ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017639
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
439
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017639
ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/01/2014 - 13/10/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №439

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

             ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ


მუხლი 1. გავრცელების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში -  რეგლამენტი)  ადგენს უსაფრთხოების მოთხოვნებს ესკალატორების  პროექტირების, დამზადების, მონტაჟის, რეკონსტრუქციის, შეკეთებისა და ექსპლუატაციისადმი.

2.  რეგლამენტი ვრცელდება:

საგვირაბო და  სართულშორის ესკალატორებზე, რომელთაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები და მახასიათებლები: წარმოადგენს მექანიკურად ამძრავ,  კიბის ბრტყელას (ტვირთმზიდი ელემენტი, რომელიც შედგება საფეხურებისაგან და გაერთიანებულია წევის ჯაჭვებით) ჩაკეტილი კონტურის მქონე მოწყობილობას, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი საფეხურის ზედაპირი რჩება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და განკუთვნილია ერთი დონიდან მეორეზე ადამიანების ტრანსპორტირებისათვის, ასევე ესკალატორების ნომინალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს:

ა) არაუმეტეს 300 დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0,95 მ/წმ-ს;

ბ) 300-ზე მეტი და 350-მდე დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0.50 მ/წმ-ს.

3. რეგლამენტი არ ვრცელდება მოძრავ ბილიკებზე, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი ზედაპირი რჩება მისი მოძრაობის მიმართულების პარალელურად და მოძრაობს უწყვეტად, ხოლო მოძრავი ბილიკების დახრის კუთხე არ  აღემატება 120-ს.

 

   მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნი­შვ­ნელობა:

1. სართულშორისი ესკალატორი - ესკალატორი, განკუთვნილი შენობებისა და ნაგებობების სართულებს შორის დასაყენებლად.

2. საგვირაბო ესკალატორი - ესკალატორი, განკუთვნილი გვირაბებში (გალერეებში) დასაყენებლად.

3. ესკალატორის მთავარი ამძრავი - ამძრავი, განკუთვნილი ესკალატორის კიბის ბრტყელას გადასაადგილებლად მგზავრების ტრანსპორტირებისას.

4. ესკალატორის დამხმარე ამძრავი - ამძრავი, განკუთვნილი ესკალატორის კიბის ბრტყელას გადასაადგილებლად მონტაჟის, დემონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების დროს, აგრეთვე ავარიული მუხრუჭის განმუხრუჭებისას.

5. ესკალატორის მუშა მუხრუჭი - მოწყობილობა, განკუთვნილი ესკალატორის კიბის ბრტყელას გასაჩერებლად ელექტროძრავას გამორთვისას.

6. ესკალატორის ავარიული მუხრუჭი - მოწყობილობა, განკუთვნილი ესკალატორის კიბის ბრტყელას გასაჩერებლად სიჩქარის ბლოკირების მოქმედებისას და მოძრაობის მიმართულების თვითნებურად შეცვლისას, აგრეთვე მუშა მუხრუჭის მტყუნებისას.

7. ესკალატორის კიბის ბრტყელა - ესკალატორის ტვირთმზიდი ელემენტი, რომლელიც შედგება წევის ჯაჭვებით გაერთიანებული საფეხურებისაგან.

8. ესკალატორის საფეხური - კიბის ბრტყელას ნაწილი, განკუთვნილი მგზავრების განსათავსებლად.

9. ესკალატორის საფეხურის ფენილი - საფეხურის დაღარული მუშა ზედაპირი შვერილებისა და ღრმულების სახით, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების კიბის ბრტყელაზე შესვლისა და გადმოსვლის უსაფრთხოებას.

10. ესკალატორის კიბის ბრტყელას (სახელურის) ტრასა - კიბის ბრტყელას (სახელურის) ძირითადი და დამხმარე მორბედების მიმმართველების, კონტრმიმმართველების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს კიბის ბრტყელას (სახელურის) გადაადგილებას მოცემული ტრაექტორიით.

11. საფეხურის (სახელურის) მორბედების მიმმართველი - კიბის ბრტყელას (სახელურის) ტრასის ელემენტი, რომელიც შედგება მუშა და არამუშა შტოებისაგან.

12. ესკალატორის ბალუსტრადა - ფარების, კარნიზებისა და სხვა ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც გამოყოფს მგზავრებს მექანიზმებისა და ლითონკონსტრუქციისაგან მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და გამოიყენებს ინტერიერის შესაქმნელად

13. ესკალატორის სახელური - უწყვეტი ლენტი, რომელიც გადაადგილდება სახელურის მოწყობილობის ტრასაზე, განკუთვნილი მგზავრის ხელის დასაყრდნობად.

