საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1886-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.017293
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1886-რს
26/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
200000000.05.001.017293
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-2 მუხლის:

     ა) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

     ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.“.

     2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ვადების განსაზღვრა

    1. ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

   2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    3. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.

    4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

    5. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

   6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

    7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის – რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.“.

    3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. ხანდაზმულობის ვადა

  1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება:

ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე;

ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, პირის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში;

გ) საგადასახადო დავის პერიოდში.

11. საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.“.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3583 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.

    4. მე-8 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ:

    ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება;

   ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

   გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

   დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.“.

    5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

   „3. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა:

    ა) საწარმომ;

    ბ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში.“.

    6. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

    ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით;“;

    ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

  „რ) საგადასახადო ომბუდსმენს/საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილეს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.“.

    7. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    8. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 41. გადასახადის გადამხდელის უფლებები

    1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:

  ა) კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას;

    ბ) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოში;

    გ) საგადასახადო ორგანოს გარდა, სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს არ წარუდგინოს გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს;

    დ) ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით;

    ე) დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა;

    ვ) მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ;

   ზ) მის მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი განმარტება;

   თ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, საგადასახადო ორგანოსაგან მიიღოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე ქმედების განხორციელებისას მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვა;

   ი) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება;

    კ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა;

    ლ) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

    მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

  2. გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა.

    3. გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.

    9. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 44. მიმოწერა გადასახადის გადამხდელთან

  1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

   2. საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.

     3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

   4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

    5. პირის მიერ დოკუმენტის მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.

    6. წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

    ა) ადრესატს პირადად;

    ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

    გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს;

  დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

   ე) სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ დაქირავებულ პირს.

   7. წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

    ა) უფლებამოსილ პირს;

    ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

   გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

   დ) სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ დაქირავებულ პირს;

    ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.

    8. დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი.

    9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

    10. შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

    ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

  ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

   11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

    12. ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის (მათ შორის, საარქივო მასალის) სახით შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს.

    13. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი შეიძლება წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

    14. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ წერილობით დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ასლი.

   15. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი. ამასთანავე, დოკუმენტზე რეაგირებისათვის ვადა აითვლება საფოსტო გზავნილის საგადასახადო ორგანოსათვის ფაქტობრივად ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან.

   16. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

    10. 45-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

   11. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 90 დღისა.“.

    12. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 57. გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება

   1. გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან.

   2. გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

   3. გარდაცვლილი პირის მემკვიდრე ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, თუ მისთვის ცნობილია გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე. 

     4. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს არაუგვიანეს 30 დღისა იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ პირის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, გაუგზავნოს შეტყობინება საგადასახადო დავალიანების თაობაზე.

     5. გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:

     ა) გარდაცვლილ პირს არ ჰყავს მემკვიდრე;

     ბ) მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროზე;

    გ) გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხის ოდენობით.

    6. მემკვიდრე, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი ფიზიკური პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია:

     ა) ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს;

     ბ) ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, ხოლო თუ გარდაცვლილი პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი იყო − დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად;

     გ) გადაიხადოს გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება;

  დ) შეასრულოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა ვალდებულებები.

    7. მემკვიდრეს, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, უფლება აქვს:

    ა) მოითხოვოს გარდაცვლილი პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნება ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლა;

    ბ) გარდაცვლილი პირის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოიყენოს საგადასახადო ანგარიშგების დროს;

   გ) წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები (მათ შორის, შესწორებული) გარდაცვლილი პირის საქმიანობის პერიოდზე;

    დ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარდაცვლილი პირის შესაბამისი დოკუმენტები გამოიყენოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დასადასტურებლად და აქციზის/დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის მისაღებად;

    ე) გააგრძელოს გარდაცვლილი პირის მიერ დაწყებული საგადასახადო დავა;

    ვ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა უფლებებით.

    8. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გააერთიანოს გარდაცვლილი პირისა და მისი მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათები, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას.

    9. მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნების ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო არაუგვიანეს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვისა:

    ა) ვალდებულია გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხა ასახოს მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

    ბ) უფლებამოსილია დაადგინოს პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების ჩატარებით;

    გ) უფლებამოსილია გარდაცვლილი პირის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გადასახადის დარიცხვა განახორციელოს:

    გ.ა) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, თუ მემკვიდრე  აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას;

   გ.ბ) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის ფარგლებში, თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას;

   დ) ვალდებულია ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელების შემდეგ გარდაცვლილი პირის მემკვიდრეს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრუნოს ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი თანხა.

    10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მემკვიდრის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სანქციები არ გამოიყენება.“.

    13. 59-ე მუხლის 71 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    14. 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

    ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

    ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

   ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

   ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

   ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

  ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.“.

    15. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:

    ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) ქონების მიღების შედეგად, აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი;“;

    ბ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ტ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

   უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.

    16. 94-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

    ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

    ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

    გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

    დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.“.

