დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 412 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017628 |
|
საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ |
თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ტექნიკური რეგლამენტი საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდეგში - რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელებიც ექსპლუატაციას უწევენ საბაგირო მოწყობილობებს. 2. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საბაგირო მოწყობილობაზე, რომელსაც გააჩნია შემდეგი მახასიათებლები და პარამეტრები: ა) საბაგირო გზაზე, რომელიც მოიცავს რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ერთიან სტაციონარულად დამონტაჟებულ სისტემას და განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად მოძრავი შემადგენლობით ან საბუქსირე მოწყობილობებით, სადაც დაკიდება და/ან გაწევა უზრუნველყოფილია სამოძრაო მარშრუტის გასწვრივ განლაგებული ბაგირების მეშვეობით, როგორიცაა: ა.ბ) კიდული ბაგირგზა, სადაც სატრანსპორტო საშუალება დაკიდებულია და/ან გადაადგილდება ერთი ან მეტი გამწევი ბაგირით; ა.გ) სათრეველა საწეველები, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი აღჭურვილობით (თხილამურები, ციგა) გადაადგილდება ბაგირზე მიმაგრებული გასათრევი აღჭურვილობით. ბ) ფუნიკულიორზე, რომელიც განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად, გააჩნიათ დახრილი სარელსო გზებზე მოძრავი, თვლებზე ან მზიდ მექანიზმებზე მდგარი სატრანსპორტო საშუალებები, სადაც გაწევა უზრუნველყოფილია ერთი ან მეტი ბაგირით ვაგონისაგან განცალკევებულად დამონტაჟებული ამძრავი მექანიზმის მეშვეობით. 3. რეგლამენტი არ ვრცელდება: ა) სოფლის მეურნეობის მიზნით გამოყენებულ საბაგირო გზებზე და ფუნიკულიორებზე; ბ) საგამოფენო და/ან გასართობ პარკებში გამოყენებულ სტაციონარულ ან მოძრავ საბაგირო გზებზე, რომლებიც განკუთვნილია დასვენების მიზნისათვის და არა მგზავრთა გადასაყვანად; გ) სამთო მომპოვებელ და სამრეწველო დანიშნულების საბაგირო გზებზე და ფუნიკულიორებზე; დ) ბაგირ-მართვად ბორანებზე. ე) ბაგირის საშუალებით გადაადგილებად ტრამვაებზე; ვ) კბილანური სარკინიგზო გზებზე; ზ) ჯაჭვით-ამძრავიან მოწყობილობებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1. საბაგირო მოწყობილობის სატრანსპორტო საშუალება - კიდული ბაგირგზის ვაგონი, კაბინა, სავარძელი და სათრეველა საწეველას სათრეველი აღჭურვილობა, ასევე ფუნიკულიორის ვაგონი, რომლებიც განკუთვნილია მგზავრთა ტრასპორტირებისათვის. 2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია – საბაგირო მოწყობილობის სასიცოცხლო ციკლის ნაწილი, რომლის განმავლობაში ხდება მისი გამოყენება და მომსახურეობა დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული დანიშნულებით. 3. საბაგირო მოწყობილობის მომსახურება – ექსპლუატაციის პროცესში პერიოდული დათვალიერების, შეპოხვის, გაწმენდის, რეგულირების და შეკეთების სამუშაოების ჩატარება. აგრეთვე კონტროლი მის მუშაობაზე და დანიშნულების მიხედვით გამოყენებაზე. 4. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია – საბაგირო მოწყობილობის არსებითი ცვლილება, რომელიც იწვევს ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების შეცვლას და არ არის გათვალისწინებული დამამზადებლის მიერ. 5. საბაგირო მოწყობილობის მოდერნიზაცია – კვანძების, დეტალების განახლება, რომლის შედეგად ხდება საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დონის ხარისხობრივად გაუმჯობესება, რომლის დროსაც უცვლელი რჩება ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები: ტვირთამწეობა, სიჩქარე, კინემატიკური სქემები და სხვა. 6. საბაგირო მოწყობილობის დამამზადებელი – პირი/პირები, რომელიც ახორციელებს საბაგირო მოწყობილობის დაპროექტებას, წარმოებას, დამონტაჟებას და ბაზარზე განთავსებას, ახორციელებს ნიშანდებას და ადგენს შესაბამისობის დეკლარაციას. 7. უსაფრთხოების კომპონენტი – ნებისმიერი ძირითადი კომპონენტი ან კომპონენტების ერთობლიობა, ნახევრად აწყობილი ან აწყობილი ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც მიერთებულია მოწყობილობასთან და განკუთვნილია უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველსაყოფად და რომლის გაუმართაობის შემთხვევაშიც საფრთხე ექმნება ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და საკუთრებას. 