციას სათანადო მომსახურების, ტექნიკური შემოწმების გზით.

2. საწარმოს ტექნიკურ მდგომარეობაზე/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს  ევალება საწარმოს გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის მიზნით:

ა) განსაზღვროს ატრაქციონების და მისი ცალკეული ელემენტების პერიოდული დათვალიერების, ტექნიკური მომსახურების და რემონტის თანამიმდევრობა;

ბ) უზრუნველყოს თანამდებობრივი ინსტრუქციის შემუშავება პასუხისმგებელი პირისათვის, საწარმოო ინსტრუქციის – მომსახურე პერსონალისათვის, ასევე უზრუნველყოს კონტროლი მათ შესრულებაზე.

3. ატრაქციონის გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის ან შესაბამისი სამსახურის განსაზღვრა ევალება საწარმოს ხელმძღვანელს.

მუხლი 4. მომსახურე პერსონალი

1. სამუშაოზე დამოუკიდებლად დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს საწარმოო ინსტრუქციისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნის შემოწმება მათი საქმიანობის შესაბამისად.

2.  სამუშაოზე დაიშვებიან პირები, რომლებმაც:

ა)  იციან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;

გ) ფლობენ ხანძრის შემთხვევაში საჭირო პირველადი სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხერხებს;

დ) ატრაქციონზე მუშაობის დაწყებამდე გავლილი აქვთ ინსტრუქტაჟი ტექნიკური უსაფრთხოების შესახებ. ინსტრუქტაჟის პერიოდულობა განისაზღვრება ექსპლუატაციის გამწევი პირის მიერ.

3. მომსახურე პერსონალის მიერ ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს მუშაობის დაწყებამდე ატრაქციონის ტექნიკური გამართულობა, ხოლო საკვანძო მაერთებელი ადგილები, მოძრავი და სხვა მნიშვნელოვანი ნაწილები, ბაგირები (ჯაჭვები), მუხრუჭები და სხვა მცველი მოწყობილობა უნდა გაკონტროლდეს მუდმივად მუშაობის პროცესშიც. გამოვლენილი დაზიანებები უნდა აღმოიფხვრას მყისიერად. აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში შეჩერებული უნდა იქნას ატრაქციონის ექსპლუატაცია.

 

კარი II

ატრაქციონების კონსტრუირება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება

 

თავი III. კონსტრუირება

მუხლი 5. კონსტრუქციები

1. ატრაქციონის და მისი კვანძების (ელემენტების) კონსტრუქცია უნდა იყოს უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი   მისი ვარგისიანობისთვის დადგენილი ვადის (სამუშაო რესურსის) პერიოდში, აგრეთვე უნდა იძლეოდეს მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური შემოწმების, რემონტის ჩატარების და საექსპლუატაციო კონტროლის შესაძლებლობას.

2. ლითონკონსტრუქციები და კვანძები დაცული უნდა იყოს კოროზიისაგან.

3. ატრაქციონის კონსტრუქცია დაცული უნდა იყოს მასში  წყლის დაგროვებისგან.

4. ნაგებობები (კონსტრუქციები), რომლებიც გათვალისწინებულია მოძრავი ატრაქციონის დასამონტაჟებლად, უნდა უძლებდეს დატვირთვებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ატრაქციონის ექსპლუატაციისა და გამოცდის დროს.

5. კონსტრუქცია და მოწყობილობა, რომელიც საჭიროებს პერიოდულ ზედამხედველობას, აღჭურვილი უნდა იყოს კიბეებითა და შემოღობილი ბაქნებით.

6. ჰიდრავლიკური სისტემის არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ისეთი კონსტრუქცია, რომ ავარიულ სიტუაციებში (წნევის დაცემა, მილსადენების რღვევა, შეერთებათა ჰერმეტულობის დარღვევა, ძრავის გაჩერება და სხვ.) გამორიცხული იყოს ატრაქციონის თვითნებური დაშვება, აგრეთვე ჰიდროამძრავი ელემენტების დაზიანება ლითონკონსტრუქციის ელემენტებთან შეხებისას.

7. ჭანჭიკები, ქანჩები, სოლები და სხვა სამაგრი დეტალები, რომლებზეც ზემოქმედებას ახდენს ვიბრაცია, დაცული უნდა იქნეს თვითამოხრახნისა და სოლის თვითნებურად ამოვარდნისგან.

