დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1902-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.05.001.017302 |
|
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კანონის მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე, ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება ამ კანონის მხოლოდ ის დებულებები, რომლებიც პირდაპირ და უშუალოდ ეხება და აწესრიგებს ელექტროენერგიის ტრანზიტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს: ტ.ა) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას; ტ.ბ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საქმიანობებს; ტ.გ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; ტ.დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს; ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს; ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას; ტ.ზ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს; ტ.თ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს; ტ.ი) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს; ტ.კ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრის წესსა და პირობებს; ტ.ლ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს, განსაზღვრის წესს; ტ.მ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების წესს; ტ.ნ) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგიის იმპორტისა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიისას ელექტროენერგიის ექსპორტის წესს; ტ.ო) ამ პუნქტით განსაზღვრულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;“; გ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემების ნაწილის) ერთიანი პარამეტრებით, სინქრონული მუშაობის პროცესი, რომლის მიზანია ენერგოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა. ამავე ტერმინით განისაზღვრება ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილის) ასინქრონული მუშაობის პროცესი;“; დ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში, აგრეთვე შესაბამის ლიცენზიებში;“; ე) „ჰ10“ და „ჰ11“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში; ჰ11) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (შემდგომ – ბაზრის ოპერატორი) – სააქციო საზოგადოება „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205170036) ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს, აგრეთვე ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ვ) „ჰ22“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ23“ და „ჰ24“ ქვეპუნქტები: „ჰ23) ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს გადაცემის ქსელის წესებს და განაწილების ქსელის წესებს. ქსელის წესები მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებს, სტანდარტებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს; ჰ24) ტრანზიტის დამკვეთი − პირი, რომელსაც ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებული აქვს ამ კანონის 414 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, აგრეთვე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების, მათ შორის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, უფლება.“; ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, ბაზრის ოპერატორის მომსახურების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, სასმელი წყლის მიწოდების და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის ტარიფების, აგრეთვე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება: ა) კომისიის დებულება; ბ) ადმინისტრაციული წარმოების დებულება; გ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები; დ) რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი; ე) ლიცენზირების წესები; ვ) მიწოდებისა და მოხმარების წესები; ზ) ტარიფების მეთოდოლოგია; თ) ტარიფები (მათ შორის, ზღვრული); ი) ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი; კ) ქსელის წესები.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და ბაზრის ოპერატორისათვის.“. 5. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლისა და ბაზრის ოპერატორის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად.“. 6. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვს, ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი ბაზრის ოპერატორის ან რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის ან მიმწოდებლის მიმართ, ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე მათგანის საწარმოში.“. 7. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა. ბაზრის ოპერატორი“. 8. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება აქვთ კვალიფიციურ საწარმოებს, აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში, ხოლო გარანტირებული სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება – მხოლოდ კვალიფიციურ საწარმოებს. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას და რეგისტრაციის გაუქმებას ახდენს ბაზრის ოპერატორი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.“. 9. 221 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებით ან ბაზრის ოპერატორის მეშვეობით, პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ბაზრის ოპერატორის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მეშვეობით, როგორც პირდაპირი ხელშეკრულებებით, ისე პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. ამ მიზნით ბაზრის ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს საბალანსო ელექტროენერგიის როგორც მყიდველებისათვის, ისე გამყიდველებისათვის. 4. ბაზრის ოპერატორი საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და იმპორტიორისაგან. ბაზრის ოპერატორისაგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატი, ამ კანონის 495 მუხლით განსაზღვრული პირი/პირები, პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის მწარმოებელი ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარების ნაწილში, ხოლო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში − დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მიიღებს საბალანსო ელექტროენერგიას, ითვლება შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ სტანდარტული პირობებით.“. 10. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. ბაზრის ოპერატორი 1. ბაზრის ოპერატორის ფუნქციებია: ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების, აგრეთვე იმპორტსა და ექსპორტზე მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებით; ბ) გარანტირებული სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით; გ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის, შექმნა და წარმოება; დ) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრა და ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით; ე) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. ბაზრის ოპერატორი, რომელიც დამოუკიდებლად ასრულებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელობს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. კვალიფიციური საწარმოები და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ბაზრის ოპერატორის ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად. 4. საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის პირთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ახალი აშენებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ან/და გარანტირებული სიმძლავრის ნასყიდობის შესახებ იმ პირობებით, რომლებზედაც შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობა, ბაზრის ოპერატორი და შესაბამისი პირი. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისად ახალი ელექტროსადგურების მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება დერეგულირების თაობაზე, შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობას, ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული შეთანხმებით. 5. საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ბაზრის ოპერატორი ვალდებულია გააფორმოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გაყიდვის (მიწოდების) ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პირს შორის შეთანხმებული პირობებით და შეთანხმებულ ფასად.“. 11. 231 მუხლის: ა) მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის მეშვეობით. ამ მიზნით ბაზრის ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის, ისე გარანტირებული სიმძლავრის მყიდველი კვალიფიციური საწარმოებისათვის. გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ბაზრის ოპერატორის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია. 5. ბაზრის ოპერატორი გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და, შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც შესაბამის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ და რომლის მზადყოფნაც შემოწმებული და დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ბაზრის ოპერატორს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია გარანტირებული სიმძლავრის თაობაზე, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მითითებით. 6. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ პირდაპირი ხელშეკრულებით ან ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის წესი განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.“; ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 10. გარანტირებული სიმძლავრის წყარო არის ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარე სტანდარტული პირობებით და იგი ვალდებულია მზადყოფნაში იქონიოს თავის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის. პასუხისმგებლობა ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფისათვის ეკისრება შესაბამის გარანტირებული სიმძლავრის წყაროს.“. 12. 233 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურად ფუნქციონირებისათვის წარმოების საშუალებებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას (საჭიროების შემთხვევაში – გადამოწმებას), საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბალანსისა და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მოსალოდნელი რეჟიმებისა და რესურსების გათვალისწინებით, ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.“. 13. 27-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბაზრის ოპერატორის, ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები. ინფორმაციის მომზადება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა ბაზრის ოპერატორის, ლიცენზიატის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის. კომისიის სამართლებრივი აქტები აგრეთვე სავალდებულოა წყალმომარაგების სექტორში არსებული მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის.“; გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან, შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით. 3. ბაზრის ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან, სამინისტროსა და კომისიას წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ, ხოლო წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში; ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა; გ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 14. 28-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებული არიან, აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. ბაზრის ოპერატორი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებული არიან, ხოლო კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის დანახარჯს ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს. ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში არის ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს გადაცემის ლიცენზიატის მფლობელობაში მყოფი ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, მოხმარებას ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის რეჟიმში ჩართვის პერიოდში და სინქრონიზაციისას აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსფორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში, აგრეთვე სხვა ტექნიკურ დანაკარგებს ელექტროგადამცემი ხაზის მუშა და უქმი სვლის რეჟიმებში.“. 15. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. დავები ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.“. 16. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აკმაყოფილებდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, წარმოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გადამცემი და გამანაწილებელი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს;“. 17. 34-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება შესაბამისი ნორმატიული აქტის შესაბამისად;“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. გადაცემის მომსახურება გაიწევა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული გადაცემის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. გადაცემის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გადაცემის ლიცენზიატის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.“. 18. 35-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად, დამტკიცებული ბალანსებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად; ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომლებიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად; გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით უზრუნველყოს პირდაპირი ხელშეკრულების შესრულება, საბალანსო ელექტროენერგიითა და სისტემაში არსებული თავისუფალი სიმძლავრის გამოყენებით კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან შეწყვეტა;“; ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებულ ელექტროენერგიის რაოდენობაზე.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. დისპეტჩერიზაციის მომსახურება გაიწევა პირდაპირი ხელშეკრულების ან პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ გამოიყენება ელექტროენერგიის ექსპორტთან ან/და ტრანზიტთან დაკავშირებული დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე. პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მოქმედებს, თუ კონკრეტულ კვალიფიციურ საწარმოსთან არ არის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების არარსებობა გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის დარღვევით. დისპეტჩერიზაციის მომსახურების პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის წინადადების საფუძველზე ამტკიცებს კომისია.“. 19. 411 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ბაზრის ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია დადგენილი წესით გააფორმოს საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებები.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირება და ტექნოლოგიური მართვა ხორციელდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებისა და ნორმატიული აქტის თანახმად.“. 20. 412 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 412. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება და ელექტროენერგიის სალდო-გადადინება 1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში საქართველოსა და შესაბამის მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემას შორის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება და მიღება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დაიშვება მხოლოდ ბაზრის ოპერატორის ან სხვა უფლებამოსილი მეწარმე სუბიექტის მიერ დადგენილი წესით გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის (გაცვლის), ავარიული დახმარების, ტრანზიტის ან/და სხვა კომერციული ხელშეკრულებების მოქმედების (განხორციელების) შემთხვევაში. 2. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში გააფორმოს ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ხელშეკრულებები მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის უფლებამოსილ მეწარმე სუბიექტთან ელექტროენერგიის იმ ფაქტობრივ გადადინებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს დაგეგმილი გრაფიკიდან გადახრებით.“. 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 414 მუხლი: „მუხლი 414. ელექტროენერგიის ტრანზიტი 1. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით, ტრანზიტის განხორციელებით დაინტერესებული პირი ვალდებულია ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. 2. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას (განხორციელებაზე) რეგულირების საფასური არ გადაიხდება. ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები. ტარიფების ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასური უნდა უზრუნველყოფდეს ყველა ხარჯის ანაზღაურებას, რომლებიც დაკავშირებულია ტრანზიტის უზრუნველყოფასთან. ამასთანავე, საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს შესაბამისი ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგია) მოწოდებითაც. 4. ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სარგებლობს გადაცემის ლიცენზიატების ქსელებითა და მომსახურებით, რისთვისაც დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს შორის ფორმდება ცალკე ხელშეკრულება, გადაცემის ლიცენზიატების ქსელებითა და მომსახურებით სარგებლობის საკომპენსაციო საფასურის ოდენობის მითითებით. თუ დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს შორის არ არის გაფორმებული ასეთი ხელშეკრულება, საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრა და გადახდა ხდება ბაზრის წესებით დადგენილი წესით. 5. გადაცემის ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების მიზნით იგი ვალდებულია ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა და გასწიოს გადაცემის მომსახურება. 6. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულებით.“. 22. 42-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების, ფასების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გადახედოს ტარიფებს, აგრეთვე დაადგინოს ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები. კომისიას უფლება აქვს, შესაბამისი ლიცენზიატისაგან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისაგან, მიმწოდებლისაგან, იმპორტიორისაგან, ექსპორტიორისაგან ან/და ბაზრის ოპერატორისაგან მოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 4. ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, მიმწოდებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და ბაზრის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია წარადგინოს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული ფორმით.“. 23. 43-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ბაზრის ოპერატორსა და მიმწოდებლებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად; გ) ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ბაზრის ოპერატორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;“; ა.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყვიტოს მომსახურების გაწევა; ზ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლიცენზიატის, იმპორტიორის, ბაზრის ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად. 3. მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო შეწონილი და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციასა და სხვა ფაქტორებს, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატების, იმპორტიორების, ბაზრის ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს.“. 24. 431 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარანტირებული სიმძლავრის საფასური დგინდება ამ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, საფასური უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომლებიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან, აგრეთვე მოიცავს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს).“. 25. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე კომისიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ ლიცენზიატს, იმპორტიორს, ბაზრის ოპერატორს, მიმწოდებელსა და პირდაპირ მომხმარებელს.“. 26. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა 1. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა არის ლიცენზიატებისათვის სავალდებულო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს: ა) ანგარიშთა გეგმას; ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს; გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს; დ) ანგარიშგების პერიოდულობას; ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის საბუღალტრო აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს. 2. თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად, ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად. 3. ერთიან საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემას ამტკიცებს კომისია.“. 27. 493 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 493. 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებულ ელექტროსადგურთა დერეგულირება 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური, გარდა იმ თბოელექტროსადგურისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ, დერეგულირებულ იქნეს.“. 28. 495 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 495. ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით.“. 29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 499 და 4910 მუხლები: „მუხლი 499. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვა კომისიამ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაამტკიცოს ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა ენერგეტიკული სექტორის ყველა ლიცენზიატისათვის.
მუხლი 4910. გამონაკლის შემთხვევებში ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის დანახარჯის განსაზღვრის წესი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ვადით, წესით და დადგენილ შემთხვევებში ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის დანახარჯი (ფაქტობრივი დანაკარგი) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში შეიძლება აგრეთვე მოიცავდეს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ქსელის ტესტირებისას შესაბამის საანგარიშო პერიოდში საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოდინებული და გადინებული ელექტროენერგიის მოცულობებს შორის სხვაობას.“.
მუხლი 2 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „ქსელის წესების“ მიღება. „ქსელის წესების“ მიღებამდე მისი მოქმედების სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხები დარეგულირდეს ამ კანონის ამოქმედებამდე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ არსებული შესაბამისი ნორმებით. 2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა და გადაცემის ლიცენზიატებმა 2014 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის შესაბამისი სტანდარტული პირობების წარდგენა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის სტანდარტული პირობების დამტკიცებამდე ძალაში დარჩეს მანამდე არსებული სტანდარტული პირობები. 3. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს საკანონმდებლო ან/და სხვა ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შესატანი პროექტების მომზადება, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ყოველდღიური ვაჭრობის მოდელზე გადასვლას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2013 წ. N1902-რს |
დოკუმენტის კომენტარები