დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტის - „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 441 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017641 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (10/01/2014 - 31/10/2018)
|
ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104‑ე მუხლის მეორე ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლის, შესაბამისად: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი - სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №2-231 ბრძანება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე რეგლამენტი ადგენს ეტიკეტირების დამატებით მოთხოვნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებულ ყველა სახის სურსათზე და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინფორმაცია – მინიშნება სურსათის წარმოების, გადამუშავების, შემადგენლობის, კვებითი ღირებულების და სხვა მახასიათებლების თავისებურებების შესახებ; ბ) ინფორმაცია სურსათის სპეციფიკურ თვისებებზე – ეტიკეტზე წერილობითი ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია, რომ მოცემულ სურსათს აქვს სპეციფიური მახასიათებლები, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობასთან, შემადგენლობასთან, ბუნებასთან, წარმოებასთან, გადამუშავებასთან და სხვა თვისებასთან; გ) განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი – პროდუქტები, მათ შორის ხორცის, რძის, თევზის, ბოსტნეულის პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი, რომელთა შენახვის ვადა არ აღემატება 72 სთ-ს, არა უმეტეს 60C ტემპერატურის პირობებში; დ) დამზადების თარიღი – თარიღი, როდესაც სურსათმა მიიღო საბოლოო პროდუქტის სახე; ე) შენახვის ვადა – დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სურსათის ცალკეული სახეობისათვის წინასწარ დადგენილი შენახვის პირობების დაცვისას, იგი ვარგისია რეალიზაციისა და მოხმარებისათვის; ვ) ინგრედიენტი – სურსათის წარმოებისათვის ნებადართული ნებისმიერი ნივთიერება, სასურსათო ნედლეული ან პროდუქტი, რომელიც გამოიყენება სურსათის წარმოებაში და მზა სასურსათო პროდუქტში რჩება საწყისი ან შეცვლილი ფორმით; ზ) საკვები ნივთიერებები – ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ და ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებს; თ) შედგენილი ინგრედიენტი – ინგრედიენტი, რომელიც შედგება ორი ან ორზე მეტი პროდუქტის ან ნივთიერებისაგან.
მუხლი 3. მოთხოვნები სურსათის ეტიკეტისადმი 1. სურსათის ეტიკეტი შეფუთულ ერთეულზე მიმაგრებული ან განთავსებულШ უნდა იქნეს ისე, რომ ადვილად არ სცილდებოდეს. 2. ეტიკეტზე განთავსებული სავალდებულო ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს სრული, გასაგები, შესამჩნევი, ადვილად წასაკითხი. დაუშვებელია წარწერის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით. 3. დასაშვებია ეტიკეტზე წერილობითი, ბეჭდური ან გრაფიკული გამოსახულების განთავსება. 4. ეტიკეტზე სურსათის დასახელება და შემადგენლობა განთავსებული უნდა იქნეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. 5. სურსათში გამოყენებული ინგრედიენტების ჩამონათვალი მოცემული უნდა იქნეს შესაბამისი სათაურით – „შემადგენლობა“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სურსათი შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს. 6. სურსათის ეტიკეტზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ქართულ ენაზე. 7. სურსათის მცირე ზომის დაფასოებული ერთეულისათვის, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, არ არის სავალდებულო ეტიკეტზე პარტიის, ინგრედიენტების ჩამონათვალის, შენახვის ვადისა და გამოყენების ინსტრუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსება. 8. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში რეალიზაციისათვის განკუთვნილ სურსათსა და სასურსათო ნედლეულზე სავალდებულო ინფორმაცია მოცემული უნდა იქნეს თანმხლებ დოკუმენტაციაში.