8. უძრავი ღერძები, რომლებიც გამოიყენება ატრაქციონის ცალკეული ნაწილების საყრდენებად, საიმედოდ უნდა იქნეს დამაგრებული მათი შესაძლო გადაადგილების გამოსარიცხად.

9. სამგზავრო მოდულის კონსტრუქცია ატრაქციონის მუშა ციკლის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის საიმედო და უსაფრთხო განთავსებას.

10. ურიკები აღჭურვილი უნდა იყოს თვლების რელსებიდან აცდენისა და მოწყვეტისგან დამცავი მოწყობილობით.

მუხლი 6. მასალები

1. ატრაქციონის დასამზადებლად მასალა უნდა შეირჩეს ელემენტების დატვირთვის ხარისხის და გარემოს ტემპერატურის ზღვრული მნიშვნელობების გათვალისწინებით მათი მუშა და არამუშა მდგომარეობისთვის. მონაცემები გამოყენებული მასალის მარკისა და ტემპერატურის ზღვრული მნიშვნელობების, აგრეთვე ელემენტების დატვირთვის შესახებ ასახული უნდა იყოს ატრაქციონის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

2. ატრაქციონისა და მასში გამოყენებული დეკორაციების დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს ძნელადაალებადი მასალები სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ლითონკონსტრუქციების შედუღებისთვის გამოყენებულ შესადუღებელ მასალებს უნდა ჰქონდეს ლითონის ნაკერის და შედუღებული შეერთების ისეთი მექანიკური თვისებები (სიმტკიცის და დენადობის ზღვარი, ფარდობითი წაგრძელება და დარტყმითი სიბლანტე), რომლებიც არაა კონსტრუქციის ძირითადი ლითონის აღნიშნული თვისებების ქვედა ზღვრულ მაჩვენებლებზე ნაკლები.

4. ერთ შეერთებაში სხვადასხვა მარკის ლითონის გამოყენების შემთხვევაში, შედუღებული ლითონის მექანიკური თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათ შორის უდიდესი სიმტკიცის ზღვარის მქონე ლითონის თვისებებს.

მუხლი 7. მექანიზმები

1. ატრაქციონის მექანიზმების ჩამრთველი და გამომრთველი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს მექანიზმების თვითნებური ჩართვის ან გამორთვისგან დამცავი საშუალებით.

2. მართვის აპარატებზე მითითებული უნდა იყოს მოძრაობათა მიმართულების პირობითი აღნიშვნები ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში.

3. ატრაქციონის ნაწილების შეუთავსებელი მოძრაობებისგან დასაცავად მართვის ორგანოები აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირების საშუალებებით. მექანიზმების რევერსული ამუშავების ღილაკები აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირების საშუალებებით, რომლებიც დაიცავს მოწყობილობას  რევერსული წრედების ერთდროულად ჩართვისგან.

4. ატრაქციონის მექანიზმები უნდა იძლეოდნენ, ატრაქციონის ძრავას დაზიანების ან ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში, სამგზავრო მოდულის ევაკუაციის  ადგილამდე მიყვანის შესაძლებლობას.

5. ატრაქციონის ყველა მბრუნავი ნაწილი უნდა იყოს შემოღობილი ან გააჩნდეს დამცავი გარსაცმი, ადამინების შემთხვევითი შეხებისას ტრავმირების თავიდან ასაცილებლად.

6. ლიანდაგებზე მოძრავი სამგზავრო მოდულების თვლები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

7. ატრაქციონების ელექტრომოწყობილობა უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მომსახურე პერსონალის და გარეშე პირების უსაფრთხოება და აკმაყოფილებდეს ელ. უსაფრთხოების შესაბამის ნორმებს/სტანდარტებს.

8. ატრაქციონისთვის განკუთვნილი სადენები და დენმიმღებები მიუწვდომელი უნდა იყოს შემთხვევითი შეხებისათვის ატრაქციონის ჩასაჯდომი ადგილებიდან, ბაქნებიდან და ისეთი ადგილებიდან, სადაც შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები.

