ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017654
429
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017654
ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №429

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხ­ლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ

თავი I. საერთო დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდეგში - რეგლამენტი) სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმეთათვის.

2. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ამწე მოწყობილობის,  პროექტირების,  დამზადების, რეკონსტრუირების, რემონტის, მონტაჟის და ექსპლუატაციის მიმართ.

3. რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება ამწე მოწყობილობაზე (შედეგში- ამწე), რომელსაც გააჩნია შემდეგი მახასიათებლები და პარამეტრები: წარმოადგენს ტვირთის ასაწევ და გადასაადგილებელ მექანიზებულ, ისრიან, კოშკურა, ხიდური ტიპის, 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობის ამწე სატრანსპორტო  მანქანას, რომელსაც გააჩნია:

ა) ისრიანი ამწის შემთხვევაში _ ამწის გადაადგილების, მობრუნების და ისრის გაწვდომის ცვლილების მექანიზმები;

ბ)  ელექტრული პულტით მართვადი ხიდური ტიპის ამწის შემთხვევაში -10 ტონა და მეტი ტვირთამწეობა;

გ) ბაგირზე ჩამოკიდებული ტვირთსატაცი მოწყობილობები.

4.  რეგლამენტის მოთხოვნები  არ ვრცელდება:

ა) ამწეებზე, რომელიც დამონტაჟებულია საზღვაო, სამდინარო და სხვა მცურავ საშუალებებზე;

ბ) ექსკავატორებზე, რომლებიც განკუთვნილია მიწის სათხრელი სამუშაოებისთვის;

გ) სპეციალური დანიშნულების ამწეებზე, როგორებიცაა: მილჩამწყობები; სამონტაჟო კონსტრუქციები (ანძები, კოჭები და სხვა);

დ) ჯალამბრებზე, სტაციონალურად დამონტაჟებულ ან მონორელსზე გადაადგილებად ელ. ტალებზე;

ე) პოლიციის და სამხედრო უწყების დანიშნულებით გამოყენებულ ამწეებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. ხიდური ტიპის ამწე - ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდებულია  სატვირთო ურიკაზე, ტალზე ან ისრიანი ტიპის ამწეზე, რომლებიც ხიდზე გადაადგილდება.

2. ჯოჯგინა ამწე — ამწე, რომლის ხიდი ორი საყრდენი დგარის საშუალებით, ეყრდნობა ამწის სავალ გზას.

3. ისრიანი ტიპის ამწე — ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდულია ისარზე ან მასზე გადაადგილებად ურიკაზე.

4. პორტალური ამწე — რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის გასატარებლად განკუთვნილი, პორტალზე მბრუნავი ამწე.

5. კოშკური ამწე — საბრუნი ამწე ისრით, რომელიც დამაგრებულია ვერტიკალურად განთავსებული კოშკის ზედა ნაწილში.

6. სარკინიგზო ამწე — ამწე, რომელიც დამონტაჟებულია რკინიგზის ლიანდაგზე მოძრავ (გადაადგილებად) ბაქანზე.

7. კონსოლური ამწე — ისრიანი ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდებულია ხისტად დამაგრებულ კონსოლზე (ისარზე) ან კონსოლზე (ისარზე) გადაადგილებად ურიკაზე.

8. გრეიფერული ამწე — ამწე, რომელიც აღჭურვილია გრეიფერის სახის ტვირთსატაცი ორგანოთი.

9. მაგნიტური ამწე — ამწე, რომელიც აღჭურვილია ელექტრომაგნიტური ტვირთსატაცი ორგანოთი.

10.  სტაციონარული ამწე — ამწე, რომელიც დამაგრებულია საძირკველზე ან სხვა უძრავ ფუნდამენტზე (ძირზე).

სტაციონარული ამწე — ამწე, რომელიც დამაგრებულია ფუნდამენტზე  ან სხვა უძრავ  საძირკველზე (ძირზე).

11. მუხლუხებიანი ამწე — ამწე, რომელიც გადაადგილებისათვის აღჭურვილია მუხლუხებით.

12. საავტომობილო ამწე — ამწე, რომელიც დაყენებულია ავტომობილის შასზე.

13. პნევმოთვლიანი ამწე — ამწე, რომელიც დაყენებულია პნევმოთვლიან შასზე.

14. სალიანდაგო ამწე — ამწე, რომელიც გადაადგილდება სალიანდაგო გზაზე.

15. ელექტრული ამწე — ამწე, ელექტროამძრავიანი მექანიზმებით.

16. ჰიდრავლიკური ამწე — ამწე, ჰიდრავლიკური ამძრავიანი მექანიზმებით.

17. სამუშაო ციკლი — ოპერაციების ერთობლიობა, დაკავშირებული მუშაობის დროს ამწის გადაადგილებასთან, ამწის ტვირთის აწევისთვის მზადყოფნიდან შემდეგი ტვირთის აწევის მზადყოფნამდე.

18. ამწის მდგრადობა — გადაყირავების მომენტებისადმი ამწის უნარი შეინარჩუნოს მდგრადობა.

19. ელექტრული ამწე — ამწე, ელექტროამძრავიანი მექანიზმებით.

20. ტვირთამწევი მექანიზმი (აწევის მექანიზმი) — ტვირთის ასაწევად და დასაშვებად სტაციონარულად დამონტაჟებული მექანიზმი.

21. ჯალამბარი — მექანიზმი, რომლის წევის ძალვა ამძრავი დოლიდან ჩაბმულ ტვირთს გადაეცემა დრეკადი ელემენტების (ბაგირი, ჯაჭვი) საშუალებით. ჯალამბრის ტიპებია: დოლიანი, ბაგირწამყვანი შკივით, შპილიანი.

22. ტალი — ამძრავთან ერთად ერთ კორპუსში დამონტაჟებული ტვირთამწევი მექანიზმი.

23. სავალი მოწყობილობა — ისრიანი ამწის საბრუნი ბაქნის ან კოშკურა ამწის კოშკის დასაყენებელი საფუძველი, მისი გადასაადგილებელი ამძრავი მოწყობილობის ჩათვლით.

24. პორტალი — ამწის საფუძველი, გათვალისწინებული რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის გასატარებლად.

25.  ხიდი — ხიდური ტიპის ამწეების, ან ჯოჯგინა, ან ნახევრად ჯოჯგინა ამწეების სატვირთო ურიკის მოძრაობისათვის გათვალისწინებული, საყრდენებს შორის განთავსებული მზიდი კონსტრუქცია.

26. სატვირთო ურიკა — ამწის კვანძი, გათვალისწინებული ხიდზე, ისარზე ან მზიდ ბაგირზე დაკიდული ტვირთის გადაადგილებისათვის.

27. მბრუნავი ბაქანი — მექანიზმების განსათავსებელი ამწის მბრუნავი კონსტრუქცია.

28. კოშკი — ამწის ვერტიკალური კონსტრუქცია, რომელიც აკავებს ისარსა და/ან საბრუნ ბაქანს და უზრუნველყოფს ისრის საყრდენის საჭირო სიმაღლეზე განლაგებას.

29. ისარი — ამწის კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთსატაცი ორგანოს საჭირო შვერს და აწევის სიმაღლეს.

30. ლითონკონსტრუქცია (მზიდი) — ამწის საანგარიშო კონსტრუქცია, რომელიც ამწის მიერ მიღებულ დატვირთვას გადასცემს ამწის სხვა კვანძებს ან მის საფუძველს.

31. საპირწონე — ტვირთები, რომლებიც მიმაგრებულია საპირწონის კონსოლზე ან საბრუნ ბაქანზე ამწის მუშაობის დროს მუშა ტვირთის მასის და/ან ამწის ცალკეული ნაწილების გასაწონასწორებლად.

32. ბალასტი — ტვირთი, რომელიც ამწის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მიმაგრებულია ამწის სავალ ჩარჩოზე, ან პორტალზე.

33. ბლოკი (ჭაღი)—მბრუნავი ელემენტი ღარით ბაგირის მიმართვისათვის.

34. პოლისპასტი — ბაგირის მოძრაობის სიჩქარისა და ძალის შემცვლელი ბლოკური საბაგირო სისტემა.

35. კავური საკიდი — კავით ტვირთის ასაწევად განკუთვნილი და ამწეზე დასაკიდი ბლოკების სისტემით აღჭურვილი მოწყობილობა.

36. ტვირთსატაცი ორგანო — ტვირთის დაკიდების, წატაცებისა და მოდებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა (კავი, გრეიფერი, ელექტრო-მაგნიტი, ჩანგალი და სხვა).

37. კინემატიკურად არაგანრთვადი კავშირი — ძრავსა და დოლს შორის მექანიკური კავშირი, რომელიც ხორციელდება: ძრავის რედუქტორთან და რედუქტორის დოლთან უშუალო მიერთებით; არაგანრთვადი ქუროების ან სიჩქარეების გადამრთავი მექანიზმის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმის თვითნებური ჩართვა ან გამორთვა შეუძლებელია ან თუ ამასთანავე არ ხდება ნორმალურად დახურული ტიპის მუხრუჭის ავტომატური ზედდება).

38. გალერეა — გრძელი ვიწრო თავისუფალი გასასვლელი ჰორიზონტალური ნაფენით.

39. ბაქანი — ჰორიზონტალური ზედაპირი, განკუთვნილი ამწის რემონტის და/ან ტექნიკური მომსახურების ჩატარების დროს ადამიანის განსათავსებლად.

40. ტამბური — ამწის კაბინაში შესასვლელის წინ შემოღობილი ბაქანი.

41. სატვირთო (ასაწევი) ბაგირი — ტვირთის ასაწევად განკუთვნილი ბაგირი.

42. საისრე ბაგირი — ისრის პოლისპასტის ბლოკებზე მორგებული (დამაგრებული) ბაგირი, რომელიც გამოიყენება შვერის ცვლილებისათვის.

43. ურიკის (საწევი) ბაგირი — სატვირთო ურიკის ამწის ისარზე ან ხიდზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ბაგირი.

44. მზიდი ბაგირი — კაბელური ტიპის ამწის სატვირთო ურიკის გადაადგილები-სათვის განკუთვნილი  (სავალი) ბაგირი.

45. ისრის დამჭიმი ბაგირი — ისრის ჩამოსაკიდებელი (შესაკავებელი) ბაგირი, პოლისპასტის მარაგის გარეშე, გამაწონასწორებელ ბლოკზე (ჭაღზე) ბაგირის მარაგის გამონაკლისით.

46. ჩამკეტი ბაგირი — ბაგირი, განკუთვნილი მუშაობის დროს გრეიფერის ჩასაკეტად.

47. სამონტაჟო ბაგირი — ბაგირი, მორგებული სამონტაჟო პოლისპასტის ბლოკზე, რომელიც გამოიყენება ამწის ან მისი ელემენტების მონტაჟისათვის.

48. დამცავი (დამცველი) მოწყობილობა — ავარიულ სიტუაციებში ამწის დამცავი  მოწყობილობა.

49.  ბუფერი — დარტყმის შემარბილებელი მოწყობილობა.

50. გატაცების საწინააღმდეგო  მოწყობილობა — ქარის ზემოქმედებით არამუშა მდგომარეობაში ამწის გზის (ლიანდაგის) გასწვრივ გადაადგილების შემაკავებელი მოწყობილობა.

51. სპეციალიზებული ორგანიზაცია – პირი, რომელიც ახორციელებს ამწეების დაპროექტებას, კონსტრუირებას, დამზადებას, მონტაჟს და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციის ტექნიკური პერსონალი და სათანადო აღჭურვილობა (სადიაგნოსტიკო, გამზომი და სხვა მოწყობილობა).

თავი II. დაპროექტება

მუხლი 3. საერთო მოთხოვნები

1. ამწეების (კვანძების, მექანიზმების, უსაფრთხოების ხელსაწყოების, სალიანდაგო გზების) პროექტირება უნდა განხორციელდეს  შესაბამისი ნორმატიული აქტების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდეგში-სტანდარტი) მოთხოვნათა შესაბამისად.