14. ესკალატორის დამჭიმავი მოწყობილობის ბლოკირება - ბლოკირება, რომელიც გამორთავს ელექტროძრავას დამჭიმავი მოწყობილობის ვარსკვლავების გადაადგილებისას, რომელიც აჭარბებს რეგლამენტირებულ მნიშვნელობას.

15. ესკალატორის სამანქანო სათავსო - სათავსო, განლაგებული ზედა ვესტიბიული იატაკის ქვეშ, განკუთვნილი საგვირაბო ესკალატორის ელექტროამძრავის, ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობის, აგრეთვე დამხმარე სათავსოების განსალაგებლად  ესკალატორის ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად.

16. სპეციალიზებული ორგანიზაცია – პირი, რომელიც ახორციელებს ატრაქციონების დაპროექტებას, კონსტრუირებას, დამზადებას, მონტაჟს და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციის ტექნიკური პერსონალი და სათანადო აღჭურვილობა (სადიაგნოსტიკო, გამზომი და სხვა მოწყობილობა).

 

მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები

1. ესკალატორების დაპროექტება, დამზადება, დამონტაჟება და ექსპლუატაცია უნდა წარმოებდეს  რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდგომში-სტანდარტი)    მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ესკალატორის კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს.

3. ესკალატორი და მისი კვანძები უნდა უზრუნველყოფდეს სიმტკიცეს და საიმედოობას, უნდა იყოს უსაფრთხო ექსპლუატაციის, შეკეთების და  ტექნიკური მომსახურებისათვის.

4. ესკალატორის ელექტრომოწყობილობა, მისი მონტაჟი და ექპლუატაცია, უნდა შეესაბამებოდეს ელექტროდანადგარების მიმართ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.       

5. კიბის ბრტყელას გახსნის (განპირაპირების) შემთხვევაში ესკალატორის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს კიბის ბრტყელას მუშა შტოს გეომეტრიული ფორმის შენარჩუნებას.     

6. ესკალატორის კონსტრუქციაში უნდა იყოს გათვალისწინებული მოწყობილობები, რომლებიც გამორიცხავს შესასვლელი მოედნების წინ საფეხურის აწევას.

7. ესკალატორის დასაშლელი შეერთებების დამაგრება უნდა გამორიცხავდეს მათ თვითნებურ დაშლას.

8. ესკალატორის შემადგენელ ნაწილებში, რომლებიც გადასცემენ მგრეხავ მომენტს, ჩასმების გამოყენება გარანტირებული ჭექით დამატებითი დამაგრების გარეშე (სოგმანებით, ჭანჭიკებით და ა.შ.) დაუშვებელია.

9. ესკალატორის ნაწილები უნდა იყოს დაცული კოროზიისაგან მათი კლიმატური შესრულების შესაბამისად.

10. ღერძები, რომლებიც გამოყენებულია ბლოკების, გორგოლაჭების და სხვა მბრუნავი ნაწილების საყრდენად, უნდა იყოს საიმედოდ მიმაგრებული და აღჭურვილი სამარჯვებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ უძრაობას.

11. ესკალატორის მბრუნავ  ნაწილებს (ლილვები, ვარსკვლავები, კბილათვლები, წევისა და ამძრავი ჯაჭვები და ა.შ.) უნდა ჰქონდეთ დამცავი გარსაცმი ან შემოღობვა, მომსახურე პერსონალის  შემთხვევითი შეხებისას ტრავმირებაგან დასაცავად.

12. ესკალატორის კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს მექანიზმების და ელექტრომოწყობილობის დაცვას მტვერისა და ჭუჭყისაგან.

13. ესკალატორის გარე ნაწილების, სამანქანო სათავსოს, დამჭიმავი სადგურისა და საგვირაბო ესკალატორების გასასვლელების განათებულობა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო მომსახურეობას.

14. ესკალატორს თან უნდა ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში დოკუმენტაცია უნდა შედგეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

15. ესკალატორის ექსპლუატაცია და მომსახურეობა  უნდა ხორციელდებოდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა დაცვით.