9. ატრაქციონის მოწყობილობა, რომელსაც პერიოდულად ესაჭიროება ტექნიკური მომსახურება, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომსახურე პერსონალისთვის. მოწყობილობის მომსახურების ზონებს უნდა გააჩნდეს ტექნიკური გამართვის, რემონტის, დიაგნოსტიკის და გამოცდის სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საჭირო ზომები.

10. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ატრაქციონის ავტომატური გაჩერება შემდეგ შემთხვევებში:

ა) დენის შეწყვეტისას;

ბ) მოკლე ჩართვის შერთვის შემთხვევაში;

გ) ძრავას გადატვირთვისას.

11. ატრაქციონის არმატურა, ცილინდრი, დგუში, სიგნალიზაცია და სხვა მექანიზმების მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

12. ატრაქციონები, რომლებიც დისტანციურად იმართებიან კაბინიდან (პულტიდან), აღჭურვილი უნდა იყვნენ ხმოვანი სიგნალიზაციით  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 8. ბაგირები, ჯაჭვები

1. ატრაქციონებში გამოყენებული ბაგირები უნდა იყოს მთლიანი (გადაბმების გარეშე) და აკმაყოფილებდეს ატრაქციონის ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და სტანდარტის მოთხოვნებს.

2. ატრაქციონებზე ბაგირები და ჯაჭვები ისეთი სახით უნდა განლაგდეს და დამაგრდეს, რომ გამორიცხული იყოს ბაგირების დოლებიდან ან ბლოკებიდან, ხოლო ჯაჭვების – ვარსკვლავადან, ამოვარდნა და ლითონკონსტრუქციის ელემენტებთან შეხების შედეგად გადახეხვის შესაძლებლობა.

3. ატრაქციონში გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ შედუღებულ რგოლებიანი ჯაჭვები.

მუხლი 9. შედუღება

1. ლითონკონსტრუქციის ელემენტების შედუღება უნდა განახორციელონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებმა.

2. ლითონის მასალებისა და ნახევარფაბრიკატების ჭრა უნდა წარმოებდეს ბზარების გაჩენის ან ნაწიბურებზე და თერმული გავლენის ზონაში ლითონის ხარისხის გაუარესების  გარეშე.

3. საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას დაცული  უნდა იქნას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები.

4. ატრაქციონების დამზადების, რეკონსტრუქციის, რემონტის და მონტაჟის დროს შესრულებული შენადუღი შეერთების ხარისხის კონტროლი უნდა განხორციელდეს გარე დათვალიერებით, გაზომვით და არამრღვევი კონტროლის ერთ-ერთი მეთოდით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სამუშაოების შესრულების ტექნიკურ პირობებში.

5. კონტროლის დროს შენადუღი ნაკერის დეფექტური უბნების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი მოცილება და გადადუღება.

 

თავი IV. მონტაჟი

მუხლი 10. საევაკუაციო გასასვლელები

1. ატრაქციონების ნაგებობებსა და კონსტრუქციებს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ორი საევაკუაციო გასასვლელი, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტის  მოთხოვნებს.

2. საევაკუაციო გასასვლელები ატრაქციონის მუშაობისას უნდა იყოს თავისუფალი და მათი გამოყენების შემთხვევაში  განათებული.

მუხლი 11. აივნები,  გალერეები, რამპები და კიბეები

1. აივნები,  გალერეები და მსგავსი კონსტრუქციები, რომელთაგან ვარდნის სიმაღლე 20 სმ-ს აღემატება, მყარად უნდა იყოს შემოღობილი და აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

2. ადამიანების ასასვლელ-ჩამოსასვლელ ადგილზე რამპის მახასიათებლები და განლაგების წესი განისაზღვრება  სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად.

3. კიბეების დამონტაჟების წესი და მახასიათებლები განისაზღვრება სტანდარტის მიხედვით.

მუხლი 12. განათება და გათბობა

1. ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ავარიული განათების ჩართვა.

2. პროჟექტორები ისეთი მანძილით უნდა იყოს დაშორებული აალებად მასალებს, რომ მათ ცეცხლი არ წაეკიდოთ. პროჟექტორების განთავსების წესი განისაზღვრება  სტანდარტით.             

3. ელექტროგამათბობელი მყარად უნდა იყოს დამონტაჟებული, ჰქონდეს უსაფრთხო გაყვანილობა და აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

მუხლი 13. ცეცხლსაქრობები

1. ცეცხლსაქრობი საშუალებები უნდა ინახებოდეს ადვილად შესამჩნევ და მისადგომ ადგილას, გამოყენებისთვის მუდმივად მზა მდგომარეობაში.

