„წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

„წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017626
410
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017626
„წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №410

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ


 თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი წნევაზე მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში- რეგლამენტი) სავალდებულოა შესასრულებლად წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ყველა მფლობელისთვის.

2. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ექსპლუატაციაში მყოფი წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ექსპლუატაციის, რეკონსტრუქციის და მონტაჟისადმი.

3. რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე, რომლებსაც გააჩნიათ ამ რეგლამენტით განსაზღვრული მახასიათებლები და პარამეტრები.

4. რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგი სახის წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე:

ა) ტურბინების, გენერატორების და ტუმბოების შეზეთვისა და ჰერმეტიზირების სისტემაში შემავალ ჭურჭლებზე;

ბ) ჭურჭლებზე, რომლებიც ჩართულია ნავთობისა და გაზის მომპოვებელ დახურულ სისტემაში და არის მათი კონსტრუქციული შემადგენლობის ელემენტი;

გ) ჭურჭლებზე, რომლებიც წნევის ქვეშ იმყოფებიან პერიოდულად მათში მოთავსებული არეებისაგან დაცლისათვის;

დ) სამედიცინო მანიპულაციებისთვის განკუთვნილ წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე;

ე) შეკუმშული და გათხევადებული გაზების შემცველ ჭურჭლებზე, რომელთა დანიშნულებაა სატრანსპორტო საშუალებების ძრავების საწვავით უზრუნველყოფა;

ვ) ბირთვულ ობიექტებზე გამოსაყენებელ წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე;

ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე გამოსაყენებელ წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე.

5. იმ შეთხვევაში როდესაც ხდება წნევაზე მომუშავე ჭურჭლის რეკონსტრუქცია, მასზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №151 დადგენილებით დამტკიცებული „წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. წნევაზე მომუშავე ჭურჭელი (შემდგომში - ჭურჭელი) – ქიმიური, თბური და სხვა ტექნოლოგიური პროცესების საწარმოებლად, აგრეთვე დენადი არეების (გაზები; თხევადი, გათხევადებული და გახსნილი გაზები) შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ჰერმეტულად დახურული მოცულობა, მათ შორის ცისტერნები, კასრები, ბალონები, ბაროკამერები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პარამეტრებს:

ა) წარმოადგენს კორპუსს, რომელიც დამზადებულია დენადი არეების წნევის ქვეშ მოსათავსებლად, სხვა მოწყობილობებთან უშუალო მიმაგრების ელემენტების ჩათვლით.

ბ) გააჩნია 120 ლიტრზე მეტი მოცულობა.

გ) განკუთვნილია 0,5 ბარზე მეტ წნევაზე მუშაობისათვის და რომლის წნევის PS და მოცულობის V ნამრავლი აღემატება I ჯგუფის არეებისათვის 500 ბარი×ლიტრს, ხოლო II ჯგუფის არეებისათვის 10 000 ბარი×ლიტრს.

2. სტაციონარული ჭურჭელი – ერთ გარკვეულ ადგილზე საექსპლუატაციოდ განკუთვნილი უძრავად განთავსებული ჭურჭელი.

3. გადასატანი ჭურჭელი – ჭურჭელი, რომელიც გათვალისწინებულია დროებითი გამოყენებისათვის სხვადასხვა ადგილას ან მისი გადაადგილების დროს.

4. ლითონპლასტიკური ჭურჭელი – მრავალშრიანი ჭურჭელი, რომლის შიგა შრე (გარსი) დამზადებულია ლითონისაგან, ხოლო დანარჩენი შრეები - არმირებული პლასტმასებისაგან. შიგა შრე განკუთვნილია ნაწილობრივი დატვირთვისთვის.

5. არალითონური ჭურჭელი – ერთგვაროვანი ან კომპოზიტური არალითონური მასალებისაგან დამზადებული ჭურჭელი.

6. მრავალკამერიანი ჭურჭელი – სხვადასხვა ან ერთნაირ პირობებში (წნევა, ტემპერატურა, გარემო) გამოყენებული ორი ან მეტი სამუშაო ღრუს მქონე ჭურჭელი.

7. ჭურჭლის გარსაცმი – ჭურჭლის კორპუსზე ან მის ნაწილზე შემოვლებული გარსი, რომელიც ჭურჭლის კორპუსის კედელთან ერთად ქმნის თბოგადამტანით შევსებულ ღრუს. 

8. ჭურჭლის ელემენტი – ჭურჭლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად განკუთვნილი საამწყობო ერთეული.

9. ბალონი – შეკუმშული, თხევადი ან წნევის ქვეშ გახსნილი აირების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი, რომელსაც გააჩნია ერთი ან ორი ყელი ვენტილების, მილტუჩების ან შტუცერების დასაყენებლად.

10. კასრი - თხევადი და სხვა ნივთიერებების ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის განკუთვნილი ცილინდრული ან სხვა ფორმის ჭურჭელი, რომელიც შეიძლება გადაგორდეს ერთი ადგილიდან მეორეზე და დაყენდეს ტორსზე დამატებითი საყრდენების გარეშე.