მუხლი 4. სურსათის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია სურსათის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ელემენტებს: ა) სურსათის დასახელებას – უნდა შეესაბამებოდეს გამოყენებულ სტანდარტს, იყოს კონკრეტული და მიანიშნებდეს სურსათის ნამდვილ ბუნებაზე; ბ) ინგრედიენტების ჩამონათვალს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) ჩამონათვალი უნდა იწყებოდეს იმ ინგრედიენტით, რომელსაც ყველაზე დიდი მასა აქვს სურსათში. დანარჩენი ინგრედიენტების მითითება უნდა მოხდეს მასის კლებადობის მიხედვით; ბ.ბ) თუ სურსათი შეიცავს შედგენილ ინგრედიენტს, ეტიკეტზე მათი მითითება უნდა მოხდეს მისივე დასახელებით, ფრჩხილებში უნდა მიეთითოს შემადგენლობა მასის კლების მიხედვით; ბ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ინგრედიენტის შემცველობა სურსათს სპეციფიკურ თვისებებს ანიჭებს, სავალდებულოა ეტიკეტზე მისი საწყისი რაოდენობის მითითება; ბ.დ) თუ ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის შემცველობა 5%-ზე ნაკლებია და სურსათს სპეციფიკურ თვისებებს ანიჭებს, სავალდებულოა ეტიკეტზე მისი ან მათი პროცენტული შემცველობის მითითება; ბ.ე) იმ შემთხვევაში, თუ სურსათში ინგრედიენტის შემცველობა 5%-ზე ნაკლებია და არ ანიჭებს სპეციფიკურ თვისებებს, მაშინ სავალდებულო არ არის მისი „შემადგენლობის“ ჩამონათვალში შეტანა; ბ.ვ) თუ სურსათში დამატებულია წყალი, სავალდებულოა შემადგენლობაში მისი რაოდენობის მითითება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყალი შედგენილი ინგრედიენტის კომპონენტია და ეს ინგრედიენტი „შემადგენლობაში“ საკუთარი დასახელებით არის წარმოდგენილი (მარილწყალი, სიროფი, ბულიონი და სხვ.). ეტიკეტზე არ ხდება წყლისა და სხვა აქროლადი ინგრედიენტების მითითება, თუ მათი აორთქლება მოხდა ტექნოლოგიურ პროცესში; ბ.ზ) კონცენტრირებული და დეჰიდრირებული სურსათის შემთხვევაში, როდესაც წყლის დამატებით ხდება თავდაპირველი კონცენტრაციის ან სინესტის მასური წილის აღდგენა, აუცილებლად უნდა მიეთითოს ინგრედიენტის ან ინგრედიენტების შემადგენლობა აღდგენილ სურსათში; ბ.თ) თუ სურსათი შეიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO-სსო) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO – ჯმო) საკვებდანამატების ექსპერტთა ერთობლივი კომიტეტის (სეეკ) მიერ დადგენილ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული რეაქციების) გამომწვევ სასურსათო ნედლეულს ან ინგრედიენტებს, სავალდებულოა „შემადგენლობაში“ მათი მითითება, კერძოდ, წებოგვარას (გლუტენის) შემცველი მარცვლეული (ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია ან მათი ჰიბრიდები), კიბოსნაირები, კვერცხი, თევზი, არაქისი, სოიოს მარცვალი, რძე (მ.შ. ლაქტოზა), თხილი, კაკალი, ნუში, წაბლი, ფსტის კაკალი, შირბახტი (სეზამი – Sesamum indicum L.), ქოლგისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და მათგან მიღებული პროდუქტები, გოგირდოვანი გაზი და სულფიტები, რომელთა კონცენტრაცია აღემატება 10 მგ/კგ, 10 მგ/ლ. ასევე ასპარტამისა და მისი მარილების (ფენილალანინისა და მისი მარილების) შემცველობის მითითება, რომლის დროსაც დამატებით სურსათის შემადგენლობის შემდეგ უნდა იყოს მინიშნებული ინფორმაცია: „უკუჩვენება – ფენილკეტონურია“; ბ.ი) თუ სურსათში გამოყენებული იქნება საკვებდანამატი, სავალდებულოა მისი „შემადგენლობაში“ მითითება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. ბ.კ) სურსათში საკვებდანამატების ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ეტიკეტზე მითითებულ იქნეს მისი გამოყენების მიზანი; ბ.