8. მოწყობილობა – სტაციონარული სისტემის ერთობლიობა, რომელიც შედგება ინფრასტრუქტურისა და ქვესისტემებისაგან, სადაც ინფრასტრუქტურა სპეციალურადაა დაპროექტებული თითოეული მოწყობილობისათვის და აგებულია სტაციონარულად, რომლებშიც მოიაზრება: პროექტი, მონაცემთა სისტემა, სადგურის ნაგებობები და ნაგებობები ხაზის გასწვრივ, რომლებიც აუცილებელია მოწყობილობის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, მათ შორის, ფუძე-საძირკვლები. 9. ნიშანდება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნიშანდება, რომელიც დაიტანება პროდუქტზე და ასახავს ამ პროდუქტის შესაბამისობას შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან. 10. ექსპლუატაციის ფაქტიური პირობები – საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის დროს მასზე მოქმედი ფაქტორების ერთობლიობა (კლიმატური ფაქტორები, გარემოს აგრესიულობა ან ფეთქებადსაშიშროება, მუშაობის რეჟიმი, ქარის დატვირთვები, რაიონის სეისმურობა).
თავი II. ექსპლუატაცია და რეგისტრაცია
მუხლი 3. მოთხოვნები საბაგირო მოწყობილობების ექსპლუატაციისადმი 1. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს საბაგირო მოწყობილობის დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. 2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ სათანადო (დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად) დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის მიუხედავად საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 3. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, მფლობელი ვალდებულია: ა) განახორციელოს მის განკარგულებაში მყოფ საბაგირო მოწყობილობასთან დაკავშირებული ყველა საფრთხის შეფასება (რისკის ანალიზი) და აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიიღოს ზომები მომხმარებლების, დასაქმებულებისა და მესამე პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია სათანადო კვალიფიკაციის მქონე პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალით; გ) დანიშნოს საბაგირო მოწყობილობის გამართულ მდგომარეობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების პირი - გზის უფროსი, რომელსაც აქვს უმაღლესი ტექნიკური განათლება ან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება და გააჩნია ბაგირგზაზე პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; დ) უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალის თანამდებობრივი და სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების ინსტრუქციების შემუშავება, პერსონალისთვის გაცნობა, ინსტრუქციების სრულყოფილობის ანალიზი და მათი შესრულებაზე კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში გადასინჯვა და შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარება; ე) უზრუნველყოს პასუხისმგებელი და მომსახურე პერსონალის მიერ რეგლამენტისა და ინსტრუქციების მოთხოვნათა ცოდნის პერიოდული შემოწმება; ვ) ავარიულ შემთხვევებში (საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობა, ელექტრო ენერგიის გამორთვა და სხვა.) საბაგირო მოწყობილობის სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი მგზავრების დროული განთავისუფლებისათვის საჭირო სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება; ზ) მომხმარებლებისთვის საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების ინსტრუქციის ხელმისაწვდომობა და მათ შესრულებაზე კონტროლი. 4. დაუშვებელია საბაგირო მოწყობილობის შენობა-ნაგებობების მზიდუნარიანობის დაუსაბუთებელი შემცირება. 5. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის პროცესში უწესივრობათა გამოვლენისას, აგრეთვე არსებული რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის დროს გზის უფროსმა უნდა მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გააჩეროს გზა. კერძოდ, გზის ექსპლუატაცია არ დაიშვება, როდესაც: ა) გასულია მორიგი ტექნიკური შემოწმების ვადა; ბ) არ ემსახურება სათანადო კვალიფიკაციის მომსახურე პერსონალი; გ) მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა არ არის საიმედო და უსაფრთხო. 