„ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

„ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017630
449
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017630
„ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №449

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 17 მარტის №1-1/560 ბრძანება „ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ


კარი I

ზოგადი მოთხოვნები

 

თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ტექნიკური რეგლამენტი ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ (შემდგომში – რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებს, აშენებს, არემონტებს და ექსპლუატაციას უწევს ნახშირის შახტებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. შახტი – საწარმო, სადაც სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით.

2. მიწისქვეშა სამთო სამუშაოები – სამთო სამუშაოები, რომელთა დროსაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულდება მიწისქვეშა წესით.

3. საამფეთქებლო სამუშაოები – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოღვაწეობა, რომელიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების გამოყენებასთან.

4. საწმენდი სამუშაოები – საწმენდ სანგრევში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით შესასრულებელი ოპერაციების ერთობლიობა.

5. საწმენდი სანგრევი – წიაღისეულის ან ქანის მასივის ზედაპირი, რომელიც გადაადგილდება საწმენდი სამუშაოების წარმოების პროცესში.

6. სამთო სამუშაოების პროექტი (შემდგომში – პროექტი) – დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია კონკრეტული სამთო სამუშაოს ძირითადი პარამეტრები და უსაფრთხო შესრულების პირობები.

7. მოსამზადებელი (ჩიხური) გვირაბი – გვირაბი, რომელიც უზრუნველყოფს შახტის, ველის, ფრთის და საწმენდი სანგრევის მომზადების და ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებს.

8. კაპიტალური გვირაბი – გვირაბი, რომელიც შახტს დედამიწის ზედაპირთან აკავშირებს და ძირითადად გამოიყენება ტრანსპორტირების მიზნით.

9. ნამუშევარი სივრცე – სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, ფუჭი ქანის ამოღების შედეგად წარმოქმნილი სივრცე.

10. სამთო დარტყმა – გვირაბის მომიჯნავე ქანის მასივის ზღვრულად დაძაბული ნაწილის უეცარი, სწრაფად მიმდინარე რღვევა (დაშლა), რომელსაც თან ახლავს გვირაბში ქანის გამოტყორცნა, ძლიერი ხმოვანი ეფექტი და ჰაერის მძლავრი ტალღა.

11. სამთო წნევა – ქანის მასივში, გვირაბის, ჭაბურღილის კედლებთან ახლოს, მთელანებში, ქანის და სამაგრის კონტაქტის ზედაპირზე გრავიტაციული, აგრეთვე, ტექტონიკური ძალებით და დედამიწის ქერქის ზედა შრეების ტემპერატურის ცვლილების შედეგად შექმნილი დაძაბულობა.

12. ქანის სიმაგრის კოეფიციენტი (ფ) – ქანის წინააღმდეგობა დაშლის მიმართ. სიმაგრის კოეფიციენტია ერთღერძა კუმშვაზე ქანის სიმტკიცის ზღვარი.

13. ჭაური – ვერტიკალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსავალი მიწის ზედაპირზე აქვს.

14. ჭაურის არმირება – სამუშაოები გამბჯენების დაყენების, მიმმართველების დამონტაჟებისა და კიბისა და მილების განყოფილებების მოწყობის მიზნით.

15. ქანობი – დახრილი გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს, გაყვანილია ფენის დაქანების მიმართულებით და მისი დანიშნულებაა ქვედა ჰორიზონტიდან ზედაზე ტვირთის აწევა მექანიკური მოწყობილობით.

16. ბრემსბერგი – დახრილი გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს და მისი დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის ჩამოშვება მექანიკური მოწყობილობით.

17. შურფი – მცირე განივკვეთის და სიღრმის ვერტიკალური გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე აქვს გამოსავალი.

18. შტრეკი – ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს და გაიყვანება ფენის მიმართების თანხვდენილად.

19. შურო – დახრილი გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს და მისი ძირითადი დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის და ფუჭი ქანის ზედა ჰორიზონტიდან ქვედაზე საკუთარი წონით ჩამოშვება.

20. გეზენკი – ვერტიკალური გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს და მისი დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის და მასალების მიწოდება ზედა მუშა ჰორიზონტიდან ქვედაზე.

21.  ორტი – ფენის, სახურავ და საგებ გვერდებში გაყვანილი შტრეკების შემაერთებელი გვირაბი, რომელიც სქელი ფენის დამუშავების დროს გამოიყენება.

22. გამკვეთი, სასულე, ირიბულა – ორი, ერთმანეთთან ახლოს განლაგებული  კაპიტალური  გვირაბის  მაერთებელი  ჰორიზონტალური (გამკვეთი), ვერტიკალური (სასულე), დახრილი (ირიბულა) მცირე კვეთის გვირაბები, რომელთა დანიშნულებაა მათში ადამიანების გადაადგილება და გვირაბების განიავება.

23. რაბი, ტიხარი – სავენტილაციო ჭავლების გამმიჯნავი დროებითი კედელი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სუფთა და ნამუშევარჭავლიან ჰაერს.

24. სავენტილაციო კარი, სარქველი – რაბსა და ტიხარში, აგრეთვე, ჭაურის პირზე მოწყობილი ადამიანების სასვლელი, რომელიც დროებით იხსნება ადამიანების გავლის დროს.

25. დამცავი თარო – ჭაურის კვეთში განლაგებული თარო, რომლის დანიშნულებაა სანგრევში მყოფი მუშების დაცვა ბადიიდან შემთხვევით გადმოვარდნილი ქანის ნატეხებისა და სხვა საგნების ჩაცვენისაგან.

26. გვირაბგამყვანი თარო – ჭაურში ჩამოკიდებული პლატფორმა მექანიზმების, მოწყობილობის და ადამიანების განსათავსებლად.

27. კროსინგი – გვირაბების ურთიერთგადამკვეთი, საჰაერო ჭავლების გამმიჯნავი სავენტილაციო ნაგებობა.

28. ტიუბინგი – გვირაბის კონტურის შესაბამისი სამაგრი, შემსუბუქებული (რკინაბეტონის ან თუჯის), სეგმენტის ფორმის ასაკრები კონსტრუქცია.

29. ფიქლის და წყლის საფარი – პლასტმასის ან სხვა ხისტი მასალისგან დამზადებული ოთხკუთხა, ზევიდან ღია ჭურჭელი, რომელიც იდგმება გვირაბის ჭერში მოწყობილ თაროზე ისე, რომ გვირაბში აირის აფეთქების შედეგად იოლად ყირავდება და მასში მოთავსებული წყალი ან ინერტული მტვერი (ფიქალი) ახდენს ნახშირის მტვრის აფეთქების ლოკალიზაციას.

30. სანაყარო – ადგილი, სადაც თავსდება ფუჭი ქანი.

31. სამთო-სამაშველო სამსახური – სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი და საგანგებოდ მომზადებული სამსახური, რომლის დანიშნულებაა შახტში ავარიის თავიდან აცილება, აგრეთვე, ავარიის შემთხვევაში ადამიანების გადარჩენა და ავარიის ლიკვიდაცია.

32. შახტის ლიკვიდაცია – შახტის საექსპლუატაციო მარაგების ამოწურვის ან არარენტაბელობის გამო შახტის დახურვისათვის საჭირო ღონისძიებების ერთობლიობა.

33. გვირაბის სამაგრი – გვირაბში დადგმული ხელოვნური ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა გვირაბის განივკვეთის ზომების დაცვა და გვერდითი ქანების ჩამოქცევის თავიდან აცილება.

34. გვირაბების გამაგრება – სამაგრის დადგმასთან დაკავშირებული სამუშაოების ერთობლიობა.

35. სატუმბო კამერა – კამერა, რომელშიც განლაგებულია წყალამოსაღვრელი ტუმბოები.

36. კამერა – დიდი განივკვეთისა და მცირე სიგრძის გვირაბი.

37. პარაშუტი – მოწყობილობა გალის, სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი დანადგარების მდორე დამუხრუჭებისა და გაჩერებისათვის.

38. მთავარი განიავების ვენტილატორი – შახტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში შახტის ან მისი ნაწილის (ფრთის, ბლოკის, პანელის) გასანიავებელი ვენტილატორი.

39. დამხმარე განიავების ვენტილატორი – ერთი საწმენდი სანგრევისა და მასთან მომიჯნავე მოსამზადებელი გვირაბების გასანიავებელი ვენტილატორი.

40. ადგილობრივი განიავების ვენტილატორი – ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს შახტის მშენებლობის პერიოდში ჭაურის, კვერშლაგის, შტოლნის, ხოლო შახტის გამჭოლი ჭავლის მიმდებარე ყველა მოსამზადებელი გვირაბის გაყვანისას კი სანგრევის იძულებით განიავებას.

41. მავნე აირები – აირები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ აფეთქება ან ადამიანის მოწამვლა. მავნე აირებს მიეკუთვნება: მომწამლავი – ნახშირჟანგი CO, აგრეთვე, ნახშირორჟანგი, CO2,  გოგირდწყალბადი - H2S, გოგირდის ანჰიდრიდი SO2, ხოლო აფეთქებასაშიშ აირებს – მეთანი CH4 და მძიმე ნახშირწყალბადები (მცირე რაოდენობით).

42. მეთანის შრისებრი დაგროვება – ჰაერზე მსუბუქი აირის (მეთანის) დაგროვება გვირაბის კედლებზე და ჭერში არსებულ სიცარიელეებში, რაც ჰაერის აქტიური ჭავლით ვერ ნიავდება.

43. ნახშირის ფენების წინასწარი გაჟღენთა – დამტვერიანების და სამთო დარტყმის წინააღმდეგ მიმართული პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება მოსამზადებელი გვირაბებიდან ფენის მიმართებით წინასწარ გაბურღულ ჭაბურღილებში წყლის დაჭირხვნით (დამსველებლების გამოყენებით).

44. სავენტილაციო ჭავლების მოკლე შერთვა – შახტში შემავალი ჰაერის სუფთა ჭავლის შერევა ნამუშევარ გამომავალ ჭავლთან.

45. საშახტო ამწევი დანადგარი – ვერტიკალურ და დახრილ ჭაურებში ადამიანების და ტვირთის გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო კომპლექსი.

46. დეგაზაცია – ნახშირის ფენიდან, ქანიდან აირების ბუნებრივი ან ხელოვნური მოცილება.

47. ფენის დახრის კუთხე – კუთხე, რომელსაც ნახშირის ფენა ქმნის ჰორიზონტალურ სიბრტყესთან.

48. მცურავი ქანი -  რბილი, წყლით გაჯერებული ზვავსაშიში ქანი.

49. საწარმოს ტექნიკური ზედამხედველი – შახტის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია შახტში პროექტის შესაბამისად სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე.

50. სპეციალიზებული საწარმო – იურიდიული პირი, რომელიც სამთო საწარმოებში ახორციელებს სხვადასხვა კონკრეტულ სამუშაოს ან სამუშაოებს (დაპროექტება, მშენებლობა, ტექნიკური ექსპერტიზა, მანქანებისა და მოწყობილობის მონტაჟი, გამართვა).

51. თანამდებობრივი ინსტრუქციები – საწარმოს მიერ დამტკიცებული ხელმძღვანელების და სპეციალისტების უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

52. საწარმოო ინსტრუქციები – საწარმოში დამუშავებული საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობის, თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების მეთოდური მითითებები.

53. საშახტო აფეთქებაუსაფრთხო შესრულების ელექტრომოწყობილობა – ელექტრომოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს აპარატში წარმოქმნილი პერწკვლის, ელექტრული რკალისა და გახურებისგან აპარატის მიმდებარე აფეთქებასაშიში გარემოს აფეთქებისგან დაცვას.

54. ნახშირის მიდრეკილება თვითაალებისადმი – ნახშირის თვისება, სწრაფად დაიჟანგოს გარემოს ტემპერატურაზე ჰაერის ჟანგბადით.

55. ნახშირის თვითგახურება – თვითაალების პროცესის დასაწყისი. პროცესის ბოლოს ნახშირის ტემპერატურა 70-900 C-ს აღწევს და ინტენსიურად ძლიერდება დაჟანგვის პროცესი.

56. ენდოგენური ხანძარსაშიშროება – ნახშირის ბუნებრივი თვისებების, გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების ერთობლიობა, რომელთა ურთიერთქმედება განაპირობებს ნახშირის თვითგახურების პოტენციურ შესაძლებლობას.

57. ნახშირის თვითაალება – ფიზიკურ-ქიმიური პროცესი, რომელიც იწვევს ნაშალი (ნაყარი) ნახშირის აალებას იმის გამო, რომ სითბოს გამოყოფა აღემატება გარემოში თბოგადაცემას.

58. დალამვა – ნამუშევარი სივრცის მოცულობის ლამით (თიხით) შევსება.

59. მიწისქვეშა ხანძარი – შახტში წარმოქმნილი ღია ცეცხლი, კვამლი, წვის პროდუქტი აირების სუნი ან ნახშირჟანგის ნიშნები ყოველ 3-4 საათში აღებულ ჰაერის სინჯში სამი დღე-ღამის განმავლობაში, თუ ეს არ არის გამოწვეული ნახშირიდან აირის ნორმალური გამოყოფით ან შახტის საწარმოო პროცესებით (შედუღება ან საამფეთქებლო სამუშაოები და სხვ.).

60. ენდოგენური ხანძარი – სასარგებლო წიაღისეულის, ქანის ან წვადი მასალის თვითაალებით გამოწვეული ხანძარი.

61. ეგზოგენური ხანძარი – სითბოს გარე წყაროს ზემოქმედებით (გაუმართავი ელექტრომოწყობილობა, ხახუნი და სხვ.) წვადი მასალის (სასარგებლო წიაღისეული, სამაგრი, კონვეიერის ლენტი და სხვ.) აალების შედეგად წარმოქმნილი ხანძარი.

62. გალი – ამწევი მოწყობილობა (ლითონის კაბინა), რომლის დანიშნულებაა შახტის ჭაურში სასარგებლო წიაღისეულისა და ფუჭი ქანის ვაგონებით ზიდვა, სხვადასხვა მასალისა და მოწყობილობის ჩაშვება და მომუშავეთა ჩაყვანა-ამოყვანა.

63. შტოლნა – ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი აქვს მიწის ზედაპირზე, იყენებენ როგორც სადაზვერვო, ასევე საექსპლუატაციო სამუშაოებისათვის.

64. უსაფრთხოების მოთხოვნა – შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით ან/და ,,წესებით’’ გათვალისწინებული ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნა.

65. ლავა – გრძელი გვირაბი საწმენდი სანგრევით, რომლის გვერდითი ზედაპირი (სანგრევის ხაზი) გადაადგილდება სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად და გააჩნია ორი გამოსასვლელი.

66. ბოგა – გვირაბების გადაკვეთაზე მოწყობილი გადასასვლელი ბილიკი, რომელსაც აქვს გადახურვა უცხო საგნების ვარდნისგან ადამიანების დასაცავად.

67. ჭაურმიმდებარე ეზო – გვირაბების ერთობლიობა  ( სამსახურო კამერები, კვერშლაგების ან შტრეკების ნაწილი) რომლებიც განლაგებული არიან ჭაურის მიმდებარედ და ემსახურებიან მიწისქვეშა სამთო სატრანსპორტო  სამუშაოებს და ვენტილაციას.

68. საერთო საშახტო დეპრესია – სხვაობა ატმოსფერულ და ვენტილატორის არხში არსებულ წნევათა შორის.

69. მთელანი – გარკვეული მოცულობის სასარგებლო წიაღისეულის ან/და ფუჭი ქანის გამოუღებელი მასივი, რომელიც შემოსაზღვრულია გვირაბებით ან გამომუშავებული სივრცით.

70. პულპა – წყლის, თიხის და ქვიშის ნარევი, რომელიც განკუთვნილია ნახშირის გამომუშავებულ სივრცეებში ხანძარსაწინაარმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებებისათვის.

71. ეკრანირებული კაბელი – სპეციალური კაბელი, მოხეტიალე დენებისაგან და ელექტრომაგნიტური ზემოქმედებისაგან დამცავი გარსაცმით.

72. ჯავშნიანი კაბელი – კაბელი ლითონის გარსაცმით, მექანიკური დაზიანებისაგან დასაცავად.

73. ლენტურჯავშნიანი კაბელი -  კაბელი  ლენტური ტიპის ლითონის გარსაცმით.

74. ჭავლი – შახტის ჰაერის ნაკადი.

75. აირიანი რეჟიმი – დაგაზიანებული ნახშირის შახტების მიმართ ,,წესებით’’ განსაზღვრული მოთხოვნები.

76. სკიპი – თვითგანტვირთვადი სატვირთო ამწევი მანქანის ჭურჭელი, რომლის დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის ან ფუჭი ქანის გადატანა ზედა ჰორიზონტზე.

77. მეთანის შრეობრივი დაგროვება – გვირაბის გავრცელებით ჭერში არსებულ სიცარიელეებში მეთანის დაგროვება.

78. მეთანის ადგილობრივი დაგროვება – გვირაბის ჩიხურ ადგილებში მეთანის დაგროვება.

79. შეგრეხის ბიჯი – ბაგირის  მონაკვეთი, რომელზეც ერთი წნა შემობრუნდება 3600-ით.

80. საშახტო აფეთქებაუსაფრთხო შესრულების მოწყობილობა/დანადგარი – ისეთი გარსის მქონე მოწყობილობა/დანადგარი, რომელიც დაცულია გარსის შიგნით აფეთქება საშიში აირების შეღწევისაგან.

81. საშახტო მომატებული შესრულების მოწყობილობა/დანადგარი – ჰერმეტული კორპუსის მქონე აფეთქებაუსაფრთხო შესრულების მოწყობილობა/დანადგარი, რომელიც მედეგია მექანიკური დაზიანებისაგან.

82. ქურო – ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი კაბელების  შემაერთებელი (გადასაბმელი) აფეთქებაუსაფრთხო მოწყობილობა.

83. საწმენდი კამერა – გვირაბი, რომლის სანგრევი მცირე სიგრძისაა და გვერდებიდან შეზღუდულია წიაღისეულის მთელანებით.

84. სტანდარტი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი.

 

თავი II. პერსონალი

 

მუხლი 3. ხელმძღვანელებისპეციალისტები და მუშა პერსონალი

 1. ნახშირის საწარმოებში სამუშაოების ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური, სამთო-ტექნიკური განათლება ან გაიარეს ცოდნის შემოწმება.

2. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ინსტრუქციების შემუშავება, სპეციალისტებმა და მუშა პერსონალმა სამუშაოს დაწყებისას ან განსხვავებულ სამუშაოზე გადაყვანისას, საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ დადგენილი პერიოდულობით უნდა გაიარონ სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების სწავლება და ცოდნის შემოწმება.

3. ჩიხურ და სამუშაო ადგილებიდან დაშორებულ გვირაბებში შეიძლება გაგზავნილი იქნეს ერთდროულად, სულ ცოტა, ორი მუშა, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყონ გადასატანი აირმსაზღვრელით ან გააჩნდეთ ჰაერში აირის კონცენტრაციის პერიოდული შემოწმების სხვა საშუალება და პროფესიის მიხედვით გავლილი უნდა ჰქონდეთ  მაგავსი სამუშაოების განხორციელების სწავლება. 

4. ისეთი სამუშაოების წარმოებისას, სადაც არსებობს ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის აღჭურვა სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (მცველი სარტყელები ან/და სხვა).

5. იმ სამთო მანქანებისა და დანადგარების მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ელექტროდანადგარების ოპერატიულ ჩართვა-გამორთვასთან და მათ ექსპლუატაციასთან უნდა ჰქონდეთ გავლილი შესაბამისი სწავლება ელექტროუსაფრთხოებაში.

6. აკრძალულია განწესის გაცემა სპეციალისტების მიერ იმ ადგილებზე სამუშაოდ, სადაც დარღვეულია რეგლამენტის მოთხოვნები, გარდა განწესისა, რომელიც ითვალისწინებს ამ მოთხოვნების აღმოფხვრას.

 

თავი III. მოთხოვნები საშახტო დოკუმენტაციისადმი

 

მუხლი 4.  მოთხოვნები საშახტო დოკუმენტაციისადმი

1. შახტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს უნდა გააჩნდეთ  რეგლამენტის და სტანდარტის  მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი: 

ა) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები, ნახშირის ფენების დამუშავების ტექნოლოგიური სქემები; სამთო სამუშაოების განვითარების წლიური გეგმა, ვენტილაციის, წყალამოღვრის, ტრანსპორტისა და ელექტრომომარაგების სქემები;

ბ) სამარკშეიდერო და გეოლოგიური დოკუმენტაცია; 

გ) ზედაპირის სიტუაციური გეგმა ყველა ობიექტის და ნაგებობის ჩვენებით;

დ) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა.

2. შახტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები უნდა შეიცავდეს გვირაბების გაყვანა-გამაგრებასთან, ამოსაღები უბნებისა და საწმენდი სანგრევების გახსნასა და მომზადებასთან, საშახტო ამწევ დანადგართან, სამთო მანქანებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან, განიავებასა და ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

 

მუხლი 5. ექსპლუატაცია

1. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შახტში ჩამსვლელთა (ამომსვლელთა) ზუსტი აღრიცხვის პროცედურის შემუშავება და დანერგვა.

2. აკრძალულია დავალების გაცემა იმ ადგილებში სამუშაოდ, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები. 

3. პირებს, რომლებიც არ არიან დაკავებულები  მიწისქვეშა სამუშაოებით, მაგრამ მათი შახტში ჩასვლა აუცილებელია კონკრეტული დავალების შესასრულებლად, უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების საკითხებზე და უზრუნველყოფილი უნდა იქნენ დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით.

4. დამსაქმებელი ვალდებულია შახტში მომუშავე პერსონალი უზრუნველყოს სპეცტანსაცმელით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, ასევე შეიმუშაოს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების ინსტრუქციები და მუშა პერსონალს ჩაუტაროს პერიოდული ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების საკითხებში. 

5. გვირაბის ის ადგილები, სადაც არის ადამიანების ჩავარდნის საფრთხე, უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით. ჭაურები, ზუმპფები, ჭაბურღილები და სხვა ვერტიკალური ან დახრილი გვირაბები უნდა იყოს საიმედოდ დახურული ან შემოღობილი.

6. მოწყობილობის ყველა ღია მოძრავი ნაწილი ისე უნდა იყოს დაცული,   რომ  გამოირიცხოს ადამიანების ტრავმირება. 

7. შახტში, სადაც სამთო სამუშაოების წარმოებისას წარმოიქმნება მტვერი, გამოიყოფა და გროვდება მავნე აირი, აუცილებელია განხორციელდეს ჰაერში მტვრისა და მავნე აირების კონცენტრაციის კონტროლი.

8. შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“–ის მოთხოვნათა შესაბამისად.

9. შახტის ჭაურებსა და დახრილი გვირაბების ქვედა ჰორიზონტის ბაქნებზე, საიდანაც ხდება ადამიანების მექანიზებული საშუალებებით გადაადგილება,  უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოწყობილი უნდა იყოს მოსაცდელი კამერები.

10. საწარმო ვალდებულია შახტში ავარიების თავიდან აცილებასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს საკუთარი ან სახელშეკრულებო პირობებზე დამყარებული სპეციალიზებული სამთო-სამაშველო სამსახურის   მეშვეობით.

11. შახტში უნდა მოქმედებდეს ჰაერში მავნე/ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციის კონტროლისა და ავტომატური შეტყობინების საშუალებები და მომსახურე პერსონალის დეტექციისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.

12. აკრძალულია მოწევა და ღია ცეცხლით სარგებლობა გვირაბებში და საშახტო ინფრასტრუქტურულ გამონამუშევრებში.

 

კარი II

ტექნოლოგია

თავი IV. გვირაბების გაყვანა და გამაგრება

 

მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები გვირაბების გაყვანისა და გამაგრებისას

1. გვირაბის გაყვანა და გამაგრება უნდა მოხდეს რეგლამენტის და  სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი და შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად.

2. გვირაბის გასამაგრებლად გამოყენებული მასალები და ნაკეთობები უნდა შეესაბამებოდეს  რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი პროექტების ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.

3. სამთო-გეოლოგიური და საწარმოო პირობების შეცვლისას ამოსაღები უბნის პროექტი და გვირაბების გაყვანა-გამაგრების ანგარიშები უნდა გადაიხედოს დღეღამის  განმავლობაში. მანამდე სამუშაოები უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გათვალისწინებით. 

4. ჰორიზონტალური და დახრილი გვირაბების განივი კვეთის  ფართობის და სიმაღლის, ასევე გვირაბებში ადამიანების გასასვლელების, მოწყობილობებსა და მოძრავ შემადგენლობას შორის დაშორებების მინიმალური ზომები უნდა    სტანდართით განსაზღვრულ ნორმებს.

5. გვირაბის გაყვანის და გადამაგრების სამუშაოების ჩატარებისას, გვირაბის სამაგრის უკან წარმოქმნილი სიცარიელე უნდა ამოივსოს (ამოიყოროს), ხოლო იმ გვირაბში, რომელიც საშიშია მეთანის შრისებრი დაგროვების მხრივ, სამაგრის უკან სიცარიელე უნდა  შეივსოს (დატამპონება) არაწვადი მასალის გამოყენებით.

6. სივრცე სანგრევსა და მუდმივ სამაგრს შორის უნდა გამაგრდეს დროებითი სამაგრით. დროებითი სამაგრის მუდმივით შეცვლა უნდა მოხდეს გამაგრების პროექტის ანგარიშის შესაბამისად.

7. სუსტ და არამდგრად ქანებში (ფხვიერი, რბილი, მცურავი, ჩამოქცევისადმი მიდრეკილების მქონე) გვირაბების გაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს მოწინავე (დროებითი) სამაგრი, ფარი ან სხვა სპეციალური საშუალება.

8. აკრძალულია გვირაბის გაკვეთა შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ღონისძიებების გარეშე.

9. სარკინიგზო მაგისტრალიან გვირაბების იმ უბნებზე, სადაც სრულდება  მოძრავი შემადგენლობის სამანევრო, ასევე ვაგონების გადატვირთვა-გადმოტვირთვის და გადაბმა-გადახსნის სამუშაოები, გვირაბის ორივე მხარეს უნდა მოეწყოს ადამიანებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო გასასვლელი. ანალოგიური გასასვლელები უნდა მოეწყოს ჭაურმიმდებარე ეზოს ერთლიანდაგიან და ორლიანდაგიან გვირაბების მთელ სიგრძეზე ორივე მხარეს. 

10. ჭაურმიმდებარე ეზოს ორლიანდაგიან და გალური ჭაურების (რომელშიც დამონტაჟებულია სახალხო ამწევი მანქანა)  ერთლიანდაგიან გვირაბებში,  აგრეთვე, ყველა სხვა გვირაბების იმ  უბნებზე, სადაც სრულდება მოძრავი შემადგენლობის სამანევრო სამუშაოები, ვაგონების ან შემადგენლობის გადაბმა და გადახსნა, ორივე მხარეს უნდა მოეწყოს ადამიანებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო გასასვლელი.  

 

  მუხლი 7. გვირაბიდან გასასვლელების მოწყობა

1. მოქმედ შახტში ახალ დასამუშავებელ ჰორიზონტზე ერთი ჭაურის ან ქანობების გაყვანისას, თავდაპირველად უნდა მოეწყოს გვირაბები ადამიანების გადაადგილების და საერთო საშახტო დეპრესიით განიავების უზრუნველყოფის მიზნით  ცალკე გასასვლელით.

2. შახტის ყველა ჰორიზონტს უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი ცალკე გასასვლელი ზედა ან/და ქვედა ჰორიზონტზე ადამიანების გადასაადგილებლად (გადასაყვანად). 

3. ჭაურების დაახლოებული განლაგებისას საპროექტო ჰორიზონტამდე მათი გაყვანის (ჩაღრმავების) შემდეგ, თავდაპირველად, უნდა ჩატარდეს სამუშაოები ჭაურების ერთმანეთთან შესაერთებლად და დამონტაჟდეს სტაციონალური სახალხო-სატვირთო ამწევი მანქანა.

4. ჭაურების დაშორებული (ფლანგური) განლაგებისას, იმ გვირაბების გაყვანამდე, რომლებიც უზრუნველყოფენ მეორე გასასვლელს, ჭაურებში უნდა დამონტაჟდეს სტაციონალური ან დროებითი სახალხო-სატვირთო ამწევი მანქანა (მონტაჟის პროექტის შესაბამისად) და წყალამოსაღვრელი დანადგარები.  

5. მიწისქვეშა გვირაბებს უნდა გააჩნდეთ მიწის ზადაპირზე ამოსასვლელი ერთზე მეტი დამოუკიდებელი გასავლელი. თუ მიწისქვეშა გვირაბებს ზედაპირზე ამოსასვლელად გააჩნიათ ვერტიკალური ჭაური, ის უნდა აღიჭურვოს გალით და ასევე მასში უნდა მოეწყოს კიბე.

6. ყველა უმოქმედო გვირაბი, რომელსაც გასასვლელი აქვს ზედაპირზე, დაცული უნდა იქნეს მასში უცხო პირთა შემთხვევითი მოხვედრისგან.

7. დახრილი ჭაურების, ბრემსბერგების და ქანობების შუალედურ მოქმედ გვირაბებთან (რომლებშიც ადამიანები გადაადგილდებიან) გადაკვეთაზე უნდა მოეწყოს შემოვლითი გვირაბები ან გადასასვლელი ბილიკები (ბოგები). 

8. საწმენდი სანგრევიდან უნდა იყოს მოწყობილი ერთზე მეტი გასასვლელი სავენტილაციო და საზიდ (საკონვეიერო) შტრეკებში, ადამიანების გადაადგილების მიზნით.

9. ლავის ქვედა ნაწილში უნდა გაკეთდეს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სამაგრისგან მოწყობილი (წყობელას) საფეხური. 

 

მუხლი 8. ჰორიზონტალური და დახრილი გვირაბების გაყვანა და გამაგრება

1. მუდმივი სამაგრის ჩამორჩენა მოსამზადებელი გვირაბის სანგრევიდან განისაზღვრება რეგლამენტისა და  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი გვირაბის გაყვანა-გამაგრების პროექტით. 

2. ტიუბინგის სამაგრის გამოყენებით გვირაბის გაყვანისას შესაძლებელია არ იქნას გამოიყენებული დროებითი სამაგრი.

3. დახრილი გვირაბის გაყვანის, ჩაღრმავების ან რემონტისას გვირაბში მომუშავეები დაცულნი უნდა იყვნენ ვაგონეტების (სკიპების) ან სხვა საგნების ზემოდან ჩამოვარდნის საფრთხისგან მტკიცე დამცავი გადახურვით. 

 

მუხლი 9. ვერტიკალური გვირაბების გაყვანა, გამაგრება და არმირება

1. ჭაურის ზედაპირის აგების შემდეგ აკრძალულია გვირაბის გასაყვანი სამუშაოების გაგრძელება ჭაურის ნულოვან ნიშნულზე (ჭაურის გასასვლელი მიწის ზედაპირზე) გადახურვის მოწყობის გარეშე. ამასთან, ჩასაღრმავებელი ჭაურის სანგრევში მყოფი მუშები ზემოდან საგნების შესაძლო ვარდნისაგან დაცულნი უნდა იყვნენ  დამცავი მოწყობილობით. 

2. ჭაურიდან მონგრეული ქანის შესაბამისი ჭურჭლით (ბადიით) გამოტანისას უნდა გაიხსნას მხოლოდ იმ დამცავი თაროს სარქველი, რომელიც აუცილებელია ჭურჭლის გასატარებლად. ბადიის განტვირთვისას, სარქვლის კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს  ჭაურში ქანის ან სხვა საგნების ჩავარდნა.

3. აკრძალულია ადამიანების ჭაურში (შურფში) ყოფნა და სხვა სამუშაოების ჩატარება მასში დამონტაჟებული ამწევი მანქანის ჭურჭლის შეცვლისას, ჭურჭელზე მზიდი ბაგირის ჩახსნისას, აგრეთვე ჭაურში თხევადი ბეტონის მილსადენის დაკიდებისა და მოხსნისას.  

4. ჭაურში ბეტონის მილსადენი მთელ სიგრძეზე დაზღვეული უნდა იყოს ვარდნისაგან დამცავი ბაგირით. მილსადენში ბეტონის  გაჭედვის ლიკვიდაციის სამუშაო უნდა ჩატარდეს სპეციალისტის ხელმძღვანელობით.  სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისას დაუშვებელია ადამიანების ყოფნა ბეტონის  გაჭედვის ადგილის ქვემოთ.

5. გასაყვანი ან ჩასაღრმავებელი ჭაურის სანგრევი გადახურული უნდა იყოს საგნების ზემოდან ვარდნისაგან დამცავი (ჩამოსაკიდებელი ან სხვა) თაროთი. ერთსართულიანი ან მრავალსართულიანი თაროები ბაგირზე ისე უნდა ჩამოეკიდოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია. 

6. მაბიჯი თაროს ჭაურში გადაადგილებისას ადამიანები ჭაურის სანგრევში და თაროზე არ უნდა იმყოფებოდნენ, გარდა მემანქანის და მისი თანაშემწეებისა, რომლებიც მონაწილეობენ თაროს გადაადგილებაში.

7. ჭაურის გაყვანის და კიდული თაროდან მუდმივი სამაგრის დაყენების სამუშაოების ერთდროულად წარმოებისას, თაროს უნდა ჰქონდეს ზედა (დამცავი) სართული ზემოდან საგნების შესაძლო ვარდნისგან თაროზე მომუშავეების დასაცავად.

8. გვირაბგამყვანი თაროების იატაკში  უნდა მოეწყოს სათვალიერებელი ხვრელი, რომელიც საშუალებას მისცემს ბადიასა და ტვირთის თაროს გარკვეულ მონაკვეთზე (მილძაბრაში) გატარებაზე პასუხისმგებელ გვირაბგამყვანს, დააკვირდეს თაროს ქვევით განლაგებულ მოწყობილობას და სანგრევში არსებულ მდგომარეობას.

9. აკრძალულია თაროების ექსპლუატაცია განმბჯენების გარეშე. 

 

თავი V. საწმენდი სამუშაოების ტექნოლოგია

 

მუხლი 10. ზოგადი მოთხოვნები საწმენდი სამუშაოების მიმართ

1. საწმენდ სანგრევში ნახშირის ამოღება უნდა განხორციელდეს უბნის გვირაბების გაყვანის და გამაგრების პროექტის ანგარიშის შესაბამისად, აგრეთვე, ყველა საშიში და მავნე ფაქტორის თავიდან აცილების კომპლექსური ღონისძიებების გამოყენებით.

 2. აკრძალულია საწმენდი სამუშაოების წარმოება შახტის ველის იმ უბნებზე, სადაც გაყვანილი და მოქმედი გვირაბების განიავება არ ხორციელდება პროექტის შესაბამისად. 

3. აკრძალულია საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარება ორზე მეტ მომიჯნავე სართულზე. მთელანების გამოღება და ზემოთ მდებარე სართულებზე ცალკეული ამოსაღები უბნების დამუშავება დასაშვებია  რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი პროექტის შესაბამისად.

4. საწმენდ სანგრევში დღე-ღამეზე მეტი დროით სამუშაოების შეჩერებისას მიღებული უნდა იქნეს ზომები სანგრევისპირა სივრცეში ჭერის ჩამოქცევის, დაგაზიანების ან დატბორვის თავიდან ასაცილებლად. სამუშაოების განახლება დასაშვებია შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვით, უბნის სპეციალისტის მიერ საწმენდი გვირაბის დათვალიერების შემდეგ. 

5. აკრძალულია ადამიანების ყოფნა ლავში კომბაინის მუშაობისას მის ქვევით, ასევე 250-ზე მეტი დახრის კუთხის ფენებში კომბაინის ჩაშვებისას. გამონაკლისია მექანიზებული სამაგრი, რომელიც აღჭურვილია შემოღობვით და იცავს ნახშირისა და ქანის ნატეხების მოხვედრისაგან იმ ადგილებს, სადაც ადამიანები იმყოფებიან.

6. სავენტილაციო შტრეკთან შტრეკზედა მთელანების ამოღება და ერთდროულად ქვედა სართულის (ქვესართული) ლავების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფენის დახრის კუთხე არ აღემატება 300-ს და საწმენდი სანგრევი შემოფარგლულია შტრეკებით (გამკვეთებით), რაც უზრუნველყოფს საწმენდი სანგრევიდან ორ დამოუკიდებელ გასასვლელს და საერთო საშახტო დეპრესიით განიავებას.