2.  დასაპროექტებელი ამწეების კლიმატური შესრულება უნდა შეესაბამებოდეს  სტანდარტის მოთხოვნებს.

3. სეისმურ რაიონებში საექსპლუატაციოდ განკუთვნილი ამწეების დაპროექტება (6 ბალზე ზევით) უნდა განხორციელდეს სეისმომედეგი შესრულებით.

4. ფეთქებად და ხანძარსაშიშ გარემოში სამუშაოდ ან რადიაქტიური, მომწამვლელი და ფეთქებადი ნივთიერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ამწეების დამზადებაზე პროექტის დამუშავება უნდა განხორციელდეს  სპეციალური ტექნიკური დავალებით. აღნიშნულ გარემოში ამწის მუშაობის შესაძლებლობა მითითებული უნდა იყოს მის ტექნიკურ დოკუმენტაციაში, აგრეთვე ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში.

5. ამწეები უნდა იყვნენ მდგრადნი, როგორც მუშა, ასევე არამუშა მდგომარეობაში. ამწის მდგრადობის გაანგარიშება უნდა შესრულდეს  სტანდარტის შესაბამისად.   

მუხლი 4. ამწეთა ლითონკონსტრუქციები

1. ამწის ლითონკონსტრუქციების (ჩარჩო, ხიდი, კოშკი, პორტალი, ისარი, საყრდენი და სხვა) გაანგარიშება და კონსტრუირება უნდა განხორციელდეს   რეგლამენტის   და სტანდარტის შესაბამისად.

2. ამწეებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ გამოსაწევი ისრები, კოშკები ან საყრდენები, გათვალისწინებული უნდა იყოს გამოწეული ლითონკონსტრუქციის საიმედო ფიქსაცია.

3. მასალები, ამწის ლითონკონსტრუქციების და მისი ელემენტების პროექტირების დროს უნდა გამოიყენებოდეს სტანდარტების შესაბამისად.

4. ლითონკონსტრუქციების პროექტირების დროს მასალების შერჩევვა უნდა ხდებოდეს ელემენტების დატვირთვის ხარისხის, გარემო აგრესიული პირობებისა და ტემპერატურული ქვედა ზღვრული მნიშვნელობების გათვალისწინებით ამწის მუშა და არა მუშა მდგომარეობისათვის.

5. ამწეთა ლითონკონსტრუქციები და ლითონის დეტალები დაცული უნდა იყვნენ კოროზიისაგან. ღია ცის ქვეშ მომუშავე ამწეების კოლოფისებური და მილისებური ლითონკონსტრუქციების პროექტირების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მათში წყლის ან ნესტის  დაგროვების თავიდან აცილების შესაძლებლებლობა.

მუხლი 5. მექანიზმები

1. მექანიზმების (ჯალამბრების, რედუქტორების, მუხრუჭების, ქუროების, ამძრავების და სხვა) პროექტირება უნდა განხორციელდეს სტანდარტის შესაბამისად.

2. ტვირთამწეების მექანიზმები, რომლებიც აღჭურვილი არიან მათი ჩართვისათვის ან მუშა მოძრაობის სიჩქარეების გადატვირთვისათვის მუშტა, რიქციული ან სხვა მექანიკური მოწყობილობებით, უნდა დაპროექტდეს ისე, რომ გამორიცხული იყოს მექანიზმის თვითნებური ჩართვა ან ჩახსნა. ტვირთის და ისრის ასაწევი ჯალამბრისათვის, გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს ამძრავის გამორთვის შესაძლებლობა მუხრუჭის ზედდების გარეშე.

3. ორამძრავიან სატვირთო ჯალამბრებს ერთმანეთს შორის უნდა ჰქონდეთ ხისტი კინემატიკური კავშირი, რათა გამოირიცხოს ტვირთის თვითნებური დაშვება ერთ-ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.

4. გამდნარი ლითონის ან წიდის, მომწამვლელი და ფეთქებადი ნივთიერებების ასაწევად გათვალისწინებულ, აგრეთვე ელექტროამძრავით აღჭურვილ მექანიზმებში დაუშვებელია ჩართვის ფრიქციული და მუშტა ქუროების გამოყენება, გარდა:

ა) მოძრავი და საბრუნი მექანიზმებისა, რომელთაც გააჩნიათ ერთი სიჩქარიდან მეორეზე გადართვისათვის სიჩქარის რამოდენიმე დიაპაზონი;

ბ) მუხლუხა ამწის გადასაადგილებელი მექანიზმის მუხლუხების ცალცალკე მართვის მიზნით.

აღნიშნულ “ა’’ და “ბ’’ შემთხვევებში, მუხრუჭს უნდა გააჩნდეს არაგანრთვადი კინემატიკური კავშირი ამწის საბრუნ ნაწილთან, მუხლუხებთან ან თვლებთან.

5. ტვირთის და ისრის ასაწევი მექანიზმები შესრულებული უნდა იყოს ისე, რომ ტვირთის და ისრის დაშვება განხორციელდეს  მხოლოდ მომუშავე ძრავის საშუალებით.

6. ისრიანი ამწეებისათვის ძალვა, რომელიც საჭიროა გამოსაწევი საყრდენების ან მათი ნაწილების ხელით ასაწევად (გამოსაწევად), არ უნდა აღემატებოდეს 200 ნიუტონს. მეტი ძალვის შემთხვევაში გამოსაწევ საყრდენებს უნდა გააჩნდეთ ჰიდრავლიკური, მექანიკური ან სხვა ამძრავი.

7. სამჭედლო ამწეების ასაწევი მექანიზმების კონსტრუქციებს უნდა გააჩნდეთ საამორტიზაციო მოწყობილობები, რომელიც ამწის ლითონკონსტრუქციას იცავენ ნამზადის გლინვის დროს წარმოქმნილი ტექნოლოგიური დატვირთვის ზემოქმედებისაგან.

8. მგრეხი მომენტის გადამცემი ამწეების მექანიზმების კონსტრუქციაში უნდა გამოიყენებოდეს ღარებიანი, სოგმანებიანი, ჭანჭიკებიანი და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისი სხვა შეერთებები. შედუღებითი კვანძების და დეტალების გამოყენება დაუშვებელია.

9. ამწეების ელემენტების შეერთებების კონსტრუქციებში (ჭანჭიკებით, სოგმანებით, კბილანებით და სხვა) გამორიცხული უნდა იყოს თვითნებური განხრახვნა ან გათიშვა.

მუხლი 6. მუხრუჭები

1. ტვირთის ამწევი და ისრის შვერის ცვლილების მექანიზმები, აღჭურვილი უნდა იყვნენ ნორმალურად ჩაკეტილი ტიპის მუხრუჭებით, რომლებიც  ავტომატურად იხსნება ამძრავის ჩართვის დროს.

2. გრეიფერული ორდოლიანი განცალკევებულ ამძრავებიან ჯალამბარს, მუხრუჭი უნდა ეყენოს თვითოეულ ამძრავზე ცალცალკე. შემკავებელი დოლის ამძრავზე, გაჩერებული ძრავის შემთხვევაში, ამძრავის განმუხრუჭებისათვის დასაშვებია სატერფულის ან ღილაკის მოწყობა. ამასთანავე განმუხრუჭება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ სატერფულზე (ღილაკზე) უწყვეტი დაჭერის დროს. ელექტროდაცვის ამოქმედებისას, ან ელექტროდენის გამორთვის დროს მუხრუჭის ჩაკეტვა ავტომატურად უნდა ხდებოდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც სატერფული (ღილაკი) დაჭერილია.

3. ტვირთის ამწევი და შვერის ცვალების მექნიზმები უნდა აღიჭურვონ დოლებთან არაგანრთვადი კინემატიკური კავშირის მქონე მუხრუჭებით. ელექტროტალების ტვირთამწევი მექანიზმების კინემატიკურ წრედებ¬ში, დასაშვებია ზღვრული მომენტის ქუროების დაყენება.

4. ტვირთის ამწევი მექანიზმის და ამწის ისრის მუხრუჭი, უნდა უზრუნველყოფდეს  სამუხრუჭო მომენტს დამუხრუჭების მარაგის კოეფიციენტის გათვალისწინებით, სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.    

5. ორი მუხრუჭის დაყენების დროს ისინი უნდა დაპროექტდეს ისე, რომ ერთ-ერთი მუხრუჭის საიმედოობის შემოწმების მიზნით, უსაფრთხოდ შეიძლებოდეს მეორე მუხრუჭის მოქმედების მოხსნა.

6. ამწეების (ურიკების) გადაადგილების მექანიზმებზე მუხრუჭები უნდა დაყენდნენ იმ შემთხვევებში, თუ:

ა) ამწე გათვალისწინებულია ღია ცის ქვეშ სამუშაოდ;

ბ) ამწე გათვალისწინებულია შენობაში მუშაობისათვის და ის გადაადგილდება იატაკზე დაგებულ ლიანდაგზე;

გ) ამწე გათვალისწინებულია შენობაში სამუშაოდ და ლიანდაგზე გადაადგილდება 32 მ/წთ-ზე მეტი სიჩქარით.

7. მუხრუჭით აღჭურვილი უნდა იყოს ყველა სახის ამწეთა მობრუნების მექანიზმები რომლებიც მუშაობენ ღია ცის ქვეშ.

8. ტვირთის ამწევი, შვერის ცვალებადობის და ისრის ტელესკოპირების ჰიდროცილინდრიანი მექანიზმებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყობილობა (უკუსარქველი), რომელიც გამორიცხავს ჰიდროსისტემაში წნევის დაცემის დროს ტვირთის, ან ისრის დაშვებას.

9. ამწის გადაადგილების და მობრუნების მექანიზმების მუხრუჭები (გარდა ისრიანი ამწეების გადასაადგილებელი მექანიზმების, აგრეთვე კოშკურა-ისრიანი მოწყობილობის მქონე ისრიანი და პორტალური ამწეეების მობრუნების მექანიზმისა) უნდა იყვნენ ნორმალურად ჩაკეტილი ტიპის, ამძრავის ჩართვის დროს ავტომატურად განრთვადი.  ისრიან ამწეებზე, რომელთა გადაადგილების მექანიზმი აღჭურვილია ნორმალურად ღია ტიპის მართვადი მუხრუჭით, დაყენებული უნდა იქნას ასევე ,,დგომის’’ მუხრუჭი. კოშკურა, კოშკურა-ისრიანი მოწყობილობის მქონე ისრიანი და პორტალური ამწეების მობრუნების მექანიზმებზე დასაშვებია ნორმალურად ღია ტიპის მართვადი მუხრუჭების დაყენება. ამ შემთხვევაში მუხრუჭს უნდა გააჩნდეს დახურულ მდგომარეობაში მისი ფიქსაციის მოწყობილობა. ასეთი მოწყობილობა შეიძლება დაყენდეს მუხრუჭის მართვის ბერკეტზე ან სატერფულზე.

10. თუ ამწის მართვის სისტემა ითვალისწინებს დამუხრუჭებას ელექტროძრავით, მაშინ დასაშვებია გადაადგილების ან საბრუნი მექანიზმების მუხრუჭთა ავტომატური ჩართვა კონტროლერის ნულოვან პოზიციაზე დროში არაუმეტეს ერთი წამის შეჩერებით ან სატერფულით (ღილაკით) მუხრუჭების ჩართვის (განრთვის) ელექტრული მართვა კონტროლერის ნულოვან პოზიციაზე.

11. ღია ცის ქვეშ მომუშავე ამწეთა გადაადგილების და საბრუნი მექანიზმების მუხრუჭებმა უნდა უზრუნველყონ ამწის (ურიკის) გაჩერება და შეკავება მისი მუშა მდგომარეობისათვის ტექნიკური დოკუმენტაციით დაშვებული ქარის მაქსიმალური სიჩქარის ზემოქმედების გათვალისწინებით.