    17. 953 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის განაკვეთს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა აღნიშნული ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ერთი და იმავე საქმიანობის სახისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით განსაზღვროს განსხვავებული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი.“.

    18. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და აღნიშნული ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.

    19. 101-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

    20. 105-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    21. 106-ე მუხლის:

    ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე) იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად ან რომლის მიწოდებისას შესაბამისი შემოსავალი/საბაზრო ფასი არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გარდა ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

    ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები საერთო წესით იბეგრება;“;

    ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    22. 111-ე მუხლის მე-14 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    23. 115-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    24. 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    25. 153-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. პირი ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ.“.

    26. 155-ე მუხლის 51 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    27. 161-ე მუხლის:

    ა) პირველი ნაწილის:

   ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

   ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

   ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

  ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა;

   ა.ბ.ბ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამასთანავე, თუ პირი მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, ასეთ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა;

   ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;“;

   ა.ბ) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ვ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი;“;

   ბ) მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.“.

    28. 162-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

   „31. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს საქონლის ცალკეული სახეები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება. ამ შემთხვევაში ამ საქონლის იმპორტი იბეგრება საერთო წესით.“.

   29. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 172. დღგ-ის საანგარიშო პერიოდი

   დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.

    30. 173-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

   „თ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

    31. 174-ე მუხლის:

    ა) მე-3 ნაწილის:

   ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც:

   ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით);

   ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით);“;

    ბ) 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონული ფორმით გამოწერის შემთხვევებზე.“.

    32. 182-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

   „5. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაციისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი პირი.“.

    33. 189-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3ნაწილი:

   „31. ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის ჩათვლის მიღების საფუძველია ამავე მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებზე დარიცხული და აქციზის დეკლარაციაში ასახული აქციზის თანხა.“.

    34. 190-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. აქციზის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.

    35. 1901 მუხლის:

    ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

   „11. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაცია იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.“;

    ბ) მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. ამ მუხლის:

    ა) პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება:

   ა.ა) რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ;

    ა.ბ) აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას;

   ა.გ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება;

    ბ) 1ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.

    3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელი აქციზის დეკლარაციას წარადგენს მის მიერ ამ მუხლის პირველი და 11 ნაწილებით განსაზღვრული აქციზური საქონლის:

    ა) მიწოდების შემთხვევაში − არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

    ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

    გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს წარმოებული სხვა აქციზური საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

    4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელმა კუთვნილი აქციზი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს აქციზის დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში.“.

    36. 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის:

    ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;

    ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

   „დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:

   დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;

   დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.“.

    37. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის:

    ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;“;

    ბ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ო1) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;“;

    გ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „შ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც  მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;“;

    დ) „ჰ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი:

   „ჰ5) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.“.

    38. 238-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „7. ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს:

    ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;

    ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.

  8. საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი, ანდა თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით არ ჩერდება საურავის დარიცხვა.“.

    39. 247-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    40. 248-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებია:

    ა) თავდებობა;

    ბ) საბანკო გარანტია;

    გ) დაზღვევის პოლისი.“.

     41. 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) საგადასახადო დავის პერიოდში პირის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი;“.

     42. 269-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.“.

     43. 270-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

     44. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2884 მუხლი:

   „მუხლი 2884. საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენა

   საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენა, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება, −

    იწვევს ინფორმაციის წარმდგენი პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული თანხის ორმაგი ოდენობით.“.

    45. 289-ე მუხლის შენიშვნა ამოღებულ იქნეს.

    46. 292-ე და 293-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 292. საგადასახადო შეთანხმების არსი

    1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შემცირების მიზნით.

    2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლებით დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე, აგრეთვე მოსაკრებელზე და მასთან დაკავშირებულ ჯარიმასა და საურავზე, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

 

    მუხლი 293. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

    1. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია:

    ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;

    ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

   2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.

   3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.

  4. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების/არგამოყენების შესახებ.

    5. საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება მცირდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

   6. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

   7. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია შესაბამის საგადასახადო პერიოდზე დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირება შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენით.

   8. საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების  გაფორმების შემდეგ დაუშვებელია:

    ა) მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა;

    ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ან განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

    9. საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები.

   10. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

    47. 309-ე მუხლის:

    ა) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

    ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „15. 2014 წლის 1 ივლისამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის:

    ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;

  ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.“;

    გ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადაიხდება:

    ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;

    ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;

    გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;

    დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.

  შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.“;

    დ) 42-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებდა 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და 2016 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2016 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“;

    ე) 61-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62-ე და 63-ე ნაწილები:

   „62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა:

    ა) 2015 წლის 1 იანვრიდან  2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;

    ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან  2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.

   63. ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის ამოქმედების შემდეგ.“.

 

    მუხლი 2

   1. ამ კანონის ამოქმედებამდე საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელებს შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

    2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

    მუხლი 3

    1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-16  ნაწილებისა და 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

    3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 ნაწილი და 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2013 წ.

N1886-რს