6. საბაგირო მოწყობილობას თან უნდა ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია. საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში, იგი უნდა აღდგეს დამამზადებლის მეშვეობით. თუ ეს შეუძლებელია ტექნიკური დოკუმენტაცია აღდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდგომში-სტანდარტი) მოთხოვნათა შესაბამისად. 7. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: თითოეული ქვესისტემის და მასში გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის დეკლარაციებსა და სერტიფიკატებს; აგების გეგმებს და გამოთვლებს; ელექტრონულ და ჰიდრავლიკურ სქემებს; მართვისა და კონტროლის წრედების სქემებს; კომპიუტერული და ავტომატური სისტემების აღწერილობას; ექსპლუატაციისა და მომსახურების ინსტრუქციებს; ქვესისტემებში გამოყენებული, უსაფრთხოების ანალიზის შედეგად გათვალისწინებულ უსაფრთხოების კომპონენტების ჩამონათვალს; გზის გეგმასა და პროფილებს; გზაზე სასწავლო სამაშველო ოპერაციის (სატრანსპორტო საშუალებებიდან მგზავრთა ევაკუაციის) ჩატარების ინსტრუქციებს. მომსახურებისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. 8. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, რომლის წარმოება და განთავსება უნდა განხორციელდეს უშუალოდ ობიექტზე, დადგენილია სტანდარტით. საბაგირო მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია რისკის ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსის, მოცულობის და რაოდენობის საკმარისობა. 9. საბაგირო მოწყობილობის სადგურებში თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას: მგზავრთა გადაყვანის წესები; ვაგონით გადასაყვან მგზავრთა რიცხვი; გადასაყვან მგზავრთა მიმართ დაწესებული შეზღუდვები. წრიულ საბაგირო გზებზე, სადგურებთან ახლომდებარე საყრდენებზე საჭიროა გამოიკრას სავარძლებში მგზავრთა ქცევის საილუსტრაციო პლაკატები, აგრეთვე გამაფრთხილებელი წარწერები სავარძლებიდან მგზავრთა გადმოსვლის მომზადების შესახებ. 10. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციისას არსებული ფაქტობრივი პირობები (კლიმატური ფაქტორები, გარემოს აგრესიულობა, მუშაობის რეჟიმი, ქარის დატვირთვები, რაიონის სეისმურობა) არ უნდა იყოს უარესი იმ პირობებთან შედარებით, რომლებიც დადგენილია საბაგირო მოწყობილობის და მისი უსაფრთხოების კომპონენტებისათვის დამამზადებლის მიერ. 11. ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებთან საბაგირო მოწყობილობის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია საბაგირო მოწყობილობის მფლობელი. 12. საბაგირო მოწყობილობის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 13. თუ საბაგირო მოწყობილობა დაპროექტებულია იმგვარად, რომ სატრანსპორტო საშუალებაში ჩარჩენილ მგზავრებს შეუძლიათ ჩამოსვლა/გადმოსვლა სხვა პირების დახმარების გარეშე, კაბინაში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ქმედებების შესრულების მკაფიო და თვალსაჩინო ინსტრუქციები. 14. მუშაობის დაწყების წინ საბაგირო მოწყობილობა უნდა გაისინჯოს უქმ სვლაზე, შემდეგ კი მოხდეს მისი დათვალიერება ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად. მგზავრთა გადაყვანის დაწყება დასაშვებია, თუ არ გამოვლინდა უწესივრობანი და დარღვევები. დათვალიერების შედეგები უნდა დაფიქსირდეს. 15. საგანგებო მდგომარეობის დროს (ქრიშხალი, ჭექა–ქუხილი, ზვავი და ა.შ) საბაგირო მოწყობილობის მუშაობის განახლებისას სავალდებულოა საკონტროლო გაშვება შესრულდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად. 16. საბაგირო მოწყობილობა უნდა დაექვემდებაროს ტექნიკურ დიაგნოსტირებას სამუშაო რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, ხოლო შემდგომი დიაგნოსტირებას, შემოწმების დასკვნის შედეგებიდან გამომდინარე.
მუხლი 4. საბაგირო მოწყობილობის რეგისტრაცია საბაგირო მოწყობილობი ექსპლუატაციაში გაშვებამდე, უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი”-ს შესაბამისად.
თავი III. ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობისადმი.