 

მუხლი 4.  ესკალატორების ძირითადი პარამეტრები, ზომები და დატვირთვები

ესკალატორების და მათი საამწყობო ერთეულების ძირითადი პარამეტრები, ზომები, მოწყობის სქემა, დატვირთვები, სამუხრუჭო მომენტისა და სიმტკიცის მარაგი  უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 5.  მასალების შედუღება და შედუღების ხარისხის კონტროლი

1. ლითონკონსტრუქციების შედუღება უნდა განხორციელდეს სათანადო კვლიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ.  შედუღებით შეერთების სახეები, კონტროლისა და შეფასების ნორმები, უნდა განისაზღვროს  საშემდუღებლო სამუშაოებისთვის შემუშავებული ტექნიკური პირობებით სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ესკალატორის საპასუხისმგებლო კონსტრუქციების ელემენტების შედუღება, დამზადებისა და შეკეთებისათვის შედუღებისათვის მასალების (ძირითადი და საამკრებო შედუღების) შერჩევა უნდა მოხდეს ექსპლუატაციის, მოწყობილობების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის პირობების გათვალისწინებით.

3. შედუღების ტექნოლოგია უნდა  შემუშავდეს სპეციალიზირებული  ორგანიზაციის მიერ, რეგლამენტისა დაა სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.

4. ესკალატორის საანგარიშო კონსტრუქციების შესადუღებლად გამოყენებული შედუღების მასალები, უნდა უზრუნველყოფდეს ლითონის ნაკერისა და შედუღებული შეერთების ისეთ  მექანიკურ თვისებებს (სიმტკიცის, ზღვარი, ფარდობითი წაგრძელება, დარტყმითი სიბლანტე), რომლებიც არაა ნაკლები კონსტრუქციის ძირითადი ლითონის ჩამოთვლილი თვისებების  ქვედა ზღვარის მაჩვენებლებზე.

5. მზიდი ლითონკონსტრუქციების ერთ შეერთებაში  გამოყენებული სხვადასხვა მარკის ლითონის გამოყენების შემთხვევაში, შედუღებული ლითონის მექანიკური თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათ შორის უდიდესი სიმტკიცის ზღვრის მქონე ლითონის თვისებებს.

6. შედუღების შეერთებების ხარისხის კონტროლი  უნდა ხორციელდებოდეს:

ა) გარეგანი დათვალიერებით და გაზომვით;

ბ) რადიოგრაფიკული ან ულტრაბგერითი მეთოდით;

გ) საკონტროლო ნიმუშების მექანიკური გამოცდებით;

დ) სტანდარტით გათვალისწინებული არამრღვევი კონტროლის სხვა მეთოდით.

7. შედუღების ნაკერების კონტროლის შედეგები უნდა აისახოს  ესკალატორის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

                                        

მუხლი 6. ამძრავი

1. ესკალატორის მთავარი ამძრავი უნდა უზრუნველყოფდეს კიბის ბრტყელას გადაადგილებას სტანდარტითა და ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული საექსპლუატაციო სიჩქარით.    

2. ესკალატორის დამხმარე ამძრავი (ან სხვა მოწყობილობა) უნდა უზრუნველყოფდეს  კიბის ბრტყელას გადაადგილებას სტანდარტითა და ტექნიკური დოკუმენტაციით  გათვალისწინებული სარევიზიო (საშემკეთებლო) სიჩქარით, სამონტაჟო და სადემონტაჟო სამუშაოების, ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე ავარიული მუხრუჭის განმუხრუჭების დროს.

 

მუხლი 7. სამუხრუჭო სისტემა

1.  საგვირაბო ესკალატორი აღჭურვილი უნდა იყოს სამუხრუჭო სისტემით, რომელიც შედგება ორი (ან მეტი), მუშა და არანაკლებ ერთი ავარიული მუხრუჭებისაგან. ავარიული მუხრუჭი განლაგებული უნდა იყოს მთავარ ლილვზე.

2.  სართულშორისი ესკალატორები აღჭურვილი უნდა იყოს  მუხრუჭით, რომელსაც გააჩნია ორი დამოუკიდებლად მოქმედი ხუნდი.

3. ნორმალურად ჩაკეტილი ტიპის მუშა მუხრუჭი  დაყენებული უნდა იყოს რედუქტორის შემავალ ლილვზე, ხოლო ავარიული მუხრუჭი მთავარ ამძრავ ლილვზე.

4. ავარიული მუხრუჭის  ელექტროკვება უნდა ხორციელდებოდეს ორი დამოუკიდებელი წყაროდან, რომლებიც ავტომატურად ენაცვლება ერთმანეთს. 

5. მუხრუჭის ელემენტების (ხუნდები, საწევი ზამბარები და სხვა) შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია მუხრუჭის ქმედითუნარიანობის შემოწმება ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, რის შესახებაც  ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ესკალატორის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

6. მუხრუჭების მოქმედებაში მოყვანა, დამუხრუჭების მანძილი და სამუხრუჭე მომენტის მარაგი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 8. კიბის ბრტყელა

1. საფეხურის მუშა ზედაპირი უნდა იყოს შვერილებისა და ღრმულების სახით, მათი ესკალატორის ღერძების გასწვრივ განლაგებით. საფეხურის ფენილი უნდა მთავრდებოდეს შვერილით ბალუსტრადასთან. ორ კიდურ შვერილს და მათ წინა ღრმულებს ყოველი მხრიდან უნდა ჰქონდეს კაშკაშა განსხვავებული ფერი.