11. რეზერვუარი – აირადი, თხევადი და სხვა ნივთიერებების შესანახად განკუთვნილი სტაციონარული ჭურჭელი.

12. ცისტერნა – აირადი, თხევადი და სხვა ნივთიერებების ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის განკუთვნილი, რკინიგზის ვაგონის ჩარჩოზე, ავტომობილის, მისაბმელის შასიზე ან გადაადგილების სხვა საშუალებაზე მუდმივად დაყენებული მოძრავი ჭურჭელი.

13. შიგა/გარე წნევა – ჭურჭლის კედლის შიგა/გარე ზედაპირზე მოქმედი წნევა.

14. გამოსაცდელი წნევა – წნევა, რომლითაც წარმოებს ჭურჭლის გამოცდა.

15. სამუშაო წნევა – სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვისას წარმოქმნილი მაქსიმალური შიგა ან გარე წნევა.

16. საანგარიშო წნევა – წნევა, რომელზეც წარმოებს ჭურჭლის გაანგარიშება სიმტკიცეზე.

17. პირობითი წნევა – საანგარიშო წნევა 20 0C-ზე ტემპერატურის დროს, გამოყენებული სტანდარტული ჭურჭლების (კვანძის, დეტალის, არმატურის) სიმტკიცეზე გაანგარიშებისას.

18. ჭარბი წნევა – აბსოლუტური წნევისა და ბარომეტრით ნაჩვენები გარემომცველი წნევის სხვაობა.

19. ჭურჭლის და მისი ელემენტის დასაშვები წნევა – ტექნიკური შემოწმების ან დიაგნოსტირების შედეგებით დადგენილი ჭურჭლის ან მისი ელემენტის მაქსიმალური დასაშვები ჭარბი წნევა.

20. სამუშაო გარემოს მინიმალური/მაქსიმალური ტემპერატურა – ჭურჭელში გარემოს მინიმალური/მაქსიმალური ტემპერატურა გამოყენებული ტექნოლოგიური

21. კედლის საანგარიშო ტემპერატურა – ტემპერატურა, რომლის დროსაც განისაზღვრება მასალის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები, დასაშვები ძაბვები და ტარდება ჭურჭლის ელემენტების სიმტკიცეზე გაანგარიშება.

22. კედლის დასაშვები მაქსიმალური/მინიმალური ტემპერატურა – კედლის მაქსიმალური/მინიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც დასაშვებია ჭურჭლის ექსპლუატაცია.

23. ძირი – ტორსის მხრიდან შიგა ღრუს შემომზღუდავი ჭურჭლის კორპუსის განუყოფელი ნაწილი.

24. სახშობი – შტუცერის ჰერმეტულად ჩასაკეტი მოცულობითი დეტალი.

25. კლაკნილა – მოღუნული მილის ფორმის მქონე თბოგადამცემი მოწყობილობა.

26. სახურავი/ხუფი– ჭურჭლის შიგა ღრუს ან ლუკის დასახურად განკუთვნილი მოსახსნელი ნაწილი.

27. ლუკი – ჭურჭლის შიგა ღრუში შესვლის უზრუნველსაყოფი მოწყობილობა.

28. სამზერი – სამუშაო გარემოზე დასაკვირვებელი მოწყობილობა.

29. საყრდენი – სამუშაო მდგომარეობაში ჭურჭლის დასაყენებელი და ჭურჭლიდან საძირკველზე ან მზიდ კონსტრუქციაზე დატვირთვის გადამანაწილებელი მოწყობილობა.

30. შტუცერი – მილსადენის, მილსადენის არმატურის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ჭურჭელთან მისაერთებლად განკუთვნილი ელემენტი.

31. ერთგვაროვანი მასალა – ერთი ნივთიერებისაგან, შენადნობისაგან ან მყარი ხსნარისაგან შემდგარი მასალა, მაგალითად: მინა, ფოლადი, კერამიკა და სხვა.

32. კომპოზიციური მასალა (კომპოზიტი) – რამდენიმე ერთგვაროვანი მასალისაგან (კომპონენტისაგან) შემდგარი არაერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე მასალა.

33. მილტუჩა შეერთება – ჭურჭლის ნაწილების უძრავი დასაშლელი შეერთება, რომლის ჰერმეტულობა მიიღწევა სამჭიდროვებელი ზედაპირების უშუალოდ ერთმანეთთან ან მათ შორის მოთავსებული შედარებით რბილი მასალის შუასადების სამაგრი დეტალებით შეკუმშვის გზით.

34. ჩამკეტი არმატურა – მილსადენში ნაკადის გადასაკეტი მოწყობილობა.

35. მარეგულირებელი არმატურა – აირის გამომავალი წნევის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფი მოწყობილობა.

36. დამცავი არმატურა – მოწყობილობა დენადი არის წნევის გადაჭარბებისაგან დასაცავად.