2. ცეცხლსაქრობი საშუალებების სახეობა, რაოდენობა და მათი შენახვის ადგილი განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 14. თავშეყრის ადგილები

1. ხალხის თავშეყრის ადგილებში თავისუფალი სივრცის სიმაღლე განისაზღვრება სტანდარტით.

 

თავი V. ექსპლუატაციაში გაშვება და ტექნიკური შემოწმება

მუხლი 15. ექსპლუატაციაში გაშვება  და რეგისტრაცია

1. ატრაქციონის ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს მისი ტექნიკური შემოწმების შემდეგ.

2. ატრაქციონები ექსპლუატაციაში გაშვებამდე, უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის“ შესაბამისად.

3. ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის არმქონე ატრაქციონების ექსპლუატაცია შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი  ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელთა შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს:

 ა) ატრაქციონის ან მისი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და მდგრადობის გაანგარიშებაზე დამყარებული დადებითი დასკვნა;

 ბ) ლითონკონსტრუქციის მასალის ქიმიური ანალიზის და მექანიკური თვისებების შესახებ დადებითი დასკვნა;

 გ) ლითონკონსტრუქციის მდგრადობის და შენადუღ შეერთებათა ხარისხის დამადასტურებელი  დადებითი დასკვნა.

4. ატრაქციონებს  ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად თან უნდა ახლდეს დამამზადებლის შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც უნდა მოი­ცავ­დეს შემდეგ ინფორმაციას:

ა)  დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) ატრაქციონის ტიპს და სერიულ ნომერს;

გ)  დამონტაჟების წელს;

დ) ყველა შესაბამის მოთხოვნას, რომლებსაც შეესაბამება ატრაქციონი;

ე)  მითითებას შესაბამისობის სერტიფიკატ­ზე;

ვ)  დამამზადებლის ხელმომწერი პირის მონაცემებს.

5. საექსპლუატაციო დოკუმენტები (საექსპლუატაციო და სამონტაჟო ინსტრუქციები), რომლებიც თან ახლავს ატრაქციონს, შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო  ენაზე.

6. ატრაქციონის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს რეგლამენტის,  სტანდარტის და ატრაქციონის თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

მუხლი 16. ზოგადი მოთხოვნები ტექნიკური შემოწმების მიმართ

1. ატრაქციონმა ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა გაიაროს ტექნიკური შემოწმება. ტექნიკური შემოწმება ტარდება ატრაქციონის საექსპლუატაციო ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ატრაქციონმა მუშაობის ვადის განმავლობაში უნდა გაიაროს პერიოდული ტექნიკური შემოწმება არანაკლებ 12 თვეში ერთხელ.

3. ატრაქციონის რიგგარეშე ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ახალ ადგილზე დამონტაჟების შემდეგ;

ბ) რეკონსტრუქციის შემდეგ;

გ) მზიდი ლითონკონსტრუქციის შედუღების გამოყენებით რემონტის შემდეგ;

დ) სატვირთო ჯალამბრის კაპიტალური რემონტის ან შეცვლის შემდეგ;

ე) ბაგირების შეცვლის შემდეგ.

4. ატრაქციონის სტატიკური და დინამიკური გამოცდა უნდა ჩატარდეს საექსპლუატაციო ინსტრუქციით გათვალისწინებული მოცულობით.

5. ატრაქციონების საექსპლუატაციო ინსტრუქციაში გამოცდის ჩატარების მეთოდიკის არარსებობის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს სტანდარტის  მოთხოვნები.

6. ატრაქციონები, რომელთაც ამოეწურათ სამუშაო რესურსი ან მუშაობის ვადა, უნდა გაიარონ ტექნიკური დიაგნოსტირება აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მათი  ტექნიკური მდგომარეობისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის ვადის  დასადგენად.

 

კარი III

 ატრაქციონების ექსპლუატაცია

 

თავი VI. მოძრავი ატრაქციონები

მუხლი 17. საერთო მოთხოვნები მოძრავი ატრაქციონების მიმართ

1. მოძრავი ატრაქციონების მოძრავი და გამოწეული ნაწილების სხვა საგნებისგან დაშორება და მოძრაობის ტრაექტორია უნდა იყოს სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად.

