მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017655
430
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017655
მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №430

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103‑ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხ­ლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ

კარი I. ზოგადი წესები

თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ტექნიკური რეგლამენტი მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ (შემდგომში - რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებს, აშენებს, არემონტებს და ექსპლუატაციას უწევს მადნეული და არამადნეული საბადოების მაღაროებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1. მაღარო _ მადნეული, არამადნეული, სამთო-ქიმიური ნედლეულის და საშენი მასალების მიწისქვეშა დამუშავების წესით მომპოვებელი სამთო საწარმო, სამთო გვირაბების ერთობლიობით და განიავების ერთიანი სისტემით.

2. მიწისქვეშა სამთო სამუშაოები _ სამთო სამუშაოები, რომელთა დროსაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულდება მიწისქვეშა წესით.

3. საამფეთქებლო სამუშაოები _ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოღვაწეობა, რომელიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების გამოყენებასთან.

4. საწმენდი სამუშაოები _ საწმენდ სანგრევში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით შესასრულებელი ოპერაციების ერთობლიობა.

5. სამთო სამუშაოების პროექტი _ დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია კონკრეტული სამთო სამუშაოს ძირითადი პარამეტრები და უსაფრთხო შესრულების პირობები.

6. მოსამზადებელი (ჩიხური) გვირაბი _ გვირაბი, რომელიც უზრუნველყოფს მაღაროს ველის, ფრთის და საწმენდი სანგრევის მომზადების და ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებს.

7. ნამუშევარი სივრცე _ სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, ფუჭი ქანის ამოღების შედეგად წარმოქმნილი სივრცე.

8. სანაყარო _ ადგილი, სადაც თავსდება ფუჭი ქანი.

9 სამთო წნევა _ ქანის მასივში, გვირაბის, ჭაბურღილის კედლებთან ახლოს, მთელანებში, ქანის და სამაგრის კონტაქტის ზედაპირზე გრავიტაციული, აგრეთვე, ტექტონიკური ძალებით და დედამიწის ქერქის ზედა შრეების ტემპერატურის ცვლილების შედეგად შექმნილი დაძაბულობა.

10. ქანის სიმაგრის კოეფიციენტი (ფ) _ ქანის წინააღმდეგობა დაშლის მიმართ. სიმაგრის კოეფიციენტია ერთღერძა კუმშვაზე ქანის სიმტკიცის ზღვარი.

11. სპეციალისტი _ პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი ან საშუალო სამთო-ტექნიკური განათლება.

 12. ტექნიკური ზედამხედველი _ მაღაროს ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია მაღაროში პროექტის შესაბამისად სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე.

 13. სპეციალიზებული საწარმო _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამთო საწარმოების დაპროექტებას, მშენებლობას, ტექნიკურ ექსპერტიზას, მანქანებისა და მოწყობილობის მონტაჟს და გამართვას.

 14. მაღაროს (ველის, ფრთის) კონსერვაცია _ მაღაროს (ველის, ფრთის) 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში მაიზოლირებელი და დამცავი ღონისძიებების ერთობლიობა.

 15. მაღაროს ლიკვიდაცია _ მაღაროს საექსპლუატაციო მარაგების ამოწურვის ან არარენტაბელობის გამო მაღაროს დახურვისათვის საჭირო ღონისძიებების ერთობლიობა.

 16. მთავარი განიავების ვენტილატორი _ მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში მაღაროს ან მისი ნაწილის (ფრთის, ბლოკის, პანელის) გასანიავებელი ვენტილატორი.

 17. დამხმარე განიავების ვენტილატორი _ ერთი საწმენდი სანგრევისა და მასთან მომიჯნავე მოსამზადებელი გვირაბების გასანიავებელი ვენტილატორი.

 18. ადგილობრივი განიავების ვენტილატორი _ ვენტილატორი, რომელიც მაღაროს მშენებლობის პერიოდში ჭაურის, კვერშლაგის, შტოლნის, მიწისქვეშ _ კი მაღაროს გამჭოლი ჭავლის მიმდებარე ყველა მოსამზადებელი გვირაბის გაყვანისას უზრუნველყოფს სანგრევის იძულებით განიავებას.

 19. მავნე აირები _ აირები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ აფეთქება ან ადამიანის მოწამვლა. მავნე აირებს მიეკუთვნება: მომწამლავი _ ნახშირჟანგი, აგრეთვე, ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი, გოგირდის ანჰიდრიდი, ხოლო, აფეთქებასაშიშ აირებს _ მეთანი და მძიმე ნახშირწყალბადები (მცირე რაოდენობით).

 20. სავენტილაციო ჭავლების მოკლე შერთვა _ მაღაროს შემავალი ჰაერის სუფთა ჭავლის შერევა ნამუშევარ გამომავალ ჭავლთან.

 21. ამწევი დანადგარი _ ვერტიკალურ და დახრილ ჭაურებში ადამიანების და ტვირთის გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო კომპლექსი.

 22. რაბი, ტიხარი _ სავენტილაციო ჭავლების გამმიჯნავი დროებითი კედელი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სუფთა და ნამუშევარჭავლიან ჰაერს.

 23. სავენტილაციო კარი, სარქველი _ რაბსა და ტიხარში, აგრეთვე, ჭაურის პირზე მოწყობილი ადამიანების სასვლელი, რომელიც დროებით იხსნება ადამიანების გავლის დროს.

 24. გამკვეთები, სასულე, ირიბულა _ ორი, ერთმანეთთან ახლოს განლაგებული კაპიტალური გვირაბის მაერთებელი ჰორიზონტალური (გამკვეთი), ვერტიკალური (სასულე), დახრილი (ირიბულა) მცირე კვეთის გვირაბები, რომელთა დანიშნულებაა ადამიანების გადაადგილება და გვირაბების განიავება.

 25. კროსინგი _ გვირაბების ურთიერთგადამკვეთი, საჰაერო ჭავლების გამმიჯნავი სავენტილაციო ნაგებობა.

 26. ტიუბინგი _ გვირაბის კონტურის შესაბამისი სამაგრი, შემსუბუქებული (რკინაბეტონის ან თუჯის), სეგმენტის ფორმის ასაკრები კონსტრუქცია.

 27. გვირაბგამყვანი თარო _ ჭაურში ჩამოკიდებული პლატფორმა მექანიზმების, მოწყობილობის და ადამიანების განსათავსებლად.

 28. მცურავი ქანი _ ძალიან რბილი, წყლით გაჯერებული ზვავსაშიში ქანი.

 29. ელექტრომომარაგება _ ელექტროენერგიის გარდაქმნის, გადაცემის, განაწილების და მართვის მოწყობილობათა ერთობლიობა.

 30. ელექტრული წრედი _ ელექტრული დენის გასატარებლად განკუთვნილ მოწყობილობათა ერთობლიობა.

 31. ელექტრული სქემა _ ელექტრული წრედის ელემენტთა ურთიერთკავშირის გრაფიკული გამოსახულება.

 32. მაღაროს ნორმალური შესრულების ელექტრომოწყობილობა _ ელექტრომოწყობილობა, რომელიც არ არის აღჭურვილი აფეთქებაუსაფრთხო საშუალებებით.

 33. მიწისქვეშა ხანძარი _ მაღაროში წარმოქმნილი ღია ცეცხლი, კვამლი, წვის პროდუქტი აირების სუნი ან ნახშირჟანგის ნიშნები ყოველ 3-4 საათში აღებულ ჰაერის სინჯში სამი დღე-ღამის განმავლობაში, თუ ეს არ არის გამოწვეული მაღაროში საწარმოო პროცესებით (შედუღება ან საამფეთქებლო სამუშაოები და სხვ.).

 34. ენდოგენური ხანძარი _ სასარგებლო წიაღისეულის, ქანის ან წვადი მასალის თვითაალებით გამოწვეული ხანძარი.

 35. ეგზოგენური ხანძარი _ სითბოს გარე წყაროს ზემოქმედებით (უწესივრო ელექტრომოწყობილობა, ხახუნი და სხვ.) წვადი მასალის (სასარგებლო წიაღისეული, სამაგრი, კონვეიერის ლენტი და სხვ.) აალების შედეგად წარმოქმნილი ხანძარი.

 36. სტანდარტი _ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი.

თავი II. პერსონალი

მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები

 1. მაღაროს საწარმოებში სამუშაოების ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი სამთო-ტექნიკური, ტექნიკური ან საშუალო სამთო-ტექნიკური განათლება ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიარეს სწავლება.

 2. ტექნიკურ ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ:

 ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა და პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხების გამოყენება;

 ბ) აუცილებლობის შემთხვევაში უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულებისთვის დახმარების აღმოჩენა.

 3. მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელები და სპეციალისტები ვალდებულნი არიან სისტემატურად, სხვადასხვა ცვლაში დაესწრონ მიწისქვეშა სამუშაოებს.

 4. მაღაროს უბნის ხელმძღვანელები და სპეციალისტები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამუშაოს დაწყებამდე ან სამუშაოს დროს აღმოჩენილი უსაფრთხოების მოთხოვნათა აღმოსაფხვრელად. თუ დარღვევების აღმოფხვრა შეუძლებელია და ამით საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, სამუშაოები უნდა შეწყდეს, ადამიანები გამოყვანილნი უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას და ამის შესახებ უნდა ეცნობოს უშუალო ხელმძღვანელს და სამთო დისპეტჩერს. საშიში ადგილები (ზონები) უნდა შემოიღობოს ამკრძალავი ნიშნებით ან პოსტებით.

 5. ხელმძღვანელები და სპეციალისტები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური აკუმულატორიანი სანათით, თვითმაშველით, ჩაჩქნით, სპეცტანსაცმლით, ხელთათმანებით და სხვა დამცავი საშუალებებით.

 6. ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციები.

 მუხლი 4. მომსახურე პერსონალი

 1. ახლად მიღებულმა ან სხვა სამუშაოზე გადაყვანილმა მომსახურე პერსონალმა სამუშაოზე დაშვების წინ უნდა მიიღოს ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკაში საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროგრამით, ხოლო განმეორებითი ინსტრუქტაჟი – ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში.

 2. მომსახურე პერსონალმა უნდა მიიღოს ინსტრუქტაჟი და გაიაროს სწავლება პირველადი დახმარების აღმოჩენაში უბედური შემთხვევის, პროფესიული მოწამვლისა და ელექტროდენით დაშავების დროს.

 3. ელექტროდანადგარების მომსახურებასა და რემონტზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში.

 4. სამუშაოს დაწყების წინ მუშა ვალდებულია შეამოწმოს სამუშაო ადგილი და მოიყვანოს ის უსაფრთხო მდგომარეობაში.

 5. მუშას ეკრძალება თვითნებურად შეასრულოს სამუშაო, რომელიც არაა გათვალისწინებული მიღებული განწესით და მისი მოვალეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი სამუშაოს შესრულება აუცილებელია, რათა აღკვეთილი იქნეს შესაძლო ავარია და ადამიანების ჯანმრთელობის ან სიცოცხლის საფრთხე.

 6. აკრძალულია სამუშაოების ჩატარება მცველი სარტყლების გარეშე ჭაურებში, ორმოებში, ბუნკერებში, ღია ან ნაწილობრივ გადახურული გვირაბების ზევით, ჩანაქცევებთან, აგრეთვე, მაღაროს ზედაპირის ობიექტებზე, სადაც არის სიმაღლიდან ადამიანების ვარდნის საფრთხე.

 7. მაღაროში სამუშაოების ავარიულად შეჩერებისას აკრძალულია მასში იმ პირების ყოფნა, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან ავარიის ლიკვიდაციასთან.

 8. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური აკუმულატორიანი სანათით, თვითმაშველით, ჩაჩქნით, სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით და სხვა დამცავი საშუალებებით.

 9. ხელმძღვანელობამ მომსახურე პერსონალს ხელწერილით უნდა დაურიგოს უსაფრთხო მეთოდებით მუშაობის ინსტრუქციები მათი პროფესიების მიხედვით.

მუხლი 5. მემანქანეები და მათი თანაშემწეები

 იმ სამთო მანქანებისა და დანადგარების მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს, რომელთა მართვაც დაკავშირებულია ელექტროდანადგარების ოპერატიულ ჩართვა-გამორთვასთან, უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში.

 მუხლი 6. პასუხისმგებლობა

 რეგლამენტის მოთხოვნათა დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი III. მაღარო

მუხლი 7. მაღარო _ სამთო საწარმო

1. მაღაროს უნდა ჰქონდეს:

ა) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები, დამუშავების ტექნოლოგიური სქემები, სამთო სამუშაოების განვითარების წლიური გეგმა, ვენტილაციის, წყალამოღვრის, ტრანსპორტისა და ელექტრომომარაგების სქემები;

ბ) სამარკშაიდერო და გეოლოგიური დოკუმენტაცია;

გ) ზედაპირის სიტუაციური გეგმა ყველა ობიექტის და ნაგებობის ჩვენებით;

დ) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა, შედგენილი სტანდარტით განსაზღვრული ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელსაც უნდა გაეცნონ მაღაროს სპეციალისტები და მომსახურე პერსონალი.

მუხლი 8. დაპროექტება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება

1. მაღაროს მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების, კონსერვაციის და ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელია სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია.

 2. მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტები უნდა შეიცავდეს გვირაბების გაყვანა-გამაგრებასთან, ამოსაღები უბნებისა და საწმენდი სანგრევების გახსნასა და მომზადებასთან, ამწევ დანადგარებთან, სამთო მანქანებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან, განიავებასა და ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, აგრეთვე, მაღაროს მშენებლობისა და ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნებს, ავარიის და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს. 

 3. საწმენდი სანგრევების მომზადება, სამთო გვირაბების გაყვანა და რემონტი უნდა განხორციელდეს არსებული პროექტის შესაბამისად, ხოლო მექანიზმების დაყენება _ მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სქემებით.

 4. მაღაროში ავარიების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის საქართველოს კანონის “წიაღის შესახებ” შესაბამისად საწარმო ვალდებულია შექმნას სამთო-სამაშველო სამსახური ან სახელშეკრულებო საწყისებზე ისარგებლოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო სამსახურის მომსახურებით. 

მუხლი 9. ექსპლუატაცია

 1. მაღაროს უნდა ჰქონდეს საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური და საექსპლუატაციო დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღრავს საწარმოო პროცესების უსაფრთხო წარმოების, ავარიულ სიტუაციაში და სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მომუშავეთა მოქმედების წესს. საექსპლუატაციო დოკუმენტაცია უნდა გადაისინჯოს იმ ნორმატიული დოკუმენტების შეცვლისას, რომლებიც საექსპლუატაციო დოკუმენტაციის საფუძველს წარმოადგენს.

 2. სამთო სამუშაოების განვითარების გეგმა (პერსპექტიული და მიმდინარე) უნდა დამუშავდეს და დამტკიცდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.

 3. აუცილებელია მაღაროში შემსვლელთა (ჩამსვლელთა) და გამომსვლელთა (ამომსვლელთა) ზუსტი აღრიცხვა, რაზედაც ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ პირთან ერთად პასუხისმგებელია მაღაროს ხელმძღვანელი.

 4. მაღაროზე უნდა მოქმედებდეს დაცვის სისტემა, რომელიც გამორიცხავს გარეშე პირების უნებართვოდ დაშვებას მაღაროს ზედაპირულ ობიექტებზე, მიწისქვეშა გვირაბებში, სამოსამსახურო შენობებსა და ნაგებობებში.

 5. მაღაროთა მართვის ერთიან საწარმოში (ან მაღაროზე) უნდა იყოს უსაფრთხოების შიდასაწარმოო კონტროლის სამსახური, რომელიც საწარმოს (მაღაროს) სტრუქტურულ ერთეულებში განახორციელებს ტექნიკური ზედამხედველობას.

 6. აკრძალულია განწესის გაცემა იმ ადგილებში სამუშაოდ, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები, გარდა განწესისა, რომელიც ითვალისწინებს ამ მოთხოვნების აღმოფხვრას. განწესის გაცემა უნდა მოხდეს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული განწესის დებულების შესაბამისად.

 7. იმ სამუშაოების შესასრულებლად, რომლებსაც წაეყენებათ უსაფრთხოების მომატებული მოთხოვნები, უნდა გაიცეს წერილობითი განწეს-დაშვება.

 8. პირებს, რომლებიც არ ირიცხებიან მაღაროში, მაგრამ მათი მაღაროში შესვლა აუცილებელია კონკრეტული დავალების შესასრულებლად, უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების წესებში და უზრუნველყოფილი უნდა იქნენ დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით. 

 9. მანქანების და მექანიზმების ამუშავების, სარკინიგზო შემადგენლობის მოძრაობის დაწყების წინ აუცილებელია ხმოვანი და შუქური სიგნალების მიცემა. ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მათი მნიშვნელობა გააცნონ ყველა მომუშავეს. ამასთან, მანქანების და მექანიზმების მოქმედების ზონაში სიგნალი უნდა ესმოდეს ყველა მომუშავეს (ჩანდეს ყველასათვის).

 10. ყოველი არასწორად მიცემული ან გაუგებარი სიგნალი აღქმული უნდა იქნეს, როგორც სიგნალი `სდექ~.