2. კიბის ბტყელას მუდმივი დაჭიმულობის უზრუნველსაყოფად უნდა იყოს გათვალისწინებული დამჭიმავი მოწყობილობა.

 

მუხლი 9. შესასვლელი მოედნები

1. ესკალატორის კიბის ბტყელაზე უსაფრთხო შესვლისა და გადმოსვლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მოეწყოს შესასვლელი მოედნები დახრილი სავარცხლებით, რომელთა შეცვლა უნდა იყოს შესაძლებელი.

2. შესასავლელი მოედნის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ესკალატორის გაჩერებას მის ქვეშ გარეშე საგნების მოხვედრისას.

3. შესასვლელი მოედნის კონსტრუქციას უნდა ჰქონდეს მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს საფეხურის ფენილის სწორ მიმართულებას სავარცხლის კბილების მიმართ. ამასთან, უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ფენილის შვერილების გავლა სავარცხლის კბილებს შორის გვერდითი ურთიერთშეთანხმების გარეშე.

4. შესასვლელი მოედნების განათება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 10. საფეხურების მორბედების მიმმართველები

1. კიბის ბტყელას დამჭიმავი მოწყობილობის მიმმართველების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს დამჭიმავი ვარსკვლავას თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას  ესკალატორის ღერძის გასწვრივ ორივე მიმართულებით და დამჭიმავი მოწყობილობის ბლოკირების ამოქმედებას. გამორიცხული უნდა იყოს მიმმართველებისა და მისი პირაპირების აცდენა (წანაცვლება) ტრასის ყველა უბანზე (გარდა მაკომპენსირებელი პირაპირის უბნისა).

2. საფეხურების ფენილი უნდა ინარჩუნებდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობას საფეხურების მოძრაობის მთელ გზაზე ერთი შესასვლელი მოედნიდან მეორემდე.

3. მიმმართველებს უნდა ჰქონდეს ტრასა, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრობის ზონაში საფეხურების მდგომარეობას სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 

 

მუხლი 11. ბალუსტრადა

1. კიბის ბრტყელასა და სახელურების მუშა შტო განცალკევებული უნდა იყოს ესკალატორის მექანიზმების და ლითონკონსტრუქციისაგან მტკიცე, ხისტი, გლუვი და ძნელადწვადი მოპირკეთებით - ბალუსტრადით.

2. ბალუსტრადის კონსტრუქცია უნდა იყოს ადვილად დაშლადი  ტექნიკურ მომსახურებისათვის განკუთვნილ ადგილებში.

3. საფარველების ზედაპირი, რომლებიც საფეხურებისაკენ არის მიმართული, ხელს უნდა უშლიდეს მგზავრის ფეხსაცმლის მოჭიდებას. საფარველებზე თამასებისა და სამაგრების დაყენება კიბის ბრტყელას მხრიდან დაუშვებელია.

4. ბალუსტრადზე ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის, გამანათებლებისა და როზეტებისათვის დასაშვებია ცხაურების დაყენება.

5. ბალუსტრადის შიგა სიბრტყეების შესრულება, გვერდითი ფარების ზედა ნაპირებს შორის დაშორება, ელემენტებს (ფარები, თამასები, სამაგრები) შორის სიბტყეთა ვარდნილობა და ღრეჩო ბალუსტრადის ფარებისა და საფარველების პირაპირებში უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 12. სახელურის მოწყობილობა

1. ესკალატორის ორივე მხარეს ბალუსტრადაზე უნდა იყოს მოწყობილი მოძრავი სახელურები.

2. სახელურების მოძრაობის სიჩქარე არ უნდა განსხვავდებოდეს საფეხურების მოძრაობის სიჩქარისაგან 2%-ზე მეტად.