მუხლი 5. საერთო მოთხოვნები 1. საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას. 2. ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობების ქვესისტემების და მათი უსაფრთხოების კომპონენტების ტექნიკური მდგომარეობა, უნდა უზრუნველყოფდეს რეგლამენტთან და იმ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობას, რომელთა მიხედვითაც ისინი არიან დაპროექტებული და დამზადებული. 3. დაუშვებელია საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია როდესაც: ა) გაუმართავია მუხრუჭები; ბ) ბაგირების დეფექტები აღემატება დასაშვებ ზღვარს; გ) გაუმართავ მდგომარეობაშია უსაფრთხოების ხელსაწყოები (საბოლოო ამომრთველები, მონიტორინგისა და კონტროლის ხელსაწყოები), მაშველი მოწყობილობა, დამცავი ნაგებობები. დ) აღინიშნება დაუშვებელი სიდიდის ბზარები და/ან კოროზია მოწყობილობის და ლითონკონსტრუქციების საპასუხისმგებლო ადგილებში; ე) არ არის ჩატარებული ტექნიკური შემოწმება. ვ) ქარის სიჩქარე აღემატება დასაშვებ ნორმას. 4. საბაგირო მოწყობილობის ელ. მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაცია უნდა წარმოებდეს ელექტრომოწყობილობების მიმართ დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად. 5. საბაგირო მოწყობილობებზე არ ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ტექნიკური ნორმებით, რომელთა შესაბამისად მოწყობილობები არიან დაპროექტებული და დამზადებული. აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №320 დადგენილებით დამტკიცებული ,,ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დამონტაჟებულ საბაგირო მოწყობილობზე. 6. ამ თავში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა განხორცილდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 6. გარემო პირობების გათვალისწინება საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი უსაფრთხოდ ფუნქციონირება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოწყობილობის ტიპი, იმ ადგილმდებარეობის ბუნებრივი პირობები და ფიზიკური თვისებები, სადაც ის არის განლაგებული, გარემო, ატმოსფერული და მეტეოროლოგიური ფაქტორები და შესაძლო დაბრკოლება, რომელიც განთავსებულია მოწყობილობის უშუალო სიახლოვეს – მიწაზე ან ჰაერში.
მუხლი 7. მოწყობილობის მახასიათებლები 1. საბაგირო მოწყობილობა, მისი ქვესისტემები და უსაფრთხოების კომპონენტი უნდა უზრუნველყოფდეს, ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილ ყველა პროგნოზირებად ზემოქმედების მიმართ გამძლეობას, მათ შორის, მოწყობილობის ფუნქციონირების შეჩერების დროს. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გარე ზემოქმედების ფაქტორები, დინამიკური დატვირთვები და მასალის დაღლილობის გამოვლინებები. 2. საბაგირო მოწყობილობა, ქვესისტემა და ყველა უსაფრთხოების კომპონენტი ექსპლუატაციის ეტაპზე უნდა ინარჩუნებდეს მომსახურების, შეცვლის და შემოწმებისათვის საჭირო სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობას. 3. უსაფრთხოების კომპონენტი ექსპლუატაციის პროცესში უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მისი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა იყოს მინიმალური და ჰქონდეს უსაფრთხოების საკმარისი მარაგი, არ უნდა დაირღვეს უსაფრთხოების კომპონენტის მთლიანობა იმ მოწყობილობასთან, რომელზეც ის არის დამონტაჟებული. 4. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების კომპონენტის ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დროული მიღება. 5. დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების კომპონენტების გეგმური შემოწმების პერიოდულობა, რომელიც მითითებული უნდა იყოს ექსპლუატაციის ინსტრუქციაში. 6. ექსპლუატაციის პროცესში დაუშვებელია იმ მოწყობილობის გაუმართავ მდგომარეობაში ყოფნა, რომლის დანიშნულებაა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოება. 7. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციისას მიღებული უნდა იქნას ზომები მოწყობილობისა და ადამიანების მეხისგან დასაცავად. 8. დამცავი დამიწება და დანულება უნდა გამორიცხავდეს ელექტროდანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ადამიანების ძაბვის ქვეშ მოხვედრის შესაძლებლობას. 9. დამჭიმი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ბაგირების დაჭიმულობას დასაშვებ ზღვრებში და საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციას, სვლა უნდა შეზღუდული იყოს საბჯენებით და კონტროლდებოდეს საბოლოო გამომრთველებით.