 11. გვირაბის ის ადგილები, სადაც არის ადამიანების ჩავარდნის საფრთხე, უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით და უნდა იყოს განათებული. ჭაურები, ზუმპფები, ჭაბურღილები და სხვა ვერტიკალური ან დახრილი გვირაბები საიმედოდ უნდა იყოს დახურული ან შემოღობილი.

 12. აკრძალულია სამუშაო ადგილების და მათგან გასასვლელების ჩახერგვა ქანით და სხვა საგნებით, რომლებიც ართულებენ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.

 13. სამუშაო ადგილებზე ჰაერის მტვრიანობა და მავნე აირების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სანიტარული ნორმებით დადგენილ სიდიდეებს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ჰაერის მტვრიანობა ან მავნე აირების შემცველობა მაღაროში აღემატება დასაშვებ ნორმებს, მიღებული უნდა იქნეს ზომები უსაფრთხო და ჯანმრთელი შრომის პირობების უზრუნველსაყოფად.

 14. მაღაროში საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“–ის მოთხოვნათა შესაბამისად.

 15. მაღაროს ჭაურებსა და დახრილი გვირაბების ქვედა ბაქნებზე, საიდანაც ხდება ადამიანების მექანიზებული საშუალებებით გადაადგილება, მოწყობილი უნდა იყოს განათებით და სკამებით აღჭურვილი მოსაცდელი კამერები.

 16. მანქანის, მექანიზმისა და დანადგარის ყველა ღია მოძრავი ნაწილი უნდა იყოს დამცავი ზღუდარით შემოღობილი, ადამიანების ტრავმირების საშიშროების და მათში უცხო საგნების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

 17. ცვლაში მომუშავე პერსონალის რაოდენობაზე დამოკიდებულებით გამოყოფილი უნდა იყოს ჯგუფური შენახვის თვითმაშველები. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს საერთო რაოდენობის 10% სარეზერვო, მაგრამ, სულ ცოტა, ორი თვითმაშველი.

 18. ჯგუფური შენახვის თვითმაშველები უნდა ინახებოდეს სამუშაოთა წარმოების ადგილებში, მათი დაცულობის უზრუნველმყოფ პირობებში. თვითმაშველების შენახვის ადგილი ცნობილი უნდა იყოს მიწისქვეშ მყოფი ყველა ადამიანისათვის.

 19. პერსონალს, რომლის სამუშაო ადგილი არ არის მუდმივი, უნდა ჰქონდეს ინდივიდუალურად განპირობებული თვითმაშველი.

კარი II ტექნოლოგია

თავი IV. გვირაბების გაყვანა და გამაგრება

მუხლი 10. ზოგადი მოთხოვნები გვირაბების გაყვანისა და გამაგრებისას

 1. გვირაბი გაყვანის პროცესში დროულად უნდა გამაგრდეს და ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში შენარჩუნდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტების მოთხოვნათა შესაბამისად.

 2. გვირაბის გასამაგრებლად გამოყენებული მასალები და ნაკეთობები უნდა შეესაბამებოდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტების ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.

 3. სამთო-გეოლოგიური და საწარმოო პირობების შეცვლისას ამოსაღები უბნის და გვირაბების გაყვანა-გამაგრების პროექტები უნდა გადაიხედოს დღე-ღამის განმავლობაში.

 4. მაგარ (f > 10), მონოლითურ ქანებში საწმენდი სამუშაოების ზემოქმედების ზონის გარეთ (გარდა შეუღლების ადგილებისა), დასაშვებია გვირაბების გაყვანა და ექსპლუატაცია სამაგრის გარეშე. ასევე დასაშვებია სავენტილაციო ჭაბურღილების ექსპლუატაცია სამაგრის გარეშე.

 5. გვირაბის განივი კვეთის საპროექტო ფართობი განისაზღვრება გაანგარიშებით ჰაერის ჭავლის (განიავების) დასაშვები სიჩქარის, მოძრავი შემადგენლობის და მოწყობილობის გაბარიტული ზომების შესაბამისად. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმალური დასაშვები ღრეჩოები, სამთო წნევის ზემოქმედების შემდეგ სამაგრის ჩაჯდომის სიდიდე და მისი მუშაობა რემონტის გარეშე ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. 

 6. ჰორიზონტალური და დახრილი გვირაბების სიოში განივი კვეთის მინიმალური ფართობების, ადამიანების სასვლელების სიგანის და სამაგრს, მოწყობილობას ან მილსადენსა და მოძრავი შემადგენლობის გაბარიტის ყველაზე უფრო გამოწეულ ნაწიბურს შორის ღრეჩოების სიდიდეები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 7. გვირაბს, რომელიც განკუთვნილია მადნის, ქანის ან ამოსავსები მასალის საზიდ (საშუალედო) ჰორიზონტზე თვითდინებით გადასაშვებად, უნდა ჰქონდეს ორი განყოფილება. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთმანეთთან ყოველ 8-10 მ-ში შეერთებული ორი პარალელური გვირაბი. მადანსაშვები (ქანსაშვები) განყოფილების კვეთი განისაზღვრება მისი პროექტით. გვირაბების სავალი განყოფილებები მადანსაშვები (ქანსაშვები) განყოფილებებიდან უნდა გამოიყოს მტკიცე, მთლიანი დასახურფანჯრებიანი ფიცრული შემოსვით მადნის და ქანის გაჭედილი ნატეხების გასატარებლად. მადნის (ქანის, ამოსავსები მასალის) ლითონის მილებით ჩაშვებისას სავალი განყოფილება შეიძლება არ შეიმოსოს ფიცრით.

 8. გვირაბის გაყვანისა და გადამაგრებისას გვირაბის სამაგრის უკან დაუშვებელია სიცარიელეს წარმოქმნა. სიცარიელეს წარმოქმნისას ის უნდა ამოიყოროს.

 9. სივრცე სანგრევსა და მუდმივ სამაგრს შორის უნდა გამაგრდეს დროებითი სამაგრით. დროებითი სამაგრის მუდმივით შეცვლა უნდა მოხდეს გამაგრების პროექტის შესაბამისად. მოსამზადებელ გვირაბში სანგრევი ჩაქუჩებით მადნის ამოღებისას, მუდმივი სამაგრის დაყენებამდე, აგრეთვე, საამფეთქებლო სამუშაოების შემდეგ, მადნის და ქანის აწმენდისას დაყენებული უნდა იქნეს დროებითი სამაგრი. დროებითი სამაგრის კონსტრუქცია განისაზღვრება პროექტით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოება.

 10. აკრძალულია მოსამზადებელ გვირაბში მადნის ან ქანის მონგრევა იმ შემთხვევაში, თუ გვირაბი უზრუნველყოფილი არაა სამაგრი მასალების ერთი ცვლის მარაგით. სამაგრი მასალების მარაგის განლაგების ადგილი განისაზღვრება პროექტით.

 11. ძალიან სუსტ და არამდგრად ქანებში (ფხვიერი, რბილი, მცურავი, ჩამოქცევისადმი მიდრეკილების მქონე) გვირაბების გაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს მოწინავე სამაგრი, ფარი ან სხვა სპეციალური საშუალება.

 12. მომსახურე პერსონალი, რომელიც აწარმოებს ჭერის ჩამოწმენდას, უნდა იმყოფებოდეს გვირაბის გამაგრებულ ნაწილში. დიდი კვეთის გვირაბში ბაქნიდან ჭერის ჩამოწმენდისას აკრძალულია ბაქნის გამოწევა ჩანახეთქიდან 2 მ-ზე უფრო ნაკლებ მანძილზე.

 13. აკრძალულია გვირაბის გაკვეთა მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ღონისძიებების გარეშე.

 14. ჭაურმიმდებარე ეზოს გვირაბების ორლიანდაგიან უბნებზე, გალური ჭაურების ერთლიანდაგიან ჭაურმიმდებარე გვირაბებში, აგრეთვე, ყველა სხვა ორლიანდაგიანი გვირაბის იმ ადგილებში, სადაც სრულდება სამანევრო სამუშაოები, ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე მოწყობილობის და მასალების გადატვირთვა, აგრეთვე, ვაგონეტების ან შემადგენლობის გადაბმა და გადახსნა სატვირთავ პუნქტებთან შემოვლითი გვირაბის არარსებობისას (მწარმოებლურობის მიუხედავად) ადამიანების გასასვლელი უნდა იყოს ორივე მხარეს, თითოეული 0,7 მ სიგანის.

 15. ადამიანების გასასვლელის სიგანე და ღრეჩოები შენარჩუნებული უნდა იქნეს გვირაბის საგებიდან, სულ ცოტა, 1,8 მ სიმაღლეზე. გასასვლელები გვირაბის მთელ სიგრძეზე უნდა მოეწყოს, როგორც წესი, ერთი მხრიდან. ორლიანდაგიან გვირაბში აკრძალულია ლიანდაგებს შორის გასასვლელის მოწყობა.

 16. კაპიტალურ და საუბნე გვირაბებში, ყოველ 30 მეტრში უნდა გაკეთდეს პიკეტირება.

მუხლი 11. გვირაბიდან გასასვლელების მოწყობა

მოქმედ მაღაროში გვირაბიდან გასასვლელების მოწყობა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 მუხლი 12. ჰორიზონტალური, დახრილი და ვერტიკალური გვირაბების გაყვანა და გამაგრება

ჰორიზონტალური, დახრილი და ვერტიკალური გვირაბების გაყვანა და გამაგრება უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

თავი V. საწმენდი სამუშაოების ტექნოლოგია

მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები საწმენდი

 სამუშაოების მიმართ

 1. საწმენდ სანგრევში მადნის ამოღება უნდა განხორციელდეს უბნის გვირაბების გაყვანის და გამაგრების პროექტის შესაბამისად, აგრეთვე, ყველა საშიში და მავნე ფაქტორის თავიდან აცილების კომპლექსური ღონისძიებების გამოყენებით.

 2. აკრძალულია საწმენდი სამუშაოების წარმოება მაღაროს ველის იმ უბნებზე, სადაც გაყვანილი და მოქმედი გვირაბების განიავება არ ხორციელდება პროექტის შესაბამისად.

 3. აკრძალულია საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარება ორზე მეტ მომიჯნავე სართულზე. მთელანების გამოღება, აგრეთვე, ზემდებარე სართულებზე ცალკეული ამოსაღები უბნების დამუშავება მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის გარეშე.

 4. კომპლექსურ-მექანიზებული საწმენდი სანგრევის ყველა მოწყობილობამ (მექანიზებული სამაგრი, კონვეიერი, ამოსაღები მანქანა და სხვ.) ამოსაღები უბნის ექსპლუატაციაში მიღების წინ უნდა გაიაროს ამუშავებისწინა გამართვა. ექსპლუატაციისას ასეთი გამართვა უნდა ჩატარდეს რეგულარულად, ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციით დადგენილ ვადებში. მაღაროს მოწყობილობის ექსპლუატაცია კაპიტალური რემონტის ჩატარების შემდეგ, აგრეთვე, მისი გამოსადეგობის ვადის გაგრძელება შესაძლებელია ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

 5. საწმენდი სამუშაოების წარმოება ძირითადი ჭერის პირველად დაჯდომამდე, ძირითადი ჭერის პირველადი დაჯდომა, აგრეთვე, სანგრევის მიახლოება ამოსაღები უბნის ტექნიკურ საზღვრებამდე უნდა განხორციელდეს ამოსაღები უბნის, გვირაბების გაყვანის და გამაგრების პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისად. ძირითადი ჭერის პირველადი დაჯდომა უნდა მოხდეს უბნის უფროსის (მოადგილის) ხელმძღვანელობით. საწმენდი კომპლექსის დემონტაჟისას ჭერის დაწევა უნდა განხორციელდეს მოქმედი დოკუმენტების შესაბამისად დამუშავებული პროექტით. ამასთან, როგორც წესი, გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური მექანიზებული სამაგრი, რომელიც გამორიცხავს ჩამოქცევის ზონაში ადამიანების ყოფნას. 

 6. მუშაობის პროცესში უნდა ჩატარდეს ჭერის და სანგრევის მდგრადობის შემოწმება დათვალიერების და დაკაკუნების გზით. ჭერის, სანგრევის ჩამოქცევის ან ციცაბო ფენაში საგების ჩამოცურების საფრთხის ნიშნების აღმოჩენისას საჭიროა აშრევებული სამთო მასის მოშორება და დამატებითი სამაგრის დადგმა.

 7. ლავებში და მექანიზებული სამაგრით აღჭურვილ მომიჯნავე გვირაბებთან მათი შეუღლების ადგილებში ადამიანების თავისუფალი გასასვლელის სიგანე უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 8. ლავაში კომბაინის ქვევით და 250-ზე მეტი დახრის კუთხის ფენებში ჩაშვებისას აკრძალულია ადამიანების ყოფნა. გამონაკლისია მექანიზებული სამაგრი, რომელიც აღჭურვილია შემოღობვით და იცავს მადნისა და ქანის ნატეხების მოხვედრისაგან იმ ადგილებში, სადაც ადამიანები იმყოფებიან.

 9. სავენტილაციო შტრეკთან შტრეკზედა მთელანების ამოღება და ერთდროულად ქვედა სართულის ლავების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფენის დახრის კუთხე არ აღემატება 300-ს და შტრეკები (გამკვეთები) შემომფარგვლელია.

 10. 250 - ზე მეტი დახრის კუთხის, 10 მ-ზე მეტი სიგრძის საფეხურებიანი და ინდივიდუალურსამაგრიანი სწორხაზოვანსანგრევებიანი ფენების განვრცობით დამუშავებისას სანგრევებთან აუცილებელია მცველი თაროების გამოყენება. მადნის თვითდინებით ტრანსპორტირებისას უნდა მოეწყოს სიჩქარის ჩამქრობები, ხოლო ლავის ღუნვის ადგილებში _ გადამღობი მოწყობილობა. 

 11. აკრძალულია საფეხურში ქვევიდან ზევით სანგრევი ჩაქუჩით მადნის მონგრევა, აგრეთვე, ყურე საფეხურებში მცველი წალოების გარეშე მუშაობა.

 12. მადნის და ქანსაშვები შუროები (გეზენკი, სასულე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყორვის საწინააღმდეგო საშუალებებით. გეზენკში, ჭაბურღილში, სასულესა და შუროში გაჭედილი მადნის ტრანსპორტირება მისი თვითდინებით გადაადგილებისას უნდა მოხდეს მხოლოდ უბნის სპეციალისტის თანდასწრებით. 

 13. 180-ზე მეტი დახრის კუთხის ფენის ლავაში აკრძალულია მოწყობილობის და ხე-ტყის მასალის გადატანა კონვეიერით, რომელსაც არ გააჩნია სპეციალური სამარჯვები მასალის შესაკავებლად. 

მუხლი 14. ჭერის გამაგრება და მართვა

 1. საწმენდ სანგრევში გამოყენებული უნდა იყოს ისეთი მექანიზებული სამაგრი, რომლის მახასიათებლები შეესაბამება სამთო-გეოლოგიურ პირობებს. რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში დასაშვებია ინდივიდუალური ლითონის ან ხის სამაგრის გამოყენება. 

 2. მუდმივი ინდივიდუალური სამაგრი უნდა შედგებოდეს ზიდვის უნარის ერთნაირმახასიათებლებიანი ერთი ტიპის ბიგებისაგან. საწმენდი სანგრევის სამაგრის ტიპი, კონსტრუქცია და პარამეტრები განისაზღვრება ამოსაღები უბნის პროექტით.

 3. საწმენდი სანგრევის შეუღლება საზიდ (საკონვეიერო) და სავენტილაციო შტრეკებთან (ბრემსბერგი, ქანობი, სასვლელი და სხვ.) გამაგრებული უნდა იყოს გადასატანი მექანიზებული სამაგრით. სამაგრის სხვა სახეობის გამოყენება დასაშვებია, როგორც გამონაკლისი, იქ, სადაც გადასატანი მექანიზებული სამაგრის გამოყენება შეუძლებელია. შეუღლების სპეციალური სამაგრის კონსტრუქციამ უნდა გაიაროს ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზა, დამტკიცდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ და აისახოს ამოსაღები უბნის პროექტში. 

 4. კომპლექსურ-მექანიზებული ლავის განაპირა უბნებზე დასაშვებია ინდივიდუალური ლითონის სამაგრის გამოყენება, აგრეთვე, ხის სამაგრისა _ ყორული ზოლის ამოწყობის და გეოლოგიური აშლილობის ადგილებში. ინდივიდუალურ ლითონის სამაგრიან ლავაში ხის სამაგრის გამოყენება დასაშვებია გეოლოგიური აშლილობის ადგილებში და ლავის უბნებზე, ყორული ზოლის ამოწყობის ან სხვა ნაგებობის აგების ადგილებში საწმენდი სანგრევის მომიჯნავე გვირაბებთან შეუღლების შესანარჩუნებლად.

 5. ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჭერის დაჯდომის სამუშაოების უსაფრთხოებას, გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტით.

 6. მექანიზებული სამაგრის სექციების გადაადგილება ფენაში, რომლის დახრის კუთხე 350-ზე მეტია, დასაშვებია მხოლოდ ქვემოდან ზევით. 