12. ამწეთა მექანიზმებისათვის ჭიახრახნული გადაცემა არ შეიძლება წარმოადგენდეს მუხრუჭის შემცვლელს.

13. მშრალი ხახუნის დისკური, ხუნდებიანი და ლენტური მუხრუჭები დაცული უნდა იყვნენ სამუხრუჭო დოლზე (ლენტაზე, დისკოზე) ნესტის ან ზეთის მოხვედრისაგან.

მუხლი 7. სავალი თვლები

1. ამწეთა სავალი თვლები უნდა იყოს ორ რებორდიანი (ქიმიანი) და შეესაბამებოდეს  რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნებს.  

2. ერთ ქიმიანი სავალი თვლები შეიძლება გამოყენებული იყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. კოშკურა ამწის სავალი თვლები უნდა იყოს ორ ქიმიანი ლიანდაგის სიგანის მიუხედავად. ქიმების გარეშე სავალი თვლების გამოყენება დაიშვება  როდესაც არსებობს რელსებიდან თვალის ჩამოვარდნის გამომრიცხავი მოწყობილობა. 

მუხლი 8. ტვირთსატაცი ორგანოები

1. სატვირთო კავების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთამწე სამუშაობის უსაფრთხო შესრულებას და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. ნაჭედი და დაშტამპული კავის ზომები და ძირითადი პარამეტრები მიღებული უნდა იყოს ამწის კავის ტიპის და ამძრავის სახის მიხედვით სტანდარტის შესაბამისად.

2. ნაჭედ ან/და შტამპულ სატვირთო კავებზე დასმული უნდა იყოს აღნიშვნა  სტანდარტების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ფირფიტოვანი კაკვი ტრავერსზე დაკიდებულია ჩანგლის საშუალებით, მაშინ ჩანგალზეც უნდა იყოს იგივე აღნიშვნა რაც კავზე.

3. სპეციალური შესრულებით დამზადებული სატვირთო კავებს თან უნდა გააჩნდეს ტექნიკური დოკუმენტაცია დამამზადებელი საწარმოს, კავის საქარხნო ნომრის, მისი ტვირთამწეობის და იმ მასალის მითითებით, რომლისგანაც არის დამზადებული კავი.

4. აწევის ან ჩაკეტვის ბაგირიანი მექანიზმის მქონე გრეიფერის კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მის თვითნებურ გახსნას და ბაგირების ამოვარდნას ბლოკის ღარიდან. გრეიფერის ტვირთამწეობა დადასტურებული უნდა იყოს გაანგარიშებით მისი შევსების კოეფიციენტის და გადასატვირთი მასალის მაქსიმალური სიმკვრივის გათვალისწინებით.

5. გრეიფერი უნდა აღიჭურვოს ფირნიშით, დამამზადებელი საწარმოს, გრეიფერის ნომრის, მოცულობის, საკუთარი მასის და იმ გადასატვირთი მასალის სახეობის მითითებით, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული, აგრეთვე ამოჩამჩული მასალის მაქსიმალურად დასაშვები მასის მითითებით. 

6. უშუალოდ ბაგირებზე დაკიდული სხვა სახის ტვირთსატაცი ორგანოების (ტრავერსი, ჩანგალი, სპრედერი, ლითონის გლინვის, მილების და სხვა მართვადი სატაცები) მიმართ მოთხოვნები მოცემული უნდა იყოს ამ ამწეთა ტექნიკურ პირობებში.

მუხლი 9. ბაგირები

1. სატვირთო, საისრე,  მზიდი, საწევი და სამონტაჟოდ გამოყენებული ლითონის ბაგირების მარკა, ტიპი, და კონსტრუქცია უნდა  უზრუნველყოფდეს დატვირთვისადმი მედეგობას სათანადო მარაგის კოეფიციენტის გათვალისწინებით და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს, გააჩნდეთ ბაგირების დამამზადებელი საწარმოს სერტიფიკატი (მოწმობა) ან მისი ასლი მათი გამოცდის შესახებ.

2. ამწეებზე ბაგირების დამაგრება და განლაგება უნდა გამორიცხავდეს მათი დოლებიდან ან ბლოკებიდან გადმოვარდნას, ლითონკონსტრუქციების ელემენტებთან ან სხვა პოლისპასტის ბაგირებთან შეხებას და მათი ცვეთის შესაძლებლობას.

3. ბაგირის ბოლოს მარყუჟი ამწეზე  დამაგრების დროს, აგრეთვე რგოლებთან კავებთან ან სხვა დეტალებთან შეუღლებული ჯამბარის მარყუჟი, შესრულებული უნდა იყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. მომჭერების კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. მომჭერების რიცხვი განისაზღვრება დაპროექტების დროს ბაგირის დიამეტრის გათვალისწინებით, მაგრამ არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. მომჭერების განლაგების ბიჯი და ბოლო მომჭერის შემდეგ ბაგირის თავისუფალი ბოლოს სიგრძე უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ ექვსი ბაგირის დიამეტრის სიგრძეს.

5. დოლზე ბაგირის დამაგრება უნდა იყოს საიმედო და უზრუნველყოფდეს ბაგირის შეცვლის შესაძლებლობას. მიმჭერი თამასების გამოყენების შემთხვევაში მათი რიცხვი არ უნდა იყოს ორზე ნაკლები. ბაგირის თავისუფალი ბოლოს სიგრძე დოლზე მიმჭერი თამასიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ ორი ბაგირის დიამეტრის სიგრძეს.

6. ლითონის ბაგირების სახით გამოყენებული სატვირთო, საისრე, მზიდი, საწევი და სხვა სახის ფოლადის ბაგირების შერჩევა უნდა ხდებოდეს  რეგლამენტის    მოთხოვნათა შესაბამისად. დაპროექტებისას, აგრეთვე ამწეზე დაყენებამდე ბაგირები უნდა შემოწმდნენ გაანგარიშებით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.  

7. ექსპლუატაციაში მყოფი ამწეების ბაგირების წუნდება უნდა ჩატარდეს ამწის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მიხედვით. სახელმძღვანელოში შესაბამისი განყოფილების არ არსებობის დროს, ბაგირების წუნდება  უნდა განხორციელდეს  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 10. დოლები და ბლოკები

1. დოლები და ბლოკები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნებს.

2. დოლზე ბაგირის  მრავალფენად დახვევისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბაგირის თითოეული ფენის სწორი დახვევა.

3. ორმაგი პოლისპასტის გამოყენების შემთხვევაში უნდა დაყენდეს გამაწონასწორებელი ბლოკი ან ბალანსირი.

4. ბლოკებს უნდა გააჩნდეთ მისი ღარიდან ბაგირის აცდენის (ამოვარდნის) გამომრიცხავი მოწყობილობა. აღნიშნული მოწყობილობის და ბლოკის ქიმს შორის ღრეჩო უნდა შეადგენდეს ბაგირის დიამეტრის არა უმეტეს 20%-ს.

მუხლი 11. ელექტრომოწყობილობა

1. ამწეების ელექტრომოწყობილობა, მისი მონტაჟი, დენმიმყვანი და დამიწება უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ნორმატიული აქტების და ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნებს.

2. ამწის ელექტრომოწყობილობაზე გარე ქსელიდან ძაბვის მიწოდება უნდა ხდებოდეს ხელის ან დისტანციურ ამძრავიანი შემყვანი მოწყობილობით (ჩამრაზი, ავტომატური ამომრთველი).  

3. ხიდური, ჯოჯგინა და კონსოლური ამწეების შემყვანი მოწყობილობა (დამცავი პანელი) უნდა აღიჭურვოს სპეციალური კონტაქტური გასაღებიანი საკეტით (მარკა-გასაღებით), რომლის გარეშეც შეუძლებელი უნდა იყოს ამწეზე ძაბვის მიწოდება. კოშკურა ამწის შემყვანი მოწყობილობა და მართვის პანელი აღჭურვილი უნდა იყოს მათი გასაღებით ჩამკეტი სამარჯვით.

4. ძაბვის მიწოდებისათვის მთავარ ტროლეიზე ან დრეკად კაბელზე გამოსართველად მისაწვდომ ადგილზე უნდა დაყენდეს ამომრთველი. გამორთულ მდგომარეობაში ამომრთველს უნდა გააჩნდეს მისი ჩამკეტი სამარჯვი.

5. პორტალური ამწეები, რომლებზეც ენერგიის მიყვანა ხდება დრეკადი კაბელის საშუალებით, უნდა აღიჭურვონ მკვებავი კაბელის ავტომატური დახვევისათვის (გადმოხვევისათვის) კაბელური დოლით.

6. ამწის კაბინასს და სამანქანო სათავსს უნდა გააჩნდეთ ელექტრო განათება, ხოლო ღია ცის ქვეშ მომუშავე ამწეებს - აგრეთვე გათბობა.

7. ამწის მექანიზმებს ელექტრო-ამძრავების გამორთვის დროს განათება და გათბობა არ უნდა რჩებოდნენ ჩართულ მდგომარეობაში.

8. განათების და სასიგნალო ხელსაწყოს ელექტრული წრედის კვება უნდა განხორციელდეს  შემყვან მოწყობილობამდე და გააჩნდეს საკუთარი ამომრთველები.

9. ყველა ამწე აღჭურვილი უნდა იყოს არაუმეტეს 42 ვოლტი ძაბვის მქონე დაბალვოლტიანი სარემონტო განათებით.

მუხლი 12. ჰიდრომოწყობილობა

1. ამწეების ჰიდრომოწყობილობა და კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთაწე სამუშაოების უსაფრთხო შესრულებას და   შეესაბამებოდეს რეგლამენტის და  სტანდარტების მოთხოვნებს.

2. ჰიდრავლიკური სისტემის კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს:

ა) ავარიულ სიტუაციებში (წნევის დაცემა, მილსადენების გარღვევა, შეერთებების ჰერმეტულობის დარღვევა, ძრავის გაჩერება და სხვა), ტვირთის თვითნებური დაშვების შესაძლებლობა. ამძრავი მექანიზმები უნდა ჩერდებოდნენ მართვის ელემენტების ნებისმიერ შესაძლებელ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

ბ) ლითონკონსტრუქციის ელემენტებთან შეხების დროს ჰიდროამძრავის ელემენტების (მილსადენები, სახელოები, მათი შეერთებები) დაზიანების შესაძლებლობა.

3. მექანიზმების ჰიდროამძრავი უნდა უზრუნველყოფდეს გაშვებას, კავზე ტვირთის ნებისმიერი ადგილიდან და ტვირთის დაშვებას განსაზღვრული სიჩქარით.

4. ყოველი ჰიდრავლიკური კონტური მუშა სითხის წნევის გადამეტებისაგან დაცული უნდა იყოს ნომინალური ტვირთით მუშაობაზე რეგულირებული და დაპლომბილი დამცველი სარქველით. ერთნაირი არადასაშვები წნევისაგან დაცულ ჰიდრავლიკურ კონტურებს შეიძლება გააჩნდეთ ერთი საერთო დამცველი სარქველი.

5. მუშა სითხის დონე უნდა კონტროლდებოდეს მინიმალური და მაქსიმალური ნიშნულების მიხედვით, საცეცის გამოყენება დაუშვებელია. ამწეებზე სითხის რამოდენიმე ავზის გამოყენების დროს მათ უნდა გააჩნდეთ მარკირება.

მუხლი 13. უსაფრთხოების ხელსაწყოები და მოწყობილობები

1. ამწეეების უსაფრთხოების ხელსაწყოები და მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს  რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნებს.

