საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 12/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.000.000.05.001.002.920
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5069
27/06/2007
სსმ, 26, 12/07/2007
470.000.000.05.001.002.920
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/11/2010 - 22/03/2011)

საქართველოს კანონი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; ოჯახის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე, თუ ეს პირდაპირ არ გამომდინარეობს ამ კანონიდან.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ბ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური – სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური;

დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია;

ე) ეპიდემია – განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით;

ვ) ეპიდემიური აფეთქება – მოსახლეობის შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირის მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში;

ზ) პანდემია – გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს;

თ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით;

ი) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;

კ) ეპიდზედამხედველობა – მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა;

ლ) იზოლაცია – ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას;

მ) საკარანტინო ღონისძიებები – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში;

ნ) პროფილაქტიკური მკურნალობა – სამედიცინო ინტერვენციების განხორციელება (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში;

ო) პროფილაქტიკური აცრა – ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა (ვაქცინაცია) გადამდები დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის განვითარების მიზნით;

პ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – იმ ინფექციური დაავადებების სია, რომელთათვისაც საჭიროა პროფილაქტიკური აცრა, და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები;

ჟ) ნოზოკომიური ინფექცია – სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილი ინფექცია;

რ) ზოონოზური დაავადება – ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება;

ს) პათოგენური ბიოლოგიური აგენტი – მიკროორგანიზმი, ბიოლოგიური წარმოშობის შხამი, აგრეთვე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა;

ტ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორმოცდამეთვრამეტე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც დაავადებათა გავრცელებისაგან დაცვის გლობალური ინსტრუმენტია;

უ) ბიოლოგიური უსაფრთხოება – პათოგენური ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა;

ფ) ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა – ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი;

ქ) სანიტარიული ნორმები – სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტები;

ღ) ჰიგიენური ნორმები – სამინისტროს მიერ განსაკუთრებული კონტინგენტისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმები;

ყ) ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები – მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის;

შ) განსაკუთრებული კონტინგენტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან შეზღუდული აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი (არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, სტაციონარის ავადმყოფი) და რომელსაც სახელმწიფომ იძულებით შეუზღუდა თავისუფალი მოქმედება.

    მუხლი 4. კანონის ძირითადი პრინციპები

ამ კანონის ძირითადი პრინციპებია:

ა) პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით;

ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციების მკაფიოდ გამიჯვნა და მათი მჭიდრო საინფორმაციო კოორდინაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და აღსრულების დროს;

გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა;

დ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით.

 

თავი II. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

    მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:

ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;

ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;

გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;

დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;

ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ;

ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას;

ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან.

2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს გადამდები დაავადებებისაგან;

ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;

გ) ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში;

დ) დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.

3. ყველა საწარმო ვალდებულია:

ა) დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი III. გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა

    მუხლი 6. სახელმწიფოს ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში

სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ორგანიზებასა და ზედამხედველობას;

ბ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისათვის საჭირო პრეპარატების მომარაგების, შენახვისა და ტრანსპორტირების ორგანიზებასა და ზედამხედველობას;

გ) ეპიდჩვენების შემთხვევაში პროფილაქტიკური აცრებისა და გადამდები დაავადებების აქტიური გამოვლენის ორგანიზებას.

    მუხლი 7. სამინისტროს ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში

1. სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას;

ბ) გადამდები დაავადებების პრევენციას, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას;

გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისა და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას;

დ) სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა;

ე)  სტატისტიკის წარმოებას გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების შემთხვევების შესახებ;

ვ)  ეპიდემიური აფეთქებისა და ეპიდემიების ლაბორატორიულ დადასტურებას;

ზ) ინფიცირებულთა მკურნალობას გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით;

თ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ხელმისაწვდომობას.