მუხლი 8. უსაფრთხოების სისტემა 1. საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ნებისმიერი გაუმართაობის (რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დაზიანებაში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების პირობების დარღვევა) გამოვლენას, დამუშავებას და თუ საჭიროა გაჩერებას. იგივე შეეხება ნებისმიერ სხვა გარე პროგნოზირებად მოვლენას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების უსაფრთხოებას. 2. უსაფრთხოების სისტემის მიერ მოწყობილობის გაჩერების შემთხვევაში, შეუძლებელი უნდა იყოს მოწყობილობის ხელახალი ჩართვა, სანამ სათანადო უსაფრთხოების ზომები არ იქნება მიღებული. 3. საბაგირო მოწყობილობაზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მექანიკური გამორთვის შესაძლებლობა. 4. საბაგირო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს გეგმურ ან არაგეგმურ მომსახურებასა და შეკეთებასთან დაკავშირებულ პროცედურების უსაფრთხოდ განხორციელებას.
მუხლი 9. უარყოფითი ზემოქმედება მოწყობილობაზე საბაგირო მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს ნებისმიერი შიდა და გარე ფაქტორებით გამოწვეული დისკომფორტის, მავნე აირების, ხმაურის ან ვიბრაციის სახით, შემცირებას დადგენილ ზღვრებამდე.
მუხლი 10. განლაგება, სიჩქარე და მანძილი სატრანსპორტო საშუალებებს შორის 1. საბაგირო მოწყობილობა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანებს, ექსპლუატაციის, სარემონტო სამუშაოების ან შესაბამის შემთხვევებში ადამიანთა გადასარჩენად გამიზნული სამაშველო ოპერაციების ჩატარებისას. 2. საბაგირო სატრანსპორტო საშუალებებს, საბუქსირე მოწყობილობებს, სავალ გზებსა და ბაგირებს შორის, ასევე მათთან უშუალო სიახლოვეს, მიწაზე ან ჰაერში არსებულ ნაგებობებსა და დაბრკოლებებს შორის შენარჩუნებული და დაცული უნდა იქნეს საკმარისი ჰორიზონტალური და ვერტიკალური უსაფრთხო მანძილები. გათვალისწინებული უნდა იქნეს ბაგირების და სატრანსპორტო საშუალებების ან საბუქსირე მოწყობილობების ვერტიკალური, გასწვრივი და ჰორიზონტალური გადაადგილება, მუშაობის ყველაზე არახელსაყრელ პროგნოზირებად პირობებში. 3. მაქსიმალური მანძილი სატრანსპორტო საშუალებებსა და მიწას შორის უნდა ითვალისწინებდეს მოწყობილობების მახასიათებლებს, სატრანსპორტო საშუალებების და სამაშველო პროცედურების სახეობას. ღია კაბინის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ვარდნის რისკი, ასევე ფსიქოლოგიური ასპექტი ასოცირებული სატრანსპორტო საშუალებებსა და მიწას შორის მანძილთან. 4. საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების ან სათრეველა საშუალებების მაქსიმალური სიჩქარე, აჩქარება, დამუხრუჭება და მათ შორის მინიმალური მანძილი უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანების უსაფრთხოებას და მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციას.
მუხლი 11. სადგურები და ნაგებობები საბაგირო გზის გასწვრივ 1. სადგურები და ნაგებობები საბაგირო მოწყობილობის გასწვრივ უნდა იყოს მდგრადი და ჰქონდეს უსაფრთხო მისასვლელები და მისადგომები. სადგურები და ნაგებობები პროგნოზირებად საექსპლუატაციო პირობებში უნდა უზრუნველყოფდეს ბაგირების, საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების და სათრეველა საშუალებების უსაფრთხო მართვას და სარემონტო მომსახურების უსაფრთხო განხორციელებას. 2. საბაგირო მოწყობილობის შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები უნდა უზრუნველყოფდეს საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების, საბუქსირე მოწყობილობებისა და ადამიანების უსაფრთხო გადაადგილებას. სადგურებში სატრანსპორტო საშუალებებსა და სათრეველა საშუალებებზე ადამიანებს უნდა შეეძლოთ განთავსდნენ რისკის გარეშე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი შესაძლო აქტიური მონაწილეობა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის თანხვედრისთვის. 3. საბაგირო გზის სადგურები და მათში განთავსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობები დაცული უნდა იქნას კლიმატური პირობების ზემოქმედებისაგან.