2. ამწეები აღჭურვილი უნდა იყვნენ მუშაობის პროცესში მოძრაობის შემზღუდველებით:

ა) ტვირთსატაცი ორგანოს (გარდა ზღვრული მომენტის ქუროთი აღჭურვილი ელექტრული ტალისა) ასაწევი მექანიზმის ავტომატური გაჩერებისათვის მის უკიდურეს ზედა და ქვედა მდგომარეობაში. შემზღუდველი შეიძლება არ იყოს დაყენებული, თუ ამწის ექსპლუატაციის პირობების მიხედვით არ მოითხოვება ტვირთის დაშვება ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულ დონეზე დაბლა;

ბ) შვერის ცვლილების მექანიზმის ავტომატური გაჩერებისათვის;

გ) სალიანდაგო ამწეების (სარკინიგზოს გარდა) და მათი სატვირთო ურიკების გადაადგილების მექანიზმის ავტომატური გაჩერებისათვის, თუ ამწის (ურიკის) სიჩქარე უკიდურეს მდგომარეობაში მისვლის დროს გადააჭარბებს 30 მ/წთ. კოშკურა, ჯოჯგინა ამწეებისა და ხიდური გადამტვირთავი ამწეების გადასაადგილებელი მექანიზმები, მიუხედავად გადაადგილების სიჩქარისა, უნდა აღიჭურვონ შემზღუდველებით;  

დ) ერთ ლიანდაგზე მომუშავე ხიდური, ჯოჯგინა, კონსოლური, პოტალური ამწეების და მათი სარტვირთო ურიკების გადაადგილების მექანიზმების ავტომატური გაჩერებისათვის.

აღნიშნული მოწყობილობები უნდა ეყენოს ნებისმიერი მექანიზმის სვლის შეზღუდვის აუცილებლობის დროს. მაგალითად: საბრუნი მექანიზმის, მონტაჟის დროს ისრის ტელესკოპური სექციის გამოწევის ან კოშკურა ამწის სექციის აწევის,  ტვირთსატაცი ორგანოს და კაბინის ასაწევი მექანიზმის.  

3. ამწეზე  ბოლო ამომრთველები უნდა ირთვებოდნენ ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მექანიზმის უკუმოძრაობის შესაძლებლობა.

შემდგომი მოძრაობა იმავე მიმართულებით დასაშვებია: - ხიდური ამწის მოძრაობის მექანიზმისათვის ჩასაჯდომ ბაქანთან ან ჩიხურ საბჯენთან  უმცირესი სიჩქარით მიახლოების დროს; - სატრანსპორტო მდგომარეობაში ისრიანი ამწის ისრის დაშვების მექანიზმისათვის (ტვირთის გარეშე).

4. ტვირთის და ისრის ასაწევი მექანიზმის შემზღუდველმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის გარეშე აწევის დროს ტვირთსატაცი ორგანოს გაჩერება უსაფრთხო მანძილზე სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ამწევი და ჩამკეტი ჯალამბრების განცალკევებული ამძრავით აღჭურვილი გრეიფერული ამწეეების შემზღუდველმა (შემზღუდველებმა) გრეიფერის მიერ კიდურა ზედა მდგომარეობის მიღწევის დროს ერთდროულად უნდა გამოირთოს ორივე ძრავა.

6. მოძრავი მექანიზმების შემზღუდველები უნდა უზრუნველყოფდნენ მექანიზმების ძრავების გამორთვას საყრდენამდე უსაფრთხო მანძილზე სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

7. ისრიანი ტიპის ამწეები (კონსოლურის გარდა) უნდა აღიჭურვონ ტვირთის აწევის და ისრის შვერის მექანიზმების ავტომატურად გამომრთველი ტვირთამწეობის (სატვირთო მომენტის) შემზღუდველით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

8. ხიდური ტიპის ამწეები უნდა აღიჭურვონ ტვირთამწეობის შემზღუდველებით (ყოველი სატვირთო ჯალამბრისათვის), თუ საწარმოს ტექნოლოგიით შესაძლებელია მათი გადატვირთვა. ხიდის სიგრძეზე ცვლადი ტვირთამწეობის ამწეები ასეევე უნდა აღიჭურვონ ასეთივე შემზღუდველებით. ხიდური ტიპის ამწეების ტვირთამწეობის შემზღუდველმა არ უნდა დაუშვას 25 % მეტად გადატვირთვა.

9. ტვირთამწეობის შემზღუდველის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს ტვირთის დაშვება ან სატვირთო მომენტის შემცირებისათვის სხვა მექანიზმების ჩართვა.

10. ისრიანი ამწეები უნდა აღიჭურვონ ამწევი და საბრუნი მექანიზმების მოძრაობის შემზღუდველებით.  

11. დაბრკოლებებთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით შეზღუდულ პირობებში მომუშავე ისრიანი ამწეები უნდა აღიჭურვონ კოორდინატული დაცვით.

12. დაკიდული მართვის პულტის მქონე ამწეების გარდა, ამწეებს უნდა გააჩნდეთ ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა, რომლის ხმა კარგად უნდა ისმოდეს ამწის მუშაობის ზონაში. რამდენიმე პოსტიდან ამწის მართვის დროს სიგნალის ჩართვა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი მათგანიდან.

13. ელექტროამძრავიანი ამწეებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ტვირთის ან ისრის ჩამოვარდნის დამცავი მოწყობილობა, მკვებავი ელექტროქსელის სამი ფაზიდან ნებისმიერის გამორთვის დროს.

14. ხიდური ტიპის ამწეები უნდა აღიჭურვონ გალერაზე გასვლისას ამწედან ძაბვის ავტომატური მოხსნის მოწყობილობით. ამ დროს შენობაში მომუშავე ამწეთათვის 42 ვოლტზე ნაკლები ძაბვის ტროლეის გამორთვა არ არის სავალდებულო. ხიდური ამწეებისათვის, რომლებზეც შესვლა გათვალისწინებულია გალერეიდან, ასეთი ბლოკირებით უნდა აღიჭურვოს გალერეაზე შესასვლელი კარები. 

15. ამწესთან ერთად მოძრავ მართვის კაბინაში შესასვლელ კარებს, ჩასაჯდომი ბაქანის მხრიდან უნდა გააჩნდეს ღია კარებით ამწის მოძრაობის ამკრძალავი ელექტრომოწყობილობა. თუ კაბინას გააჩნია ტამბური, მაშინ ასეთი ბლოკირება უნდა გააჩნდეს მის კარებს.

16. მაგნიტურ სატაციან ამწეებში ელექტრული სქემა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ უსაფრთხოების ხელსაწყოების და მოწყობილობის კონტაქტებით ამწედან ძაბვის მოხსნის დროს არ მოხდეს სატვირთო ელექტრომაგნიტიდან ძაბვის მოხსნა.

17. უძრავი კოშკის მქონე კოშკურა ამწეებში და სხვა სახის ამწეებისათვის მის საბრუნ ნაწილზე კაბინის განლაგების დროს, მბრუნავი ნაწილიდან უძრავში ადამიანის გადასვლისას, უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს საბრუნი მექანიზმის ძრავის ავტომატური გამორთვის მოწყობილობა ღია კარების ან ლიუკის დროს.

18. ამწეებისათვის, რომელთა ტვირთამწეობა იცვლება შვერის ცვლილებასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს შვერის შესაბამისი ტვირთამწეობის მაჩვენებელი. ტვირთამწეობის მაჩვენებლის სკალა (ტაბულა) მკაფიოდ უნდა ჩანდეს მემანქანის (შემდგომში - მეამწის) სამუშაო ადგილიდან. ტვირთამწეობის მაჩვენებელი შეიძლება შედიოდეს ტვირთამწეობის ელექტრონული შემზღუდველის შემადგენლობაში. ამწის ტვირთამწეობის მაჩვენებელი სკალის გრადუირების დროს შვერის აზომვა უნდა ჩატარდეს ჰორიზონტალურ მოედანზე გარკვეული შვერისას, შესაბამის კავზე დაკიდებული ტვირთით, ხოლო სკალაზე ნიშნულის დადება ხდება ტვირთის მოხსნის შემდეგ.

19. ისრიანი ამწის კაბინაში დაყენებული უნდა იყოს ამწის დახრის კუთხის მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაწევი საყრდენების მართვა ხორციელდება კაბინის გარედან, ამწის უძრავ ჩარჩოზე უნდა დაყენდეს ამწის დახრის კუთხის დამატებითი მაჩვენებელი.

20. კოშკურა ამწეები კოშკის თავის წვერამდე 15 მ-ზე მეტი სიმაღლით, ჯოჯგინა ამწეები 16 მ-ზე მეტი მალით, პორტალური ამწეები და ხიდური ამწე-გადამტვირთავი უნდა აღიჭურვონ, მათი მუშა მდგომარეობისათვის დოკუმენტაციაში მითითებული ქარის სიჩქარის მიღწევისას, ხმოვანი სიგნალის ავტომატურად ჩამრთველი ხელსაწყოთი (ანემომეტრით). ხელსაწყოს დაყენების ადგილი უნდა შეირჩეს ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად.

21. ღია ცის ქვეშ ლიანდაგზე მოძრავი ამწეები უნდა აღიჭურვონ გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობით. ეს პირობა არ ვრცელდება ღია ცისქვეშ მომუშავე ხიდური ამწეებზე, რომლებიც შეიძლება არ აღიჭურვონ გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობით, თუ არა მუშა მდგომარეობაში ამწეზე მაქსიმალურად დასაშვები ქარის სიჩქარის მოქმედებისას მოძრავი მექანიზმების დამუხრუჭების მარაგის სიდიდე შეადგენს არა უმეტეს 1,2.

22. გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის სახით რელსური დამჭერების გამოყენებისას მათი კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს ამწის დამაგრების საშუალებას მისი გადაადგილების მთელ მანძილზე.  

23. გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობები სამანქანო ამძრავით უნდა აღიჭურვონ მათი ხელით მოქმედებაში მოსაყვანი სამარჯვით.

24. ლიანდაგზე მოძრავ ამწეებს და მათ ურიკებს საბჯენებთან ან ერთმანეთთან შესაძლო დარტყმების შემსუბუქებისათვის უნდა გააჩნდეთ დრეკადი ბუფერული მოწყობილობები.

25. ამწეებს (ელექტროტალების გარდა) და სატვირთო ურიკებს, რომლებიც გადაადგილდებიან ლიანდაგზე, უნდა გააჩნდეთ საყრდენი დეტალები, სავალი მოწყობილობის თვლების ან ღერძების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევისათვის სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

26. ისრის ცვალებადი შვერის და დრეკადი დაკიდების მქონე ისრიან ამწეებზე დაყენებული უნდა იყოს საბრჯენები ან სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამორიცხავენ ისრის უკუვარდნას. კოშკურა ამწეებისათვის ასეთი მოწყობილობები უნდა დაყენდეს იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური შვერის დროს კუთხე ჰორიზონტალსა და ისარს შორის აღემატება 70°-ს.

27. ისრიანი ამწეები უნდა აღიჭურვონ  ელექტროგადამცემი ხაზების სადენებამდე უსაფრთხო მანძილზე ისრის გაწევის მექანიზმის ავტომატური გამომრთველებით.

28. უსაფრთხოების ხელსაწყოების დაპლომბის ადგილები მიეთითება საექსპლუატაციო და საკოსტრუქტორო დოკუმენტებში.

მუხლი 14. მართვის აპარატები

 1. მართვის აპარატები უნდა შესრულდეს და დაყენდეს ისე, რომ მოსახერხებელი იყოს მართვა და არ იყოს გაძნელებული ტვირთსატაც ორგანოებზე და ტვირთზე დაკვირვება.

 2. სახელურების და ბერკეტების გადაადგილების მიმართულება უნდა შეესაბამებოდეს მექანიზმების მოძრაობის მიმართულებას.

 3. გამოსაძახებელი მოძრაობების მიმართულებების პირობითი აღნიშვნები უნდა მიეთითოს მართვის აპარატებზე და შენარჩუნებული იყოს ექსპლუატაციის  განმავლობაში.