 7. თუ ფენის დახრის კუთხე 150-ზე მეტია, ლავაში ჭერის დაჯდომისას სამაგრის გამოღება დასაშვებია მხოლოდ ქვემოდან ზევით.

 8. აკრძალულია სხვა სამუშაოების ჩატარება დასაჯდომი სამაგრის გადატანის ადგილის ქვემოთ დახრილ ფენაში ჭერის დაჯდომისას.

 9. ლავაში ჭერის დაჯდომისას ხის სამაგრის გამოტანა უნდა განხორციელდეს მექანიზებული წესით ან აფეთქებით.

 10. ინდივიდუალურსამაგრიან ლავაში ჭერის დაჯდომა უნდა განხორციელდეს უბნის უფროსის (მოადგილის) უშუალო ხელმძღვანელობით. მომსახურე პერსონალი, რომელიც ახორციელებს ჭერის დაჯდომას, უნდა იმყოფებოდეს გამაგრებულ ადგილებში. მესერში დატოვებული უნდა იქნეს ერთმანეთისგან არა უმეტეს 5 მ-ით დაშორებული, სულ ცოტა, 0,7 მ სიგანის ფანჯრები.

 11. ხის სამაგრით გამაგრებულ ლავაში ჭერის დაჯდომის რიგი ლავის მთელ სიგრძეზე ან ცალკეულ უბნებზე და სამუშაოების უსაფრთხო წარმოების ღონისძიებები განისაზღვრება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ამოსაღები უბნის პროექტით.

 12. საამფეთქებლო სამუშაოების, ქანის მონგრევის, მოწყობილობის გადატანის შედეგად გამოგდებული, აგრეთვე, დეფორმაციის, მუშა სითხის გაჟონვის ან დეტალების დაკარგვის შედეგად მწყობრიდან გამოსული სამაგრი უნდა იქნეს აღდგენილი ან შეცვლილი.

 13. პროექტით გათვალისწინებულ დაჯდომის ბიჯზე მეტად ჭერის ჩამოქცევის დაყოვნებისას გამოყენებული უნდა იქნეს ხელოვნური ჩამოქცევა. ამ შემთხვევაში აკრძალულია ლავაში ჭერის ჩამოქცევამდე მადნის მოპოვებითი სამუშაოების ჩატარება. ჭერის ხელოვნურ ჩამოქცევასთან დაკავშირებული სამუშაოების მომზადება უნდა მოხდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული დამატებითი ღონისძიებების შესაბამისად.

 14. აკრძალულია საწმენდი და დასაჯდომი სამუშაოების ერთდროულად ჩატარება 100 მ-მდე სიგრძის ინდივიდუალურსამაგრიან და ძნელად მართვად ჭერიან ლავებში.

მუხლი 15. გვირაბების შენახვა და რემონტი

 1. სპეციალისტები და მომსახურე პერსონალი ვალდებულნი არიან მიიღონ სასწრაფო ზომები გამოგდებული ან დარღვეული სამაგრის აღსადგენად, ხოლო გაუმაგრებელ ან ანკერის სამაგრიან გვირაბებში _ ჭერიდან და გვერდებიდან აშრევებული მადნისა და ქანის ნატეხების მოსაცილებლად.

 2. გვირაბის განივი კვეთის გადიდების ან უვარგისი სამაგრის შეცვლის მიზნით გვირაბის გადამაგრებისას აკრძალულია ერთდროულად ორზე მეტი ჩარჩოს (თაღის) ამოღება. ამოსაღები ჩარჩოების (თაღების) წინა და უკანა ჩარჩოები (თაღები) დროებით უნდა გაძლიერდეს განმბჯენებით ან ბიგებით და ჩაიკეროს.

 3. გვირაბის გადამაგრება უნდა განხორციელდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, რომელსაც ხელმოწერით უნდა გაეცნონ მომსახურე პერსონალი და უბნის სპეციალისტები. შტრეკის კვერშლაგთან, ბრემსბერგთან, ქანობთან, კამერასთან, სასვლელთან შეუღლების გადამაგრება უნდა ჩატარდეს უბნის სპეციალისტის თანდასწრებით.

 4. ჰორიზონტალურ გვირაბში სალოკომოტივო ზიდვისას გადამაგრებისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს სამუხრუჭო მანძილის სიგრძეზე, მაგრამ არანაკლებ 80 მ-ზე, სამუშაო ადგილის ორივე მხარეს დაყენებული უნდა იქნეს შუქსიგნალები და მაფრთხილებელი ნიშნები `სარემონტო სამუშაოები~.

 5. აკრძალულია გვირაბის გადამაგრებისა და სარემონტო სამუშაოების ადგილების შემომღობავი შუქსიგნალების და მაფრთხილებელი ნიშნების მოხსნა სამუშაოების მთლიანად დამთავრებამდე და გზის მდგომარეობის შემოწმებამდე.

 6. ვერტიკალურ და დახრილ გვირაბებში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას აკრძალულია მათში იმ ადამიანების გადაადგილება, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს არ აწარმოებენ. თუ გვირაბის დახრის კუთხე 180-ზე მეტია, გვირაბში აკრძალულია ერთდროულად ერთზე მეტ ადგილას სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

 7. ჭაურის ქანობისა და ბრემსბერგის რემონტისათვის განკუთვნილი ტვირთების ჩაშვებისა და ამოტანისას ტვირთის მიმღები და ამწევი მანქანის მემანქანე დაკავშირებულნი უნდა იყვნენ სიგნალიზაციით.

 8. უსასრულო ბაგირით ზიდვისას დახრილი საზიდი გვირაბის რემონტი ნებადართულია ჩატარდეს მაშინ, როდესაც ბაგირზე ვაგონეტები არაა ჩაბმული. გვირაბების რემონტისთვის განკუთვნილი ვაგონეტების დატოვება შეიძლება იმ პირობით, თუ ისინი საიმედოდაა დამაგრებული, ხოლო გვირაბებში, სადაც გამოყენებულია ბოლო ბაგირით ზიდვა _ დამაგრებულია წევის ბაგირზე.

 9. ჭაურის რემონტის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს:

 ა) რემონტის ადგილის ქვევით ჭაურის გადახურვა მცველი თაროთი, რაც გამორიცხავს ჭაურში ქანის ნატეხების, სამაგრის ელემენტების და ინსტრუმენტების ვარდნას;

 ბ) ჭაურის გადახურვა სამუშაო ადგილიდან არა უმეტეს 5 მ სიმაღლეზე, ზევიდან შემთხვევით ჩავარდნილი საგნებისგან მომუშავეთა დასაცავად;

 გ) სამუშაოს წარმოება დამაგრებული უძრავი ან კიდული თაროდან, საიდანაც კიბის განყოფილების თარომდე უნდა მოეწყოს საკიდი კიბე.

 10. ჭაურის რემონტზე მომუშავეებს უნდა ჰქონდეთ მცველი სარტყლები.

 11. ჭაურის სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს გამოცდილი მომსახურე პერსონალის მიერ. სპეციალისტის მუდმივი თანდასწრების აუცილებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.

 12. ზუმპფში სამუშაოების ჩატარებისას, ჭაურში ამწევი ჭურჭლების მოძრაობა მთლიანად უნდა შეწყდეს, ხოლო ზუმპფში მომუშავენი დაცულნი უნდა იქნენ ზემოდან საგნების შემთხვევითი ვარდნისგან.

 13. ძველი მაღაროს ჭაურების და შურფების აღდგენისას მათში ადამიანების ჩასვლა ნებადართულია გვირაბების განიავების, სამაგრის მდგომარეობისა და ჰაერის შედგენილობის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ.

მუხლი 16. მაღაროს და გვირაბების ლიკვიდაცია და კონსერვაცია

 1. მაღაროს ლიკვიდაცია და კონსერვაცია უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შესრულებული და უსაფრთხოების ექსპერტიზა გატარებული პროექტით. ცალკეული გვირაბების ლიკვიდაცია და კონსერვაცია უნდა განხორციელდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად.

 2. მაღაროს მთლიანი ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის ან კონსერვაციისას გვირაბები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვას, კონსერვაციისას კი _ ამასთან ერთად, საბადოს და გვირაბების შენახვას კონსერვაციის მთელი დროის განმავლობაში. სალიკვიდაციო მაღაროს მომიჯნავე მაღაროებში გატარებული უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სამთო სამუშაოების უსაფრთხო წარმოებას.

 3. სალიკვიდაციო გვირაბი, რომელსაც ზედაპირზე აქვს გასასვლელი (ვერტიკალური ჭაური, შურფი და 200 მმ და მეტი დიამეტრის ჭაბურღილები), მთლიანად უნდა ამოივსოს უწვავი მასალებით (თიხის გარდა), ლიკვიდაციის პერიოდში გვირაბის პირი უნდა შემოიღობოს.

 4. იმ დახრილი და ჰორიზონტალური გვირაბების ლიკვიდაციისას, რომელთაც გასასვლელი აქვს მიწის ზედაპირზე, დაყენებული უნდა იქნეს აგურის, ქვის ან ბეტონის ორი მამხოლოებელი ზღუდარი.

 5. ლიკვიდირებული გვირაბის პირი შემოღობილი უნდა იყოს წყალსარინი თხრილებით. აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედი გვირაბის დატბორვის წინააღმდეგ მიღებული უნდა იქნეს დაცვის დამატებითი ზომები. ლიკვიდირებული გვირაბი დროულად უნდა აისახოს სამთო სამუშაოების გეგმაზე.

 6. ლიკვიდირებული გვირაბის პირი, რომელსაც აქვს გასასვლელი ზედაპირზე, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ უნდა დაათვალიეროს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულმა კომისიამ.

 7. გვირაბის ლიკვიდაციის პროექტის შესრულების და დათვალიერების შედეგები უნდა გაფორმდეს აქტებით.

 8. აკრძალულია სამაგრის ამოღება მაღაროს ჭაურიდან და სხვა ვერტიკალური გვირაბიდან, აგრეთვე, 300-ზე მეტი დახრის კუთხის გვირაბებიდან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაზეც უნდა შედგეს პროექტი და დამტკიცდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.

 9. ჰორიზონტალურ და დახრილ გვირაბებში სამაგრის ამოღება უნდა განხორციელდეს გამოცდილი მომსახურე პერსონალის მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ინსტრუქტაჟი. გვირაბი უნდა გაუქმდეს მაღაროს ჭაურის გასასვლელის მიმართულებით. 

 10. 150-დან 300-მდე დახრის კუთხის გვირაბში სამაგრის ამოღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქვემოდან ზევით, უბნის ტექნიკური ხელმძღვანელის თანდასწრებით.

მუხლი 17. გვირაბში ადამიანების და საგნების ვარდნის თავიდან აცილება

 1. ამწევდანადგარიანი ვერტიკალური და დახრილი, მოქმედი და მშენებარე გვირაბების (ჭაური, შურფი და სხვ.) პირი არასამუშაო მხრიდან უნდა შემოიღობოს, სულ ცოტა, 2,5 მ სიმაღლის კედლით ან ლითონის ბადით, ხოლო სამუშაო მხრიდან _ ბლოკირებით და სიგნალიზაციით აღჭურვილი გისოსებით ან კარით.

 2. იმ შემთხვევაში, თუ ჭაური, შურფი და სხვა ვერტიკალური და დახრილი გვირაბი აღჭურვილი არაა ამწევი დანადგარით, ჭაურის პირის სამაგრი გვირაბის მიმართულებით ზედაპირიდან უნდა გამოდიოდეს, სულ ცოტა, 1 მ-ით.

 3. ვერტიკალური გვირაბის პირი უნდა გადაიხუროს საიმედო საკეტებიანი, სამაგრზე მტკიცედ დამაგრებული სარქვლებით ან გისოსებით. ჭაურების ზუმპფს მასში ადამიანების ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად უნდა ჰქონდეს შემოღობვა.

 4. ვერტიკალური გვირაბის ჰორიზონტალურთან გადაკვეთისას ადამიანების გადასასვლელად გაყვანილი უნდა იქნეს შემომვლები გვირაბი. გასასვლელის მოწყობა ნებადართულია კიბის განყოფილების ქვეშ.

 5. 250-ზე მეტი დახრის კუთხის გვირაბის პირი მის ჰორიზონტალურ გვირაბთან შეუღლების ადგილას უნდა შემოიღობოს და გადაიხუროს მტკიცე თაროთი, ჭაურის შახტის სარქვლით ან ლითონის გისოსით. ამ გვირაბის ლიკვიდაციისას მისი პირი უნდა გადაიხუროს თაროთი და შემოიღობოს.

 6. ბადიებით აწევისას ჭაურების პირთან, როგორც ქვედა, ისე ზედა მიმღებ ბაქანზე მებადიეს დასაყრდნობად დაყენებული უნდა იყოს ტიხრები. თუ ვერტიკალური გვირაბის სარქვლის გასაღებად არ გამოიყენება მექანიკური ამძრავი, მებადიეს მუშაობა მცველი სარტყლის გარეშე აკრძალულია.

 7. ჭაურების და შურფების კიბის განყოფილება სხვა განყოფილებებიდან იზოლირებული უნდა იყოს ფიცრის ან ლითონის ტიხრით, რომელიც გვირაბის მთელ სიგრძეზე უნდა იყოს შიდა მხრიდან მიკერებული უწყვეტად (ან არა უმეტეს 0,1 მ შუალედით).

 8. ჭერის ჩამოქცევით ისეთი ფენების დამუშავებისას, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ზედაპირის რელიეფის რღვევა (ჩაქცევების წარმოქმნა) საწმენდი სამუშაოების დაწყების წინ, ზედაპირზე უნდა განისაზღვროს სახიფათო ზონა, რომლის ირგვლივ უნდა მოეწყოს შემოღობვა და დაიკიდოს მაფრთხილებელი ნიშნები. აკრძალულია მომიჯნავე ჩანაქცევებს შორის წარმოქმნილ ყელზე ტრანსპორტის და ადამიანების გადაადგილება. წარმოქმნილი ჩანაქცევები უნდა შემოისაზღვროს და ამოივსოს.

თავი VI. წყალამოღვრა

მუხლი 18. ზოგადი მოთხოვნები წყალამოსაღვრელი დანადგარის მიმართ

1. მაღაროს მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარი მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურად მოწყობილ სატუმბო კამერაში. დანადგარი უნდა უზრუნველყოფდეს წყლის მაქსიმალური მოდინების ამოტუმბვას.

2. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის ნორმალურ რეჟიმში ერთდროულად მომუშავე ტუმბოების ჯამური მწარმოებლურობა უნდა უზრუნველყოფდეს წყლის ნორმალური დღეღამური მოდინების ამოტუმბვას ისე, რომ არ მოხდეს დატბორვა.

3. წყალამოსაღვრელი დანადგარი უნდა შედგებოდეს მუშა და ერთი სათადარიგო ტუმბოსაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მე- 2 პუნქტის მოთხოვნებს, მაღაროს უნდა გააჩნდეს დამატებითი სატუმბი დანადგარები.

 4. მთავარ და საუბნო წყალამოსაღვრელ დანადგარებთან უნდა მოეწყოს წყალსაკრებები, რომლებიც უნდა შედგებოდეს ორი ან მეტი ერთმანეთისგან იზოლირებული შტოსგან. საუბნო წყალამოსაღვრელ დანადგარს დასაშვებია წყალსაკრებები ერთ გვირაბში ჰქონდეს.

 5. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის წყალსაკრების ტევადობა დალამვის გაუთვალისწინებლად გათვლილი უნდა იყოს წყლის 4 საათიან, ხოლო საუბნოებისა _ 2 საათიან მაქსიმალურ მოდინებაზე.

 6. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის სატუმბო და ჭაურის გაყვანისას შუალედურ სატუმბო კამერები უნდა მოეწყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 7. მთავარი წყალამოსაღვრელი დანადგარის სადაწნეო მილსადენს მონტაჟის შემდეგ და ექსპლუატაციისას უნდა ჩაუტარდეს ჰიდრავლიკური გამოცდა მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პერიოდულობით.

 8. თუ წყალამოსაღვრელი დანადგარი არ არის აღჭურვილი ავტომატური მართვის მოწყობილობით, მას უნდა ემსახურებოდეს კვალიფიციური ზეინკალი.

 9. ავტომატიზებული სატუმბო დანადგარის წყალამოსაღვრელი დანადგარის ავტომატიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს ამუშავების წინ ტუმბოების წყლით ავტომატურად ავსებას, მწყობრიდან გამოსული ტუმბოს ნაცვლად სარეზერვო ტუმბოს ავტომატურ ჩართვას და დანადგარის მუშაობაზე კონტროლს.

 10. ავტომატიზებული სატუმბო დანადგარის დაათვალიერების პერიოდულობას ადგენს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელი.

მუხლი 19. დატბორილი გვირაბისა და წყლის ობიექტების დაცვა წყლის გამოხეთქვისგან

 1. დატბორილი გვირაბიდან წყლის გამოხეთქვის მხრივ საშიში ზონების საზღვრების დადგენა და ამ ზონებში სამთო სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად.