 

მუხლი 13. მაბლოკირებელი მოწყობილობები

1. ესკალატორი უნდა იყოს აღჭურვილი მაბლოკირებელი მოწყობილობით, რომელიც გამორთავს ელექტროძრავას კიბის ბრტყელას გაჩერებით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელურის გაწყვეტისას, ზომაზე მეტად გაჭიმვისას ან გაჩერებისას;

ბ) დამჭიმავი სადგურის ურიკის ერთი ან ორივე ვარსკვლავას გადაადგილებისას ამძრავის მხარეს ან უკუმიმართულებით 30 მმ-ზე მეტად;

გ) ავარიული მუხრუჭის ქანჩის ამოხვრახნისას ან ხრახნის გამოსვლისას (ტვითსაბჯენი მუხრუჭის გამოყენების შემთხვევაში)

დ) ავარიული ან მუშა მუხრუჭის ამოქმედებისას;

ე) მუშა მუხრუჭის ელექტრომაგნიტის ღუზის სვლის რეგლამენტირებულზე ნაკლები მარაგის შემთხვევაში;

ვ) შესასვლელი მოედნის აწევისას;

ზ) გაჩერების (”სდექ”) მოწყობილობაზე ზემოქმედებისას ესკალატორებს შორის ან ბალუსტრადის ფარებს იქით გასასვლელის ნებისმიერ ადგილზე, აგრეთვე გაჩერების (”სდექ”) ამომრთველზე ზემოქმედებისას;

თ) შესასვლელი მოედნების წინ საფეხურის აწევის ან დაწევის დროს;

ი) სახელურის მიმმართველებიდან აცდენისას (ამოვარდნისას) ქვედა მრუდ ხაზოვან უბანზე;

კ) შესასვლელი-გამოსასვლელი მოედნების წინ გადახურვის ფილების ახდისას ან მოიხსნისას (სართულშორისი ესკალატორებისათვის);

ლ) მუშა ესკალატორის ელექტროკვების დენმკვეთით გათიშვისას;

მ) ამძრავი ჯაჭვის გაწყვეტისას ან ზომაზე მეტად გაჭიმვისას.

ნ) სახელურის მოწყობილობის შესართავში უცხო საგნების მოხვედრისას (სართულშორისი ესკალატორებისათვის, ხოლო საგვირაბო ესკალატორებისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად).

2. მაბლოკირებელი მოწყობილობები ისე უნდა იყოს შესრულებული, რომ ნებისმიერი მათგანის ამოქმედებისას (გარდა მუშა და ავარიული მუხრუჭებისა და შესასვლელი მოედნების ბლოკირებებისა) ესკალატორის მუშაობაში გაშვება შესაძლებელი იყოს მხოლოდ მათი საწყის მდგომარეობაში იძულებით მოყვანის შემდეგ.

3. ესკალატორის ზედა და ქვედა ნაწილებში ორივე მხარეს უნდა იყოს დაყენებული არათვითდაბრუნებადი ამომმრთველები ესკალატორის ექსტრენული (სასწრაფო) გაჩერებისათვის, აღჭურვილი ”სდექ”  წარწერით. დასაშვებია თვითდაბრუნებადი ამომრთველების დაყენება არათვითდაბრუნებადი ბლოკირებების მოწყობით. თვითდაბრუნებადი ბლოკირებების ამოქმედებისას უნდა ჩაირთოს სიგნალი, რომელიც უჩვენებს, თუ რომელმა ბლოკირებამ გააჩერა ესკალატორი.

4. ესკალატორის კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მთავარი და დამხმარე ამძრავების ერთდროულ მუშაობას.

5. ესკალატორებზე გამორიცხული უნდა იყოს მგზავრებიანი ესკალატორის შეცდომით გაშვება უკუმიმართულებით ნებისმიერი პულტიდან.

 

მუხლი 14. მართვის მოწყობილობა

1. ესკალატორის მართვის სისტემა ესკალატორის გაშვებისას, დატვირთვის მიუხედავად უნდა უზრუნველყოფდეს სტანდარტით გათვალისწინებული სიდიდით აჩქარებას.

 2. ესკალატორის დატვირთვით გასაშვებად და გასაჩერებლად ზედა და ქვედა შესასვლელ მოედნებთან უნდა იქნეს დაყენებული მართვის პულტები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს  მხოლოდ მომსახურე პერსონალისათვის.

3.  დასაშვებია ესკალატორების აღჭურვა დისტანციური მართვის პულტებით, როგორც ესკალატორების განლაგების ზონაში, ასევე მის გარეთ.

4. კიბის ბრტყელაზე მგზავრებიანი ესკალატორის გაშვება დისტანციური მართვის პულტიდან დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია მგზავრებზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა.

5. დასაშვებია ესკალატორის აღჭურვა ავტომატური გაშვებისა და გაჩერების მოწყობილობებით, აგრეთვე ტელემექანიკისა და ტელემეთვალყურეობის საშუალებებით.

6. ავტომატური გაშვება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ესკალატორზე მგზავრების არყოფნისას.