 4. სახელურების ცალკეული მდებარეობები უნდა ფიქსირდებოდეს, ფიქსაციის ძალვა ნულოვან მდებარეობაში უნდა იყოს მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ მდებარეობაში.

უსაფეხურო რეგულირების დროს, სახელურების ფიქსაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს მხოლოდ ნულოვან მდებარეობაში.

 5. მექანიზმის რევერსული ამუშავებისათვის განკუთვნილ ღილაკიან აპარატებს უნდა გააჩნდეთ, ორივე ღილაკზე ერთდროულად დაჭერის დროს რევერსულ აპარატებზე ძაბვის მიწოდების გამომრიცხავი ელექტრობლოკირება.

6. იატაკიდან სამართავ აპარატებს უნდა გააჩნდეთ ნულოვან მდებარეობაში თვითდაბრუნების საშუალება, ამასთანავე მექანიზმის მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ ღილაკზე მუდმივად დაჭერის შემთხვევაში ან სახელურის მუშა მდგომარეობაში შეკავებით.

 7. მართვის აპარატები დაკიდული უნდა იყოს ისეთი სიგრძის ფოლადის ბაგირზე, რომ პირს რომელიც მართავს მექანიზმს მიეცეს საშუალება იმყოფებოდეს ასაწევი ტვირთიდან უსაფრთხო მანძილზე სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

8. ელექტროამძრავიანი ამწეებისათვის სახაზო კონტაქტორის ჩართვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა კონტროლერი იმყოფება ნულოვან მდებარეობაში.

9. ინდივიდუალური ნულოვანი დაცვის მქონე მართვის პანელის ნულოვანი ბლოკირების კონტაქტები შეიძლება არ ჩაირთონ დამცველი პანელის (შემყვანი მოწყობილობის) კონტაქტორის წრედში. ამ შემთხვევაში მართვის კაბინაში დაყენებული უნდა იყოს  მაშუქი სიგნალიზაცია,  რომელიც მიანიშნებს მართვის პანელის ჩართვას ან ამორთვას.

 10. ამწეზე რამდენიმე მართვის პანელის არსებობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა პოსტიდან ერთდროული მართვის შესაძლებლობის გამომრიცხავი ბლოკირება.

11. კოშკურა ამწეები, მათი მონტაჟის და გამოცდის უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, უნდა აღიჭურვონ გამოსატანი მართვის პულტით.

მუხლი 15. მართვის კაბინები

1.  ამწეთა მართვის კაბინები უნდა შეესაბამებოდეს  რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნებს.

2. მართვის კაბინა და მართვის პულტი უნდა განლაგდნენ ისეთ ადგილას, რომ ამწის მემანქანეს ჰქონდეს ტვირთსატაცი ორგანოს და ტვირთის გადაადგილებაზე დაკვირვების საშუალება, ამწის მუშაობის მთლიანი ციკლის განმავლობაში.

3.ისრიანი ტიპის ამწის მართვის კაბინა უნდა მოთავსდეს ისე, რომ ისრის მინიმალური შვერის შემთხვევაში გამორიცხული იყოს ტვირთსატაცი ორგანოს ან ტვირთის კაბინაზე დაჯახების შესაძლებლობა. უშუალოდ კაბინის თავზე ამწის მექანიზმების განლაგება დაუშვებელია.

4.  ხიდური ამწის და გადასაადგილებელი კონსოლური ამწის კაბინა მოთავსებული უნდა იყოს ხიდის (კონსოლის) გალერეის ქვეშ და უკავშირდებოდეს მას კიბით.       ხიდური ტიპის ამწეებისათვის დასაშვებია კაბინის დაკიდება სატვირთო ურიკის ჩარჩოზე. ამ შემთხვევაში კაბინიდან ხიდის გალერეაზე გამოსვლა უნდა ხდებოდეს ურიკის ფენილის გავლით ან გარედან შემოღობილი კიბით.

5. ხიდური ტიპის ამწის კაბინა დაკიდული უნდა იყოს მთავარი ტროლეის განლაგების საწინააღმდეგო მხარეს. გამონაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევებში, როდესაც ტროლეი მიუწვდომელია კაბინიდან, დასაჯდომი ბაქნიდან ან კიბიდან მათთან შემთხვევითი შეხებისაგან.

 6. კაბინის შიდა ზომები, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების შესაძლებლობას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.    

7. კაბინაში შესასვლელი კარი აღჭურვილი უნდა იყოს საკეტით. კარი უნდა იღებოდეს კაბინის შიგნით. გამონაკლისს წარმოადგენს ისრიანი ამწეები, აგრეთვე კაბინის შესასვლელის წინ შესაბამისი შემოღობვის მქონე ტამბურის ან ბაქანის არსებობა, ამ შემთხვევებში კაბინის კარი შეიძლება გაიღოს გარეთ.  ღია ცის ქვეშ მომუშავე ამწეები უნდა აღიჭურვონ გარედან კარების ჩამკეტი მოწყობილობით.

8.  ლიულკიდან კაბინაში შესვლა დაუშვებელია.

 9. ელექტროამძრავიანი ამწის კაბინის იატაკს უნდა გააჩნდეს რეზინის დიელექტრიკული ნოხით დაფარული არალითონური მასალებისაგან დამზადებული საფარი, რომელიც გამორიცხავს სრიალს.

10.ამწის კაბინა  აღიჭურვილი უნდა უნდა იყოს ამწის მემანქანისათვის განკუთვნილი სტაციონარული (რეგულირებადი) სკამით  ისე, რომ ამწის მემანქანემ დამჯდარმა შესძლოს აპარატების მართვა და ტვირთის გადაადგილებაზე დაკვირვება.

11.ამწის კაბინა შესრულებული და აღჭურვილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მასში სათანადო ტემპერატურული რეჟიმი და ჰაერის მომოქცევა სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 16. საპირწონე და ბალასტი

1. საპირწონეს და ბალასტის შემადგენელი ნაწილები უნდა დამაგრდნენ ან მოთავსდნენ გარსაცმში, ვარდნისაგან მათი დაცვის და დადგენილი მასის ცვლილების შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით. საპირწონეს ან ბალასტის სახით წვრილმანი ცალობრივი ტვირთის გამოყენე¬ბის შემთხვევაში, ის უნდა მოთავსდეს ლითონის ყუთში. ყუთის შესრულებამ უნდა გამორიცხოს მასში ატმოსფერული ნალექების მოხვედრა და ტვირთის გადმოვარდნა.  საპირწონეს ან ბალასტის სახით ქვიშის, ხრეშის და ღორღის გამოყენება დაუშვებელია.

 2. მოძრავი საპირწონეები უნდა გადაადგილდებოდნენ ავტომატურად შვერის ცვალებასთან ერთად ან გააჩნდეთ საპირწონეს მდებარეობის კარგად დაკვირვების მაჩვენებელი.

მუხლი 17. შემოღობვა

1. ამწეების ადვილად მისაწვდომი მოძრავი, ელექტრომოწყობილობის არაიზოლირებული ნაწილები და ლუკით არაგანრთვადი ტროლეები, უნდა იყოს აღჭურვილი შემთხვევითი შეხებისაგან გამომრიცხავი დამცავი საშუალებებით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 2. ლიანდაგზე მოძრავი ამწეების (სარკინიგზო ამწეების გარდა) და მათი საყრდენი ურიკების სავალი თვლები უნდა აღიჭურვონ თვლების ქვეშ უცხო საგნების მოხვედრის გამომრიცხავი საფარებით. ღრეჩო საფარსა და რელსს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10 მმ-ს.

3. ამწის ლიანდაგის გასწვრივ განლაგებული მთავარი ტროლეები და მათი დენმიმღებები მიუწვდომელნი უნდა იყვნენ ამწის ხიდიდან, კიბიდან, დასჯდომი და სხვა (სადაც შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები) ბაქნებიდან, მათთან შესახებად, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადენების და დენმიმღებების შესაბამისი განლაგებით.

4. ამწის მთავარ და დამხმარე ტროლეებთან სატვირთო ბაგირების შესაძლო შეხების ადგილებში დაყენებული უნდა იყოს შესაბამისი დამცავი მოწყობილობები.

მუხლი 18. გალერეები, ბაქნები და კიბეები

1.მართვის კაბინებში, ელექტრომოწყობილობასთან, უსაფრთხოების ხელსაწყოებთან, ამწის მექანიზმებთან და ლითონკონსტრუქციებთან ტექნიკური მომსახურების მიზნით უსაფრთხოდ შეღწევის უზრუნველსაყოფად გალერეები, ბაქნები და კიბეები უნდა შეესაბამებოდნენ  რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნებს. ამწეებზე და ამწეების დაყენების ადგილებზე გალერეების, ბაქნების და კიბეების კონსტრუქციული შესრულება და განლაგება უნდა განისაზღვროს ამწის დამზადების და/ან დაყენების პროექტებით.

2. ამწეს უნდა გააჩნდეს მიწის ზედაპირიდან კაბინაში მოხერხებული შესასვლელი. ხიდურ ამწეებს უნდა გააჩნდეთ აგრეთვე ამწის ურიკაზე უსაფრთხო გასასვლელი. ერთძელიან ხიდურ ამწეებს და კიდულ ორძელიან ამწეებს გალერეები და ბაქნები არ ესაჭიროებათ, თუ არსებობს ამწის სარემონტო ბაქანი.

3. ხიდური ამწის მართვის კაბინაში ხიდიდან შესვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ კაბინაში დაჯდომა კონსტრუირებიდან გამომდინარე ან საწარმოს მიზეზებით შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ამწეზე შესასვლელი უნდა მოეწყოს სპეციალურად ამ მიზნისათვის ხიდის მოაჯირებში მოწყობილი კარებიდან, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს ელექტრობლოკირებით და ხმოვანი სიგნალიზაციით.  

4 .მაგნიტური ამწეეების მართვის კაბინაში ხიდიდან შესვლა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სატვირთო ელექტრომაგნიტის მკვებავი ტროლეები არიან შემოღობილი ან განლაგებულნი შეხებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოირთვებიან ამწეზე შესასვლელი კარის ელექტრობლოკირებით.

5. გალერეები, ბაქნები, გასასვლელები და კიბეები, რომლებიც მოწყობილია ძაბვის ქვეშ მყოფი ტროლეების ან არაიზოლირებული სადენების განლაგების ადგილებში, შემოღობილნი უნდა იყვნენ ტროლეებთან ან არაიზოლირებულ სადენებთან შემთხვევით შეხების თავიდან აცილების მიზნით.

6.პორტალურ ამწეთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს პორტალის თავის ირგვლივ განლაგებულ ბაქანზე პორტალის კიბიდან უსაფრთხო შესვლა, ამწის საბრუნი ნაწილის ნებისმიერი მდგომარეობის დროს.

7.ამწეების სამონტაჟო და საევაკუაციო კიბეები შესრულებული უნდა იყოს  სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

მუხლი 19. ამწეების დაყენება

1.შენობებში, ღია მოედნებზე და სამუშაოს წარმოების სხვა უბნებზე, ამწეების დაყენება უნდა წარმოებდეს პროექტების,  რეგლამენტისდა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2.   ხიდური ტიპის, კოშკურა და პორტალური ამწეების სავალი ლიანდაგების მოწყობა უნდა წარმოებდეს  რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული პროექტის მიხედვით.

3.იატაკიდან ან კავშირის საშუალებით მართვადი ამწეების დაყენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს თავისუფალი გასასვლელი იმ პირთათვის, რომელიც მართავს ამწეს.

 4. დაუშვებელია სამრეწველო ან სხვა შენობების თავზე იმ ამწეების დაყენება, რომელთა ტვირთსატაც ორგანოს წარმოადგენს სატვირთო ელექტრომაგნიტი.