2. სამგზავრო მოდულები აღჭურვილი უნდა იყოს მყარად დამონტაჟებული სკამებით, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ჩამკეტი მოწყობილობებით და ფეხების საყრდენებით.

3. ატრაქციონების მოძრავი ნაწილები აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების (მცველი) მოწყობილობით. უსაფრთხოების რომელიმე მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ავტომატურად უნდა ამუშავდეს უსაფრთხოების სხვა, პირველისგან დამოუკიდებელი, მისი ტოლფასი დამატებითი მოწყობილობა.

4. სამგზავრო მოდულებში შესასვლელი უნდა იკეტებოდეს და აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

5. სამგზავრო მოდულის შემთხვევითი გაჩერებისას (მაგ. ელექტროენერგიის  მიწოდების შეწყვეტის მიზეზით) უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი უსაფრთხო ადგილზე მიყვანისა და გაჩერების შესაძლებლობა.

6. ადამიანთა უსაფრთხოების ღვედები, რკალები, მისაბმელი ქამრები, აგრეთვე სამგზავრო მოდულის კარები და ჩამკეტი ჯაჭვები მომსახურე პერსონალის მიერ მგზავრთა ყოველი ჩასხდომისას უნდა ჩაიკეტოს და შემოწმდეს.

7. ელექტროაგრეგატები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მართვის რაიმე არასწორმა ოპერაციამ არ გამოიწვიოს მათი დაზიანება ან ადამიანთა დაშავება, ასევე შესაძლებელი იყოს ელექტროაგრეგატების საწყის მდგომარეობაში მოყვანა.

8. მოძრავი ატრაქციონის ბაქანზე დაუშვებელია ატრაქციონის ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული  ადამიანების რაოდენობაზე მეტის  შესვლა.

9. მოძრავი ნაწილები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩაირთოს, რაც მომსახურე პერსონალი დარწმუნდება, რომ ყველა ადამიანს  დაკავებული აქვს ადგილი, უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა დაცულია და ბაქანი თავისუფალია.

10. სამგზავრო მოდულის დაძვრა, დამუხრუჭება და მოძრაობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

11. ატრაქციონებზე ბავშვების ასაკობრივი და ადამიანების რაოდენობრივი შეზღუდვები, ასევე საგნების შეტანის და ცხოველების შეყვანის შესაძლებლობა უნდა შეესაბამებოდეს ატრაქციონის ექსპლუატაციის ინსტრუქციითა და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 18. საგორავი მთები

1. ატრაქციონს, რომლის სამგზავრო მოდული მოძრაობს აღმართში, უნდა გააჩნდეს  დაგორების საწინააღმდეგო დამცავი მოწყობილობა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ტრასის მონაკვეთზე ასვლის ბოლო წერტილსა და ჩასხდომის ადგილს შორის სამგზავრო მოდული უმუხრუჭოდ მოძრაობს, ამ მონაკვეთზე უნდა დამონტაჟდეს სამუხრუჭო მოწყობილობა. აღნიშნულ მონაკვეთზე განლაგებული სამეთვალყურეო პოსტიდან, შესაძლებელი უნდა იყოს სახაზო სამუხრუჭო მოწყობილობის ერთიანად ამოქმედება და სამგზავრო მოდულების გაჩერება.

3. სამეთვალყურეო პოსტი არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ტრასა აღჭურვილია ცრუ ამოქმედებისგან დაცული, ავტომატურად მართული სამუხრუჭო ბლოკირების სისტემით.

4. მანძილი სამგზავრო მოდულებს შორის უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ შეფერხების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს გზის დაქანებულ მონაკვეთზე ყველა ვაგონის ცალ-ცალკე და დროულად გაჩერება.

5. ტრასა უნდა იყოს შემოღობილი.

6. სამუხრუჭო მონაკვეთები უნდა იყოს განათებული.

7. ძლიერი ქარის, ცუდი ხილვადობის ან სხვა მეტეოპირობების გაუარესების დროს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამგზავრო მოდულის დროულ დამუხრუჭებას ან ტრასის უსაფრთხოდ გავლას, ატრაქციონის მუშაობა უნდა შეჩერდეს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 19. საქანელები

1. საქანელებს უნდა ჰქონდეს შემოღობვა, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტის  მოთხოვნებს.