7. დამხმარე ამძრავით ესკალატორის მართვისათის უნდა იყოს გათვალისწინებული:

ა) სტაციონარული მართვის პულტები, დაყენებული მთავარი ლილვის ახლოს, საფეხურის მოხსნის მოწყობილობასთან (საგვირაბო ესკალატორებისათვის) და დამჭიმავ კამერაში;

ბ) გადასატანი მართვის პულტები და  როზეტები მათ ჩასართავად;

გ) ასვლასა და ჩასვლაზე გაშვების სტაციონალური ღილაკები, დაყენებული ავარიულ მუხრუჭთან ლითონკონსტრუქციაზე. ეს ღილაკები იმავდროულად უნდა აშუნტებდეს მაბლოკირებელი წრედის კონტაქტებს, რომლებიც ითიშება ავარიული მუხრუჭის ამოქმედებისას.

8. გადასატანი მართვის პულტების შესრულებულება, გამოყენება და მათ სამართავად განკუთვნილი როზეტების განლაგება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 15. ესკალატორების სათავსოები და ესკალატორების დაყენება

1. სამშენებლო კონსტრუქციები უნდა იყოს გაანგარიშებული მგზავრებიანი ესკალატორის დატვირთვაზე. შენობის გადახურვა, რომელიც ემიჯნება ესკალატორს, უნდა იქნეს გათვლილი სამონტაჟო და სატრანსპორტო საშუალებებისა და ესკალატორის კვანძების დატვირთაზე.    

2. კონსტრუქციებისა და ესკალატორის ქვეშ ჩასაყოლებელი დეტალების დამუშავებაზე სამშენებლო დავალება უნდა შეიცავდეს ცნობებს ანგარიშისა და კონსტრუქციებისათის: საანგარიშო დატვირთვების სიდიდეს, მონაცემებს დატვირთვების ხასიათისა და მათი მოდების ადგილების შესახებ (თავმოყრილი და განაწილებული).

3. სათავსოს, რომელშიც იდგმება საგვირაბო ესკალატორი, უნდა ჰქონდეს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობას, აგრეთვე ესკალატორის კვანძებთან მისასვლელი მათი დათალიერებისა და მომსახურებისათვის.

4. საგვირაბო ესკალატორებისათვის ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) სათავსოები (სამანქანო განყოფილება) ამძრავის, ელექტრომოწყობილობის, მართვის და ტელემექანიკის აპარატურის დასაყენებლად;

ბ) სათავსო (დამჭიმავი კამერა) დამჭიმავი მოწყობილობის დასაყენებლად;

გ) ესკალატორის გასწვრივ გასასვლელები მისი დახრილ ნაწილში მომსახურებისათვის. გასასვლელების არარსებობის შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ესკალატორის შემადგენელი ნაწილების მომსახურების შესაძლებლობა კიბის ბტყელასა და ბალუსტრადაში ღიობების მეშვეობით;

დ) სადემონტაჟო შახტა და სადემონტაჟო გასასვლელი (კამერა).

5. საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად, სამანქანო განყოფილებიდან უშუალო სიახლოვეში სანიტარული ნორმების შესაბამისად უნდა იყოს გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სათავსოები მორიგე პერსონალისათვის, სათავსო სათადარიგო ნაწილების (ავარიულ-აღდგენითი მარაგის, სპეცსამარჯვების, სახელურების, ელექტროძრავების და სხვა), საწვავ-საზეთი და სხვა მასალების შესანახად, სათავსო სახელოსნოსათვის.

6. სართულშორისი ესკალატორის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს  ესკალატორის შემადგენელ ნაწილებთან მიდგომას, ასევე მომსახურების, მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობას კიბის ბრტყელას ზონაში, ბალუსტრადასა და გადახურვის ღიობების მეშვეობით.

7. საგვირაბო ესკალატორის სათავსოების, კამერების, სადემონტაჟო შახტების, გასასვლელების, მისასვლელი მოედნების მოწყობა და ზომები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

8. ესკალატორის სამანქანო სათავსოში უნდა იყოს მოწყობილი ვენტილაცია სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.

9. ესკალატორის შესასვლელის წინა მოედნებზე არ უნდა იყოს ნაგებობები და საგნები, რომლებიც აძნელებს მგზავრების გავლას. დასაშვებია ბარიერების დაყენება მგზავრების ნაკადთა მიმართულებისა და გადაკეტვისათვის აგრეთვე კაბინები მგზავრების მეთვალყურე პერსონალისათვის.  