5.   მიწისზედა ლიანდაგზე მოძრავი ამწეების დაყენება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 6. ამწის მოძრაობის მთელ მანძილზე გამორიცხული უნდა იყოს ხალხის ყოფნა. ხალხისათვის განკუთვნილი გასასვლელების და სავალი ნაწილების თავზე დაყენებული უნდა იყოს ჩამოვარდნილი ტვირთის შეკავების უნარის მქონე დამცავი გადახურვები (ბადეები და სხვა).

7.  სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისათვის ამწის დაყენება უნდა ხდებოდეს ამწეების სამუშაოთა წარმოების პროექტის შესაბამისად.

8.  ლიანდაგზე მოძრავი ამწის დაყენება ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზის ზონაში შეთანხმებული უნდა იყოს ხაზის მფლობელთან.

9.   ისრიანი ამწის დაყენება უნდა წარმოებდეს დაგეგმარებულ და მომზადებულ მოედანზე გრუნტის კატეგორიის და მახასიათებლის გათვალისწინებით. არ შეიძლება ამწის დაყენება ახალ ნაყარ და დაუტკეპნავ გრუნტზე, აგრეთვე იმ მოედანზე, რომლის დახრა აღემატება ამწის ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულს.

10.  ისრიანი ამწის დაყენება უნდა წარმოებდეს ისე, რომ მუშაობისას ამწის ნებისმიერი მდგომარეობის დროს, მანძილი მისი საბრუნი ნაწილისა და ნაგებობებს, ტვირთის შტაბელებს და სხვა საგნებს შორის შეადგენდეს არანაკლებ 1000 მმ-ს.

11.  ისრიანი ან სარკინიგზო ამწეების გამოსატან საყრდენებზე დაყენების აუცილებლობის დროს ისინი უნდა დაყენდეს ყველა არსებულ გამოსატან საყრდენზე. საყრდენების ქვეშ დაგებული უნდა იყოს მტკიცე და მდგრადი ქვესადებები, რომლებიც უნდა წარმოადგენდენ ამწის საინვენტარო აღჭურვილობას.

12.  ქვაბულის (თხრილის) ფერდის კიდეზე ისრიანი ამწეები უნდა დაყენდნენ უსაფრთხო მანძილზე სტანდართის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 20. ტვირთსატაცი სამარჯვები (საშუალებები)

 1.ტვირთსატაცი სამარჯვების (ჯამბარები, სატაცი ტრავერსები, და სხვა) პროექტირება  უნდა განხორციელდეს რეგლამენტის  და სტანდარტის შესაბამისად.

2.ჯამბარების და ფოლადის ბაგირების გაანგარიშება უნდა შესრულდეს ბაგირის შტოების რიცხვის და მათი ვერტიკალთან დახრის კუთხის გათვალისწინებით. მრავალშტოვანი ჯამბარების ცალკეული შტოს საანგარიშო დატვირთვას ითვალისწინებენ თითოეული შტოს თანაბარი დაჭიმულობის და მათ შორის საანგარიშო 90°-ის ტოლი კუთხის დაცვის პირობიდან გამომდინარე. სამზე მეტი რიცხვის შტოს ჯამბარებისათვის მისაღებ საანგარიშო დატვირთვას ითვალისწინებენ არა უმეტესი სამი წვერის ანგარიშით. წინასწარ ცნობილი ტვირთის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ჯამბარების გაანგარიშების დროს, ჯამბარების შტოებს შორის საანგარიშო კუთხეებად შეიძლება მიღებული იქნეს ფაქტობრივი კუთხეები.

 3.  ჯაბარის ბაგირების, ლენტების და ჯაჭვების კონსრუქცია და სიმტკიცის მარაგი  უნდა უზრუნველყოფდნენ დატვირთვა–გადმოტვირთვის  სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას და შეესაბამებოდნენ სტანდარტის მოთხოვნებს.

4.  ხიდური ტიპის ამწეებისათვის ძრავიანი გრეიფერების ან სხვა ტვირთსატაცი მოწყობილობების პროექტირების დროს, რომელთა შემობრუნება ვერტიკალურ სიბრტყეში ექსპლუატაციის პროცესში დაუშვებელია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტვირთსატაცი ორგანოს ფიქსაცია კავური საკიდარის კორპუსთან მიმართებაში.       

თავი III. დამზადება, რეკონსტრუქცია, რემონტი, მონტაჟი

მუხლი 21. დამზადება

1.  ამწეები, მათი კვანძები, მექანიზმები, უსაფრთხოების ხელსაწყოები და ტვირთსატაცი სამარჯვები უნდა დამზადდეს  რეგლამენტის  და  სტანდარტის  შესაბამისად.

2.  ამწეები, მათი კვანძები, მექანიზმები და უსაფრთხოების ხელსაწყოები უნდა დამზადდეს საწარმოში, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ჰყავთ მაღალი კვლიფიკაციის სპეციალისტები.                                    

3.  სხვადასხვა საწარმოში დამზადებული კვანძებით და დეტალებით, მექანიზმებით და უსაფრთხოების ხელსაწყოებით ამწეების კომპლექტაციის დროს, მთლიანობაში ამწის დამზადების ხარისხზე, მის  რეგლამენტთან და სტანდარტთან   შესაბამისობაზე, აგრეთვე მისი ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმებაზე, დადგენილი წესით პასუხისმგებელია საწარმო, რომელიც უშვებს ამწეს აწყობილ მდგომარეობაში. ამწის ტექნიკური დოკუმენტაცია დგება ცალკეული კვანძების დამამზადებელი საწარმოს დოკუმენტების მიხედვით. დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ამწის გამომშვებ საწარმოში.

4.   ყველა დამზადებულ ამწეს თან უნდა ახლდეს:

ა)  ტექნიკური დოკუმენტაცია (პასპორტი);

ბ)  ექსპლუატაციის სახელმძღვანელო;

გ)  მონტაჟის ინსტრუქცია (თუ საჭირო გახდება მონტაჟი);

დ)  სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სტანდარტებით ან დამზადებაზე ტექნიკური პირობებით. ამ რეგლამენტის ცალკეული კვანძების, მექანიზმების და უსაფრთხოების ხელსაწყოების დამზადების დროს, ისინი უნდა აღიჭურვონ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით.

 5.ამწეზე გამოსაჩენ ადგილას, დამამზადებელის მიერ უნდა დამაგრდეს ფირფიტა დამამზადებელი საწარმოს დასახელების ან მისი სასაქონლო ნიშნის, ამწის მაქსიმალური ტვირთამწეობის, გამოშვების თარიღის, ტიპის, სერიული ნომრის მონაცემების აღნიშვნით. ფირფიტა შენარჩუნებული უნდა იყოს ამწის ექსპლუატრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.     

6.დამამზადებელი საწარმო, ამწის მფლობელისაგან შეტყობინების მიღებისას, ვალდებულია აღმოფხვრას ნაკლოვანებები, აგრეთვე დამზადების დროს დაშვებული ხარვეზები.

 7.ტვირთსატაცი სამარჯვები (ჯამბარები, ჯაჭვები, ტრავერსები, სატაცები და სხვა) დამზადების შემდეგ ექვემდებარებიან გამოცდას დამამზადებელ საწარმოში, ხოლო რემონტის შემდეგ (გარდა ჯამბარებისა) - საწარმოში, სადაც ისინი გარემონტდნენ. ჯამბარები რემონტს არ ექვემდებარებიან.

8.  ტვირთსატაცი სამარჯვები უნდა აღიჭურვონ დაღით, ან მყარად მიმაგრებული ფოლადის საჭდეთი სერიული ნომრის, ტვირთამწეობის და გამოცდის თარიღის მითითებით. ტვირთსატაც სამარჯვებს გარდა დაღისა (საჭდისა) თან უნდა ახლდეს  ტექნიკური დოკუმენტაცია.

  მუხლი 22. რეკონსტრუქცია, რემონტი და მონტაჟი

1.   ამწის რეკონსტრუქციას, რემონტსა და მონტაჟს შედუღების გამოყენებით, აგრეთვე უსაფრთხოების ხელსაწყოების გაწყობას უნდა აწარმოებდნენ ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ  შესაბამისი კვალიფიკაცია.

2.   ამწეების რეკონსტრუქცია (ამძრავის შეცვლა, კავიანი ამწეების გრეიფერული ან მაგნიტიან ამწეებად გადაკეთება, ხიდის მალის გაზრდა, ისრის დაგრძელება, ტვირთის აწევის სიმაღლის გაზრდა, ტვირთამწეობის გაზრდისათვის ამწის გაძლიერება), ასევე სხვა სახის კვლავმოწყობა, რომელიც იწვევს ამწის კვანძებში და მუშა ელემენტებში დატვირთვების გაზრდას ან გადანაწილებას, ამწის სატვირთო ან საკუთარი მდგრადობის შემცირებას უნდა  განხორციელდეს დამამზადებელი საწარმოს ან სპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტის და ტექნიკური პირობების შესაბამისად.

3.   ორგანიზაცია, რომელიც შედუღების გამოყენებით აწარმოებს ამწის რეკონსტრუქციას და რემონტს უნდა გააჩნდეს გამოსაყენებელი ლითონების და შესადუღებელი მასალების შედუღების ხარისხის კონტროლის მეთოდების, შედუღების შეერთებების  და ცალკეული კვანძებისა და მზა ნაკეთობების მიღების ნორმების, აგრეთვე საექსპლუატაციო დოკუმენტების გაფორმების წესის მითითებების შემცველი ტექნიკური პირობები.

4.   ამწის რემონტის ან რეკონსტრუქციის მწარმოებელმა ორგანიზაციამ აქტში უნდა ასახოს ჩატარებული სამუშაოს ხასიათი და შეიტანოს მასში მონაცემები გამოყენებულ მასალაზე სერთიფიცირების მითითებით. დოკუმენტები, რომლებიც  ადასტურებენ გამოყენებული მასალის და შედუღების ხარისხს, უნდა ინახებოდეს საშემდუღებლო სამუშაოების ჩამტარებელ ორგანიზაციაში. აქტი თან უნდა დაერთოს ამწის ტექნიკურ დოკუმენტაციას. ჩატარებული რემონტი ან რეკონსტრუქცია ამწის მფლობელმა უნდა ასახოს ტექნიკურ დოკუმენტაციაში  ჩანაწერის სახით.

 მუხლი 23. მასალები

 1.  ამწის და მისი ელემენტების დამზადების, რეკონსტრუქციისა და რემონტისათვის გამოყენებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს  რეგლამენტის  და სტანდარტის მოთხოვნებს.

2.  ამწის დამზადების, რეკონსტრუქციის და მონტაჟის დროს გამოყენებული მასალის ხარისხი დადასტურებული უნდა იყოს მასალის მომწოდებლის სერტიფიკატით. სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მისი გამოცდის შემდეგ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ სტანდარტის შესაბამისად. მასალის შერჩევა უნდა წარმოებდეს გარემოს ტემპერატურის ქვედა ზღვრული მნიშვნელობების გათვალისწინებით, მუშა და არა მუშა მდგომარეობისათვის ამწეების, აგრეთვე ელემენტების დატვირთვის და გარემოს აგრესიულობის ხარისხის გათვალისწინებით. მონაცემები გამოყენებული მასალის და ტემპერატურის ქვედა ზღვრული მნიშვნელობების შესახებ მითითებული უნდა იყოს ამწის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

 3.  ისრიანი და კოშკურა ამწეების ბაგირის ბლოკების დასამზადებლად თუჯის სხმულის გამოყენება დაუშვებელია.

 მუხლი 24. შედუღება

1.ამწეების ლითონკონსტრუქციის და ელემენტების შედუღება და შენადუღი შეერთებების კონტროლი უნდა სრულდებოდეს  რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.