ლ) სურსათში არომატიზატორის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ტიპის – „ბუნებრივი“, „ხელოვნური“, „ბუნებრივის იდენტური“ მითითება. არომატიზატორის დასახელების აღნიშვნა სავალდებულო არ არის. გ) ეტიკეტზე სურსათის რაოდენობრივ წარდგენას, კერძოდ: გ.ა) მყარი კონსისტენციის სურსათისთვის ეტიკეტზე პროდუქტის მასა ნეტო მოცემული უნდა იქნეს საერთაშორისო სისტემის ერთეულებში – კილოგრამი – კგ, ან გრამი – გ, თხევადი სურსათის მოცულობა ლიტრი – ლ, ან მილილიტრი – მლ, სახით., ხოლო ბლანტი ან ნახევრად მყარი კონსისტენციის სურსათისათვის – მასის ან მოცულობის მიხედვით; გ.ბ) თუ სურსათი წარმოდგენილია ორი ან მეტი შეფუთული ერთეულით და ეს შეფუთვები არ არის განკუთვნილი ცალ-ცალკე რეალიზაციისათვის, მაშინ აუცილებელია ეტიკეტზე მიეთითოს შეფუთული ერთეულების რაოდენობა და თითოეულის მასა სურსათის მთლიან მასასთან ერთად; გ.გ) თუ ძირითადი სურსათი არის მოთავსებული თხევად მოცულობაში – წყალი, შაქრიანი ან მარილწყალი, ძმარი, ბოსტნეულის ან ხილის წვენი დაკონსერვებული ბოსტნეულისა და ხილისათვის, საერთო მასასთან ერთად ეტიკეტზე უნდა მიეთითოს ძირითადი სურსათის მასა მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით; ეს მოთხოვნები ვრცელდება გაყინულ მდგომარეობაში მყოფ ანალოგიურ სურსათზეც; გ.დ) თუ სურსათი ხილის, ბოსტნეულის, სანელებლების, სოკოების სხვადასხვა პროპორციის ნარევს წარმოადგენს, „შემადგენლობაში“ ინგრედიენტების ჩამონათვალში ისინი უნდა დაჯგუფდეს ერთად, დასახელებით „ხილი, „ბოსტნეული“, „სოკოები“, „სანელებლები“ თანდართული ფრაზით – „ცვალებადი პროპორციით”, საერთო წონის მითითებით. დ) ეტიკეტზე სავალდებულოა სურსათის წარმოშობის ქვეყნის აღნიშნვა, ასევე მწარმოებლის, დამფასოებლის, დისტრიბუტორის, იმპორტიორის ან ექსპორტიორის დასახელების, მისამართის, პარტიის აღნიშნვა; ე) თარიღის აღნიშვნასა და ინსტრუქციებს, კერძოდ: ე.ა) სავალდებულოა სურსათის ეტიკეტზე დამზადების თარიღის – რიცხვი, თვე და წელის აღნიშნვა. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისათვის სავალდებულოა მითითებულ იქნეს გამოშვების საათიც; ე.ბ) დღე, თვე და წელი მოცემული უნდა იქნეს ციფრული თანმიმდევრობით, დასაშვებია თვის აღნიშნვა სიტყვით; ე.გ) დამზადების თარიღი და შენახვის ვადა მითითებულ უნდა იქნეს ან უშუალოდ ეტიკეტზე ან ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მისი განთავსების ადგილის შესახებ; ე.დ) ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს „შენახვის ვადა“; ე.ე) სურსათისათვის, რომელთა შენახვის ვადა არ აღემატება 3 თვეს, მითითებულ უნდა იქნეს დღე და თვე და აღინიშნოს სიტყვებით – „ვარგისია... მდე“; ე.ვ) შენახვის ვადის მითითება არ არის სავალდებულო ახალი ხილისა და ბოსტნეულისთვის, რომელიც არ არის გათლილი, დაჭრილი, სასმელებისთვის, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს 10%-ზე მეტი მოცულობით, პურფუნთუშეულისა და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმისათვის, რომელთა მოხმარება ხდება გამოცხობიდან 24 საათის განმავლობაში, ძმრისთვის, შაქრისთვის, არომატიზებული ან/და შეფერილი შაქრებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმისათვის, თაფლისთვის და საღეჭი რეზინისთვის; ე.ზ) იმ შემთხვევაში, როდესაც სურსათის შენახვის ვადა დამოკიდებულია შენახვის პირობებზე, სავალდებლოა ეტიკეტზე ამ პირობების მითითებაც; ე.თ) ცალკეულ შემთხვევებში, აუცილებელია ეტიკეტზე გამოყენების წესის განთავსება.