10. ესკალატორების რამდენიმე ჯგუფის მიმდევრობით დაყენებისას, როდესაც არ არის შუალედური გამოსასვლელები, მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი წარმადობა და მათ შორის უნდა იყოს გათვალისწინებული ფართობი სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

11. ესკალატორის საფეხურების ფენილის დონიდან გალერეის, გვირაბის ჭერამდე ან გამოშვერილ ნაწილებამდე, ასევე  სახელურის ნაპირიდან მიმდებარე კედლამდე, ტორშერებამდე და სხვა სანათურებამდე დაშორებები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

12. სართულშორისი ესკალატორის სახელურის ღერძიდან გადახურვაში ღიობამდე ან მომიჯნავე ესკალატორის სახელურის ღერძამდე დაშორება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 16.  ესკალატორის დამზადება, მონტაჟი, კაპიტალური შეკეთება და რეკონსტრუქცია

1. ესკალატორების დამზადება, მონტაჟი და კაპიტალური შეკეთება   უნდა განხორციელდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ესკალატორების პროექტირების, დამზადების, მონტაჟის, რეკონსტრუქციის და კაპიტალური შეკეთებისას, რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვაზე პასუხისმგებელია ამ სამუშაოების შემსრულებელი  ორგანიზაცია.

3. ესკალატორის კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანა დასაშვებია დამამზადებელთან შეთანხმების ან სპეციალიზებული ორგანიზაციის დასკვნის საფუძველზე.

4. ყოველი ახლად დამზადებული ესკალატორის ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა  მოიცავდეს:

 ა) ძირითად მახასიათებლებსა და პარამეტრებს;

ბ) სამონტაჟო  ნახაზებს;

გ) პრინციპულ ელექტრულ სქემებს;

დ) ექსპლუატაციის ინსტრუქციას;

ე) მონტაჟის, გაშვების, რეგულირებისა და საცდელი გარბენის ინსტრუქციას.

5. ესკალატორის დამამზადებელი ვალდებულია ესკალატორის დამზადების დროს მიიღოს ზომები კონსტრუქციისა და დამზადების იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც გამოვლინდა მონტაჟისა და ექსპლუატაციის პროცესში და გავლენას ახდენს ესკალატორების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.

6. საგვირაბო ესკალატორის კაპიტალური შეკეთებისათვის გაჩერების საფუძველი არის მის მიერ შეკეთებათა შორის გარბენის ნორმების მიღწევა ან ესკალატორის ტექნიკური მდგომარეობა. შეკეთებათა შორის გარბენის ნორმა უნდა განისაზღვროს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

7. ექსპლუატაციაში მყოფი ესკალატორის რეკონსტრუქცია (ძირითადი კვანძების კონსტრუქციის, ელექტრომომარაგების, ელექტროამძრავის და მარვთის პრინციპული სქემების ცვლილებება, რომლებიც გავლენას ახდენს ესკალატორის საპასპორტო მახასიათებელზე) უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად.  

8. რეკონსტრუქციისას განხორციელებული ყველა ცვლილება, რომელიც შეტანილია ესკალატორის კონსტრუქციაში, პრინციპულ სქემებში ან მის ტექნიკურ მახასიათებლებში ასახული უნდა იყოს  ესკალატორის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

 

მუხლი 17.  რეგისტრაცია

ესკალატორები ექსპლუატაციაში გაშვებამდე, უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი”-ს შესაბამისად.

 

მუხლი 18.  ესკალატორის ტექნიკური შემოწმება  და ექსპლუატაციაში გაშვება

1. ესკალატორის მონტაჟის, რეკონსტრუქციის და კაპიტალური შეკეთების   შემდეგ, მისი სრული ტექნიკური შემოწმება და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.     

2. ექსპლუატაციაში მყოფი ესკალატორის საიმედოობის დადგენის მიზნით მფლობელმა უნდა უზრუნველყოს  პერიოდული ტექნიკური შემოწმების(გამოცდის) ჩატარება არანაკლებ წელიწადში ერთხელ სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ესკალატორებს, რომელთაც ამოეწურათ სამუშაო რესურსი უნდა გაიარონ ტექნიკური დიაგნოსტირება აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მათი  ტექნიკური მდგომარეობისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის ვადის  დასადგენად.

 

მუხლი 19. ესკალატორის ექსპლუატაცია

1. მფლობელი  ვალდებულია  შეაფა­სოს მის განკარგულებაში მყოფ ესკალატორის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა საფრთხე, რათა აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიღებული  იქნეს საჭირო ზომები უსაფრთხოების უზუნველსაყოფად.

2. ექსპლუატაციაში მყოფი  ესკალატორის ტექნიკური მდგომარეობა,  უნდა უზრუნველყოფდეს  რეგლამენტთან და იმ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობას, რომელთა მიხედვითაც  ისინი არიან დაპროექტებული და დამზადებული.

3. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ესკალატორის უსაფრთხო ექსპლუატაცია სათანადო მომსახურების ორგანიზების გზით. ამ მიზნით საჭიროა:

ა) დანიშნოს ესკალატორის გამართულ მდგომარეობაზე და მის უსაფრთხო პასუხისმგებელი პირი;

ბ) უზრუნველყოს ესკალატორების მართვა, მათი მომსახურება და შეკეთება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით;

გ) ორგანიზება გაუწიოს ესკალატორის პერიოდული დათვალიერების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ჩატარებას;

დ) საგვირაბო ესკალატორებისათვის უზრუნველყოს ესკალატორზე მყოფ მგზავრებზე ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელება კვალიფიცირებული პერსონალით;   

ე) შეიმუშაოს საწრმოო და თანამდებობრივი ინსტრუქციები;

ვ) უზრუნველყოს ესკალატორების მომსახურე პერსონალი საწარმოო  ინსტრუქციებით, ხოლო პასუხისმგებელი პირები თანამდებობრივი ინსტრუქციებით;

ზ)  უზრუნველყოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულება, ხოლო მომსახურე პერსონალის მიერ  საწარმოო ინსტრუქციების შესრულება;

თ) უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის საწარმოო ინსტრუქციების და პასუხისმგებელი პირების თანამდებობრივი ინსტრუქციების ცოდნის შემოწმება.

4. ესკალატორის მომსახურება და შეკეთება უნდა განხორციელდეს საწარმოო ინსტრუქციებისა და ესკალატორის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

5. საგვირაბო ესკალატორის (ესკალატორები კომპლექსის) ქვედა ჩამოსასვლელი მოედნის ზონაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი კიბის ბრტყელაზე მყოფ მგზავრებზე მუდმივი მეთვალყურობა. მორიგე ოპერატორი (მეთვალყურე) ვალდებულია გააჩეროს ესკალატორი მგზავრების ტრავმირების საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში.

6. ესკალატორის მემანქანეს (თანაშემწეს), ოსტატს და ესკალატორთან მორიგეს უნდა შეეძლოს დაზარალებულთათვის პირველადი  სამედიცინო დახმარების გაწევა.

7. პირები, რომლებიც ახორციელებენ ესკალატორის ტექნიკურ მომსახურებას, შეკეთებას, მართვას და კიბის ბრტყელაზე მყოფ მგზავრებზე მეთვალყურეობას, უნდა იყოს განპირობებული კონკრეტულ სამუშაო ადგილებზე.

8. ესკალატორი უნდა იქნეს დათვალიერებული ყოველი გაშვების წინ საწარმოო ინსტრუქციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღე-ღამეში ერთხელ.

9. ესკალატორის დათვალიერება უნდა ტარდებოდეს ესკალატორის მემანქანის მიერ მისი საწარმოო ინსტრუქციისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

10. ესკალატორის დათვალიერების შდეგები უნდა იქნეს შეტანილი ესკალატორის დათვალიერების ჟურნალში.

11. ესკალატორის ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ სათანადო (დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად) დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის პირობების მიუხედავად საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

12. უბედური შემთხვევის/ავარიის   მოხდენისას ესკალატორის მფლობელი  ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს და უზრუნველყოს ავარიის ან უბედური შემთხვევის მთელი გარემოების შენარჩუნება მათ მოსვლამდე, თუ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს  ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათის.

13. ესკალატორის მფლობელმა უნდა აწარმოოს მომხდარი ავარიებისა და უბედური შემთხვევების  აღრიცხვა, ანალიზი და შემდგომში პრევენციული ზომების მიღება.

 

მუხლი 20. დასკვნითი დებულება

რეგლამენტის დაცვაზე კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი  ორგანოების მიერ, ესკალატორების  როგორც დამამზადებელის, ასევე ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მხრიდან ორგანიზებული სათანადო შემოწმებების ჩატარების გზით.   

 

მუხლი 21. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა    

1. მე-3 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებში, მე-4 მუხლში, მე-5 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-12 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-8 პუნქტში, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, მე-5, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტში, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-6 მუხლის პირველ პუნქტში, მე-7 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის პირველ პუნქტში, მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში, მე-3 და მე-5 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებში, მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-15 მუხლის პირველ, მე-2,  მე-11 და მე-12 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.         

 

მუხლი 22. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა 

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 2. მე-3 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“,  „თ“, „ი“, კ“, „ლ“,  და „მ“ ქვეპუნქტებში, მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-19 მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 

მუხლი 23. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

რეგლამენტის 22-ე და 23-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.