მუხლი 12. ბაგირები და მათი სამაგრი საშუალებები 1. ექსპლუატაციის პროცესში ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული იმისათვის, რომ: ა) თავიდან იქნეს აცილებული ბაგირების და მათი სამაგრი საშუალებების მწყობრიდან გამოსვლა; ბ) დაცულ იქნეს ბაგირებისა და სამაგრი საშუალებების მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვების/დაძაბულობის ზღვრები; გ) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირების საიმედო დამაგრება/დაკავშირება სამაგრ საშუალებებზე ბაგირების გადმოვარდნის თავიდან ასაცილებლად; დ) ბაგირები და საყრდენი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს მათი დათვალიერების/შემოწმების საშუალებას; ე) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირის ექსპლუატაცია სიმტკიცის მარაგის გათვალისწინებით; ზ) უზრუნველყოფილ იქნეს ბაგირის საიმედო დამაგრება და შეერთება. 2. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა შესაძლებელი იქნეს ბაგირის მიმმართველში დაბრუნება. ბაგირის მიმმართველებიდან ამოვარდნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საბაგირო მოწყობილობის გამორთვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
მუხლი 13. ამძრავი მოწყობილობა 1. საბაგირო მოწყობილობის ამძრავი სისტემა უნდა იყოს თავსებადი და საკმარისად მძლავრი, რათა უზრუნველყოს მართვის სისტემის სხვადასხვა გათვალისწინებულ რეჟიმში მუშაობა. 2. დაუშვებელია იმ საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაცია გამართული სარეზერვო ამძრავი მოწყობილობის გარეშე, როდესაც საბაგირო მოწყობილობის გაჩერების შემთხვევაში მგზავრებს არ შეუძლიათ საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საბუქსირე მოწყობილობების, ადვილად, სწრაფად და უსაფრთხოდ დატოვება. 3. სარეზერვო ამძრავის არსებობა არ არის აუცილებელი, თუ მის გარეშეც მგზავრებს შეუძლიათ საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საბუქსირე მოწყობილობების, ადვილად, სწრაფად და უსაფრთხოდ დატოვება. 4. სარეზერვო ამძრავ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ძირითადი ამძრავი სისტემისგან დამოუკიდებელი ელექტრომომარაგების წყარო.
მუხლი 14. მუხრუჭი 1. საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის, ექსპლუატაციის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში, საექსპლუატაციო დატვირთვის და ბაგირის შკივთან არასათანადო მოჭიდებისას, შესაძლებელი უნდა იყოს საბაგირო მოწყობილობის და/ან საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერ დროს გაჩერება. სამუხრუჭე მანძილი უნდა იყოს ისეთი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოწყობილობის უსაფრთხოება. 2. დამუხრუჭების დროს შენელების სიდიდე უნდა იყოს იმ ზღვრებში, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანთა უსაფრთხოება, ბაგირების, სატრანსპორტო საშუალებისა და მოწყობილობის სხვა ნაწილების გამართული მუშაობა. 3. ყველა საბაგირო მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ორი ან მეტი სამუხრუჭე სისტემა, თითოეულს უნდა შეეძლოს მოწყობილობის გაჩერება და ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ძირითადი მოქმედი სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას შესაძლებელი იყოს დამატებითი მუხრუჭით ჩანაცვლება. საწევი ბაგირის სამუხრუჭე სისტემათაგან ერთ-ერთი დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ ამძრავ შკივზე. აღნიშნული არ ვრცელდება სათრეველა საწეველებზე. 4. საბაგირო მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტური სამაგრი და ჩამკეტი მექანიზმით, რათა გამორიცხული იყოს მოწყობილობის გაუთვალისწინებელი განმეორებითი ჩართვა.
მუხლი 15. მართვის მოწყობილობები მართვის მოწყობილობები უნდა იყოს უსაფრთხო და უძლებდეს ნორმალურ სამუშაო დატვირთვას და ისეთ გარე ფაქტორებს, როგორებიცაა სინესტე, ექსტრემალური ტემპერატურა ან ელექტრომაგნიტური ხარვეზები და არ ქმნიდეს საფრთხეს, მათ შორის, ოპერაციული შეცდომის შემთხვევაშიც.
