„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4747
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 22/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.000.000.05.001.002.838
  • Word
4747
11/05/2007
სსმ, 18, 22/05/2007
120.000.000.05.001.002.838
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-4–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდგომში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას.

5. გაერთიანებული შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გაერთიანებული შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე.

7. გაერთიანებული შტაბი:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას;

გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას;

ე) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;

თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს;

ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ;

კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის;

ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას;

მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას;

ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას;

პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს;

ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას;

რ) ატარებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით;

ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას;

ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას;

უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას;

ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ქ) ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას;

ღ) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის;

ყ) განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს;

შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გაერთიანებული შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2007 წლის 11 მაისი.

№4747–Iს