37. პირაპირა შენადუღი შეერთება – შეერთება, რომელშიც შესადუღებელი ელემენტები ერთმანეთს ტორსული ზედაპირებით უკავშირდებიან და მოიცავს შენადუღ ნაკერს და თერმული ზემოქმედების ზონას.

38. ჭურჭლის ვარგისიანობის საანგარიშო ვადა – ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული კალენდარული წლებით, აითვლება ჭურჭლის ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან.

39. ჭურჭლის/ელემენტის საანგარიშო რესურსი – ჭურჭლის/ელემენტის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაში დამამზადებელი ან საექსპერტო ორგანიზაცია იძლევა მისი უსაფრთხო მუშაობის გარანტიას იმ პირობით რომ დაცული იქნება დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ექსპლუატაციის რეჟიმი და ცივი ან ცხელი მდგომარეობიდან ჩართვის საანგარიშო რიცხვი.

40. ტექნიკური დიაგნოსტირება – ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა. ტექნიკური დიაგნოსტირების ამოცანაა ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, გაუმართავობისა და მისი მიზეზის განსაზღვრა, ტექნიკური მდგომარეობის პროგნოზირება.

41. თბომცვლელი - ცილინდრული კორპუსისაგან და გისოსში დამაგრებული მილებისაგან შემდგარი ჭურჭელი.

42. რეკონსტრუქცია - ჭურჭლის კონსტრუქციის ცვლილება, რომელიც იწვევს ტექნიკური მახასიათებლების ცვლილებას.

 

მუხლი 3. საწარმოს ტერიტორიაზე მომუშავე პირთა ინფორმირება და ინსტრუქტაჟი

 

1. ჭურჭლის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საწარმოს ტერიტორიაზე მომუშავე ყველა პირისთვის უსაფრთხოების წესების სწავლება და პერიოდული ინსტრუქტაჟის ჩატარება.

2. ჭურჭლის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მომუშავე პერსონალის ინფორმირება ყველა იმ რისკის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

3. საწარმოში მომუშავე პერსონალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოწყობილობათა უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქციები.

 

თავი II. კონსტრუქცია და მასალები

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები

1. ჭურჭლის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ექსპლუატაციის უსაფრთხოებას ვარგისიანობის საანგარიშო ვადის განმავლობაში და იძლეოდეს ტექნიკური შემოწმების, გაწმენდის, გარეცხვის, სრული დაცლის, გაქრევის, რემონტის, ლითონისა და შეერთებების საექსპლუატაციო კონტროლის შესაძლებლობას.

2. ყოველი ჭურჭლისათვის უნდა იყოს დადგენილი და ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ვარგისიანობის საანგარიშო ვადა ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით.

3. მოწყობილობა, რომელიც დაბრკოლებას უქმნის ჭურჭლის გარე და შიგა დათვალიერებას, უნდა იხსნებოდეს (სარევები, კლაკნილები, პერანგები, თეფშები, ტიხრები და სხვა სამარჯვები). მიდუღებული მოწყობილობის გამოყენებისას გარე და შიგა დათვალიერების ჩასატარებლად შესაძლებელი უნდა იყოს მისი მოხსნა და შემდგომში ადგილზე დაყენება.

4. თუ ჭურჭლის კონსტრუქცია რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად არ იძლევა გარე და შიგა დათვალიერების და /ან ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარების შესაძლებლობას, მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ჭურჭლის უსაფრთხოების კონტროლი დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის და/ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდგომში–სტანდარტი) მიხედვით.

5. ყოველ ჭურჭელზე გათვალისწინებული უნდა იყოს გაღების წინ მასში წნევის არარსებობაზე კონტროლის უზრუნველმყოფი ვენტილი, ონკანი ან სხვა მოწყობილობა. ამასთანავე შიგთავსის არინება უნდა გახორციელდეს უსაფრთხოდ.

6. ჭურჭლისა და მისი ელემენტების ექსპლუატაცია ციკლური დატვირთვის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუმეტეს დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული დატვირთვისა.

7. ჭურჭელს, რომელიც ექსპლუატაციის პროცესში იცვლის თავის მდგომარეობას სივრცეში, უნდა გააჩნდეს სამარჯვები, რომელიც უზრუნველყოფს ჭურჭლის მდგრადობას და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

8. ლუკების, სამზერებისა და შტუცერების გამაგრების საყელოებს უნდა გააჩნდეთ ჰერმეტულობის გასაკონტროლებელი საშუალება.

9. ჭურჭლების ჩამიწება და ელექტრული მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროდანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 

10. გაუმართაობების, აგრეთვე ექსპლუატაციის პროცესში რეგლამენტის და ინსტრუქციების დარღვევების გამოვლენისას მფლობელმა უნდა გაატაროს ღონისძიებები ამ გაუმართაობების ან დარღვევების აღმოსაფხვრელად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს ზომები ჭურჭლის მუშაობის შესაჩერებლად.