2. საქანელები აღჭურვილი უნდა იყოს სამუხრუჭო სისტემით, რომელიც ცალკეული საქანელის გაჩერების საშუალებას იძლევა.

3. ნავ-საქანელების, საყირაო საქანელას და ბაშვებისთვის განკუთვნილი საქანელას  მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

მუხლი 20. კარუსელები

1. კარუსელის მართვის პულტის განლაგების ადგილიდან შესაძლებელი უნდა იყოს მთელი ატრაქციონის სრულად და დაუბრკოლებლად დანახვა.

2. კარუსელის შემოღობვა და გაბარიტები, რომლის სამგზავრო მოდულები ჰაერში ტრიალებს (ე.წ. «მფრინავი» კარუსელი), უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

3. თუ კონსოლის აწევის სიმაღლე ადამიანის მიერ შეიძლება იმართებოდეს, მაშინ მართვის მექანიზმი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მომსახურე პერსონალს შეეძლოს ადამიანის მიერ ჩართული დანადგარის გამორთვა და კონსოლის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.

4. კარუსელში, რომლის ტრიალის დროს ადამიანები ცილინდრულ კედელზე არიან მიკრული, მოძრავი ცილინდრის შესასვლელი უნდა იკეტებოდეს. კარი ცილინდრული კედლის მთლიან ღია ფართობს უნდა ფარავდეს და არ უნდა იღებოდეს გარეთ.

5. ბავშვებისთვის განკუთვნილ კარუსელში კარი გაღებულ მდგომარეობაში ატრაქციონის ბაქნებზე უნდა გამოდიოდეს, ჰქონდეს საკეტი და იღებოდეს მხოლოდ გარედან.

6. ისეთ სამგზავრო მოდულებს, რომლებიც მარყუჟებითაა დამაგრებული სამოძრაო ტრასაზე (გვარლზე) და სხვა ამდაგვარ დანადგარებს უნდა ჰქონდეს დამატებითი დამცავი ელემენტები, რომლებიც რაიმე დაზიანების შემთხვევაში მგზავრთა უსაფრთხოების გარანტიას ქმნიან.

7. კონსოლურ «მფრინავ» კარუსელებზე, სადაც კონსოლის აწევის სიმაღლე თავად ადამიანის მიერ იმართება, ოპერატორის მიერ ჯერ უნდა ჩაირთოს მოწყობილობა «აწევა», ხოლო შემდეგ სატრიალო აგრეგატი. დაწევის მექანიზმის ჩართვა ისე უნდა იქნეს გათვლილი, რომ დაშვებისას სატრიალო აგრეგატის გაჩერებამდე ყველა სამგზავრო მოდულმა მიიღოს საწყისი (ქვედა) მდებარეობა.

8. კარუსელებზე, რომლებზეც დასაჯდომი ან დასადგომი  ადგილები იწევა ან ყირავდება, ეს პროცესი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც მიღწეული იქნება კარუსელის ტრიალის ყველაზე დიდი სიხშირე, ხოლო დაწევა უნდა დამთავრდეს მანამდე, სანამ ტრიალის სიხშირე შემცირებას დაიწყებს.

მუხლი 21. გიგანტური თვლები

1. გიგანტური თვლების ექსპლუატაციისას სამგზავრო მოდულის კედელსა და თვლის მანას შორის მანძილი, მოაჯირის სიმაღლე და შესასვლელ-გამოსასვლელის ჩამკეტი მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტის  მოთხოვნებს.

2. სამგზავრო მოდულის ხელით სატრიალებელი მოწყობილობა არ შეიძლება დამზადდეს ადვილად მტვრევადი მასალისაგან.

3. სამგზავრო მოდულებში ადამიანები ისე უნდა იყვნენ გადანაწილებულნი, რომ თვალის დატვირთვა იყოს სიმეტრიული.

 

თავი VII. სანახაობრივი და სამხიარულო  ატრაქციონები

მუხლი 22. პანორამული კოშკი

1. ატრაქციონის ამწევი მექანიზმი ისე უნდა შესრულებული, რომ გამორიცხული იყოს მისი არასანქცირებული დაშვება.