მუხლი 16. საკომუნიკაციო მოწყობილობები საბაგირო მოწყობილობაზე უნდა იყოს და გამართულად მუშაობდეს კომუნიკაციის სათანადო მოწყობილობები, რათა მომუშავე პერსონალს ნებისმიერ დროს შეეძლოს ერთმანეთთან დაკავშირება და საგანგებო სიტუაციებში მომხმარებლების შესაბამისი ინფორმირება.
მუხლი 17. სატრანსპორტო და სათრეველა საშუალებები 1. სატრანსპორტო და/ან სათრეველა საშუალებები პროგნოზირებად სამუშაო პირობებში უნდა გამორიცხავდეს ადამიანის გადმოვარდნას ან მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს. 2. სატრანსპორტო და სათრეველა საშუალებების აღჭურვილობა არ უნდა აზიანებდეს ბაგირს, გამორიცხულ უნდა იყოს აღნიშნული აღჭურვილობის გასრიალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი გასრიალება არსებით საფრთხეს არ უქმნის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებას, სათრეველა საშუალებას ან საბაგირო მოწყობილობას. 3. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, როდესაც არ იხურება და/ან არ იკეტება კარები (ვაგონებზე, კაბინებზე). სატრანსპორტო საშუალების იატაკი უნდა უძლებდეს მომხმარებლებისგან წარმოქმნილ ზეწოლას და დატვირთვას ნებისმიერი გარემოების დროს. 4. თუ საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის ოპერატორს მოეთხოვება, რომ იმყოფებოდეს საბაგირო მოწყობილობის სატრანსპორტო საშუალებაში, დაუშვებელია ისეთი სატრანსპორტო საშუალების მუშაობა, რომელსაც გაუმართავი აქვს აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერატორს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. 5. სატრანსპორტო საშუალებები და/ან საბუქსირე მოწყობილობები, კერძოდ კი, მათი შეჩერების მექანიზმები უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას მათზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს. 6. თუ სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია ჩახსნადი მოწყობილობით, მათი გამგზავრების ან ჩამოსვლის დროს, თუ ჩასახსნელი სამაგრი არასწორედ მიუერთდა ან ჩაეხსნა ბაგირს, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს სატრანსპორტო საშუალების ჩამოვარდნა და რისკის ქვეშ გაჩერება. 7. ფუნიკულიორის და ორბაგირიანი (საწევი და მზიდი) საბაგირო გზის სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სამუხრუჭე მოწყობილობით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორბაგირიანი საბაგირო გზის კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე ავტომატურ სამუხრუჭე სისტემას არ საჭიროებს. 8. თუ არ არის გამორიცხული სატრანსპორტო საშუალების გზიდან გადასვლის რისკი, სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს ავარიის საწინააღმდეგო მოწყობილობით, რომელიც შეაჩერებს სატრანსპორტო მოწყობილობას ადამიანებისთვის რისკის გარეშე.
მუხლი 18. მოწყობილობა მომხმარებლებისათვის 1. მგზავრთა ჩასასხდომა-გადმოსასხდომის ადგილები მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფდეს მგზავრების უსაფრთხოებას, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც არსებობს ჩავარდნის საფრთხე. 2. ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ საბაგირო მოწყობილობის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა ითვალისწინებს მათ გადაყვანას. 3. მოწყობილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ყველა მიღებული უსაფრთხოების ზომა უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენებას ტექნიკური სპეციფიკაციისა და საექსპლუატაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.
მუხლი 19. უსაფრთხოება მოწყობილობის გამორთვის შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები, რათა მოწყობილობის ტიპისა და მისი გარემო პირობების გათვალისწინებით, შესაბამის დროში უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა უსაფრთხოება, როდესაც მოწყობილობა გამორთულია და ვერ ხერხდება მისი სწრაფი ხელახალი ჩართვა.
მუხლი 20. ოპერატორების მართვის ინსტრუმენტები და სამუშაო ადგილი მოძრავი ნაწილები, რომლებიც მართვის სადგურებში ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია, აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი საშუალებებით, რათა გამოირიცხოს მათ მოძრავ ნაწილებთან ნებისმიერი შეხება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს უბედური შემთხვევა. შეუძლებელი უნდა იყოს ასეთი საშუალებების ადვილად მოხსნა და მწყობრიდან გამოყვანა.