7. დამრეც და დახრილ ფენებში შტრეკს ზემოთ მთელანების არსებობისას, წმენდითი სანგრევიდან სატვირთავ პუნქტამდე ნახშირის გამოტანა დასაშვებია მხოლოდ წინა სასულეთი ან გეზენკით.

8. აკრძალულია საფეხურში ქვევიდან ზევით სანგრევი ჩაქუჩით ნახშირის მონგრევა და ყურე საფეხურებში მცველი წალოების (ნიშების) გარეშე მუშაობა. 

9. 180-ზე მეტი დახრის კუთხის ფენის ლავაში აკრძალულია მოწყობილობის და ხე-ტყის მასალის გადატანა კონვეიერით, რომელსაც არ გააჩნია სპეციალური სამარჯვები მასალის შესაკავებლად.  

 

მუხლი 11. ჭერის გამაგრება და მართვა

1. საწმენდი სანგრევის ინდივიდუალური სამაგრის ტიპი, კონსტრუქცია და პარამეტრები განისაზღვრება  რეგლამენტის და  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი ამოსაღები უბნის პროექტით. 

2. მუდმივივი ინდივიდუალური სამაგრი უნდა შედგებოდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ, სათანადო გაანგარიშების საფუძველზე დადგენილი, ადექვატური ზიდვის უნარის და ერთი ტიპის ბიგებისაგან. 

3. საწმენდი სანგრევის შეუღლება საზიდ (საკონვეიერო) და სავენტილაციო შტრეკებთან (ბრემსბერგი, ქანობი, სასვლელი და სხვ.) გამაგრებული უნდა იყოს გადასატანი მექანიზებული სამაგრით. სამაგრის სხვა გაძლიერებული (სპეციალური) სახეობის გამოყენება როგორც გამონაკლისი დასაშვებია იქ, სადაც გადასატანი მექანიზებული სამაგრის გამოყენება შეუძლებელია. შეუღლების  ადგილის სპეციალური სამაგრის კონსტრუქციამ უნდა გაიაროს ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა და აისახოს შესაბამისი ანგარიშით ამოსაღები უბნის პროექტში.  

4. დახრილ ფენაში ჭერის დაჯდომის (ჩამოქცევის) სამუშაოების წარმოებისას აკრძალულია ხალხის ყოფნა  სამუშაოების ჩატარების ადგილის ქვემოთ.   

5. ლავაში ჭერის დაჯდომისას (ჩამოქცევისას) ხის სამაგრის გამოტანა უნდა განხორციელდეს მექანიზებული წესით ან აფეთქებით.

6. საწმენდ სანგრევში დაუშვებელია გაუმართავი მექანიზებული  სამაგრით მუშაობა. 

7. პასპორტით გათვალისწინებულ დაჯდომის ბიჯზე მეტად ჭერის ჩამოქცევის დაყოვნებისას გამოყენებული უნდა იქნეს ხელოვნური ჩამოქცევა.

8. აკრძალულია ლავების და საწმენდი კამერების გაუმაგრებელ  სივრცეში ადამიანების ყოფნა და საწმენდი სამუშაოების წარმოება, ასევე საწმენდი და ჭერის დასაჯდომი (ჩამოსაქცევი) სამუშაოების ერთდროულად ჩატარება. 

 

მუხლი 12. ნახშირის მოპოვების ტექნოლოგიური სქემები

1. საქართველოს ნახშირის საბადოებზე მოქმედ, მშენებარე და დასაპროექტებელ შახტებში გამოყენებული უნდა იქნეს   ნახშირის მოპოვების ტექნოლოგიური სქემები  სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად. 

2. სამთო დარტყმების გამოვლინების მხრივ საშიშ შახტში, ნახშირის ფენების (შრეების) დამუშავება უნდა მოხდეს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად და სამთო დარტყმების შესაძლო გამოვლინება გათვალისწინებული უნდა იყოს ავარიის სალიკვიდაციო გეგმის შედგენისას. 

3. სამთო დარტყმების გამოვლინების მხრივ საშიშ ფენებში ლოკალური და რეგიონული გაჟღენთის ხარისხის კონტროლი საშიშროების კატეგორიის დადგენის მიზნით უნდა განხორციელდეს სტანდარტის  შესაბამისად. 

4. ნახშირის წყების რეგიონული და ნახშირის ფენის ლოკალური წყლით გაჟღენთა  უნდა განხორციელდეს  სტანდარტით  განსაზღვრული სქემების შესაბამისად.

5. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი სამთო დარტყმების გამოვლინების მხრივ საშიში უბნების პროგნოზირების შედეგებისათვის ჟურნალში, ხოლო სამთო დარტყმებთან ბრძოლის ეფექტურობის შედეგები შესაბამისი ჩანაწერებით – ამ მიზნისათვის შექმნილ ჟურნალში. 

 

მუხლი 13. გვირაბების შენახვა და რემონტი

1. შახტის ტექნიკური ხელმძღვანელი ვალდებულია  შეადგინოს  გამაგრების შესაბამისი ანგარიში. გამაგრება უნდა შესრულდეს  გამაგრების ადგილზე არსებული სამთო წნევების (ფართის ერთეულზე მოსული ძალის, დატვირთვის) გათვალისწინებით. გვირაბის გადამაგრებისას ძველი სამაგრების ამოღების ეტაპობრიობა და მიმდევრობა უნდა განხორციელდეს სამთო წნევების საფრთხეების გათვალისწინებით. 

2. გვირაბის გადამაგრებისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული  ადგილი, სამუშაოების მთლიანად დამთავრებამდე და გზის მდგომარეობის შემოწმებამდე უნდა აღიჭურვოს შემომღობავი შუქსიგნალებითა და მაფრთხილებელი ნიშნებით. 

3. ჭაურის ქანობისა და ბრემსბერგის რემონტისათვის განკუთვნილი ტვირთების ჩაშვებისას და ამოტანისას ტვირთის მიმღები და ამწევი მანქანის მემანქანეები  აღჭურვილნი უნდა იყვნენ კავშირის საშუალებით.

4. უსასრულო (წრიული) ბაგირით ზიდვისას დახრილი საზიდი გვირაბის რემონტი ნებადართულია ჩატარდეს მაშინ, როდესაც ბაგირზე ვაგონეტები არაა ჩაბმული. 

5. ჭაურის ქვედა მონაკვეთში (ზუმპფში) სამუშაოების ჩატარებისას ჭაურში ამწევი ჭურჭლების მოძრაობა მთლიანად უნდა შეწყდეს, ხოლო ზუმპფში მომუშავენი დაცულნი უნდა იქნენ ზემოდან ჩამოვარდნილი საგნებისაგან.  

6. ძველი შახტის ჭაურების და შურფების აღდგენისას  გვირაბების განიავების, სამაგრის მდგომარეობისა და ჰაერის შედგენილობის სტანდარტით  დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე დაუშვებელია მათში ადამიანების ჩასვლა. 

 

მუხლი 14. შახტის და გვირაბების ლიკვიდაცია და კონსერვაცია

1. ნახშირის შახტის ლიკვიდაცია და კონსერვაცია უნდა განხორციელდეს რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი პროექტის მიხედვით.

2. შახტის მთლიანი ან ნაწილობრივი ლიკვიდაციისას და კონსერვაციისას ყველა სახის გვირაბი მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვას.

3. აკრძალულია სამაგრის ამოღება იმ უბნიდან, რომელიც უნდა ამოივსოს უწვავი მასალით. 

4. ლიკვიდირებული გვირაბის ზედაპირი შემოსაზღვრული უნდა იყოს წყალსარინი თხრილებით ან დატბორვის წინააღმდეგ  მიღებულ უნდა იქნას წყლის აკუმულირების სხვა ადექვატური/საკმარისი ზომები.

5. ვერკტიკალუკრი, დახრილი და ჰორიზონტალური გვირაბების ლიკვიდაცია რომელთაც გასასვლელი აქვს მიწის ზედაპირზე, უნდა განხორციელდეს  სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. 

 

მუხლი 15. გვირაბში ადამიანების და საგნების ვარდნის თავიდან აცილება

1. ვერტიკალური და დახრილი გვირაბის ზედაპირი უნდა გადაიხუროს საიმედოდ  დამაგრებული შახტის გადასახური საშუალებებით. ჭაურის ქვედა მონაკვეთს (ზუმპფს) ადამიანების ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად უნდა ჰქონდეს შემოღობვა. 

2. ვერტიკალური გვირაბის ჰორიზონტალურთან გადაკვეთისას ადამიანების გადასასვლელად გაყვანილი უნდა იქნეს შემომვლები გვირაბი. გასასვლელის მოწყობა ნებადართულია კიბის განყოფილების ქვეშ. 

3. დახრილი და ციცაბო გვირაბების ჰორიზონტალურ გვირაბთან  შეუღლების ადგილი  უნდა შემოიღობოს და გადაიხუროს მტკიცე თაროთი, ლითონის გისოსით ან სხვა საკმარისად მყარი საფარით, რომელიც მედეგი იქნება ჩამოცვენილი ქანების/საგნების მიმართ.  

4. ბადიებით აწევისას ჭაურების ზედაპირთან, როგორც ქვედა, ისე ზედა მიმღებ ბაქანზე მებადიეს დასაყრდნობად დაყენებული უნდა იყოს ტიხრები. თუ შახტის სარქვლის გასაღებად არ გამოიყენება მექანიკური ამძრავი, მებადიეს მუშაობა დამცავი საშუალების გარეშე აკრძალულია. 

5. ჭაურების და შურფების კიბის განყოფილება სხვა განყოფილებებიდან იზოლირებული უნდა იყოს სათანადო მყარი ტიხრით.  

6. ჭერის ჩამოქცევით სქელი ფენების დამუშავების რაიონში, საწმენდი სამუშაოების დაწყების წინ, ზედაპირზე უნდა განისაზღვროს სახიფათო ზონა, რომლის ირგვლივ უნდა მოეწყოს შემოღობვა და დაიკიდოს მაფრთხილებელი ნიშნები. აკრძალულია მომიჯნავე ჩანაქცევებს შორის წარმოქმნილ ყელზე ტრანსპორტის და ადამიანების გადაადგილება. წარმოქმნილი ჩანაქცევები უნდა შემოიღობოს და ამოივსოს. 

 

თავი VI. წყალამოღვრა

 

მუხლი 16. ზოგადი მოთხოვნები წყალამოსაღვრელი დანადგარის მიმართ

1. საშახტო მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარი მოთავსებული უნდა იყოს ჭაურმიმდებარე ეზოში სპეციალურად მოწყობილ სატუმბო კამერაში. დანადგარი უნდა უზრუნნელყოფდეს წყლის მაქსიმალური მოდინების ამოტუმბვას.

2. წყალამოსაღვრელი დანადგარის ნორმალურ რეჟიმში მუშაობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის ამოტუმბვას ისე, რომ არ მოხდეს დატბორვა.  

3. წყალამოსაღვრელი დანადგარი უნდა შედგებოდეს მუშა და ერთი სათადარიგო ტუმბოსაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფ მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, შახტს უნდა გააჩნდეს დამატებითი სატუმბი დანადგარები. 

 4. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის სატუმბო კამერა უნდა უერთდებოდეს შახტის ჭაურს (დახრილი სასვლელით), ჭაურმიმდებარე ეზოს (სასვლელით), წყალსაკრებს (წყლის მოდინების რეგულირების მოწყობილობის საშუალებით). 

5. სითხის (წყლის ან პულპის) დაწნევისას, საჭირხნი მილსადენების მაერთებელი მილტუჩების ირგვლივ უნდა გაკეთდეს დამცავი ფარები  სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 

6. თუ წყალამოსაღვრელი დანადგარი არ არის აღჭურვილი ავტომატური მართვის მოწყობილობით, მას უნდა ემსახურებოდეს კვალიფიციური ზეინკალი.

 

მუხლი 17. დატბორილი და დაგაზიანებული უბნებიდან, წყლის  და აირის გამოხეთქისაგან დაცვა.

1. დატბორილი გვირაბიდან წყლის გამოხეთქის მხრივ საშიში ზონების საზღვრების დადგენა და ამ ზონებში სამთო სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს  რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი  და დამტკიცებული  ღონისძიებების შესაბამისად.

2. შახტის მთავარი მარკშაიდერი ვალდებულია, სამთო სამუშაოების გეგმაზე დაიტანოს საშიში ზონის საზღვრები და შახტის ტექნიკურ ხელმძღვანელს და უბნის უფროსს წერილობით წინასწარ აცნობოს ამ ზონასთან სამთო გვირაბების მიახლოების, საშიშ ზონაში სამთო სამუშაოების დაწყების და დამთავრების შესახებ.

3. შახტის ტექნიკური ხელმძღვანელი ვალდებულია, საშიშ ზონებში სამთო სამუშაოების წარმოების დამტკიცებული პროექტი გააცნოს ყველა მუშაკს, რომელიც დაკავებულია ამ სამუშაოებით და ახორციელებს პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა  უსაფრთხოდ წარმოების  კონტროლს.

4. საშიში ზონის ახლოს მდებარე სანგრევში, წყლის შესაძლო გამოხეთქის ნიშნების გამოვლენისას (სანგრევის შენამვა, წვეთის მომატება და სხვ.), უბნის ცვლის ზედამხედველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანოს  მომსახურე პერსონალი დატბორვის მხრივ საშიში ყველა გვირაბიდან.

5. დატბორილი და დაგაზიანებული უბნებიდან ჰაერში ჟანგბადის და მავნე აირების შემცველობის შემოწმება უნდა განხორციელდეს სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ.  

6. მიწისქვეშა სამთო სამუშაოების შედეგად, მიწის ზედაპირზე  გაჩენილი ხრამები და ჩაქცევები უნდა ამოივსოს და აღნიშნული ადგილი იზოლირებული უნდა იყოს შესაძლო წყალმოდენისაგან სტანდარტის  მოთხოვნების გათვალისწინებით.

7. შახტის ვერტიკალური და დახრილი ჭაურის, შურფის, შტოლნის და ტექნიკური ჭაბურღილის ზედაპირები ისე უნდა იქნეს მოწყობილი, რომ ზედაპირულმა წყალმა ვერ შეაღწიოს გვირაბებში.

 

მუხლი 18. მოქმედ გვირაბში პულპის შეღწევის თავიდან აცილება

დალამული უბანი, რომელშიც აღმოჩნდება წყალი ან პულპა, მიჩნეული უნდა იქნეს დატბორილ გვირაბად. წმენდითი სამუშაოების დაწყებამდე, დალამული უბნის ქვემოთ, რომელიც მდებარეობს იმავე ან ზედა ფენაში, შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს დალამული უბნის საიზოლაციო ზღუდარების საიმედოობა.

 

კარი III

გვირაბების განიავება და მტვერ-აირის რეჟიმი

თავი VII. შახტის განიავება

 

მუხლი 19. საშახტო ჰაერი და სავენტილაციო ქსელი

1. შახტის განიავება ისე უნდა განხორციელდეს, რომ მოქმედ გვირაბებში ჰაერის შედგენილობა, სიჩქარე, რაოდენობა და ტემპერატურა შეესაბამებოდეს  რეგლამენტისა და სტანდარტის  მოთხოვნათა გათვალისწინებით შემუშავებულ პროექტს.  

2. შახტში მომუშავეთა უსაფრთხოების  და აფეთქებაუსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გვირაბების ჰაერში, სადაც იმყოფებიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები, ჟანგბადის პროცენტული შემცველობა (მოცულობით), მეთანის, ნახშირორჟანგის, წყალბადის, სხვა მავნე აირებისა და მტვრის კონცენტრაცია  უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით  დადგენილ ნორმებს.  

3. გვირაბებში საამფეთქებლო სამუშაოების შემდეგ სანგრევში ადამიანების დაშვებამდე, მავნე აირების (ნახშირჟანგი, აზოტის ჟანგი და სხვა) შემცველობა  პირობით ნახშირჟანგზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 0,008 %-ს მოცულობაში. ჰაერში მავნე აირების  ასეთი განზავება მიიღწეულ  უნდა იქნას სულ ცოტა 30 წთ-ის განმავლობაში.  

4. უაირო შახტში მთავარი და დამხმარე ვენტილატორების დადგენილ ნორმაზე მეტი დროით გაჩერებისას ადამიანები გამოყვანილ უნდა იქნენ სუფთა ჭავლიან გვირაბებში.

5. მეთანის და ნახშირორჟანგის მიხედვით შახტის აირსიუხვე უნდა განისაზღვროს სტანდარტით  განსაზღვრული ჰაერის სინჯის აღების, აირსიუხვის განსაზღვრის და შახტის კატეგორიის დადგენის ინსტრუქციის შესაბამისად. 

6. გვირაბებში ჰაერის მოძრაობის სიჩქარეები და შახტის გასანიავებელი ჰაერის მოცულობები უნდა განისაზღვროს შესაბამისი სტანდარტით.  

7. ჰაერის მოძრაობის სიჩქარის დასაშვები ნორმის  გადამეტებისას,  გვირაბებში მუშაობა უნდა ჩატარდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული სპეციალური ღონისძიებების შესაბამისად.  

8. დამოუკიდებელი განიავების მქონე შახტების ერთი სავენტილაციო სისტემით განიავება ნებადართულია მხოლოდ მოწვეული სპეციალისტის/სპეციალისტების  მიერ შესრულებული პროექტით.  ავარიის შემთხვევაში შახტების სავენტილაციო მომსახურება უნდა აწარმოოს ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბანმა სათანადოდ შედგენილი ერთიანი ავარიის ლიკვიდაციის გეგმით.

9. გვირაბებში, რომლებიც აერთიანებს დამოუკიდებელი განიავების მქონე  შახტებს და არ არის გაერთიანებული ერთიან სავენტილაციო სისტემად, საჭიროა მოეწყოს ყრუ აფეთქებამედეგი და ცეცხლგამძლე გამმიჯნავი ზღუდარები,  რომელთა დაყენების ადგილი და კონსტრუქცია უნდა დადგინდეს პროექტით.

10. დროებით გაჩერებული საექსპლუატაციო უბნები და გამოუყენებელი გვირაბები უნდა იყოს იზოლირებული. ასეთი გვირაბების ზღუდარების გახსნა და მავნე აირებისგან გაწმენდა უნდა მოხდეს მოწვეული და/ან შახტის სპეციალური სამაშველო სამსახურის მიერ, პროექტის შესაბამისად. 

11. აკრძალულია შახტის ერთი და იმავე ჭაურის ან შტოლნის გამოყენება სუფთა და გამომავალი ჭავლის ერთდროული გატარებისათვის. 

