კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017563
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
390
30/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
010220030.10.003.017563
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 20/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში - ანტიკორუფციული საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

დ) საგადასახადო ომბუდსმენი;

ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;

ვ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ლ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

მ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ნ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

ო) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

პ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ჟ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

რ)საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;

ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;

ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი;

ქ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

ღ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

ყ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

მუხლი 2
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 3
ეთხოვოთ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

ა) „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელს;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელს;

ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის წარმომადგენელს;

ზ) საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელს;

თ) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს;

ი) აშშ-ს იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;

კ) გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის წევრს;

ლ) ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელს;

მ) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელს;

ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენელს;

ო) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს;

პ) საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;

ჟ) საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;

რ) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელს.

მუხლი 4
დამტკიცდეს ანტიკორუფციული საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – ანტიკორუფციული საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ანტიკორუფციული საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. ანტიკორუფციული საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

მუხლი 2. ანტიკორუფციული საბჭოს სტრუქტურა

1. ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

3. ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ანტიკორუფციული საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

მუხლი 3. ანტიკორუფციული საბჭოს ამოცანები

ანტიკორუფციული საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი;

გ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;

დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.

 

მუხლი 4. ანტიკორუფციული საბჭოს უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ანტიკორუფციული საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;

გ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

 

მუხლი 5. ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებულება

1. ანტიკორუფციული  საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. ანტიკორუფციული  საბჭო საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს.

 

მუხლი 6. ანტიკორუფციული  საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

1. ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე.

2. ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომები იმართება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.

4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ანტიკორუფციული საბჭოს ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

5. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე.

6. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.

7. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ანტიკორუფციული საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

8. ანტიკორუფციული საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე.

10. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. სამდივნო უზრუნველყოფს ანტიკორუფციული საბჭოსა და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობას.

 

მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ანტიკორუფციული საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.