მუხლი 5. ინგრედიენტების დასახელების შეცვლა სპეციფიკური დასახელებით 1. ნებადართულია ინგრედიენტების დასახელება შეიცვალოს სპეციფიკური დასახელებით, დანართი №1-ის შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც სურსათის წარმოებაში გამოყენებულია ღორის ხორცის ცხიმი, ღორის ქონი ან საქონლის ხორცის ცხიმი, აუცილებელია ეტიკეტზე „შემადგენლობაში“ შესაბამისი კონკრეტული დასახელების მითითება.
მუხლი 6. კვებითი ღირებულების აღნიშვნა 1. ეტიკეტზე სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიუთითებს სურსათში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების რაოდენობრივ შემცველობაზე ანუ კალორიულობაზე (ენერგეტიკულ ღირებულება). 2. ეტიკეტზე ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების რაოდენობრივი შემცველობისა და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ ინფორმაციის განთავსება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმაში ან 100 გ ან 100 მლ სურსათში მათი შემცველობა 2%-ზე მეტია. 3. ეტიკეტზე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის განთავსება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმაში ან 100 გ ან 100 მლ სურსათში მათი შემცველობა 5%-ზე მეტია. ეს ინფორმაცია სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები დამატებულია წარმოების პროცესში. 4. სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის განთავსებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკვები ნივთიერებების შემდეგი ეტალონური სიდიდეები:
5. სავალდებულოა ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ მითითებულ იქნეს 100 გ (100 მლ) სურსათისათვის, ან ერთი ულუფისათვის, ულუფის ოდენობის ჩვენებით. 6. ინფორმაცია ენერგეტიკული ღირებულების შესახებ გამოსახული უნდა იქნეს კილოკალორიებში (კკალ) ან კილოჯოულებში (კჯ). 7. ნახშირწყლების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყველა იმ ნახშირწყალს (მათ შორის პოლიოლებს), რომელთა მეტაბოლიზმი ხდება ადამიანის ორგანიზმში. 8. ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების (მათ შორის შაქრების), უჯრედისის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ნატრიუმის შემცველობას გამოსახავენ გრამებში; ვიტამინებსა და მინერალური ნივთიერებებს საერთაშორისო სისტემის ერთეულებში ან საერთაშორისო ერთეულებში. 9. დასაშვებია კვებითი ღირებულება არ იქნეს მითითებული ჩაის, ყავის, ძმრის, სუფრის მარილის, სუნელების, სანელებლების, საღეჭი რეზინის, საკვებდანამატების, არომატიზატორების, გადაუმუშავებელი სურსათის (თევზი, ხორცი, სოკო, ბოსტნეული, ხილი) ეტიკეტზე.