12. აკრძალულია ჩიხურ და საწმენდ გვირაბებში,  მოქმედ კამერებში, სუფთა ჰაერის მიწოდება და  , მათგან ნამუშევარი ჰაერის მოცილება ჩამოქცევებისა და  ჩამოწოლის ზონის გავლით. აკრძალვა არ ვრცელდება გვირაბის გაუქმების სამუშაოზე და ნამუშევარი სივრციდან მეთანის იზოლირებული არინების (მოცილების) შემთხვევაზე. თუ გვირაბების გაუქმებისას შეუძლებელია ჰაერის მიწოდება საერთო-საშახტო დეპრესიით, გამოყენებული უნდა იყოს ადგილობრივი განიავების ვენტილატორი.

13. საწმენდი სანგრევი, მასთან მომიჯნავე ჩიხურ გვირაბთან ერთად უნდა განიავდეს სუფთა ჰაერის ჭავლით. აირგამოყოფის მიხედვით III და ზეკატეგორიის შახტებში ლავების მიმდევრობითი განიავება, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია ტექნიკური რეგლამენტის და შესაბამისი სტანდარტის გათვალისწინებით შედგენილი პროექტის მიხედვით. 

14. ბატარეების დასამუხტი კამერები და ფეთქებადი მასალების საწყობები უნდა განიავდეს სუფთა ჰაერის  დამოუკიდებელი ჭავლით.  

 

მუხლი 20. სავენტილაციო მოწყობილობა

1. სავენტილაციო ჭავლების მოკლედ შერთვის (შერევის) თავიდან აცილების და რევერსირების უზრუნველყოფის მიზნით,  შახტში გვირაბები და სავენტილიაციო კარი უნდა მოეწყოს სტანდარტის  მოთხოვნების შესაბამისად. 

2. აკრძალულია კარიანი სავენტილაციო ნაგებობის დაყენება დახრილ საზიდ გვირაბში. სავენტილაციო ნაგებობა, რომელიც მოწყობილია საზიდი გვირაბის ქვევით, უნდა იყოს დაცული ბარიერით.  

         

მუხლი 21. სავენტილატორო დანადგარი

1. გვირაბების განიავება უნდა განხორციელდეს უწყვეტად მომუშავე მთავარი და დამხმარე ვენტილატორებით. აკრძალულია შახტის მხოლოდ ბუნებრივი წევით განიავება. 

2. მთავარი განიავების სავენტილატორო დანადგარი უნდა შედგებოდეს, ერთზე მეტი დამოუკიდებელი აგრეგატისგან, რომელთაგან ერთ-ერთი სარეზერვოა. აირიანი შახტის ახალი და სარეკონსტრუქციო სავენტილატორო დანადგარების ვენტილატორებს უნდა ჰქონდეს ერთნაირი მახასიათებლები. 

3. მთავარი განიავების სავენტილატორო დანადგარმა უნდა უზრუნველყოს სავენტილაციო ჭავლის რევერსირება ყველა გვირაბში, რომელიც ნიავდება საერთო-საშახტო დეპრესიის ხარჯზე. დამხმარე სავენტილატორო დანადგარმა უნდა უზრუნველყოს სავენტილაციო ჭავლის რევერსირება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გათვალისწინებულია ავარიის ლიკვიდაციის გეგმით. ვენტილატორის რევერსიულ რეჟიმზე გადაყვანის ხანგრძლივობა და მწარმოებლურობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ ნორმებს. 

4. სავენტილატორო დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს დისტანციური მართვის და  კონტროლის აპარატებით, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში, მას უნდა ემსახურებოდეს მემანქანე. სავენტილატორო დანადგარის შენობაში, ხმაურის დამხშობ კაბინაში უნდა იყოს კავშირის საშუალება  რომელიც უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული ზედაპირზე შახტის   დისპეტჩერთან. 

5. სავენტილატორო დანადგარის უეცარი გაჩერებისას, მისი გაუმართაობის ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტისას, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შახტის დისპეტჩერს. 

6. ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტაზე ან სავენტილატორო დანადგარის მუშაობის სავარაუდო შეჩერებაზე შეტყობინების მიღების შემთხვევაში შახტის დისპეტჩერი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია დროულად მიიღოს ზომები შახტში მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 22. ჩიხური გვირაბის განიავება

1. ჩიხური გვირაბის განიავება უნდა წარმოებდეს საერთო-საშახტო დეპრესიით ან ადგილობრივი განიავების ვენტილატორით. საერთო-საშახტო დეპრესიით განიავებისა და ფენებში გვირაბების ვიწრო სანგრევით (შტრეკით, ქანობით და ბრემსბერგით და სხვა) გაყვანისას ჰაერის გამომავალი ჭავლისათვის გაყვანილი უნდა იქნეს პარალელური გვირაბები, რომლებიც ძირითად გვირაბს უნდა შეუერთდეს სასულეებით (გამკვეთებით). ახალი სასულეების გაყვანის შემდეგ ძველ სასულეებში  უნდა მოეწყოს ჰაერშეუღწევი მუდმივი ზღუდარები. ჩიხური გვირაბის გაყვანისას აკრძალულია მისგან ახალი ჩიხური გვირაბის გაყვანა.

2. ჩიხურ გვირაბში ვენტილატორის გაჩერების ან ვენტილაციის დარღვევისას სამუშაოები უნდა შეწყდეს, ელექტრომოწყობილობაზე ძაბვა ავტომატურად უნდა მოიხსნას და ადამიანები სასწრაფოდ უნდა გამოვიდნენ განიავებულ გვირაბში. ამასთან, ჩიხური გვირაბის პირზე უნდა დაიდგას ამკრძალავი ნიშანი.

3. დაჭირხვნაზე მომუშავე ვენტილატორი დაყენებული უნდა იქნეს ჰაერის სუფთაჭავლიან გვირაბში.

4. სტანდარტის  მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს:

ა) მანძილი ჩიხური გვირაბის გაყვანისას, ჰაერის გამომავალი ჭავლისათვის გაყვანილ პარალელურ გვირაბსა და ძირითადი გვირაბის შემაერთებელ სასულეებს (გამკვეთებით) შორის.

ბ) ადამიანების მუდმივი ყოფნის ადგილებიდან ადგილობრივი განიავების ვენტილატორის განთავსების უსაფრთხო მანძილი; 

გ) აირიან და უაირო შახტებში ჩიხური სანგრევით (ჰორიზონტალური, დახრილი და ვერტიკალური) გვირაბის გაყვანისას მანძილი სავენტილაციო მილების ბოლოდან სანგრევამდე;   

5. საწმენდ გვირაბში ვენტილატორი შეიძლება დაყენებულ იქნეს ადგილობრივი გეოლოგიური აშლილობის (ქანების არაერთგვაროვნების) ზონებში შემოვლითი გეზენკების (სასულეების) გაყვანისას იმ პირობით, რომ საწმენდი სანგრევიდან მოწყობილია გასასვლელები.  

6. აირსაშიშ შახტზე აკრძალულია ერთი განშტოებული მილსადენით ორი ან მეტი გვირაბის განიავება.

7. ადგილობრივი განიავების ვენტილატორთან დადგმული უნდა იქნეს დაფა, ან სხვა ინფორმაციის მატარებელი საშუალება რომელზეც უნდა აისახოს გვირაბის განიავების ძირითადი პარამეტრები.

8. აკრძალულია პნევმოძრავიანი ვენტილატორის დაყენება გვირაბებში, გარდა საწმენდი სანგრევების მომიჯნავე სავენტილაციო გვირაბების გაყვანის ან გაუქმებისას.

9. მშენებლობის დროს ჭაურები (შურფები) უნდა განიავდეს მთელ სიღრმეზე. ვერტიკალური ჭაურების (შურფების) გაყვანისას გამოყენებული უნდა იყოს ხისტი მასალის სავენტილაციო მილები.  

10. ვერტიკალური ჭაურების (შურფების) გაყვანისას აკრძალულია მოქნილი სავენტილაციო მილის გამოყენება, გარდა  უშუალოდ ჭაურის (შურფის) სანგრევის განიავებისას.  

 

თავი VIII. აირსაშიში შახტების განიავება

(დამატებითი მოთხოვნები)

 

მუხლი 23. აირიანი შახტების კატეგორიები

1. შახტი, რომელშიც გამოიყოფა (გამოიყოფოდა) მეთანი, მთლიანად უნდა იქნეს გადაყვანილი აირიან რეჟიმზე  რეგლამენტის  მოთხოვნათა შესაბამისად.   

2. აირიანი შახტები ფარდობითი აირსიუხვის სიდიდის და მეთანის გამოყოფის სახეობის მიხედვით იყოფა ხუთ კატეგორიად (ცხრილი). თუ ჭაურების, შურფების და სხვა გამხსნელი გვირაბების გაყვანისას გამოვლენილ იქნა მეთანი (ან მოსალოდნელია მისი გამოყოფა), შახტში დაცული უნდა იქნეს აირიანი რეჟიმი.

                                    

                                                                                                  ცხრილი

შახტის კატეგორია მეთანის გამოყოფის მიხედვით

ფარდობითი მეთანსიუხვე, მ3/ტ

(ერთ ტონა მოპოვებულ ნახშირზე გამოყოფილი მეთანის რაოდენობა)

I

5-მდე

II

5-10

III

10-15

ზეკატეგორიის

15 და მეტი, სუფლიარული გამოყოფა

უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში

ნახშირისა და აირის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში ფენები, აგრეთვე, გამოტყორცნის მხრივ საშიში ქანები

 

            

 

3. საბურღ დაზგასთან, კომბაინთან და გვირაბგამყვან მანქანასთან მეთანის 2 %-მდე ადგილობრივი დაგროვებისას აუცილებელია მანქანების გაჩერება და მათ მკვებავ კაბელებზე ძაბვის მოხსნა. მეთანის კონცენტრაციის ზრდის გამოვლენისას (სტანდარტში მოცემულ სიდიდეებზე მეტად) ან შემდგომი 15 წთ-ის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნებისას ადამიანები გამოყვანილნი უნდა იქნენ სუფთა ჭავლზე. მანქანების მუშაობის განახლება დასაშვებია მეთანის კონცენტრაციის 1 %-მდე შემცირების შემდეგ.  

 

მუხლი 24. აირიანი შახტის განიავების თავისებურებები

1. აირიან შახტში ჰაერის მოძრაობის რეგულირება და ჰაერში მავნე აირების შემცველობა უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტის  მოთხოვნებს.

2. გვირაბის სანგრევიდან მეთანის უეცარი ან სუფლიარული გამოყოფის თითოეულ შემთხვევაზე უნდა შედგეს აქტი, განისაზღვროს მეთანის სახეობა და შედგეს მისი გამოყოფის პროგნოზი ასევე უნდა დამუშავდეს და რეალიზებულ იქნეს მეთანის უეცარი და სუფლიარული გამოყოფის თავიდან აცილების ღონისძიებები.

3. შახტში, სადაც განიავების მეთოდებით შეუძლებელია მეთანის შემცველობის დასაშვები ნორმის უზრუნველყოფა, უნდა განხორციელდეს წინასწარი დეგაზაცია.  

 

თავი IX. მტვერთან ბრძოლა

 

მუხლი 25. მტვერთან ბრძოლის ზოგადი მოთხოვნები

1. მტვრის აფეთქების მხრივ საშიში ფენების დამუშავებისას, ახალი და სარეკონსტრუქციო შახტების (ჰორიზონტების), აგრეთვე, ბლოკის, პანელის, ამოსაღები ველის პროექტები, ამოსაღები უბნის, გვირაბის გაყვანა-გამაგრების პროექტები უნდა შეიცავდეს მტვერთან ბრძოლის სპეციალურ ნაწილს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მტვრის აფეთქების თავიდან აცილების ხერხები, ლოკალიზაციის პარამეტრები და მტვერაფეთქებადაცვის ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების გაანგარიშება.

2. მიმღები ბუნკერი, საყირავი (ვაგონის ამომყირავებელი), სკიპის დამტვირთავი და განმტვირთავი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ასპირაციის და ჰაერის გაწმენდის საშუალებებით, აგრეთვე, სამთო მასის გაბნევისა და მისი ამტვერების საწინააღმდეგო მოწყობილობით.  

3. აკრძალულია სუფთა ჰაერის მიწოდება იმ ჭაურით, რომელიც აღჭურვილია სასკიპე აწევით ან საყირავი გალით, აგრეთვე, ამოსაღები უბნის საზღვრებს გარეთ ლენტური კონვეიერებით აღჭურვილი დახრილი ჭაურითა და გვირაბით. 

4. აკრძალულია გვირაბგამყვანი და სხვა სამთო მანქანების ექსპლუატაცია აფეთქებადამცავი მორწყვის სისტემის გარეშე აფეთქებასაფრთხიან ფენებში, აგრეთვე სამთო სამუშაოების წარმოება მტვერჩამხშობი საშუალებების გარეშე ან მათი უწესივრობისას. 

 

მუხლი 26. მტვრის აფეთქების მხრივ საშიში ფენების  დამუშავება (დამატებითი მოთხოვნები)

1. გვირაბის მტვერის აფეთქებისგან დაცვის საშუალებები და შესაბამისი ხერხები უნდა დადგინდეს დალექილი ნახშირის მტვრის აფეთქებადობის ქვედა ზღვრის,  გაფიქლების (გამყარების) ნორმის და  სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უნდა განხორციელდეს მტვრის აფეთქების თავიდან აცილების ის ღონისძიებები, რომლებსაც ითვალისწინებს  სტანდარტის  მოთხოვნები.

3. აირის, მტვრის აფეთქების მხრივ საშიში შახტის დახრილ ჭაურებს, კაპიტალურ დახრილ გვირაბებს, მთავარ და ჯგუფურ შტრეკებს შორის არსებულ გამკვეთებში, როდესაც ამ გვირაბებში სხვადასხვა მიმართულების სავენტილაციო ჭავლების მოძრაობაა, დაყენებული უნდა იყოს აფეთქებამედეგი ყრუ ზღუდარები.

4. ნახშირის მტვრის აფეთქების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გვირაბები აღჭურვილი უნდა იყოს აფეთქების მალოკალიზებელი საშუალებებით (ძირითადი და დამხმარე საფრებით, ან სხვა შემცვლელი და საკმარისი/ადექვატური საშუალებებით), რომელთა რაოდენობა უნდა დადგინდეს შახტში სამთო სამუშაოების განვითარების ტემპის მიხედვით.

5. მეთანისა და ნახშირის მტვრის აფეთქების ლოკალიზაციის ავტომატური სისტემის დანერგვამდე მოსამზადებელი გვირაბის სანგრევის დაცვა უნდა განხორციელდეს ფიქლის მტვრის, წყლის ან სხვა ექვივალენტური დაცვის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საფრებით. საფრების დაყენების ადგილი, პარამეტრები და პირობები უნდა შეესაბამებოდეს  რეგლამენტის მოთხოვნებს. 

6. საფრებით იზოლირებული უნდა იყოს:

ა) საწმენდი გვირაბი;

ბ) მოსამზადებელი გვირაბის სანგრევი, რომელიც გაიყვანება ნახშირში ან ნახშირსა და ქანში;

გ) ყველა ფენის საშახტო ველის აღმოსავლეთი და დასავლეთი ფრთა;

დ) საკონვეიერო გვირაბები;

ე) ხანძარსაშიში უბნები.

7. შახტში ერთდროულად მტვრის აფეთქების მხრივ საშიში და არასაშიში ფენების დამუშავებისას, მათ შემაერთებელ ყველა გვირაბში უნდა განხორციელდეს ნახშირის მტვრის აფეთქების თავიდან აცილების და ლოკალიზაციის ღონისძიებები.

8. ნახშირის მტვრის აფეთქების თავიდან აცილების ღონისძიებები (ყოველკვარტალური კორექტირებით) უნდა განხორციელდეს სპეციალურად შემუშავებული და ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.

9. მტვრის აფეთქების უსაფრთხოების კონტროლი უნდა განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. შახტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა/დანაყოფმა უნდა შეინახოს მიღებული ანალიზის შედეგები მორიგ შემოწმებამდე. 

 

მუხლი 27. შახტის ჰაერის მდგომარეობის კონტროლი

1. შახტში ჰაერის ჭავლის მოცულობა, მისი გაზომვის ხერხი და საამფეთქებლო სამუშაოების შემდეგ ჭაურში ჰაერის შედგენილობის შემოწმება, აგრეთვე შახტის სავენტილაციო გეგმის შედგენა უნდა განხორციელდეს  სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად   და სავენტილაციო გეგმაში უნდა აისახებოდეს სამთო-ტექნიკური პირობების ცვლილებები. მათ შორის ცვლილებები:

ა) სავენტილაციო მოწყობილობის განლაგებაში; (კარები, ზღუდარები, კროსინგები, ფანჯრები და სხვ.);  

ბ) ადგილობრივი განიავების ვენტილატორების განლაგებაში;

გ) სავენტილაციო ჭავლების მიმართულებასა და მოცულობაში (ჰაერის ჭავლის ხარჯი) მომხდარი ცვლილებები;

დ) ახლად გაყვანილი გვირაბების მიხედვით.   

2. შახტში ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს ჰაერის ხარჯის, დეპრესიის და ვენტილაციის გაანგარიშება, განიავების მდგრადობის შემოწმება და შემუშავდეს განიავების უზრუნველსაყოფი ღონისძიებები.    

3. ჰაერის შედგენილობის და მისი ხარჯის შემოწმება უნდა წარმოებდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ, რეგლამენტისა და შემუშავებული გრაფიკის მიხედით, რომელიც უნდა გამორიცხავდეს შახტში მავნე აირების დაგროვებას .  

4. ჰაერის რაოდენობისა და მეთანის შემცველობის დისტანციური კონტროლის მოწყობილობის სიგნალიზატორების დაყენების ადგილებზე ჰაერის რაოდენობისა და შედგენილობის საკონტროლო შემოწმება უნდა ჩატარდეს თვეში, სულ ცოტა, ერთხელ.  

5. შახტის მთავარ შემავალ და გამომავალ ჭავლებზე ჰაერის გაზომვის ადგილები უნდა აღიჭურვოს ისეთი დანადგარებით/მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის გაზომვის სიზუსტეს.  

6. III და ზეკატეგორიის აირიან შახტებში გვირაბების გაყვანისას ან/და ნახშირის მოპოვებისას მეთანის შემცველობის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ავტომატური ხელსაწყოებით.  