 2. ფენაში, რომელიც განლაგებულია დატბორილგვირაბიანი ფენის ზემოთ და ქვემოთ, წყლის გამოხეთქვის მხრივ საშიშ ზონად უნდა ჩაითვალოს დამცავი მთელანის ზონები.

 3. საბარიერო და დამცავი მთელანების საზღვრებში საწმენდი სამუშაოები უნდა ჩატარდეს დატბორილი გვირაბიდან წყლის გამოშვების შემდეგ.

 4. დატბორილი გვირაბის გამოხეთქვის მხრივ საშიშ, დაუზუსტებელი კონტურის ზონაში, მოსამზადებელ და გამჭრელ გვირაბებში საწმენდი სამუშაოები უნდა წარმოებდეს სამუშაო უბნის წინასწარი შემოფარგვლის შემდეგ.

 5. საშიში ზონის საზღვრებში, ფენაში ან ფუჭ ქანში წყლის გამოშვებისათვის განკუთვნილი მოსამზადებელი გვირაბის გაყვანისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

 ა) გვირაბის გაყვანა უნდა მოხდეს ვიწრო სანგრევით, წინმსწრები ჭაბურღილების ბურღვით;

 ბ) წინმსწრები ჭაბურღილის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 76 მმ-ს.

 6. მაღაროს მთავარი მარკშაიდერი ვალდებულია, სამთო სამუშაოების გეგმაზე დაიტანოს საშიში ზონის საზღვრები და მაღაროს ტექნიკურ ხელმძღვანელს და უბნის უფროსს წერილობით აცნობოს ამ ზონასთან სამთო გვირაბების მიახლოების, საშიშ ზონაში სამთო სამუშაოების დაწყების და დამთავრების შესახებ.

 7. მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელი ვალდებულია, საშიშ ზონებში სამთო სამუშაოების წარმოების დამტკიცებული პროექტი ხელმოწერით გააცნოს ყველა მუშაკს, რომელიც დაკავებულია ამ სამუშაოებით და ახორციელებს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს.

 8. საშიში ზონის ახლოს მდებარე სანგრევში, წყლის შესაძლო გამოხეთქის ნიშნების გამოვლენისას (სანგრევის შენამვა, წვეთის მომატება და სხვ.), უბნის ცვლის ზედამხედველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანოს მომსახურე პერსონალი დატბორვის მხრივ საშიში ყველა გვირაბიდან.

 9. ჰაერში ჟანგბადის და მავნე აირების შემცველობის შემოწმება უნდა განხორციელდეს სათანადოდ აღჭურვილი სპეციალისტების მიერ.

 10. მიწის ზედაპირზე სამთო სამუშაოების შედეგად ხრამებში გაჩენილი ჩაქცევები უნდა ამოივსოს თიხით, დაიტკეპნოს და შესაძლო წყალდენის კალაპოტში მოეწყოს ღარი.

 11. მაღაროს ვერტიკალური და დახრილი ჭაურის, შურფის, შტოლნის და ტექნიკური ჭაბურღილის პირები ისე უნდა იქნეს მოწყობილი, რომ მათი გავლით ზედაპირულმა წყალმა ვერ შეაღწიოს გვირაბებში.

 12. მიწისქვეშა სამთო სამუშაოების შედეგად ნიადაგის დაჯდომის გამო გაუქმებული ვერტიკალური და დახრილი გვირაბების პირები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედ გვირაბებთან და შესაძლებელია დაიტბოროს ზედაპირული წყლებით, გაუქმებული გვირაბის პირის საშიში უბნის ირგვლივ, მაგრამ მისგან არა უმეტეს 20 მ-ის მანძილზე, უნდა დაყენდეს წყალდამცავი დამბა ან უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ გაუქმებულიდან მოქმედ გვირაბში წყლის შეღწევას.

კარი III გვირაბების განიავება

თავი VII. მაღაროს განიავება

მუხლი 20. მაღაროს ჰაერი და სავენტილაციო ქსელი

 1. მაღაროს განიავება ისე უნდა განხორციელდეს, რომ მოქმედ გვირაბებში ჰაერის შედგენილობა, სიჩქარე და ტემპერატურა შეესაბამებოდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნებს. გვირაბებში მიწოდებული ჰაერის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო მონაცემებს.

 2. დამოუკიდებელი განიავების მქონე მაღაროების ერთი სავენტილაციო სისტემით განიავება ნებადართულია მხოლოდ სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შესრულებული პროექტით. ამ შემთხვევაში მაღაროების სავენტილაციო მომსახურება უნდა აწარმოოს ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბანმა სათანადოდ შედგენილი ერთიანი ავარიის ლიკვიდაციის გეგმით. გვირაბებში, რომლებიც აერთიანებს დამოუკიდებელი განიავების მქონე მაღაროებს და არ არის გაერთიანებული ერთიან სავენტილაციო სისტემად, საჭიროა მოეწყოს ყრუ ცეცხლგამძლე გამმიჯნავი ზღუდარები. ზღუდარების დაყენების ადგილი და კონსტრუქცია უნდა დადგინდეს პროექტით.

 3. დროებით გაჩერებული საექსპლუატაციო უბნები და გამოუყენებელი გვირაბები მუდმივად უნდა ნიავდებოდეს. გვირაბები და უბნები, რომელთა ექსპლუატაცია დამთავრებულია ან დროებით შეჩერებულია და გამოუყენებელია, იზოლირებული უნდა იქნეს ზღუდარებით იზოლირებული გვირაბების ზღუდარების გახსნა და მაღაროს მავნე აირებისგან გაწმენდა უნდა მოხდეს სამთომაშველი სამსახურის მიერ, მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის დამტკიცებული და სამთომაშველ სამსახურთან შეთანხმებული ღონისძიებების შესაბამისად.

მუხლი 21. სავენტილაციო მოწყობილობა

 1. სავენტილაციო ჭავლების მოკლედ შერთვის (შერევის) თავიდან აცილების და რევერსირების უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოეწყოს რაბები, კროსინგები და ყრუ ზღუდარები. ჭაურებს (ჰაერის მიმწოდს და გამწოვს) შორის შემაერთებელ და სავენტილაციო ჭავლის დამოკლების საწინააღმდეგოდ გვირაბებში მოწყობილი რაბები აგებული უნდა იყოს უწვავი მასალისაგან.

 2. სავენტილაციო კარი უნდა მოეწყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 3. ყველა სავენტილაციო კარი (მათ შორის სარევერსო) უნდა იყოს თვითდაკეტვადი და მუდმივად დახურული. იმ გვირაბებში, სადაც წარმოებს ინტენსიური ზიდვა (ცვლაში 6 და მეტი შემადგენლობა), კარი უნდა იღებოდეს და იხურებოდეს ავტომატურად ან დისტანციურად.

 4. აკრძალულია კარიანი სავენტილაციო ნაგებობის დაყენება დახრილ საზიდ გვირაბში. სავენტილაციო ნაგებობა, რომელიც მოწყობილია საზიდი გვირაბის ქვევით, დაცული უნდა იყოს ბარიერით.

მუხლი 22. სავენტილატორო დანადგარი

1. მიწისქვეშა გვირაბების განიავება უნდა განხორციელდეს უწყვეტად მომუშავე მთავარი და დამხმარე ვენტილატორებით, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს ზედაპირზე, ჰერმეტულად გადახურული ჭაურების, შურფების, შტოლნებისა და ჭაბურღილების პირიდან, სულ ცოტა, 20 მ-ის დაშორებით. აკრძალულია მაღაროს მხოლოდ ბუნებრივი წევით განიავება.

 2. მთავარი განიავების სავენტილატორო დანადგარი უნდა შედგებოდეს, სულ ცოტა, ორი დამოუკიდებელი აგრეგატისგან, რომელთაგან ერთ-ერთი სარეზერვოა. მრავალაგრეგატიან სავენტილატორო დანადგარში აკრძალულია იმ ვენტილატორების ექსპლუატაცია, რომელთა ძირითადი პარამეტრები (მწარმოებლურობა, დეპრესია) განსხვავდება 10 %-ზე მეტად.

 3. ვენტილატორი აღჭურვილი უნდა იყოს როტორის თვითნებური ბრუნვის შემაფერხებელი სამუხრუჭე და საჩერებელი მოწყობილობით.

 4. მთავარი განიავების სავენტილატორო დანადგარმა უნდა უზრუნველყოს სავენტილაციო ჭავლის რევერსირება ყველა გვირაბში, რომელიც ნიავდება საერთო დეპრესიის ხარჯზე. დამხმარე სავენტილატორო დანადგარმა უნდა უზრუნველყოს სავენტილაციო ჭავლის რევერსირება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გათვალისწინებულია ავარიის ლიკვიდაციის გეგმით. ვენტილატორის რევერსიულ რეჟიმზე გადაყვანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წთ-ს. რევერსიულ რეჟიმში ვენტილატორის მწარმოებლურობა უნდა იყოს ნორმალური რეჟიმის მწარმოებლურობის, სულ ცოტა, 60 %.

 5. სარევერსო, გადამრთველი და საჰერმეტიზაციო მოწყობილობის მოქმედების წესივრულობა უნდა შემოწმდეს, მაღაროს ტექნიკური დირექტორის მიერ დამტკიცებულ ვადებში. ავარიის ლიკვიდაციის გეგმის შესაბამისად წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ (ზაფხულში და ზამთარში), აგრეთვე, მაღაროს განიავების სქემისა და ვენტილატორის შეცვლისას გვირაბებში უნდა წარმოებდეს სავენტილაციო ჭავლის რევერსირება. ამასთან, რევერსირებასთან დაკავშირებული სამუშაოების დროს მაღაროში აკრძალულია სხვა სამუშაოების წარმოება.

 6. სავენტილატორო დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს დისტანციური მართვის და კონტროლის აპარატურით. მოქმედ სავენტილატორო დანადგარს, რომელიც არ არის აღჭურვილი დისტანციური მართვისა და კონტროლის აპარატურით, უნდა ემსახურებოდეს მემანქანე. სავენტილატორო დანადგარის მემანქანემ ან მართვის პულტის მომსახურე პირმა უნდა აწარმოოს დანადგარის მუშაობის შედეგების ფიქსაცია.

 7. სავენტილატორო დანადგარის გაჩერება ან მისი მუშაობის რეჟიმის შეცვლა, გარდა ავარიული შემთხვევებისა, შეიძლება განხორციელდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის წერილობითი განკარგულებით.

 8. სავენტილატორო დანადგარის უეცარი გაჩერებისას, რომელიც გამოწვეულია მისი უწესივრობით ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით, გატარებულ უნდა იქნას ზომები, მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ღონისძიებების შესაბამისად.

 9. ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტაზე ან სავენტილატორო დანადგარის მუშაობის სავარაუდო შეჩერებაზე შეტყობინების მიღების შემთხვევაში მაღაროს დისპეტჩერი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია დროულად მიიღოს ზომები მაღაროში მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 23. ჩიხური გვირაბის განიავება

 ჩიხური გვირაბის განიავება უნდა წარმოებდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი VIII. მტვერთან ბრძოლა

მუხლი 24. მტვერთან ბრძოლის ზოგადი მოთხოვნები

1. მიმღები ბუნკერი, საყირავი, სკიპის დამტვირთავი და განმტვირთავი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ასპირაციის და ჰაერის გაწმენდის საშუალებებით, აგრეთვე, სამთო მასის გაბნევისა და მისი ამტვერების საწინააღმდეგო მოწყობილობით.

 2. აკრძალულია სუფთა ჰაერის მიწოდება იმ ჭაურით, რომელიც აღჭურვილია სასკიპე აწევით ან საყირავი გალით, აგრეთვე, ამოსაღები უბნის საზღვრებს გარეთ, ლენტური კონვეიერებით აღჭურვილი დახრილი ჭაურითა და გვირაბით.

მუხლი 25. მაღაროს ჰაერის მდგომარეობის კონტროლი

 1. მაღაროს სავენტილაციო გეგმა შედგენილ უნდა იქნას სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, სისტემატურად უნდა ივსებოდეს და 6 თვეში ერთხელ მაინც ხელახლა უნდა შედგეს.

 2. მაღაროში სამთო სამუშაოების განვითარების გეგმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს ჰაერის ხარჯის, დეპრესიის და ვენტილაციის გაანგარიშება.

 3. მაღაროს სავენტილაციო გეგმა უნდა ინახებოდეს მაღაროს ტექნიკურ ხელმძღვანელთან, ვენტილაციის უბნის ხელმძღვანელთან და სამთო დისპეტჩერთან.

 4. ჰაერის ხარისხის შეფასების, გვირაბებს შორის მათი განაწილების სისწორის განსაზღვრისათვის უნდა წარმოებდეს ჰაერის ხარჯის გაზომვა და მისი შედგენილობის შემოწმება:

ა) საწმენდი და ჩიხური გვირაბების შემავალ და გამომავალ ჭავლზე;

ბ) ამოსაღები უბნის, ფრთის, ფენის და მაღაროს ამომავალ ჭავლზე;

გ) აღმავალი ჩიხური გვირაბის სანგრევებთან.

 5. ჰაერის შედგენილობის შემოწმების ყველა ადგილზე უნდა გაიზომოს ჰაერის სიჩქარე და ტემპერატურა.

 6. საამფეთქებლო სამუშაოების შემდეგ ჭაურში, მიუხედავად მისი სიღრმისა, ჰაერის შედგენილობის შემოწმება უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ მაინც. შემოწმება უნდა ჩატარდეს ორ ადგილზე _ ჭაურის პირიდან 20 მ-ის დაშორებით და სანგრევთან. ჰაერის შედგენილობის შემოწმება, მისი გვირაბებში განაწილება და აირსიუხვის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს მაღაროს და სამთომაშველი სამსახურის სპეციალისტების მიერ.

 7. ისეთი გვირაბი, რომლის პარამეტრები (სიგრძე, კვეთი, სამაგრის სახეობა, ჰაერის ხარჯი, დეპრესია, აეროდინამიკური წინაღობა) დროის განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, საჭიროების შემთხვევაში უნდა შემოწმდეს საკონტროლო გაზომვებით, მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში.

 8. გვირაბების ნუსხა (საწმენდი სანგრევები და მათთან მომიჯნავე გვირაბები, მოსამზადებელი გვირაბები და სავენტილაციო ნაგებობიანი გვირაბები), კვარტალში ერთხელ უნდა შედგეს სპეციალისტების მიერ და დაამტკიცოს მაღაროს ტექნიკურმა ხელმძღვანელმა.

 9. მაღაროს მთავარ შემავალ და გამომავალ ჭავლებზე ჰაერის გაზომვის ადგილებში უნდა მოეწყოს საზომი სადგურები. სხვა გვირაბებში ჰაერის გაზომვა უნდა ჩატარდეს სწორხაზოვან, გადაუტვირთავ უბნებზე იქ, სადაც სამაგრი მჭიდროდ ეკვრის გვირაბის კედლებს.

 10. ჰაერის გაზომვის ადგილებში უნდა იყოს დაფა, რომელზეც უნდა ჩაიწეროს გაზომვის თარიღი, გვირაბის (საზომი სადგურის) განივი კვეთის ფართობი, ჰაერის საანგარიშო და ფაქტობრივი ხარჯი და ჰაერის ჭავლის სიჩქარე.

კარი IV მექანიკური მოწყობილობა

თავი IX. ამწევი დანადგარი

მუხლი 26. ზოგადი მოთხოვნები, ჭაურის არმირება, ამწევი მანქანა, გვირაბგამყვანი ჯალამბარი და ამწევი დანადგარის მომსახურება

ჭაურის არმირება, ამწევი მანქანა (მომსახურება), გვირაბგამყვანი ჯალამბარი უნდა იყოს უსაფრთხო მდგომარეობაში და აკმაყოფილებდეს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

თავი X. ბაგირები

მუხლი 27. ბაგირის გამოცდა, ექსპლუატაცია, ინსტრუმენტული კონტროლი და საკიდი და მისაბმელი მოწყობილობა

ბაგირების, საკიდი და მისაბმელი მოწყობილობის გამოცდა, ექსპლუატაცია და ინსტრუმენტული კონტროლი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

თავი XI. მაღაროს ტრანსპორტი

მუხლი 28. ადამიანების გადაყვანა ჰორიზონტალურ და დახრილ გვირაბებში

 1. გვირაბში ადამიანების გადაყვანა უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი და დადგენილი წესით დაშვებული სამგზავრო საშუალებებით, მათი ექსპლუატაციის საქარხნო ინსტრუქციების მითითებების შესაბამისად.

 2. საკონვეიერო ტრანსპორტით აღჭურვილ გვირაბებში დაუშვებელია საელმავლო ზიდვის შეთავსება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტვირთის გადაადგილება ხდება გვირაბის და კონვეიერის მომსახურებისა და რემონტის მიზნით.

 3. ჰორიზონტალურ გვირაბში მასალებიანი და მოწყობილობიანი შემადგენლობის თანმხლები პირების, აგრეთვე, ცვლის განმავლობაში ცალკეული პირების გადასაყვანად, სატვირთო შემადგენლობაში დასაშვებია ერთი სამგზავრო ვაგონეტის ჩართვა. ვაგონეტი უნდა განლაგდეს შემადგენლობის თავში, ელმავლის უკან. ასეთი ვაგონეტით ადამიანების გადაყვანის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 12 კმ/სთ-ს. დაუშვებელია სამგზავრო ვაგონეტზე მასალებიანი და მოწყობილობიანი პლატფორმის, აგრეთვე, ისეთი ვაგონეტების მიბმა, რომელთა გაბარიტებს სცილდება გადასატანი ტვირთი.

