საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 997
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016248
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
997
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
140130000.22.034.016248
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 01/02/2017)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №997

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის თანდართული წესი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1
1.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი აწესრიგებს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო  საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო  პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო  პოლიცია) დასაქმებულ  პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირთა,  საჯარო მოხელეთა,  შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა (შემდგომში - მოსამსახურე) სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს.

2. ეს ბრძანება არ ვრცელდება სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე.  

3.  ამ ბრძანების გარდა  მოსამსახურის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

4.  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს (შემდგომში - მინისტრი) უფლება აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემდგომში - სამართლებრივი აქტი) მოსამსახურეს (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე) დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

მუხლი 2
1. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიური ფულადი სარგო) ყოველთვიური დანამატი, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები.

2.  საჯარო მოხელეს, დამხმარე მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო),  სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე,  სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი და სხვა დანამატები და კომპენსაციები.

3. შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას და სხვა ფულად გასაცემს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო სასაზღვრო პოლიციაში სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამართლებრივი აქტით - სასაზღვრო პოლიციის უფროსი/სასაზღვრო პოლიციის დერექტორი. შტატგარეშე მოსამსახურეს შესაძლებელია მიეცეს სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი.

4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირისა და საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლის დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის - სამუშაო დღეების მიხედვით.

 5. მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.

6. მოსამსახურეს წახალისების სახით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და ფასიანი საჩუქარი.

 

მუხლი 3
 1. მოსამსახურის სასურსათო და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმებს (სახეობა, ზომის ერთეული, რაოდენობა,  ტარების ნორმა და ა.შ.) ამტკიცებს მინისტრი  სამართლებრივი აქტით.

2. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია  დაწესდეს მოსამსახურეთათვის კვებითი უზრუნველყოფის საბარათე სისტემა, რომლის მიხედვით სასურსათო ბარათით მოსარგებლე პირი გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავად განსაზღვრავს სასურსათო ულუფას.

3. სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება შემუშავდეს კომისიური წესით, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისათვის საჭირო  სასურსათო კალათის გათვალისწინებით.

4. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს (სამსახურის გავლის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვების უზრუნველყოფის პერიოდში) სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს და საჯარო მოხელეს უნარჩუნდება სასურსათო ულუფა.

მუხლი 4
სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების (ძაღლი, ცხენი) სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. მოსამსახურეს, რომელიც მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს სამსახურებრივი დანიშნულების ცხოველების მოვლა-შენახვას საკუთარ სახლში, ეძლევა ყოველთვიური კომპენსაცია, რომლის ოდენობასაც, ცხოველის შენახვისათვის საჭირო სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით. 
მუხლი 5
მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

 

მუხლი 6
მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ლიმიტებით (საჭიროების შემთხვევაში ბარათებით) უზრუნველყოფს სამინისტრო მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 
მუხლი 7
მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იგი იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, მიმდინარე რემონტით უზრუნველყოფს სამინისტრო, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  
მუხლი 8
მინისტრის მიერ განსაზღვრულ მოსამსახურეს შეიძლება აუნაზღაურდეს წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის ოდენობას, გაცემისა და ჩამოწერის წესს სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. 
მუხლი 9
მინისტრის სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს შესაძლებელია საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელსაც გადაცემული აქვს სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, როგორც მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია მასზე მოიპოვოს საკუთრების  უფლება სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.  
მუხლი 10
1. მოსამსახურეს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა ქალაქში, რაიონში ან დასახლებულ პუნქტში, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და ბინის დაქირავებასთან, ან სხვა გამონაკლის შემთხვევაში, ბინის დაქირავებისას, ოჯახის თითოეულ წევრზე (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით, ყოველთვიური კომპენსაციის სახით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს:       

 

ა) ქ. თბილისში: 

 

 

ოჯახის გარეშე

-

370 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

240 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

180 ლარი

   ბ) სხვა ქალაქებში: 

 

 

ოჯახის გარეშე

-

240 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

160 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

120 ლარი

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში: 

 

 

ოჯახის გარეშე

-

160 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

-

100 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

-

80 ლარი.

2. კომპენსაცია გაიცემა ქირავნობის (პერიოდის მითითებით) და ბინაში მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე, გამქირავებლის (ფიზიკური პირი) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.

3. თუ მოსამსახურისათვის ბინის დაქირავებას ახორციელებს სამინისტრო, ბინის ქირის ღირებულება განისაზღვრება სამინისტროსა და გამქირავებელს (ფიზიკური პირი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

მუხლი 11
კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს (დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის გარდა) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) არა უმეტეს ორი თვისა.

 

მუხლი 12
მოსამსახურეს აღნიშნული მიზნებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯზე აქვს პროფესიული განათლების მიღების, სპეციალურ სასწავლებლებში შესვლის, მომზადების, გადამზადებისა და  კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.
მუხლი 13
სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს, რომელიც სამსახურს გადის სხვა უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება სამინისტროში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს არანაკლები ოდენობით. აღნიშნულ პირს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატით, მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური დანამატებით და ფორმის ტანსაცმლით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობით უზრუნველყოფს სამინისტრო (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივი სარგოთი და სხვა დანამატებით - შესაბამისი უწყება. 
მუხლი 14
1. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს საომარი მდგომარეობის დროს შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობისას მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ერთი დღე ჩაეთვალოს ნამსახურობის სამ დღედ. შესაბამისად, ფულადი სარგო დროის ამ პერიოდში მიეცეს სამმაგი ოდენობით.

2. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს, რომელსაც ეძლევა ფულადი სარგო სამმაგი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დანამატები და პენსია/კომპენსაცია უანგარიშდება ფულადი სარგოს ერთმაგი ოდენობიდან.

 

მუხლი 15
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრე) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის  ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობა) ხარჯები - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ასევე სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრე) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.

2. მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა)  მძიმე დაზიანებისას - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

 ბ)  ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

3.  სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე , გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრე) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.

4.დაღუპულ (გარდაცვლილ) მოსამსახურეზე  ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (ფულადი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.   

 

მუხლი 16
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამინისტრო უზრუნველყოფს პირის სამინისტროს სისტემაში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას. თუ სამინისტრო ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს დასაქმებას, უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა, მას ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

მუხლი 17
1. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიები სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ მოსამსახურეებზე ხორციელდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე და სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით.

2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს სამართლებრივი აქტით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

3. საერთაშორისო შეთანხმების ან თანამშრომლობის გეგმის საფუძველზე მოვლინებული უცხო ქვეყნის მოსამსახურის კვებით კმაყოფაზე აყვანა ხორციელდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით. 

მუხლი 18
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.