7. პერსონალი, რომელიც III და ზეკატეგორიის აირიან შახტებში დასაქმებულია ჩიხურ, საწმენდ და გამომავალ სავენტილაციო ჭავლიან გვირაბებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური ავტომატური მეთანის სიგნალიზატორით რომელიც უნდა წარმოადგენდეს ინდივიდუალური ეკიპირების განუყოფელ ნაწილს. 

8. მეთანის შემცველობის კონტროლის ავტომატურმა სტაციონარულმა აპარატურამ, მეთანის დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბებისას უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის ავტომატური გამორთვა იმ მომხმარებლებიდან, რომლებიც განლაგებულია სანგრევებში და გვირაბებში, სადაც გადის მეთანის მაღალი შემცველობის კონტროლირებადი ჰაერის ჭავლი.  

9. აირიან შახტში პერიოდულად უნდა შედგეს მეთანის შრეობრივი დაგროვების მხრივ საშიში გვირაბების ნუსხა, რომელიც უნდა განახლდეს მოპოვებითი სამუშაოების გეგმების გათვალისწინებით მეთანის შრეობრივი და ადგილობრივი დაგროვების კონტროლი უნდა ჩატარდეს სათანადოდ შედგენილი პროგრამის მიხედვით.

10. ნახშირჟანგის შემცველობის დასაშვებ  ნორმაზე გადაჭარბების ყველა შემთხვევა უნდა იქნეს შესწავლილი და სათანადო აქტით დაფიქსირებული.

11. შახტში ჩასული ყველა სპეციალისტი მოვალეა სამუშაო ადგილზე მისვლისას გაზომოს მეთანისა და ნახშირჟანგის შემცველობა.  

12. შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს  მავნე აირების მზომი ხელსაწყოების პერიოდული შემოწმება.  

 

კარი IV

მექანიკური მოწყობილობა

თავი X. საშახტო აწევა

 

მუხლი 28. ზოგადი მოთხოვნები ამწევი დანადგარის მიმართ

1. ვერტიკალურ და დახრილ გვირაბებში საშახტო ამწევი დანადგარით  ადამიანების და/ან ტვირთების ჩაშვების და აწევის მაქსიმალური სიჩქარე, შენელების სიდიდე და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს   სტანდარტით   გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  

2. საშახტო ამწევი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას.  

3. ჭაურში უნდა იყოს სულ მცირე ორი ამწევი დანადგარი ან ერთი ამწევი დანადგარი და კიბე საავარიო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.

4. ჭაურის გაყვანისა და ჩაღრმავებისას, ამწევ დანადგარზე  გათვალისწინებული უნდა იყოს კიდული საავარიო კიბე, რომლის სიგრძე უნდა უზრუნველყოფდეს მასზე ცვლაში მომუშავე პერსონალის ერთდროულად დატევას.  

5. ჭაურის ამწევი დანადგარით, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ტვირთის აწევა-ჩაშვებისათვის, შეიძლება ისარგებლონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც აწარმოებენ  ჭაურის  დათვალიერებასა და რემონტს.

6. ბაქანი ვაგონის საყირავებლის წინ, აგრეთვე ვაგონეტებით ტვირთის აწევა-ჩაშვებისათვის განკუთვნილი ვერტიკალური ჭაურის ყველა მიმღები ბაქანი აღჭურვილი უნდა იყოს საჩერებელი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ვაგონეტების მიწოდების დოზირებას და გამორიცხავს მათ დაგორებას.  

 

 მუხლი 29. ამწევი მანქანა, გვირაბგამყვანი ჯალამბარისაშახტო ბაგირები, საკიდი და მისაბმელი  მოწყობილობა

1. სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი დანადგარის  (ძრავის ბრუნთა რიცხვის წინაღობებით რეგულირებადი)  ამძრავი აღჭურვილი უნდა იყოს დინამიკური დამუხრუჭების სისტემით და მისი სქემის დარღვევისას უნდა ჩაირთოს დამცავი მუხრუჭი.

2. ამწევი მანქანა და ჯალამბარი აღჭურვილი უნდა იყოს აპარატით (ინდიკატორით), რომელიც მემანქანეს უჩვენებს ჭაურში ჭურჭლების განლაგებას.   

3. ამწევ მანქანას და ჯალამბარს უნდა ჰქონდეს მუშა და დამცავი მუხრუჭები და შესაძლებელი უნდა იყოს მათი დამოუკიდებლად ჩართვა.  

4.  სტანდარტის  მოთხოვნებს უნდა შეესამამებოდეს:

ა) სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი მანქანის დოლზე ბაგირის დახვევის და მიმაგრების პირობები;   

ბ) მუხრუჭის ამძრავის ტიპის მიუხედავად მუხრუჭის ამოქმედების დრო;    

გ) ამწევ  დანადგარებზე გამოყენებული ბაგირების გამოცდისა და ექსპლუატაციის პირობები;   

დ) საშახტო ამწევი დანადგარების საკიდი და მისაბმელი მოწყობილობის მონტაჟი და ექსპლუატაცია.

5. აკრძალულია ამწევი მანქანის ექსპლუატაცია  გაუმართავი საზომი (სიჩქარის, წნევის და სხვა) ხელსაწყოებით.    

6. გვირაბგასაყვან სამუშაოებზე გამოყენებული ჯალამბრები აღჭურვილი უნდა იყოს ბაგირის დაჭიმულობის გადამეტებისგან  დაცვის საშუალებით.    

 

თავი XI. საშახტო ტრანსპორტი

 

მუხლი 30. ადამიანების გადაყვანა ჰორიზონტალურ და დახრილ გვირაბებში

1. გვირაბში ადამიანების გადაყვანა უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი და ქარხნული წესით დამზადებული სამგზავრო საშუალებებით, მათი ექსპლუატაციის საქარხნო ინსტრუქციების მითითებების შესაბამისად.    

2. შახტზე უნდა იყოს  რეგლამენტის და  სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი და შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული მთავარი საზიდი გზების სქემა, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ყველა გვირაბში ზიდვის სახეობა, საზიდი გზების, ასაქცევლების სიგრძე და მათი მოცულობა, საისრე გადამყვანები, ადამიანების ჩასხდომის (გადმოსმის) ადგილები. 

3. საკონვეიერო ტრანსპორტით აღჭურვილ გვირაბებში დაუშვებელია საელმავლო ზიდვის შეთავსება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტვირთის გადაადგილება ხდება გვირაბის და კონვეიერის მომსახურებისა და რემონტის მიზნით. 

4. ჰორიზონტალურ გვირაბში ვაგონეტების შემადგენლოიბით ტვირთის  გადაადგილებისას შემადგენლობა არ უნდა შეიცავდეს ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილ ერთზე მეტ სამგზავრო ვაგონეტს. ვაგონეტი უნდა განლაგდეს შემადგენლობის თავში, ელმავლის უკან. ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი ვაგონეტის მომდევნო სატვირთო ვაგონეტს უნდა გააჩნდეს დამცავი საშუალებები რათა გამორიცხულ იყოს ვაგონეტიდან სახალხო ვაგონეტზე ტვირთის ცვენა.    

5. ჰორიზონტალურ გვირაბში ადამიანების სამგზავრო ვაგონეტებით (მატარებლით) გადაყვანისას, მათი უსაფრთხოების მიზნით შემადგენლობის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტით დადგენილ ნორმებს.     

6. დახრილ გვირაბში ადამიანების გადაყვანისას მოძრავი შემადგენლობა აღჭურვილი უნდა იყოს საიმედო და ავტომატური დამჭერი მოწყობილობით (პარაშუტით). ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ხელის ამძრავით პარაშუტის  მოქმედებაში მოყვანის შესაძლებლობა.      

7. დახრილ გვირაბში ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი მატარებლის პირველი ვაგონეტი (შესაბამისად მოძრაობის მიმართულებით) აღჭურვილი უნდა იყოს შუქსიგნალით.     

8. დახრილ გვირაბში ადამიანების გადასაყვანი სამგზავრო ვაგონეტები ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს ორმაგი გადაბმით.     

9. აკრძალულია:

ა) გვირაბში ადამიანების გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც ამ მიზნით ექსპლუატაციისათვის დადგენილი წესით არაა დაშვებული (ელმავლით, მოუწყობელი ვაგონეტით, პლატფორმით);       

ბ) მატარებელში ადამიანებთან ერთად ვაგონეტების ბორტიდან გამოშვერილი სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების, ფეთქებადი და ადვილაალებადი მასალების გადატანა;       

გ) სატვირთო ვაგონეტების მიბმა ადამიანების გადასაყვან შემადგენლობასთან;

დ) შემადგენლობის მოძრაობის დროს ვაგონეტებს შორის გადასვლა.       

10. აკრძალულია ერთ დახრილ გვირაბში ადამიანების და ტვირთების  გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ერთდროული მუშაობა, გარდა გვირაბის გაყვანის და რემონტისას. აკრძალულია ადამიანების და ტვირთების გადასაადგილებლად ერთი ამწევი დანადგარის გამოყენება  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ამწევი ჭურჭლების (ვაგონეტების) გამოცვლა. 

11. აკრძალულია ბოლოკიდული ბაგირით ზიდვისას  დახრილ გვირაბში ადამიანების ჩაშვება და აწევა გალით ან სპეციალური ვაგონეტებით საპარაშუტო მოწყობილობის გარეშე გარდა,  გვირაბის გაყვანისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს გადაადგილების საშუალებიდან მემანქანისთვის სიგნალის მიწოდების შესაძლებლობა. ამასთან, ამწევ ბაგირს უნდა უტარდებოდეს პერიოდული ინსტრუმენტული კონტროლი. 

12. შახტში დახრილ გვირაბებში უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხო გადაადგილებას.

 

მუხლი 31. ტვირთის გადაზიდვა ჰორიზონტალურ და დახრილ გვირაბებში

1. აკრძალულია სატვირთო ვაგონეტების, აგრეთვე, სექციური მატარებლების ექსპლუატაცია:

ა) გაუმართავი  გადასაბმელი მოწყობილობით  და წევის სხვა ნაწილებით ინსტრუმენტის ცვეთის ნორმის დარღვევით;   

ბ) გაუმართავი ბუფერებით და მუხრუჭებით;   

გ) გაუმართავი ჩამკეტი მექანიზმებით და ვაგონეტების (სექციური მატარებლების) არამჭიდროდ მიბჯენილი ძირით, როდესაც განტვირთვა ხდება ძირიდან;       

დ) ვაგონეტის დარღვეული ან ძარას კედლის ისეთი დეფორმაციის დროს რომელმაც შესაძლებელია შეაფერხოს გადაადგილება ან საფრთხე შეუქმნას ადამიანებს.   

2. აკრძალულია:

ა) უშუალოდ ელმავალზე არაგაბარიტულმასალებიანი ვაგონეტების, აგრეთვე ხე-ტყით დატვირთული ან სატრანსპორტო საშუალების ზედა გაბარიტიდან გამოწეული ტვირთის მქონე ვაგონეტების და პლატფორმების მიბმა;       

ბ) ვაგონეტების ხელით გადაბმა და ჩახსნა შემადგენლობის მოძრაობის დროს, აგრეთვე, ისეთი გადასაბმელი მოწყობილობის გამოყენება, რომელსაც არ გააჩნია ბაგირის ამოვარდნისგან დაცვა;       

გ) ვაგონეტების გადაბმა და ჩახსნა ისეთი დახრის   გვირაბებში  და მოსახვევებში, სადაც შესაძლებელია მათი თვითდაგორება;       

დ) ელმავლით შემადგენლობის წაბიძგება ბიგების, ფიცრების, აგრეთვე, პარალელურ ლიანდაგზე მოძრავი ელმავლის დახმარებით;          

ე) ვაგონეტების გადაბმა და გადასხნა საყირავამდე, სავენტილაციო კარამდე ან სხვა დაბრკოლებამდე უსაფრთხო მანძილზე ახლოს;       

ვ) ვაგონეტების, შემადგენლობის ან ელმავლის დატოვება ასაქცევლებზე ისრის გადასაყვანის ჩარჩოს რელსიდან ისეთ მანძილზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს.        

3. მოძრავი შემადგენლობის გაჩერების ადგილები უნდა აღინიშნოს სათანადო ნიშნებით.

4. არასტანდარტული მასალების გადასაზიდად გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური პლატფორმები, რომლებიც ერთმანეთთან ან/და ელმავალთან  უნდა გადაებას  ხისტი მაერთებლებით. 

5. სტაციონარულ სატვირთავ პუნქტზე და ვაგონეტების საყირაოსთან გამოყენებული უნდა იქნეს საბიძგებელა. საბიძგებელას მართვა უნდა განხორციელდეს  საყირაოს, საბიძგებელას და ვაგონეტისაგან იზოლირებულად განთავსებული პუნქტებიდან ან მომსახურე პერსონალისთვის უსაფრთხო სხვა ადგილებიდან. ამასთან,  დამონტაჟებულ უნდა იყოს საყირაოს და საბიძგებელას ერთდროულად ჩართვის საწინააღმდეგო ბლოკირება. სხვა სატვირთავ პუნქტებზე დასაშვებია ჯალამბრების გამოყენება. 

6. დახრილ გვირაბში ბაგირისამძრავიანი სატრანსპორტო საშუალებით ზიდვისას გვირაბებში დამონტაჟებული უნდა იყოს  დამცავი მოწყობილობა, რომლებიც ბაგირის ან მისაბმელი მოწყობილობის გაწყვეტის შემთხვევაში ქვედა და შუალედურ მიმღებ ბაქნებზე ვაგონეტების დაგორებას შეუშლის ხელს. 

7. აკრძალულია ამწევი დანადგარის მუშაობის დროს დახრილ გვირაბში ადამიანების გადაადგილება. საშუალედო შტრეკების, ბრემსბერგთან, ქანობსა და დახრილ ჭაურთან გადაკვეთისას შტრეკებში უნდა დაიდგას ბარიერები, შუქური ტაბლო და მაფრთხილებელი ნიშნები. 

8. ვაგონეტების (პლატფორმების) უსასრულო და ბოლოკიდული ბაგირებით ზიდვისას გამოყენებული გადასაბმელი და მისაბმელი მოწყობილობა, ასევე, ვაგონეტებს შორის მანძილი ლიანდაგის დახრის კუთხის გათვალისწინებით უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის  მოთხოვნებს.

9.  ვაგონეტების ხელით გადაადგილებისას ვაგონეტის წინა გარე კედელზე უნდა ჩამოიკიდოს ჩართული სპეციალური სანათი.

10. აკრძალულია სამანევრო სამუშაოების შესასრულებლად და ვაგონეტების გამოსატანად ჯალამბრის გამოყენება, რომლის სიჩქარე 1 მ/წმ-მდეა, როდესაც გვირაბის დახრის კუთხე აღემატება 0,005 0/00 -ს.

11. დახრილ გვირაბში მასალებისა და მოწყობილობის ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე, რემონტის დროს ქანის გამოსატანად და გადამაგრებისათვის   გამოყენებული უნდა იქნეს არანაკლებ ორი მუხრუჭით აღჭურვილი ჯალამბარი. 

 

მუხლი 32. ვერტიკალურ გვირაბში ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა

1. ვერტიკალურ გვირაბში ადამიანების ჩაშვება და აწევა უნდა მოხდეს გალით. აკრძალულია გვირაბგასაყვანი ბადიათი, სკიპით ან სატვირთო გალით ადამიანების ჩაშვება და აწევა გარდა, ვერტიკალური გვირაბის გაყვანის რემონტის, სამარკშაიდერო სამუშაოების, ავარიული შემთხვევების და მისი არმირებისას. ასეთ შემთხვევაში საყირავი გალი აღჭურვილი უნდა იყოს გადაყირავების საწინააღმდეგო მაბლოკირებელი მოწყობილობით.

2. გვირაბებში სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი დანადგარით ადამიანების გადაყვანისას განსაზღვრული უნდა იყოს:

ა) გალის თითოეული სართულზე ერთდროულად მყოფი ადამიანების  რიცხვი;

ბ) პარაშუტით გალის დამუხრუჭებისას სიჩქარის შენელების სიდიდე;

გ) პარაშუტის ექსპლუატაციის პირობები;

დ) ბადიით ადამიანების ჩაშვებისა და აწევისას მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმები;

ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს  სტანდარტის  ნორმების შესაბამისად.

3.  სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი დანადგარების გალი და საპირწონეები, ამწევი ბაგირების გაწყვეტის შემთხვევისათვის აღჭურვილი უნდა იყოს მათი მდოვრე დამუხრუჭების და გაჩერების მოწყობილობით (პარაშუტებით). გალის პარაშუტის ამძრავი ზამბარა უნდა შემოიღობოს დამცავი გარსაცმით.

4. პარაშუტი შეიძლება არ იქნეს დაყენებული:

ა) მრავალბაგირიანი ამწევი დანადგარის გალსა და საპირწონეზე, თუ ბაგირების რიცხვი, სულ ცოტა, ოთხია;

ბ) ორი და სამბაგირიანი ამწევი დანადგარის გალსა და საპირწონეზე;

გ) საავარიო-სარემონტო და სატვირთო ამწევი დანადგარების გალსა და საპირწონეზე;

დ) მოქმედი დახრილი ამწევი დანადგარის საპირწონეზე;

ე) ვერტიკალური ჭაურის მოქმედი ამწევი დანადგარის საპირწონეზე, თუ გალის და საპირწონის განყოფილებები გაყოფილია ერთმანეთისგან რელსის ტიხრით ან ბაგირებით.

5. ბადიით ადამიანების და ტვირთის ჩაშვებისა და აწევისას გვირაბგამყვანი ამწევი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს საბლოკირებელი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ბადიის უსაფრთხო მოძრაობას თაროს გარკვეულ მონაკვეთზე (მილძაბრაში). 

6. ჭაურის დათვალიერების, რემონტის, სამარკშაიდერო სამუშაოების ჩატარებისა და ავარიული შემთხვევების გარდა აკრძალულია ადამიანების ჩაშვება და აწევა სატვირთო ამწევი დანადგარით (სკიპით და სატვირთო გალით).  

7. აკრძალულია ადამიანების ჩაშვება და აწევა ისეთი საყირაო გალით, რომელიც არ არის აღჭურვილი ბუნკერში ადამიანების გადაცვენის, აგრეთვე, ჭაურში მოძრაობისას გალის გადაყირავებისგან დამცავი ბლოკირებით.

8. აკრძალულია ადამიანების ჩაშვება და აწევა გალით, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არის დატვირთული. ერთ ჭაურში სახალხო-სატვირთო და სატვირთო ამწევი დანადგარის განთავსებისას უკანასკნელის მუშაობა ადამიანების ჩაშვება-აწევისას აკრძალულია.  