2. სამინისტრო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების მიზნით:

ა) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ვადებსა და წესებს, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციისა და იმუნიზაციის ბარათების ფორმებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას ეპიდჩვენებით განპირობებული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებით საქართველოში მცხოვრებ პირთა მაქსიმალურ მოცვას;

დ) აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომარაგებას მოსახლეობის პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო ხარისხიანი, ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატებით;

ე) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს;

ვ) ახორციელებს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების ზედამხედველობას.

3. სამინისტრო ადგენს ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესებს.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა)  პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი;

ბ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია;

გ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებიც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან, და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი;

დ) იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ.

5. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირთა ინფორმირებას მათთვის რეკომენდებული აცრების შესახებ.

6. შეიარაღებულ ძალებში, სხვა სამხედრო ფორმირებებსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის, აცრებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.

8. სამინისტრო ადგენს სანიტარიულ ნორმებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65

    მუხლი 8. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში

1. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მცხოვრებ პირს დროულად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ. პირის ქმედუუნარობისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მის კანონიერ წარმომადგენელს.

2. პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ადგენს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამის დოკუმენტს.

3. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ.

4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიში სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს.

5. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი.

    მუხლი 9. გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა საქართველოს საზღვრების გარეთ მგზავრობის დროს

1. ტურისტული მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ვალდებული არიან აცნობონ ტურისტებს:

ა) შესაბამის ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით ინფიცირების რისკის შესახებ;

ბ) პროფილაქტიკური აცრებისა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების საჭიროების შესახებ.

2. ტურისტული მოგზაურობის დროს პროფილაქტიკური აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები ფინანსდება მოქალაქის ხარჯით.

3. მივლინების მიზნით მოგზაურობის დროს პროფილაქტიკური აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები ფინანსდება დამსაქმებლის ხარჯით.

 

თავი IV. გადამდებ დაავადებათა გამოვლენა, პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება

    მუხლი 10. მოთხოვნები გადამდებ დაავადებათა შესაძლო არსებობისა და გამოვლენის შემთხვევებში

1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს ფიზიკურ პირს მოსთხოვოს სამედიცინო შემოწმების გავლა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი გადამდები დაავადების მატარებელია და საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვით.

2. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გადამდები დაავადების გამოვლენის თითოეული შემთხვევის შესახებ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს.

3. გადამდები დაავადების მატარებლობის დადასტურების შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვთ ფიზიკურ პირს მოსთხოვონ:

ა) ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება ან/და სათანადო მკურნალობა ან/და მიიღოს სათანადო კონსულტაცია;

ბ) დაასახელოს ის პირები, რომლებიც მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ან/და იმყოფებიან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

    მუხლი 11. პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება

1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტი.

2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

3. გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით.

4. სახელმწიფო უზრუნველყოფს იზოლირებული ან/და კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურებას.

5. ქმედუუნარო ან/და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს აღნიშნული ქმედების შესახებ უნდა ეცნობოს წერილობითი ფორმით. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და მის სავარაუდო ხანგრძლივობას.

    მუხლი 12. საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის უფლება -მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს

1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვის კოორდინაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისია „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულებას.

3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის უფლება-მოვალეობებია:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიით და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მართვის კოორდინაცია;

ბ) ეპიდემიური კერის საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით გადაწყვეტილების მიღება;

გ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის სამედიცინო შემოწმების გავლის მოთხოვნა;

დ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ე) საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიურ კერაში მყოფი პირის ევაკუაციის უზრუნველყოფა;

ვ) ეპიდემიის დროს ეპიდემიურ კერაში ფიზიკური პირების შესვლისა და კერიდან მათი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა;

ზ) ეპიდემიურ კერაში ტრანსპორტის შესვლისა და კერიდან მისი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა;

თ) ნებისმიერი ტიპის ბარგის, საქონლისა და საფოსტო გზავნილის ინსპექტირების უზრუნველყოფა;

ი) სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მატერიალური რესურსებისა და ტრანსპორტის მობილიზება;

კ) ეპიდემიის დროს საზოგადოების მასმედიის მეშვეობით ინფორმირების უზრუნველყოფა;

ლ) ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციისა და იზოლაციის ორგანიზება;

მ) ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ნ) სურსათის წარმოების, მიწოდებისა და ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგებისა და დაბინძურებული წყლის გაუვნებლების სამუშაოების ორგანიზება;

პ) გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფა;

ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად საგანგებო სიტუაციის ზონიდან გამომავალ ყველა მარშრუტზე საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

    მუხლი 13. ზოონოზური დაავადებების კონტროლი

1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ადგენენ დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესს.

2. სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ერთობლივად ატარებენ ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებებს.

3. სამინისტრო შეიმუშავებს ცოფის პრევენციის სახელმწიფო პროგრამას და განსაზღვრავს მოსახლეობის ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის პოლიტიკას.

4. ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრებისთვის ვაქცინით უზრუნველყოფისათვის, ცხოველთა ცოფის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, ცხოველთა ვაქცინაციის მონაცემთა ერთიანი ინფორმაციული ბანკის წარმოებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230

    მუხლი 14. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლი

1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ადგენენ დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვი - დაციო ღონისძიებების გატარების კოორდინაციის წესებს .

2. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციის კომპლექსურ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად , რეგულარულად აწვდის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგებსა და მონაცემებს .

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230

    მუხლი 15. სპეციფიკური ინფექციების პრევენცია და კონტროლი

1. სამინისტრო უზრუნველყოფს პრევენციისა და კონტროლის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას და მისი განხორციელების ორგანიზებას შემდეგი სპეციფიკური ინფექციების დროს:

ა) ტუბერკულოზი;

ბ) აივ-შიდსი.

2. სამინისტრო სპეციალური კანონმდებლობით ადგენს სისხლის ჩაბარებისა და გადასხმის კონტროლთან, სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოებასა და ხარისხთან, მათ წარმოებასთან, შენახვასა და გამოყენებასთან, დონორის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნორმებს.

 

თავი V. ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა

    მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. მოსახლეობის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის, დაავადების გამომწვევ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან კონტაქტში მყოფი პერსონალისა და გარემოს დაცვის მიზნით ატარებს კომპლექსურ – ორგანიზაციულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებს.

2. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების სიას. 3 წელიწადში ერთხელ, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ხდება განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების სიის გადახედვა.

3. აკრძალულია იმ სახეობის პათოგენური ბიოლოგიური აგენტების და ისეთი რაოდენობით ფლობა, რომელიც ვერ აიხსნება მათი დიაგნოსტიკური, კვლევითი ან სხვა სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებით.

4. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებს, ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს.

5. განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებზე მომუშავე ლაბორატორიებისათვის სამინისტრო შეიმუშავებს სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, განსაზღვრავს პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს.

    მუხლი 17. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების შეზღუდვები

1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევებზე მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს.

2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება.

3. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც საშიშ ინფექციებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ეროვნული საცავი.

5. სამინისტრო, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით, ნორმატიული აქტით ადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების გადაცემისა და გადატანის წესებს, რომელთა შესრულება ასევე სავალდებულოა იმ სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების გადაცემაში ან/და გადატანაში.

6. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირისთვის. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირს და გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 საქართველოს 2010 წლის 24  სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

    მუხლი 18. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების განადგურება

1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევები უნდა განადგურდეს სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. სათანადო კვალიფიციური პერსონალი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვა განადგურებული განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების სახეობისა და რაოდენობის შესახებ.

3. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაბამისმა ლაბორატორიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იმ იურიდიულ პირს, სადაც განთავსებულია განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ეროვნული საცავი, და უნდა მოახდინოს ამ გამომწვევების ეროვნულ საცავში გადატანა ან განადგურება სამინისტროს მითითების შესაბამისად.

    მუხლი 19. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტი და ექსპორტი

1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტისა და ექსპორტის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული წესები უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების გამოყენებას მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისათვის.

2. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტი და ექსპორტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღებ პირს, ორგანიზაციას თუ დაწესებულებას აქვს შესაბამისი მიმღები ქვეყნის სათანადო უწყების მიერ გაცემული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ნებართვა ან ლიცენზია.

    მუხლი 20. სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ფუნქციები ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში

სამინისტროს შესაბამისი სამსახური საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციისათვის მოსამზადებელ და მასზე რეაგირებისათვის საჭირო სხვა სახის ღონისძიებებს.

    მუხლი 21. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა

1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნას.

2. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვას ახორციელებს საკოორდინაციო საბჭო, რომლის სტრუქტურა და დაკომპლექტების წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ლაბორატორიული სისტემა მოიცავს სხვადასხვა დონის ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელს.

4. საქართველოს მთავრობა ადგენს ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განხორციელებული საქმიანობის სამოქმედო გეგმას.

5. ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საერთაშორისო ნორმებს.

 

თავი VI. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

    მუხლი 22. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

1. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს.

2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს ხარისხობრივი ნორმების დაცვის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.

3. გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა, გამოყენება და სამარხის მოწყობა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.

5. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არინ შეაჩერონ რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება, თუ ირღვევა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას.

6. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის, მათ შორის, სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური მეთოდებით მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცედურების უსაფრთხოების ნორმებს.

7. ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

8. პირი, რომლის საქმიანობამაც გამოიწვია ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოს ხარისხობრივი ნორმების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.

    მუხლი 23. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის უზრუნველყოფა

1. სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლის ხარისხობრივ ნორმებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს და სასმელი წყლის გარე, შერჩევით ლაბორატორიულ კონტროლს.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით;

ბ) წყლის ობიექტების დაცვას ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები;

გ) წყალსარგებლობის ნებართვების სახელმწიფო სისტემის ორგანიზებას;

დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას.

4. წყლის ხარისხის შიდა კონტროლს და გარე ლაბორატორიულ აუდიტს აწარმოებენ აკრედიტებული დამოუკიდებელი ლაბორატორიები.

 

თავი VII. ქიმიური, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროდუქციის უსაფრთხოება

    მუხლი 24. ქიმიური უსაფრთხოება

1. სამინისტრო ადგენს ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციას, ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასებისადმი ქიმიური ნივთიერების მიკუთვნების წესებს, შეფუთვისადმი, ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი მოთხოვნებს, ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცლის ფორმას და მასში შესატანი მონაცემების მოცულობას.

2. ქიმიური ნივთიერებების წარმოება, ბრუნვა, მიწოდება, რეალიზაცია, შენახვა, გამოყენება და უტილიზაცია ხორციელდება დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვით და სახელმწიფო ზედამხედველობის საგანია.

3. საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება შეზღუდულად ბრუნვად მასალებს, რომელთა სიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.

    მუხლი 25. ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2793-სსმI, №20, 19.04.2010წ., მუხ.108

    მუხლი 26. პროდუქციის უსაფრთხოება

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქცია, ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ნორმატიულ მოთხოვნებს.

2. სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში პირი ვალდებულია დარღვევის აღმოფხვრამდე შეწყვიტოს პროდუქციის წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, მიწოდება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და გამოყენება.

 

თავი VIII. ცხოვრების ჯანსაღი წესის, დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პოლიტიკა

    მუხლი 27. ჯანსაღი კვების პოლიტიკა

1. სამინისტრო განსაზღვრავს სურსათის უვნებლობის ნორმებსა და ჯანსაღი კვების პრინციპებს.

2. სამინისტრო შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე ადგენს იმ დაწესებულებების ნუსხას, რომლებისთვისაც სავალდებულოა რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დაცვა.

3. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს და ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ისეთი დაწესებულებებისათვის, რომლებშიც იმყოფება განსაკუთრებული კონტინგენტი.

4. სამინისტრო ადგენს ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა), ფორტიფიცირებული და სპეციალური მოხმარების (დიეტური, დიაბეტური) საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ნორმებს.