 

მუხლი 5. ლუკები, სამზერები და სახურავები

1. ჭურჭლებს უნდა გააჩნდეთ დამამზადებლის პროექტით გათვალისწინებული სამზერები და ლუკები. აკრძალულია ისეთი ჭურჭლის ექსპლუატაცია, რომელსაც კუსტარულად დამზადებული ლუკები და სამზერები აქვს.

2. აკრძალულია ჭურჭლის ექსპლუატაცია, რომელზეც მწყობრიდან გამოსულია ან დაზიანებულია დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული გაწმენდის, დათვალიერებისა და რემონტისათვის განკუთვნილი ლუკები, სამზერები და სახურავები.

 

მუხლი 6. ჭურჭლის ძირი

1. ჭურჭლებში გამოიყენება ელიფსური ნახევარსფერული, ტოროსფერული, სფერული არამოქიმული, კონუსური მოქიმული, კონუსური არამოქიმული, ბრტყელი მოქიმული, ბრტყელი არამოქიმული ძირები.

2. ჭურჭლის ძირების კონსტრუქცია, მახასიათებლები და მისი პარამეტრები უნდა განისაზღვროს სტანდარტის მიხედვით.

 

მუხლი 7. შენადუღი ნაკერები, ნაკერების და ნახვრეტების განლაგება

1. ჭურჭლების ექსპლუატაციისას შესაძლებელი უნდა იყოს შენადუღი ნაკერების კონტროლი.

2. შენადუღი ნაკერები, ნაკერების და ნახვრეტების განლაგება, მათ მახასიათებლები და პარამეტრები, მანძილი ჭურჭელის ნაკერისა და მის კორპუსთან მიდუღებული საყრდენების ან სხვა ელემენტების შენადუღი ნაკერის კიდეს შორის, ასევე ჭურჭლის პირაპირა შენადუღ შეერთებებში დახრის კუთხე და მასალები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 

თავი III. რეკონსტრუქცია, მონტაჟი, გამართვა და რემონტი

მუხლი 8. ზოგადი მოთხოვნები

1. ჭურჭლებისა და მათი ელემენტების რეკონსტრუქციას, მონტაჟს, გამართვას და რემონტს უნდა ახორციელებდეს, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი და კვალიფიკაციის მქონე პირი.

2. ჭურჭლების რეკონსტრუქცია, მონტაჟი, გამართვა და რემონტი უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მითითებების მიხედვით.

3. ჭურჭლის რეკონსტრუქციის, მონტაჟის და რემონტისთვის გამოყენებული მასალა უნდა უზრუნველყოფდეს მის გამართულ მუშაობას ვარგისიანობის ვადის განმავლობაში მაქსიმალურ/მინიმალურ საანგარიშო ტემპერატურაზე და წნევაზე, ასევე არ უნდა ახასიათებდეს კოროზიული აქტიურობა და აფეთქებასაფრთხიანობა.

4. ყოველი უნაკერო და შედუღებული მილის გამოცდის პირობები უნდა განისაზღვროს სტანდარტის მიხედვით. ასევე ქანჩების, სარჭების და ჭანჭიკების მასალები უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის მიერ განსაზღვრულ მასალებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს.

 

მუხლი 9. შედუღება (ზოგადი მოთხოვნები)

1. ჭურჭლისა და მისი ელემენტების მონტაჟის რემონტის და რეკონსტრუქციის დროს შედუღება უნდა წარმოებდეს სტანდარტის მიხედვით. ტექნიკური დოკუმენტაციის, ლითონის შედუღების ტექნოლოგიის, მასში მითითებული კონტროლის სახეობის, თანმდევი შეთბობის და თერმული დამუშავების შესახებ მითითებების მიხედვით.

2. შედუღებით სამუშაოებზე დაიშვებიან შემდუღებლები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.

3. ჭურჭლის შესადუღებლად გამოყენებული მასალების მარკა, შენახვის პირობები და გამოსაყენებლად მომზადების პროცედურა, ასევე ჭურჭლის შესადუღებელი ნაწილების და დეტალების მომზადება და აწყობა უნდა შეესაბამებოდეს შედუღებაზე სტანდარტის და ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

4. შესადუღებლად აწყობილი ელემენტების შეჭიდება უნდა შესრულდეს იმავე შესადუღებელი მასალების გამოყენებით, რომლებიც გამოყენებული იქნება ძირითადი შეერთების შესადუღებლად.

 

მუხლი 10. თერმული დამუშავება

ჭურჭელი, რომლის კედლებში შესაძლებელია დაუშვებელი ნარჩენი დაძაბულობის წარმოქმნა, აგრეთვე ჭურჭელი, რომლის სიმტკიცე მიიღწევა თერმული დამუშავებით, უნდა დამუშავდეს თერმულად.

 

მუხლი 11. შენადუღი შეერთებების კონტროლი

1. შენადუღი შეერთებების კონტროლი უნდა განხორციელდეს დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციისა და სტანდარტის მიხედვით.