9. აკრძალულია გალზე ან სკიპზე დამაგრებული გადასახსნელი თაროების გამოყენება. 

10. ამწევი ჭურჭლებიდან დაშორებული არმირების და სამაგრის უბნების დათვალიერებისა და რემონტისათვის ნებადართულია გალზე ან სკიპზე საიმედოდ დამაგრებული გადასახსნელი (მოსახსნელი) თაროების გამოყენება.

11. საპირწონიანი ამწევ დანადგარით ჭაურის დათვალიერება და რემონტი დასაშვებია ჩატარდეს მათანაბრებელი ტვირთის გამოყენებით.

 

მუხლი 33.  ელმავლის ეკქსპლუატაცია

1. საელმავლო ზიდვისას შემადგენლობის და მომუშავეთა უსაფრთხოებისათვის  უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) საელმავლო ზიდვისათვის განკუთვნილი ჰორიზონტალური გვირაბის, დახრა ნორმების შესაბამისად; 

ბ) მატარებლის შემადგენლობის სამუხრუჭო მანძილის უსაფრთხო სიდიდე მაქსიმალურ დახრაზე ტვირთის გადატანისას და ხალხის გადაყვანისას; 

გ) ელმავლის შემადგენლობის ბოლოში ჩაბმის შემთხვევაში გვირაბის უბნის საკმარისი სიგრძე და ელმავლის სიჩქარე მანევრირებისას დადგენილი ნორმებით;

დ) კონტაქტური ელმავლებით ზიდვისას ქსელში მისაწოდებელი ძაბვის უსაფრთხო სიდიდე;  

ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს  სტანდარტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. ელმავალი მოძრაობის დროს უნდა იყოს შემადგენლობის თავში, მატარებლის ბოლო ვაგონეტზე დაყენებული უნდა იყოს სანათი წითელი შუქით. ხოლო თუ ელმავალი გადაადგილდება ვაგონეტების გარეშე,  ელმავლის უკანა ნაწილზე (სვლის მიმართულებით) უნდა დაიდგას  წითელი შუქის სანათი მოწყობილობა. 

3.  ელმავალის შემადგენლობის ბოლოში ჩაბმისას, სვლის მიმართულებით პირველი ვაგონეტის წინა გარე კედელზე უნდა ჩამოიკიდოს ჩართული სპეციალური სანათი თეთრი შუქით. 

4. აკრძალულია ელმავლის ექსპლუატაცია:

ა) ელმავალზე მოწყობილობის აფეთქებაუსაფრთხოების დარღვევისას;

ბ) თუ ელმავლის ბატარეის/აკუმულატორის  ყუთის სახურავი მოხსნილია ან მისი საბლოკირებელი მოწყობილობა გაუმართავ მდგომარეობაშია;

გ) ელექტრომოწყობილობის, საბლოკირებელი მოწყობილობის და დაცვის საშუალებების, სიჩქარის საზომების გაუმართაობისას; 

დ) მუხრუჭების და გადასაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას;

ე) ჩამქრალი ან გაუმართავი ფარებით და გაუმართავი სასიგნალო მოწყობილობით.

 

მუხლი 34. საკონტაქტო ქსელი

1. კონტაქტური  ან/და აკუმულატორული ელმავლით ზიდვისას აუცილებელია მოეწყოს:

ა) საელმავლო წევის ქვესადგურებში და დასამუხტ კამერებში მოკლე შერთვისაგან დაცვა დროის დაყოვნების გარეშე;

ბ) კონტაქტური ელმავლით ზიდვისას ელექტრული წინააღმდეგობის შესამცირებლად ლიანდაგზე რელსების მაერთებლები;

გ) კონტაქტური ელმავლით ზიდვისათვის განკუთვნილ დენგამტარ რელსებთან ისეთი რელსების შეხების ადგილების იზოლირება, რომლებიც არ არის განკუთვნილი კონტაქტური ზიდვისათვის. 

დ) საკონტაქტო სადენის ქსელი გვირაბებში და სამრეწველო მოედნების ტერიტორიაზე რელსის თავიდან უსაფრთხო მანძილზე. 

ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს  სტანდარტის  ნორმების შესაბამისად.

2. საკონტაქტო ქსელში ძაბვის რამდენიმე ქვესადგურიდან მიწოდების შემთხვევაში, მისი თითოეული უბანი, რომელიც ცალკე ქვესადგურიდან იღებს კვებას, სხვებისგან უნდა იყოს იზოლირებული. 

3. გვირაბების იმ უბნებზე სადაც მიმდინარეობს სარემონტო, ზომაგრძელი მასალების და მოწყობილობების ჩამოტვირთვა (დატვირთვის) სამუშაოები, ასევე დასაჯდომ ბაქნებზე ადამიანების ჩასხდომის (გადმოსვლის) დროს, საკონტაქტო სადენებზე უნდა მოიხსნას ძაბვა.  

4. იმ გვირაბების გადაკვეთებზე, რომლებითაც ადამიანები გადაადგილდებიან აგრეთვე სხვა გვირაბებიდან ადამიანების გამოსვლის ადგილებში გათვალისწინებული უნდა იყოს საკონტაქტო სადენის უბნის გამორთვის საშუალებები. 

5. ელმავლის აკუმულატორების დამუხტვისას და ექსპლუატაციისას აკრძალულია:

ა)  აკუმლიატორთა ბატარეების დამუხტვა სპეციალურად მოწყობილი კამერების და ელმავლიდან მოხსნის გარეშე, გარდა ახალი ჰორიზონტების მომზადებისას, როდესაც სპეციალური დასამუხტი კამერები არაა მოწყობილი;  

ბ) შახტში აკუმულატორთა  დამუხტვისას ბატარეის იზოლაციის წინაღობის კონტროლი  წინაღობის კონტროლის მოწყობილობის გარეშე;  

გ) აფეთქებაუსაფრთხო ელმავლის ბატარეის ყუთის ჰაერში წყალბადის შემცველობის გაზრდა აფეთქებასაშიშ ზღვრამდე;

ამ პუნქტით გათვალისწიმებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს  სტანდარტის ნორმების შესაბამისად.

6. აირისა და მტვრის მხრივ საშიშ შახტებში, თუ აკუმულატორიანი ელმავლის რემონტი დაკავშირებულია მისი ელექტრომოწყობილობის გახსნასთან, სამუშაოები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ფარეხში. 

 

მუხლი 35. საკონვეიერო ტრანსპორტი

1. აკრძალულია კონვეიერით აღჭურვილ დახრილ გვირაბში, ლიანდაგის დაგება და ჯალამბრის დაყენება, გარდა იმ  შემთხვევისა, როდესაც  ლიანდაგის დაგება და ჯალამბრის დაყენება აუცილებელია მხოლოდ ამ გვირაბების გაყვანისა და რემონტისათვის განკუთვნილი მასალებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირებისათვის, ასეთ შემთხვევებში კონვეიერის და ჯალამბრის ერთდროული მუშაობის გამოსარიცხავად დაყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ელექტრული ბლოკირება.  

2. საკონვეიერო დანადგარის ექსპლუატაციის პროცესში  აკრძალულია:

ა) კონვეიერის რემონტი, მოძრავი დეტალების შეზეთვა და გაწმენდა;

ბ) ადამიანების გადაყვანა, ხე-ტყის, ზომაგრძელი მასალისა და მოწყობილობის გადატანა ამ მიზნით მოუწყობელი კონვეიერით;

გ) მოძრავი ლენტის არამექანიზებული ხერხით მიმართვა. 

 

თავი XII. საკომპრესორო დანადგარები

 

მუხლი 36. საკომპრესორო დანადგარები

1. შახტში გადასატანი საკომპრესორო სადგური უნდა დამონტაჟდეს  რეგლამენტის და სტანდარტის  მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი პროექტის მიხედვით. 

2. მიწისქვეშა გადასატან კომპრესორს უნდა ჰქონდეს თბური დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს კომპრესორის ამორთვას ექსპლუატაციის ინსტრუქციით  გათვალისწინებული მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურის  გადამეტებისას. 

3. მიწისქვეშა გადასატანი საკომპრესორო დანადგარი უნდა განლაგდეს, გვირაბის სუფთა ჰაერის ჭავლიან და უწვავი მასალით გამაგრებულ ჰორიზონტალურ ადგილებში. სამაგრის განლაგება (გავრცელება) საკომპრესორო დანადგარის  ორივე მხარეს და მანძილი ნახშირის სატვირთავ ადგილებამდე უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ ნორმებს.  

4. საკომპრესორო დანადგარის განლაგების ადგილზე ძალური და კავშირგაბმულობის კაბელები დაცული უნდა იყოს შესაძლო ავარიებით გამოწვეული ზიანისაგან. 

5. აკრძალულია გადასატანი მიწისქვეშა საკომპრესორო დანადგარის ჩართვა და მუშაობა:

ა) დანადგარის განლაგების ადგილზე მეთანის ერთ პროცენტზე მეტი შემცველობისას;

ბ) გაუმართავი თბური დაცვით; 

გ) მწარმოებლურობის რეგულატორის, დამცავი სარქვლების, მანომეტრების და თერმომეტრების გაუმართაობისას;

დ)  საპოხი მასალის გაჟონვისაგან;

ე) კომპრესორის ხრახნის უკუბრუნვისას; 

ვ) საჰაერო და ზეთის ფილტრების  დაბინძურებისას (დახშობისას).

6. ჰაერსადენების შემაერთებელი მილტუჩების შუასადებად გამოყენებული მასალის  თბომედეგობა უნდა უზრუნველყოფდეს მილსადენის გამართულ  მუშაობას და უსაფრთხოებას. 

 

კარი V

ელექტროტექნიკური მეურნეობა

თავი XIII. ელექტროდანადგარები

 

მუხლი 37. ზოგადი მოთხოვნები ელექტროდანადგარების მიმართ

1. მშენებარე, მოქმედ და სალიკვიდაციო შახტებში გამოყენებული ელექტრომოწყობილობა, კაბელები და ელექტრომომარაგების სისტემები,  შახტში მომუშავეთა უსაფრთხო პირობების დაცვის მიზნით, უნდა უზრუნველყოფდეს ელექტროუსაფრთხოებას, აფეთქებაუსაფრთხოებას და ხანძარუსაფრთხოებას. 

2. შახტის მიწისქვეშა შენობებისა და ნაგებობებისათვის უნდა მოეწყოს მეხდაცვა.

3. მშენებარე და სარეკონსტრუქციო შახტების ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს რეგლამენტისა და სტანდარტის   მოთხოვნების შესაბამისად. 

4. შახტში აკრძალულია:

ა) ყრუ ჩამიწების ნეიტრალიანი ტრანსფორმატორების ქსელის გამოყენება;

ბ) დაბალი ძაბვის ელექტრომომარაგების დისტანციური, ტელემექანიკური და ავტომატური მართვა ისეთი ბლოკირების გარეშე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ხაზისა და ელექტრომიმღების გამორთვას მათზე მაქსიმალური დენური დაცვის ამოქმედებისას და მიწასთან მიმართებაში მათი იზოლაციის დაბალი წინაღობის არსებობისას. 

ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს  სტანდარტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

5. მიწისქვეშა დანადგარში გამოყენებული უნდა იქნეს აპარატი (გაჟონვის რელე), რომელიც ავტომატურად გამორთავს ქსელს დენის სახიფათო გაჟონვის დროს. 

6. თუ ცენტრალურ მიწისზედა ქვესადგურს არ ემსახურება სპეციალიზებული პერსონალი, სამთო დისპეტჩერთან უნდა არსებობდეს დენის მოკლე ჩართვისაგან დაცვის სიგნალიზაცია. 

7. გვირაბებში კაბელების გამოცდის მიზნით სამუშაოების წარმოებისას მეთანის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს.

8. აკრძალულია ელექტრული დაცვის აპარატურის ექსპლუატაცია დაულუქავი სახურავის, ბლოკირების და რეგულირების მოწყობილობის გარეშე. 

9. აკრძალულია:

ა) ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია გაუმართავი აფეთქებადაცვითი საშუალების, ბლოკირების, ჩამიწების, დაცვის აპარატის (გაჟონვის რელე), დაზიანებული მართვის და დაცვის (უსაფრთხოების) სქემების და კაბელის შემთხვევაში;

ბ) გამოუყენებელი (სარეზერვოს გარდა) ელექტრული ქსელის ძაბვის ქვეშ დატოვება;

გ) აფეთქებაუსაფრთხო ელექტრომოწყობილობის გარსის ხუფების გაღება ძაბვის წინასწარი მოხსნის და მეთანის კონცენტრაციის გაზომვის გარეშე; 

დ) ელექტროქსელის ჩართვა კაბელის გარსისა და მისი ძარღვების იზოლაციის დაზიანების  შემთხვევაში. 

10. აკრძალულია ელექტროდანადგარის/ელექტრომოწყობილობის და სატელეფონო კავშირის აპარატურის ექსპლუატაცია ქსელიდან დენის გაჟონვისაგან დაცვის აპარატის (ეგაჟონვის რელეს) გარეშე, გარდა 42 ვ-მდე ძაბვის ელექტრომოწყობილობისა.  

11.  აირის და მტვრის აფეთქების მხრივ საშიში შახტის გვირაბებში გამოყენებული ელმავალი უნდა იყოს საშახტო აფეთქებაუსაფრთხო შესრულების.

12. III და ზეკატეგორიის აირიანი შახტების ჰაერის გამომავალჭავლიან და ჩიხურ გვირაბებში, რომლებიც ნიავდება ადგილობრივი განიავების ვენტილატორით, ელმავალზე გათვალისწინებული უნდა იყოს მეთანის შემცველობის კონტროლის გადასატანი (ინდივიდუალური) ავტომატური ხელსაწყო. 

13. ელმავლის აკუმულატორის სამუხტავ კამერაში ელექტრომოწყობილობა   უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების. ამასთან, დასამუხტი ბატარეის მანიავებელმა ჰაერის ნაკადმა არ უნდა გაანიაოს სამუხტავი კამერის ელექტრომოწყობილობა. 

14. უაირო, მტვრის მხრივ საშიში შახტის გვირაბში გამოყენებული უნდა იყოს ჰერმეტულად დაცული საშახტო მომეტებული შესრულების ელექტრომოწყობილობა. 

15. აირის და მტვრის მხრივ საშიში შახტის სავენტილატორო,  კალორიფერული და  ამწევი დანადგარების შენობებში დასაშვებია საერთო დანიშნულების ელექტრომოწყობილობის გამოყენება იმ პირობით, თუ ამ შენობებში არ ხვდება საშახტო ჰაერი და ნახშირის მტვერი.

 

მუხლი 38. ელექტროგაყვანილობა

1. გვირაბში ელექტროენერგიის გადასაცემად და გასანაწილებლად გამოყენებული კაბელები უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტის და  სტანდარტის  მოთხოვნებს.

2. აკრძალულია კაბელების გადაბმა აფეთქებაუსაფრთხო მოწყობილობის (ქუროს) გარეშე. 

3. აკრძალულია მოქნილი კაბელების ძაბვის ხაზური შემაერთებელი მოწყობილობით ერთმანეთთან შეერთება, თუ მუშაობის პროცესი არ მოითხოვს ძაბვის გათიშვას და მართვის წრედებში არ არის გამოყენებული მოკლე ჩართვისგან დასაცავი ნაპერწკალუსაფრთხო დისტანციური მართვის სქემები. 

4.  დაბალი ძაბვის მკვებავი საკაბელო ხაზებისათვის, რომლებშიც გადის მომხმარებელთა ჯამური დატვირთვის დენი,  გამოყენებული უნდა იქნეს ერთნაირი კვეთის კაბელები. აკრძალულია ასეთი ხაზებისათვის სხვადასხვა კვეთის ხაზების გამოყენება, თუ ხაზის თითოეული უბანი უზრუნველყოფილი არ იქნება მოკლე ჩართვის დენისგან დაცვით.   

5. ელექტროძრავებისკენ მიმართულ განშტოებებზე აკრძალულია მანაწილებელი კოლოფების გამოყენება მოკლე ჩართვისაგან დაცვის აპარატების დაყენების გარეშე, გარდა შემთხვევისა, როდესაც თითოეული განშტოების კაბელი მოკლე ჩართვის დენისგან დაცულია ჯგუფური დაცვის აპარატით.

6. აკრძალულია მოქნილი კაბელის გაყვანა გვირაბის საგებზე, გარდა ისეთი მანქანის კაბელისა, რომელსაც გააჩნია კაბელის ამკრები ან სხვა ისეთი მსგავსი მოწყობილობა, რომელიც მანქანის გადაადგილებისას უზრუნველყოფს კაბელის დალაგებას ან დახვევას  დაზიანების გარეშე.  

7. ძაბვის ქვეშ მყოფი მოქნილი კაბელი უნდა იყოს გაჭიმული და დაკიდებული. აკრძალულია ხვეულას და რვიანის მდგომარეობაში მყოფი მოქნილი კაბელის ძაბვის ქვეშ დატოვება.

8. შახტში კაბელები უნდა დაეწყოს ისეთ სიმაღლეზე, სადაც ნაკლებსავარაუდოა მეთანის შრეობრივი დაგროვება. 

9. გვირაბში კავშირის, სიგნალიზაციის და შიშველი სადენების გაყვანისას მათი ძალური კაბელებისაგან დაშორებები უნდა განხორციელდეს სტანდარტით დადგენილი უსაფრთხო მანძილების დაცვით. შიშველი სადენები გაყვანილი უნდა იქნეს იზოლატორებზე. 

10. აკრძალულია გვირაბის ერთ მხარეს ელექტროკაბელების და სავენტილაციო მილსადენის გაყვანა.

 

თავი XIV. ელექტრული მანქანები

 

მუხლი   39. ელექტრული მანქანები და აპარატები

1. ელექტრული მანქანებისა და მოწყობილობის კვებისათვის  გამოყენებული ძაბვის სიდედემ უნდა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია. ძაბვის სიდიდე გამოყენებული ელექტრომოწყობილობების ტიპის, სპეციფიკის მიხედვით და შახტის მიწისქვეშა ქსელის მოკლე შერთვის სიმძლავრე  უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. 

2. ელექტრომოწყობილობის კორპუსზე დამონტაჟებული კაბელის შემყვანი საშუალება მასში შემავალ კაბელთან საიმედოდ უნდა იყოს შემჭიდროებული. გამოუყენებელი კაბელის შემყვანს უნდა ჰქონდეს ელექტრომოწყობილობის აფეთქებაუსაფრთხოების დონის შესაბამისი სახშობი. 