 4. ჰორიზონტალურ გვირაბში ადამიანების სამგზავრო ვაგონეტებით (მატარებლით) გადაყვანისას მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 კმ/სთ-ს, ხოლო ამ მიზნით მოწყობილი სატვირთო ვაგონეტებით ადამიანების გადაყვანისას _ 12 კმ/სთ-ს.

 5. დახრილ გვირაბში ადამიანების გადაყვანისას მოძრავი შემადგენლობა აღჭურვილი უნდა იყოს საიმედო და უმტყუნებო ავტომატური მოწყობილობით (პარაშუტით), რომელმაც დადგენილი სიჩქარის 25 %-ით გადაჭარბების, ბაგირის, მისაბმელი მოწყობილობის ან გადაბმის გაწყვეტისას მატარებელი (ვაგონეტი) მკვეთრი ბიძგის გარეშე უნდა გააჩეროს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ხელის ამძრავით პარაშუტის მოქმედებაში მოყვანის შესაძლებლობა.

 6. დახრილ გვირაბში ადამიანების გადაყვანისთვის განკუთვნილი ვაგონეტების ექსპლუატაციაში შესვლისას, აგრეთვე, პერიოდულად, სულ ცოტა, 6 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს პარაშუტების გამოცდა მათი ექსპლუატაციის საქარხნო ინსტრუქციების მითითებების შესაბამისად.

 7. ვაგონეტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანების გადასაყვანად ორლიანდაგიან გვირაბში, აგრეთვე გვირაბში, რომელშიც დასაჯდომი ბაქნები განლაგებულია ერთი მხრიდან, ღიობები არასამუშაო მხრიდან და ლიანდაგთშორისი ღიობები ყრუდ უნდა დაიხუროს.

 8. დახრილ გვირაბში ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი მატარებლის მოძრაობის მიმართულებით პირველი ვაგონეტი აღჭურვილი უნდა იყოს შუქსიგნალით.

 9. დახრილ გვირაბში ადამიანების გადასაყვანი სამგზავრო ვაგონეტები ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს ორმაგი გადაბმით.

10. აკრძალულია:

ა) გვირაბში ადამიანების გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც ამ მიზნით ექსპლუატაციისათვის დადგენილი წესით არაა დაშვებული;

ბ) მატარებელში ადამიანებთან ერთად ვაგონეტების ბორტიდან გამოშვერილი სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების, ფეთქებადი და ადვილაალებადი მასალების გადატანა;

გ) სატვირთო ვაგონეტების მიბმა ადამიანების გადასაყვან შემადგენლობასთან (ნებადართულია შემადგენლობის ბოლოს ჰორიზონტალურ გვირაბში ინსტრუმენტის გადასატანად არა უმეტეს ორი ვაგონეტის მიბმა);

დ) ადამიანების გადაადგილება ელმავლით, მოუწყობელი ვაგონეტით, პლატფორმით (ბაქნით). მემანქანის ნებართვით დასაშვებია სპეციალისტებისა და ელმავლის მემანქანის სტაჟიორის ელმავლით გადაყვანა მეორე კაბინის (საჯდომის) არსებობის შემთხვევაში;

ე) შემადგენლობის მოძრაობის დროს ვაგონეტებს შორის გადასვლა.

 11. სამგზავრო ვაგონეტებით ადამიანების ჩაშვებისა და აწევისთვის განკუთვნილი ბოლო კიდული ბაგირით ზიდვისას დანადგარი უნდა აღიჭურვოს იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც წაეყენება სახალხო ამწევ დანადგარს და განლაგდეს ცალკე გვირაბში. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება დახრილი გვირაბის გაყვანის და რემონტის პერიოდზე.

 12. აკრძალულია ერთ დახრილ გვირაბში ადამიანების ჩასაშვები (ასაწევი) საშუალების და ტვირთების ჩასაშვები (ასაწევი) სარელსე სატრანსპორტო საშუალების ერთდროული მუშაობა, გარდა ამ გვირაბის გაყვანის და რემონტისა.

 13. ადამიანების და ტვირთების ჩასაშვებად და ასაწევად ერთი ამწევი დანადგარის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ამწევი ჭურჭლების (ვაგონეტების) შეცვლა (კვლავმიბმა).

 14. ბოლო კიდული ბაგირით ზიდვისას დახრილი გვირაბის გაყვანის, ჩაღრმავების და კაპიტალური რემონტის სამუშაოების დამთავრებამდე დასაშვებია გვირაბში ადამიანების ჩაშვება და აწევა გალით ან სპეციალური ვაგონეტებით (საპარაშუტო მოწყობილობის გარეშე). ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს გადაადგილების საშუალებიდან მემანქანისთვის სიგნალის მიწოდების შესაძლებლობა.

 15. უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით ყოველ ცვლაში, ადამიანების გადაყვანის დაწყებამდე, დახრილ გვირაბში სამგზავრო ვაგონეტები და გალი, აგრეთვე, საპარაშუტო და მისაბმელი მოწყობილობა და კოუშთან ბაგირის ჩამაგრების ადგილი უნდა იქნას დათვალიერებული.

 16. მაღაროში ბრძანებით უნდა დაინიშნოს დახრილ გვირაბებში ადამიანების გადაყვანაზე პასუხისმგებელი პირი.

მუხლი 29. ტვირთის გადაზიდვა ჰორიზონტალურ და დახრილ გვირაბებში

 1. აკრძალულია სატვირთო ვაგონეტების, აგრეთვე, სექციური მატარებლების ექსპლუატაცია:

ა) უწესივრო ნახევარწყვილთვლებით (მორყეული თვლები, არასრული სამაგრი ჭანჭიკები და ლილვაკები, წყვილთვლების მოღუნული ღერძები და ღერძებზე ბზარები, თვლებზე ღრმა ნაჭდევები და სხვ.);

ბ) უწესივრო და დასაშვებ ნორმაზე მეტად გაცვეთილი გადასაბმელებით, საყურეებით და წევის სხვა ნაწილებით;

გ) უწესივრო მუხრუჭებით;

დ) უწესივრო ჩამკეტი მექანიზმებით და ვაგონეტების (სექციური მატარებლების) არამჭიდროდ მიბჯენილი ძროთი, როდესაც განტვირთვა ხდება ძირიდან;

ე) დეფორმირებული ან დარღვეული ვაგონსქვედა საბჯენებით;

ვ) ვაგონეტის დარღვეული ან 50 მმ-ზე მეტად გარეთ ამოღუნული ძარას კედლით;

ზ) სექციური მატარებლის უწესივრო სექციათშორისი გადახურვით;

თ) უწესივრო ბუფერებით.

 2. აკრძალულია:

ა) გადაუბმელი შემადგენლობის წაბიძგება, ასევე უშუალოდ ელმავალზე, პლატფორმის ან ზომაგრძელი მასალებიანი ვაგონეტების, აგრეთვე ხე-ტყით ან სატრანსპორტო საშუალების ზედა გაბარიტიდან გამოწეული მოწყობილობით დატვირთული ვაგონეტების და პლატფორმების მიბმა;

ბ) ვაგონეტების ხელით გადაბმა და ჩახსნა შემადგენლობის მოძრაობის დროს, აგრეთვე, კაკვიანი გადასაბმელით გადაბმა და გადახსნა სპეციალური სამარჯვების გამოყენების გარეშე;

გ) ვაგონეტების გადაბმა და ჩახსნა დახრილ გვირაბში, დახრილ გვირაბსა და მოსახვევებში;

დ) მოძრავი შემადგენლობის დატოვება გვირაბის იმ ნაწილში, რომელსაც აქვს დახრა;

ე) სხვადასხვა ტიპის გადასაბმელმოწყობილობიანი ვაგონეტებით შემადგენლობის შედგენა;

ვ) ელმავლით შემადგენლობის წაბიძგება ბიგების, ფიცრების, აგრეთვე, პარალელურ ლიანდაგზე მოძრავი ელმავლის დახმარებით;

ზ) ვაგონეტების გადაბმა და გადასხნა საყირავამდე, სავენტილაციო კარამდე ან სხვა დაბრკოლებამდე 5 მ მანძილზე ახლოს;

თ) სახელდახელო საშუალებების გამოყენება მოძრავი შემადგენლობის დასამუხრუჭებლად და შესაკავებლად;

ი) ვაგონეტების, შემადგენლობის ან ელმავლის დატოვება ასაქცევლებზე ისრის გადასაყვანის ჩარჩოს რელსიდან 4 მ-ზე ახლო მანძილზე.

 3. მოძრავი შემადგენლობის გაჩერების ადგილები უნდა აღინიშნოს სათანადო ნიშნებით.

 4. ზომაგრძელი მასალების და მოწყობილობის გადატანისას აუცილებელია შემადგენლობაში ამ მიზნისათვის სპეციალურად განკუთვნილი ვაგონეტების ან პლატფორმების გამოყენება, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმული უნდა იყოს ხისტი გადასაბმელით.

 5. სტაციონარულ სატვირთავ პუნქტზე და საყირავთან გამოყენებული უნდა იქნეს საბიძგებელა. საბიძგებელას მართვა უნდა განხორციელდეს წალოებში განთავსებული პუნქტებიდან ან მომსახურე პერსონალისთვის უსაფრთხო სხვა ადგილებიდან. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს საყირაოს და საბიძგებელას ერთდროულად ჩართვის საწინააღმდეგო ბლოკირება. დასაშვებია საბიძგებელას ნაცვლად ელმავლის ან სამანევრო ჯალამბრის გამოყენება.

 6. დახრილ გვირაბში ბაგირის ამძრავიანი სატრანსპორტო საშუალებით ზიდვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სამარჯვები (საშუალებები), რომლებიც ბაგირის ან მისაბმელი მოწყობილობის გაწყვეტის შემთხვევაში ქვედა და შუალედურ მიმღებ ბაქნებზე ვაგონეტების დაგორებას შეუშლის ხელს.

 7. აკრძალულია ამწევი დანადგარის მუშაობის დროს დახრილ გვირაბში ადამიანების გადაადგილება.

 8. ამწევი დანადგარის მუშაობისას, დახრილ გვირაბში ბაქნებზე, სადაც წარმოებს ვაგონეტების გადაბმა და ჩახსნა, აკრძალულია იმ პირების შესვლა, რომლებიც ამ სამუშაოში არ მონაწილეობენ. ამისათვის უნდა დაიკიდოს შესაბამისი ამკრძალავი ნიშანი.

 9. თითოეულ ელმავალზე, აგრეთვე, ჭაურმიმდებარე ეზოში და დახრილი გვირაბის მიმღებ-გასაგზავნ ბაქნებზე უნდა იყოს დომკრატები ან სხვა სპეციალური საშუალებები რელსებიდან ჩამოვარდნილი ვაგონეტების ან ელმავლის რელსებზე დასაყენებლად, აგრეთვე, ბუნიკები და სამარჯვები ვაგონეტების გადაბმისა და გადახსნისათვის.

 10. გაუნათებელ გვირაბებში ხელით მიგორებისას, ვაგონეტის წინა გარე კედელზე უნდა ჩამოიკიდოს ჩართული სპეციალური სანათი.

 11. გვირაბებში ხელით მიგორებისას ვაგონეტებს შორის მანძილი 0,005 %-მდე დახრის ლიანდაგზე უნდა იყოს, სულ ცოტა, 10მ, ხოლო დიდი დახრის შემთხვევაში _ სულ ცოტა, 30მ. 0,01 %-ზე მეტი დახრისას ხელით მიგორება აკრძალულია.

 12. ვაგონეტების (პლატფორმების) უსასრულო და ბოლო კიდული ბაგირებით ზიდვისას გამოყენებული უნდა იქნეს გადასაბმელი და მისაბმელი მოწყობილობა, რომელიც არ იძლევა თავისით გადახსნის საშუალებას, ხოლო 180-ზე მეტი დახრის კუთხის გვირაბებში უსასრულო ბაგირით ზიდვისას, ამას გარდა, გამოყენებული უნდა იქნეს კონტრბაგირი.

 13. ვაგონეტების გადასაბმელები, უსასრულო და ბოლო კიდული ბაგირებით ზიდვის მისაბმელი მოწყობილობა, აგრეთვე, ელმავლის გადასაბმელი მოწყობილობა უნდა იყოს ქარხნული შესრულების.

 14. 0,005 % -მდე დახრის ჰორიზონტალურ გვირაბში სამანევრო სამუშაოების შესასრულებლად და ვაგონეტების გამოსატანად დასაშვებია ჯალამბრის გამოყენება, რომლის სიჩქარე 1 მ/წმ-მდეა. დახრილ გვირაბში მასალებისა და მოწყობილობის ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე, რემონტის დროს ქანის გამოსატანად და გადამაგრებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯალამბარი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დოლის (შკივის) დიამეტრის ფარდობა ბაგირის დიამეტრთან უნდა იყოს, სულ ცოტა, 20. დასაშვებია დოლზე ბაგირის მრავალშრიანი დახვევა;

ბ) ბაგირის მოძრაობის სიჩქარე დახვევის საშუალო რადიუსზე არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მ/წმ-ს;

გ) ჯალამბარი აღჭურვილი უნდა იყოს ორი მუხრუჭით, რომელთაგან ერთ-ერთი დოლის (შკივის) დასამუხრუჭებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მუხრუჭები ისე უნდა შეირჩეს, რომ ამძრავის დამუხრუჭებულ მდგომარეობაში სამუხრუჭო მომენტის სიდიდე სტატიკურზე, სულ ცოტა, ორჯერ მეტი იყოს.

მუხლი 30. ვერტიკალურ გვირაბში ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა

 მაღაროს ვერტიკალურ გვირაბში ადამიანების ჩაშვება, აწევა და ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 31. სალიანდაგო მეურნეობა

მაღაროს სალიანდაგო მეურნეობა უნდა მოეწყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 32. საელმავლო ზიდვა

მაღაროს საელმავლო ზიდვა უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 33. ზედაპირული რკინიგზის ტრანსპორტი

მაღაროს ზედაპირზე რკინიგზის ტრანსპორტის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ,,ტექნიკური რეგლამენტი კარიერების უსაფრთხოების შესახებ“–ის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 34. საკონტაქტო ქსელი

1. კონტაქტური ელმავლით ზიდვისას დასაშვებია არა უმეტეს 600 ვ ძაბვის მუდმივი დენის გამოყენება.

 2. წევის ქვესადგურში უნდა განხორციელდეს გადატვირთვისგან, მიწაზე გადინების დენისგან და გარდამქმნელებში, ტრანსფორმატორებსა და საკონტაქტო ქსელის მკვებავ მიერთებებში მოკლე შერთვისგან დაცვა დროის დაყოვნების გარეშე.

 3. კონტაქტური ზიდვისას ელექტრული წინააღმდეგობის შესამცირებლად ლიანდაგზე დაყენებული უნდა იქნეს მაერთებლები.

 4. მაღაროზე, სადაც გამოიყენება ელექტროაფეთქება, ყველა ლიანდაგი, რომელიც არაა განკუთვნილი კონტაქტური ელმავლით ზიდვისათვის, დენგამტარ რელსებთან შეხების ადგილებში უნდა იყოს მათგან ელექტრულად იზოლირებული ორ წერტილში.

 5. რელსის თავიდან საკონტაქტო სადენის დაკიდების სიმაღლე, ასევე საკონტაქტო სადენსა და სამაგრის უღელს შორის და საკონტაქტო სადენის ჩამოკიდების ადგილებს შორის არსებული მანძილები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 6. საკონტაქტო სადენის დამჭიმები ორივე მხრიდან უნდა იყოს იზოლირებული იმგვარად, რომ სამაგრიდან თვითოეულ იზოლატორამდე მანძილი შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 7. საკონტაქტო სადენის ჩამჭიდი შესრულებული უნდა იყოს იზოლირებული ჭანჭიკით.

 8. მაღაროში ცვლის ჩაშვებისა და ამოყვანისას ჭაურიდან ჭაურმიმდებარე ეზოში განლაგებულ ჩასაჯდომ პუნქტამდე საკონტაქტო სადენი უნდა გამოირთოს.

 9. სამრეწველო მოედნის ტერიტორიაზე, რელსის თავიდან საკონტაქტო სადენის დაკიდების სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 10. საკონტაქტო ქსელში დასაშვებია არანაკლებ 65 მმ2 კვეთის სპილენძის სადენის გამოყენება. ქსელი დასექციებული უნდა იყოს ამომრთველებით, რომელთა შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 500 მ-ს. სექციის ამომრთველები დაყენებული უნდა იქნეს აგრეთვე საკონტაქტო სადენის ყველა განშტოებაზე. სექციის ამომრთველების ამუშავებამდე დასაშვებია ცვლადი დენის ქსელის სექციის გამთიშების და ავტომატური ამომრთველების გამოყენება.

 11. ორლიანდაგიანი და მრავალლიანდაგიანი უბნების საკონტაქტო ქსელში დასაშვებია ამომრთველების საშუალებით საკონტაქტო სადენების პარალელური შეერთება.