მუხლი 7. დასხივებული სურსათის ეტიკეტი 1. სურსათი, რომელმაც განიცადა მაიონიზირებელი რადიაციის ზემოქმედება, უნდა შეიცავდეს წერილობით განაცხადს აღნიშნულის შესახებ და ის განთავსებული უნდა იქნეს სურსათის დასახელებასთან ახლოს. 2. თუ დასხივებულია ინგრედიენტი, მაშინ ეს უნდა იყოს აღნიშნული ინგრედიენტების ჩამონათვალში. 3. დასაშვებია სურსათის ეტიკეტზე შემდეგი დასხივების საერთაშორისო სიმბოლოს გამოყენება.
4. სიმბოლო უნდა განთავსდეს სურსათის დასახელებასთან ახლოს.
მუხლი 8. ინფორმაცია სურსათის სპეციფიკურ თვისებებზე 1. დაუშვებელია სურსათის ეტიკეტზე ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნული სურსათი შეიცავს შეუცვლელ საკვებ ნივთიერებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთიერებებისა. 2. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომელიც მომხმარებლისათვის საეჭვოს ხდის სხვა ანალოგიური სურსათის მოხმარებას. 3. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომელშიც გამოყენებულია აღმატებითი და შედარებითი ტერმინები, როგორიცაა „სასარგებლო“, „გამაჯანსაღებელი“, „ხარისხიანი“ და სხვა. 4. დასაშვებია ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომლის მიხედვითაც სურსათმა შეიძინა სპეციფიკური თვისებები იმ ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების და ამინომჟავების დამატებით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. 5. დასაშვებია ადამიანის ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ფიზიოლოგიური ფუნქციის შესახებ სათანადო ინფორმაციის განთავსება. (მაგ. „კალციუმი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების გამაგრებას“, „შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას“ და სხვა). 6. ზოგიერთ სახეობის სურსათის ეტიკეტზე, რელიგიური წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე, ნებადართულია შესაბამისი ინფორმაციის განთავსება – „სამარხვო“, „ჰალალ“, „ქაშერი“ და სხვა. 7. სურსათში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების შემცველობის შესახებ ინფორმაცია, „არ შეიცავს“, „დაბალი“, „დაბალი შემცველობა“, „მაღალი“, „მაღალი შემცველობა“, რაიმე ნივთიერების „წყარო“ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დანართ №2-ში მოცემული ცხრილის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსება წინ არ უნდა უსწრებდეს სურსათის დასახელებას. 9. ეტიკეტზე ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსებისას სურსათის მწარმოებელს/დისტრიბუტორს უნდა ჰქონდეს საკვები ნივთიერებების/ინგრედიენტების რაოდენობის შემცველობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 9. გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირება 1. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას. 2. თუ სურსათი შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, მაშინ წარწერა „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი“ „(გმო)“ უნდა მიეთითოს სურსათის დასახელებასთან ახლოს. 3. თუ სურსათის შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ინგრედიენტი, რომელთაგან ერთ-ერთი გენმოდიფიცირებულია, მაშინ წარწერა „გმო“ უნდა განთავსდეს „შემადგენლობაში“ ინგრედიენტთა ჩამონათვალში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის გასწვრივ. 4. სურსათი, რომელიც არ შეიცავს დნმ-ს და დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისაგან, ექვემდებარება სავალდებულო აღნიშვნას ეტიკეტზე ნედლეულის წარმოშობის ქვეყნის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის შესაბამისად. 5. „გმო“-ს შემცველ დაუფასოებელ სურსათს, თუ ის განკუთვნილია საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისთვის, თან უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართები ან/და ბუკლეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის. 6. „გმო“-ს შემცველ მცირე ზომის დაფასოებულ სურსათზე, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, აუცილებელია განთავსდეს ინფორმაცია – „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო შემცველი“.
მუხლი 10. ვალდებულება ეტიკეტირების წესის შესრულებაზე სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია თავისი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირების შესაბამისობა ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან. დანართი №1
დანართი №2
|
დოკუმენტის კომენტარები