 

 მუხლი 40. ელექტრული მანქანების და ქვესადგურების კამერები

1. გვირაბში აკრძალულია ზეთის ან სხვა საწვავი სითხის შემცველი ძალური ტრანსფორმატორის, საკომუტაციო და გამშვები აპარატის გამოყენება. მოთხოვნა არ ვრცელდება კომპლექტურ მანაწილებელ მოწყობილობაზე, რომელიც დადგმულია საიმედო ცეცხლმედეგი სამაგრით გამაგრებულ კამერაში. 

2. აკრძალულია ზეთით შევსებული კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობის კამერის აგება პარალელურ გვირაბებს შორის.

3. კამერაში შესასვლელს, სადაც დადგმულია ზეთით შევსებული ელექტრომოწყობილობა, უნდა ჰქონდეს გისოსიანი და  მთლიანი ხანძარსაწინააღმდეგო კარი, ხოლო კარის ზღურბლის სიმაღლემ უნდა უზრუნველყოს დაღვრილი ზეთის კამერიდან არგადინება.  სხვა  კამერაში, სადაც განთავსებულია ელექტრული მანქანები და ქვესადგურები უნდა იყოს გისოსიანი   კარი ჩამკეტი მოწყობილობით. კამერაში მომსახურე პერსონალის არყოფნის შემთხვევაში კარი უნდა იყოს დაკეტილი. 

4. ქვესადგურის და ელექტრომანქანის 10 მ-ზე მეტი სიგრძის კამერებს უნდა ჰქონდეს ორი გასასვლელი მაინც, ერთმანეთისგან  მაქსიმალურად  დაშორებულ  მანძილზე.

5. აკრძალულია გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურის დადგმა რელსებიან ქანობში, გარდა ქანობში შეჭრილი ნიშის და ჩიხური შესასვლელისა, რომელიც აღჭურვილია გადასატანი ქვესადგურის დაგორების საწინააღმდეგო მოწყობილობით.

 

თავი XV. ელექტრომოწყობილობის და ელექტრული მანქანების ექსპლუატაცია

 

მუხლი 41. კაბელების, ელექტროძრავების და ტრანსფორმატორების დაცვა

1. მაღალი (1000 ვ-ზე მეტი) ძაბვის მიწისქვეშა ქსელის არსებობისას, მკვებავი ხაზები, ტრანსფორმატორები (გადასატანი ქვესადგურები) და ელექტროძრავები დაცული უნდა იყოს მოკლე შერთვის დენისა და მიწაზე გაჟონვისგან (შერთვისგან).

2. მიწისქვეშა ცენტრალური ქვესადგურის მკვებავ ხაზებზე დასაშვებია მაქსიმალური დენური დაცვის გამოყენება დროის დაყოვნებით და მყისიერი გამორთვის მოქმედებით. ასევე დაცვა უნდა ვრცელდებოდეს მიწისქვეშა ცენტრალური ქვესადგურის სალტეების ნაკრებზეც. ელექტროძრავასთვის გათვალისწინებული უნდა იყოს  გადატვირთვის დენისგან დაცვა და ნულოვანი დაცვა. 

3. დაცვის ამოქმედების შედეგად ქსელის გათიშვისას დასაშვებია ერთჯერადი მოქმედების ავტომატური  ჩართვის მოწყობილობის გამოყენება, აგრეთვე, სარეზერვო ავტომატური ჩართვის მოწყობილობის გამოყენება, თუ მკვებავ ხაზებსა და ელექტრომოწყობილობაზე მათი იზოლაციის დაზიანებისას და მოკლე შერთვის შემთხვევაში გათვალისწინებულია ძაბვის მიწოდების გამთიშველი ბლოკირების აპარატურა.

4. ზედაპირიდან, ჭაბურღილში გამავალი კაბელით მიწისქვეშა ელექტრომიმღებების კვებისას, ჭაბურღილის ქვეშ, მისგან გაჟონვის დენისგან დაცვის აპარატით აღჭურვილი ავტომატური ამომრთველის დაყენების მანძილი უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტით დადგენილ ნორმებს.

5. გაჟონვის დენისგან დაცვის მოთხოვნები არ ვრცელდება აფეთქებაუსაფრთხო სისტემებზე.

6. ელექტრომოწყობილობებზე დამცავი ამორთვის ყველა შემთხვევაში დასაშვებია ერთჯერადად ავტომატური  ჩართვა, თუ კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა აღჭურვილია მაქსიმალური დენის და მიწაზე დენის გაჟონვისგან (შერთვისგან) დაცვით, რომელიც  ამოქმედებისას უზრუნველყოფს   მკვებავ ხაზზე ან ელექტროდანადგარზე ძაბვის მიწოდების ბლოკირებას.

7. ელექტროგამანაწილებელ მოწყობილობებში აკრძალულია არაკალიბრული დნობადი სადგმელების და მცველების გამოყენება ვაზნების გარეშე.

 

მუხლი 42. უბნის ელექტრომომარაგება და მანქანების მართვა

1. უბნის ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურით, მანაწილებელ ქსელთან მიერთებული კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობის გამოყენებით. დასაშვებია ერთ კომპლექტურ მანაწილებელ მოწყობილობაზე რამდენიმე გადასატანი ქვესადგურის ან ტრანსფორმატორის მიერთება, რომლებითაც იკვებება უბნის ტექნოლოგიურად დაკავშირებული მანქანები. ცალკეულ შემთხვევებში უბნის ელექტრომომარაგება შეიძლება განხორციელდეს სტაციონარული საუბნო ქვესადგურიდან. 

2. შახტის ზედაპირიდან უბანს ელექტროენერგია შეიძლება მიეწოდოს ჭაბურღილში გამავალი კაბელებით. ამასთან, საშახტო გადასატანი ქვესადგურის შახტის ზედაპირზე დაყენებისას მიღებული უნდა იქნეს მეხის ზემოქმედებისაგან   დაცვის ზომები. 

3. III და ზეკატეგორიის შახტის ჰაერის გამომავალჭავლიან გვირაბში დადგმული გადასატანი ქვედასადგურისა და ტრანსფორმატორის ქსელთან მისაერთებლად გამოყენებული უნდა იქნეს იზოლაციის კონტროლის (მიწასთან ფარდობით)  მაფრთხილებელი აპარატებით და ნაპერწკალუსაფრთხო წრედების დისტანციური მართვით აღჭურვილი კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა. კომპლექტური მანაწილებელი და გამშვები მოწყობილობები უნდა დაიდგას სუფთა ჰაერისჭავლიან გვირაბებში ან კამერებში.

4. აკრძალულია ისეთი მართვის სქემის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მანქანისათვის  ძაბვის მიწოდება ერთდროულად ორი ან მეტი მართვის პულტიდან. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ადგილობრივი განიავების ვენტილატორის მართვის სქემაზე.

5. ლავაში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვეიერის გაჩერების შესაძლებლობა კომბაინის მართვის და სპეციალური პულტებიდან.  

 

მუხლი  43. ჩამიწება

1. ჩამიწებას ექვემდებარება ელექტროდანადგარების ლითონური ნაწილები, აგრეთვე, ელექტრული დანადგარებით და გაყვანილობით აღჭურვილ გვირაბში განლაგებული მილსადენი, სასიგნალო გვარლი  და სხვ. 

2. აირის და მტვრის მხრივ საშიშ შახტში სტატიკური ელექტრობის დაგროვებისგან დასაცავად ჩამიწებული უნდა იქნეს ცალკეული სავენტილაციო ლითონური მილსადენი და პნევმატიკურამძრავიანი ვენტილატორი. ამ პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლითონურ სამაგრზე, დენგაუმტარ რელსზე, საკონტაქტო ელმავლით ზიდვისას გაწოვის კაბელის გარსზე და კაბელის  საკიდ ლითონურ მოწყობილობაზე.

3. გვირაბში უნდა მოეწყოს ჩამიწების საერთო ქსელი, რომელსაც უნდა მიუერთდეს ყველა ჩასამიწებელი ობიექტი. 

4. ძაბვის სიდიდის მიუხედავად, ჩამიწების საერთო ქსელი უნდა შეიქმნას ლითონური გარსის და კაბელის ჩასამიწებელი ძარღვების ერთმანეთთან უწყვეტი ელექტრული შეერთების და მთავარ და ადგილობრივ ჩამამიწებლებთან მათი მიერთების გზით.

5. საკონტაქტო ელმავლით ზიდვისას ჩამიწების საერთო ქსელს წევის ქვესადგურთან უნდა მიუერთდეს დენგამტარი რელსები, რომლებიც  საკონტაქტო ქსელის უკუსადენად გამოიყენება.

6. შახტში რამდენიმე ჰორიზონტის არსებობისას მთავარ ჩამამიწებლებს უნდა მიუერთდეს თითოეული ჰორიზონტის ჩამიწების საერთო ქსელი. ამ მიზნით დასაშვებია ჰორიზონტებს შორის გაყვანილი ძალური კაბელის ჯავშნის გამოყენება. თუ ასეთი კაბელი არ არსებობს, ჰორიზონტის ჩამიწების საერთო ქსელის მთავარ ჩამამიწებელთან მიერთება უნდა განხორციელდეს სპეციალურად გაყვანილი გაშიშვლებული გამტარის საშუალებით. 

7. შახტში მთავარი ჩამამიწებლები უნდა მოეწყოს ზუმპფებსა და წყალსაკრებებში.

8. შახტში უნდა მოეწყოს სხვადასხვა ადგილზე განლაგებული, სულ ცოტა, ორი ჩამამიწებელი, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლება ერთ-ერთი ჩამამიწებლის დათვალიერების, წმენდის ან რემონტის დროს. 

9. ამოსაღები ბლოკების დამოუკიდებელი ელექტრომომარაგებისას, როდესაც არაა გათვალისწინებული მთავარი წყალამოღვრა, მთავარი ჩამამიწებლები უნდა მოთავსდეს ზუმპფებში ან წყლით შევსებულ სპეციალურ ჭაში.

10. შტრეკის წყალსარინ  არხში (ღარაკში) ან სხვა ადგილებში ადგილობრივი ჩამამიწებლისთვის უნდა მოეწყოს ხელოვნური ჩამამიწებელი. ადგილობრივ ჩამამიწებლად დასაშვებია ლითონის ჩარჩოსებრი ან ანკერული სამაგრის გამოყენება.

11. ლითონისკორპუსიან საკაბელო ქუროს (გარდა გადასატანი მანქანის მკვებავი, მოქნილი კაბელის მაერთებლისა) უნდა ჰქონდეს შახტის ჩამიწების საერთო ქსელთან მიერთებული ადგილობრივი ჩამიწება.

12. საკონტაქტო ელმავლით ზიდვისას რელსების უშუალო სიახლოვეს მუდმივი დენის ელექტროდანადგარის ჩამიწება უნდა მოეწყოს ჩასამიწებელი კორპუსის იმ  რელსებთან მიერთებით, რომლებიც გამოყენებულია საკონტაქტო ქსელის უკუსადენად.

13. გადასატანი მანქანის, სანგრევის კონვეიერის, სანგრევის პირას დადგმული ელექტრული აპარატის, მოქნილი კაბელით ქსელთან მიერთებული სანათის, აგრეთვე, სარელსო გადასაადგილებელ პლატფორმაზე დადგმული ელექტრომოწყობილობის (გადასატანი ქვესადგურის გარდა) კორპუსების ჩამიწება უნდა მოეწყოს სტანდარტის  ნორმების შესაბამისად. 

14. ნებისმიერ ჩამამიწებელთან გაზომილი ჩამიწების ქსელის საერთო გარდამავალი წინაღობა არ უნდა აღემატებოდეს ორ ომს.

 

თავი XVI. განათება, კავშირი და სიგნალიზაცია

მუხლი 44. განათება

1. შახტის ზედაპირულ და მიწისქვეშა საწარმოო მოედანზე განათებული უნდა იყოს ყველა სამუშაო ადგილი. 

2. ამწევი დანადგარის, მთავარი განიავების ვენტილატორის, საკომპრესოროს, ჭაურების შახტზედა შენობებში, ფუჭი ქანის სანაყაროს ჯალამბრის და საბაგირო გზის, საქვაბის, ნახშირის ბუნკერის და ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო შენობებში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტონომიური კვების წყაროთი უზრუნველყოფილი ავარიული განათება. ყველა ზემოჩამოთვლილ (გარდა ამწევი დანადგარის) შენობაში დასაშვებია ავარიული განათებისათვის ინდივიდუალური აკუმულატორული სანათის გამოყენება.

3. მოსამზადებელი გვირაბის სანგრევისპირა სივრცე გვირაბგამყვანი კომპლექსით ან კომბაინით გაყვანისას უნდა განათდეს მათში ჩაშენებული სანათებით. 

4. მიწისქვეშა სანათი დანადგარების კვების ძაბვის სიდიდე უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტით  გათვალისწინებულ ნორმებს. 

5. აკუმულატორული სანათი უნდა იყოს დალუქული.

6. შახტში სანათის გახსნა აკრძალულია.

7. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების უბნის მომუშავეთა სანათები გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე ჯგუფად და უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სალამპეს პერსონალი.

8. სალამპის ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს საერთო და ადგილობრივი  ვენტილაცია. 

9. სალამპე აღჭურვილი უნდა იყოს ჰერმეტული და შევსებადი აკუმულატორული ბატარეების ექსპლუატაციაზე გათვლილი ავტომატური სამუხტავი სადგურით.

 

მუხლი 45. კავშირი და სიგნალიზაცია

1. შახტს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციულად შეთავსებადი კავშირის და სიგნალიზაციის შემდეგი სახეობები:

ა) კავშირის სისტემა (აპარატების დადგმის ადგილები უნდა განისაზღვროს პროექტით); 

ბ) საერთო-საშახტო ავარიული მაუწყებელი სიგნალიზაცია, რომელიც გვირაბებში უნდა უზრუნველყოფდეს მიწისქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ავარიის შესახებ შეტყობინებას, ავარიის შესახებ შახტიდან გადაცემული შეტყობინების შახტის ზედაპირზე მიღებას და ავარიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხმოვანი მოლაპარაკებების წარმოების და მითითებების ავტომატურად ჩაწერას;

გ) ტექნოლოგიურ უბნებზე (აწევა, ტრანსპორტი, საწმენდი სანგრევები და სხვ.) ადგილობრივი და მაფრთხილებელი სიგნალიზაცია; 

დ) სამსახურებრივი გადალაპარაკების ავტომატურად ჩაწერის რეგისტრატორი.

2. ადამიანების ამწევი და ჩასაყვანი გალები აღჭურვილი უნდა იყოს სამანქანო განყოფილებასთან  კავშირის საშუალებით.

3. ქსელური კვების კავშირის მოწყობილობას უნდა ჰქონდეს სარეზერვო ავტონომიური წყარო, რომელმაც ელ. კვების შეწყვეტისას უნდა უზრუნველყოს  მისი მუშაობა სტანდარტით  განსაზღვრული  დროის განმავლობაში.

 

კარი VI

მიწისქვეშა ხანძრის პროფილაქტიკა და ჩაქრობა

 

თავი XVII. ენდოგენური ხანძრის პროფილაქტიკა

 

მუხლი 46. ზოგადი მოთხოვნები მიწისქვეშა ხანძრების მიმართ

1. შახტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა ისე უნდა იყოს დაპროექტებული და შესრულებული, რომ არ წარმოიშვას მიწისქვეშა ხანძარი.

2. ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში ყველა ტექნოლოგიური პროცესის ან სარემონტო სამუშაოს და სამთო-საშახტო დანადგარის ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძრის ეფექტური ლოკალიზაცია და მისი ჩაქრობა საწყის სტადიაში.

3. თვითაალების უნარის მქონე ნახშირის ფენის (რომლის დამუშავებას ითვალისწინებს შახტის დამუშავების პროექტი ან სამთო სამუშაოების განვითარების გეგმა) მიდრეკილება თვითაალებისადმი წინასწარ უნდა იყოს შესწავლილი.

4. შახტში ნახშირის თვითაალებისადმი მიდრეკილების მქონე ფენების ნუსხა ყოველწლიურად უნდა განიხილოს შახტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა სამთო-სამაშველო სამსახურთან ერთად.

5. ფენის თვითაალებისადმი მიდრეკილების დასადგენად აღებული უნდა იქნეს სინჯები შახტის ტექნიკური ხელმძღვანელისა და სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილებში. 

6. თვითაალებადი ნახშირის ფენა უნდა დამუშავდეს ცალკეული ამოსაღები ველით (უბნით), რომლის გახსნა უნდა განხორციელდეს საველე შუროებით ან საველე ბრემსბერგებით (ქანობებით). ამოსაღებ ველში ნახშირის ფენა უნდა დამუშავდეს უკუსვლით (გარდა დამცავი ფენისა).

7. კვერშლაგების შეუღლების ადგილები საველე შტრეკებთან და ჯგუფურ საველე შუროებთან უნდა გამაგრდეს ხანძარმედეგი  სამაგრით.  

8. შახტის გვირაბებში, ჭაურთან განლაგებულ შენობა-ნაგებობებში საშემდუღებლო სამუშაოების წარმოება დასაშვებია, სტანდარტით გათვალისწინებული აფეთქებისა და ხანძარის წარმოქმნის საწინააღმდეგო ღონისძიებების უზრუნველყოფისას. 

 

მუხლი 47. სამთო სამუშაოების წარმოება თვითაალებადი ფენების დამუშავებისას

1. დამუშავების სისტემები და ჭერის მართვის მეთოდები უნდა შემუშავდეს საწმენდ უბანში ენდოგენური ხანძრის წარმოშობის შესაძლებლობის გათვალისწინებით, სამთო-გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური ფაქტორების შესაბამისად. 

2. ამოსაღები ველის ან ბლოკის საზღვრებში დაუშვებელია დამუშავების ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა, თუ ეს არ არის განპირობებული ფენის ჩაწოლის სამთო-გეოლოგიური პირობების ცვალებადობით.

3. აკრძალულია მოსამზადებელი და საწმენდი   სამუშაოების წარმოება მოქმედი ხანძრის ქვემოთ.  