 12. თუ საკონტაქტო ქსელი რამდენიმე ქვესადგურიდან იკვებება, მისი თითოეული უბანი, რომელიც ცალკე ქვესადგურიდან იღებს კვებას, სხვებისგან უნდა იყოს იზოლირებული.

 13. საკონტაქტო სადენი გვირაბის რემონტის, ზომაგრძელი მასალების და მოწყობილობის ჩამოტვირთვის (დატვირთვის) ადგილებში და დასაჯდომ ბაქნებზე ამ სამუშაოების შესრულების და ადამიანების ჩასხდომის (გადმოსვლის) დროს უნდა გამოირთოს.

 14. სატვირთავ პუნქტებზე, ჩასაჯდომ, სატვირთავ-გასატვირთავ ბაქნებზე და იმ გვირაბების გადაკვეთებზე, რომლებითაც ადამიანები გადაადგილდებიან, აგრეთვე ლავიდან, სასულედან და სხვა გვირაბებიდან ადამიანების გამოსვლის ადგილებში გათვალისწინებული უნდა იყოს საკონტაქტო სადენის უბნის გამორთვის საშუალებები. საკონტაქტო სადენის ბაგირებთან, კაბელებსა და მილებთან გადაკვეთის ადგილებში გამორიცხული უნდა იყოს მათი ერთმანეთთან შეხება.

 15. ელმავლის კორპუსის მიმართ ელექტრომოწყობილობისა და კაბელების იზოლაციის წინაღობის მინიმალურად დასაშვები სიდიდეები და მათი შემოწმების პერიოდულობა უნდა შეესაბამებოდეს ელმავლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოცემულ ნორმებს.

 მუხლი 35. საკონვეიერო ტრანსპორტი

1. საკონვეიერო დანადგარს უნდა ჰქონდეს:

ა) მოწყობილობა მთელ სიგრძეზე ნებისმიერი წერტილიდან კონვეიერის ავარიული გაჩერებისათვის;

ბ) სიგნალიზაცია ამუშავების დაწყებაზე;

გ) მოწყობილობა, რომელიც ჩართული ამძრავისას ლენტის გაჩერების შემთხვევაში გამორთავს კონვეიერს;

დ) მოაჯირით შემოღობილი გადასასვლელი ბოგები.

 2. ლენტური კონვეიერი აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) ლენტის გვერდითი აცდენის გადამწოდით, რომელიც გამორთავს კონვეიერის ამძრავს სიგანის 10 %-ზე მეტად ლენტის გვერდზე გადაადგილებისას;

ბ) გადატვირთვის ადგილებში მტვერჩახშობის საშუალებებით;

გ) ლენტის და დოლის გამწმენდი მოწყობილობით, რომლის წესივრულობა შემოწმებული უნდა იქნეს ყოველ ცვლაში ტექნიკური ზედამხედველი პირის მიერ.

დ) ლენტის გაწყვეტისას სატვირთო შტოს დამჭერი მოწყობილობით და აპარატით, რომელიც 100-ზე მეტი დახრის კუთხის გვირაბში აკონტროლებს ლენტის გვარლების მთლიანობას;

ე) დაცვის საშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს კონვეიერის გამორთვას გადატვირთვის ადგილებში გადასაზიდი მასალის სიმაღლის დასაშვები დონის გადაჭარბებისას, ლენტის სიჩქარის ნომინალური სიჩქარის 75 %-მდე შემცირებისას (წაბუქსავებისას), საბრემსბერგო კონვეიერების ლენტის ნომინალური სიჩქარის 8 %-ით გაზრდისას;

ვ) ამძრავი, დამჭიმი, გადამხრელი და ბოლო სადგურების შემოღობვით, რაც კონვეიერის მუშაობის დროს გამორიცხავს დოლებთან დაბნეული მასალის ხელით აწმენდას;

ზ) სამუხრუჭო მოწყობილობით;

3. საკონვეიერო ხაზის ავტომატურმა ან დისტანციური ავტომატიზებული მართვის აპარატურამ უნდა უზრუნველყოს:

ა) ყოველი მომდევნო კონვეიერის ხაზში ჩართვა მხოლოდ წინა კონვეიერის წევის ორგანოს მოძრაობის ნომინალური სიჩქარის დადგენის შემდეგ;

ბ) ყველა კონვეიერის გამორთვა, რომელსაც გადააქვს ტვირთი გაჩერებულ კონვეიერზე, ხოლო ხვეტია კონვეიერების ხაზში ერთ-ერთი მათგანის უწესივრობისას _ წინა კონვეიერის გამორთვაც;

გ) ადგილობრივი ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს კონვეიერის ამუშავებას მართვის პულტიდან;

ე) ორმხრივი სატელეფონო, ხმამაღლამოლაპარაკე ან სხვა კავშირი კონვეიერის ამძრავის დაყენების პუნქტებსა და მართვის პულტს შორის;

ვ) კონვეიერის ამუშავების ბლოკირება მოხსნილი შემოღობვისას.

4. კონვეიერით აღჭურვილ დახრილ გვირაბში დასაშვებია ლიანდაგის დაგება და ჯალამბრის დაყენება იმ მასალებისა და მოწყობილობის ტრანსპორტირებისათვის, რომელიც აუცილებელია მხოლოდ ამ გვირაბის გაყვანისა და რემონტისათვის. კონვეიერის და ჯალამბრის ერთდროული მუშაობის გამოსარიცხავად დაყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ელექტრული ბლოკირება.

5. გვირაბში ხვეტია კონვეიერის ამძრავი, დამჭიმი და ნაპირა სადგურების დასამაგრებლად, აგრეთვე სხვა სარემონტო სამუშაოებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ქარხნული დამზადების მოწყობილობა.

6. საკონვეიერო დანადგარის მუშაობისას აკრძალულია:

ა) კონვეიერის რემონტი, მოძრავი დეტალების შეზეთვა და გაწმენდა მისი მუშაობისას;

ბ) ადამიანების გადაყვანა, ხე-ტყის, ზომაგრძელი მასალისა და მოწყობილობის გადატანა ამ მიზნით მოუწყობელი კონვეიერით;

გ) მოძრავი ლენტის ხელით მიმართვა.

7. კონვეიერის, მართვის აპარატურის, გორგოლაჭების, დამჭიმი და ჩასატვირთი მოწყობილობის, ლენტის და მისი პირაპირების, კონვეიერის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფი მოწყობილობის (სამუხრუჭო, ლენტის დამჭერი მოწყობილობა და სხვ.) მიმდინარე დათვალიერება, აგრეთვე სხვა მათთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დადგენილი პერიოდულობით.

თავი XII. საბურღი და საკომპრესორო დანადგარები

მუხლი 36. ბურღები და საბურღი ჩაქუჩები

1. ხელის ელექტრობურღის სახელურები და ვენტილატორის სახურავი, აგრეთვე, ის ნაწილები, რომლებთანაც მბურღავი კონტაქტშია ბურღვის პროცესში, დაცული უნდა იყოს საიმედო საიზოლაციო საფრით. საბურღი მანქანის ყველა დენგამტარი ნაწილი უნდა იყოს დამიწებული. .

2. დაუშვებელია ბურღის კორპუსის გახურება 60-700-ზე ზევით. გორგოლაჭები უნდა შეიზეთოს ძნელდნობადი კონსისტენტური საზეთით.

3. შპურში საბურღი შტანგის გაწყვეტის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები. შტანგის უეცარი გაწყვეტისას აკრძალულია ჭაბურღილის პირთან ყოფნა.

4. საბურღი მანქანისა და იარაღის დათვალიერება, შემოწმება, მიმდინარე რემონტი და გამართვა შეიძლება მხოლოდ მანქანის ქსელიდან გამორთვისა და ძრავას მთლიანად გაჩერების შემდეგ, საქარხნო ინსტრუქციების მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ბურღვის დროს წარმოქმნილი მტვრის ჩასახშობად უნდა განხორციელდეს სპეციალური ღონისძიებები.

6. საბურღი ჩაქუჩის მუშაობის დროს წარმოქმნილი ხმაურის ჩასახშობად გამოყენებული უნდა იქნეს დაცვის ინდივიდუალური საშუალებები.

 მუხლი 37. საბურღი დაზგები

1. ბურღვის დაწყებამდე საბურღი დაზგა საიმედოდ უნდა დამაგრდეს გვირაბში გამბჯენი სვეტების ან დომკრატების საშუალებით. აკრძალულია საბურღი დაზგის დომკრატების ქვეშ მადნისა და ქანის ნატეხების ამოდება.

2. საბურღი დაზგის ყველა მბრუნავი ნაწილი საიმედოდ უნდა იყოს შემოღობილი. აკრძალულია დაზგის მუშაობის დროს მანიპულატორების ქვეშ მომსახურე პერსონალის ყოფნა.

3. საბურღი დაზგების დათვალიერება, შემოწმება, მიმდინარე რემონტი და გამართვა შეიძლება მხოლოდ მისი ქსელიდან გამორთვისა და ძრავას მთლიანად გაჩერების შემდეგ, საქარხნო ინსტრუქციების მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 38. საკომპრესორო დანადგარები

 მაღაროში საკომპრესორო დანადგარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

კარი V ელექტროტექნიკური მეურნეობა

თავი XIII. ელექტროდანადგარები

მუხლი 39. ზოგადი მოთხოვნები ელექტროდანადგარების მიმართ

 1. ჭექა-ქუხილისას ატმოსფერული პოტენციალის მიწისქვეშა გვირაბში შეღწევისგან დაცვა უნდა განხორციელდეს მაღაროს მიწისზედა შენობების და მიწისქვეშა ნაგებობების მეხდაცვის მოთხოვნათა შესაბამისად.

 2. მშენებარე და სარეკონსტრუქციო მაღაროების ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა დენმიმღებების განკერძოებული კვების სქემების შესაბამისად. მიწისქვეშა პირობებისათვის ელექტრომომარაგების წრიული სქემების გამოყენება აკრძალულია.

 3. მაღაროებში აკრძალულია ყრუ დამიწების ნეიტრალიანი ტრანსფორმატორების ქსელის გამოყენება. გამონაკლისია სპეციალური ტრანსფორმატორი, რომელიც გამოიყენება ელმავლების საკონტაქტო ქსელების გარდამქმნელი მოწყობილობის კვებისათვის. სხვა მომხმარებლების და მოწყობილობის ასეთ ტრანსფორმატორებთან მიერთება აკრძალულია.

 4. ელექტროდენით დაშავებისგან ადამიანების დაცვა უნდა განხორციელდეს დამიწებით. ამასთან, მიწისქვეშა დანადგარში გამოყენებული უნდა იქნეს აპარატი (გაჟონვის რელე), რომელიც ავტომატურად გამორთავს ქსელს დენის სახიფათო გაჟონვის დროს. დაზიანებული ქსელის გამორთვის საერთო დრო 660 ვ ძაბვაზე და საკონტაქტო ქსელისათვის არ უნდა აღემატებოდეს 0,2 წმ-ს, ხოლო 1000 ვ ძაბვის შემთხვევაში _ 0,12 წმ-ს. სამუხტავ ქსელში გაჟონვის რელეს გამორთვის დრო არ უნდა აღემატებოდეს 0,2 წმ.

 5. ზედაპირულ ტრანსფორმატორზე, რომელიც კვებავს ისეთ მიწისქვეშა ელექტრულ ქსელს, რომელიც აღჭურვილია დენის გაჟონვისგან დაცვით, გამრღვევი მცველების დაყენება აუცილებელი არაა.

 6. ახალი და რეკონსტრუირებული მაღაროების ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა ელექტრომომხმარებლების განკერძოებული მკვებავი სქემით. მიწისქვეშა პირობებისათვის ელექტრომომარაგების წრიული სქემების გამოყენება აკრძალულია.

 7. 1000 ვ ძაბვის ელექტრომომარაგების დისტანციური, ტელემექანიკური და ავტომატური მართვა ნებადართულია მხოლოდ ისეთი ბლოკირების არსებობისას, რომელიც მაქსიმალური დენური დაცვის ამოქმედებისას და მიწასთან მიმართებაში დაბალი წინაღობის იზოლაციის შემთხვევაში არ დაუშვებს ხაზის და ელექტრომიმღების ჩართვას. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ცენტრალური მიწისქვეშა ქვესადგურის მიწისქვეშა მანაწილებელი პუნქტების მკვებავ ხაზებზე და მიწისქვეშა მანაწილებელ პუნქტებზე.

 8. თუ ცენტრალურ მიწისზედა ქვესადგურს არ ემსახურება ოპერატიული პერსონალი, სამთო დისპეტჩერთან უნდა არსებობდეს მოკლე შერთვისგან დაცვის სიგნალიზაცია.

 9. ყოველ უბანზე, გამოსაჩენ ადგილზე გამოკრული უნდა იყოს საწმენდი კომპლექსის ან კომბაინის ელექტრომომარაგების სისტემის სტრუქტურული სქემა, რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ცალკეული საკომუტაციო აპარატურის და სისტემის სხვა საშუალებების განთავსება.

 10. საკომუტაციო აპარატი, კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა და მართვის სადგურის ძალური გამომყვანი აღნიშნული უნდა იყოს ჩასართავი დანადგარის ან უბნის, აგრეთვე, მაქსიმალური დენური დაცვის ამოქმედების სიდიდის აღმნიშვნელი წარწერებით.

 11. ელექტრული დაცვის აპარატურის განყოფილებების სახურავები, ბლოკირების და რეგულირების მოწყობილობა უნდა დაილუქოს სახელობითი ლუქით.

 12. აკრძალულია:

 ა) ელექტრომოწყობილობის და ქსელის მომსახურება და რემონტი აღნიშნული სამუშაოებისათვის განკუთვნილი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გარეშე;

 ბ) დამცავი საშუალებების (დიელექტრიკული ხელთათმანი, ბოტი ან საიზოლაციო ქვესადგამი) გარეშე, სულ ცოტა, 1000 ვ ძაბვის ელექტროდანადგარების ოპერატიული მომსახურება;

 გ) ელექტროდანადგარების ოპერატიული მომსახურება და მართვა გაჟონვის რელეს დაცვის და დიელექტრიკული ხელთათმანის გარეშე. აღნიშნული აკრძალვა არ ეხება 42 ვ-მდე ძაბვის ელექტრომოწყობილობას და სატელეფონო კავშირის აპარატურას;

 დ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის და კაბელების რემონტი, აგრეთვე, ხელსაწყოების შეერთება და გათიშვა, გარდა 42 ვ-მდე ძაბვის მოწყობილობისა;

 ე) ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია უწესივრო ბლოკირების, დამიწების, დაცვის აპარატის, დაზიანებული მართვის და დაცვის სქემების და კაბელის შემთხვევაში;

 ვ) გამოუყენებელი (სარეზერვოს გარდა) ელექტრული ქსელის ძაბვის ქვეშ დატოვება;

 ზ) ელექტრომოწყობილობის გარსის ხუფების გაღება ძაბვის წინასწარი მოხსნის გარეშე;

 თ) ელექტრომოწყობილობის სქემის, ქარხნული კონსტრუქციის, მართვის, დაცვის და კონტროლის აპარატურის სქემების, აგრეთვე, დაცვის მოწყობილობის გრადუირების შეცვლა;

 ი) აპარატიდან ნიშნის, წარწერის და ლუქის ახსნა სათანადო ნებართვის გარეშე;

 კ) ელექტროქსელის ჩართვა კაბელის ძარღვების იზოლაციის დაზიანებისა და შლანგური გარსის გაგლეჯის შემთხვევაში.

მუხლი 40. ელექტროგაყვანილობა

1. გვირაბში ელექტროენერგიის გადასაცემად და გასანაწილებლად გამოყენებული უნდა იქნეს მაღაროს კაბელი უწვავი გარსაცმით:

 ა) კაპიტალურ და ძირითად, ვერტიკალურ და 450-ზე მეტად დახრილ გვირაბებში, აგრეთვე, გამაგრებულ ჭაბურღილებში – ჯავშნიანი კაბელები მავთულის ჯავშნით, ტყვიის ან პოლივინილქლორიდის გარსით და პოლივინილქლორიდის, რეზინის ან ქაღალდის სუსტად გაჟღენთილი იზოლაციით. ჰორიზონტალურ და 450-მდე დახრილ გვირაბებში დასაშვებია ლენტურჯავშნიანი და ნორმალურად გაჟღენთილი ქაღალდის იზოლაციიანი კაბელების გამოყენება. დასაშვებია გამშვებ აპარატთან სტაციონარული ელექტროძრავას მოქნილი დაეკრანებული კაბელით მიერთება, თუ ძრავას შესაყვანი მოწყობილობა გათვალისწინებულია მხოლოდ მოქნილი კაბელისათვის;

 ბ) საუბნო გადასატანი ქვესადგურის და მანაწილებელი პუნქტის მისაერთებლად _ ჯავშნიანი და მოქნილი დაეკრანებული კაბელები. დასაშვებია მოქნილი დაეკრანებული კაბელით მანაწილებელი პუნქტის მიერთება;

 გ) გადასატანი მანქანის და მექანიზმის, აგრეთვე, განათების ქსელისათვის _ მოქნილი დაეკრანებული კაბელები. დასაშვებია განათების ქსელისათვის არადაეკრანებული მოქნილი კაბელის დროებით გამოყენება;

 დ) ხელის ელექტრობურღის ძაბვასთან ქუროთი მაერთებელი ხაზისათვის – ზემოქნილი დაეკრანებული კაბელი;

 ე) სტაციონარული განათების ქსელისათვის – ჯავშნიანი კაბელი ტყვიის ან პლასტმასის გარსით, აგრეთვე, მოქნილი დაეკრანებული კაბელი.