2. ატრაქციონის საბრუნი და გადასაადგილებელი მექანიზმები აღჭურვილი უნდა იყოს ნორმალურად ჩაკეტილი ტიპის მუხრუჭებით, რომელთა დოლები ჩართულია  არაგანრთვადი კინემატიკური კავშირის მქონე სისტემაში.

3. ატრაქციონი აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც სამგზავრო მოდულის სიჩქარის ნორმალურზე მეტად გადაჭარბებისას, საწევი და საკიდი ელემენტების მოწყვეტისას, აგრეთვე სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას უზრუნველყოფს სამგზავრო მოდულის ქვევით გადაადგილების შეზღუდვას (შეკავებას) დამჭერი მოწყობილობით.

4. ატრაქციონი მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი მოწყობილობებითა და მომსახურე პერსონალთან კავშირის საშუალებით სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად.

5. გათვალისწინებული უნდა იყოს ავარიულად გაჩერებული ატრაქციონის სამგზავრო მოდულიდან ადამიანების გამოყვანის საშუალებები და პროცედურები.

მუხლი 23. ტრიალა ღერძები, მბრუნავი კასრები, მოძრავი სცენები, მოქანავე კიბეები

1. გასასვლელები ატრაქციონის უძრავ და მოძრავ ნაწილებს შორის, აგრეთვე ტრიალა ღერძების, მოძრავი ბილიკებისა და სხვა ერთმანეთის მიმართ მოძრავ ნაწილებს შორის, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ადამიანის დაშავება მისი დაცემის შემთხვევაშიც კი.

2. აღნიშნული ატრაქციონების ზედაპირები, ბორტები და მოაჯირები მოწობილი  უნდა იყოს სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ტრიალა სიბრტყეების მუშაობის დროს დაუშვებელია მათზე მაყურებლის მოხვედრა.

 

თავი XIII. სახანძრო უსაფრთხოება

მუხლი 24. სახანძრო უსაფრთხოება

1. ატრაქციონების ექსპლუატაციისას დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საატრაქციონო მოედნებთან მისასვლელი უნდა იყოს თავისუფალი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სახანძრო ავტომობილების და სხვა სპეცტექნიკის შეუფერხებელი მოძრაობა.

3. საატრაქციონო მოედნების ტერიტორიაზე, აგრეთვე მის გარშემო, აკრძალულია შემდეგი მოქმედებები:

ა) ცეცხლის დანთება;

ბ) მოწევა სამუშაო ადგილზე;

გ) ძაბვის ქვეშ მყოფი ატრაქციონების და ღია მართვის პულტის უყურადღებოდ დატოვება;

დ) სხვადასხვა ელექტროგამათბობელი ხელსაწყოების გამოყენება ადგილებში, რომლებიც არ არის შეთანხმებული ზედამხედველობის ორგანოებთან (შესაბამის სამსახურებთან);

ე) ტერიტორიაზე ადვილადალებადი და წვადი სითხეების შენახვა;

ვ) ღია ცეცხლის გამოყენება (ჩირაღდნები, სანთლები და სხვა);

ზ) ფეიერვერკების მოწყობა, აგრეთვე პიროტექნიკური ნაკეთობების შენახვა;

თ) დროებითი ელექტროსადენების გაყვანა.

4. ატრაქციონზე გარე ზონიდან შესასვლელი/გამოსასვლელი კარები იმავდროულად უნდა წარმოადგენდეს საევაკუაციო გასასვლელს და იღებოდეს მხოლოდ გასართობი მოწყობილობის ზონიდან გარეთ – ადამიანთა მოძრაობის მიმართულებით და გააჩნდეთ ადვილად გასახსნელი ჩამკეტები.

 

თავი IX. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

მუხლი 25. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-2, მე-5 და მე-11 პუნქტებში, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-9 მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-11 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3  პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-20 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის  მე-5 მუხლის მე-2, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში, მე-6 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-7 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-9 პუქტის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებში და მე-10 პუნქტში, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-3 პუნქტის „ა”, „ბ”, „გ”, „დ”, „ე“ ქვეპუნქტებში, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-17 მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-20 მუხლის მე-6 პუნქტში, 21-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 22-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

მუხლი 26. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის  მე-5 მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 პუნქტებში, მე-18 მუხლის პირველ პუნქტში, 22-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

მუხლი 27. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

რეგლამენტის 26-ე და 27-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.