4. საწმენდი სანგრევის განიავება უნდა განხორციელდეს ისეთნაირად, რომ გამოირიცხოს ჰაერის გაწოვა გამომუშავებული სივრცის გავლით. სუფთა და გამომუშავებული ჰაერის ჭავლი მიმართული უნდა იქნეს ფუჭ ქანში გაყვანილი კვერშლაგების, შუროების და სასულეების საშუალებით, ხოლო დამცავი ფენის დამუშავებისას სასულეებსა და ორტებში დადგმული უნდა იქნეს საიზოლაციო ზღუდარები.  

 

მუხლი 48. ნამუშევარი სივრცის იზოლაცია

1. ყველა ნამუშევარი ველი და გამოუყენებელი გვირაბი უნდა იყოს იზოლირებული. საიზოლაციო ზღუდარის, გვირაბის კედლების თიხით ამოგლესის და ხანძარსაწინააღმდეგო თაღის მოწყობის შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი ავარიის სალიკვიდაციო და პროფილაქტიკური ღონისძიებების გეგმაში, უმოკლეს ვადაში.  

2. საიზოლაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. 

3. სამთო სამუშაოების დაწყებამდე უბნებსა და ფენებში, რომლებიც მუშავდება ცალკეული ამოსაღები ველებით, საუბნე კვერშლაგებში ან სავენტილაციო და საზიდ შტრეკებში უნდა მოეწყოს ბეტონის ხანძარსაწინააღმდეგო თაღები გვირაბის საიზოლაციო მონაკვეთის ინერტული მასალით შევსების გასაკონტროლებლად, ისეთნაირად, რომ არ შევიწროვდეს გვირაბის კვეთი სიოში. 

4. მთლიანად ნამუშევარი ველები და ქვესართულები იზოლირებული უნდა იქნეს ორმაგი ზღუდარებით, რომელთა შორის სივრცე უნდა შეივსოს თიხის ლამისა და ქვიშის ნარევით ან სხვა ადექვატური საიზოლაციო მასალით. ნამუშევარი საწმენდი სანგრევის იზოლირების ღონისძიებები უნდა გამორიცხავდეს ხანძრის, აფეთქების და მავნე აირების წარმოქმნის შესაძლებლობას. იზოლირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.   

5. დაახლოებული ან სქელი ფენის რამდენიმე შრის ერთი ჯგუფური შტრეკიდან დამუშავებისას ნამუშევარი ფენა (შრე) მისი დამუშავების შესაბამისად უნდა იყოს იზოლირებული.  

6. ზღუდარს, გარდა იმ ზღუდარებისა, რომლებიც იდგმება გამკვეთებსა და ბილიკებში, უნდა გაუკეთდეს დაფა, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს ზღუდარის ნომერი, ადგილი და დადგმის დრო, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილი ზედამხედველის  ხელმოწერისა და თარიღის აღნიშვნისათვის.  

7. ზღუდარი შეტანილი უნდა იყოს საიზოლაციო ზღუდარების სარეგისტრაციო ჟურნალში.

8. ზღუდარების და თაღების ჰერმეტულობის კონტროლი უნდა დაიწყოს მათი აგებისთანავე და უნდა წარმოებდეს მუდმივად, არსებობის მთელი დროის განმავლობაში. 

9. მიწის ზედაპირზე გამომავალი გვირაბების  ასევე ჭაბურღილების, ჩაქცევების და ღია სამთო სამუშაოების დროს წარმოქმნილი ნაპრალების დროებითი და მუდმივი იზოლაცია უნდა ჩატარდეს  სტანდარტის  მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი  და სამთო-სამაშველო სამსახურთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.  

10. მიწის ზედაპირზე გამომავალი გვირაბების საიზოლაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ უნდა შედგეს საიზოლაციო ნაგებობის მიღების აქტი, რომელსაც უნდა დაერთოს ნაგებობის ესკიზი.

11. აკრძალულია მიწისქვეშა ამოსაღები ველების მომზადება იმ ადგილების ქვეშ, სადაც ღია წესით დამუშავების დროს წარმოიქმნა ნაპრალები ან ჩაქცევები.

12. გამომუშავებული სივრცის დალამვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ დაცული იყოს  მის გვერდით ან/და  ქვევით მდებარე უბნის გვირაბებში  მყოფი მუშების უსაფრთხოება.

13. ამოსაღები ველის მთლიანად დამუშავების შემდეგ, მისი იზოლაციისა და დალამვის დამთავრებისას შესრულებულ სამუშაოზე უნდა შედგეს აქტი.  

შენიშვნა: ტყიბულის ნახშირის საბადოს შახტებისათვის ნამუშევარი სივრცის  პროფილაქტიკური დალამვა მოქმედ ჰორიზონტზე უნდა წარმოებდეს საწმენდი სანგრევის გადაადგილების 20-30 მ ჩამორჩენით, ნახშირის ფენების თვითაალების ინკუბაციის პერიოდის შესაბამისად, არაუგვიანეს:

ა) 6 თვისა – II ფენაში;

ბ) 3 თვისა – 7/4 ფენაში;

გ) 2,5 თვისა – III ფენაში;

დ) 1 თვისა – IV ფენაში;

ე) 1 თვისა – V ფენაში;

ვ) 1 თვისა – VI ფენაში.

 

თავი XVIII. ნახშირის თვითგახურება

 

მუხლი 49. ნახშირის თვითგახურების ნიშნების აღმოჩენა და სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. შახტში, სადაც მუშავდება თვითაალებადი ნახშირის ფენები, შახტის ვენტილაციის და უსაფრთხოების უბნის და სამთო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გაატარონ ღონისძიებები ნახშირის თვითგახურების წინასწარი ნიშნების აღმოსაჩენად. 

2. ნახშირის თვითგახურების გამოვლენისათვის უნდა განხორციელდეს ატმოსფეროს მუდმივი კონტროლი გადასატანი ხელსაწყოს მეშვეობით. ნახშირჟანგის ექსპრესმეთოდით აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია აღებულ იქნეს სინჯი ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად. 

3. ნამუშევარ და იზოლირებულ სივრცეებში, მთლიანად ნამუშევარ ბლოკებში და ამოსაღებ ველებში უნდა განხორციელდეს ზღუდარებიდან გამონადენი წყლის ტემპერატურის და ჰაერის კონტროლი. 

4. ნახშირის თვითგახურების პროცესზე საკონტროლო დაკვირვებები უნდა განხორციელდეს შახტისა და სამთო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ და შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის ჟურნალში.

5. გვირაბებში ნახშირის თვითგახურების ნიშნების აღმოჩენისას უბანი უნდა დარეგისტრირდეს ენდოგენური ხანძრის წარმოშობის მხრივ საშიშად და სასწრაფოდ უნდა დამუშავდეს ღონისძიებები ნახშირის თვითგახურების სალიკვიდაციოდ.

6. თუ გატარებული ღონისძიებების შემდეგ უბნის ამომავალ ჭავლში ნახშირჟანგის შემცველობა და ჰაერის ტემპერატურა არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ ნორმებს, უბანი უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ხანძრიანი და უნდა გატარდეს დამატებითი ღონისძიებები ენდოგენური ხანძრის სალიკვიდაციოდ.

7. გვირაბში ღია ცეცხლის ან კვამლის წარმოშობის შემთხვევაში ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს და დაიწყოს სხვა მოქმედი გვირაბებისაგან მისი იზოლირება.  

 

მუხლი 50. ენდოგენური ხანძრის ჩაქრობა

1. ახლად წარმოქმნილი ენდოგენური ხანძარი უნდა დარეგისტრირდეს და მას უნდა მიენიჭოს რიგითი ნომერი. ჩამქრალი ხანძარი, რომელიც იძლევა ხანძრის განმეორების ნიშნებს, უნდა დარეგისტრირდეს ხელახლა. 

2. შახტში ენდოგენური ხანძრის და მისი განმეორების რეგისტრაციის ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი და ინახებოდეს შახტში.

3. ენდოგენური ხანძრის აღმოჩენიდან 5 დღის განმავლობაში შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილმა ხანძრის წარმოქმნის მიზეზების გამომკვლევმა კომისიამ უნდა შეადგინოს ხანძრის გამოკვლევის აქტი.  

4. განმეორებით წარმოქმნილ ხანძარზე უნდა შეიქმნას ცალკე დოკუმენტაცია, რომელშიც შეინახება ყველა მასალა.  

5. ხანძარზე, რომლის ჩაქრობაც მოხდა აქტიური საშუალებით ან სპეციალური  ღონისძიებებით 48 საათის განმავლობაში, უნდა შედგეს აქტი ხანძრის ნომრის მინიჭების გარეშე. ხანძრის აქტის გაფორმება და ჩამოწერა უნდა მოხდეს შახტის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნულ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ.  

6. ხანძრის წარმოშობის ორგანიზაციული და ტექნიკური მიზეზები უნდა გაეცნოს შახტში მომუშავე პერსონალს.

7. თუ ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება აქტიური მეთოდებით, უნდა დამუშავდეს მიწისქვეშა ხანძრის ჩაქრობის დამატებითი ღონისძიებები, რომელიც უნდა შეთანხმდეს სამთო-სამაშველო სამსახურთან. 

8. მიწისქვეშა ხანძრის ჩაქრობის აქტიური მეთოდების გამოყენების პარალელურად სამთო-სამაშველო სამსახურის ძალებით უნდა ჩატარდეს ხანძრიანი უბნის ზღუდარებით იზოლაციის სამუშაოები.  

9. ხანძრიანი უბნის საიზოლაციო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, ზღუდარებიდან იზოლირებულ სივრცეში ჰაერის შეწოვის შემცირების მიზნით უნდა განხორციელდეს იზოლირებული სივრცის დალამვა და ზღუდარების ჰაერგაუმტარი მასალით დაფარვა.

10. ენდოგენური ხანძრის მდგომარეობის შეფასებას და ხანძრის ჩაქრობის მიმდინარეობაზე კონტროლს აწარმოებს სამთო-სამაშველო სამსახური რეგლამენტის შესაბამისად, საზიდ და სავენტილაციო ჰორიზონტებზე განლაგებული ზღუდარებიდან და საკონტროლო ჭაბურღილებიდან ჰაერის სინჯის ანალიზისა და ტემპერატურის ცვლილების საფუძველზე. 

11. სინჯების ანალიზის შედეგად წვადი აირების ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის აღმოჩენისას აუცილებელია ხალხის სასწრაფოდ გამოყვანა ხანძრიანი უბნიდან და ღონისძიებების გატარება ცვლილებების გამომწვევ მიზეზთა სასწრაფოდ ლიკვიდაციისათვის. 

12. ანალიზების შედეგები უნდა გაფორმდეს შეტყობინების სახით სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ და გაეგზავნოს შახტის ხელმძღვანელობას. ჭაბურღილიდან და ზღუდარში  დატოვებული მილებიდან აღებული ანალიზების შედეგები უნდა გაფორმდეს ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, ნახშირჟანგის და მეთანის პროცენტული შედგენილობის ცვლილების გრაფიკების სახით და უნდა ივსებოდეს  ხანძრის მთლიან ჩამოწერამდე. 

 

მუხლი 51. ხანძრის ჩამოწერა

1. გადაწყვეტილება ხანძრის ჩაქრობის შეწყვეტაზე მიღებული უნდა იქნეს  საიზოლაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ საკონტროლო ანალიზების შედეგების საფუძველზე. ჭაბურღილებიდან და ზღუდარებში დატოვებული მილებიდან ჰაერის კონტროლი უნდა გაგრძელდეს ხანძრის ჩაქრობიდან მის ჩამოწერამდე. 

2. ენდოგენური ხანძრის ჩამოწერილ კატეგორიაში გადაყვანა უნდა განხორციელდეს მისი ჩაქრობიდან, სულ ცოტა, სამი თვის შემდეგ, თუ ამ პერიოდში არ გამოვლინდა ხანძრის არსებობის ნიშნები. 

3. ენდოგენური ხანძარი უნდა ჩაითვალოს ჩაქრობილად, თუ ხანძრიან უბანში აღებულ ჰაერის სინჯებში არ ვლინდება ნახშირჟანგი და იზოლირებული სივრციდან გამონადენი ჰაერის და წყლის ტემპერატურა არ აღემატება სტანდარტით  განსაზღვრულ ნორმებს.  

4. თუ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ანალიზების შედეგების საფუძველზე  შეუძლებელია ხანძრის ჩამოწერის საკითხის გადაჭრა, უნდა გაიხსნას ხანძრიანი უბანი და განიავდეს არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში სისტემატურად უნდა მიმდინარეობდეს ტემპერატურისა და ჰაერის შედგენილობის კონტროლი სპეციალური გეგმით.

5. ჩამოსაწერი ხანძრიანი უბანი შესწავლილი უნდა იყოს სამთო-სამაშველო სამსახურის მიერ.

6. ჩამოსაწერი ხანძრიანი უბნის შესწავლის გეგმას ადგენს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელი და ათანხმებს სამთო-სამაშველო სამსახურთან.

7. ხანძრის ჩამოწერას სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსის  წერილობითი მოხსენების საფუძველზე აწარმოებს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი ხანძრის წარმოქმნის მიზეზების გამომკვლევი კომისია.

 

მუხლი 52. ჩამოწერილი ხანძრის უბნის გახსნა

 

1. ჩამოწერილი ხანძრის უბნის გახსნა დარჩენილი ნახშირის მოპოვების მიზნით დასაშვებია მხოლოდ შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვის საფუძველზე სპეციალური პროექტით და უნდა შესრულდეს სამთო-სამაშველო სამსახურის ძალებით, საჭიროების შემთხვევაში შახტში საექსპლუატაციო სამუშაოების დროებითი შეჩერებით.

2. ჩამქრალი ხანძრის უბანზე სარემონტო აღდგენითი სამუშაოები დაიშვება უბნის გახსნიდან ერთი დღის შემდეგ.  ამ პერიოდში  უბნიდან ამომავალი ნამუშევარი ჭავლის  ტემპერატურის და ჰაერის შედგენილობის კონტროლი და მისი პერიოდულობა უნდა განხორციელდეს სტანდარტის  მოთხოვნათა შესაბამისად.  

 

მუხლი 53. შახტის ზედაპირზე ხანძრის წარმოშობის თავიდან აცილება

1. შახტის ზედაპირზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებში დაცული უნდა იქნეს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 

2. შახტის მთელ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს წყლის წნევის ავტომატურკონტროლიანი, ხანძარსაწინააღმდეგო სარწყავი მილგაყვანილობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი წყლის წნევა და ხარჯი. 

3. შახტის ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იქნეს  სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების  მოთხოვნები (ტექნოლოგია).

 

თავი XIX. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

 

მუხლი 54. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა 

1. რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში, მე-7 მუხლის პირველ, მე-6 და მე-9 პუნქტებში, მე-9 მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებში, მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-14 მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-15 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში, მე-16 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-19 მუხლის მე-6, მე-7 და მე-14 პუნქტებში, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში, 21-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, 22-ე მუხლის მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტებში, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 26-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტებში, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში, მე-2, მე-7 და მე-12 პუნქტებში, 28-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებში, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში, მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 30-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებში, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და  ,,გ“ ქვეპუნქტებში, მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“,  ,,ე “ და  ,,ვ“ ქვეპუნქტებში, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და მე-11 პუნქტებში, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში და მე-4 პუნქტში, 36-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-5 პუნქტის ,,ბ“, ,,ე“ და  ,,ვ“ ქვეპუნქტებში და მე-6 პუნქტში, 37-ე მუხლის მე-13 პუნქტში, 38-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-40 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 41-ე მუხლის მე-7 პუნქტში, 42-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებში, 43-ე მუხლის პირველ მე-2, მე-4, მე-9, მე-10, მე-11 და მე-13 პუნქტებში, 44-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-9 პუნქტებში, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში, 46-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში, 48-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-6 და მე-13 პუნქტებში, 49-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, 50-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-10 და მე-12 პუნქტებში, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 52-ე მუხლის პირველ პუნქტში, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის მე-3  მუხლის მე-6 პუნქტში, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში და მე-2 პუნქტში, მე-5 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებში, მე-6 მუხლის პირველ, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, მე-9 მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებში, მე-10 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში, მე-11 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, მე-15 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-18 მუხლში, მე-19 მუხლის მე-5, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებში, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის  ,,გ“ ქვეპუნქტში, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 25-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში, 26-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-6 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში, მე-7 და მე-8 პუნქტებში, 27-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 28-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში, 30-ე მუხლის პირველ მე-4, მე-5, მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტებში, 31-ე მუხლის მე-10 პუნქტში, 32-ე მუხლის პირველ პუნქტში, მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებში, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და მე-6 პუნქტში, 35-ე მუხლის პირველ პუნქტში, 36-ე მუხლის პირველ პუნქტში, 37-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-12 პუნქტებში, 38-ე მუხლის პირველ მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებში, 39-ე მუხლის პირველ პუნქტში, მე-40 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, 41-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებში, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, 43-ე მუხლის მე-12 და მე-14 პუნქტებში, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 46-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში, 47-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში, 48-ე მუხლის პირველ, მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტებში, 49-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 50-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებში, 51-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში, 52 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 

მუხლი 55. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-5 მუხლის  მე-2 და მე-7 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებში, 11-ე მუხლის მე-6 პუნქტში, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტში, მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველ, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებში, მე-20 მუხლის პირველ პუნქტში, 21-ე მუხლის პირველ პუნქტში, 22-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-6 და მე-9 პუნქტებში, 23-ე მუხლის პირველ პუნქტში, 24-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 3-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში, 31 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში და მე-7 პუნქტში, 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში, მე-2 პუნქტში და მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-9 პუნქტის   ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში, მე-10 და მე-14 პუნქტებში, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტში, 39-ე მუხლის  მე-2 პუნქტში, 42-ე მუხლის  მე-4 პუნქტში, 43-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, 44-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 53-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. რეგლამენტის მე-5 მუხლის  მე-5 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-8 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-9 პუნქტში, მე-11 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებში, მე-13 მუხლის, მე-5 პუნქტში, მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 27-ე მუხლის მე-8 და მე-11 პუნქტებში, 29-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, 30-ე მუხლის მე-6 პუნქტში და მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში, 32-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებში, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტში და მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში, 37-ე მუხლის მე-11 პუნქტში, 38-ე  მუხლის მე-2 პუნქტში, მე-40 მუხლის პირველ პუნქტში, 47-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 49-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებში, 50-ე მუხლის მე-8 და მე-11 პუნქტებში, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 

მუხლი 56. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა 

რეგლამენტის 54-ე და 55-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.