მუხლი 21. ვარდნის რისკი სამუშაო სივრცე და მათთან მისასვლელი, მათ შორის ისეთიც, რომელიც იშვიათად გამოიყენება, უნდა მოეწყოს ისე, რომ გამორიცხული იყოს მომუშავეთა ვარდნის საფრთხე. იმ შემთხვევაში, თუ კონსტრუქცია არ არის ადეკვატური, მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალების სამაგრი წერტილები.
მუხლი 22. ინფორმაციის დატანა საბაგირო მოწყობილობაზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა იშლებოდეს ადვილად. მითითებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) მწარმოებლის/დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) მინიჭებულ სერიასა და ტიპს; გ) სერიულ ნომერს; დ) დამზადების წელს.
თავი III. ტექნიკური შემოწმება, რემონტი, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია
მუხლი 23. ტექნიკური შემოწმება 1. ექსპლუატაციაში მყოფი საბაგირო მოწყობილობის საიმედობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ტექნიკური შემოწმება ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და/ან სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. საბაგირო მოწყობილობის საიმედოობის დადგენისთვის ორგანიზებული უნდა იყოს სტატიკური და დინამიკური გამოცდების ჩატარება, დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს აღნიშნულ მეთოდიკას, მაშინ გამოცდები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მიხედვით.
მუხლი 24. საბაგირო მოწყობილობის რემონტი 1. საბაგირო მოწყობილობის რემონტისთვის დაუშვებელია ისეთი ტექნიკური მახასიათებლების მქონე მასალების, ასევე მექანიკური, ელექტრული და მაკომპლექტებელი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საბაგირო მოწყობილობის ტექნიკური დოკუმენტაციით და საფრთხეს შეუქმნის საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციას. 2. საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის გამწევმა უნდა უზრუნველყოს საბაგირო მოწყობილობის ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა. 3. საბაგირო მოწყობილობის რემონტისთვის გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტებისა და სხვა მაკომპლექტებელი ნაკეთობების, საბაგირო მოწყობილობის და მის ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია საბაგირო მოწყობილობის სარემონტო სამუშაოების განმახორციებელი პირი. 4. ლითონკონსტრუქციების შედუღება უნდა წარმოებდეს სათანადო კვლიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. შედუღებით შეერთების სახეები, კონტროლისა და შეფასების ნორმები, უნდა განისაზღვროს სარემონტო სამუშაოებისთვის შემუშავებული ტექნიკური პირობებით სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. 5. მზიდი, მზიდ-საწევი, და დამჭიმი ბაგირების დამონტაჟების წინ საჭიროა მათი გამოცდა ბაგირსაცდელ სადგურში. 6. მზიდი და დამჭიმი ბაგირების შეცვლის ან დამოკლების დროს აუცილებელია ახალი ქუროების დაყენება. 7. მზიდი ბაგირის გადაბმა დაუშვებელია იმ მონაკვეთზე, სადაც ვაგონი მოძრაობს.
მუხლი 25. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია 1. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №320 დადგენილებით დამტკიცებული ,,ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე. 3. საბაგირო მოწყობილობის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტებისა და სხვა მაკომპლექტებელი ნაკეთობების საბაგირო მოწყობილობის და საბაგირო მოწყობილობის ექსპლუატაციის ფაქტიურ პირობებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია: - საბაგირო მოწყობილობის პროექტირების ეტაპზე დამპროექტებელი; - რეკონსტრუქციის ეტაპზე, რეკონსტრუქციის განმახორციელებელი.
მუხლი 26. საბაგირო მოწყობილობის მოდერნიზაცია 1. საბაგირო მოწყობილობის მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს დამამზადებელი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე და დამზადებისთვის გათვალისწინებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. 2. მოდერნიზებული საბაგირო მოწყობილობა ითვლება ტექნიკურად გამართულად, თუ მისი ტექნიკური მდგომარეობის შებამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დადასტურებულია შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ.
თავი IV. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები
მუხლი 27. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა 1. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველ, მე-6 და მე-13 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-14 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-15 მუხლში, მე-16 მუხლში, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-6 და მე-8 პუნქტებში, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-19 მუხლში, მე-20 მუხლში, 21-ე მუხლში, 24-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას. 2. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, მე-10, მე-11, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-7 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, 23-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 24-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.
მუხლი 28. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა 1. რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას. 2. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, 24-ე მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.
მუხლი 29. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა რეგლამენტის 27-ე და 28-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.
|
დოკუმენტის კომენტარები