2. დაუშვებელია ჭურჭლის და მისი ელემენტების შენადუღ შეერთებაში შემდეგი დეფექტების არსებობა:

ა) ბზარები;

ბ) ნაკერის გარე ზედაპირის ნახვრეტები და ფორები;

გ) ჩანაჭრები;

დ) გაწვები, დაუდუღებელი კრატერები;

ე) შესადუღებელ ელემეტთა ნაწიბურების აცდენა რეგლამენტითა და სტანდარტებით გათვალისწინებულზე მეტად;

ვ) შესაერთებელი ელემენტების არასწორხაზოვნება.

3. მექანიკური თვისებების კონტროლი, კრისტალთშორისი კოროზიის წინააღმდეგ მედეგობაზე გამოცდები და შენადუღი შეერთებების მეტალოგრაფიული გამოკვლევები ტარდება საკონტროლო შენადუღი შეერთებებისაგან დამზადებულ ნიმუშებზე.

4. საკონტროლო შენადუღი შეერთებებისგან გამოსაცდელი ნიმუშების დამზადება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

5. საკონტროლო შენადუღი ნაკერების მექანიკური გამოცდები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მიხედვით.

 

მუხლი 12. ჰიდრავლიკური და პნევმატიკური გამოცდა

1. ჭურჭლებისთვის ჰიდრავლიკური და/ან პნევმატიკური გამოცდის ჩატარება სავალდებულოა ექსპლუატაციის პროცესში დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი პერიოდულობით და მეთოდიკით.

2. ჭურჭელი, რომელსაც ესაჭიროება დამცავი დაფარვა ან იზოლაცია, გამოცდა უნდა ჩაუტადეს დაფარვის ან იზოლაციის დადებამდე, ხოლო თუ გააჩნია გარე გარსაცმი – გარსაცმის დაყენებამდე.

3. თუ მფლობელს არ აქვს ჭურჭლის ტექნიკური დოკუმენტაცია ან მასში არ არის მითითებული გამოცდის ჩატარების პერიოდულობა და მეთოდიკა, გამოცდები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მიხედვით.

4. გამოცდის დროს დაუშვებელია კორპუსის კედლების მოსახსნელ და შედუღებულ შეერთებზე ფიზიკური ზემოქმედება.

5. გამოცდა დასრულებულად ითვლება, თუ არ აღინიშნება შემდეგი დარღვევები:

ა) დენა, ბზარები, შენამვა შენადუღ შეერთებაში და ძირითად ლითონში;

ბ) დენა დაშლად შეერთებაში;

გ) ხილული ნარჩენი დეფორმაცია, წნევის ვარდნა მანომეტრის მიხედვით.

6. ჭურჭელი და მისი ელემენტები, რომლებშიც გამოცდისას გამოვლენილია დეფექტები, მათი აღმოფხვრის შემდეგ ექვემდებარებიან განმეორებით ჰიდრავლიკურ გამოცდას შესაბამისი გამოსაცდელი წნევით.

7. დასაშვებია ჰიდრავლიკური გამოცდის შეცვლა პნევმატიკურით, თუ ეს გამოცდა გაკონტროლდება აკუსტიკური ემისიის ან სხვა ტოლფასი მეთოდით.

8. ჭურჭლის პნევმატიკური გამოცდა უნდა განხორციელდეს შეკუმშული ჰაერით ან ინერტული აირით.

 

მუხლი 13. დოკუმენტაცია და ინფორმაციის დატანა

1. ყოველ ჭურჭელს თან უნდა ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური დოკუმენტაცია.

2. თითოეულ ჭურჭელზე დამაგრებული უნდა იყოს სათანადო ინფორმაციის შემცველი ფირფიტა, სტანდარტის მიხედვით.

3. ფირფიტაზე დატანილი უნდა იყოს:

ა) დამამზადებლის დასახელება ან მისი სასაქონლო ნიშანი;

ბ) ჭურჭლის დასახელება ან აღნიშვნა;

გ) ჭურჭლის სერიული ნომერი;

დ) დამზადების წელი;

ე) სამუშაო წნევა;

ვ) საანგარიშო წნევა;

ზ) გამოსაცდელი წნევა;

თ) კედლის დასაშვები მაქსიმალური და/ან მინიმალური სამუშაო ტემპერატურა, 0C;

ი) ჭურჭლის მასა.

 

თავი IV. არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, დამცავი მოწყობილობა

მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები

1.ჭურჭებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი კომპონენტები:

ა) ჩამკეტი და ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა;

ბ) წნევის გასაზომი ხელსაწყო;

გ) ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყო;

დ) დამცავი მოწყობილობა;

ე) სითხის დონის მაჩვენებლი.

2. ჭურჭელზე გამართულად უნდა მუშაობდეს არასრულად დახურული სახურავის დროს, ჭურჭლის ჩართვის და ჭურჭელში წნევის არსებობისას მისი გაღების შესაძლებლობის გამომრიცხავი მოწყობილობა.

 

მუხლი 15. ჩამკეტი და ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურა

1. არმატურას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მარკირება.