2.ლითონკონსტრუქციის შედუღებისათვის გამოყენებული შესადუღებელი მასალები უნდა უზრუნველყოფდნენ ლითონის ნაკერის და შედუღებული შეერთების მექანიკურ თვისებებს (სიმტკიცის ზღვარი, ფარდობითი დაგრძელება, გადაღუნვის კუთხე, დარტყმითი სიბლანტე) არანაკლებს ლითონკონსტრუქციის ძირითადი ელემენტებში გამოყენებული მასალის მექანიკური თვისებების ქვედა ზღვრულ მაჩვენებელზე, რომელიც სტანდარტებით დადგენილია მოცემული ლითონის მარკისათვის. ერთ შეერთებაში სხვადასხვა მარკის ფოლადის გამოყენების შემთხვევაში დადუღებული ლითონის მექანიკური თვისებები უნდა შეესაბამებოდეს სიმტკიცის უდიდესი ზღვარის მქონე ფოლადის თვისებებს. მისართი (მისადუღი) მასალების, ფლუსის (მდნობის) და დამცავი აირების მარკები მითითებული უნდა იყოს ამწეების დამზადების, რემონტის, მონტაჟის ან რეკონსტრუქციის ტექნიკურ პირობებში.

3.   შედუღებისათვის ლითონკონსტრუქციის ელემენტების აწყობის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეერთების სიზუსტე ნახაზებითა და ტექნოლოგიური პროცესებით დადგენილი ზომებისა და დაშვებების ფარგლებში.

მუხლი 25. შენადუღი შეერთებების ხარისხის შემოწმება

1. ამწეების დამზადების, რეკონსტრუქციის, რემონტის და მონტაჟის დროს პროდუქციის კონტროლის სამსახურის მიერ ჩატარებული შენადუღი შეერთებების ხარისხის კონტროლი უნდა განხორციელდეს ა სტანდარტით გათვალისწინებული გარე დათვალიერებით და გაზომვებით, მექანიკური გამოცდითა და ურღვევი კონტროლის მეთოდებით.      

2.შენადუღ შეერთებებში არ დაიშვება  დეფექტები, რომელთა წუნდების მაჩვენებელი აღემატება  სტანდარტში მითითებულ სიდიდეებს. ასეთი დეფექტებია:

ა)  ყველა სახის და მიმართულების ბზარები, განლაგებული ნაკერის ლითონში, ძირითადი ლითონის შედნობის ხაზზე და ნაკერმიმდებარე ზონაში, მათ შორის მიკროსკოპული გამოკვლევის დროს გამოვლენილი მიკრობზარები;

ბ)  ზედაპირზე განლაგებული შეუდუღებლობა (შეუდნობები), შენადუღი შეერთებების კვეთის მიხედვით;

გ)  კუთხური და ტესებრი შეერთების წვეროში შეუდუღებლობა;

დ)  მთლიანი ბადის სახით განლაგებული ფორები;

ე)  შეჭრები და თიები (ნაღვენთები);

ვ)  შეუდუღებელი კრატერები;

ზ) ნახვრეტები;

თ) შეუდუღებელი გაწვები ნაკერის ლითონში;

ი)  ძირითადი ლითონის გაწვები და მინადნობები (მილების პირაპირი კონტაქტური შედუღების დროს);

კ)  წიბოების გადანაცვლება ნახაზებით გათვალისწინებული ნორმის ზევით.

თავი IV. სალიანდაგო ხაზი

მუხლი 26. საერთო მოთხოვნები

1.  ამწის სალიანდაგო ხაზის (სარგინიგზო ამწების ლიანდაგის გარდა) მოწყობა უნდა განხორციელდეს  სპეციალიზებული ორგანიზაციის ან ამწის დამაზადებელი საწარმოს მიერ შემუშავებული პროექტით. ექსპლუატაციაში მყოფ სალიანდაგო ხაზზე ამწის დადგმის დროს, ხაზი უნდა შემოწმდეს ასეთი დატვირთვის დაშვებაზე გაანგარიშებით.

სარკინიგზო ამწის სალიანდაგო ხაზი მოწყობილი უნდა იყოს სათანადო ნორმების შესაბამისად.

2.   სალიანდაგო ხაზის პროექტი უნდა შედგეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 

3.   ამწეების და სატვირთო ურიკების რელსები  უნდა მაგრდებოდეს ისე, რომ გამოირიცხოს რელსების გრძივი და განივი გადანაცვლება ამწის მუშაობის და მოძრაობის დროს. რელსების შედუღებით დამაგრების შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს მათი თბური დეფორმაცია.

4. ამწის ლიანდაგის გადახრების ზღვრული სიდიდეები და რელსებისა და შპალების დეფექტები არ უნდა აღემატებოდეს არ უნდა აღემატებოდნენ  სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ამწის უსაფრთხო გადაადგილებას.       

5.   საექსპლუატაციოდ სალიანდაგო ხაზის მზადყოფნა დადასტურებული უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტით.

 6. სალიანდაგო ხაზის დამიწების წინაღობის გაზომვა უნდა   განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი V. ექსპლუატაცია

 მუხლი 27. რეგისტრაცია

 ამწეები ექსპლუატაციაში გაშვებამდე, უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი”-ს შესაბამისად.

მუხლი 28. ტექნიკური შემოწმება და რემონტი

1.      ამწეებს  ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა  ჩაუტერდეთ სრული ტექნიკური შემოწმება. ტექნიკური შემოწმება ტარდება ამწის ესქპლუატაციის  ინსტრუქციის  შესაბამისად.  ექსპლუატაციის ინსტრუქციაში შესაბამისი მითითების არ არსებობის შემთხვევაში ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს  რეგლამენტის თანახმად.

2.   ექსპლუატაციში მყოფ ამწეებს უნდა  ჩაუტარდეთ  ტექნიკური შემოწმება პერიოდულად:

ა)  ნაწილობრივი — წელიწადში ერთხელ;

ბ) სრული — სამ წელიწადში ერთხელ, იშვიათად გამოყენებული ამწეების გარდა.  

3. იშვიათად გამოყენებული ამწეები (სამანქანო დარბაზების, ელექტრო და სატუმბი სადგურების, საკომპრესორო დანადგარების მომსახურე ამწეები, აგრეთვე მხოლოდ მოწყობილობის რემონტის დროს სხვა ამწეები) სრულ ტექნიკურ შემოწმებას ექვემდებარებიან ხუთ წელიწადში ერთხელ.

4.   ამწეების სრული, რიგგარეშე ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:

ა)  ამწის ახალ ადგილზე მონტაჟის შემდეგ (ისრიანი და სწრაფად დასამონტაჟებელი კოშკურა ამწეების გარდა);

ბ)  ამწის რეკონსტრუქციის შემდეგ;

გ)  ამწის  მზიდი ლითონკონსტრუქციის რემონტის შემდეგ, შედუღებით გამოყენებით მისი ელემენტების ან კვანძების შეცვლისას;

დ)  ამწის ისრის შეცვლის ან საცვლელი საისრე მოწყობილიობის დაყენების შემდეგ;

ე)  სატვირთო ან საისრე ჯალამბარის კაპიტალური რემონტის ან შეცვლის შემდეგ;

ვ)  კავის, ან კავური საკიდის შეცვლის შემდეგ (ტარდება მხოლოდ სტატიკური გამოცდა);

5.  გაცვეთილი სატვირთო, საისრე ან სხვა  ბაგირების შეცვლის შემდეგ,  უნდა შემოწმდეს ბაგირების გაწყობის სისწორე და ბოლოების ჩამაგრების საიმედოობა,  რის შესახებაც ამწეებზე  პასუხისმგებელი ინჟინერ-ტექნიკური მუშაკის მიერ უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

6.  ამწეს ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს ამწეების უსაფრთხო ექსპლუატაციზე  და გამართულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის  მიერ.

7.   ტექნიკური შემოწმების მიზანია დაადგინოს, რომ:

ა)  ამწე  შეესაბამება  რეგლამენტის მოთხოვნებს და ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მონაცემებს;

ბ)  ამწე იმყოფება მისი უსაფრთხო მუშაობის უზრუნველმყოფ მდგომარეობაში.

8.    სრული ტექნიკური შემოწმების დროს ამწეს უნდა  ჩაუტარდეს:

ა)  დათვალიერება;

ბ)  სტატიკური გამოცდა;

გ)  დინამიკური გამოცდა.

ნაწილობრივი ტექნიკური შემოწმების დროს ამწეს სტატიკური და დინამიკური გამოცდები არ უტარდება.

9.   ამწეს ტექნიკური შემოწმების დროს დასათვალიერებული მოწყობილობა–მექანიზმები, საამწყობო ერთეულები და შემოწმების მოცულობა განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

10.   ამწეს სტატიკური გამოცდა ტარდება მის ნომინალურ  ტვირთამწეობაზე 25%-ით მეტი დატვირთვით.   

11.  პერიოდული ან რიგგარეშე ტექნიკური შემოწმების დროს, ერთი ან რამდენიმე სატვირთო მახასიათებლების მქონე ისრიანი ამწეების სტატიკური გამოცდა ტარდება ამწეს მაქსიმალური ტვირთამწეობის და/ან მაქსიმალური სატვირთო მომენტის შესაბამის მდგომარეობაში.

12.ამწეების სტატიკური და დინამიკური გამოცდები უნდა უზრუნველყოფდეს  ამწეების შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დადგენას და ჩატარდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

13.  ამწეების დინამიკური გამოცდა წარმოებს ტვირთით, რომლის მასაც 10%-ით აღემატება მის საპასპორტო ტვირთამწეობას.

14.   ორი ან მეტი ამწევი მექანიზმით აღჭურვილი ამწეებისათვის უნდა გამოიცადოს თითოეული მექანიზმი.

15.   თუ ამწე გამოიყენება მხოლოდ ტვირთის ასაწევად და დასაშვებად (ჰიდროელექტროსადგურების საკეტების ასაწევად), მაშინ დინამიკური გამოცდები შეიძლება ჩატარდეს თვით ამწის ან მისი ურიკის გადაადგილების გარეშე.

16. სტატიკური და დინამიკური გამოცდებისათვის ამწეს მფლობელმა უნდა უზრუნველყოს საგამოცდო (საკონტროლო) ტვირთების კომპლექტის არსებობა მათი ფაქტიური მასის აღნიშვნით.

17.   ამწის ტექნიკური შემოწმების შედეგები,   პასუხისმგებელი პირის მიერ შეიტანება მის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

18. საცვლელი ტვირთსატაცი სამარჯვების და ტარის ექსპლუატაციის პროცესში ამწეს მფლობელმა, წინასწარ განსაზღვრულ გონივრულ ვადებში, პერიოდულად უნდა აწარმოოს მათი დათვალიერებება.

19.   რემონტის შემდეგ ამწის სამუშაოდ დაშვება უნდა  განხორციელდეს ამწეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი  პირის მიერ.  

20. ექსპლუატაციაში მყოფი ამწეების ტექნიკური შემოწმება და მისი   ელემენტების წუნდება უნდა ჩატარდეს ამწის ექსპლუატაციის  ინსტრუქციის  მიხედვით, ხოლო თუ ინსტრუქციაში შესაბამისი მონაცემები  არ არის, მაშინ ელემენტების წუნდება  უნდა განხორციელდეს  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.    

21.  ექსპლუატაციაში მყოფი ტვირთსატაცი მოწყობილობების წუნდება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.   

22.  დაუშვებელია წუნდებული ტვირთსატაცი მოწყობილობებისა და საშუალებების ექსპლუატაციაში გამოყენება.

23. ამწეებს, რომელთაც ამოეწურათ სამუშაო რესურსი უნდა გაიარონ ტექნიკური დიაგნოსტირება აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მათი  ტექნიკური მდგომარეობისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის ვადის  დასადგენად.

მუხლი 29. ზედამხედველობა და მომსახურება

1.    ამწეების უსაფრთხო ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს   რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2.    ამწეების, ტვირთსატაცი სამარჯვების და სალიანდაგო ხაზების მფლობელები, აგრეთვე ამწეების ექსპლუატაციის გამწევი იურიდიული და ფიზიკური პირები,  ვალდებული არიან უზრუნველყონ მათი  გამართულ მდგომარეობაში ყოფნა და მუშაობის უსაფრთხო პირობები, შესაბამისი შემოწმების, დათვალიერების, რემონტის, ზედამხედველობის და მომსახურების ორგანიზაციის გზით.