 2. ვერტიკალურ და 450-ზე მეტი დახრის გვირაბებში საკონტროლო და მართვის ახალი სტაციონარული წრედების გაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს მავთულის ჯავშნიანი საკონტროლო კაბელები. დასაშვებია დროებით ლენტურჯავშნიანი კაბელების გამოყენება.

 3. ჰორიზონტალურ გვირაბში დასაშვებია ლენტურჯავშნიანი საკონტროლო კაბელის, აგრეთვე, მოქნილი საკონტროლო და ძალური კაბელების გამოყენება. გადასატანი მანქანისთვის გამოყენებული უნდა იქნეს მოქნილი კაბელი.

 4. მაღაროს, სადისპეტჩერო და ავარიული სატელეფონო კავშირის, აგრეთვე, ამწევი დანადგარის ადგილობრივი კავშირის ხაზებისთვის გამოყენებული უნდა იყოს მაღაროს სატელეფონო კაბელები. სანგრევში ადგილობრივი კავშირის ხაზისთვის დასაშვებია მოქნილი საკონტროლო კაბელის გამოყენება.

 5. მართვის წრედების, კავშირის, სიგნალიზაციის და ადგილობრივი განათებისათვის დასაშვებია ძალური კაბელის დამხმარე ძარღვების გამოყენება.

 6. აკრძალულია ძალური კაბელის გაყვანა ვერტიკალურ ჭაურში ხის სამაგრით, აგრეთვე დახრილ ჭაურში, ბრემსბერგსა და ქანობში, სადაც მოწყობილია სატვირთო ვაგონეტებიანი სარელსო ტრანსპორტი.

 7. მოქმედ მაღაროში და ჰორიზონტებზე წვადი გარეთა საფარიანი ჯავშნიანი კაბელის გამოყენებისას საფარი უნდა მოიხსნას კამერაში გაყვანილ მონაკვეთებზე, ხოლო ჯავშანი უნდა დაიფაროს კოროზიის საწინააღმდეგო სპეციალური ლაქით. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ლაქით ხელახალი დაფარვა.

 8. დასაშვებია მოქნილ კაბელებზე ვულკანიზებული შეერთება.

 9. დასაშვებია მაღაროს მოქნილი და ჯავშნიანი კაბელების შეერთებისა და რემონტისას, მწებვარე ლენტური და სხვა პოლიმერული საიზოლაციო მასალების გამოყენება.

 10. 1000 ვ-მდე ძაბვის მკვებავი საკაბელო ხაზებისათვის, რომლებშიც გადის მომხმარებელთა ჯამური დატვირთვის დენი, როგორც წესი, გამოყენებულ უნდა იქნეს ერთნაირი კვეთის კაბელები. დასაშვებია ასეთი ხაზებისათვის სხვადასხვა კვეთის ძარღვებიანი კაბელების გამოყენება, თუ ხაზების ყველა უბანი უზრუნველყოფილი იქნება მოკლე შერთვის დენისგან დაცვით.

 11. მაგისტრალური მკვებავი ხაზის განშტოებებში, სადაც მცირდება კაბელის ძარღვების კვეთი, უნდა დაყენდეს განშტოების მოკლე შერთვის დენისაგან დაცვის აპარატი. დასაშვებია მაგისტრალური მკვებავი ხაზიდან 20 მ-მდე განშტოებები, თუ მაგისტრალური ხაზი უზრუნველყოფილი იქნება მოკლე შერთვის დენისგან დაცვის აპარატით.

 12. ელექტროძრავებისკენ მიმართულ განშტოებებზე მანაწილებელი კოლოფების გამოყენება დაცვის აპარატების დაყენების გარეშე დასაშვებია მხოლოდ მრავალძრავიანი ამძრავისათვის, თუ თითოეული განშტოების კაბელი მოკლე შერთვის დენისგან დაცულია ჯგუფური დაცვის აპარატით.

 13. ლავაში გასაყვანი კაბელები დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისგან რასაც უნდა ითვალისწინებდეს მაღაროს უბნის ელექტრომომარაგების პროექტი.

 14. აკრძალულია მანქანის ექსპლუატაცია ვულკანიზაციის გარეშე გადაბმული მოქნილი კაბელით.

 15. ძაბვის ქვეშ მყოფი მოქნილი კაბელი უნდა იყოს გაჭიმული და დაკიდებული. აკრძალულია ხვეულას და რვიანის მდგომარეობაში მყოფი მოქნილი კაბელის ძაბვის ქვეშ დატოვება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება დაეკრანებულ კაბელზე უწვავი გარსით, რომლის ექსპლუატაცია გათვალისწინებულია ხვეულად ან დოლზე. ამ შემთხვევაში დენური დატვირთვა ნომინალურთან შედარებით უნდა შემცირდეს 30 %-ით.

 17. ჰორიზონტალურ და დახრილ გვირაბებში კაბელი უნდა მოთავსდეს ისეთ სიმაღლეზე, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებით.

 18. გვირაბში კავშირის, სიგნალიზაციის და შიშველი სადენების გაყვანა უნდა მოხდეს ძალური კაბელებისაგან არანაკლებ 0,2 მ-ის დაშორებით. შიშველი სადენები გაყვანილ უნდა იქნეს იზოლატორებზე.

 19. აკრძალულია გვირაბის ერთ მხარეს ელექტროკაბელების და სავენტილაციო მილსადენის გაყვანა.

 20. კაბელების ერთმანეთთან შეერთება უნდა განხორციელდეს ვულკანიზაციისა და/ან ქუროს გამოყენებით.

 21. კაბელების მანქანებთან და აპარატებთან შეერთება უნდა განხორციელდეს არმატურის (ქუროების) მეშვეობით. ქუროებში კაბელების შემავალი და კაბელების გამოუყენებელი შეერთების ადგილები უნდა იყოს დახშობილი.

თავი XIV. ელექტრული მანქანები

მუხლი 41. ელექტრული მანქანები და აპარატები

 1. ელექტრული მანქანებისა და მოწყობილობის კვებისათვის გამოყენებული ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ სიდიდეებს.

 2. მაღაროს მიწისქვეშა ქსელის მოკლე შერთვის სიმძლავრე უნდა შეიზღუდოს სიდიდით, რომელიც შეესაბამება მაღაროში დადგმული ელექტრომოწყობილობის და კაბელების კვეთის ნომინალურ მახასიათებლებს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 100 მეგავატს.

 3. ელექტრომოწყობილობის მომჭერებთან კაბელის ძარღვების მიერთება უნდა მოხდეს ბუნიკების, სპეციალური საყელურების და სხვა მსგავსი სამარჯვების გამოყენებით, რომელიც გამორიცხავს მომჭერის გარეთ კაბელის ძარღვების მავთულების არსებობას.

 4. აკრძალულია კაბელების რამდენიმე ძარღვის ერთ მომჭერთან შეერთება, თუ მას არ ითვალისწინებს მომჭერის კონსტრუქცია.

 5. მიწისქვეშა გამონამუშევრებში დასაშვებია აფეთქებადაცვითი (მეთანის არსებობის შემთხვევაში) და მაღაროს შესრულების ელექტრული მანქანების, ტრანსფორმატორების, აპარატების და მოწყობილობების გამოყენება.

 მუხლი 42. ელექტრული მანქანების და ქვესადგურების კამერები

 1. გვირაბში აკრძალულია ზეთის ან სხვა საწვავი სითხის შემცველი ძალური ტრანსფორმატორის, საკომუტაციო და გამშვები აპარატის გამოყენება. მოთხოვნა არ ვრცელდება კომპლექტურ მანაწილებელ მოწყობილობაზე, რომელიც დადგმულია საიმედო ცეცხლმედეგსამაგრიან კამერაში.

 2. აკრძალულია ზეთით შევსებული კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობის კამერის აგება პარალელურ გვირაბებს შორის.

 3. ელექტრული მანქანების და ქვესადგურების კამერების მოწყობა უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტით გათვალისწინებულ სიდიდეებს.

თავი XV. ელექტრომოწყობილობის და ელექტრული მანქანების ექსპლუატაცია

მუხლი 43. კაბელების, ელექტროძრავების და ტრანსფორმატორების დაცვა

 1. 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის მიწისქვეშა ქსელში მკვებავი ხაზები, ტრანსფორმატორები (გადასატანი ქვესადგურები) და ელექტროძრავები დაცული უნდა იყოს მოკლე შერთვის დენისა და მიწაზე გაჟონვისგან (შერთვისგან). მშენებარე და სარეკონსტრუქციო მაღაროებზე მიწასთან მოკლე შერთვის დაცვა უნდა მოეწყოს მიწისქვეშა ცენტრალური ქვესადგურის მკვებავ ხაზებზეც.

 2. მიწისქვეშა ცენტრალური და მანაწილებელი ქვესადგურებიდან გამომავალ ხაზებზე მოკლე შერთვის დენისგან და მიწასთან გაჟონვისგან დაცვა უნდა იყოს მყისიერი მოქმედების (დროის დაყოვნების გარეშე).

 3. მიწისქვეშა ცენტრალური ქვესადგურის მკვებავ ხაზებზე დასაშვებია მაქსიმალური დენური დაცვის გამოყენება დროის დაყოვნებით და მყისიერი გამორთვის მოქმედებით. დაცვა უნდა მოიცავდეს მიწისქვეშა ცენტრალური ქვესადგურის სალტეების ნაკრებს. ელექტროძრავასთვის გათვალისწინებული უნდა იყოს გადატვირთვის დენისგან დაცვა და ნულოვანი დაცვა.

 4. დაცვის მოქმედების შედეგად ქსელის გათიშვისას დასაშვებია ერთჯერადი მოქმედების ავტომატური განმეორებითი ჩართვის მოწყობილობის გამოყენება, აგრეთვე, სარეზერვო ავტომატური ჩართვის მოწყობილობის გამოყენება, თუ მკვებავ ხაზებსა და ელექტრომოწყობილობაზე მათი იზოლაციის დაზიანებისას და მოკლე შერთვის შემთხვევაში გათვალისწინებულია ძაბვის მიწოდების გამთიშველი ბლოკირების აპარატურა.

 5. 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის მიწისქვეშა ქსელების დაუკომპლექტებელი სარელეო დაცვის სახეობებით აღჭურვის ვადებს ადგენს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელი.

 6. 1000 ვ-მდე ძაბვისას უნდა განხორციელდეს დაცვა:

 ა) ტრანსფორმატორის და ყველა მისგან გამომავალი მიერთების მოკლე შერთვის დენისგან, თუ გამოყენებულია მაქსიმალური დენური დაცვის ავტომატური ამომრთველი (მყისიერი მოქმედების, 0,2 წმ-ის ფარგლებში);

 ბ) ელექტროძრავას და მისი მკვებავი კაბელების:

 ბ.ა) მოკლე შერთვის დენისგან (მყისიერი ან სელექციური, 0,2 წმ-ის ფარგლებში);

 ბ.ბ) გადახურებისგან, გადაყირავებისგან (ექსტრემალური გადატვირთვის რეჟიმში მომუშავე ელექტროძრავასთვის);

 ბ.გ) ნულოვანი;

 ბ.დ) ძაბვის ჩართვისგან იზოლაციის წინაღობის დაწევისას;

 გ) ელექტროქსელში მოკლე შერთვის დენის მიწაზე საშიში გაჟონვისას ავტომატური ამომრთველებით ან ერთი ამომრთველი აპარატით, რომელიც გაჟონვის დენის აპარატთან ერთად ჩართული უნდა იყოს ელექტროქსელში მიერთებულ ერთ ტრანსფორმატორთან ან პარალელურად მომუშავე ტრანსფორმატორების ჯგუფთან. დენის გაჟონვის რელეს აპარატის ამოქმედებისას უნდა გაითიშოს აღნიშნულ ტრანსფორმატორთან მიერთებული მთელი ქსელი.

 7. მიწისქვეშა ელექტრომიმღებების ჭაბურღილების გავლით ზედაპირიდან კვებისას დასაშვებია ჭაბურღილის ქვეშ, მისგან არა უმეტეს 10 მ-ში, გაჟონვის დენისგან დაცვის აპარატით აღჭურვილი ავტომატური ამომრთველის დაყენება.

 8. გაჟონვის დენისგან დაცვის აპარატის ამოქმედებისას შეიძლება მიწისზედა ელექტრომიმღებები და კაბელი ჭაბურღილში არ გაითიშოს, თუ ქსელის იზოლაციის კონტროლის მოწყობილობა ზედაპირზეა განთავსებული და გავლენას არ ახდენს დაცვის აპარატის მუშაობაზე, ხოლო ელექტრომიმღებები კაბელების საშუალებით მიერთებულია და უშუალო კავშირი აქვთ მაღაროს ელექტრომიმღებებთან.

 9. გაჟონვის დენისგან დაცვა არაა საჭირო:

 ა) წრედისათვის, თუ ძაბვა არ აღემატება 42 ვ-ს;

 ბ) დისტანციური მართვის და კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობის ბლოკირების წრედებისთვის;

 გ) ადგილობრივი განათების გადასატანი ტრანსფორმატორის ქსელის წრედისათვის, რომელიც იკვებება ჩაშენებული მანათობელი ტრანსფორმატორით, აქვს ქვესადგურის კორპუსთან ხისტი ან მოქნილი გარეგანი ლითონური შეერთება და ამომრთველი განათების ქსელში.

 10. დამცავი ამორთვის ყველა შემთხვევაში დასაშვებია ერთჯერადი ავტომატური განმეორებითი ჩართვა, თუ კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობა აღჭურვილია მაქსიმალური დენის და მიწაზე დენის გაჟონვისგან (შერთვისგან) დაცვით, რომელსაც აქვს მისი ამოქმედების შედეგად მკვებავ ხაზზე ან ელექტროდანადგარზე ძაბვის მიწოდების ბლოკირება.

 11. გადატვირთვის დენისგან დაცვის აპარატურით მაღაროს აღჭურვის ვადებს განსაზღვრავს მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელი.

 12. აკრძალულია არაკალიბრული დნობადი სადგმელების და მცველების გამოყენება ვაზნების გარეშე.

მუხლი 44. უბნის ელექტრომომარაგება და მანქანების მართვა

 1. უბნის ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურით, მანაწილებელ ქსელთან მიერთებული კომპლექტური მანაწილებელი მოწყობილობის გამოყენებით. დასაშვებია ერთ კომპლექტურ მანაწილებელ მოწყობილობაზე რამდენიმე გადასატანი ქვესადგურის ან ტრანსფორმატორის მიერთება, რომლებითაც იკვებება უბნის ტექნოლოგიურად დაკავშირებული მანქანები. ცალკეულ შემთხვევებში უბნის ელექტრომომარაგება შეიძლება განხორციელდეს სტაციონარული საუბნო ქვესადგურიდან.

 2. მაღაროს ზედაპირიდან უბანს ელექტროენერგია შეიძლება მიეწოდოს ჭაბურღილით. ამასთან, მაღაროს გადასატანი ქვესადგურის მაღაროს ზედაპირზე დაყენებისას მიღებული უნდა იქნეს მეხით გამოწვეული გადამეტძაბვისგან დაცვის ზომები.

 3. გამომავალი ჰაერისჭავლიან გვირაბში განთავსებული საუბნო მიწისქვეშა ქვესადგურის და სხვა ელექტრომოწყობილობის ჩასართველად გამოყენებული უნდა იქნეს გაჟონვის მაბლოკირებელი რელეთი აღჭურვილი საკომუტაციო აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს დამცავ ამორთვას და დამიწების ქსელის წინაღობის უსაფრთხო სიდიდის ავტომატურ კონტროლს.

 4. სანგრევი მანქანის ქსელთან მიერთება უნდა განხორციელდეს მაგნიტური გამშვების ან დისტანციურად მართვადი სპეციალური მაგნიტური სადგურის (მართვის სადგურის) საშუალებით.

 5. მანქანა, რომლის ცალკეული ძრავას მართვისთვის დაყენებულია მაგნიტური სადგური ან ხელის ამომრთველი, ქსელთან უნდა მიერთდეს დისტანციური მართვის ამამუშავებლით.

 6. საწმენდი სანგრევის და გვირაბგამყვანი მანქანისა და მექანიზმების მართვის სქემა უნდა უზრუნველყოფდეს:

 ა) ნულოვან დაცვებს;

 ბ) მანქანის კორპუსის ნულოვანი დამიწების უწყვეტ კონტროლს;

 გ) გარე მართვის წრედში მოკლე შერთვისას აპარატის თვითნებური ჩართვისგან დაცვას;

 7. აკრძალულია მაგნიტური ამამუშავებლის მართვის მიზნით ერთღილაკიანი პულტის გამოყენება, გარდა შემთხვევისა, როდესაც პულტი გამოიყენება მხოლოდ გამორთვის მიზნით.