2. პირველი ჯგუფის ნივთიერებებისათვის განკუთნილ ჭურჭლებს, აგრეთვე ცეცხლიანი ან აირიანი გათბობის ამაორთქლებლებს, ტუმბოდან ან კომპრესორიდან მიმყვან ხაზზე უნდა ჰქონდეს ჭურჭლიდან წნევის მეშვეობით ავტომატურად ჩამკეტი უკუსარქველი, რომელიც უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.

3. ლეგირებული ფოლადის ან ფერადი ლითონისაგან დამზადებულ არმატურას 20 მმ-ზე მეტი პირობითი დიამეტრით, უნდა ჰქონდეს დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის /სერტიფიკატი.

 

მუხლი 16. მანომეტრები

1. დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული მანომეტრები გამართულად უნდა მუშაობდეს.

2. მანომეტრი უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს მისი ჩვენების მკაფიო ხილვადობას.

3. მანომეტრს უნდა ჰქონდეს მოწყობილობა, რომელიც მანომეტრის პერიოდული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

4. მანომეტრი და ჭურჭელთან მისი შემაერთებელი მილსადენი დაცული უნდა იყოს გაყინვისაგან.

5. აკრძალულია მანომეტრით სარგებლობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მანომეტრზე არ არის პლომბი ან დაღი შემოწმების ჩატარების აღნიშვნით;

ბ) გასულია შემოწმების ვადა;

გ) მანომეტრის ისარი მისი გამორთვისას არ ბრუნდება სკალის ნულოვან ნიშნულზე იმ სიდიდით, რომელიც აღემატება მოცემული მანომეტრისათვის დაშვებული ცდომილების ნახევარს;

დ) გატეხილია მინა ან ადგილი აქვს მანომეტრის სხვა დაზიანებას, რომლებიც შეიძლება აისახოს მისი ჩვენების სისწორეზე.

6. მანომეტრის შემოწმება მისი დაპლომბვით ან დაღის დასმით ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

7. მანომეტრი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 17. ტემპერატურის გასაზომი ხელსაწყოები

ჭურჭელზე, რომელიც გათვალისწინებულია ცვალდებადი ტემპერატურის პირობებში მუშაობისათვის, გამართული უნდა იყოს გათბობის სიჩქარის საკონტროლებელი ხელსაწყოები და თბური გადაადგილების საკონტროლო ნიშნულები.

 

მუხლი 18. დამცავი მოწყობილობა

1. წნევის დასაშვებ მაჩვენებელზე მეტად გადაჭარბებისგან დასაცავად, თითოეული ჭურჭელი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი მოწყობილობით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართულობა.

2. დამცავი სარქველების რაოდენობა, მათი ზომები და გამტარობის უნარობა უნდა უზრუნველყოფდეს ჭურჭლის საიმედო დაცვას ექსპლუატაციის სრული ხანგრძლივობის განმავლობაში.

3. ექსპლუატაციის პირობებში შესაძლებელი უნდა იყოს დამცავი სარქველის ქმედით უნარიანობის შემოწმება.

4. მკვებავი წყაროს წნევაზე მიერთებულ ნაკლები პარამეტრის ჭურჭლის დამაკავშირებელ მილსადენს უნდა ჰქონდეს მანომეტრის და დამცავი მოწყობილობის მქონე ავტომატური სარედუციო მოწყობილობა.

5. ჭურჭლის/ჭურჭლების დამაკავშირებელ საერთო მილსადენებს უნდა ჰქონდეს სარედუციო მოწყობილობა. 

6. ზამბარიანი სარქველის კონსტრუქცია უნდა იცავდეს ზამბარას დადგენილ სიდიდეზე მეტად შეკუმშვისგან, ხოლო ზამბარა დაცული უნდა იყოს დასაშვებ ზომაზე მეტად გაცხელებისაგან/გაცივებისაგან და სამუშაო გარემოს უშუალო ზემოქმედებისაგან, თუ ის ახდენს მავნე ზემოქმედებას ზამბარის მასალაზე.

7. დამცავი მოწყობილობა უნდა დაყენდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ ადგილას და დაცული უნდა იყოს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორებისაგან.

8. აკრძალულია ჭურჭელსა და დამცავ მოწყობილობას შორის, აგრეთვე მის შემდეგ, ჩამკეტი არმატურის დაყენება. 

9. არმატურა დამცავი მოწყობილობის წინ შეიძლება დაყენდეს იმ პირობით, თუ დამონტაჟდება ორი ერთმანეთთან ბლოკირებული დამცავი მოწყობილობა და ბლოკირება გამორიცხავს მათ ერთდროულად გათიშვას. თითოეული დამცავი სარქველი უნდა უზრუნველყოფდეს ჭურჭლის სრულყოფილ დაცვას.

10. დამცავი მოწყობილობის სარინი მილსადენი და იმპულსური დამცავი მოწყობილობის იმპულსური ხაზები კონდენსატის შესაძლო თავმოყრის ადგილებში უნდა აღიჭურვონ კონდესატის მოსაცილებელი სადრენაჟო მოწყობილობით, რომელიც უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. აკრძალულია სადრენაჟო მილსადენზე ჩამკეტი ორგანოსა და სხვა არმატურის დაყენება.