5. სამინისტრო განსაზღვრავს საკვები ნივთიერებების დეფიციტით და სიჭარბით გამოწვეულ დარღვევებთან ბრძოლის პოლიტიკას.

    მუხლი 28. დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა

სამინისტრო განსაზღვრავს:

ა) დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პოლიტიკას;

ბ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკას;

გ) საქართველოს სხვა კომპეტენტურ სამინისტროებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ბავშვთა ოპტიმალური განვითარებისათვის ხელის შემწყობ გარემოს.

    მუხლი 29. თამბაქოს მოხმარების კონტროლი

1. სამინისტრო ახორციელებს პოლიტიკას, რომლის მიზანია თამბაქოს მოხმარების შემცირება და საბოლოო აღმოფხვრა.

2. თამბაქოს მოხმარების კონტროლის საკითხები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.

    მუხლი 30. ნარკომანიის, ტოქსიკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა

სამინისტრო განსაზღვრავს ნარკომანიის, ტოქსიკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას.

 

თავი IX. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

    მუხლი 31. სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება;

გ) ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;

დ) არაგადამდები დაავადებების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;

ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა;

ვ) ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა;

ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის განსაზღვრა.

2. სამინისტრო განსაზღვრავს:

ა) იმ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მატარებლობაზე ეჭვის შემთხვევაში ეპიდჩვენების დროს ფიზიკური პირი ვალდებულია ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება;

ბ) შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ნორმებს;

გ) გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებს.

3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია:

ა) ნორმატიული აქტით სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების წესების განსაზღვრა;

ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენა;

გ) იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია საყოფაცხოვრებო, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, სინთეზური ნედლეულისა და მასალების წარმოებაში;

დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული სურსათის (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული), აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა;

ე) განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესების, ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების დადგენა;

ვ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა;

ზ) პროფესიულ დაავადებათა ნუსხის და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის წესების დადგენა.

4. სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ზედამხედველობასა და მონიტორინგს.

5. სამინისტრო ახორციელებს მონიტორინგს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში.

    მუხლი 32. საქართველოს მთავრობის კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

საქართველოს მთავრობა:

ა) უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის შექმნას;

ბ) ადგენს ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განხორციელებული საქმიანობის სამოქმედო გეგმას;

გ) ადგენს იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება;     

დ) ამტკიცებს საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას.

საქართველოს 2010 წლის 24  სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის  კანონი №3806-სსმI, №66, 03.1 2 .2010წ., მუხ.414

    მუხლი 33. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებებია:

ა) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

გ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა;

დ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია;

ე) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა;

ვ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში;

ზ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;

თ) სამინისტროსთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.

    მუხლი 34. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილებებია:

ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;

ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით;

გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები;

დ) წყალსარგებლობის ნებართვების სახელმწიფო სისტემის ორგანიზება;

ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;

ვ) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება;

ზ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება;

თ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება;

ი) დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში;

კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირება;

ლ) სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან კოორდინაცია ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.

    მუხლი 35. სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.

2. საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების კომპეტენციაა:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ფორმირებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ფორმირებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ფორმირებებისათვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.

4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კომპეტენციაა:

ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

5. სამინისტრო და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.

6. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

7. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები დადგენილი წესის მიხედვით სამინისტროს გადასცემენ სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს.

8. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები თანამშრომლობენ სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროებთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65

    მუხლი 36. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ამ კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;

დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ვ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;

ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა.

    მუხლი 37. ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში განისაზღვრება ამ კანონით და ავტონომიური რესპუბლიკების კანონებით.

    მუხლი 38. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციული მოწყობა

სამინისტრო განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური.

    მუხლი 39. შრომითი/ადამიანური რესურსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალობების ნუსხას და ამ სპეციალობების შესაბამის კომპეტენციებს განსაზღვრავს სამინისტრო.

2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის სპეციალისტები მომზადებას გადიან უმაღლესი განათლების საფეხურზე, შესაბამისი პროგრამების მიხედვით, აქვთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი.