 8. აკრძალულია ისეთი სქემის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მანქანის ამუშავება ან მისთვის ძაბვის მიწოდება ერთდროულად ორი ან მეტი მართვის პულტიდან. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ადგილობრივი განიავების ვენტილატორის მართვის სქემაზე.

 9. სარემონტო და დამხმარე სამუშაოების შესრულებამდე მანქანებზე უნდა მოიხსნას ძაბვა და განხორციელდეს მათი მოულოდნელი ამუშავების საწინააღმდეგო ღონისძიებები.

 10. ლავაში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვეიერის გაჩერების შესაძლებლობა კომბაინის მართვის და სპეციალური პულტებიდან.

მუხლი 45. დამიწება

 1. დამიწებას ექვემდებარება ელექტროდანადგარების ლითონური ნაწილები, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაში ძაბვის ქვეშ არ არიან, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდნენ ძაბვის ქვეშ იზოლაციის დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე, ელექტრული დანადგარებით და გაყვანილობით აღჭურვილ გვირაბში განლაგებული მილსადენი, სასიგნალო გვარლი და სხვ.

 2. გვირაბში უნდა მოეწყოს დამიწების საერთო ქსელი, რომელსაც უნდა მიუერთდეს ყველა ჩასამიწებელი ობიექტი.

 3. ძაბვის სიდიდის მიუხედავად, დამიწების საერთო ქსელი უნდა შეიქმნას ლითონური გარსის და კაბელის ჩასამიწებელი ძარღვების ერთმანეთთან უწყვეტი ელექტრული შეერთების და მთავარ და ადგილობრივ ჩამამიწებლებთან მათი მიერთების გზით. ამასთან, საკონტაქტო ელმავლით ზიდვისას დამიწების საერთო ქსელს წევის ქვესადგურთან უნდა მიუერთდეს დენგამტარი რელსები, რომლებიც საკონტაქტო ქსელის უკუსადენად გამოიყენება.

 4. მაღაროში რამდენიმე ჰორიზონტის არსებობისას მთავარ ჩამამიწებლებს უნდა მიუერთდეს თითოეული ჰორიზონტის დამიწების საერთო ქსელი. ამ მიზნით დასაშვებია ჰორიზონტებს შორის გაყვანილი ძალური კაბელის ჯავშნის გამოყენება. თუ ასეთი კაბელი არ არსებობს, ჰორიზონტის დამიწების საერთო ქსელის მთავარ ჩამამიწებელთან მიერთება უნდა განხორციელდეს სპეციალურად გაყვანილი გამტარის საშუალებით.

 5. მაღაროში მთავარი ჩამამიწებლები უნდა მოეწყოს ზუმპფებსა და წყალსაკრებებში.

 6. ჭაბურღილებში გაყვანილი კაბელებით მაღაროს ელექტრომომარაგებისას შესაძლებელია მთავარი ჩამამიწებლების მოწყობა ზედაპირზე ან მაღაროს წყალსაკრებებში. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ ჩამამიწებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჭაბურღილის სამაგრი მილი. მაღაროში უნდა მოეწყოს სხვადასხვა ადგილზე განლაგებული, სულ ცოტა, ორი ჩამამიწებელი, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლება ერთ-ერთი ჩამამიწებლის დათვალიერების, წმენდის ან რემონტის დროს.

 7. ამოსაღები ბლოკების დამოუკიდებელი ელექტრომომარაგებისას, როდესაც არაა გათვალისწინებული მთავარი წყალამოღვრა, მთავარი ჩამამიწებლები უნდა მოთავსდეს ზუმპფებში ან წყლით შევსებულ სპეციალურ ჭაში.

 8. შტრეკის წყალსარინ ღარაკში ან სხვა ადგილებში ადგილობრივი ჩამამიწებლისთვის უნდა მოეწყოს ხელოვნური ჩამამიწებელი. ადგილობრივ ჩამამიწებლად დასაშვებია ლითონის ჩარჩოსებრი ან ანკერული სამაგრის გამოყენება.

 9. ლითონისკორპუსიან საკაბელო ქუროს (გარდა გადასატანი მანქანის მკვებავი, მოქნილი კაბელის მაერთებლისა) უნდა ჰქონდეს მაღაროს დამიწების საერთო ქსელთან მიერთებული ადგილობრივი დამიწება.

 10. განათების სტაციონარული ქსელისათვის დასაშვებია საკაბელო ქსელის ყოველ 100 მ-ში ადგილობრივი დამიწების მოწყობა.

 11. სატელეფონო კავშირის აპარატურის და საკაბელო ქუროებისთვის უჯავშნო კაბელის ქსელის მონაკვეთზე დასაშვებია ადგილობრივი დამიწების მოწყობა დამიწების საერთო ქსელთან მიერთების გარეშე.

 12. საკონტაქტო ელმავლით ზიდვისას რელსების უშუალო სიახლოვეს მუდმივი დენის ელექტროდანადგარის დამიწება უნდა მოეწყოს ჩასამიწებელი კორპუსის იმ რელსებთან მიერთებით, რომლებიც გამოყენებულია საკონტაქტო ქსელის უკუსადენად.

 13. გადასატანი მანქანის, სანგრევის კონვეიერის, სანგრევის პირას დადგმული ელექტრული აპარატის, მოქნილი კაბელით ქსელთან მიერთებული სანათის, აგრეთვე, სარელსო გადასაადგილებელ პლატფორმაზე დადგმული ელექტრომოწყობილობის (გადასატანი ქვესადგურის გარდა) კორპუსების დამიწება უნდა მოეწყოს მკვებავი კაბელების დამიწების ძარღვების საშუალებით და დამიწების საერთო ქსელთან მათი მიერთებით. დამიწების ძარღვი ორივე მხრიდან უნდა მიუერთდეს საკაბელო ქუროს და შესაყვანი მოწყობილობის შიდა დამამიწებლის მომჭერებს.

 14. გადასატანი მანქანის და სანგრევის კონვეიერისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს დამიწების უწყვეტი კონტროლი.

 15. ნებისმიერ ჩამამიწებელთან გაზომილი დამიწების ქსელის საერთო გარდამავალი წინაღობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ომს.

მუხლი 46. ზედამხედველობა და რემონტი

ელექტრომოწყობილობის ზედამხედველობა და რემონტი უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი XVI. განათება, კავშირი და სიგნალიზაცია

მუხლი 47. განათება

1. მაღაროს ზედაპირული საწარმოო მოედნის, ჭაურთან მდებარე მიმღები ბაქნების, კიბეების, ადამიანების სასვლელების, ელექტრომექანიკური დანადგარების შენობების, ავტოსატრანსპორტოს, სარკინიგზო და სხვა გზების, ამწევი დანადგარის, მთავარი განიავების ვენტილატორის, საკომპრესოროს, სამაცივრო და საკალორიფერო დანადგარის სამანქანო განყოფილების, ჭაურების მაღაროსზედა და მადნის ბუნკერის შენობების და ყველა სხვა სამუშაო ადგილის განათება უნდა მოეწყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 მუხლი 48. კავშირი და სიგნალიზაცია

 მაღაროს კავშირი და სიგნალიზაცია უნდა მოეწყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

კარი VI მიწისქვეშა ხანძრის პროფილაქტიკა და ჩაქრობა

თავი XVII. ხანძრის პროფილაქტიკა

მუხლი 49. ზოგადი მოთხოვნები მიწისქვეშა ხანძრების მიმართ

 1. მაღაროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა ისე უნდა იყოს დაპროექტებული და შესრულებული, რომ არ წარმოიშვას მიწისქვეშა ხანძარი. ხანძრის წარმოშობის შემთხვევაში ყველა ტექნოლოგიური პროცესის ან სარემონტო სამუშაოს და სამთო დანადგარის ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძრის ეფექტური ლოკალიზაცია და მისი ჩაქრობა საწყის სტადიაში.

 2. კვერშლაგების შეუღლების ადგილები საველე შტრეკებთან და ჯგუფურ საველე შუროებთან უნდა გამაგრდეს ხანძარმედეგი სამაგრით.

 3. ყველა ნამუშევარი ველი და გამოუყენებელი გვირაბი უნდა იყოს იზოლირებული (ამოფიცრული).

 4. ობიექტის გვირაბში და ზედაპირზე (გვირაბში შესასვლელიდან არა უმეტეს 100 მ მანძილზე) მოწყობილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო სტენდები.

 5. ობიექტზე საშემდუღებლო და აირალიანი სამუშაოები უნდა შესრულდეს ობიექტის ხელმძღვანელის ნებართვით ტექნიკური ზედამხედველის მეთვალყურეობით.

 6. საშემდუღებლო და აირალიანი სამუშაობის წარმოება და სამუშაოს დამთავრების შემდეგ გასატარებელი ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

 7. იმ შემთხვევაში, როდესაც არ შეიძლება ელექტროშედუღებით სარგებლობა, დასაშვებია ნავთსაჭრელის გამოყენება, ამასთან, ეს უკანასკნელი აღჭურვილი უნდა იყოს ჟანგბადის შლანგში უკუდარტყმის გავრცელების თავიდან ასაცილებელი სარქველით.

მუხლი 50. მიწისქვეშა ხანძრების თავიდან აცილება და ჩაქრობა

 1. აკრძალულია ხანძარსაწინააღმდეგო საწყობში მოთავსებული მასალების გამოყენება იმ საჭიროებისათვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ავარიის ლიკვიდაციასთან.

 2. ხანძრის ჩასაქრობად წყლის გამოყენებისას სახანძრო სახელოები განთავსებული უნდა იყოს სპეციალურ ყუთებში.

 3. საზეთი და საწმენდი მასალები (ჩვრები, სითხეები, ფხვნილები და სხვ.) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ადგილებზე დადგმულ სახურავიან ლითონის ტარაში (კასრი, ბიდონი, ყუთი). გამოყენებული ტარის ზედაპირზე გატანა უნდა მოხდეს ყოველდღიურად.

კარი VII

თავი XVIII. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

მუხლი 51. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

 1. რეგლამენტის მე–3 მუხლის მე–5 პუნქტში, მე–4 მუხლის მე–6 და მე–8 პუნქტებში, მე–7 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში, მე–8 მუხლის მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტებში, მე–9 მუხლის მე–3, მე–4, მე–7, მე–9, მე–11, მე–15, მე–16, მე–17, მე–18 და მე–19 პუნქტებში, მე–10 მუხლის პირველ, მე–2, მე–6, მე–8, მე–9, მე–12, მე–14 და მე–15 პუნქტებში, მე–11 მუხლში, მე–12 მუხლში, მე–13 მუხლის პირველ, მე–4, მე–5 და მე–7 პუნქტებში, მე–14 მუხლის პირველ მე–2 და მე–11 პუნქტებში, მე–15 მუხლის პირველ, მე–3, მე–4, მე–5 და მე–11 პუნქტებში, მე–16 მუხლის მე–3, მე–4 და მე–5 პუნქტებში, მე–18 მუხლის მე–4, მე–6, მე–7 და მე–9 პუნქტებში, მე–19 მუხლის მე–9 პუნქტში, 20–ე მუხლის მე–2 პუნქტში, 22–ე მუხლის მე–3 პუნქტში, 24–ე მუხლის პირველ პუნქტში, 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, მე–5, მე–7, მე–9 და მე–10 პუნქტებში, 29–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ,,დ“ ,,ე“ ,,ვ“ ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებში, მე–2 პუნქტის ,,ე“ ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებში, მე–10 პუნქტში და მე–14 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში, 31–ე მუხლში, 33–ე მუხლში, 34–ე მუხლის მე–3 მე–12 და მე–15 პუნქტებში, 35–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში და მე–3 პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში, 36–ე მუხლის პირველ, მე–3, მე–4, მე–5 და მე–6 პუნქტებში, 37–ე მუხლის პირველ, მე–2 და მე–3 პუნქტებში, 38–ე მუხლში, 39–ე მუხლის მე–10 და მე–11 პუნქტებში, მე–12 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“,,დ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებში, 41–ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებში, 42–ე მუხლის მე–3 პუნქტში, 44–ე მუხლის მე–10 პუნქტში, 46–ე მუხლში, 47–ე მუხლში, 48–ე მუხლში, 49–ე მუხლის მე–5 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 2. რეგლამენტის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტში, მე–10 მუხლის მე–7, მე–10, მე–11 და მე–13 პუნქტებში, მე–13 მუხლის მე–2, მე–6, მე–9, მე–10 და მე–13 პუნქტებში, მე–14 მუხლის მე–3, მე–4, მე–5, მე–12 და მე–13 პუნქტებში, მე–15 მუხლის მე–8 პუნქტში, მე–16 მუხლის პირველ, მე–2 და მე–7 პუნქტებში, მე–17 მუხლის მე–2 პუნქტში, მე–18 მუხლის მე–5 პუნქტში, მე–19 მუხლის მე–10, მე–11 და მე–12 პუნქტებში, მე–20 მუხლის პირველ და მე–3 პუნქტებში, 21–ე მუხლის პირველ, მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტებში, 22–ე მუხლის მე–2, მე–4, მე–5, მე–6 და მე–9 პუნქტებში, 24–ე მუხლის მე–2 პუნქტში, 25–ე მუხლის პირველ და მე–6 პუნქტებში, 26–ე მუხლში, 27–ე მუხლში, 28–ე მუხლის პირველ, მე–3, მე–4, მე–6, მე–7, მე–8 და მე–14 პუნქტებში, 29–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებში, მე–4, მე–8, მე–11 და მე–13 პუნქტებში, მე–14 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში, 30–ე მუხლში, 32–ე მუხლში, 34–ე მუხლის მე–5, მე-6, მე-7, მე–8, მე–9, მე–10 და მე–13 პუნქტებში, 35–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში, მე–2 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში, მე–3 პუნქტის ,,ბ“ ,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში, მე–4 და მე–5 პუნქტებში, 39–ე მუხლის პირველ პუნქტში და მე–12 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტში, მე–40 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში, მე–2, მე–3, მე–4, მე–6, მე–7, მე–10, მე–11, მე–12, მე–13 , მე–14, მე–15, მე–17, მე–18 და მე–19 პუნქტებში, 41–ე მუხლის პირველ და მე–2 პუნქტებში, 42–ე მუხლის პირველ პუნქტში, 43–ე მუხლის მე–6 პუნქტის ,,ა“, ,,ბ.ა“ ,,ბ.ბ“ ,,ბ.გ“, ,,ბ.დ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, მე–12 პუნქტში, 44–ე მუხლის პირველ, მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტებში, მე–6 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, მე–7 და მე–8 პუნქტებში, 45–ე მუხლიკს პირველ, მე–2, მე–3, მე–4, მე–6, მე–7, მე–8, მე–9, მე–12, მე–13 და მე–14 პუნქტებში, 49–ე მუხლის მე–2, მე–3, მე–4 და მე–6 პუნქტებში, 50–ე მუხლის პირველ და მე–3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

მუხლი 52. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

 1. რეგლამენტის მე–14 მუხლის მე–6, მე–7, მე–9 და მე–10 პუნქტებში, მე–15 მუხლის მე–7, მე–9 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, მე–10, მე–12 და მე–13 პუნქტებში, მე–16 მუხლის მე–8 პუნქტში, მე–17 მუხლის მე–6 და მე–7 პუნქტებში, მე–18 მუხლის მე–2 პუნქტში, მე–19 მუხლის მე–3 პუნქტში, 28–ე მუხლის მე–2 პუნქტში, მე–10 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში, მე–11 პუნქტში, 29–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, მე–2 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებში, 34–ე მუხლის პირველ, მე–2 და მე–4 პუნქტებში, 35–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში, მე–6 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, 39–ე მუხლის მე–12 პუნქტის ,,ე“ და ,,კ“ ქვეპუნქტებში, 44–ე მუხლის მე–9 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 2. რეგლამენტის მე–3 მუხლის მე–4 პუნქტში, მე–13 მუხლის მე–3, მე–8, მე–11 და მე–12 პუნქტებში, მე–14 მუხლის მე–8 და მე–14 პუნქტებში, მე–15 მუხლის მე–6 პუნქტში, მე–16 მუხლის მე–10 პუნქტებში, მე–17 მუხლის პირველ, მე–3, მე–4, მე–5 და მე–8 პუნქტებში, მე–18 მუხლის პირველ და მე–3 პუნქტებში, მე–19 მუხლის პირველ, მე–2 და მე–4 პუნქტებში, მე–5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში, მე–6 და მე–8 პუნქტებში, 22–ე მუხლის პირველ პუნქტში, 28–ე მუხლის მე–5 და მე–9 პუნქტებში, მე–10 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში, მე–12 და მე–13 პუნქტებში, 29–ე მუხლის მე–6, მე–7, და მე–12 პუნქტებში, 35–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტში, მე–6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში, 39–ე მუხლის მე–2, მე–3, მე–4, მე–6, მე–7, და მე–8 პუნქტებში, მე–12 პუნქტის ,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში, 42–ე მუხლის მე–2 პუნქტში, 43–ე მუხლის პირველ, მე–2 და მე–3 პუნქტებში, 45–ე მუხლის მე–15 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 მუხლი 53. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

რეგლამენტის 51-ე და 52-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.