11. დამცავი მოწყობილობიდან და დრენაჟიდან გამომავალი გარემო არინებული უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილზე. ტოქსიკური, ფეთქებადი და ხანძარსაფრთხიანი ტექნოლოგიური გარემო მიმართული უნდა იყოს დახურულ სისტემაში შემდგომი უტილიზაციისთვის ან ორგანიზებული დაწვის სისტემაში.

12. დამცავი მოწყობილობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივნისის №151 დადგენილებით დამტკიცებული „წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

13. დამცავი მემბრანა უნდა იყოს მარკირებული, ამასთანავე მარკირება არ უნდა ახდენდეს გავლენას მისი ამოქმედების სიზუსტეზე. მემბრანას თან უნდა ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია.

14. მემბრანიანი დამცავი მოწყობილობა უნდა განთავსდეს ღია, აგრეთვე დათვალიერებისა და მონტაჟისათვის მისაწვდომ ადგილებში, მიერთებითი მილსადენები დაცული უნდა იყოს მათში სამუშაო გარემოს გაყინვისაგან, ხოლო მოწყობილობა უნდა დაყენდეს უშუალოდ ჭურჭელთან მიერთებული მილყელზე ან მილსადენზე.

15. დამცავი მოწყობილობის მოქმედების გამართულობის შემოწმება ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებული წესით უნდა განხორციელდეს პერიოდულად

16. აკრძალულია, დამცავი მემბრანისთვის ისეთი ჩამაგრების კვანძების გამოყენება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მემბრანისთვის

 

 მუხლი 19. სითხის დონის მაჩვენებელი

1. შიდა არის დაყოფის საზღვრის მქონე ჭურჭელში გამართულად უნდა მუშაობდეს სითხის დონის კონტროლის მოწყობილობები.

2. სითხის დონის მაჩვენებლის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს დამამზადებელის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად, ამასთან უზრუნველყოფილი უნდა იყოს დონის კარგი ხილვადობა.

3. ალით ან ცხელი აირებით გათბობად ჭურჭელზე, რომლისთვისაც შესაძლებელია დასაშვებზე დაბლა სითხის დონის დაწევა, უნდა დაყენდეს პირდაპირი მოქმედების სულ ცოტა დონის ორი მაჩვენებელი.

4. დონის მაჩვენებლის კონსტრუქცია, რაოდენობა და დაყენების ადგილი განისაზღვრება ჭურჭლის ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით.

5. სითხის დონის მაჩვენებელზე აღნიშნული უნდა იყოს დასაშვები ზედა და ქვედა დონეები.

6. სითხის დონის მაჩვენებელი, ჭურჭლიდან მის გამოსართავად და გასაწმენდად აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებით.

 

 თავი V. ჭურჭლის დაყენება, რეგისტრაცია, ტექნიკური შემოწმება

 

მუხლი 20. ჭურჭლის დაყენება

1. ჭურჭელი უნდა დაყენდეს ადამიანების თავშეყრის ადგილიდან მოშორებულ ტერიტორიაზე აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში მიღებული უნდა იქნას ზომები, რათა გამორიცხული იყოს ადამიანთა დაზიანება ჭურჭლის დაზიანების შემთხვევაში.

2. ჭურჭელი უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ არ აფერხებდეს მისი შიგა და გარე მხრიდან დათვალიერების, რემონტის და გაწმენდის შესაძლებლობას.

3. ჭურჭლის მომსახურების მოხერხებულობისათვის მოწყობილი უნდა იყოს ბაქნები და კიბეები. ჭურჭლის დასათვალიერებლად და სარემონტოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს საკიდელა და სხვა მოწყობილობები. აღნიშნული მოწყობილობა არ უნდა არღვევდეს ჭურჭლის სიმტკიცესა და მდგრადობის.

4. ჭურჭლის განთავსებისას უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი მდგრადობა.

 

მუხლი 21. რეგისტრაცია

ჭურჭელი, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნები, ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის № 317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის”  შესაბამისად.

 

მუხლი 22. ტექნიკური შემოწმება

1. ჭურჭელი, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნები, ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას (დათვალიერებას) ექსპლუატაციაში გაშვებამდე, პერიოდულად ექსპლუატაციის პროცესში და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – რიგგარეშე შემოწმებას ინსპექცირების ორგანოს მიერ.

2. ჭურჭლის პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება დადგენილი პერიოდულობით ინსპექტირების ორგანოს მიერ

3. შიდა უსაფრთხოების კონტროლის შემოწმება თუ არ არის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითება მფლობელის მიერ უნდა განხორციელდებას შემდეგი პერიოდულობით: გარე და შიგა დათვალიერება, ჰიდრავლიკური გამოცდა - 4 წელიწადში ერთხელ.

4. ჭურჭელის ჰიდრავლიკური გამოცდა უნდა ჩატარდეს მასზე დაყენებულ არმატურასთან ერთად.