ამ მიზნებისათვის საჭიროა:

ა)  დანიშნონ  პასუხისმგებელი (ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები) პირები  ამწეების ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხო ექსპლუატაციის და ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად.

ბ)  უზრუნველყონ რეგლამენტის მოთხოვნათა მიხედვით ამწის მომსახურე პერსონალის სწავლება და ცოდნის პერიოდული შემოწმება.

გ) შემუშავდეს   თანამდებობრივი ინსტრუქციები პასუხისმგებელი პერსონალისათვის, ხოლო საწარმოო ინსტრუქციები მომსახურე პერსონალისათვის,  სამუშაოს წარმოების პროექტები, ტექნოლოგიური რუქები, დატვირთვა-გადმოტვირთვისას  დაჯამბარების სქემები.

3. ამწე მოწყობილობის  მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 30. სამუშაოების წარმოება

 1 ამწეებით   დაუშვებელია ისეთი  ტვირთების გადატანა, რომელთა მასაც  აღემატება ამწის ნომინალურ ტვირთამწეობას.

2. ამწეების ექსპლუატაციის დროს  დაცული უნდა იქნეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში და ექსპლუატაციის  ინსტრუქციაში მითითებული მოთხოვნები.

3.აკრძალულია ტვირთების გადაადგილება იმ შენობა-ნაგებობების თავზე, სადაც შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები. ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებია ტვირთების გადაადგილება აღნიშნული შენობა-ნაგებობების თავზე, სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების შემუშავების შემდეგ.

4.   რამდენიმე ამწით ტვირთის აწევა და გადაადგილება დასაშვებია ცალკეულ შემთხვევებში. ასეთი სამუშაო უნდა შესრულდეს პროექტის ან ტექნოლოგიური რუქის შესაბამისად, სადაც მოყვანილი უნდა იყოს დაჯამბარების და ტვირთის გადაადგილების სქემები ოპერაციის შესრულების თანმიმდევრობის აღნიშვნით.      

 5. რამდენიმე ამწით ტვირთის აწევის და გადაადგილების დროს, თითოეულ მათგანზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს ამწეს ტვირთამწეობას. რამდენიმე ამწეთი ტვირთის გადაადგილება უნდა წარმოებდეს ამწეებით უსაფრთხო მუშაობაზე პასუხისმგებელი პირის უშუალო ხელმძღვანელობით.

6.   ამწის მფლობელის ან საექსპლუატაციო ორგანიზაციის მიერ უნდა შემუშავდეს ტვირთების სწორად დაჯამბარების და ჩაბმის ხერხები (დაჯამბარების სქემები, დაჯამბარების და ტვირთების  ჩაბმის გრაფიკული გამოსახულებები), რომლებიც შესასწავლი უნდა იყოს მეჯამბარეების მიერ.

7.   ამწის მფლობელმა ან საექსპლუატაციო ორგანიზაციამ უნდა:

ა)  შეიმუშაოს და სამუშაოს ჩატარების ადგილებზე გასცეს ამწეებით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროექტები, ტვირთების დასაწყობების სატრანსპორტო საშუალებების და მოძრავი შემადგენლობის დატვირთვის და განტვირთვის ტექნოლოგიური რუქები;

ბ)  უზრუნველყოს მეჯამბარეები გადასაადგილებელი ტვირთების მასის და ფორმის შესაბამისი, გამოცდილი და მარკირებული ტვირთსატაცი სამარჯვებით და ტარით;

გ)  უზრუნველყოს ტვირთამწეობის შემზღუდველის გამოცდა ტვირთით ამწის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში და ტვირთამწეობის შემზღუდველის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ვადებში;

დ) განსაზღვროს ტვირთების დასაწყობების მოედნები და ადგილები, აღჭურვოს ისინი აუცილებელი ტექნოლოგური აღჭურვილობით და სამარჯვებით (კასეტებით, პირამიდებით, სტელაჟებით, კიბეებით, ქვესადგამებით, ქვესადებებით, შუასადებებით და სხვა) და ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს მეამწეებს და მეჯამბარეებს უშუალოდ დასაწყობების წესის და გაბარიტების შესახებ;

ე)  უზრუნველყოს ამწეებით მუშაობის ჩატარების დროს სამუშაოების წარმოების პროექტების და სხვა ტექნოლოგიური  ინსტრუქციების შესრულება;

ვ) უზრუნველყოს სამშენებლო მოედნებზე არამუშა მდგომარეობაში მყოფი კოშკურა ამწეების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. დამკვეთისაგან სამუშაოების დამთავრების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ  გამორთოს ამწე კვების წყაროდან და მიიღოს ზომები ქარისაგან დასაცავად.

8.ამწეების ექსპლუატაციის განმახორცილებელმა ორგანიზაციებმა უნდა დააწესონ მეამწეს და მეჯამბარეს შორის სიგნალების გაცვლის წესი. შენობების და ნაგებობების 36 მ-ზე მეტ სიმაღლეზე აგებისას უნდა გამოიყენებოდეს ორმხრივი რადიო კავშირი. სიგნალის ნიშნები და სიგნალებით მიმოცვლის სისტემა რადიოკავშირის დროს შეტანილი უნდა იყოს მეამწევეების და მეჯამბრეების საწარმოო ინსტრუქციებში.

9.  ამწეებით ტვირთების გადაადგილებისათვის სამუშაოს წარმოების ადგილი განათებული უნდა იყოს  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.      

10.  ამწის მუშაობა უნდა შეწყდეს მოცემული ამწისათვის დასაშვებზე გადამეტებული ქარის სიჩქარის დროს, თოვლის, წვიმის ან ნისლის, პასპორტში აღნიშნულზე ნაკლები ტემპერატურის და სხვა შემთხვევების დროს, როდესაც მეამწეს უძნელდება მეჯამბარის სიგნალების ან ტვირთის გადაადგილების გარჩევა.  

11. ჭექა-ქუხილის დროს დაუშვებელია ღია ცის ქვეშ დამონტაჟებული ამწეების ექსპლუატაცია.  

12.  ისრიანი ამწეებით მუშაობის წარმოება 30 მ-ზე ნაკლებ მანძილზე ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი ამწის ამწევი გამოსაწევი ნაწილიდან, აგრეთვე ტვირთიდან 42 ვ და მეტი ძაბვის ქვეშ მყოფი უახლოესი ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზის პროექციით მიწაზე შექმნილ ვერტიკალურ სიბრტყემდე, უნდა წარმოებდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

13.  ამწეებით ტვირთების გადაადგილებისას სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, ამწის მფლობელი და სამუშაოს მწარმოებელი ვალდებული არიან უზრუნველყონ სამუშაოთა შესრულება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

14.  ამწის მუშაობის დროს დაუშვებელია:

ა)  ამწის კაბინაში შესვლა/გამოსვლა მისი მოძრაობის დროს;

ბ)  მომუშავე ისრიანი ამწის გვერდით ადამიანების ყოფნა, მათი ამწის უძრავ და მოძრავ ნაწილებს შორის,  ტრავმირების თავიდან აცილების მიზნით;

გ)  არამდგრად მდგომარეობაში მყოფი ან ორრქიანი კავის ერთ რქაზე დაკიდებული ტვირთის გადაადგილება;

დ) ადამიანების, ან ტვირთზე ადამიანების ყოფნისას გადაადგილება. ხიდური ტიპის ამწეებით ადამიანების გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს ამწის ექსპლუატაციის  ინსტრუქციით გათვალისწინებულ გამონაკლისს შემთხვევაში და მხოლოდ სპეციალურად დაპროექტებული და დამზადებული კაბინით/კალათით;

ე)  მიწა დაყრილი ან მიწაზე მიყინული, სხვა ტვირთების ქვეშ  მოქცეული, ჭანჭიკებით დამაგრებული ან დაბეტონებული ტვირთის, აგრეთვე ღუმელში გამყარებული ან ჩამოსხმის დროს მიდუღებული ლითონისა და წიდის აწევა;

ვ)  ამწის კავით ტვირთის მიწაზე, იატაკზე ან რელსებზე ამწის კავით გათრევა სატვირთო ბაგირების დახრილი მდგომარეობის დროს, სატვირთო ბაგირების ვერტიკალური მდგომარეობის უზრუნველმყოფი მიმმართველი ბლოკების გამოყენების გარეშე;

ზ) ტვირთის განზიდვა მისი აწევის, გადადგილების და დაშვების დროს;

თ) გადასაადგილებელი ტვირთის ხელით გათანაბრება, აგრეთვე ჯამბარების გასწორება;

ი)  ტვირთის ფანჯრის ღიობებში და აივნებზე მიწოდება სპეციალური მიმღები ბაქნების ან სამარჯვების გარეშე;

კ)  მუშაობა გამორთული ან გაუმართავი უსაფრთხოების ხელსაწყოების და მუხრუჭების დროს;

ლ) ამწე მექანიზმების ჩართვა მისი კაბინის გარეთ ამწეზე ადამიანების ყოფნის დროს (გალერეაზე, სამანქანო სათავსში, ისარზე, კოშკზე, საპირწონეზე და სხვა). გამონაკლისი დაიშვება იმ პირებისათვის, რომლებიც ასრულებენ მექანიზმების, ელექტრომოწყობილობის და უსაფრთხოების ხელსაწყოების დათვალიერებას და რეგულირებას. ამ შემთხვევებში მექანიზმები უნდა ჩაირთოს დათვალიერების ჩამტარებელი პირის მიერ სიგნალის მიცემის შემდეგ;

მ)  ამწეთი აწეულ ტარაში (ბადია, ბაიოკი და სხვა) ჩაჯდომა ან მასში ადამიანების ყოფნა;

ნ)  ისრის აწევის და დაშვების დროს მის ქვეშ ადამიანების ყოფნა.

თავი VI. დასკვნითი დებულებები

მუხლი 31. ზოგადი მოთხოვნები

რეგლამენტის დაცვაზე კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი  ორგანოების მიერ, ამწეების  როგორც დამამზადებელის, ასევე ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მხრიდან ორგანიზებული სათანადო შემოწმებების ჩატარების გზით.                                  

თავი VII. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

მუხლი 32. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა   

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-5 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებში, მე-7 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-8 მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-9 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში, მე-11 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-9  პუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ პუნქტში და მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებში, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-12, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 23-ე, 25-ე და 26-ე  პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-2, მე-3, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებში, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4, პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ) ქვეპუნქტში, 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “ე”, “ვ”, “ზ”, “თ”, “ი” და “კ” ქვეპუნქტებში, 26-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებში, 28-ე მუხლის პირველ პუნქტში, მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში, მე-3 პუნქტში, მე-4 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტში, მე-8 პუნქტის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში, მე-17 და 22 პუნქტებში, 30-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებში, მე-7 პუნქტის “ა”, “ბ”, “დ”, “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში, მე-8, მე-9, მე-10, მე-12, მე-13 პუნქტებში და მე-14 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “თ”, “კ” და “მ” ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-6 მუხლის მე-3, მე-4, მე-9, მე-11 და მე-13 პუნქტებში, მე-13 მუხლის 21-ე პუნქტში, მე-19 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებში, მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში, 22-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 25-ე მუხლის პირველ პუნქტში, 30-ე მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

მუხლი 33. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა 

1. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტში, მე-6 მუხლის პირველ პუნქტში და მე-6 პუნქტის ა) ბ) და გ) ქვეპუნქტებში, მე-6 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-8 პუნქტში, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას;

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-5 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას;

მუხლი 34. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

რეგლამენტის 32-ე და 33-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.