3. პირები, რომელთაც გავლილი აქვთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის სფეროში პროფესიული მომზადების სასწავლო კურსები, არიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუშაკები.

 

თავი X. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

    მუხლი 40. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა დაფინანსების წყაროები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 41. საბიუჯეტო დაფინანსება

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით ყოველწლიურად განისაზღვრება ის ღონისძიებები, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე აფინანსებს სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება ის ღონისძიებები, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე აფინანსებს ავტონომიური რესპუბლიკა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.

 

თავი XI. ზიანის ანაზღაურება და პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

    მუხლი 42. ზიანის ანაზღაურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან აანაზღაურონ ამ კანონის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

2. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ჩატარებული აცრების შემდგომი/გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი/გვერდითი მოვლენები გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

3. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ჩატარებული აცრების შედეგად შრომისუუნარობის განვითარების შემთხვევაში პირს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 43. პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ყველა სახელმწიფო ორგანო, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან დაიცვან ამ კანონის მოთხოვნები და თავიანთი საქმიანობით უზრუნველყონ მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დააკმაყოფილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს, კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.

3. სახელმწიფო პასუხს აგებს გადამდები დაავადებებისა და ეპიდემიების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით მოსახლეობის აცრების მართვისა და დაფინანსებისათვის.

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 44. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) 2007 წლის 1 ოქტომბრიდან – 2003 წლის 8 მაისის საქართველოს სანიტარიული კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 91);

ბ) ამ კანონის ამოქმედებისთანავე – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №234/ნ ბრძანება „საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 45. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულება;

ბ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესი;

გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კოორდინაციის წესები;

დ) განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის საკოორდინაციო საბჭოს დებულება;

ე) განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტისა და ექსპორტის წესები.

2. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი წყლის სააუზო მართვის შესახებ.

    მუხლი 46. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 ივნისი.

№5069–რს

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს 2009 წლის 3 ნოემრის კანონი №1920-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.230

2.  საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65

3.  საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2793-სსმI, №20, 19.04.2010წ., მუხ.108

4.  საქართველოს 2010 წლის 24  სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

5.  საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის  კანონი №3806-სსმI, №66, 03.1 2 .2010წ., მუხ.414

43. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3845-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 42. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3532-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 41. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3430-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/07/2023 40. 16/06/2023 - საქართველოს კანონი - 3289-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/07/2023 39. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2389-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 38. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1206-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 37. 22/06/2021 - საქართველოს კანონი - 674-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 36. 25/05/2021 - საქართველოს კანონი - 489-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 31/05/2021 35. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 359-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 34. 11/02/2021 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/1505,1515,1516,1529 - ვებგვერდი, 22/02/2021 33. 28/01/2021 - საქართველოს კანონი - 98-IIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/01/2021 32. 29/12/2020 - საქართველოს კანონი - 37-IIრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2020 31. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6890-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 30. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6778-რს - ვებგვერდი, 14/07/2020 29. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5972-სს - ვებგვერდი, 22/05/2020 28. 23/04/2020 - საქართველოს კანონი - 5890-სს - ვებგვერდი, 24/04/2020 27. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4409-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 26. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4091-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 25. 14/11/2018 - საქართველოს კანონი - 3720-Iს - ვებგვერდი, 03/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3599-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 23. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3115-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 22. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2619-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 21. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1691-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 20. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 907-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 19. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5571-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 18. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4961-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 17. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4631-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 16. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4494-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 15. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3943-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 14. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3548-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 13. 01/04/2015 - საქართველოს კანონი - 3417-IIს - ვებგვერდი, 14/04/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3365-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 11. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2469-IIს - ვებგვერდი, 12/06/2014 10. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1794-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 9. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 492-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 8. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6165-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 7. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5966-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 6. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 5. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 4. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 3. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2793 - სსმ, 20, 19/04/2010 2. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2729 - სსმ, 12, 24/03/2010 1. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1920 - სსმ, 35, 19/11/2009