5. შიგა დათვალიერების და ჰიდრავლიკური გამოცდის წინ ჭურჭელი უნდა გამოირთოს ყველა მილსადენიდან სახშობებით და მიღებულ იქნას ზომები შიდა დათვალიერების უსაფრთხოდ ჩასატარებლად.

6. მფლობელის მიერ ექსპლუატაციაში მყოფი ჭურჭლის რიგგარეშე შემოწმება უნდა ჩატარდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ჭურჭელი უმოქმედოდ იმყოფებოდა 12 თვეზე მეტ ხანს;

ბ) თუ ჭურჭელი იქნა დემონტირებული და დაყენებული ახალ ადგილზე;

გ) თუ ჩატარდა ჭურჭლის რეკონსტრუქცია ან რემონტი შედუღების ან წნევაზე მომუშავე ელემენტების რჩილვის გამოყენებით;

დ) ჭურჭლის ან წნევაზე მომუშავე ელემენტების ავარიის შემთხვევაში;

ე) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

7. ტექნიკური შემოწმების შედეგები ასახული უნდა იყოს ჭურჭლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში. რიგგარეშე შემოწმების ჩატარებისას მითითებული უნდა იყოს ასეთი შემოწმების აუცილებლობის გამომწვევი მიზეზები.

8. თუ შემოწმებისას გამოვლენილი იქნება დეფექტები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ჭურჭლის საიმედოობას მაშინ მისი ექსპლუატაცია დასაშვებია შემცირებული პარამეტრებით თუ ჩატარდება ჭურჭლის შესაბამისობის შეფასება საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/ლაბორატორიის მიერ.

9. პნევმატიკური გამოცდისას, წნევის წყაროსაგან შემავსებელ მილსადენზე ვენტილი და მანომეტრი გაიტანება იმ შენობის ფარგლებს გარეთ, რომელშიც იმყოფება გამოსაცდელი ჭურჭელი, ხოლო ადამიანები, მისი გამოსაცდელი წნევით გამოცდის პერიოდში, უნდა იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილზე.

10. ჭურჭლის ვარგისიანობის საანგარიშო ვადის გასვლის შემდეგ მისი ექსპლუატაცია დასაშვებია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი ორგანო/ლაბორატორია მიერ ჩატარებული ტექნიკური დიაგნოსტირების დადებითი შედეგების საფუძველზე.

 

 თავი VI. ზედამხედველობა, მომსახურება და რემონტი

მუხლი 23. ზედამხედველობის ორგანიზაცია

1. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული ყველა ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე სათანადო ზედამხედველობა.

2. მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს ჭურჭლის ექსპლუატაციის დროს მომხდარი ავარიისა და უბედური შემთხვევის შესახებ.

 

მუხლი 24. ჭურჭლის ავარიული გაჩერება

1. ჭურჭელი დაუყონებლივ უნდა გაჩერდეს ექსპლუატაციის და უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქციებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:

ა) თუ წნევამ ჭურჭელში მოიმატა დასაშვებზე მეტად და ვერ ხერხდება წნევის შემცირება;

ბ) დამცავი მოწყობილობის გაუმართავობის არსებობისას;

გ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელში და მის ელემენტებში არასიმჭიდროვის, ამონაბურცების, შუასადებების მთლიანობის დარღვევის არსებობისას;

დ) ჭურჭელი, რომლის ექსპლუატაციის დროს გამოიყენება ღია ცეცხლი მასში სითხის დონის დასაშვებზე მეტად დაწევისას;

ე) სითხის დონის ყველა მაჩვენებლის მწყობრიდან ერთდროულად გამოსვლისას;

ვ) დამცავი მაბლოკირებელი მოწყობილობის გაუმართაობისას.

 

მუხლი 25. ჭურჭლის რემონტი

1. წნევაზე მომუშავე ჭურჭლის და მისი ელემენტების რემონტი ექპლუატაციის პროცესში (როდესაც იმყოფება წნევის ქვეშ) დაუშვებელია.

2. მილტუჩებს შორის დაყენებული სახშობები, უნდა იყოს შესაბამისი სიმტკიცის. სახშობების და შუა სადებების კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს მათი იდენტიფიცირების საშუალებას. 

 

თავი VII. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

მუხლი 26. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-7 მუხლის პირველ პუნქტში, მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, მე-18 მუხლის მე-15 პუნქტში, მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველ, მე-3, მე-9 და მე-10 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლში; მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, მე-12 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში და მე-6 პუნქტში, მე-18 მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-20 მუხლის პირველ პუნქტში, 22-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 პუნქტებში, მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში და მე-10 პუნქტში, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 

მუხლი 27. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში და მე-5 პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტში, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-18 მუხლის მე-11, მე-14 და მე-16 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-6 პუნქტში და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-12 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, მე-17 მუხლში, მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველ პუნქტში, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, მე-8 და მე-9 პუნქტებში, 24-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, 25-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 

მუხლი 28. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

რეგლამენტის 26-ე და 27-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.